Posted by: burusi | 28/03/2009

ალ. სიგუა – “ლიტერატურული დავა-კამათი ორთაჭალა-კრწანისის ბაღებში”

გრანელი

20-30 წლებში მწერლების ცხარე ლიტერატურული შემოქმედებითი დავა-პაექრობა არამარტო დახურულ კარებს მიღმა იმართებოდა, არამედ ღია ცის ქვეშ, რუსთაველის პროსპექტზე და ორთაჭალა-კრწანისის ეგზოტიკურ კუთხეში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებდა ჩოფურიშვილის ათასგვარად შეღებილ და მოხატულ დუქანთან, ან როგორც მას ყანწელები უწოდებდნენ “მექასთან” ახლო მდებარე ბაღებში, რომელსაც უყურებდნენ და უსმენდნენ ორთაჭალა-კრწანისელი ტკბილად მობუბუნე მშრომელი მებაღეები და ყარაჩოღელები. ეს თავისებური დავა-კამათი დაუსრულებლად გრძელდებოდა.

ორთაჭალის ბაღებიორთაჭალის ბაღები

ბავშვობისას, 20-30-იან წლებში, ორთაჭალაში ვცხოვრობდი, მებაღე ანდრია ძიძიგურის სახლში და მოწმე ვიყავი აყვავებულ და ლამაზად მოვლილ ბაღებში ქართველი მწერლების უკომპრომისო ცხარე კამათისა ცისფერყანწელებსა და პროლეტარულ მწერალთა შორის. ცისფერყანწელებს თავიანთი განსწავლულებით, ცოდნითა და განათლებით ვერ უმკლავდებოდნენ შედარებით უფრო პროლეტარული მწერლები და ხშირად ეს იწვევდა გაუგებრობას ლიტერატურული კამათის დროს.

მ. ბოჭორიშვილი, ტ. გრანელი, გ. ტაბიძე, ხ. ვარდოშვილიმ. ბოჭორიშვილი, ტ. გრანელი, გ. ტაბიძე, ხ. ვარდოშვილი

ამ დავა-კამათში გალაკტიონ ტაბიძე აქტიურად მონაწილეობდა. მახსოვს, ერთხელ პროლეტარული მწერლების ერთმა წარმომადგენელმა ილია ჭავჭავაძის სახელი აუგად ახსენა, ამის გამო იქვე მყოფი გალაკტიონ ტაბიძე ძალზე გაცხარდა. ყვავილების თაიგული, რომელიც პოეტს ხელში ეკავა, მიწაზე დადო და მრისხანედ მიმართა:

– ძამიკო, შენ ჯერ შეუგნებელი ბავშვი ხარ და არ იცი, თუ ვინ იყო ილია ჭავჭავაძე, მემამულე, მებატონე თუ მშრომელი ხალხის დამცველი და ქომაგი! ჩვენ გვჯერა რევოლუციისა, – განაგრძო პოეტმა, – მაგრამ თქვენი არ მჯერა. თქვენ ღალატობთ და აბუჩად იგდებთ რევოლუციას! მაყურებელმა, ყარაჩოღელებმა პოეტს ტაში დაუკრეს. პოეტი ტერენტი გრანელი, რომელიც იქვე იდგა, გალაკტიონს გადაეხვია და გადაკოცნა. ამის შემდეგ გალაკტიონმა ყვავილების თაიგული აიღო და ორივე პოეტმა დატოვა დავა-კამათის ადგილი.

ტიციან  ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, ალექსანდრე წუწუნავა, სანდრო ყანჩელი ორთაჭალა კრწანისის მაკალათიების, ძაგანიების, ძიძიგურების, ელიავების და სხვების ლამაზად მოვლილი ბაღების ხშირი სტუმრები იყვნენ.

ეს ბაღები დღეს აჩეხეს და გაინაწილეს პრივილეგირებულმა კომუნისტებმა. ააშენეს მაღალსართულიანი სახლები და იქვე ახლოს წამოჭიმეს დახურული მაღაზიები, რომლებიც გაავსეს ევროპის ქვეყნებიდან ჩამოტანილი ძვირფასი ქსოვილებითა და ძვირფასი სერვისებით, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრებსა და ნათესავ-მეგობრებს შეეძლოთ საქონლის შეძენა იაფ ფასებში.

ორთაჭალა-კრწანისის ხშირი სტუმარი იყო ტერენტი გრანელი, რომელსაც უყვარდა ტკბილმოუბარ მებაღეებთან საუბარ-მასლაათი. ღრმად მოხუცებული მებაღეები პოეტს უამბობდნენ საქართველოს ისტორიის საინტერესო ეპიზოდებს. ზოგიერთი მებაღის ბაბუა მომსწრე იყო 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის თბილისში შემოსევისა. პოეტს ამ ჩვენი ტრაგიკული ისტორიის მოყოლა იტაცებდა. ტერენტიმ ერთხელ მიამბო: ორთაჭალაში მივდიოდი ჩემ ნაცნობ მებაღე ილიკო ელიავასთან. გზაზე ბამბის საპენტავ ფაბრიკასთან ვიღაცამ მანქანა გააჩერა, შევცბუნდი, შევხედე – ლავრენტი ბერია იყო. მკითხა, საით გაგიწევიაო. მებაღეებთან მივდივარ, ბატონო ჩემო – მეთქი. ჰო, ეს კარგია! ხელი ჩამომართვა და გზა განაგრძო. მე კი ვინახულე ჩემი ნაცნობი მებაღე ილიკო ელიავა, რომელსაც ვუამბე ბერიასთან ჩემი შეხვედრის ამბავი. მან გაიცინა და მითხრა – ბერია ხშირად ხვდება და საუბრობს ორთაჭალა-კრწანისის მებაღეებთანო.

ერთ-ერთი მებაღე მიხეილ ძიძიგური შვილი იყო ორთაჭალელი მებაღის ანდრია ძიძიგურისა, რომელთანაც მოწაფეობის დროს რამდენიმე წელი გავატარე. იგი განაგებდა და უვლიდა ბერიას ბაღს.

ლავრენტი ბერია, 1927 წელილავრენტი ბერია, 1927 წელი

– ერთ დღეს, – მიამბო მიხეილმა, – ბაღში შემოვიდნენ ლავრენტი ბერია და მისი მეუღლე ნინო გეგეჭკორი. ბერიამ ბაღში ორი შუშა კიტრი მოწყვიტა და შემდეგ ცოლ-ქმარი ჩემსკენ გამოემართა. ორივე მომესალმა, ხელი ჩამომართვა და მთხოვა მომეტანა სკამი, დანა, თეფში და მარილი, მე მათ ვთხოვე, შინ შემოსულიყვნენ, მაგრამ ბერიამ სიცილით მითხრა: მე კაბინეტში ჯდომა არ მაკლია, ცის ქვეშ ყოფნა უფრო მსიამოვნებსო. თხოვნა შევუსრულე. შემდეგ მკითხა, როგორ გეპყრობიან ჩემი თანამშრომლები, ხომ არ გავიწროებენო. – არა, ბატონო, ყველაფერი კეთდება მებაღეების სასარგებლოდ, – ვუპასუხე. შემდეგ მთხოვა, რომ ბაღებში და მის მიდამოებში დარგული არც ერთი ხე არავინ მოჭრასო…

როდესაც კრწანისი მთავრობის რეზიდენციის ადგილი გახდა, დაიწყეს ქუჩების გაფართოება-გაგანიერება, რამდენიმე ხის მოჭრა გახდა საჭირო. მე გზის გამყვანი ინჟინერი გავაფრთხილე, რომ ბერიამ დამავალა, ბაღის მიდამოებში არცერთი ხე არ მოიჭრასო. მეორე დღეს დილით მოვიდა ბერია მეუღლითურთ და რამოდენიმე თანამშრომლის თანდასწრებით დაათვალიერეს ეს ადგილი, სადაც ხეები უნდა მოჭრილიყო. გზის გამყვანთ ბერიამ ჰკითხა, იქნებ ხეები გადავარჩინოთ და არ მოვჭრათო?! – ეს შესაძლებელია, – უთხრა ინჟინერმა, – მაგრამ ცოტა ძნელი იქნება და ამავე დროს გზა უფრო დაიკლაკნება და სილამაზესაც დაკარგავსო. მაშინ ბერიამ თქვა, ხეები მოჭერით, მაგრამ იქვე ახლოს დარგეთ კაკლის ხეო. დღეს ეს ხე ამშვენებს და ალამაზებს მიდამოს, რომელსაც კრწანისელი მებაღეები ბერიას ხეს ეძახიან. ბერია და მისი მეუღლე ნინო დაგვემშიდობნენ და წავიდნენ. ნინო იყო ლამაზი და ტკბილმოსაუბრე, მასში არ იგრძნობოდა მეუღლის ავტორიტეტით გამოწვეული მაღალი და აწეული ტონით საუბარი. კრწანისელი მებაღეები მას იცნობდნენ, როგორც კეთილსა და ყველას შემწეს.

ნინო გეგეჭკორი-ბერიანინო გეგეჭკორი-ბერია

როდესაც მე ვიწერ მიხეილ ძიძიგურის ნაამბობს, მაგონდება მარკეს ჟიუსტინის წიგნი “ნიკოლოზ პირველის დროინდელი რუსეთი”, სადაც ავტორი წერს:

“მე მხოლოდ რამდენიმე ქართველი ქალი შემხვდა, რომლებშიაც შეერთებული იყო სილამაზეცა და გრაციაც. ეს მნათობნი ბრწყინავდნენ ჩრდილოეთის ქალთა შორის, როგორც ვარსკვლავები სამხრეთის ღამის ბნელ ცაზე”. ეს სტრიქონები კიუსტინს თითქოს ნინო გეგეჭკორზე დაუწერიაო, რომელიც 40-იან წლებში რუსეთში ცხოვრობდა თავის მეუღლესთან – ლავრენტი ბერიასთან.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბერიას მოსკოვში გადასვლის შემდეგ კრწანისელი მებაღეების მდგომარეობა გაუარესდა. ცეკას ახალი მდივნები და ნომენკლატურის თანამშრომლები უარესად ეპყრობოდნენ მშრომელ მებაღეებს და ავიწროვებდნენ მათ. გოგირდის აბანოებიდან წყალი თავიანთ ბინებში გადაიყვანეს, რითაც თბილისელებს მოუსპეს ბუნებრივი ცხელი წყლით სარგებლობის უფლება.

ლადო გუდიაშვილი, 1923 წ.ლადო გუდიაშვილი, 1923 წ.

კრწანისის ბაღებში, განსაკუთრებით შემოდგომით, ხშირად მინახავს, თუ როგორ საუბრობდნენ ტერენტი გრანელი და ლადო გუდიაშვილი. ლადოს მიერ შესრულებული ტერენტის პორტრეტები განმსჭვალულია პოეტისადმი დიდი სიყვარულითა და სიფაქიზით. მხატვარი ღრმად სწვდება პოეტის ნაზ და წმინდა სულს. მათი საუბრების მოსმენა, რომელიც ზოგჯერ მცირე კამათში გადაიზრდებოდა, თემის მრავალფეროვნებითა და სიღრმით ხიბლავდა და იზიდავდა ირგვლივ შეკრებილ მსმენელს, რომლებიც დიდი ინტერესით და მოწონებით უსმენდნენ. მათი ერთ-ერთი ასეთი კამათის შემდეგ გაეღიმა ტერენტის და შემდეგი სტროფით მიმართა ლადოს:

“ისევ სიცოცხლე, სიკვდილი არ მსურს
და წმინდა გული მე შენთან მომაქვს,
ეს დღე მაგონებს შორეულ წარსულს,
ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას”.

ლადო ძმურად გადაეხვია პოეტს. ტერენტი დაემშვიდობა და ჩვენ ერთად წამოვედით შინ.

აქვე მინდა გავიხსენო ლადო გუდიაშვილის ნაამბობი.

– 30-იან წლებში, – ამბობს ბატონი ლადო, – ბერიას მდივანმა ქალმა დამირეკა და მთხოვა მენახა ლავრენტი ბერია. წავედი, ძალიან კარგად მიმიღო. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და შემდეგ მითხრა: – ჩვენი პროპაგანდა-აგიტაცია ყველაფერს ებრძვის, ყველაფერს განადგურებით ემუქრება, რაც მარქსიზმ-ლენინიზმის იდეის, მოძღვრების ჩარჩოში არ თავსდება. ეს იქნება დიდი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლები, თუ – შორეულ წარსულში აშენებული ეკლესიები ცდილობენ დაანგრიონ, ამიტომ მინდა ყველაფერი ეს გადავარჩინო და დავაარსო დიდი მუზეუმი, რომელსაც მინდა დავარქვა “თბილისის ისტორიული მუზეუმი” სადაც ყველაფერი შენახული იქნება ჩვენი მომავალი თაობისათვის. უნდა დაგვეხმაროთ და დახატოთ თბილისის ეგზოტიკური შინაარსის მაჩვენებელი სურათები. ბერიას სიტყვებმა დიდად გამახარა და გულში ვთქვი: საქართველოს ქართველ ხალხს ჰყოლია დიდი შვილი, რომელიც ცდილობს განადგურებას და მოსპობას გადაარჩინოს ჩვენი ისტორიული ძეგლები.

შემდეგ ბერიამ განაგრძო: მე მაქვს ჩვენი ცნობილი ისტორიკოსებისაგან ცნობა, რომ ფუნიკულიორის მთელი მიდამო ოქროყანამდე ტყით ყოფილა დაბურული, მაგრამ სომეხ ვაჭრებს 30-40-იან წლებში მიუმართავთ კავკასიის მთავარმართებლის, მგონი ალექსანდრე გელოვანისათვის, რომ ტყეში ყაჩაღები იმალებიან, თავს გვესხმიან და გვაწიოკებენ, ამიტომ გთხოვთ, აჩეხოთ ტყე, რათა ბოლო მოეღოს ყაჩაღების თარეშსო. მთავარმართებელმა არ დააყოვნა და რამოდენიმე ათას ჰექტარ მიწაზე ტყე გააჩეხინა. დღეს ჩვენი ფუნიკულიორის მიდამოებში ისევ უნდა დავარგვევინოთ ხეები. ბერიას ამ მეტად საინტერესო წინადადებამ გამახარა და მისი კაბინეტიდან კმაყოფილი გამოვედი.

როდესაც ორთაჭალა-კრწანისში გამოჩნდებოდა ლადო გუდიაშვილი, იმწამსვე დაიწყებოდა ყარაჩოღელ კინტოებთან ცეკვა-თამაში. ლადო ერთ ხელს ასწევდა, მეორე ხელით კი წელზე დოინჯს შემოიყრიდა და ისე ლამაზად ცეკვავდა არაფერი სჯობდა მის ყურებას. შემდეგ ლადო და ყარაჩოღელები ერთმანეთს გადაეხვეოდნენ. ყველაფერი ეს დღეს ისე მახსოვს, თითქოს ახლაც ვუყურებდე ლადოსა და საშა ყარაჩოღელის ცეკვას.

ძველი თბილისი

ტიციან ტაბიძე და სანდრო ყანჩელი უცებ გამონახავდნენ ყარაჩოღელებთან საერთო ენას. რა მიმზიდველი და წარმტაცი იყო მათი ჟარგონული საუბარი. თვალწინ მთელი ეგზოტიკური თბილისი წარმოგიდგებოდათ.

-აბა, სანდრო, წაიკითხე ის ლექსი, შენ რომ წუხელ წამიკითხე.

და სანდრო ყანჩელიც ყარაჩოღელების, მებაღეებისა და კინტოების წინაშე ისე ლამაზად კითხულობდა თავის ლექსს “თბილისს”, რომელიც შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა კრწანის-ორთაჭალაში”. ლექსს პოპულარობა მოუპოვა ავტორის, სანდრო ყანჩელის დიდი განცდითა და ემოციით წაკითხვამ. ლექსსს ხშირად ამეორებინებდნენ პოეტს ტაშითა და შეძახილებით. ამიტომ, აქ მთლიანად მოვიყვან ამ ლექსს, რომელიც შემდგომ 1927 წელს “ქართულ მწერლობაში” დაბეჭდა მისმა რედაქტორმა ნიკოლო მიწიშვილმა. ეს ლექსი თბილისის ძირძველი უბნის კოლორიტს ასახავს და ახლანდელი მკითხველისათვის საინტერესო იქნება.

“ჩემს ძველ თბილისსა, ფეროვანსა, კვლავ ვუბრუნდები…
მიყვარს მტკვრის პირი, დახლართული ვიწრო ქუჩები,
ხშირად სიმღერა გამომითქვამს შაითან-ბაზარზე,
შევჩერებულვარ გაოცებით ნანგრევის კარზე.

ორი თბილისი. ერთი არის ღია წერილი;
მღერის ოპერა, ათამაშებს ბავშვებს პერინი,
მთაწმინდის გულსა ჰჭრის რელსებით ფუნიკულიორი,
და მოსკოვის ხმას ჩუმად ისმენს რადიო-ყური.

„სასიკვდილოა!“ ავჭალიდან ღმოის „ზაჰესი“,
წითელი ჯოხით დაცულია ქუჩების წესი,
შოთას პროსპექტზე წინ და უკან გარბის პროფელი,
ქალებს ატყუებს ძველი ძონძით ამერიკელი.

აფთიაქივით გაწმენდილნი დგანან ბაღები,
ზარით და ზურნით იყიდება რძე და ნაღები,
რკინა-ბეტონით იმოსება „ცის დამფხვრაჭნელი“,
ჰოლანდიელად იხედება ყველა რაჭველი…

ძველი თბილისი, ოქრომჭედლის ძველი დუქანი,
ყურანის სიტყვით კურთხეული ძველი ხანჯალი,
და მარგალიტი საოცნებო ხილის მარცვალი.
ყაზახის ნოხზე ყალიონს სწევს ბრძენი სპარსელი!

ფერმკრთალ ხელებში იგრიხება ჩიბუხის გველი.
მისთვის ერთია: რიზა-საჰი, თუ კომისარი.
დიდი სპარსეთი, თუ თბილისის შაითან-ბაზარი.
სადღაც სარდაფში ქეიფია ყარაჩოღული.

ხელადით ღვინო, ბატკნის მწვადი და კარგი გული.
თამადა ბრძანებს: „გაუმარჯოს ლამაზ ჩიტუნას“.
რომელიც რომა შეიყვარებს ჩემ ძმა ჩიტუას“.
საღამო არის ანჩისხატში ზარებს რეკავენ.
და დაქნცული ხელოსნები დუქნებს ჰკეტავენ.
აგერ ფანჯრიდან გამოშუქდა მკრთალი ლამპარი,
და ძველ თბილისსა მოეფინა ძველი ზღაპარი.

ორთაჭალა-კრწანისში გამართულ ლიტერატურულ დავა კამათში იოსებ გრიშაშვილიც ღებულობდა მონაწილეობას. იგი იქვე ახლოს ხარფუხში ცხოვრობდა. მას თან ახლდა ტერენტი გრანელი, რომელიც გრიშაშვილის მეზობლად ცხოვრობდა აქსტაფის შესახვევის 7 ნომერში. ტერენტი გრანელი იმ ხანად შეკედლებული იყო სტუდენტ აკაკი ქურდიანთან, რომელიც 40-იან წლებში გახდა აფხაზეთის ხელოვნების სამმართველოს უფროსი. აკაკი ქურდიანი ნიჭიერი და ღრმა ერუდიციის საზოგადო მოღვაწე იყო. წერდა პიესებს და ლექსებს. ერთი პიესა დავუბეჭდე ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნებაში”, როდესაც რედაქტორი ვიყავი. ეს პიესა აგრეთვე დაიდგა რაიონულ თეატრებში.

ვის არ ნახავდი ორთაჭალა-კრწანისის ამ უმშვენიერეს ეგზოტიკურ კუთხეში. აქ მოდიოდა მწერალი თუ მხატვარი, კომპოზიტორი თუ რეჟისორი, მსახიობი თუ ექიმი. ორთაჭალა-კრწანისში მინახავს შალვა დადიანი, ივანე გომართელი ეტლში მჯდომი, რომელსაც თან ახლდნენ ჩვენი დიდი მსახიობები – ნუცა ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე და სხვები.

იქვე ორთაჭალაში, ნადიკვრის ქუჩის დასაწყისში რაჭველ ისლამას ქართული პურის საცხობი ჰქონდა. ორთაჭალა-კრწანისის ეგზოტიკური კუთხის სანახავად მოსულნი კონკიდან ჩამოხტებოდნენ თუ არა, მაშინვე პურის საცხობში შევიდოდნენ და ცხელ-ცხელი შოთი პურით ხელში ბაღებისაკენ მიემართებოდნენ, სადაც მათ ხვდებოდათ გულკეთილი და მშრომელი მებაღეები.

ორთაჭალა-კრწანისის ბაღების განადგურებამ დიდი ზიანი მიაყენა თბილისს. და როდესაც ვიგონებთ ორთაჭალა-კრწანისის ბაღებში გატარებულ ტკბილ ბავშვობის დღეებს, შეხვედრებს ქართველ მწერლებთან და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებთან, მაგონდება ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსის სტრიქონები:

„ვაჰ, დრონი, დრონი ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრენ სიზმრებრივ ჩქარად“

ვინც ახლოს იცნობდა ტერენტი გრანელს, მას არ გაუძნელდება გაიგოს, თუ რა სულის სიღრმემდე უყვარდა პოეტს ეგზოტიკური ორთაჭალა-კრწანისი და მისი მშრომელი და კეთილი მებაღეები. ტერენტი გრანელი ხშირი სტუმარი იყო მათი, და მოგონებები ტერენტი გრანელზე ამიტომ დავიწყეთ მებაღეების ცხოვრების აღწერით…

ორთაჭალელი მებაღე ანდრია ძიძიგურის სახლში, სადაც მოწაფეობის დროს რამდენიმე წელი გავატარე, ვნახე და გავიცანი ქართველი მწერლები და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები. უცნაურად ჩაცმული და უცნაურადვე მოსაუბრე ყარაჩოღელი კინტოები. ვნახე ჯამბაზები, გაბმულ თოკზე უშიშრად რომ მიმოდიოდნენ.

ორთაჭალაში, ნადიკვრის ქუჩაზე ანდრია ძიძიგურის მეზობელ მებაღე ილიკო ელიავასთან ცხოვრობდა პოეტი გედეონ გუგუნავა. მასთან თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ პოეტები: გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი, გიორგი ქუჩიშვილი, ლადო მაჭავარიანი, გობრონ ციცქიშვილი (მწერლობაში აგარელი), შალვა კაშმაძე და სხვები. ყველაზე ახლოს ვიყავი ტერენტი გრანელთან და შალვა კაშმაძესთან, რომლებთანაც მეგობრული კავშირი მქონდა გაბმული. პოეტები ორთაჭალა-კრწანისში ხშირად იმიტომ მოდიოდნენ, რომ აქ უფრო გამოკვეთით ჩანდა თბილისის წარმტაცი და მომხიბლავი ეგზოტიკა თავისი ყარაჩოღელებით, კინტოებით, მოზუზუნე ბაზრებით, ჩაიხანებით, ზურნითა და გაუთავებელი ქეიფით. ორთაჭალის ჭუჭყიან სასადილოებში თურმე ჩვენი ნიკალაც ხშირად დადიოდა. აქ მაგონდება ტერენტი გრანელის ბრწყინვალე ლექსი:

ფიროსმანიშვილს

შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით,
ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში,
არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე,
დაგდევდა ლანდი მთვარისაგან განაბრაზები.

ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები,
ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში,
შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში
და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.

ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე,
სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი,
ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს.

შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე.
ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხის ამარა.
საშინელებამ უცნაურად დაგასამარა…

ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან, ფიროსმანი, 1906 წ. ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან, ფიროსმანი, 1906 წ.

ორთაჭალა-კრწანისში ტერენტი გრანელი ხშირად არამარტო იმისთვის დადიოდა, რომ აქ, ამ ეგზოტიკურ კუთხეში ენახა ყარაჩოღელი კინტოები, არამედ აქ ჯერ კიდევ ისმოდა 1924 წელს წამებულთა კვნესა, აქ ჯერ კიდევ იდგა სისხლის ტბა. მებაღე ანდრია ძიძიგური პოეტს აქ უამბობდა თავის თვალით ნახულ საშინელებაზე.

წიგნიდან “ტერენტი გრანელი – ცისფერი სიშორე”


დატოვე კომენტარი

კატეგორიები