პ რ ო ფ ე ს ო რ ი ს    დ  ა  კ  რ  ძ  ა  ლ  ვ  ა                                                                                                  ანუ             

                                                                               ამბავი უ-საზოგადოებისა  

                                                                        კახაბერ თენგიზის-ძე  ჯაყელი

19 სექტემბერი, 2023 წელი

იგი ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი მორიდებით იწვა შავ კუბოში, პერანგის საყელო გახსნილი ჰქონდა, სახეზე ტკივილი და სევდა აღბეჭდვოდა, გარკვეული სინანულიც იკითხებოდა მის ბაგეზე, მაგრამ ყველაზე მეტად მის გრძნობათა შორის დაბნულობის ანაბეჭდი იგრძნობოდა. ულვაშების თხელი ზოლი მიყვებოდა მკაცრ და პატიოსან სახეზე, ხელები გაშეშებოდა და იწვა მარტოდ-მარტო!  მთლად მარტოც არ იყო, თავს თეთრწვერიანი, კეთილი სახის მოხუცი ადგა, რომელიც უმწეობის მდგომარეობიდან მერაბის გარდაცვალების ამბავს გამოეყვანა. ღვთაებრივი სახე ჰქონდა ამ მოხუცს, კეთილშობილი ნაკვთები, ცრემლიანი თვალები, გრძელი თეთრი თმა და წვერი, ტირილის დროს უთრთოდა, მე მეგონა არც შემომხედავდა მაგრამ, რომ დამინახა სამგლოვიარო დარბაზში შესული, იმ წამსვე ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამომართვა. რა უნდა თქვა ასეთ დროს, ან სიტყვებს თუ აქვს აზრი? მაგრამ რაც გამახსენდა ის ვთქვი და მოხუცს მაგრად ჩამოვართვი ხელი, ცრემლიანი თვალებით მიმზერდა მოხუცი და რაღაცნაირი იმედითაც, რადგანაც დასაფლავებაზე მეოთხე თუ მეხუთე კაცი ვიყავი და ჭირ-ვარამის გამზიარებელი, სამძიმარზე მოსული ადამიანების სიმცირის გამო, როგორც ჩანს იმედის ჩანასახი მივიტანე იმ დარბაზში.

მოხუცი მიმზერდა, შემდგომ მაღალი მამაკაციც მომიახლოვდა, ქალბატონი იქვე დადიოდა ლოცვანით ხელში და მღვდელს ესაუბრებოდა რომელიც წესის აგებისათვის დამწვარი საკმეველის სურნელში იყო გახვეული ეს ეს იყო და ეს. სულ ოთხნი ვიყავით მერაბის დაკძალვის დღეს, დღის პირველის ნახევარზე.

  • დიდი პროფესორი იყო, ძლიერი მაკრო-ეკონომისტი, ძალიან უყვარდა ყველას და მოვლენ ალბათ პირველი საათისათვის ჩვენი უნივერსიტეტიდან – ვთქვი მე, ალბათ უფრო იმისათვის რომ დუმილი აღარ შეიძლებოდა.
  • გუშინ იყვნენ მგონი თქვენები – მითხრა მაღალმა მამაკაცმა და გაჩუმდა.

მე ჩემს ფიქრებში ჩავიძირე. მერაბის გარდაცვალების ამბავი წინა დღეს, ფეისბუქიდან შევიტყვე. შემდეგ ერთმა სტუდენტმა მოსაგონარი კომენტარი მიაწერა ნეკროლოგს : „ბატონმა მერაბმა გამოცდაზე 300 საკითხი მოგვცა, შემდეგ შევეცოდეთ და 5 საკითხო მოგვაკლო“. ამ ტექსტს სტუდენტმა გულებიც მიამაგრა. რას იფიქრებდნენ მაშინ ახალგაზრდები, როდესაც გაიგებდნენ რომ სამასის ნაცვლად ორასოთხმოცდათხუთმეტი საკითხი უნდა დაესწავლათ გელბრეიტის წიგნიდან.

თავის დროზე, როდესაც მერაბი არ ახარებდა ზარმაცს და მოუმზადებელ სტუდენტს, იმასაც ამბობდნენ მასზე რომ იგი უშიშარი, უკომპრომისო და რისხვა იყო ზარმაცებისათვის.  ერთმა ახალგაზრდამ მითხრა – „მერაბს კარატეში შავი ქამარი ჰქონია, ამიტომაც მასთან ვერაფერს გააწყობ, ჯობს ისწავლო…“.

მერაბი აშკარად ცდილობდა უახლესი ცოდნა არაჩვეულებრივად, საინტერესოდ მიეწოდებინა სტუდენტი ახალგაზრდობისათვის და ამავე დროს ყოფილიყო საოცრად უბრალო, წესიერი, მორიდებული და გულჩათხრობილი.

მე და პროფესორ ნიკოლასს იგი მანამდე გვესალმებოდა, სანამ ნიკოლასს მისთვის გაუმხელია რომ  „მერაბისათვის საცოლეს ამორჩევით ფარულად იყო დაკავებული“!

ეს ამბავი ფიარის პროფესორმა ნიკოლასმა მეც გამიმხილა და ისიც მითხრა რომ ამ საქმეში ჩემს დახმარებას ელოდა. მე კი ვუთხარი რომ ეს იდეა, ანუ მერაბის დაქორწინება ეგრეთ წოდებული წყალ-წაღებული ბიზნესივით იყო და ხელი ჩავიქნიე.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ფიარის პროფესორმა ნიკოლასმა მერაბს აუწყა გადაწყვეტილება შესაძლო საცოლეს არჩევის შესახებ და სწორედ ამ წამიდან, მაკროეკონომისტმა და ინდიკატორების მოყვარულმა მერაბმა ნიკოლასი ამოშალა ნაცნობ-მეგობრების სიიდან.

„აღარ მესალმება რაც დაქორწინება დავუპირე“ – იღიმებოდა ნიკოლასი, რომელიც ორ წყვილ სათვალეს ატარებდა. ერთი სათვალე შუბლზე და მეორე თავის-ქალის თხემზე მის გარეგნობას ჯუნგლებში მოხეტიალე ნატურალისტის იერს აძლევდა.  

„არც მე “- ვთქვი და ნიკოლასს დავემშვიდობე. მართლაც მერაბი  გამარჯობის თქმასაც ხშირად აგვიანებდა და ამის შემდეგ, როდესაც დავინახავდი ამ საავდროდ განწყობილ, მუდამ რაღაცაზე გაბრაზებულ კაცს, პირველი ვესალმებოდი და ჩემს საქმეს ვეშურებოდი.

ჩვენი ნაცნობობა დიდი მოვლენებით არ გამოირჩეოდა. ერთად არც ღვინო და არც ჩაი დაგვილევია, თუ არ ჩავთვლით ერთ სასიამოვნო საღამოს, როცა რექტორმა, მთელი უნივერსიტეტი პლეხანოვზე, რესტორანში დაგვპატიჟა და მაშინ გავიგე რომ თითქოსდა კუშტ და ჩაფიქრებულ მაკროეკონომისტს საკმაოდ მოსწრებული ენა ჰქონია და მისი იუმორით ყველა აღფრთოვანებული დარჩა!

რაც მთავარია პიროვნება იყო! ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანი ებარა და საქართველოს ყველა უნივერსიტეტში, გნებავთ ქართულად თუ ინგლისურად ამ საგნის პატრონად, ლექტორად და მენტორად სწორედ მერაბი მიაჩნდათ!

მაკრო-ეკონომიკა დიდებული თემაა, თუ მას ფლობ ესეიგი პოლიტიკოსებთან თანაზიარი ხარ. არც კი ვიცი, იქნებ ვინმეს უფიქრია მერაბი პოლიტიკაში მიეყვანა, მაგრამ ალბათ არც არავის გამოუვიდოდა ეს ჩანაფიქრი და რატომ.  მაკროეკონომიკა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია პრემიერ მინისტრის თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თავზე, ამიტომაც ეკონომიკის ექსპერტები  ამ თემით, თუ ღრმად იციან, მაშინ ვაჭრობენ და თუ არ იციან მაშინ სავაჭროდ არც ვარგიან.   მერაბი კი ვერ წარმომიდგენია ამ სავაჭროში და მომკალი! მაგრამ მისი პრინციპულობით, საქმის ცოდნით, უშიშარობით, სწორედ მერაბი დადგებოდა ქვეყნისათვის საჭირო პოლიტიკოსი. მაგრამ არ შედგა ეს ყოველი! ადამიანი დარჩა უნივერსიტეტში. დარჩა იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე კეთდება თითქოს! 

ადამიანის აღზრდა ადვილი საქმე არ არის! მერაბი ახერხებდა. მის მაკროეკონომიკას ელოდნენ წარმატებული სტუდენტები და შედგომში წარმატებული ადამიანები. მე ვიცი მრავალი ახალგაზრდა, რომელიც მერაბის მაკროეკონომიკის ხათრით მის პროგრამაში ჩაერიცხა, უნივერსიტეტიც შეიცვალა და პროგრამაც და შემდეგ მერაბის მიერ გამომწვარი ქვევრივით, კარგ ჭურჭლად იქცა მომავალი პროექტებისათვის. ასეთი ბევრი იყო, მაგრამ დასაფლავებაზე რატომ ვიყავით მხოლოდ მე, ღვთისნიერი თეთრთმიანი და თეთრწვერა მოხუცი, მაღალი გამხდარი კაცი, ერთი ქალბატონი და მღვდელი?

ეს კითხვა არ ეხება თავად მერაბს, არც მის უნივერსიტეტს, ეს კითხვა ეხება საზოგადოების ხარისხს გამოხატოს მადლიერება იქ და განსაკუთრებით ბოლო გზაზე დამდგარი პიროვნების მიმართ, როცა ეს აუცილებელია!

საკითხის მნიშვნელოვნებისათვის დეტალებსაც გავამხელ და ვიტყვი რომ ივლისის ცხელ თვეს მერაბს ბოლო ლექცია რეანიმაციიდან ჩაუტარებია! წარმოგიდგენიათ, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე პროფესორი ითხოვს კომპიუტორს, თავისი ჯიუტობით აღწევს იმას რომ მას ლექციის ჩატარების უფლებას რეანიმაციის ექიმები აძლევენ და შემდეგ რთავს კამერას, სტუდენტებს ეუბნება რომ არის ცოტა შეუძლოდ და უტარებს მათ ბოლო ლექციას ინფლაციის მრუდისა და მაკროეკონომიკური წონასწორობის, ან მენქიუს „უჩინარი ხელის“ შესახებ!

ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი ძლევს საკუთარ ტკივილს, საკუთარ მდგომარეობას და სტუდენტებს არწმუნებს იმაში, რაც თავადაც ენატრება. სიკვდილთან ასე ახლოს იგი იმედს არ იტეხს და რადგანაც მაკროეკონომიკა ეს არის მეცნიერება რაციონალური ადამიანის გონებრივი მიღწევების შესახებ, ის ამ მიღწევების იმიტაციას ახდენს იმდენად სრულყოფილად, რომ მას ავიწყდება საკუთარი სავალალო ჯანმრთელობა. ამ ლექციიდან ერთი საათის შემდეგ მერაბი გამოცოცხლებულია, ის მისთვის სათაყვანებელი შვედი ეკონომისტების გვერდითაა, მათთან აზრობრივ კავშირშია და ამ დროს ექიმი მას განგრენისაგან დაზიანებული ფეხის ამპუტაციას სთავაზობს. „არასოდეს“-ამბობს მერაბი და ამის შემდეგ ცხოვრება ქრება. ექიმთან საუბრის დროს მის ბრწყინვალე გონება და პატიოსანი გული კონვულსიებშია და მერაბი კვდება ქალაქ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში!     

   ეს ამ ისტორიის დასასრული რა თქმა უნდა არც არის, ტრაგედია გრძელდება. ურეკავენ საქართველოდან გადახვეწილ მერაბის ერთადერთ დას ამერიკაში. განწირული ქალი გრძნობას კარგავს! მერაბის გვამს გადაასვენებენ საბურთალოს სასაფლაოზე სარიტუალო სახლში, მესამე სართულზე, მე-5 ოთახში და ელიან სამძიმარზე მოსულ ადამიანებს, სტუდენტებს, ლექტორებს, საზოგადოების გამოჩენილ თუ ნაკლებად გამოჩენილ პირებს.

ცხელა, ცხელა, ცხელა, ცხოვრება მიჰქრის, ვიღაცას ბათუმისკენ გაუწევია, ვიღაცას ანტალიისაკენ, ვიღაცა თათბირზე გარბის, ვიღაცას კრება აქვს და ასეთი კაცის დაკრძალვაზე საბოლოოდ  იკრიბება მხოლოდ 14 კაცი.   

    რაც ყველაზე სავალალოა არ ჩანდნენ სტუდენტები, რომლებიც მანამდე ფეისბუქზე წერდნენ თბილ სიტყვებს მიცვალებულის შესახებ!

სარიტუალო სახლში, მესამე სართულზე დიდი სარკმელი გამოეღო ვიღაც ხვთისნიერს. იმ სარკმელიდან მოსჩანდა უამრავი დაუმთავრებელი მშენებლობა და გადათხრილი ქუჩა, საცობში გაჭედილი მანქანები, გძნობისაგან დაცლილი ინდივიდები და უსაზოგადოება!

სად ვკრძალავთ ცხონებულს – იკითხა ვიღაცამ!

კუკიაზე მივასვემებთ – იყო პასუხი!

  

სერგო ქობულაძე – ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები


„ვეფხისტყაოსანში ორჯერ გვხვდება გამოთქმა ,,მართალი სამართალი“, სამართლებრივი ტერმინი, რომელიც ქართული სამართლის ძეგლების მიხედვით, სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა სწორ, მართებულ. ჭეშმარიტ სამართალს, სწორად გამოტანილ გადაწყვეტილებას,
განაჩენს, გამრუდებული სამართლის, განაჩენის, გადაწყვეტილების საპირისპიროდ. მართალი სამართლის“ ცნების გვერდით იპოვება „ავი სამართალი“, „სამართლის სიმრუდე“ და სხვა.
„მართალი სამართლის“ შესახებ პოემაში საკმაოდ უხვი სამეცნიერო ლიტერატურა არის შექმნილი. ერთმანეთს ეპაექრებიან იურისტები და ფილოლოგები (ვ. აბაშმაძე, ივ. სურგულაძე, ე. ხინთიბიძე, ალ. ფოცხიშვილი). სტატიის ფარგალი არ გვაძლევს საშუალებას, მოკლედ მაინც მიმოვიხილოთ გამოთქმული მოსაზრებანი, თუმცა ეს არც არის ჩვენი მიზანი. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ყველა მათგანი, პირდაპირ თუ შემოვლით, ცდილობს გაამართლოს ის აქტი, რომლისკენაც ნესტანმა უბიძგა ტარიელს და რომელსაც მან ,,მართალი სამართლის“ კვალიფიკაცია მისცა.
პოემაში დადასტურებული ორივე შემთხვევა ,,მართალი სამართლის“ ხმარებისა ნესტანს ეკუთვნის. პირველად მან ეს ცნება გამოიყენა სასიძოს ლიკვიდაციის გამართლების მიზნით – ანუ ინდოეთში დატრიალებული დრამის დასაწყისში, და მეორედ ქაჯეთის ციხიდან ტარიელისადმი მოწერილ წერილში ანუ მაშინ, როცა, ამთავითვე ვთქვათ, ,,მართალი სამართლის“ სახელით აღსრულებული იმ საბედისწერო აქტის შედეგს იმკიდა.
გავიხსენოთ პირველი შემთხვევა:
მიბრძანა, თუ: ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
ბოლო სტრიქონში შესანიშნავად არის განმარტებული ,,მართალი სამართლის“ ცნება. აქ გაცხადებულია „მართალი სამართლის“ ონტოლოგიური ღირებულება, როგორც ისეთი სამართლისა, რომელიც არა მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობებს აწესრიგებს, არამედ ბუნებასაც მსჭვალავს, მკვდარ ბუნებაში შეაღწევს და სიცოცხლე შეაქვს მასში. ამ განმარტებით, ჭეშმარიტება, სიმართლე და სიცოცხლე თანაბარი ონტოლოგიური ღირებულების რეალობებია. ამ განმარტებას, (ცხადია, პოემის გენიალური ავტორი იძლევა ნესტანის პირით, მაგრამ იზიარებს თუ არა ავტორი თავისი გმირის მცდელობას, ამ მაღალი ღირებულების ცნებით გაამართლოს ის საქციელი, რომლისკენაც იგი თავის სატრფოს აქეზებს?
რამდენადაც ბრძნულია განმარტება, იმდენად აბსურდულია დამოწმებული სტროფის პირველი სამი სტრიქონი, სადაც ნესტანი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის ტარიელის მოქმედებაზე, რომლის აღმძვრელი თავად არის, და ყველაფერ იმაზე, რაც შეიძლება ამ მოქმედებას მოჰყვეს. ან თითქოს, პოლიტიკური თვალსაზრისით, თანმხლები სპის სისხლი უფლისწულის სისხლზე უპირატესი იყოს (“დიდი სისხლი“). ამავე დროს, გავიხსენოთ, რას ეუბნება ცოტა ხნის წინ ნესტანი თავის სატრფოს: “თუ სასიძო არ მოუშვა, ვათუ მეფე გაგიმწარდეს, // შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!” თითქოს მეფე ნაკლებად უნდა გამწარებულიყო უფლისწულის მოკვლით, რომელიც მან თავად მოიწვია თავის სამეფოში. თითქოს არ უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი ფარსადანისგან ის სიტყვები, რაც მან თქვა ფაქტის შემდეგ: “ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?“ ეს სისხლი მხოლოდ უბრალო არ იყო, სამეფო სისხლი იყო! შემდეგ: ნესტანს ურჩევნია ,„დედლურაღ“ მოგვარდეს საქმე, რომ არ გახმაურდეს მკვლელობა ანუ სასიძო მიპარვით მოიკლას. მაგრამ ამ საქმის აღმსრულებელს მაინც მოუხდა მდევარის დახოცვა, ქვეყნის შუაგულში მაინც ლდაღვარა „დიდი სისხლი“, ასეთი რჩევა არ ჰგავდა გონივრული განსჯის
ნაყოფს (მიბრძანა, თუ: გონიერი, ხამს, აროდეს არ აჩქარდეს’).
მით უფრო ნაკლებად შეიძლება ეწოდოს მას ,,მართალი სამართალი“. ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ მოხდა, რასაც „ბრძენი“ ნესტანი ვარაუღობდა. საქმის შედეგი იმ დღესვე იწვნიეს. ამაზე იტყოდა პოემის ავტორი: „უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია” აღგზნებული ნესტანის ბაგეებში ,მართალი სამართალი“ მხოლოდ სოფიზმია, რომლითაც ის ცდილობს უდანაშაულო უფლისწულის მკვლელობას (იხ. მ. კარბელაშვილის სტატია „ორი ბიბლიური პარალელი ვეფხისტყაოსნის ერთი ეპიზოდისათვის“).
„მართალი სამართალი“ აღადგენს სამართლიანობას, ანუ, როგორც იტყვიან, მისი აღსრულებისას ,,სამართალი პურს ჭამს“, ის სჯის უსამართლობას. „მართალი სამართალი“ არ არის რელატიური სამართალი. „მართალი სამართალი“ არ შეიძლება ეწოდოს ისეთ სამართალს, რომელიც უსამართლოდ ემსახურება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას. დავსგათ კითხვა, თუ რაში მდგომარეობს ხვარაზმის უფლისწულის დანაშაული? კითხვას ვსვამთ, რადგან კატეგორიულად გაურბიან მის ცნობას უდანაშაულოდ, რადგან თუ ის “უდანაშაულოა, დამნაშავეებად ჩვენი სახელოვანი გმირები გამოჩნდებიან. ეს კი ჩვენ არ გვსურს. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ ისინი გამართლდნენ და განდიდდნენ, თუნდაც ეს მათი „ანტაგონისტის“ გამტყუნებით და დამცირებით მოხდეს.
სამეცნიერო ლიტერატურაში ვკითხულობთ: „ხვარაზმშას შვილი ბრალის მქონეა, მისი მოქმედება ბრალს შეიცავს და ამიტომ იგი უნდა დაისაჯოს.. ხვარაზმშას შვილის მოქმედება ანტიზნეობრივია. იგი ფეხქვეშ თელავს ფეოდალური არისტოკრატიის მაღალზნეობრიევ ნორმებს… ხვარაზმშას შვილს გადაწყვეტილი აქვს ცოლად შეირთოს ნესტანი, რომელსაც პირადად არ იცნობს და არც უცდია გაეგო ამ უკანასკნელის აზრი ქორწინების თაობაზე…“ (ვ. აბაშმაძე, ,,მნათობი“, 1, 1966, გვ. 160).
ვიკითხოთ, რაში მდგომარეობს ხვარაზმშას ძის ბრალი? იმაში, რომ ის ოფიციალურად მოიწვიეს, როგორც სასიძო? იმაში, რომ უფლისწულია და უფლება აქვს შეეუღლოს ინდოეთის პრინცესას? იმაში, რომ ის უცხოელია?
იმაში, რომ ეროვნულ ნიშანს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მეფის სტატუსისთვის, რადგან მეფობა ზეეროვნული ინსტიტუტია? (მეფე ემსახურება იმ ქვეყანას, თავსაც დასდებს იმ ქვეყნისთვის, სადაც გამეფდება, თუნდაც არ იყოს ამ ქვეყნის ხალხის სისხლი და ზორცი).
იმაში, რომ სამეფო სახლებს შორის ქორწინების დროს არ არის მიღებულ-გათვალისწინებული დასაქორწინებელთა წინასწარი გაცნობა?
იმაში, რომ ამგვარი ქორწინებები სიყვარულზე არ არის დამყარებული? იმაში, რომ მან არ იცოდა თაგისი მომავალი მეუღლისა და ამირბარის სიყვარულის ამბავი? (რატომ და საიდან უნღა სცოდნოდა, თუ სამეფო კარზეც არ იცოდნენ).
გამოძებნილია განტევების ვაცი, უცხოელი უფლისწულის სახით, რომლის სისხლს ბრალი უნდა ჩამოეწმინდა რეალური დამნაშავისთვის. მაგრამ ამას აკეთებს არა პოემის ავტორი. არამედ აკეთებენ მკვლევარნი რომელთაც გერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან პრემის ავტორი და პოემის გმირი, რომელსაც მინიჭებული აქვს შეცდომის უფლება; რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ავტორი არ არის პასუხისმგებელი და არ( საჭიროებს გამართლებას პერსონაჟის საქციელის გამო. რეალური დამნაშავე, რომელმაც გამოიწვია სხვა დანამაულები (თუმცა ამით იმ სხვათ არ ეხსნებათ პასუხისმგებლობა), არ არის შორს საძიებელი. ეს ფარსადანია, რომელსაც პასუხი უნდა ეგო (და აგო კიდეც) იმისათვის, რომ პირი უშალა სარიდანს და უფლისწულობა ჩამოართვა მის ვაჟს. უცხოელი უფლისწულის მოყვანა სიძედ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ ქვეყანაში არ აღმოჩნდებოდა სხვა სამეფო სახლი. ინდოეთში არსებობდა ასეთი სახლი იმ დინასტიის სახით, რომლის უკანასკნელი წარმომადგენელი ტარიელი იყო. ამიტომაც გამართლება არ ეძებნება ხვარაზმის უფლისწულის მოწვევას – ეს პირველი შეცდომა იყო, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა „ფარსადანს დაეკისრა.
ფარსადანის ბრალმა გამოიწვია ნესტანის ბრალი, ნესტანის ბრალმა – ტარიელის ბრალი. ყველამ თავის წილ ბრალზე აგო პასუხი, ყველამ საკუთარი სასჯელი მიილო. ფარსადანი „მტერთაგან შეიწრებულია“, ნესტანი ქაჯეთის ციხეშია, ტარიელი – უდაბნოში ხეტიალობს, კაენივით დაძრწის.
ყველაფერი, რაც ღაემართათ გმირებს, იმას მოწმობს, რომ დაშვებული იქნა შეცდომა და რომ ნესტანისა და ტარიელის მოქმედება არ ემყარებოდა „მართალ სამართალს“. მათ მიერ გაჩენილ ,,მართალ სამართალს“ არათუ ხმელი ხე არ გაუნედლებია, არამედ გახმობამდე
მიიყვანა ინდოეთის სიცოცხლის ხე. ამიტომაც სრულიად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ,რუსთაველი მთლიანად თანაუგრძნობს ნესტანსა და ტარიელს და სამართლიანად თვლის მათ მოქმედებას…“
შეუძლებელია, პოემის ავტორი დასტურს სცემდეს იმ მოქმედებას, რომელსაც ხსნის ნაცვლად დიდი უბედურება და განსაცდელი მოაქვს გმირებისთვის.
ავტორი თავის გმირებს მოქმედების თავისუფლებას აძლევს და სრულებითაც არ არის ვალდებული, იზიარებდეს მათ ზრახვებს და დასტურყოფდეს მათ მოქმედებას.
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ მნიშენელოვანი ნაწილი პოემისა მოთხრობილია არა ავტორის, არამედ პოემის გმირის მიერ. იქ, სადაც ავტორი გამოდის მთხრობელად, მისი მონათხრობის უტყუარობა აბსოლუტური ხასიათისაა და ავტორი თავის ნათქვამზე აგებს პასუხს. როცა ავტორი გამოდის მთხრობელის როლში, იგი ობიექტურად გვიამბობს ყველაფერს, რაც მან ნამდგილად იცის. იგი ატარებს თავისი ქმნილების აბსოლუტურ ცოდნას. სხვა ვითარებაა, როცა მთხრობელი ნაწარმოების გმირია, ამ შემთხვევაში ტარიელი, რომელიც სუბიექტური თვალთახედვით გადმოგვცემს ამბავს. პოემის ავტორი არ აგებს პასუხს არც ტარიელის ნაამბობზე, არც მის საქციელზე. უტყუარობის ხარისხი აქ დაცემულია. მაგალითად, ტარიელმა შეიძლება არ იცოდეს. თუ რა პირობებში მოხდა მამამისის სამეფოს შეერთება ფარსადანის სამეფოსთან, რა მიზეზით გაცვალა სარიდანმა მეფობა ამირბარობაზე, რამაც ფარსადანის გაამაყება-აღზევების
ახალი საფუძველი შექმნა. ,,თქვა: ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!“ რომელ მეფეს გაუცვლია მეფობა მის უდარეს ხელობაზე? რისთვის? მხოლოდ იმისათვის რომ ეს სიტყვები წარმოთქმულიყო? შესაძლებელია, ამ აქტის უკან წმიდაწყლის ანექსია
იმალებოდეს, რამაც ტარიელამდე ნებაყოფლობითი შეერთების ვერსიით მოაღწია (იხ. ,ავთანდილის ანდერძი”).
როცა ავტორი ყვება ამბავს, ეს შესაქმის აქტის ბადალია. რასაც ის ამბობს, ჭეშმარიტებაა; ის არის, რაც უნდა არსებობდეს, რაც არსებობის ღირსია, რაც ჯერარსია. ასეთია არაბეთი, რომლის ამბავს ავტორი გვიამბობს. არაბეთის საპირისპიროა ინდოეთი, რომელიც შორს
არის ჭეშმარიტი ყოფისგან, ჯერარსული მდგომარეობისგან. თუ არაბეთი ობიექტური თვალით არის დახატული, ინდოეთის ხატი სუბიექხური თვალით არის დანახული. ბევრი რამ იქ პერსონაჟთა თვალთახედვით არის გადმოცემული. არაბეთი ჰარმონიული ქვეყანაა, მისი გმირები გაწონასწორებულნი არიან, ყოველი მათი სიტყვა აფორისტულია, ანდრეზულია, ძველი ტრადიციული სიბრძნის შემცველი. თუ არაბეთში როსტევანი, ავთანდილი, გინდა თინათინი, ახსენებდა ,,მართალ სამართალს“, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ნამდეილად „მართალი სამართალი“ იქნებოდა და არა მისი საპირისპირო რამ.
ინდოეთიც სამეფოა არაბეთივით, თუმცა ის სრულიად განსხვავებული სტრუქტურისაა: ის ქმნადობა-შენების პროცესშია. მის გმირებს აკლიათ გაწონასწორება, ამას ისინი პოემის დასასრულს მოიპოვებენ დიდი განსაცდელის გავლის შემდეგ.
არ არის შემთხვევითი. რომ ნესტანს ასეთი თვითნებური წარმოდგენა აქვს ,,მართალ სამართალზე“. ნესტანი მიშვებულია აგტორისგან, ის ჯერ კიდევ ფორმირების, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესშია. მისი მოქმედება იმპულსურია. რაოდენ შორს არის იგი თინათინისგან, რომელიც ზნეობრივად და ინტელექტუალურად ზრდადასრულებული
ადამიანია. ის სრულია (ბიბლიური გაგებით, როგორც არიან დახასიათებული ნოე, იაკობი და სხვანი) ისევე, როგორც სრულია მთელი არაბეთი და ის მიაღწევდა საბოლოო სისრულემდე (სრულყოფილებამდე), რომ უცხო მოყმის მოულოდნელი გამოჩენით უსრული ქვეყნის ამბავი არ გაცხადებულიყო.
როგორ აფასებს პოემის ავტორი „მართალი სამართლის“ ნესტანისეულ გაგებას ანუ, უფრო სწორად, ტარიელის საქციელს – უფლისწულის მოკვლას?
ავტორი ამ აქტის შეფასებას ტარიელის აღიარებით გვიცხადებს. ტარიელმა განიცადა ბედის დარტვმა და ახლა, უდაბნოს პერიოდში, მას უკვე შეუძლია ობიექტურად შეაფასოს თავისი საქციელი, კრიტიკულად შეხედოს თავისი ცხოვრების ინდურ პერიოდს. თუმცა აქ, თავის
აღსარებაში, ტარიელი ისევე ლაკონიურია, როგორც თავად ავტორი.
აი, როგორ გადმოსცემს, როგორ გვიამბობს (მკითხველს და ავთანდილს) ტარიელი იმ საბედისწერო აქტს:
კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით,
უსისხლოდ მოეკალ იგი, გლახ, თუცა ხმდა სისხლისა დენით.
აშკარაა, რომ ამ სიტყვებით სინანულია გამოხატული. აქ ხორციელდება ტარიელის მეტანოია (სინანული), ვხედავთ მის ნაყოფს.
ამ სტრიქონების სხვა ინტერპრეტაციათა შორის დამაჯერებელია ალ. ფოცხიშვილისეული განმარტება, რომელიც სავსებით ესადაგება ტარიელის იმ სულიერ მდგომარეობას, როცა იგი ჩადენილი საქციელს ფხიზელი გონებით აფასებს. ალ. ფოცხიშვილი ამგვარად განმარტავს
ტარიელის სიტყვებს: ,,მოვკალი ისე, რომ დანაშაულისათვის პასუხი არ მიგია, სისხლი არ გადამიხდია“ (იხ. „ვეფხისტყაოსნის ზოგი სადაო საკითხის გარშემო“, გვ. 79). ახლოს არის ჭეშმარიტებასთან ნოდარ ნათაძე, როდესაც ტარიელის სიტყვებში, რომლითაც ის სასიძოს მოკვლას იხსენებს და აღწერს, ტრაგიკული განცდის გამოხატულებას ხედავს (იხ. “ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიური მოტივები“,გე.100).
ტარიელს აწუსებს უბრალო სისხლი, რომელიც მან დაღვარა.
თუმცა ამ წუხილის გამომზეურება არ ხდება პოემაში. არც სინანულია აშკარად გამოთქმული, არამედ მხოლოდ შეფარვით იმ სიტყვებში, რომლებიც წარმოთქმულია კატასტროფის შემღეგ ჯერ ჯტარიელისა, როგორც აღსარება აგთანდილისადმი, და მერე ნესტანის მიერ, როგორც აღსარება ტარიელისადმი.
ნესტანი თავის წერილში ტარიელისადმი, რომელიც მან ქაჯეთის ტყვეობაში დაწერა, ერთხელ კიდევ ახსენებს ,,მართალ სამართალს.აი, ეს სტრიქონი:
ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.
ვერ ვიტყვით, რომ ეს სტრიქონი ბოლომდე გასაგებია. ის კი ცხადი უნდა იყოს, რომ ამ სიტყვებში ,მართალი სამართალი“ იურიდღიული სფეროდან გულის, განცდის სფეროში ინაცვლებს, ის გაშინაგნებულია. ამ ცნებით გამოხატულია შინაგანი სიმართლე-ერთგულება, რომელიც აკავშირებს ორ გულს, გზას უხსნის ერთმანეთისაკენ. ნესტანი
თითქოს ამბობს, როცა ეუბნება სატრფოს: აჰა, გაიგე, რა ყოფილა მართალი სამართალი, ეს გულთა ურთიერთობა ყოფილა; ერთადერთი სიმართლე და სამართლიანობა ის არის, რასაც ერთი გული მეორეს ეტყვის; ეს სიყვარულის შიდა ბუნებაა, რომელიც თავისი სრულქმნისათვის არ საჭიროებს გარეშე ძალას… ნესტანი ამ სიტყვებს ამბობს, ტყვეობიდან გამოხსნისა და სატრფოსთან შეყრის იმეღს მოკლებული.
მაგრამ სიყვარულისთვის არ არსებობს საზღვრები, არც დროჟამული, არც სივრცული, ფიქრობს ის. სიყვარული ამ წუთისოფლით არ მთავრდება, ის სოფელზე მაღლა და მიღმა სუფევს და ისევე ძლევს სოფელს, როგორც ძლევს მას მართალი სამართალი, როგორც ყოფიერების საფუძველი, რადგან მასზე დგას ჭეშმარიტი ყოფიერება, არა წარმავალი სოფელი, სადაც მართალი სამართალი გაუკულმართებულია. ამის მოწმენი შეიქნენ ჩვენი გმირები და მისი შედეგიც საკუთარ თავზე იწვნიეს.
პოემაში ნამდვილად არის სინანული იმ ,მართალი სამართლის“ სახელით ჩადენილი აქტის გამო. ეს ნესტანის წერილში იგრძნობა. ამგვარ წერილს ვერ ღაწერდა ის ნესტანი, რომელიც ,.ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული“, ვერც ის, რომელიც იმ რჩევას იძლეოდა. იქ, ქაჯეთის ციხეში, ნესტანი ბრძენია, ,,მაღლა მხედია“, იქ განსრულდა მისი აღზრდა, რაც ქაჯების რძალ მის მამიდას ევალებოდა. ნესტანი ახლა თითქოს გარედან უყურებს თავის თავს, მასში გაღვიძებულია „მამხილებელი გონება“ თუმცა იგი არ გმობს გაცხადებულად ჩადენილს, არ ახსენებს იმ აქტს, რომლის გახსენება ზარავს ტარიელს. მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ მის წერილში უთუოდ გამოსჭვივის სინანული იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს.
ნესტანი მთელ გასაჭირს, რაც დაატყღა ორივეს, აბრალებს ბედს, საწუთროს. ერთი შეხედვით, თითქოს იხსნის პასუხისმგებლობას. მაგრამ თუ გავიხსენებთ „ბედის“, ,საწუთროს“ რუსთველისეულ გაგებას, უნდა დავასკვნათ, როშ ნესტანი უფრო ღრმად წვდება უბედურების მიზეზს, ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს. „საწუთრო“ პოემაში სატანის ბუნებისაა („თავი სატანას ადარე“), სატანა კი ადამის შემაცდენელია და განაგრძობს მის ძეთა ცდუნებას. იმ საქმეში, ჩვენმა გმირებმა რომ ჩაიდინეს, სატანის ხელი ურევია. ისინი მოიქცნენ საწუთროს წესით, დაჰყვნენ ამ სოფლის მთავრის ნებას, რისგანაც ისევ და ისევ სინანულის ცრემლების ღვრით უნდა გამოეხსნათ თავი. ერთადერთი სინანულის ცრემლები იყო, რომლებმაც ნამდვილად გაანედლეს გამხმარი ხე. .შ. ამ ათი წლის წინათ ქ-ნ მ. კარბელაშვილმა ზემოთნახსენებ სტატიაში (იხ. ,ლიტერატურული ძიებანი“ 1, XVI, 1987) ხვარაზმშას ძის გამართლებას ,,მართალი სამართლის“ მოშველიებით „დოგმატური თეზა“ უწოდა. მანვე დააყენა საკითხი პოემის გმირთა ხასიათის განხილვისა არა სტატიკაში, როგორც ტრადიციულად ხდღება, არამედ მათი სულიერი განვითარების დინამიკაში. ჩვენი ესეიც ამგვარი მიდგომის დამკვიდრების მცდელობაა.

“ქალები განაჩენის მოლოდინში”

ჰენრი მატისი “ცეკვა”

წიგნი I

ეძღვნება ქალებს, რომლებიც ებრძვიან ძუძუს კიბოს.

თავი I

ღე პირველი. ხუთშაბათი

გრძელი დერეფანი გამატარეს, ფეხზე ბახილები ჩამაცვეს, პირბადე გაიკეთე და შენს რიგს დაელოდეო, მითხრეს. დერეფნის ბოლოს, მარჯვენა მხარეს ოთახი სავსე იყო თავსაფრიანი ქალებით. ერთ ქალს  თავზე მოხდენილად ეხურა შლაპა. იგი გამომეტყველებით ცდილობდა დანარჩენების დარწმუნებას, რომ დანარჩენებს არ ჰგავს და რომ ის ნამდვილად შემთხვევით ზის აქ. 

ადგილის გათავისუფლების მოლოდინში ქალების დათვალიერება დავიწყე, რომლებიც ერთმა მიზეზმა შეყარა ამ პატარა ოთახში. 

კედელზე მიმაგრებულ ტელევიზორში კულინარიული გადაცემა გადიოდა. ნაირ-ნაირ კერძებს აკეთებდნენ მზარეულები. 

ორი შუახნის ქალი ხმამაღლა განიხილავდა მზარეულების ოსტატობას. შიგადაშიგ აკრიტიკებდნენ მათ, ამაზე კარგად მე ვაკეთებ სალათსო, ხან კიდევ ნერწყვს გადაყლაპავდნენ და სინანულით ჩაილაპარაკებდნენ: ეჰ, ჩვენთვის ამის ჭამა არ შეიძლება, აკრძალული გვაქვსო.

მიუხედავად ამ ქალების განსხვავებული ასაკისა, სოციალური წარმომავლობისა თუ ინტელექტისა, მათ თვალებში იკითხებოდა რაღაც საერთო. ეს იყო შიში! სიკვდილის შიში!

იმ შლაპიან ქალსაც კი, რომელსაც არ უნდოდა სხვასთან თავის გაიგივება, იგივე შიში უკრთოდა თვალებში. 

იქვე მაგიდაზე ეყარა ჟურნალები ლამაზ-ლამაზი პარიკების ფოტოებით: შავი, წაბლისფერი, ქერა, წითური. სხვა ჟურნალებში კი, ძუძუს პროთეზების ფოტოები – სხვადასხვა ზომით და ფორმით. 

მარცხენა კუთხიდან ქალის ქვითინი შემომესმა. გამხდარი იყო, “სული პირში ძლივს უდგასო”, რომ ამბობენ, ისეთი. რომ იგრძნო სხვების ყურადღება უფრო და უფრო აუწია ხმას.

  • ვაი, ჩემო უბედურო თავო, ჩემო საცოდავო ოჯახო, ჩემო შვილებო და შვილიშვილებო, ჩემო საწყალო ქმარო. რა დროს გტოვებთ, რა გეშველებათ უჩემოდ.  
  • აუ, დაიწყო მეორე სერია, – ჩაილაპარაკა ოთახში მოტრიალე ენერგიულმა მარინამ.
  • ღმერთო, რატომ მაწვალებ ასე. თუ ჩემი სიკვდილი გინდა, ბარემ აქვე მომკალი, – გააგრძელა ქალმა. 
  • ქალბატონო ლაურა, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ. თქვენ გარდა აქ იმდენი პაციენტი მიზის და ყველას თავისი გაჭირვება აქვს. არავის არ უხარია, ამ უბედურებასთან რომ უწევს ბრძოლა, – ხმას აუწია მარინამ. 
  • მე საცოდავმა ამხელა გზა გამოვიარე. ხობიდან მოვდივარ. დილის 5 საათზე ავდექი და ძლივს ჩამოვაღწიე თბილისამდე. ახლა ხმის ამოღების უფლებაც ამიკრძალეთ, – ჩაილუღლუღა ლაურამ და ჩუმი კვნესა გააგრძელა.

ოთახში წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ კულინარიული გადაცემის წამყვანი თუ დაარღვევდა მას: “ახლა დაამატეთ ზეითუნის ზეთი და სალათა მზად არის”. 

უცებ ამ ხმას გადასხმის აპარატის ხმაც დაემატა. ტუუუ, ტუუუ, ტუუუუ, წიოდა აპარატი. “Kurzgebrauchsanweisung”[1] ეწერა ყუთზე გერმანულად, ქვევით შავი მარკერით ქართულად მიჯღაპნილი იყო ,,აფრენს”. მეტი არაფერი იკითხებოდა. 

  • მგონი ჩემი წამალი დასრულდა, – დაიძახა შავებში ჩაცმულმა ქალმა. 
  • დიახ, ახლავე მოგხსნით აპარატიდან და გაგიშვებთ სახლში, – გაუღიმა მარინამ. 

მალე ერთი ადგილიც გათავისუფლდა და ფანჯრის მხარეს დამსვეს, შავებიანი ქალის სავარძელზე. 

შიშმა დამიარა სხეულში. 

  • შენ პირველად იკეთებ ქიმიას? – მკითხა მარინამ
  • დიახ, – ვუპასუხე დაბნეულმა. თან ვცდილობდი არ შემემჩნია, რომ ცოტაც და ავტირდებოდი და ყურადღება გადავიტანე ოთახში მჯდომ ორ ქალზე. ისინი შავებში ჩაცმულ ქალზე ლაპარაკობდნენ. 
  • საწყალი. ქმარმა რომ გაიგო მისი ავადმყოფობის ამბავი, დაულევია და იმ ღამეს ავარიით დაღუპულა. ერთი შვილი ჰყავს, ბიჭი. თავზე ევლებაო მანქანით მოჰყავს და მიჰყავსო. 

ყველაზე დიდი შოკი ის ორსული გოგო იყო ჩემთვის. თამუნა. 3 თვის ორსული იქნებოდა. მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა. ქიმიის წვეთებს ისე ელოდებოდა, როგორც ზიარების დროს მიღებულ ღვინოს ელოდებიან მორწმუნეები. 

  • რა დროს ამის ორსულობაა. ასეთი რამე არც გამიგია და არ წამიკითხავს. ამას არ ჯობდა აბორტი გაეკეთებინა? მაინც ავადმყოფი შვილი ეყოლება, – გადაულაპარაკა ერთმა ქალმა მეორეს, – მიკვირს, საერთოდ როგორ ინარჩუნებს მუცელს.
  • რა იცი, ცისანა, იქნებ სასწაულიც მოხდეს. ხომ გითხრა ექიმმა მარტო წამლების და ჩვენს იმედზე არ უნდა იყოთო, სასწაულებისაც უნდა გჯეროდეთო. 
  • რა სასწაული, მანანა, რას ამბობ. მე და შენ მაინც გვაქვს გამოცდილი ის უბედურება, რაც მოჰყვება ხოლმე ქიმიის გაკეთბას.

მე არ მინდოდა გამეგო საუბრის დეტალები, რომ ჩემი შიში უფრო არ გაღრმავებულიყო, მაგრამ ცისანა და მანანა ისე საუბრობდნენ, მაინც აღწევდა ჩემამდე მათი ყოველი სიტყვა. ჩანთიდან სასწრაფოდ ამოვიღე წიგნი, რომელიც მეგობარმა საფრანგეთიდან ჩამომიტანა. Henri Matisse, TASCHEN-ის გამოცემა. წიგნი გადავშალე. დავიწყე ნახატების დათვალიერება და შიგადაშიგ მოკლე ტექსტების კითხვა: “Henri Matisse, né le 31 décembre 1869 au Cateau-Cambrésis et mort le 3 novembre 1954 à Nice, est un peintre, dessinateur, graveur et sculpteur français.Figure majeure du xxe siècle, son influence sur l’art de la seconde partie de ce siècle est considérable par l’utilisation de la simplification, de la stylisation, de la synthèse et de la couleur comme seul sujet de la peinture, aussi bien pour les nombreux peintres figuratifs ou abstraits qui se réclameront de lui et de ses découvertes. Il fut le chef de file du fauvisme.”

  • წიგნის წასაკითხად მოხვედი? – იხუმრა მარინამ. იგი ცდილობდა მოწყენილი პაციენტები გაემხიარულებინა, თუმცა, თუ ვინმეს უხეშობას შეამჩნევდა, უხეშადვე პასუხობდა. 
  • ვცდილობ, ყურადღება გადავიტანო. მისი ნახატები მომწონს, – ვუპასუხე. 
  • რა წერია? აბა, გაგვანათლე.
  • ისეთი არაფერი. ბიოგრაფიული ცნობებია: ჰენრი მატისი, დაიბადა 1869 წლის 31 დეკემბერს კატო-კამბრეზიში და გარდაიცვალა 1954 წლის 3 ნოემბერს ნიცაში, იყო ფრანგი მხატვარი, ილუსტრატორი, გრავიორი და მოქანდაკე, მე-20 საუკუნის მთავარი ფიგურა. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამ საუკუნის მეორე ნახევრის ხელოვნებაზე, იყენებდა რა გამარტივებას, სტილიზაციას, სინთეზსა და ფერს, როგორც ფერწერის ერთადერთ სიუჟეტს. როგორც ფიგურატივიზმის, ისევე აბსტრაქტული მიმდინარეობის მხატვრებისთვის ჰენრი მატისი და მისი აღმოჩენები წარმოადგენს შთაგონების მთავარ წყაროს. ის იყო ფოვიზმის მიმდინარეობის მამამთავარი.
  • მხატვრობის რა გითხრა, მაგრამ თეატრი კი ძალიან მიყვარს, – ღიმილით მიპასუხა მარინამ. – ამ პანდემიის გადამკიდე კი ვეღარ დავდივარ, მაგრამ იმედია, მალე ყველაფერი დასრულდება და… უი, რა კარგი ვენები გქონია. შენ არ გაგიჭირდება გადასხმა. ნუ გეშინია, არ გატკენ.

დამიმაგრა გადასხმის აპარატი და დაიწყო წითელმა სითხემ წვეთ-წვეთობით ჩამოსვლა. “წითელი სითხე”, ასე ეძახდნენ იქ მყოფი ქალები ამ წამალს, რომელიც ზოგისთვის იმედის მომცემი და ახალი ცხოვრების საწინდარი იყო, ზოგისთვის კი – საწამლავი.

  • დღეს აქ უნდა დამტოვოთ?  – ვკითხე მარინას. 
  • რაში მჭირდები აქ, – მიპასუხა სხარტად და ხალისიანად. – 2 საათში დასრულდება გადასხმა და გაგიშვებ. 2 კვირაში ხუთშაბათს გელოდები. ჯერ ექიმს ნახავ, პირველ სართულზე კორონას ტესტს გაიკეთებ და თუ არ დაგიდასტურდა, მერე ამოცუნცულდები მესამეზე. 

თამუნა ცოტა შეუძლოდ გახდა. გარეთ გასვლა ითხოვა. 

  • ხომ გითხარი ეს გოგო ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს-მეთქი, – ხმას აუწია ცისანამ. რატომ იტანჯავს თავს ნეტავ.
  • ცისანა, ქალო, თურმე 6 წელი შვილი არ ჰყავდათ. ახლა დაორსულდა და აი. საწყალი, – უპასუხა მანანამ. 

მანანა და ცისანა ძალიან შეხმატკბილებულები ჩანდნენ. საუბრობდნენ პარიკების ხარისხზე, ოპერაციის დეტალებზე, სხივებით დამწვრობაზე… 

მე ცალი ხელით მოუხერხებლად ვფურცლავდი მატისის ლამაზ წიგნს და ვცდილობდი მხოლოდ კარგზე მეფიქრა. 

გარეთ შემოდგომის ნიავი აშრიალებდა ჭრელ ფოთლებს. ტელევიზორში ბროწეულის წვენს წურავდა მზარეული. ისე ძალიან მომინდა ბროწეული. ამ დროს შლაპიანმა ქალმა, თითქოს ჩემი სურვილი იგრძნოო, დაიწყო საუბარი. 

  • ჩემთან, ვერაზე ერთი ხილ-ბოსტნეულის ფარდულია და იქ იყიდება უგემრიელესი ბროწეული. ახლა მაგის სეზონია, მაგრამ ჩვენთვის მაგის ჭამაც არ შეიძლება.
  • ბროწეულის წვენი კი არა, ნიორი ვერ მიჭამია და ზეთიანი საჭმელი ვერ გამიკეთებია. ეჰ, ეს არის ცხოვრება? – ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა.  
  • მე მხოლოდ ერთი ჭიქა ყავის უფლება მომცა ექიმმა, – თქვა მანანამ.
  • აბა მე ხანდახან ღვინოსაც ვწრუპავ, – ჩამჩურჩულა ჩემ გვერდით მჯდომმა გვანცამ და ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
  • სხვათა შორის მეც – ვუპასუხე გვანცას და ორივეს გაგვეღიმა.  

მალე ჩამობნელდა. არ მიყვარს ასეთი დღეები. როცა იცი, რომ ჯერ ადრეა და თან რომ ბნელა. ტაქსი გამოვიძახე. ჩავჯექი. მძღოლი აქტიური, ენაწყლიანი აღმოჩნდა. გურული ხართ? – ვკითხე. 

  • კი ვიყავი ბიძია, სანამ ჩამევიდოდი და ახლა რა ვიცი ვინ ვარო, – მიპასუხა გურული სისხარტით.

ექიმზე უფრო დეტალურად გამოიკითხა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისმინა, მისმინა და  ბოლოს დამაიმედებლად მითხრა:

  • მაგენი აფირისტები არიენ ბიძია. ფულს აკეთებენ. არაფერი არ გჭირს შენ.

არ ვიცი მართლა სჯეროდა ამისი, თუ უბრალოდ მაიმედებდა. 

  • ჩვენი მეზობლის გოგოსაც უთხრეს კიბო გაქვს და მალე მოკვდებიო, მარა კი გევიდა მაგის მერე 10 წელი და აგერ ყოველ დილას თბილისის ზღვაზე დარბის ის გოგო. 

მძღოლი გზადაგზა ცდილობდა ჩემს გამხიარულებას ანეგდოტებითა და ჩემთვის მოსაწონი მუსიკით.

სახლში მივედი. კართან მარიტა შემომეგება. 

– დეეე, დეეე, – მეძახდა და მეხუტებოდა მთელი ძალით. – დეეე, მითხარი რომ კარგად ხარ და რომ სულ კარგად იქნები. იცი, რა გემრიელი საჭმელი გაგიკეთე?

ვუყურებდი ამ ლამაზ არსებას ხორბლისფერი კანით, დიდი მეტყველი მწვანე თვალებით და ვფიქრობდი, აი, ამისთვის უნდა ვიბრძოლო, რომ ამ გოგოს ვყავდე ძალიან დიდხანს. ჩემი პატარა-დიდი გოგო 18 თებერვალს უკვე 15 წლის ხდებოდა.

არ მინდოდა ჩემთვის მაინც პატარა მარიტას ეგრძნო, თუ რა ცუდად ვიყავი და ვუთხარი რომ მეძინებოდა. 

ღამე სამჯერ გამეღვიძა. გული მერეოდა და სისუსტეს ვგრძნობდი, ძლივს გადავიტანე ის ღამე. მეორე დილით, მარიტა სკოლაში წავიდა თუ არა ალექსანდრეს დავურეკე. თმების გადაპარსვა მინდა და მხოლოდ შენ გენდობი-მეთქი. ცოტა აღელდა, მაგრამ უარი ვერ მითხრა. შუადღისას შემომიარა. სახლში შემოვიდა და უსიტყვოდ ჩამეხუტა. ასე ვიდექით რამდენიმე წუთი ჩახუტებული, გაუნძრევლად. მინდოდა საუკუნედ გაგრძელებულიყო ეს წუთები. შემოსასვლელში დიდი სარკის წინ დამსვა, თან რაღაც არათემატურ სიმღერას ღიღინებდა, ნამდვილი სტილისტივით: „ჰერიო, ბიჭებო ჰერიოოოო“ და ცდილობდა არ ეჩვენებინა ის სევდა, რაც მის გულში ტრიალებდა. (ალექსანდრეს დედა სიმსივნით იყო გარდაცვლილი და მისთვის ორმაგად მტკივნეული იყო ჩემი ჯანმრთელობის პრობლემა).

ალექსანდრემ თმები გადამპარსა.

მთელი ოთახი აივსო ჩემი გრძელი წითური თმით.

და, აი, ასე დავემსგავსე იმ ქალებს, რომლებიც საავადმყოფოს ოთახში გავიცანი. 

თავი II

ორი კვირის შემდეგ. ხუთშაბათი 

კლინიკას მივუახლოვდი. ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ყოველი ახალი დღე წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მესამე სართულზე იმავე ოთახში შევედი. ლაურა უკვე თავის ადგილზე დამხვდა, ჭრელი თავსაფრით. გამხდარი და დასუსტებული მეჩვენა. თვალები ისევ ცრემლებით ჰქონდა სავსე. გული მერევაო, აქ ვიღაცას სუნამო ასხია და ნუთუ არ იცის, რომ სუნამოს გამოყენება აკრძალულიაო. 

– მე მასხია სუნამო, – მივუგე გაოცებულმა. 

– შენი გაფრთხილება დამავიწყდა წინა ხუთშაბათს, რომ აქ სუნამო არ შეიძლება. – მითხრა   მარინამ.

გამიკვირდა, ვერ მივხვდი რა შუაში იყო სუნამო. მძაფრ სუნებზე პაციენტები ცუდად ხდებიანო, – დასძინა მარინამ.

  • გასაგებია, შემდეგში აღარ დავისხამ.

გვანცას ყურებში ყურსასმენები ჰქონდა გაჩხერილი და რაღაცას ღიღინებდა. მერე უცებ ერთი მოიხსნა და ხმამაღლა იკითხა: 

  • ისე, კაცები რატომ არ არიან ამ ოთახში? 
  • კაცები მეორე სართულზე არიან. წინა ხუთშაბათს სართული შემეშალა და შემთხვევით შევაღე მაგათი ოთახის კარი. შევაღე და კინაღამ გადავიფიქრე გამოსვლა, – უპასუხა ცისანამ. თან თავისივე ნათქვამი მოეწონა, ხმამაღლა გადაიკისკისა და ოქროს კბილიც გამოუჩნდა. 

ტელევიზორში ისევ კულინარული გადაცემა გადიოდა, ამჯერად პორტუგალიური სამზარეულოს კერძებით. 

  • ეს პიკანიაა, – გაახმოვანა შლაპიანმა ქალმა. ბოლოს ჩემმა ქმარმა პორტუგალია და ესპანეთი მოგვატარა მე და ჩემს “პადრუგებს”. იქ გავსინჯე პიკანიაც და პაეაც, პორტოც და რიოხაც. 
  • აბა, მე ვერ გავცდი გურჯაანს და ქვევრის ღვინოს. მაინც მგონია, რომ ხინკალზე გემრიელი საჭმელი არ არსებობს, – უპასუხა ცისანამ დამაჯერებელი ტონით.
  • არ გინდათ გადასხმის მერე ყველამ დავარღვიოთ დიეტა და ხინკალი ვჭამოთ? – იკითხა გვანცამ, თითქოსდა რომელიმეს ამ ოთახში მაგის თავი ჰქონდა, რომ რესტორანში წასულიყო. 

ყველამ ნერწყვი გადაყლაპა.

თამუნა არ ჩანდა. მოვიკითხე, რატომ არ არის-მეთქი. 

  • დილით დამირეკა, შეუძლოდ ვარო და დღევანდელი ვიზიტი გავაუქმეთ. 

ვნერვიულობდი თამუნაზე და გულით მინდოდა რომ ორსულობა ბოლომდე მიეყვანა და ჯანმრთელი შვილი გაეჩინა. 

  • ენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები, სულში ამოდიან და თინათინობენ”, – აღიღინდა მარინა და თან ლაურას მიუახლოვდა. 
  • თქვენ გინახავთ კესანეები, ქალბატონო ლაურა? 
  • არა, არ მინახავს. ლამაზია? – წამიერად თითქოს დაავიწყდა თავისი დარდი ლაურას. 
  • კი, ძალიან ლამაზია… 
  • ჰოდა, რომ მოკვდები მოვიტან შენს საფლავზე, – უკბილოდ იხუმრა ცისანამ და ამ სიტყვებით ლაურა ისევ დაუბრუნა მწარე რეალობას. 
  • ცისანა, შენ კი არა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, ალბათ ჩემი ოჯახიც აღარ მოიკითხავს ჩემს საფლავს. ალბათ არ მეყოლება ჭირისუფალი – თქვა ლაურამ სინანულით. 
  • აბა, რა განერვიულებს ლაურა, ქალო. მთელი სამეგრელო შენი ჭირისუფალი არ იქნება? შენ კარგად იყავი თორემ, მიწაში თუ ჩახვალ მერე რას გაიგებ ვინ მოგაკითხავს და ვინ არა.

ეს თემა არ მომეწონა. არც ცისანას ხუმრობები მხიბლავდა დიდად. ვიფიქრე, იქნებ ცოტა ხნით მაინც დავავიწყო ლაურას დარდი-მეთქი . 

  • თქვენ არ მღერით? – ვკითხე.  
  • კიო, თვალები გაუნათდა. 
  • რამე მეგრულად გვიმღერეთ, გთხოვთ.

“ვაგიორქო მა, ვამორწონქო მა,

იშენ ქუგორლუაფუდა, სკანი ჭირიმა…

უსქანეთი მა, თექიანა მა,

მაფუ სრული ჯოჯოხეთი სკანი ჭირიმა.” 

ამღერდა ტკბილად, ხმადაბლა. ღმერთო, საიდან მოვიდა ამხელა სითბო, ენერგია და ძალა. 

ყველა გარინდებით უსმენდა. გვანცამაც კი გამოიძრო ყურსასმენი. 

***

დასრულდა გადასხმა. ტაქსი გამოვიძახე. დიდი ხანი საცობში ვიდექი. მძღოლი რადიო “არ დაიდარდოს” კმაყოფილი უსმენდა და ცდილობდა გამომლაპარაკებოდა. ასეთი კარგი ქალბატონი უქმროდ რატომ დადიხართო. ეტყობა წუნია ხართო. არ ავყევი. შემეშვა.

სახლში რომ დავბრუნდი. უკვე გვიანი იყო. მარიტას მაგიდაზე მიმობნეული ჰქონდა თავისი ნახატები. უცნაური ფორმის ფიგურები. კოკოპელები, მაიას ტომების და აფრიკული მოტივები. 

მოვეხვიე, თავზე ვაკოცე. ვიფიქრე რა ბედნიერი ვარ, რომ ეს გოგო მყავს. 

გაეღვიძა და ჩამეხუტა. 

– დეეე, კარგად ხარ? 

– კი, მარიტა. კარგად ვარ! დაწექი, დაღლილი ხარ. 

ფართხუნა „პიჟამოში“ გამოწყობილი მარიტა საძინებელში შევიდა. 

მე მის ნახატებს ვათვალიერებდი. ერთი ნახატის ქვევით ფრანგულად ეწერა. “მამა, ნეტავ როგორი ხარ. მინდა გიცნობდე. მაინტერესებ. ალბათ შენ გგავარ…”

მარიტა არ იცნობდა თავის მამას. მეც თითქმის არ ვსაუბრობდი მასზე. ვეუბნებოდი, როცა მოვა ამისი დრო, ყველაფერს თავად გიამბობ-მეთქი. თვითონ მოუთმენლად ელოდა ამ დროის მოსვლას, მე კი ის ისევ პატარა გოგონა მეგონა და არ ვიცოდი, როგორ გაიგებდა ჩვენს ისტორიას. 

თავი III

მეორე ხუთშაბათი

ქიმიის გადასხმამდე ექიმის ოთახში შევედი. ახალგაზრდა და ენერგიული მამაკაცი იყო ჩემი ექიმი. ავადმყოფს სიტყვით მოარჩენსო, რომ ამბობენ ზუსტად ისეთი. ერთადერთი ამიტომ მიხაროდა ხუთშაბათის მოსვლა. მასთან შევდიოდი ყველა ანალიზის პასუხით და ველოდი მის დასტურს გადასხმის გაკეთებაზე.

ოთახში მეორე ექიმი ქალი შემოვიდა. ისიც ძალიან თბილი ადამიანი ჩანდა.

  • 4+4 სქემით ვმოქმედებთ აქაც, ჰო?
  • კიო, – უპასუხა მამაკაცმა. თან ამიხსნა თუ რას ნიშნავდა ეს სქემა. 
  • პირველ ოთხ გადასხმას ორი ან სამი კვირის შუალედში იკეთებთ. შემდეგ ჩაიტარებთ გამოკვლევებს: CT, MRT, ექოსკოპია, კარდიოგრამა, ონკომარკერები და სხვა ანალიზები და რამდენიმე კვირის შემდეგ გააგრძელებთ მკურნალობას. ყოველი გადასხმის წინა დღეს იკეთებთ ანალიზებს, მიგზავნით „სქრინებს“ და მე გეტყვით ხართ თუ არა მზად შემდეგი პროცედურისთვის.

რადგან დარჩენილი ბოლო ოთხი გადასხმა ძალიან უჭირდათ პაციენტებს. ბევრი, სამწუხაროდ, ვეღარც კი უძლებდა და „გვტოვებდა“, ექიმების გადაწყვეტილებით, შემდეგი ოთხი გადასხმის დოზა უნდა გაიყოს სამად და უნდა ჩაიტაროთ ყოველკვირეული 12 ქიმია.

  • ანუ ჯერ 4 დიდი და შემდეგ 12 პატარა გადასხმა?
  • დიახ, – მიპასუხა ექიმმა.

თან მაიმედებდა, რომ 21-ე საუკუნეში კიბო განაჩენი არ არის და რომ აუცილებლად მომარჩენს.

ამ ყველაფერს როგორ უნდა გავუძლო-მეთქი კი გავიფიქრე, მაგრამ რა გაეწყობოდა. ჩემს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებდა.  

ექიმის ოთახიდან გამოვედი და სწრაფი ტესტის რიგი დავიკავე. კორონას ტესტმა უარყოფითი აჩვენა. მესამე სართულზე ავედი. ოთახიდან ხმამაღალი ლაპარაკი გამოდიოდა.

ტელევიზორში წლის ჰოროსკოპებს განიხილავდნენ.

  • აი, ნახავთ, იტყვის, რომ მორიელებს კარგი წელი ელოდებათ. მე მორიელი ვარ და ყველაფერი კარგად მექნება, – ამბობდა ცისანა. 
  • რთული პერიოდი აქვთ კუროებს… – აგრძელებდა ასტროლოგი. 
  • კურო რომელი ხართ? 

ყველა ვდუმდით. 

  • მე ვარ კურო. 8 მაისს მაქვს დაბადების დღე, – თქვა ჩუმად თამუნამ.
  • მე ვერ ვერკვევი მაგ რაღაცებში, მაგრამ მეც კურო გამოვდივარ. 9 მაისს ვარ დაბადებული, – თქვა ლაურამ.  
  • это день победы…[2] – სანამ ლაურა ისევ სიკვდილზე და ცუდად ყოფნაზე დაიწყებდა საუბარს, – შეჰყვირა მანანამ. 
  • მე ვერძი ვარ, – განაცხადა შლაპიანმა ქალმა. ნეტავ ჩემზე რას იტყვიან? 
  • ვერძებზე უკვე თქვეს, გენაცვალე. დაგაგვიანდათ, – გაიღიმა მარინამ.  
  • “Жизнь наказывает тех, кто приходит слишком поздно”[3], – ეს მგონი გორბაჩოვმა თქვა, მაგრამ ჩვენზეა, ჩაილაპარაკა შავებიანმა ქალმა, რომელიც თითქმის არასდროს საუბრობდა.  

სახლში დავბრუნდი. დასაძინებლად ვემზადებოდი, როცა თათიას ორი მესიჯი მომივიდა: 

“ელ, შენთან ვიყავი. მარიტამ მითხრა, კლინიკაშიაო. არ მახსოვდა დღეს ხუთშაბათი რომ იყო. მაგრამ ალბათ ასე ჯობია. კორონა არ მოგიტანო.“ (22:10სთ)

„ჩემო ხავსისფერთვალება, ფოლკნერში დაგიტოვე რუსთაველი, ილია და აკაკი. მიყვარხარ!” (22:12სთ)

ვერ მივხვდი, რა რუსთაველი, რა ილია… მაგიდაზე დადებული ფოლკნერის “აგვისტოს ნათელი” გადავფურცლე და იქ ფული იდო.

ჩემი მეგობრებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ფინანსურს, მორალურს. ვისაც რით შეეძლო, იმით მეხმარებოდა და მამხნევებდა. 

მერე მარიტას შევუღე კარი. მეგონა მეცადინეობდა. არ მინდოდა მისი მოცდენა. ყურსასმენებში ხმამაღლა უსმენდა „We are the champions, my friends[4]“. თვალები გაუნათდა, რომ დამინახა. მუსიკა გამორთო და ჩამეხუტა.

  • ნუცას წერილი ჩამოვიდა, დეეე. გინდა წაგაკითხო?
  • სხვისი წერილების წაკითხვა რომ არ შეიძლება, ხომ იცი მარიტა?
  • კი, მაგრამ აქ პირადი არაფერი წერია. ვთხოვე, რომ ჩახვალ ნამდვილი წერილები მომწერე-მეთქი და დანაპირებს ასრულებს. თან შეხედე, კონვერტზე რა ლამაზი მარკა დაუკრავს.

თავს ისე ცუდად ვგრძნობდი, წერილის კითხვის ძალა არ მქონდა. უბრალოდ მარიტა ისე აღფრთოვანებული იყო, რომ ნამდვილი წერილი და ღია ბარათი მიიღო საუკეთესო მეგობრისგან, რომ უარი ვერ ვუთხარი და შევთავაზე,  მე ჩაის გავაკეთებდი და მყუდრო გარემოში მას წაეკითხა ჩემთვის ნუცას წერილი.

***

ჩემო მარიტ-მარიტ,

აი, ათიოდე დღეა, რაც არ მინახიხარ და უკვე ისეეე ძალიან მენატრები. ყოველდღე ვფიქრობ, რა ბედნიერება იქნებოდა შენც რომ აქ ყოფილიყავი. აქ ადგილი ორი კაცისთვისაც კი საკმაოდ ბევრია. მართალია, ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მაგრამ მაინც ბევრი რამე მაქვს სათქმელი. სულმოუთქმელად მინდა ჩემი ამბავი მოგიყვე. ინსტაგრამის სთორები და სურათები ვიცი რომ მოგეწონა, მაგრამ ამბების მოსაყოლად მაინც წერილი ვარჩიე. ფეისბუქი ნიკოს გამო გავაუქმე. კი მიხვდებოდი. 😊

ჩემი ახალი დილა ბერლინში 8 საათისთვის დაიწყო, როცა BERLIN TEGEL-ში ჩავფრინდი და ცალკე ნიას ვეძებდი და ცალკე ჩანთებს. ისე მოხდა, რომ თვითმფრინავის სალონში ჩემი ხელბარგისთვის ადგილი არ იყო და სტიუარდესამ იგი სალონის ბოლოში წაიღო. ჩამოსვლისას ცოტა შევფერხდი, რომ ჩემი ხელბარგი წამომეღო, ამასობაში ჩემი ლამაზი მობილური ხელიდან გამივარდა და მარტივ მამრავლებად დაიშალა. მას გაჰყვა ყველა საგულდაგულოდ შენახული მესიჯი და სურათი. ნია შეშინებულა, ასე რომ დამაგვიანდა. ბოლოს,  როგორც იქნა დამინახა და მერე, როგორც თვითონ იხსენებს, განწირული ხმით დამიძახა „ნ უ ც ა ა ა ა“. შეხვედრა ხომ წარმოგიდგენია. იშვიათად თუ შეხვდები სულით ხორცამდე ასე სავსე ადამიანს. ფაცხაფუცხით შევინახეთ ჩანთები, Kreuzberg-ისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთი ავიღეთ და საღამოს 8 საათამდე მთელი დღე ჩვენს განკარგულებაში იყო.

ამის არც დრო იყო და არც საშუალება, რომ მუზეუმებში შევსულიყავით, მხოლოდ „Reichstag“-ის შენობაში ვიფიქრეთ შესვლა, მაგრამ მისი კილომეტრიანი რიგი რომ დავინახე, ვამჯობინე გარედან შემევლო თვალი ბერლინისთვის. Berliner Dom, რომელიც რატომღაც ერთდროულად შიშსა და აღფრთოვანებას იწვევს, სადაც გერმანელ იმპერატორებს დაუდიათ სავანე. გახსოვს „Tatsachen über Deutschland“?[5] რაც ნატო მასწავლებელმა გვასწავლა ყველაფერი ჩემ თვალწინ გადაიშალა: Brandenburger Tor, Museum Insel… იქვე მოვესიყვარულეთ ქართველ დათვს. გერმანიასთან მეგობრობის ნიშნად ყველა ქვეყანას უჩუქებია ბერლინისთვის ამ ქალაქის სიმბოლო „ეროვნული ტანსაცმლით“.

200 ნომერი ავტობუსით ვსერავდით ბერლინის ქუჩებს მე და ნია, უფულოდ, უტელეფონოდ და გვიხაროდა, რომ ჩვენი ოცნება ახდა.

ჩემო მარიტა, ახლა გაკვეთილზე უნდა გავიქცე. აქაური სკოლის და კლასელების ამბებს მოგვიანებით გავაგრძელებ. ძააან სასაცილო ამბები გადამხდა. უკვე ორი ახალი მეგობარი მყავს (არ იეჭვიანო ახლა) სამხრეთ კორეელი ჩანგ-იონგი და უკრაინელი ეველინა.

შენც მომწერე შენზე, სკოლაზე, ბავშვებზე, ვახოზე.

ველი შენს პასუხს. გკოცნი შენი ნუც-ნუცაააა.

პ.ს. ღია ბარათზე რომ პერგამონის მუზეუმია, იქ შენთან ერთად უნდა წავიდეეეე. გახსოვს, გოჩა მასწავლებელი რომ გვიყვებოდა? მუზეუმში მონუმენტური შენობებიაო: პერგამონის საკურთხეველი, კარიბჭეები და ფილები, რომლებიც გათხრების ადგილებიდან გადმოიტანესო… მთელი ბაბილონი, ურუქი, ასურეთი და ეგვიპტეშე იქ დამხვდა.

გელოდებიიი.

თავი IV

მესამე ხუთშაბათი

შემდეგ ხუთშაბათს შევედი თუ არა საავადმყოფოში, მარინა შემომეგება. ახალ თამაშს ვთამაშობთ. ყოველ ხუთშაბათს თითო პაციენტმა რამე ისტორია უნდა მოჰყვეს, რაც დღემდე გადახდაო. რადგან თქვენ ყველაზე ცოტას საუბრობთ, თქვენით დავიწყოთო, მიმართა შავებიან ქალს. ქალს ცოტა ეუხერხულა და მერე მშვიდი და გაწონასწორებული ხმით დაიწყო თხრობა. 

მარინა გადასხმას მიდგამდა. ამასობაში ვენები დაგკარგვიაო, მითხრა და თან ინტერესით ელოდებოდა ახალ ამბავს.

შავებიანი ქალის ისტორია: 

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი: პათეტიკური სონატა

სტუდენტობის დროს ხშირად დავდიოდი სტუმრად მამაჩემის ერთი მეგობრის ოჯახში. ამ ოჯახში ყოველთვის აღნიშნავდნენ დღესასწაულებს… დაბადების დღეებს, რომლებზეც თავს იყრიდნენ ოჯახის მეგობრები. 

ოჯახის დიასახლისს, ნანა დეიდას, თბილისის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და ოჯახის სტუმრებს შორის ბევრი მუსიკათმცოდნე და მუსიკის მასწავლებელი იყო ხოლმე. 

ერთხელ ლიას, რომელიც ყველაზე უფრო გამოირჩეოდა ნანა დეიდას მეგობრებისგან, ვთხოვე, დამხმარებოდა. ერთი ჩემი საყვარელი მელოდია წავიღიღინე, იქნებ მითხრათ ვისი ნაწარმოებია-მეთქი. 

მან მაშინვე ამოიცნო ბეთჰოვენი. მითხრა, რომ ეს ბეთჰოვენის პათეტიკური სონატის მეორე ნაწილია. 

მე ვისურვე ამ ნაწარმოების ნოტები და ვთხოვე, იქნებ მხოლოდ მეორე ნაწილი მომაწოდოთ ამ სონატის, პირველის და მესამის დაკვრას მაინც ვერ შევძლებ-მეთქი. 

კარგიო, დამპირდა. ამ დღეებში დაგირეკავთ და მოგცემთო. 

90-ნები იყო. მობილური ტელეფონები არ არსებობდა, არც შუქი და არც ფული. ქსეროქსი 10 თეთრი ღირდა, პური – 40. 

მართლაც რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა ამ სიკეთით სავსე ქალმა. მითხრა, რომ ნოტების ქსეროასლი გადაიღო ჩემთვის და რომ ვერაზე სასტუმრო “საქართველოსთან” შემხვდება, გადმოსაცემად. მე სიხარულით მივედი შეხვედრის ადგილზე. ლიამ გადმომცა იმაზე მეტი ფურცელი, ვიდრე ველოდი და მითხრა: 

  • მართალია, თქვენ მხოლოდ სონატის მეორე ნაწილი მთხოვეთ, მაგრამ ვერ შევძელი მისი დანაწევრება. და მთლიანი სონატის ასლი მოგიტანეთ. იქნებ ოდესმე მოგინდეთ მისი სრულად დაკვრაო.

არადა ვიცოდი, რა უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა ლია. ალბათ ამ მუსიკის მთლიანობის შენარჩუნების გამო საღამოს ვერ ივახშმა და ჩემი ასლისთვის ბოლო თეთრები გაიღო. 

  • ასე უყვარდათ ბეთჰოვენი, – დაასრულა საუბარი შავებიანმა ქალმა.  

ყველას ძალიან მოგვეწონა ეს ისტორია. 

  • ხვალ გამოკვლევები მიწევს, – ჩაილუღლუღა რომელიღაცამ. ვერც კი მივაქციე ყურადღება იმდენად ვიყავი შეპყრობილი ბეთჰოვენის ამ ისტორიით. თან ვფიქრობდი ნეტა, მე რა უნდა მოვყვე-მეთქი. მოსაფიქრებლად მქონდა დრო.  
  • ქალებო, გუშინ საშინელი სიზმარი ვნახე, – დამირღვია ფიქრები ლაურამ. კი მოვუყევი წყალს, მაგრამ შიშის შეგრძნება მაინც არ მტოვებს. დიდი შავ გვირაბში მივდიოდი უცხო ადამიანებთნ ერთდ. გვირაბი შავი, ბნელი და სველი იყო. ზევიდან წვეთავდა ჭუჭყიანი წყალი და ალაგ-ალაგ ისმოდა ამ წვეთების გუბეებში ჩავარდნის ხმა. ვცდილობდი წინ მოსიარულე ადამიანებს დავწეოდი და ნაბიჯისთვის ამეჩქარებინა, მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი, სწრაფად წავსულიყავი, მით უფრო მიძნელდებოდა სიარული. დამელოდეთ, მეც დამელოდეთ, ვყვიროდი მთელი ხმით, მაგრამ სხვებს ჩემი არ ესმოდათ. ბოლოს ფეხი დამიცდა და ბინძურ გუბეში დავეცი. ამ დროს ძაღლის ყეფამ გამომაღვიძა და ამოვისუნთე. საათს დავხედე. უკვე დილის 5 საათი იყო და მაგვიანდებოდა თბილისის „მარშუტკაზე“.

ხანდახან მგონია, რომ დინგოს მართლა ყველაზე ძალიან ვუყვარვარ ამ ქვეყანაზე.

  • ლაურა, გოგო, მეც კი მესიზმრება ხოლმე ცუდი სიზმრები, მაგრამ მაგაზე კი არ ვნერვიულობ. ხან თვითმფრინავზე მაგვიანდება, ხან საჭესთან ვზივარ ტარება არ ვიცი, ხან ქმარს ვღალატობ, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი არ ამხდენია. არც თვითმფრინავში ვმჯდარვარ, არც საჭესთან და არც ნუგზარასთვის მიღალატია, ჯანდაბა მაგის თავს, კი იყო ამის ღირსი – უთხრა ღიმილით ცისანამ.

სახლში დავბრუნდი. გადავწყვიტე წერილი მიმეწერა მარიტასთვის და იქ მოკლედ მომეთხრო ჩემი და მამამისის ისტორია, რომლის მოყოლასაც ამდენი ხანია მთხოვდა.

მარიტასთვის მე და მიშელი 

მიშელი აფრიკიდან იყო, კამერუნიდან. დედით ფრანგი და მამით აფრიკელი. (დედამ 5 წლის ასაკში მიატოვა და ავსტრალიაში გათხოვდა. ამის შესახებ თითქმის არ საუბრობდა ხოლმე.) იგი ძალიან მაღლი და სიმპათიური. მე  მაგისტრატურაზე ვსწავლობდი, არქიტექტურაზე, ის კი სამედიცინოს ამთავრებდა. ერთმანეთი სტიპენდიატების შეხვედრაზე გავიცანით, სამხრეთ საფრანგეთში. გაცნობის წამიდან ვიგრძენი, შინაგანი პოზიტიური მუხტი და თავისუფლება, ინტელექტი, იუმორის გრძნობა და მგონი მაშინვე შემიყვარდა, თუმცა მე, როგორც ჭეშმარიტი ქართველი ქალი, თავს არ ვუტყდებოდი, რომ ეს მუქკანიანი ხუჭუჭა კაცი, მომხიბვლელი ღიმილით, შეიძლება ჩემი ცხოვრების ადამიანი ყოფილიყო. 

  • ტულუზის უნივერსიტეტი დაარსდა 1229 წელს. ერთ-ერთი უძველესია ევროპაში და ეს არის სიდიდით მეოთხე უნივერსიტეტი საფრანგეთში, – გვიყვებოდა ჯგუფის ხელმძღვანელი. იდევ ბევრ რამეს ჰყვებოდა, მაგრამ მე და მიშელი პარალელურ რეჟიმში ვსაუბრობდით და თითქმის ვეღარ ვუსმენდით მას. 

მოგვიანებით მოვაწყვეთ ეროვნული კერძების საღამო. მე ხაჭაპური გამოვაცხვე ფეტათი და მოცარელათი და ნიგვზიანი ბადრიჯანი მოვამზადე. სახლში ერთი ბოთლი ქართული საფერავი მქონდა, წავიღე და სტიპენდიატებთან შეხვედრაზე დიდი სიამაყით გამოვაცხადე, რომ საქართველოს წარმოვადგენ. ყველა ძალიან მოიხიბლა ქართული სამზარეულოთი. მაროკოელმა ჰასანმა კუსკუსი შემოგვთავაზა, ბრაზილიელმა გოგომ ფაქტობრივად იმერული „მჭადები“, პოლონელმა ანნამ ძეხვეული და ლუდი.

მიშელი ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო. რამის თქმა რომ მინდოდა, ფეხის წვერებზე ვიწეოდი ხოლმე და ქალაქის ტურის დროს, არც ერთ საფეხურს არ ვტოვებდი ქუჩებში, რომ არ შევმდგარიყავი და რათა მეგრძნო მის სიმაღლეზე თავი.

მეორე დღეს კოცონთან სიმღერების საღამო იყო დაგეგმილი. ვღელავდი, რადგან ძალიან მინდოდა, რომ ჩემი ქვეყნის სახელით ყველაზე კარგად მემღერა. შეხვედრაზე კიდევ ორი ქართველი გოგო იყო, ელისო და სოფიკო. მთელი დღე გიტარით ხელში ქართულ სიმღერებს ვავარჯიშებდი და თან ვებუზღუნებოდი, რამე არ შეგეშალოთ-მეთქი. კოცონთან ყველამ თავისი ქვეყნის ტრადიციული სიმღერა იმღერა. მიშელმა რაღაც აფრიკული სიმღერა, თან ცოტას ცეკვავდა. ძალიან ფრთხილი, ნელი, მაგრამ სხეულის ყველა კუნთს, რომ გრძნობ, ისე ცეკვავდა. დღესაც არ ამომდის ყურებიდან მისი ხმა და მოძრაობა. ესპანელმა კარლოს-აპოლომ – „Dos Gardenias para ti“[6], უკრაინელმა გოგოებმა უკრაინული ხალხური სიმღერა – „Чернобривцы“[7] იმღერეს. ქართველები ავყევით და ძალიან კარგი გამოვიდა, რუსმა ნატაშამ და სვეტამ – “Ой, цветет калина”[8], რუსებს არ შევუერთდით სიმღერაში.

ბოლოს ჩვენი ჯერიც დადგა. წყალში არ ჩაიყარა ჩემი შრომა. დიდი ოვაციები გამოიწვია ჩვენმა გამოსვლამ. გიტარა სხვას გადავეცი. ყველა მონაწილემ რომ დაამთავრა ნომერი, “GEORGIA, GEORGIA”-ო შესძახეს სტუდენტებმა. მიშელი თვალებაციმციმებული ელოდებოდა, როდის დავიბრუნებდი გიტარას. მეც გავთამამდი და მთელი საღამო ვმღეროდი. ის გვერდიდან არ მომცილებია, თვალს არ მაშორებდა. 

გამთენიისას მითხრა, რომ ქალაქი უნდა დამათვალიერებინოს მისი საყვარელი სკვერები და ქუჩები და რომ მზის ამოსვლას ერთად უნდა შევხვდეთ ერთ ლამაზ ადგილას. 

მე ახალი ჩასული ვიყავი ტულუზაში და ქალაქს კარგად არ ვიცნობდი. სიხარულით დავთანხმდი მის შემოთავაზებას. ბევრი ვისეირნეთ. ერთად დავსხედით Pont Neuf-ის ხიდთან და დაველოდეთ მზის ამოსვლას. მზის სხივები გამოჩნდა თუ არა, ხელი მომხვია მიშელმა და ვნებიანად მაკოცა. ეს იყო ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლა ჩემს ცხოვრებაში. 

***

მალე თავისი მეგობრები გამაცნო.  

მის სახლში იკრიბებოდნენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან. ისმოდა მუსიკა, დისკუსიები პოლიტიკაზე, უთანასწორობაზე, რასიზმზე, სოციალურ პრობლემებსა თუ პოსტკოლონიალიზმზე. ერთხელ ავსტრიელი მეგობრები გვყავდა სტუმრად. მე შუები გამოვაცხვე და მივიტანე. თან თავს ვიწონებდი, გემრიელი ქართული ნამცხვარია-მეთქი. რალფმა შესძახა:  

  • Windbeutel, so lecker.[9]
  • “Windbeutel”? გავიკვირვე. გერმანულად რა გრძელი და უხეში სახელი ქვია თურმე-მეთქი, აი, ქართულად იცით რა ლამაზი სახელი აქვს? “შუუ”, – მოვიწონე თავი.

მიშელმა გულიანად გადაიხარხარა და მითხრა:

  • სხვათა შორის “შუ” ფრანგული სიტყვაა და ფრანგული ნამცხვარიაო. 

სულ დამცინოდა, ქართველების და რამე ქართულის განსაკუთრებულობაზე რომ დავიწყებდი საუბარს. მე კი ჯიუტად ვამტკიცებდი, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა და დამაჯერებლობისთვის ევროპელი მეცნიერების სტატიებს ვაკითხებდი.

ერთმანეთი ისე ძალიან გვიყვარდა, საკუთარ თავს აღემატებოდა ეს გრძნობა.

ახლა დავიძინებ ჩემო მარიტა, თუ შევძლებ, ხვალ გავაგრძელებ წერას.

თავი V

მეოთხე ხუთშაბათი 

საავადმყოფოს ოთახში 15 საათისთვის ავედი. მთელი დილა ექიმის რიგში დავკარგე. ოთახში ტრადიციულად ჩართული იყო ტელევიზორი და განმეორებით გადიოდა გადაცემა “რა, სად, როდის”. მე უკვე ნანახი მქონდა  და ვცდილობდი არ ჩავრეულიყავი დისკუსიაში. მოუთმენლად ველოდი, ვინ აღმოჩნდებოდა დღის მოაზროვნე ჩვენს ოთახში.  

შეკითხვა შარლოტა გენსბურის კომპოზიციას ეხებოდა. ჯერ რაღაც მუსიკის მსგავსი ჩაირთო, მერე კი წამყვანმა შეკითხვა დასვა: 

“2007 წელს წყალზე სრიალის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ შარლოტა გენსბურს გაუჩნდა იდეა, ჩაეწერა სიმღერა, რომლის ნაწყვეტიც ახლა თქვენ მოისმინეთ. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ მოწყობილობა, რაც გახდა ამ მუსიკის შექმნის ინსპირაცია”.[10]

  • MRT.
  • MRT.
  • MRT.

ატყდა ოთახში ყვირილი.

– იქ რომ ვიყო, ხომ გავხდებოდი დღის მოაზროვნე, – თქვა შლაპიანმა ქალმა. 

– არადა ჩემი ვერსია იყო, – ჩაილაპარაკა მანანამ. 

– დაანებე თავი, შენც მართლა დღის მოაზროვნედ ხომ არ გასახელებენ, – გადაიხარხარა ცისანამ.

მხოლოდ ლაურა იჯდა გაოგნებული, ვერ მიხვდა რაზე ვსაუბრობდით. 

– ქალბატონო ლაურა, ეს იმის ბრალია MRT რომ არ გადაიღეთ. ჩაკეტილი სივრცის მეშინია, მეშინიაო, თორემ კი მიხვდებოდით ინსპირაცია ამ მუსიკის დასაწერად საიდან წამოვიდა. 

– ნეტა თქვენო, – ჩაილაპარაკა ლაურამ და გააგრძელა წვეთოვანის დაკვირვება.

ლაურა ხობიდან ტრანსპორტით მარტო დადიოდა და ორმაგად ეჩქარებოდა ამ ოთახიდან გასვლა, რადგან „მარშუტკისთვის“ უნდა მიესწრო.

საავადმყოფოდან გამოვედი. ჭავჭავაძის გამზირს მივუყვებოდი და ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებიც გადასხმის ოთახში გავიცანი. ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემი ოჯახი ახლა ეს იყო. ეს ქალები იყვნენ ჩემი დები, დედები, ნათესავები, ახლო მეზობლები. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ყველაზე დიდ სიახლოვეს ახლა ამ ქალების მიმართ ვგრძნობდი. ზუსტად ვიცოდი, როგორ სტკიოდათ სხეული და სული. რა ტკივილებს განიცდიდნენ გადასხმიდან მესამე დღეს მუცელში „აკოფილის“ გაკეთბის დროს: თავი, ძვლები, კუნთები… რა ტკივილს განიცდიდნენ სარკეში ჩახედვის დროს, როცა სარკიდან უცხო ქალი უყურება, რომელსაც არც თმები ჰქონდა, აღარც წარბები და წამწამები, აღარც ლამაზი ფრჩხილები… აღარაფერი, სიკვდილის დიდი შიშისა და სიცოცხლის პატარა იმედის გარდა!

თსუ-ს პირველ კორპუსამდე ძლივს ჩამოვაღწიე. მერე ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. მარიტა გერმანულს მეცადინეობდა. ფრაზებს იზეპირებდა. მარიტა უცხო ენების სიყვარულით მამას ჰგავს. 7 ენა იცოდა მიშელმა. 

– Es fehlt uns an Geld, es fehlt uns an Geld, es fehlt uns an Geld,[11] – იმეორებდა გაუჩერებლად.

– მარიტა, იქნებ სხვა სიტყვით ჩაანაცვლო ეს მაგალითი. 

– აბა ეს გირჩევნია? Ottos Vater ist an Krebs gestorben, Ottos Vater ist an Krebs gestorben.[12] (Sterben an Dativ).

– არა ეს: Verlass dich nicht auf deinem Glück, sonder lern![13] (Sich verlassen auf Akkusativ). 

ორივეს გაგვეცინა. 

  • დღეს ვახოსთან ვიყავი სტუმრად. უცნაური მშობლები ჰყავს. ეტყობათ, რომ ერთმანეთი არ უყვართ. ალბათ აღარც კი ჩხუბობენ. შენ და მამას ხომ გიყვარდათ ერთმანეთი? 

ჩავეხუტე და თავზე ვაკოცე.

დიდი ხანია ვამჩნევ, რომ მარიტას ვახო უყვარს.

***

მე მაინც ჩემს ფიქრებში ვიყავი. საავადმყოფოს დატანჯული ქალების თვალები გონებიდან არ ამომდიოდა. რეგისტრაციის რიგში ერთი ქალი გაბრაზებული ჰყვებოდა ამბებს: რამდენიმე დღის წინ ჩემმა ნაცნობმა გაიკეთა ოპერაცია. მარცხენა ძუძუ მოკვეთესო. წინა დღეს მთელი დღე გამოკვლევებზე მშიერი დაატარებდნენო. მერე გააფრთხილეს, საღამოს არაფერი არ უნდა ჭამოთ და ხვალ დილით ადრე უზმოზე უნდა მოხვიდეთ. „პიჟამო“ და პირადი ნივთები არ დაგავიწყდეთო. უი, მართლა, ჩვენთან კლინიკაში დასალევი წყალი არ იქნება და პატარა ბოთლებით თავად წამოიღეთ სახლიდანო. არადა ამ ჩემმა ნაცნობმა ოპერაციაში 3000 ლარი გადაიხადა და 60 თეთრიანი წყლის ბოთლებიც მას უნდა ეთრიაო. მთელი ღამე ტიროდა და გამთენიისას ძლივს ჩაიძინაო. დილით 8 საათზე სანიტარმა თუ ექთანმა გააღვიძა, შემთხვევით ყავა ხომ არ გექნებათ, ცოტა რომ მიწილადოთო.

ეს და სხვა ისტორიები ფილმის კადრებივით იცვლებოდნენ და აღარ ვიცოდი, რომელ ერთზე მეფიქრა.

თავი VI

მეხუთე უთშაბათი 

შემდეგ ხუთშაბათს ნატალია შემოგვიერთდა. თავზე ჭრელი და ლამაზი თავსაფარი ჰქონდა შემოხვეული. ძალიან ახალგაზრდა და მომხიბვლელი იყო. ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და სულ ტიროდა. მარინა ძუძუს პროთეზს აჩვენებდა, იქნებ მოირგო, უნდა გაჩუქოო.

  • ჩემო სიხარულო, ჩვენს თამაშში შენც უნდა ჩაერთო და გვიამბო, რაღაც ისტორია შენ შესახებო, – ღიმილით უთხრა მარინამ.

ნატალიას ცოტა გაუკვირდა, მაგრამ კარგიო, დასთანხმდა და დაიწყო თავისი ისტორიის თხრობა.

ჩემი შეყვარებული ერთი წლის წინ ჰოლანდიაში წავიდა საცხოვრებლად. საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, სანიტრადო. მერე ცრემლი მოერია და ცოტა ხანში განაგრძო. იქ ახალგაზრდა ექიმი გოგო გაიცნო და ცოლად შეირთოო. ნეტა მართლა უყვარს, თუ ევროპული პასპორტისთვის შექმნა ოჯახიო. თავი დახარა და რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ გააგრძელა საუბარი:

ჩვენმა შეყვარებულებმა თეთრ ხალათში გამოწყობილ არსებებში 

გაცვალეს ჩვენი მოკრძალებული ოცნებები. 

ცისფერი პასპორტით მოტანილ “თავისუფლებაში” გაყიდეს 

ტყეში ხელიხელჩაკიდებული სეირნობის სურვილი. 

კომფორტულ მანქანაში ჯდომა არჩიეს ხის ტოტზე ჯდომას. 

ალბათ სიყვარულს ეს ბედი აქვს. 

ვერ შედგეს, ვერ განხორციელდეს.

  • შენ არაფერზე არ ინერვიულო, ჩემო ლამაზო. ამ ჭირს რომ გადააგორებ, ახალი სიყვარულიც მალე გეწვევა, – უთხრა მანანამ დედობრივი ტონით.
  • ამ ბავშვს მიეცით ის ამობეჭდილი საჭმელების სია, რისი ჭამაც აკრძალული გვაქვს? – გადაიტანა თემა შავებიანმა ქალმა.
  • „დავუსქრინავ“ და WhatsApp-ში ჩვუგდებ, – უპასუხა გვანცამ.

ნატალიამ გვანცას თავისი ტელეფონის ნომერი უკარნახა და ცოტა ხანში მისი შეტყობინების კითხვა დაიწყო:

  • ა რ  შ ე ი ძ ლ ე ბ ა: შემწვარი ხორცი, ხორცის ნახარში, ჭყინტი ყველი, რძე, ლავაში, კრემიანი ნამცხვარი, გრეიპფრუტი, ბროწეული, სიმინდი, ყურძენი, ლეღვი, კენკროვანი, ნიორი, წვენები, ალკოჰოლი, კოკა-კოლა, შაქარი და ა.შ.

***

სახლში დავბრუნდი, თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი. თითქოს მუდმივად ნაბახუსევზე ვიყავი და არ ვიცოდი, როდის დასრულდებოდა ეს ჯოჯოხეთი. ნუთუ, ამაზე საშინელებაა ჯოჯოხეთი, ვფიქრობდი ჩემთვის და მინდოდა მომესწრო. მომესწრო, მეთქვა ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის, რომ ძალიან მიყვარს ისინი. მინდოდა მარიტას სცოდნოდა ყველაფერი, რასაც მის და მამამისის მიმართ განვიცდიდი და მშვიდად წავსულიყავი ამ ქვეყნიდან. 

გავაგრძელე მისთვის წერილის წერა.

***

მარიტასთვის: გუდა-გუდა

მიყვარს ზღაპრები, მულტფილმებიც. ხანდახან მგონია, რომ ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვედი, რომ ცუდ დროს ხელოვნურად შემიწყვიტეს ბავშვობა და უცებ იძულებული ვიყავი, გავმხდარიყავი დიდი გოგო. შეიძლება ამიტომაც მაქვს ქრონიკული ნოსტალგია ყველაფრის მიმართ, რაც გულწრფელია, რაც ასე სუფთა და მართალია. ალბათ, ამიტომაც ვკითხულობ საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ამიტომაც ვხატავ უნიჭოდ ფერად ნახატებს, ამიტომაც ვუყურებ ასე სიამოვნებით მულტფილმებს.

ლექციებიდან დაღლილი სახლში დავბრუნდი. საფოსტო ყუთში მეგობრისგან გამოგზავნილი CD-ზე ჩაწერილი ქართული მულტფილმები დამხვდა. ძალიან გამიხარდა. მომინდა მიშელისთვის მეჩვენებინა. მან ცოტა ქართული უკვე იცოდა, ცოტას მეც ვუთარგმნი-მეთქი, ვიფიქრე. ვუყურეთ. ხან ვიცინეთ, ხან ვიტირეთ.

შენ რომელი მულტფილმი გიყვარსო, მომწერა გვიან ღამით. მე ვუპასუხე, რომ ამას მაშინ ვეტყვი, როცა შევხვდებით. მერე ისიც ვთხოვე, რომ ეთქვა, თუ რომელია მისი საყვარელი მულტფილმი. თუმცა სანამ ვკითხავდი, მან მითხარა, რომ მისი საყვარელი მულტფილმი „გუდა-გუდაა“. მე ტირილი დავიწყე.

მიყვარს ამ ორი არსების მეგობრობა და დღემდე არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ზუსტად ისეთივე გრძნობები აქვს, ამ ფილმის მიმართ, როგორიც მე. ეს ფილმი ორი მეგობრის ყველაზე გულწრფელ, ერთგულ გრძნობას გამოხატავს. მეგობრებისა, რომლებიც ასე ლამაზად თამაშობენ ერთად. ერთად ცეკვავენ, ერთად მღერიან, ერთად დაფრინავენ ღრუბლებში და მიუხედავად მწველი გაზაფხულის მზისა და ამ სამყაროდან გაქრობისა, მაინც ახერხებს ერთი „გამქრალი“, მეგობრისთვის მეორედ მოსვლას, წვიმად მოსვლას, რათა გააბედნიეროს და კვლავ გააცინოს გოგონა.

იცი, მე მაინც ყველაზე ძალიან ის მომენტი მომწონს, გოგონა რომ მორბის მეგობრის გადასარჩენად, როცა შეამჩნევს, თუ როგორ აქრობს ყოვლისშემძლე კაშკაშა მზე მის ადამიანს. ხელში ყინული უჭირავს და მორბის. უკანასკნელი ძალებით. რა უსაშველოდ გრძელია ის გზა, როგორ ვერ მოუსწრო მეგობარს.

***

რა კარგი იქნებოდა, ბავშვობაში ჩემი მეგობარი რომ ყოფილიყავი, ერთად ვითამაშებდითო, მითხრა ერთხელ. მე ისევ მომადგა თვალზე ცრემლი. არაფერი მითქვამს მისთვის. თუმცა, ხანდახან ასე მგონია, რომ ბავშვობიდან ერთად ვართ-მეთქი, ჩემთვის გავიფიქრე. 

***

ჩვენი ერთი საუბარი მახსენდება. ერთხელ, სულ, სულ თავიდან მითხრა, რომ თვალები ძალიან სტკივა. უცებ წარმოვიდგინე, ხომ შეიძლება დაბრმავდეს, რომ ვეღარაფერს ვეღარ ხედავდეს და გავიფიქრე, რომ მუდამ ხელიხელ ჩაკიდებული ვივლიდით, ის ვერ იგრძნობდა უსინათლობას. მე არ მივცემდი ამის უფლებას!

ახალი ქუჩების და კაფეების ძიებაში, ბევრი ვისეირნებთ ტულუზის ძველ უბანში. ჩემი საყვარელი სიმღერა ისმის ქუჩაში “Ne me quitte pas”[14], მღერის ედიტ პიაფი. ავმღერდი მეც. ფრანგები მიცქერდნენ გაოცებული სახეებით. მე თამამად ვმღეროდი სიმღერას შენი მამიკოსთვის.  

გკოცნი ჩემო მარიტა, მალე დაგიბრუნდები.

თავი VII

მეექვსე ხუთშაბათი

მარინამ გადასხმა დამიდგა. ჩემო „კრასავიცა“ (ასე მიმართავდა მათ, ვინც მას მოსწონდა. სულ ერთი იყო ლამაზი იყო თუ არა პაციენტი), ხომ არ დაგავიწყდა შენი ისტორიის გაზიარების დროც დადგაო. არ ვიცოდი რა მომეყოლა. და ვინაიდან ეს დღეები სულ მიშელზე ვფიქრობდი, მასზე გადავწყვიტე მეამბო რამე.

***

ერთხელ მე და ჩემმა აფრიკელმა მეგობარმა ვიკამათეთ. ჩვენი ერთსაათიანი დაუნდობელი დისკუსია პოლიტიკაზე რომ დაესრულებინა, ტელევიზორს მიაშტერდა. ტელევიზორში ცხოველთა სამყაროზე გადიოდა გადაცემა. ირმები, ლომები, ვეფხვები და სხვა ცხოველები ანაცვლებდნენ ერთმანეთს. უცებ ეკრანზე დიდი კუ გამოჩნდა.

  • შეხედე, რა ლამაზია, – მეუბნება მიშელი. – რა ჰქვია ამას ქართულ ენაზე?
  • კუ, – გაბრაზებული და ირონიული ხმით ვუპასუხე.
  • არ არსებობს, არ არსებობს, – ხარხარებდა მიშელი.

აღმოჩნდა, რომ თავის აფრიკულ დიალექტზე, ფანგზე კუს ჰქვია კუ.

ეს დაუჯერებელი დამთხვევა იყო ჩემთვის. ბანტუს რასის ფანგის დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანი და ქართველი ერთნაირად რომ ეძახდნენ ამ ცხოველს „კუს“.

აფრიკაში კუ ხშირად ნაყოფიერებასთან ასოცირდება. ის წარმოადგენს ქალს, რომელიც, გველისგან განსხვავებით, არის მამაკაცის ძალაუფლების სიმბოლო. კამერუნში, ბაფიას ეთნიკური ჯგუფში კუ არის სამართლიანობის, მშვიდობისა და ბედნიერების სიმბოლო. ჩვენ მას პატივს ვცემთ და გვეშინია, – მიამბობდა ჩემი მეგობარი.

ჩემი ისტორია მგონი დიდად არ მოეწონათ, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობდი. მთავარია, გამოცდა გადავაგორე.

სოფიკოს ისტორია:

  • ბარემ მეც დღეს მოგიყვებით ჩემს ამბავს. დღეს ბოლო ქიმია მიწევს და ძალიან გახარებული ვარ. გუშინ მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, პიცა გამოგვეძახებინა. პიცა 5 თვეა არ მიჭამია და გუშინ მივეცი თავს უფლება. სახლის ფორმაში ვიყავი, როცა კარზე ზარის ხმა გავიგე. სულ დამავიწყდა პროთეზის გაკეთება. კარი რომ გავხსენი მაშინ მივხვდი რომ ლიფის გარეშე ვიყავი და გული კინაღამ გამისკდა. ისეთი გრძნობა იყო, შიშველი რომ გაგიშვან ქუჩაში. სირხვილის, ტკივილის, რიდის… ყველაფერმა ერთდროულად იფეთქა… კურიერს ჩემთვის სულ არ შემოუხედავს, თავდახრილმა ფული გამომართვა და ხურდის დასაბრუნებლად საფულე მოიძია. უცებ ხელებზე დავაკვირდი და ჰოი, საოცრებავ, მარცხენა ხელის მტევანი არ ჰქონდა. მარჯვენა ხელს იყენებდა მხოლოდ. სახლში გაქვავებული შემოვბრუნდი. ჩემი ქმარი დაიბნა, რა გჭირს, ცუდად ხომ არ ხარო. ვუთხარი გლოვოს კურიერის ამბავი. მე ჩემს მარცხენა ძუძუს ვდარდობდი და აგერ ამ კაცს მთლად მარცხენა ხელი არ ჰქონდა და თან კურიერად მუშაობს-მეთქი. ერთმანეთს ვუყურებდით, პიცას ვჭამდით გულიანად ვიცინოდით. 

ეჰ, გოგოებო, ცოტა ირონიით თუ არ შევხედეთ ჩვენს თავს, ხანდახან თუ არ დავცინეთ კიდეც, არაფერი გამოვა.

აბა, გამოჯანმრთელებას გისურვებთ ყველას!

***

მარიტასთვის: სულს მოგცემ

მიყვარდა მიშელთან ერთად ქუჩებში ხეტიალი. ძველი-ახალი ქუჩების, სახლების, აივნების აღმოჩენა. მისი ცქერა, მისი მოსმენა… სულ სხვანაირი ხდებოდა. საოცრად გახსნილი. თვალები სხვა ფერი უხდებოდა, უციმციმებდა და აღფრთოვანებით შესცქეროდა ყოველ სიახლეს: სახლს, აივანს, ქუჩას, წარწერებს კედლებზე! მარჯვნივ წერია “მიყვარხარ”, მარცხნივ – “სულს მოგცემ”. მიშელმა დაბადა ჩემში ახალი ვნებები, ახალი სიყვარული! მან გააღვიძა ჩემში თბილისიც… გამახსენა ჩემი სკვერები, ჩემი ქუჩები. წარსულში  ხომ მეგონა, რომ ამას ვერასოდეს შეველეოდი, მერე ასე მიაძინა ჩემში დრომ.

SMS:   

ე.       ლ.      ე.       ნ.

…….მ…………….ი…..

…………….ყ……………

…..ვ……………ა……….

………..რ……………….

………………………ხ….

….ა……………..რ……..

თავი VIII

მეშვიდე ხუთშაბათი

თამუნას ისტორია:

პატარა დავობლდი. მამა უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. დედა – სიმსივნით. 39 წლის იყო, რომ დაგვტოვა (ალბათ, მართლა გენეტიკის ბრალია, რაც მჭირს). მე 12 წლის ვიყავი, როცა ბათუმიდან სოფლის სკოლაში გადმომიყვანეს. გურია-იმერეთის საზღვარზე პატარა, საყვარელი სოფელია, ნოღა. ძველი ეკლესიითა და ლამაზი მთებით. აქ ჩემი ბებია ცხოვრობდა. უფრო სწორად დედაჩემის მამიდა, რომელსაც ყველა ნინა ბებოს ვეძახდით. 

ერთი ხბო, ერთი გოჭი და ცხრა ქათამი ჰყავდა სახლში. ძალიან კეთილი და ზრდილობიანი ქალი იყო ჩემი ნინა ბებო. მას შვილები არ ჰყავდა და ჩვენი დიდი ოჯახის აღმზრდელი და იმედი იყო. 

ერთხელ ნინა ბებომ ფეხი იტკინა და ვეღარ უვლიდა თავის პირუტყვს. მე ქალაქში გაზრდილ, მშობლების და ნათესავების ნებიერა გოგოს, წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა, როგორ უნდა მიმეხედა პირუტყვისთვის იმ დროს, როდესაც სოფლის სხვა ბავშვები ძროხის მოწველასაც და ყველის ამოყვანასაც ახერხებდნენ. 

არ შემეძლო ხმამაღლა მეხმო პირუტყვი, როგორც ამას სოფელში აკეთებდნენ: ”წიპა-წიპა, წიპა-წიპა”, “ქეჩ ქოჩია. მოი ქოჩია, მოი.” ან გოჭისთვის “ღრუტ-ღრუტ” დამეძახებინა. თუმცა რაღაც ფორმით ხომ უნდა მეხმო ისინი? 

დილით, სკოლაში წასვლამდე სიმინდი გამომქონდა და მეგობრული ხმით ვეუბნებოდი გოჭს: “გოჭო-გოჭო, მოდი, გაჭამო სიმინდი”. ასე გრძელდებოდა ორი თვე და გოჭი უკვე იმდენად მიჩვეული იყო, რომ ჩემი ხმის გაგონებაზე ძაღლივით აქიცინებდა კუდს და მელოდებოდა, როდის დავუყრიდი სიმინდს. 

დადგა კალანდა და გოჭის მომავალიც გაირკვა. ძალიან შემეცოდა და ვერ გავიმეტე სასიკვდილოდ, თუმცა მისი პატრონობის ძალა და თავი მე არ მქონდა, ან სანამდე უნდა მეპატრონა.

საღამოს ხინკლები გააკეთეს და მთელმა სამეზობლომ მოიყარა თავი. უშუქობის და შიმშილობის წლები იყო. ყველა გემრიელად მიირთმევდა ხინკალს, მე კი დავრჩი მშიერი და გულდაწყვეტილი. 

დილით რომ ავდექი, ნინა ბებო ტიროდა. რა გატირებს ნინა ბებო-მეთქი, ვკითხე გაოგნებულმა. ”კუხნაში“ მეზობლის მონადირე ძაღლი, ბასარიე, შეპარულა და ჩვენი გოჭი მთლიანად შეუჭამიაო. 

ამით დასრულდა ჩემი და ცხოველთა “მეგობრობა”.  

მშვიდად იღიმოდა და მუცელს ეფერებოდა თამუნა. 

მარიტასთვის: „ერთხელაც გული ჩემთან დაგრჩება…“[15]

მიშელი ისევ მაკითხავს ბიბლიოთეკაში, ესეს დაწერაში დაგეხმარებიო. ჩვენ მარტოები ვართ. ხანდახან თუ შემოგვიღებს კარს მოხუცი დარაჯი. ღიმილით გვესალმება და ისევ გვტოვებს. ამას გარდა მუდმივად ჩართულია ვიდეო კონტროლი. ჩვენ არც ეს გვაფერხებს. უცხო თვალი არ გვაშინებს. დაე, გვიყურონ. იქნებ ამან აღძრას მათში სიკეთე და სიყვარული თავიანთი ცოლების, მეგობრების, შეყვარებულების მიმართ.

ჩვენ ვუყურებთ ლამაზ ქართულ ფილმებს: „აპრილი“, „ქოლგა“, „ქორწილი“, „ჩემი ბებია“ და ვსაუბრობთ. მერე ისევ დაისადგურებს სიჩუმე და ჩვენი თითები ამბობენ სათქმელს. თითები, ერთმანეთის სიყვარულით სავსე თითები ამბობენ სათქმელს.

ხშირად მახსენდება მიშელის მოულოდნელი სტუმრობა! როგორი თამამი და ამავდროულად როგორი მორიდებული იყო. ტელეფონი დამიჯდა და ვერ დაგირეკე, თორემ ასე გაუფრთხილებლად არ დაგადგებოდიო თავზე. მერე მე ვიღებ შხაპს და ვტკბები მისი სუნით, მისი სხეულით. ვეფერები მის კანს და ვგრძნობ საოცარ სიხარულს, მისი ყოფნით გამოწვეულს. ის კი მიკოცნის მკერდის ყოსოს, რაც მხოლოდ მისია. რისი კოცნის, ამბორის უფლება მხოლოდ მას აქვს, ჩემს ერთადერთ სულიერ მეგობარს!!!

დილით უნივერსიტეტში მიმავალ გზაზე აღმოვაჩინეთ, რომ მიშელს მობილური ჩემთან დარჩა. მე ცოტა მიხარია, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს საღამოს კიდევ ვნახავ. კიდევ ერთხელ ჩავეხუტები. მე ვიცინი და ვეუბნები ქართულად: „ერთხელაც გული ჩემთან დაგრჩება, მერე უგულოდ სადღა მიდიხარ?“

  • Oui, oui[16], – მპასუხობს ღიმილით, თითქოს მართლა გაიგო.  

***

უნივერსიტეტი დავამთავრე. ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია და გასაუბრებებზე დავდიოდი, რომ სასწრაფოდ მეშოვა სამსახური. ერთხელ ერთ-ერთ არქიტექტურულ ფირმაში დამიბარეს გასაუბრებაზე. გასაუბრების წინ მიშელმა დამირეკა. კლინიკიდან გამოვიპარე, გარეთ ვარ და თუ შეგიძლია გამოდიო. მე გავიქეცი, სიხარულით და სიყვარულით სავსე და ჩავეხუტე. როგორ მავსებს, გავიფიქრე.

  • ელენ, შენ ყველაზე ძლიერი და სასურველი ქალი ხარ, – ეს სიტყვები გასაუბრების წინ გაიმეორე: „მე ყველაზე ძლიერი და სასურველი ვარ“!

მე ვდგავარ, შეხვედრების ოთახთან და ვწერ SMS-ს მიშელისთვის: “Nous sommes les plus forts et les plus désirables!!!”[17]

TROP BEAU POUR ÊTRE VRAI![18]

წერილი ღრუბლებიდან ჩემს ქართველ გოგონას

არც ევროპაში ვარ, არც აფრიკაში. თვითმფრინავში ვზივარ ღრუბლებს მიღმა და სამშობლოში მივფრინავ. აქ ყველაზე კარგი ყოფილა წერილის წერა შეყვარებულისთვის. არც კი იცი რომელ კონტინენტის თავზე დაფრინავ. მხოლოდ თეთრი ქათქათა ღრუბლები ჩანს ქვევით:

 ელენ, ჩემო სიცოცხლე, უნაზესო ყვავილო, ჩემო უტკბესო. სული შთაბერე ჩემს გრძნობებს გამომტაცე და გამომიხსენი ამ მარტოობისგან, ამ გაუსაძლისი მონატრებისგან. შენთან მსურს დაძინება, მშვიდი ცქერა, შენი ნაზი და ფაქიზი სხეულის ფერება, მთრთოლვარე ხელების კოცნა, ვნებიანი სუნთქვა და ჩემი ჩურჩული: „მიყვარხარ“. შენ ხარ ჩემი ნაწილი, ჩემი სულის ნაწილი, ჩემი ცხოვრების არსი, იმედი, გახარება, სიხარულის უმაღლესი წერტილი, ლამაზთმებიანი ქალი, მოსიყვარულე, ცოტა ბუზღუნა, მაგრამ საყვარელი, ზოგჯერ ნერვების მომშლელი, მაგრამ უცბად მშვიდი, მოტირალი, ცრემლიანი, მოღიმარი და მობუსხული, მაგრამ ხელგაშლილი მომლოდინე ჩასახუტებლად.

შევეცდები, გრძნობები დაგიხატო დაგარწმუნო ჩემს სიყვარულში, იმ სიყვარულში, რომელიც მოპოვებულია რთულად. მე ვარ რთული. შენ ცდილობ მომეფერო, ჩამეხუტო. იცი, მჭირდება. ეგ რომ არ იყოს, სულ გადავირეოდი, ელენ, იცი?  შენ მიშველე, რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში. შემოიტანე სინათლე, სიმშვიდე, სტიმული, თვითშეფასების განცდა, საკუთარი თავის გამოხატვის სურვილი. ბევრი რამ შეცვალე შენდაუნებურად, ისე რომ შენ არც კი გაგიცნობიერებია. შენშია განუსაზღვრელი კეთილი გული, სული, აზრი. შენ დაჯილდოებული ხარ ამ ნიჭით, დაეხმარო ადამიანებს, ამოუდგე მხარში, ჩაეხუტო, გაიზიარო მათი გაჭირვება. შენ შეგიძლია ისეთ სიღრმეებს ჩასწვდე ადამიანებთან ურთიერთობაში, რომ ვცვიფრდები და ეს, კიდევ ვიმეორებ, შენდაუნებურად გამოგდის.

ელენ, გიძღვნი შოპენის ერთ ვალსს. ძლიერ საამო მოსასმენია, სულში ჩამწვდომი, გულისამაჩუყებელი, სევდიანი, ამავე დროს ოპტიმისტური. მხოლოდ შენ შეგიძლია წაიკითხო ჩემი გულის მუსიკა, შეეცადე, მოუსმინო ამ მუსიკას. მელოდია, რომელიც გეფერება და სასიამოვნოდ გეამბორება, სხეულით გრძნობ მის შეხებას, ვნებათა ღელვა მატულობს, ვეღარ აკონტროლებ შენს თავს, ნებდები და მიეცემი განცხრომას, სასიამოვნო შეგრძნებას, სიყვარულის ეიფორიას. აუხსნელ გრძნობებს, რომელთა მართვაც შეუძლებელია.

შენი სუნთქვით ვსაზრდოობ, შენი ნერწყვით ვიკვებები, შენი სუნით ვცოცხლობ და ვინარჩუნებ სუნთქვას. ვერ ვივიწყებ შენს ულამაზეს თვალებს: ეშხიან, ღრმა, მწუხარე, მოღიმარ, ბევრისთვის, ერთი შეხედვით ძლიერ, მხიარულ, მაგრამ სინამდვილეში… მის თვალებში ღრმად რომ ჩაიხედოთ, დაინახავთ  მთელი მისი  ცხოვრების სიმწარეს, გაჭირვებას და კიდევ სიყვარულის ცოდნის წყაროს. ცოტა რთულად გამომივიდა. ხომ იცი ზოგჯერ გამიტაცებს ხოლმე აზრთა ქარცეცხლი და შემდეგ ცოტა ძნელია გაჩერება და დაწყებულ აზრზე დაბრუნება, თუმცა მე და შენ ამის ახსნა არ გვჭირდება, რადგან ჩემი და შენი გაფრენა ერთია. რადგან მე და შენ ერთნი ვართ, რადგან მე და შენ ერთმანეთისთვის გავჩნდით და სიკვდილამდე ერთად ვიქნებით, რადგან შენი ტუჩები ყოველთვის ჩემი ტუჩების ძიებაში იქნება. შენი ნერწყვი ჩემი ნერწყვით მოიპოვებს სიყვარულის ნაყოფს, რადგან ჩემი სხეული შენით სუნთქავს, რამეთუ ჩემი სული შენი სულით სულდგმულობს. მათ ორივეს ღმერთი ასულდგმულებს. მოდი ვეცადოთ რომ ერთად ვიყოთ. ვიცხოვროთ გავხდეთ ოჯახი, გავმრავლდეთ და ვიბედნიეროთ ერთად. მხოლოდ მე, უშენოდ, არაფერი არ მინდა. არც მსურს სხვასთან დავწვე. სხვათა შორის დავფიქრდი, შევძლებ სხვასთან იმის კეთებას, რასაც შენთან ვაკეთებთ? და მაშინვე ვიგრძენი გულისტკივილი. მივხვდი, რომ ეს შეუძლებელია. ვერ მოვეფერები ისე ვნებიანად, როგორც შენ გეფერები. შენ ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გულში ლამაზი პოემა ხარ, რომელმაც დამიპყრო, შემაქცია მ ზ ი ს კ ე ნ, გამომაფხიზლა, შემიყვარა და თითქოს ხელის გულზე მატარა. ბევრი რამე მოითმინა. ჩემი გულისთვის ბევრ დათმობაზე წავიდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

ჩემო გოგონა, გიკოცნი ფეხებს, მკერდს, კისერს, „ყოსოს“, ნიკაპს, ლოყებს, ტუჩებს, თვალებს, შუბლს, ხელებს, მუცელს და გეხუტები……

მიყვარხარ სიგიჟემდე. უკვე მენატრები.

კიდევ გიყვარვარ, ჰო? (ვხუმრობ).

შენი მიშელი

P.S. მგონი, ამ წერილს ბევრჯერ წაიკითხავ.  

მიშელის ეს წერილი თითქმის ზეპირად ვიცოდი.

თავი IX

მერვე ხუთშაბათი

კლინიკაში მივედი. PCR-ის ტესტის რიგში გვანცა შემხვდა. ტიროდა. დასკვნა მოვიდაო. ოპერაციას ვერ ავცდებიო. თანაც ორივე ძუძუზეო. არ ვიცოდი, რით მენუგეშებინა. რა აზრი აქვს ქალისთვის მკერდის გარეშე ცხოვრებასო. მე ვამშვიდებდი, რომ მერე პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს და უფრო ლამაზი ძუძუები ექნება. თუმცა არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელი იყო ჩემი სიტყვები.

მწვანე ბლოკნოტი ამოიღო ჩანთიდან და მომაწოდა. მინდა შენთან იყოსო. რამე რომ დამემართოს, არ მინდა დედაჩემს ჩაუვარდეს ხელშიო. მინდა ოპერაციის დღეს წაიკითხოო და თუ მოვკვდები, ბექას გადასცეო. ეს ის ამბავია, რაც ჯერ არავისთვის გამიზიარებიაო. 

“ისტორიას დარჩება” – ასე ეწერა გაცვეთილი ბლოკნოტის ყდაზე. დავპირდი, რომ აუცილებლად წავიკითხავ და მის გამოჯანმრთელებამდე ჩემთან შევინახავ. 

შობის ღამე დგებოდა. ჩვენთან რომ „კათოლიკეების“ შობას ეძახიან, არადა, მთელი ქრისტიანული სამყარო (რამდენიმე ქვეყნის გამოკლებით) რომ აღნიშნავს, იმ შობის.

მთელი ღამე არ მეძინა. გვანცაზე ვფიქრობდი. დილით SMS გავუგზავნე: გთხოვ, ოპერაციამდე სხეულის ფოტო არ გადაიღო. არაფერში არ გჭირდება-მეთქი.

შობის დილას გვანცას ორივე ძუძუ მოკვეთეს.

მე, დაპირებისამებრ, მისი ჩანაწერების კითხვა დავიწყე.

სისხამ დილით, 7 საათზე, ჯერ კლინიკაში მივედი, სისხლის ანალიზი გავიკეთე და იქიდან ერთ მყუდრო კაფეს შევაფარე თავი. 

ბექას გვანცასგან

ი ს ტ ო რ ი ა ს    დ ა რ ჩ ე ბ ა

15 აპრილი, ჩვენი გაცნობის ორი თვე.

მე მინდა მოგწერო დიდი წერილი! ორი თვე, რომელიც თითქოს ცოტაა, არადა რამდენი რამ მოხდა ამ ორ თვეში. რამდენი საინტერესო, ბედნიერი წამი, წუთი, საათი, დღე ახლდა თან ამ ორ “პატარა” თვეს. ვგრძნობ, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო ადრე დაიწყო… 15 ან 20 წლის წინ, როცა ასე მძაფრად გეძებდი. როცა ვაგროვებდი ყველაფერს – სიმღერებს, ლექსებს, ბარათებს და ამ ბარათებზე დასაწერ ს ი ტ ყ ვ ე ბ ს. ვაგროვებდი იმისთვის, რომ შენამდე მომეტანა. ვინახავდი ასე სათუთად და ერთ, თითქოს ჩვეულებრივ დღეს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ე. წ. “წმინდა ვალენტინის დღეს” ულოცავდნენ ჩემს სულში, სხეულში ერთ წამში მოხდა დიდი გარდატეხა. თითქოს ყველაფერი განათდა, თითქოს მივხვდი, თუ რატომ ვცხოვრობ, რატომ ვსუნთქავ, რატომ გადავურჩი ამდენ ცუდ დღეს, ამდენ ტკივილს და ტანჯვას. განათდა და ამ 14 თებერვალმა გამცა პასუხი ყველა ჩემს, ამ დღემდე უპასუხო კითხვას!

მანამდე კი იყო იანვრის ერთი ჩვეულებრივი დღე, როცა ფეისბუკმა, რომლის არსებობასაც ისეთივე ცინიზმით და ირონიით “ვამკობდი”, როგორც 14 თებერვლის არსებობას, გამომიგზავნა შეკითხვა, ახალი მეგობრის დამატების. მე, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ადამიანებს ასე ადვილად ვერ ვარქმევ “მეგობარს”, რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ დავთანხმდი და ჩვენი მეგობრობის “ხელშეკრულებას” მოვაწერე ხელი: 19 იანვარს, 14:52სთ. „გვანცა და ბექა გახდნენ მეგობრები“! მორჩა! ამას ვერაფერი დაასრულებს, ვერც ჩემი „თვითმკვლელობა“ ონლაინ სამყაროში, ვერც შენი – ჩემი უარყოფა და ამ მეგობრების სიიდან წაშლა და ვერც ცუკერბერგის განცხადება, რომ ფეისბუკის არსებობა აღარ არის საჭირო და ვაუქმებო! რადგან ეს მეგობრობა ყველა ხელშეკრულებაზე, ყველა შეთანხმებაზე, ყველა ჩვენს მიერ ნათქვამ, თუ სათქმელ სიტყვაზე ძლიერი და შ ე უ რ ყ ე ვ ი ა ! 

მე არ ვიცოდი, რა უნდა მექნა მერე… როგორ, რა ფორმით უნდა გამეცა შენთვის ხმა. ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთის სტატუსების “დალაიქება”. ვკითხულობდი შენს ძველ სტატუსებს, გაზიარებულ სტატიებს, კომენტარებს, ვუსმენდი შენს მუსიკას და დღითიდღე ვხვდებოდი, რომ მინდოდა გეთქვა ჩემთვის რაღაც, გაგეცა ხმა… გეთქვა გამარჯობა, ისე თითქოს ამას 33 წელია აკეთებ.

ამას დასჭირდა რამდენიმე კვირა. ამ რამდნიმე კვირაში კი მე შემთხვევით შეგამჩნიე ვაკის პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად ასტუმროს მშენებლობას ვაპროტესტებდი. მარტო იყავი. ისე მინდოდა მოვსულიყავი მეთქვა: “როგორ ხარ?” ან მოვსულიყავი და არაფერი მეთქვა. უბრალოდ მეპოვა ჩემში ძალა და მოვსულიყავი! გვერდზე ჩაგიარე… ძალიან ახლოს… ისე ახლოს, რომ სუნთქვაც კი ვიგრძენი შენი… თან ვფიქრობდი, ასეთი “შემთხვევითობა” ორჯერ ხომ არ მეორდება-მეთქი, ცხოვრებაში. ხომ შეიძლება ვეღარასოდეს შევხვდე-მეთქი და ვგრძნობდი, თუ როგორ შემიპყრო “უცნობი-ნაცნობის” ახლოს მოსვლის სურვილმა. უცნობის, იმიტომ რომ არასოდეს მენახე იანვრის იმ დღემდე. ნაცნობის, იმიტომ რომ ვგრძნობდი, როგორი ხარ! სხვაგვარად გიცნობდი.

14 თებერვალი, 13:31სთ.

ველაფერი ანტონიონის ბრალია. დილიდან ერთი მუსიკა ამეკვიატა, მისი ფილმიდან. მერე ამ მუსიკას “ვიზიარებ”, რასაც მოჰყვება ნაცნობ-მეგობრების კომენტარები. რა კარგი მუსიკააო. შენი საყვარელი ფილმიაო? მე ვამბობ “არა, ანტონიონის სხვა ფილმი მირჩევნია-მეთქი” და ამ ჩემს კომენტარზე შენ მიგზავნი მუსიკას ჩემი ერთი საყვარელი ფილმიდან. გეკითხები: “შენიც?” შენ ამბობ: “კი” და მიზიარებ სხვა მუსიკას. მე კიდევ ხელიდან არ ვუშვებ ამ გამოწვევას და ვარღვევ შენს პირად სივრცეს, ვიჭრები მასში და ვაგრძელებ იმავე რიტმს. 

ისე ბუნებრივად დავიწყეთ საუბარი. არაფერს შეუშლია ხელი. არც იმას, რომ არ იცოდი, რა მქვია. ვსაუბრობდით და ვგრძნობდი, თუ როგორ ვისრუტავდი და ვყლაპავდი შენს ყოველ სიტყვას, ყოველ ასო-ბგერას, როგორ მინდოდა მეთქვა ყველაფერი, რაც მახარებს, რაც მტკივა და ვეღარ ვხვდებოდი, თუ როგორ უცებ მოვიდა საღამო, როგორ გაჩერდა დრო ჩემთვის – ჩვენთვის!!!

მერე მე წავედი მეგობრებთან, მაგრამ გონება დამრჩა შენთან… ვგრძნობდი, რომ მეჩქარება… მეჩქარება შინ დაბრუნება და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მე მომიხაროდა სახლში, როცა მეგონა, რომ ვიღაც მელის. რომ მას ისე ძლიერ უნდა ჩემი იქ ყოფნა, როგორც მე. უცებ უფერულმა ნივთებმა და საგნებმა მიიღო ხასხასა ფერი… ჩემი დანგრეული სახლი, იქცა ულამაზეს სასახლედ… მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ჩაისახა ყველაზე მთავარი და სუფთა, რასაც ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ჰქვია!!! 

მეორე დილა. კვირა

დილით ვფიქრობდი შენზე. ნეტა ახლა ქუჩაში შემხვდეს-მეთქი. შენ მითხარი, რომ ქუჩაში რომ შევხვდეთ, ალბათ ვერ ვიცნობთ ერთმანეთს. მე კი გაგიმხილე საიდუმლო, რომ უკვე გნახე ვაკის პარკში და რომ გიცანი. აგიკვირდა. გამარჯობა, როგორ არ მითხარიო. მოგვიანებით მკითხე: “დღეს რას აკეთებ?” საღამოს შევხვდით 20 საათზე, აწ უკვე გაუქმებულ ძველი თბილისის კაფეში. ჩემთვის სულ ერთი იყო, სად შეგხვდებოდი, რას ჩავიცვამდი. შენ გარდა, ყველაფერი იყო ს უ ლ ე რ თ ი! ეს იყო ყველაზე უხერხული და ამავდროულად ყველაზე სასურველი შეხვედრა, რაც  კი ოდესმე მქონია. შენ მეუბნებოდი, ბევრი უნდა იძინოო, რომ გნახავ, დაღლილ თვალებში გინდა ჩაგხედოო? და ,მართლაც, ასე მოხდა. უძილო თვალები შემოგაგებე და ვცდილობდი, ეს დაღლა ჩემი შლაპის ჩრდილში დამემალა… ვერ შევძელი! შენ შემაჩერე და რამდნეიმე წამი, რომელიც მაშინ ჩემთვის საუკუნედ გაგრძელდა, ჩამაცქერდი თვალებში… მე კი ვგრძნობდი, რომ არაფერი შემშლია, არაფერი მომჩვენებია, რომ შენ იყავი ის, ვისაც ველოდი. რომ შენ იყავი ჩ ე მ ი და ჩ ე მ შ ი.

მერე იყო ღვინო, საუბრები, ისევ თვალებში ცქერა… წარსულის მოგონება… იყო თრობა… და იყო კ ო ც ნ ა, ერთი კოცნა… ეს არ იყო ღვინის ბრალი! ეს იყო სიმთვრალე, რომელიც მოაქვს არა ღვინოს, არამედ დიდ და მოულოდნელ გრძნობას! ეს ის სიმთვრალეა, რომელმაც მეორე დილით არც თავის ტკივილი იცის, არც გულისრევის შეგრძნება, არც საკუთარი თავის წყევლის სურვილი, არამედ იცის იმ გრძნობის დაბადება, რასაც ქვია შენი ადამიანის, შ ე ნ ი  ს უ ლ ი ს  ნაწილის მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა ! 

“ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული, ისევ გამოჩნდება გზა,

ისევ გაანათებს სითბო არნახული, ისევ გალურჯდება ცა

სანამ მე ვცოცხლობ, 

სანამ მე ვსუნთქავ, 

სანამ მე ვგრძნობ, 

სანამ მე მიყვარს, 

სანამ მე მახსოვს, 

სანამ მე გცნობ, 

მინდა შენი კოცნა, ერთი კოცნა.”

ურში ჩამჩურჩულე: “შენ მე წამლეკავ, მაგრამ მე ვიცი მშვიდი ცურვა.” 

სახლამდე მომაცილე. მიკვირს, რომ არ ვიგრძენი უხერხულობა ამ სახლის, ამ გარემოს გამო. პირიქით, გულით მინდოდა გენახა, თუ სად ვცხოვრობ, თუ როგორი გემრიელი ჩაის მომზადება ვიცი და რა თბილი სანთლები ანთია ჩემს ოთახში. შენ დამთანხმდი, მესტუმრე. მერე დაუკარი ჩემთვის. მე ვიმღერე: 

“მისმენ, ვიცი, რომ შენ მისმენ 

ნუ დამიკარგავ იმედს, 

იმედს, რომ ხარ. 

ნეტავ, როდის მოხვალ სტუმრად 

მე ვიცი, რომ შენ ცხოვრობ შორს 

ყველაზე შორს, 

ცაზე… 

თუ შემოაღებ კარს, 

მე დაგახვედრებ სკამს, 

დავსხდებით ერთად 

და ვუყურებთ ცას… 

ვიცხოვრებთ ერთად, 

მე მოგიტან წ ყ ა ლ ს. ” 

ამ დღის შემდეგ იქცა ტრადიციად, შენთვის წყლის მოტანა. არა ჩაის, არა ღვინის, არა წვენის, არამდე წ ყ ლ ი ს მოტანა. შენ მუდამ მიტოვებდი ჭიქაში ამ საოცარ სითხეს. შენი წასვლის შემდეგ კი მე ყოველთვის ვსვამდი შენი ჭიქიდან. დღემდე ასეა! 

“. . . ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს, 

მე რომ მოგიტან. 

შენ იცხოვრე ჩემთან, 

მე მოგიტან წყალს!” 

დღე მესამე, ორშაბათი

„ვნების კვირააა“ -მეუბნები. მე მსიამოვნებს ყოველი შენი სიტყვა. ვიღიმი! 

დღე შემდეგი. ხუთშაბათი. “დიდი ხუთშაბათი“ 

როგორ გელოდი მთელი დღე. არა, მთელი სამი დღე… ვინ იცის რამდენჯერ წარმოვიდგინე, ჩვენი შეხვედრა, ჩვენი ჩახუტება, ჩვენი პირველი მოფერება. მეშინოდა, რომ ამ ყველაფრის მერე ადგები და წახვალ. აი, ასე უბრალოდ გაიხურავ კარს და წახვალ. შენ კი მითხარი, როგორ იფიქრეო ეს, რომ ამ დღეს მე არ დავრჩებოდიო შენთან. შენ მოხვედი. ჯიბიდან ქაღალდში გახვეული ყოჩივარდები ამოიღე. გარდაბანში ვიყავიო და რუსთავში, რომ გამოვიარე იქ ვიყიდეო. როგორ გამახარა ამ ყვავილებმა. ბევრი ყვავილი მიმიღია საჩუქრად, მაგრამ ასეთი განსაკუთრებული გრძნობა არასოდეს დამუფლებია. დღესაც „ვაცოცხლებ“ ამ ყოჩივარდებს, ჩვენი „დ ი დ ი  ხ უ თ შ ა ბ ა თ ი ს“ აღსანიშნავად.

მინდოდა ერთად გვევახშმა და რაღაც განსაკუთრებული საღამო ყოფილიყო. ჩემი კულინარული ხელოვნებით დიდად ვერ აღგაფრთოვანე, მაგრამ ღვინით…  მერე იყო მოფერება. საოცრად თბილი და ტკბილი. სულის და ხორცის შერწყმა. ბედნიერება! ცრემლიც იყო, სიხარულის ცრემლი. გამოწვეული მოულოდნელი, წარმოუდგენელი გრძნობისგან! მე გეუბნებოდი, რომ არ მეგონა ასეთი რამ კინოს და წიგნის გარეთაც თუ ხდებოდა, შენ კი მპასუხობდი, მაგ ფილმებს და წიგნებსაც ხომ ადამიანები ქმნიანო.

შენი ოთახი, ჩემს სტუდენტობის ოთახს მაგონებსო,-მითხარი. სულ მუსიკა იყო ჩართულიო. აი, ახლაც ვუსმენ ჯაზს, სამწუხაროდ შენ გარეშე. აღმოვაჩინე, რომ თურმე შენც ჩემსავით გიყვარს წვიმა. ახლაც წვიმს. სწორედ ისე, როგორც იმ ლექსშია. მთელი კვირა იწვიმებსო ამბობენ და მე მინდა შენთან! მე „მ ი ნ დ ა შ ე ნ თ ა ნ“, როგორც არასდროს! მინდა შენი სუნთქვა ვიგრძნო, შენი სხეულის სიმხურვალე, შენი სუნი. და ახლა, ამ მარტოობის შესავსებად ვიძინებ შენს მაისურთან ერთად. თავი მაქვს ჩარგული, რომ გიგრძნო ახლოს, ძალიან ახლოს, როგორც მაშინ… სამი ღამე… სამი ღამე გავატარეთ ერთად… სამი დღე. სამი ლამაზი, სავსე დღე… ეს იყო, ჩვენი „თაფლობის თვე“. დაუვიწყარი აპრილის დღეები!

შენ მწერ: “You are flawless”. მე სასწრაფოდ ვპოულობ ლექსიკონს, რათა გავარკვიო, რა მითხარი და ვინაბები სიამოვნებისგან.

აღარ მინდა წამლები, აღარ მინდა დამოკიდებულება, აღარ მინდა ავად ყოფნა. მორჩა! შენ მთხოვ, რომ წამლის დოზა შევამცირო. მე გეუბნები, რომ ვაქუცმაცებ. შენ მიგზავნი ღიმილს და მწერ:“ქუცმაცა, ქუცმაცუნა ხარ”. თებერვლის 22 მე გამოვაცხადე ჯანსაღი ცხოვრების დასაწყისად და უარი ვთქვი წამლებზე. გმადლობ, იმისათვის, რომ მომეცი ძალა! რომ დამარწმუნე უარი მეთქვა წამლებისთვის. უარი მეთქვა ავადმყოფობისთვის. დამავიწყე ჩემი “სულის კრიზისი”.

ჭამის მადა 

მე დამეკარგა სურვილი ჭამის. შენ მეკითხები: “რატომ?” მე გპასუხობ, ემოციების გამო. შენზე ფიქრის გამო ყელში არ გადამდის-მეთქი. ბებიასავით ამბობო. თბილისში რომ იყავი, ბებია, საჭმელი ყელში არ გადამდიოდაო, გეუბნებოდა თურმე შენი მერიკო ბებია.

ვისმენ ამ სიტყვებს და ისევ მიცრემლიანდება თვალები! 

24 თებერვალი, სამშაბათი

დაღლილი გამოვედი სამსახურიდან. კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ შენზე ფიქრები თავს არ მანებებდა. შენი SMS დამხვდა. როგორ მოდიხარო სახლში,- მწერდი. მე გითხარი, რომ წინ დიდი გზაა. 3 ტრანსპორტი. რომ მთელი გზა შენზე ვფიქრობ… რუსთაველზე, გაჩერებასთან ვიღაც ბიჭი დავინახე. შენნაირი ქურთუკით. წამიერად მეგონა, რომ შენ ხარ და ლამის დაძრული ავტობუსიდან ჩამოვხტი. მომლანდებიხარ. ჩემს კორპუსს რომ მოვუახალოვდი, ისევ მომელანდე. ვიფიქრე, რომ ახლა სიგიჟის ზღვარზე ვარ. არ აღმოჩნდა მოჩვენება, არ აღმოჩნდა მოლანდება, ამჯერად არ შევმცდარვარ. შენ იყავი! შენ! კორპუსთან მელოდებოდი მხოლოდ იმისთვის, რომ 5 წუთით გენახე და “ძილი ნებისა“ გეთქვა. როგორ გამახარე. მე ბედნიერი ვარ. დავფრინავ ბედნიერებისაგან! ახლაც ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ეს იმ დღის ჟრუანტელია… სასიამოვნო და სანატრელი! 

შემდეგი სამშაბათი 

„ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“

მიხაროდა, რომ ჩვენ გვახარებს, გვსიამოვნებს და გვავსებს ერთნაირი წიგნები, ლექსები, მუსიკა, სპექტაკლები. მე ვარ სავსე! შენით და შენთან ერთად! შენ ხარ ჩემი სი-სავსე!!! შენ გახდი შემოდგომა ჩემი გაზაფხულისა. ჩემი აპრილის… შენი მონატრება მექცა ქრონიკულ მონატრებად. სულ ერთია გხვდები, ვერ გხვდები… გეხვევი, ვერ გეხვევი… გკოცნი, ვერ გკოცნი… ეს მონატრება ჩემი მუდმივი თანამგზავრია და ისეთი ძლიერიააააააა!!! ეს გრძნობა ძლიერია, ისეთი ძლიერი, როგორც მაშინ, სულ თ ა ვ ი დ ა ნ! არაფერი შეცვლილა! პირიქით, უფრო გამყარდა და გაჯანსაღდა! 

შენი სოფელი, ბროწეული და მუხა 

მინდა წავიდეთ შენს სოფელში. მინდა ვნახო შენი წინაპრების აშენებული სახლი. ვნახო შენი მიტოვებული ეზო. გისმინო, გიცქირო, დაგინახო სხვა თვალით. მე მსურს შენი სოფლის ეზოში დავრგო ხე, სიცოცხლის გაგრძელების ნიშნად!!!

შენ მეკითხები, რა გინდაო, რას ელიო ჩვენგან. მე გპასუხობ, მე მინდა შენ გვერდით დავიმარხო. შენს სოფელში ჩოგოვაძეების, ზვიადაძეების, ბალანჩივაძეების და გაბრიაძეების სამფლობელოში და სულ ერთია წელიწადის რომელ დროს, რომელ დღეს, რომელ წუთს დამისვამ ამ შეკითხვას, მე ისევ იმავე პასუხს გაგცემ, ბექუ, რომ მე მინდა ჩვენი საფლავები გვერდიგვერდ იყოს, რათა სიკვდილმაც ვერ დაგვაშოროს ერთმანეთს! 

ამდენიმე კვირის შემდეგ. ორშაბათი დღე 

ექიმთან ვიყავი, თურმე იბო მაქვს.

რ ვიცი რა იქნება ხვალ.

ობს აღარასოდეს შვხვდეთ.  

ვანცა

***

დავხურე დღიური. ანგარიში მოვითხოვე და ქუჩაში გამოვედი. გაოგნებული, უმისამართოდ მივლასლასებდი ჭავჭავაძეზე. სახსრები და კუნთები ძალიან მტკიოდა, მაგრამ უფრო გული. ვიფიქრე, თურმე რამხელა სიყვარულს და ტკივილს იტევდა ეს ერთი შეხედვით მხიარული გოგო.

***

სახლში დაღლილი დავბრუნდი. მარიტა თმაგადაპარსული დამხვდა. 

  • ეს რა ჩაიდინე, მარიტა – შევყვირე გაოგნებულმა.
  • მინდოდა შენ დაგმსგავსებოდი. მინდოდა თავი მარტო არ გეგრძნოო, – მიპასუხა თვალცრემლიანმა და ჩამეხუტა, – მაპატიე, მაპატიე, მაპატიე, – იმეორებდა დაუსრულებლად. 

რა უნდა გააკეთოს, რომ ვერ ვაპატიო, ვფიქრობდი ჩემთვის. 

  • თუ მართლა მაპატიე, მაშინ ჩემს ბავშვობაზე მომიყევი. როგორი ვიყავი.

მას შეეძლო ასჯერ ეკითხა და ასჯერ მთელი გულისყურით მოესმინა ისტორიები, რაც ბავშვობაში გადახდა. მეც დაუზარებლად ვუამბობდი ასჯერ ნაამბობს:

“მარიტა ძალიან ლამაზი და პრანჭია ბავშვი იყო. სულ ახალ ტანსაცმელს სთხოვდა დედას და დღეში რამდენჯერმე იცვლიდა. მოდელობაზე ოცნებობდა. ერთხელ მორიგი ახალი ტანსაცმლის მოთხოვნის დროს დედამ კითხა: “მარიტა, მითხარი ცხოვრებაში ტანსაცმლის გარდა არაფერი გაინტერესებს?” 4 წლის მარიტა ვერ ჩასწვდა დედის ირონიას და გულწრფელად მიუგო: “კიიი, ფეხსაცმელები”. 

ორივე გულიანად ავხარხარდით. 

  • დეეე, შენც მიამბე რამე შენს ბავშვობაზე.

არაფერი მახსენდებოდა. მერე უცებ ამოტივტივდა ერთი ისტორია.

მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი. ჩემს ოჯახს დიდი სურვილი და მოლოდინი ჰქონდა, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარებდი და წარმატებული პიანისტი ქალი გავხდებოდი. მუსიკალური სასწავლებლის შენობა ერთ დროს დამწვარა და სკოლა შეაკედლეს გერმანელების აშენებულ ერთ საცხოვრებელ სახლში, მე-14 საშუალო სკოლის წინ. გვერდით ე.წ. ბუნკერი იყო, გარედან მთას ჰგავდა და ამ მთის ქვეშ ვგრძნობდი, რომ რაღაც საინტერესო ხდებოდა. პერიოდულად იქიდან გამოდიოდა რადიოს ხმა. გვერდით, დიდ აბრაზე კი წითელი ასოებით ეწერა: „ლენინმა გვიანდერძა: სწავლა, სწავლა და სწავლა“.

ჩემი მასწავლებელი, ნანა პეტროვნა, ძალიან თბილი და ამავდროულად ძალიან ემოციური ქალი იყო. თუ არასწორ ნოტს დავუკრავდი, თავს ვერ აკონტროლებდა და თითებზე, ვითომ და ნოტების მისათითებელ სქელ წითელ ფანქარს, რომელიც ლენინგრადში სტუდენტობის დროს ჰქონდა ნაყიდი, სხვა საქმისთვისაც იყენებდა. არასწორი ნოტის ჩადგმის დროს, მთელი ძალით გვირტყამდა ხოლმე პატარა თითებზე. ორშაბათის მოსვლა სიკვდილის ტოლფასი იყო. დედას ვეხვეწებოდი, შემომყევი და აღარ მცემს ნანა მასწავლებელი-მეთქი. დედაც უარს ვერ მეუბნებოდა და მომყვებოდა ხოლმე.

ერთხელ, შოპენის ერთ პატარა ნაწარმოებს ვარჩევდით. რომელიღაცა ტაქტის შემდეგ უნდა დამეკრა „ბემოლი“. მავიწყდებოდა და ჩვეულებრივ ნოტს ვიღებდი ხოლმე. რამდენჯერმე შემეშალა. როცა კიდევ ერთხელ „მივუახლოვდი“ იმ ტაქტს, დედამ, რომელმაც სულ არ იცოდა ნოტების კითხვა, უკნიდან ჩუმად დამიძახა „ბემოლი, ბემოლი არ დაგავიწყდესო“. ასე გადავრჩი მორიგ გატყეპას.

  • მე კარგი მასწავლებელი მყავს, სულ მეფერება. შეცდომების დროსაც კი. – მითხრა მარიტამ.
  • მიხარია, – ღიმილით მივუგე მე.

ჩემს ელენს. Pour ma fille géorgienne[19]

ახლა კამერუნში ვარ, ჩემს სოფელში. აქ ყველაფერი ისე დამხვდა, როგორც დავტოვე. ერთადერთი ადრიენია გაზრდილი. ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოა. ყოველდღე ვეკითხები ჩემს თავს, ის რაც შეძლეს სხვა ქვეყნებმა, რატომ ვერ შევძელით ჩვენ, აფრიკელებმა. რატომ გვინდა ყველაფერი სხვებს (ფრანგებს, ინგლისელებს და სხვა კოლონიალისტებს) გადავაბრალოთ. ერთი აფრიკელის სტატიას ვკითხულობდი წლების წინ, ავტორი სვამდა შეკითხვას, თუ რატომ არ გვიცდია ჩვენ, ამხელა კონტინენტს, შეგვექმნა მაგალითად თვითმფრინავი.

დავდივარ სოფელ-სოფელ. აუტანელი სიცხე და გაჭირვებაა აქ. ევროპიდან ჩამოსული ტურისტები კი საოცარ სასტუმროებში იდებენ ბინას და ერთ ევროდ ცდილობენ, მოიპოვონ ის სიამოვნება, რაც ევროპაში აღარ აქვთ. 70 წელს მიახლოებული ქალები ახალგაზრდა აფრიკელ ბიჭებთან, ბებერი კაცები კი, პატარა აფრიკელ გოგოებთან ერთობიან. 18+ ხომ არისო, ამ ლოგიკით თითქოს ყველაფერი ეპატიებათ.

შენ იცი ჩემო ‘ხეორხიანა’, როგორ არ მიყვარს გავაკრიტიკო ადამიანები, მაგრამ ძალიან ადვილია აკეთო ერთევროიანი “სიკეთე” აქ. უყიდო მშიერი ოჯახისთვის პროდუქტი მომხიბვლელ მამაკაცს და სანაცვლოდ გაატარო მასთან დაუვიწყარი ღამე. ჰო, ახლა ამას მეცნიერები “სექსტურიზმს” ეძახიან, მე კი – უსინდისობას.

ევროპა და ამერიკა მილიონობით ევროს თუ დოლარის დაფინანსებას გვირიცხავს. წარმოგიდგენია?! შუქნიშნების დაყენებაო. რად გვინდა ქალაქში შუქნიშნები, რომელშიც 3 მანქანა დადის?! მდგრადობა და ბუნების გადარჩენაო, გაიძახიან გაეროს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ოფიციალურ შეხვედრებზე და ამავდროულად ევროპაში დაგროვებულ  ვადაგასული ელემენტების და სხვა რადიაციულ ნარჩენებს ჩვენს ქვეყნებში აგზავნიან. თითქოს ეს კონტინენტი დედამიწის ნაწილი არ იყოს. ღია კაფეებში ვხვდები ნიშანს: ‘მოწევა აკრძალულია’. ესეც ევროპული მოთხოვნაა, რესტორნებში მოწევა აკრძალულიაო. გადმოდგებიან მილიონიანი ვილებიდან და ყვირიან: “ყველაფერი ხალხს, საწყალ ხალხსო”. ჰო, ისევ უთანასწორობის თემას მივადექი, ჩემო გოგონა.

არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. ვიცი, ზუსტად გაიგებ, რას განვიცდი ახლა. მაშინ რა განსხვავებაა იმ ერთევროიან ევროპელებსა და ამ მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებს შორის.  ერთნი ადამიანს “ატყუებენ”, სხვები – “სახელმწიფოებს”.

სახლში ხარ და გტკივა. გტკივა, რომ ვერაფერს ცვლი ამ ქვეყანაში. გტკივა, რომ შენს კულტურაში არ არსებობს სიტყვა “აპეტიტ”, არსებობს მხოლოდ სიტყვა “მშია”.

დილით ეკლესიაში წავედი. დავიწყებული მქონდა აქაური რიტუალები. როგორ მღერიან და ცეკვავენ ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი აფრიკელები. როგორ ესაუბრებიან და ემადლიერებიან ღმერთს, როგორ მოსწონთ სიცოცხლე და ცეკვა.

მიყვარს ეს კულტურა. ჰო, მიყვარს ტკივილნარევი სიყვარულით.

არასოდეს მიმატოვო “ხეორხიანა”! შენი პოვნით მე ვიპოვე საყრდენი ამ დედამიწაზე და დავინახე მიზეზი, თუ რატომ უნდა გავაგრძელო არსებობა. და თუ მე ოდესმე ვიგრძენი, რომ შენ ის არ ხარ, მაშინ ეს იქნება საბოლოო დასტური იმისა, რომ საერთოდ არ არსებობს სიყვარული.

პ. ს. მინდა ბევრი შვილი გვყავდეს! ბიჭები, გოგოები, ლამაზი სახელებით და სახეებით. რომ ჩამოვალ, დავიწყოთ. 😊

გიკოცნი მკერდის „ყოსოს“ და მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრას!

ჰო, მართლა. ძალიან ლამაზი ნახატი გიყიდე. გრძელკისრიანი ჟირაფი ყვითელ, უფრო სწორად, მზისფერ ფონზე, მგონი მოგეწონება.

შენი მიშელი

ჩემო მარიტა, მამას ბევრი წერილი და ღია ბარათი მაქვს. მოვა დრო და ყველას წაგაკითხებ.

ჩემს აფრიკელ მეგობარს,

ვიცი ისევ გამიბრაზდები, მე კამერუნელი ვარ და შენ კი ყველაფრის განზოგადება გიყვარსო. შეიძლება ასეც არის, თუმცა შენც ხომ მეძახი ხოლმე „კავკასიელ გოგონას“. მე სულაც არ მწყინს. არც ინდივიდუალიზმს მართმევს. პირიქით. მომწონს და მხიბლავს შენი ყოველი მომართვა სხვადასხვა ენაზე: „ლა ჩიკა დე ხეორხია“, „მაინ მედხენ აუს გეორგიენ“ და სხვა. მგონი, როცა ადამიანი ძალიან გიყვარს, მისი ყოველი სიტყვა სხვანაირად გესმის და გიყვარს. აი, ბავშვობაში ხომ მოგწონდა ვიღაც. იმას რომ გაეღიმა და ეთქვა „გამარჯობა, როგორ ხარო“, ჰო რაღაც განსაკუთრებულად მოგეჩვენებოდა, არადა სხვა უფრო თბილადაც რომ მოგსალმებოდა, დიდ ყურადღებას არ მიაქცევდი. ჰოდა, ალბათ მეც ასე ვარ. მხიბლავს, იმიტომ რომ მიყვარს ის ადამიანი, რომელიც ასე მომმართავს.

ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა ჩამომეყალიბებინა სათქმელი. რა უნდა მეთქვა შენთვის, რომ სწორად გაგეგო, რას განვიცდი და როგორ მეშინია მომავლის. როგორ არ მინდა, დაგკარგო და როგორ ვამჩნევ, რომ უფრო დიდზე ფიქრობ, უფრო გლობალურსა და მნიშვნელოვანზე, ვიდრე ორი ადამიანის სიყვარულია. სამშობლოდან დაბრუნების შემდეგ გამჩნევ, რომ არ გტოვებს დარდი შენს პატარა დაზე, შენს სოფელზე, შენს ქვეყანაზე, მაგრამ ვერ იღებ გადაწყვეტილებას. ვერ მიბედავ მითხრა, რომ წავიდეთ. ვინ იცის იქნებ, როცა შენს ქვეყანას ტოვებდი, როგორი დიდი იმედები გქონდა სამყაროს შეცვლის და „გადატრიალების“. ახლა კი, როცა უნივერსიტეტი დაამთავრე და ექიმი გახდი, როცა ყველა გზა ხსნილია, გადარდებს რაღაც. გეშინია, მითხრა სიტყვა „წავიდეთ“. გეშინია, რადგან იცი, რომ მე არ ვარ ამისთვის მზად და ალბათ არასდროს ვიქნები. არა იმიტომ, რომ არ მიყვარს შენი ქვეყანა, უბრალოდ თუ „დაბრუნებაა“, მაშინ მე ჩემს სამშობლოში უნდა დავბრუნდე.  გერმანელებს ერთი ძალიან ლამაზი სიტყვა აქვთ „Heimweh“. ძნელია ზუსტად ვთარგმნო, ნოსტალგიაცაა, მონატრებაც, „სახლი“ რომ გტკივა, ისაა.

არ მავიწყდება, როგორი სევდანარევი ხმით მიამბობდი შენი ქვეყნის ისტორიას: 1472 წელს კამერუნის სანაპიროს მიაღწიეს პორტუგალიელმა, რომლებმაც დაარქვეს კამერუნს მისი თანამედროვე სახელი, რისი საბაბიც გახდა სანაპირო წყლებში არსებული კიბორჩხალების – Camarão – დიდი რაოდენობა. XVI საუკუნეში პორტუგალიელები განდევნეს ნიდერლანდელებმა, ხოლო ორი საუკუნის შემდეგ კამერუნის სანაპიროზე დამკვიდრება დაიწყეს ინგლისელებმა, ფრანგებმა და გერმანელებმა.

ჩემო მიშელ, ვინ იცის, იქნებ ჩემგან ელი სიტყვას: „გათავისუფლებ“. მაპატიე, რომ ამ სიტყვას ვერ გეუბნები! მაგრამ ვერც „მოვდივარს“ ვამბობ. სულით ხორცამდე მიყვარხარ. გაცნობის დღიდან არაფერი შეცვლილა! წლები ამ გრძნობას ვერაფერს აკლებს. პირიქით, უფრო ამყარებს და ამრავალფეროვნებს.  

გკოცნი, მუდამ შენი ელენე   

მარიტასთვის: Tbilisi Symphony Orchestra

გადიოდა დრო. სახლი მენატრებოდა. ჩემი მეგობრები, ჩემი თბილისი. გადაწყვეტილება უნდა მიმეღო ვრჩებოდი ევროპაში, თუ ვუბრუნდებოდი სამშობლოს. ამასობაში მიშელმა საბოლოოდ გადაწყვიტა კამერუნში დაბრუნება და იქ ექიმად მუშაობის დაწყება. 

აბა, რისთვის ვიწვალე ამდენი, ჩემს ხალხს უნდა გამოვადგეო. საფრანგეთი უჩემოდაც კარგად არისო, კამერუნს ვჭირდებიო. შენც წამოდიო, მეხვეწებოდა. მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. სიყვარულის დაკარგვა არ მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სახლში არდაბრუნება უფრო დიდ ტკივილს მომანიჭებდა, ვიდრე ცხოვრების სხვა ქვეყანაში გაგრძელება.   

საშინელ ხასიათზე ვიყავი. ვცდილობდი გული გადამეყოლებინა ქალაქში ხეტიალით. სადგურზე წავედი, ჰამბურგის ბილეთის ფასი გავარკვიე. მეგობარს მოვინახულებ, იქნებ გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმაროს-მეთქი. უკან დაბრუნებულმა ერთ მუსიკალურ მაღაზიას შევაფარე თავი. უამრავი დისკი იყო. სხვადასხვა ჟანრის მუსიკა. მე რატომღაც კლასიკა ვარჩიე. ეს მაინც უკვდავია. ჩაიკოვსკი ვიყიდე. მეგონა, რომ ამით მაინც შევავსებდი ჩემს სულიერ სიცარიელეს. მაღაზიიდან გამოვედი. თხუთმეტი წუთი ვისეირნე. უჩა გამახსენდა. იგი მეუბნებოდა ხოლმე: “როცა კლასიკურ მუსიკის CD-ებს ყიდულობ, პირველ რიგში უნდა დააკვირდე, რომელი ორკესტრის შესრულებით არის”. 

ვიფიქრე, უჩას ეს რჩევა როგორ დამავიწყდა-მეთქი. აქვე პრომენადეზე სკამზე ჩამოვჯექი,  ჩანთიდან CD ამოვიღე, დავხედე და გული ლამის გამისკდა, როცა CD-ზე ამოვიკითხე: Tbilisi Symphony Orchestra. Conductor Jansug Kakhidze. 

მორჩა, სახლში ვბრუნდები! 

მარიტასთვის:  მრავალწერტილი

არ ვიცი, მერამდენედ დავიწყე მიშელისთვის გამოსამშვიდობებელი მესიჯის წერა… სულ მრავალწერტილებით… სათქმელს ბოლომდე ვერ ვეუბნებოდი, არადა უკვე ვიცოდი, რომ ჩვენი განშორება გარდაუვალი იყო. ყოველი სიტყვის შემდეგ მრავალწერტილს ვსვამდი…. თითქოს ამით მინდოდა, რომ ამ წერტილებში წაეკითხა ყველაფერი, რის თქმასაც სიტყვით ვერ ვახერხებდი. ერთ-ერთი მორიგი უაზრო მესიჯის შემდეგ დამირეკა:

  • მეზიზღება ეს მრავალწერტილები. აღარ მომწერო. არასოდეს აღარ მომწერო, – ყვიროდა ტელეფონში. ასეთი გაბრაზებული მიშელი არასდროს მინახავს. – რა გახდა სიტყვა! მითხარი ერთი სიტყვა!!! მითხარი რას ფიქრობ, რას გრძნობ, რას აპირებ!

არ მინდოდა ასეთი მიშელი. ტელეფონი გავუთიშე და გამოვრთე. ხან ვფიქრობდი, ხან ვტიროდი, ხან ვწერდი. გამთენიისას, როცა ტულუზას ჯერ კიდევ ეძინა, ველოსიპედით მიშელის სახლთან მივედი და საფოსტო ყუთში „წერილი“ ჩავუგდე.

ვუძღვნი მეგობარს, რომელსაც სძულს

მ  რ   ა   ვ  ა ლ  წ  ე  რ  ტ  ი  ლ  ი

როცა გრძნობების სიჭარბის გამო

ჩემივე სიტყვა აკრთობდა ჩვენს ფიქრს,

ვერ ვსვამდი მძიმეს,

ვერ ვსვამდი წერტილს…

და ჩემს დიდ გრძნობას,

სიტყვას თუ სათქმელს

ვანდობდი შენთვის იმ მრავალწერტილს,

რომელსაც შენთვის იმ სიღრმის ნაცვლად,

რაც უნდა გეგრძნო სიტყვების ფასად,

მოჰქონდა ცივი ს ი ც ა რ ი ე ლ ე…

შენ მთხოვდი მეთქვა სიტყვა და სიტყვა:

მძიმით, წერტილით, ძახილის ნიშნით!

მე არ შემწევდა ძალა ყვირილის

და სიტყვის ნაცვლად ტკივილი ჩემი

მსურდა კვლავ მეთქვა

მ რ ა ვ ა ლ წ ე რ ტ ი ლ ი თ.

Toulouse, 2007 წელი

***

რამდენიმე კვირის შემდეგ საფრანგეთიდან წამოვედი. თბილისი ისეთი არ დამხვდა, როგორიც წლების წინ დავტოვე. ვეღარ ვცნობდი ქუჩებს, სახლებს, ადამიანებს. ჰაერი ნაცრისფრად მეჩვენებოდა. ადგილს ვერ ვპოულობდი, ვერც საკუთარ თავს ვეგუებოდი  ამ „უცხო“ ქალაქში. სულ მალე კი სამყარო სულ შეიცვალა, რადგან გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ჰო, მე და მიშელი შვილს ველოდებოდით. მიშელი უკვე აფრიკაში იყო. არ მინდოდა ამერია მისი ცხოვრება და არაფერი არ ვუთხარი ორსულობის შესახებ.

აი, ასე გაჩნდი შენ! ყველასგან გამორჩეული გოგონა, რომლის დაბადება იყო ჩემი უდიდესი სიყვარულის ლოგიკური გაგრძელება! და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა. 

ჩემო მარიტა, იმედია, ოდესმე მაპატიებ, რომ მამას ხელი არ შევუშალე თავის გადაწყვეტილებაში და ვერც კამერუნში ცხოვრება გავბედე.

***

წერილები და ძველი გადამალული ფოტოები ერთად შევკარი და მარიტას თავის ოთახში საწერი მაგიდის უჯრაში დავუტოვე. მე კი გამოკვლევებზე წავედი.

თავი IX

მეცხრე ხუთშაბათი

ერთი კვირის შემდეგ კლინიკაში მივედი. სიარული უკვე ძალიან მიჭირდა. შეშუპებული და დამძიმებული ვიყავი. წარბები და წამწამები სულ გამცვივდა. მკურნალობის რამდენიმე კვირა მქონდა დარჩენილი. კალენდარზე დღეებს ვითვლიდი, რადგან დღითიდღე უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოთახში შევედი. მარინას ტრადიციულად წამლები და კორონას ტესტის პასუხი გადავეცი და თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი. ამ დროს მესიჯი მომივიდა: „გამარჯობა ელენე მას. თქვენი ყოფილი მოსწავლე ვარ, მარიამი. ახლა მე და მეორე მარიამი ჩავფრინდით ბარიში და მივდივართ წმინდა ნიკოლოზის საფლავზე. გვინდა, რომ ჩავწეროთ თქვენი სახელი მოსახსენებელში და თუ სურვილი გექნებათ, თქვენი ოჯახის წევრების, ახლობლების და  გარდაცვლილების სახელები მოგვწერეთ.

თქვენი ნათლობის სახელი არ ვიცით მას. მ & მ“

ძალიან გამაბედნიერა ჩემი ორი მარიამის მოკითხვამ.

  • დღეს ჩემი ისტორიის დღეა, – დამირღვია მარიამებზე ფიქრები მანანამ. – გოგოებო, ვერაფერი მოვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემი ძმისშვილის, მანჩოს, წერილი წაგიკითხოთ. ერთხელ სოფლიდან გამომიგზავნა და ძალიან მიყვარს. ჩანთიდან ოთხად გაკეცილი, გაცრეცილი წერილი ამოიღო და დაიწყო კითხვა.

წერილი ჩემს „კრასავიცა“, ტკბილ, თბილ, გემრიელ, სტუმართმოყვარე, ჭკვიან, კეთილ, სათნო საყვარელ და ა.შ. მამიდას სოფლიდან.

გამარჯობა, ჩემო ტკბილო მამიდა! როგორ ხარ? ხომ ხარ მადაზე? ჩვენ კი ვართ მადაზე, მაგრამ საჭმელი არ არის. წინასწარ გილოცავ შობა-ახალ წელს (იმედია, აქეთ არ ჩამოხვალ). ეს წელი ყოფილიყოს შენი უდიდესი კარიერის დასაწყისის დასაწყისი.

დიდი მადლობა ასეთი ბრწყინვალე საჩუქრისთვის. ძალიან გამიხარდა და ვეცდები, გადავიხადო თქვენი ესოდენ დიდი პატივისცემა.

ჩემს ოჯახის წევრებს (ცხადია, მეც) ძალიან გვენატრებით. ერთი შენი ჩამოკუნტრუშება გვირჩევნია ერთ ქვაბ ლობიოს. არა, მართლა ძალიან გვენატრები ყველას. ხშირად ვლაპარაკობთ შენზე და შენს ჭკვიან თავზე.

სოფელში იმდენი ახალი ამბავია. ზურა-რომეოს თავისმა ჯულიეტამ უარი უთხრა და ზურა ვირთხების წამალს სვამდა, ხელიდან რომ არ წაერთმიათ (ვიღაც ნიგორზღველი შორენა ტონია გახლდათ ეს ჯულიეტა), მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საღ-სალამათი ყოყოჩი ყურშა ისევ ლაღად დანავარდობს სოფლის შარა-გზაზე.

ნატო წერილის დაწერას ვერ ასწრებს და შემოგითვალა, რომ საბუთებს მალე გააკეთებს და გამოგიგზავნის.

ჩემს პირად ცხოვრებაში კია გაშეშებული და გაქვავებული ყველაფერი. იყო 1-2 ბალიანი ძვრები, მაგრამ ისევ გაქვავების ხანა დადგა.

მე ავად ვიყავი მამიდა და ახლაც ავად ვარ. ცოტაც რომ დამგვიანებოდა ექიმთან (ანუ ქ. კოპალეშვილთან) მისვლა, ახლა ტუბერკულიოზიანი ვიქნებოდი. ამიტომ დაუსწრებელზე გადამიყვანეს ერთი წლით.

სხვა დანარჩენს აქეთ რომ ჩამობრწყინდები, მაშინ შეიტყობ.

მომიკითხე რუსუდანი თავისი ოჯახით.

გაჩეჩილაძე თუ შეგხვდა სადმე, ფუი, შენს ქალობას-თქო, მიაფურთხე ერთი.

გკოცნი, გკოცნი უამრავს. ძალიან მენატრები.

შენი მანჩისტიმო

P.S. გიგზავნით:

  • ორ ბოთლ ტყემალს (ნაჯვარს);
  • ორ „ბანკა“ მკვახე პომიდვრის საცივს;
  • ერთ ბოთლ საშობაოს (ახალ წელსაც შეგიძლია დალიო);
  • 1,5კგ ლობიოს (კანცელარიის უფროსისგან);
  • და ბლომად ლიმონს.

ერთი წველა ყველი და მსუქანი წიწილა ჩაიფიქრე და ლობიო ჭამე.

***

სახლში დავბრუნდი. სასიამოვნოდ მეღიმებოდა მანჩოს წერილზე. მარიტას ვუამბე. კისკისებდა. განსაკუთრებით პოსტ სკრიპტუმი მომეწონაო. მერე მითხრა, მეც მომივიდა დღეს ნუცას წერილი და ვერ ვითმენ, უნდა წაგიკითხოო.

ჩემო მარიტა, როგორც მიხვდი ფეისბუქი გავაუქმე და სრულად გავთავისუფლდი იმ შეგრძნებისგან: „რას იტყვის ხალხი, ვის მოვეწონები, ვინ დამიგულა და დამილაიქა“  

როგორ მომენატრა უცნაურობები. დამთხვევები, მოსალოდნელი მოულოდნელობები. აი, ახლაც, დღესაც, სწორედ ახლანდელი თავსხმა წვიმასავით, რომელმაც ერთბაშად განმუხტა ჩაგუბებული აუტანელი ჰაერი, ისე მოველოდი რაღაცას. მეც ამ ამინდივით მთელი დღე გული გახეთქვაზე მქონდა. იცი, როგორი გრძნობა იყო? საკუთარი თავის კიცხვა, დადანაშაულება რომ კარებამდე მოგყვება. თუმცა ისიც იცი, რომ დამნაშავე არ ხარ, მაგრამ ამაზე ფიქრს მაინც ვერ ეშვები.

ჩვეულებისგან განსხვავებით დღეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ფოსტა არ შევამოწმე. შემორჩენილმა აუტანელმა გრძნობამ დამთრგუნა. გარეთ კი წვიმა არ იღებდა, რომ წავსულიყავი. ყოველი შემთხვევისათვის ქვემოთ სადარბაზოში ჩავედი და შენი წერილი ვნახე. მერე კი ჩახუტებული წერილით ისე გამოვიქეცი, რომ კარებში შემოსული ჩემი მეზობელი გადავრიე.

მომენატრე, მომენატრა შენი ხმა და შენი სიმღერა. დილით რადიოში რაღაც სიმღერას ვუსმენდი და შენზე ფიქრი ამეკვიატა. ერთხელ ჩემთან სოფელში შენ მღეროდი ამ სიმღერას… და მერე საფოსტო ყუთში შენი წერილიც ვნახე.

საოცარია. მეც უსაზღვროდ მომნატრებია თბილისის აუტანელი სიცხე. ამ სიცხითა და გამოცდებით არეული ტვინი, მაგრამ მაინც ერთად ყოფნის სიცოცხლის და იმედის სურვილი.

ჩემო მარიტა, ვკითხულობ შენს წერილს და ვფიქრობ ჩემს ფიქრებს და ვხვდები, რომ ადამიანებს, მუდმივობა, სიმყარე და მისი შენარჩუნება არ შეუძლიათ. ხომ გახსოვს ხუციშვილის „გეოპოლიტიკა“. ყველაზე ძალიან, იცი, რომელი თეორია მომწონდა? გუმილიოვის „პასიონარობა“, უფრო სწორად თეორია პასიონალური ბიძგის შესახებ, ის კოსმიური ენერგია, რაც ეთნოსის არსის საფუძველი ხდება. მნიშვნელობა არა აქვს, იზიარებენ თუ არა გუმილიოვის ამ თეორიას, ერთი რამ ვიცი, რომ ჩვენი ეთნოსივით მუდამ გვჭირდება რაღაც ბიძგი. ალბათ უფრო „კოსმიური“, რათა ვიმოძრაოთ. საქართველოში მეც სწორედ ამ აუტანელ ინერციას ვებრძოდი, ვუჩიოდი, ვერ ვეგუებოდი, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ამ ახალ ცხოვრებაში ისევ ინერციის პერიოდზე გადავედი. ადამიანებს ყოველთვის ადუნებთ მუდმივობა. ყოველთვის გვჭირდება რაღაც ახალი, ენერგიული, რომ ბილიარდის ბურთულასავით გაგვაქანოს.

დღეს წვიმა იყო. ცოტა სიცივე და ღელვა. ხანდახან თითქოს დღეები, განწყობები და ჯერ არ მომხდარი მოვლენები მეორდება. შენ მწერ, რომ თბილისში ისევ იმართება გამოფენები, შეხვედრები, გერმანული ფილმების დღეები. მომაგონდა თბილისის წვიმიანი გაზაფხული, შენ და ვახოს რომ გემშვიდობებოდით და თუშეთში, რომ მივდიოდი „ხვალ“. გერმანიიდან რომ იყო სკოლაში გაცვლითი პროგრამის შემოთავაზება, მე რომ „უარს“ ვამბობდი და ამ უარის მიერ დატოვებულ განცდას, რომ მინდოდა გავქცეოდი მთაში. ისიც კი მახსოვს რა გეცვა იმ დღეს: კედები, ჯინსის შარვალი და ჯინსის Jacke (ალბათ ჯობდა ქართულად „ქურთუკი“ დამეწერა).

მომენატრა 17 ნომერი (თუ 17ა დღესაც არ მახსოვს. არასდროს არ მახსოვდა, მაშინაც კი როცა შენთან მოვყვებოდი) და შენი ფორტეპიანო.

და კიდევ ერთი რამ: საოცრად გამახარა შენმა გაურკვევლობამ. და იმის გაფიქრებამ, რომ შენც შეიძლება ევროპაში ჩამოხვიდე, კიდევ ერთი „ჯვარი“ დაუსვა იმას, რომ აქ (დროებით) დარჩენა გადავწყვიტო. მარტო ვერ ვძლებ აქ და შენც თუ აქ იქნები…

ვინ იცის იქნებ ესეც შენი თუშეთში დასიზმრებული სიზმრის გამეორებაა. ჩვენ გერმანიაში ვიყავით, შენ კი სამუშაოს ძებნით იყავი დაკავებული. მერე რომ გადაწყვიტე,მუსიკის გაკვეთილები ჩაგეტარებინა, მე კი წინდები მექსოვა.

გელი, მუდამ შენი ნუცა.

მეორე დილას ადრე გავიღვიძე, ნატოს ველოდებოდი ნემსის გასაკეთებლად უნდა მოსულიყო. ოთახში მარიტა შემოვიდა და გაუცხოებული და გაყინული ტონით მომმართა.

  • დედა! – ისე მეუცნაურა ეს მომართვა, რადგან მარიტა სულ დეეე-ს მეძახდა ხოლმე.
  • მშვიდობა გაქვს?
  • წავიკითხე, ყველაფერი…

ალბათ ავად რომ არ გამხდარიყავი ჯერაც ვერ გაიმეტებდი ამ ისტორიას ჩემთვის. და რატომ, რატომ… რატომ მომაკელი ის სითბო და ის ზრუნვა, რასაც მამის სითბო და ზრუნვა ქვია. რატომ უნდა მეგრძნო თავი ობლად, როცა ასეთი კარგი და საამაყო კაცის შვილი ვიყავი, რატომ უნდა დავმალულიყავი ჩემი კანის ფერის, ხმის ტემბრის და „აფროს“ გამო, რომელიც ამ ქვეყანაში სირცხვილია, სხვაგან კი საინტერესო, რატომ უნდა მეტარებინა ქართული გვარი, როცა მამაჩემი სხვა გვარს ატარებს. არ ვიცი, ეს 14 წელი როგორ უნდა გაპატიო!

სახლიდან გაიქცა და კარი მომიჯახუნა.

იქვე კართან ჩვიკეცე და ავქვითინდი. არ მქონდა მისთვის პასუხი. უფრო სწორად ის პასუხი, რაც მარიტასთვის მქონდა, მისთვის მისაღები არ იყო!

***

მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი. მოგვიანებით ლალიმ დამირეკა, რუისპირიდან ჯანსაღი სოფლის პროდუქტი  ჩამოვიტანე და მინდა გაგინაწილოო. ლალი მარიტას აღზრდაში მეხმარებოდა მრავალი წელი და ფაქტობრივად ჩვენი ოჯახის წევრივით იყო. ვთხოვე, შემოსულიყო სახლში. ვერაო, მეშინია კორონა, ან რამე ვირუსი არ მოგიტანოო. ჩანთა სადარბაზოს კართან დატოვა.

ჩანთა შემოვიტანე და ამოვალაგე: პომიდვრის საწებელი, ტყემალი, მაწონი, რძე, ყველი, კახური პური და პატარა კონვერტი. კონვერტი გავხსენი შიგნით 50 ლარი და პატარა წერილი იდო: “დადა (ასე მომმართავდა, 2 წლის მარიტას ლექსიკით), გთხოვ, არ გამიბრაზდე. მალე გამოჯანმრთელდი”.

ლალის ყოველთვიური შემოსავალი სულ რაღაც 300 ლარი იყო. გავიფიქრე, ღმერთო, რამდენი კეთილი ადამიანი მყავს გვერდით.

თავი X

მეათე ხუთშაბათი

ცისანას ისტორია:

  • დღეს ჩემი ისტორიის დღეა. მანანა, შენი წერილივით მხიარული ამბავი არ გამომივა, მაგრამ, მაინც გიამბობთ, – დაიწყო ომახიანად ცისანამ.

მეცხრე კლასი დავასრულე მაშინ. ნაადრევად დაქალდაო, რომ ამბობენ ისეთი გოგონა ვიყავი. აქტიური მოსწავლე და ერთგული მეგობარი. სკოლაში ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მე კი ერთი განსაკუთრებით მომწონდა. დათო ერქვა. ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა და ცხვირზე ალაგ-ალაგ ჭორფლები ჰქონდა მიმოფანტული. ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. ყოველ შესვენებაზე, ჩემს ოთახში შემორბოდა, ხან საღეჭ რეზინს მჩუქნიდა, „ლოვეს“ რომ ვეძახდით, ხანაც „ჩუპა-ჩუპსს“. იცოდა, რომ „ლოვეს“ „ნაკლეიკებს“ ვაგროვებდი და  მაქსიმალურად ცდილობდა გავებედნიერებინე.

შემოდგომაზე ბევრი კალია დახტოდა სკოლის ეზოში. ბიჭები იჭერდნენ, გოგოებს უკნიდან ეპარებოდნენ და მაისურში უცურებდნენ. მე დათოს ხათრით ვერავინ მიბედავდა ამას.

ერთხელ, სკოლის არდადეგები რომ იწყებოდა, ჩვენმა კლასელმა, რომლის მამაც სოფლის გამგებელი იყო, გვითხრა ჩემთან წამოდითო. დიდი სახლი და ლამაზი ეზო მაქვსო. არასდროს არ ვყოფილვართ თამუნასთან და ყველა სიხარულით დავთანხმდით.

მართლაც საოცარი ეზო ჰქონდათ. დიდი სახლი ბილიარდით და თეთრი, გერმანული როიალით (გვიან გავიგე ეს ვითომ გერმანული როიალი, „ფეიკი“, თუ როგორ ეძახიან ახლა? ეგ ყოფილა). დაახლოებით 9 ბავშვი ვიქნებოდით. სარდაფში ჩავედით და ბილიარდს ვთამაშობდით. უცებ გარედან ყვირილი შემოგვესმა. ოჯახის დიასახლისი, ნანული ხალათით, „პლოშადზე“ (თავად ასე ეძახდა) გადმომდგარიყო და ისტერიულად კიოდა:

  • თამუნა, გიგა, თამთა, თეა – სასწრაფოდ მოდით ჩემთან და დანარჩენები ამ ეზოდან გადაბრძანდითო.

ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი. ვერ მივხვდით, რას ვაშავებდით. მართლა არაფერი გაგვიფუჭებია. ნელი ნაბიჯით დავიწყეთ ეზოდან გადასვლა. ნანული კი არ ჩერდებოდა.

  • ბონდომ რომ მომისწროს რა პასუხი გავცე. რატომ არიან ეს ბავშვები აქო. თუ სიყვარულობანა გინდათ, გადაღმა გადაბრძანდით და იქ ისიყვარულეთო.

სახლისკენ გზას გავუყევით. რკინიგზასთან არაშენდელი ბიჭების ბირჟა იყო. ნასვამები თუ დაბოლილები იყვნენ. ჯიხურთან იდგა თეთრი ნივა. ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი, ნუგზარი ვიცანი. ერთხელ თამარის დაბადების დღეზე გავიცანი მელაანში. „ვალსი“ ვიცეკვეთ და ვიცოდი რომ მოვწონდი. ნახევრად ნამტირალები რომ დამინახა, ჩემთან მოვიდა. რა გატირებსო. მე ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ არც კი მინდოდა ვინმესთვის მეამბა ეს ისტორია. ამ ბიჭმა ხომ არ გაგაბრაზაო, გაიხედა დათუნასკენ. არა-მეთქი, ვუპასუხე.

  • დასხედით, სახლში მიგიყვანთ.

მე და დათოს ერთი გზა გვქონდა. არ მინდოდა მანქანაში ჩაჯდომა, მაგრამ ვიფიქრე რომ არ ჩავჯდე, უფრო გავაღიზიანებ ამ ბიჭს და დათუნას არ გადაეკიდოს-მეთქი. მანქანაში ჩავსხედით. საჭესთან ბადრი იჯდა. სახლის გზიდან გადაუხვია ბადრიმ. ლაკბის ტბაზე მინდა აგიყვანოთ. იცით, რა სილამაზეაო. მე არ მინდოდა ტბაზე წასვლა. მამაჩემი ძალიან მკაცრი იყო და სახლში გვიან დაბრუნებას გვიშლიდა. მალე დავბრუნდებითო. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. ძლივს მივაღწიეთ ტბამდე. მანქანა გაჩერდა. ბიჭებმა ნივის კარი გახსნეს და მთელი ძალით გადმოათრიეს დათუნა მანქანიდან. სცემეს და დასისხლიანებული ტბასთან დატოვეს. მე ბოლო ხმაზე ვკიოდი, მაგრამ ნუგზარმა ერთი მეც შემომილაწუნა. გონება დავკარგე და რომ გამოვფხიზლდი, უკვე ქვემო ალვანში ვიყავი, ნუგზარის ნათესავის ოჯახში.  მეორე დილას ჯერ კიდევ საძინებელში ვიყავი და ზალიდან ნათესავების და ნუგზარის დედის, დოდოს საუბარი შემომესმა. „რად მინდოდა მაგ კიბოიანის შვილი რძლად, მაგრამ მოსახდენი უკვე თუ მოხდა, თავს ზევით ძალა არაა“. ჩუმად საბანში გავეხვიე და ტირილი დავიწყე. მაშინ სხვა დრო იყო, მოტაცებული გოგოს სახლში დაბრუნება არავის უხაროდა. მამა ძალიან დადარდიანებული იყო და ვერც კი გავუბედე, წამიყვანე სახლში-მეთქი.

იმის შემდეგ ვეღარც სკოლა დავამთავრე, ვეღარც უნივერსიტეტში ჩავაბარე. გავაჩინე სამი შვილი და ახლა თავადაც ხედავთ, სად ვარ და რაც მჭირს. უი, მართლა რამდენიმე წელში თავად დოდოს აღმოაჩნდა სიმსივნე და მალევე გარდაიცვალა. ასეა ეს ცხოვრება თურმე. კაცმა არ იცის, ვის რა ელის.  

სულ მეფიქრება, ნანულის რომ არ გამოვეგდეთ სახლიდან, იქნებ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წასულიყო. მის კისერზე იყოს ჩემი ცოდვა.

  • ნუ იწყევლები ცისანა. ყველას თვისი გასაჭირი აქვს. იქნებ მართლა ეშინოდა ქმრის, – უთხრა მანანამ.
  • თუ შეიძლება მე წავალ, გაისმა ერთ-ერთი პაციენტის ხმა.
  • ახლავე მოგხედავთ, – უპასუხა მარინამ და დაიწყო გადასხმის სისტემის მოხსნა. 

უკვე ბინდდებოდა. მეგობარმა მომაკითხა და მანქანით წამომიყვანა. მანამდე ექიმთან შემომყვა. ექიმი გვერდით მოვლენებზე მაფრთხილებდა რაღაცას. შეიძლება მეხსიერების პრობლემაც შეგექმნათ და ბევრი რამე დაგავიწყდეთო.

  • ეგ კარგია, – წამოიძახა ლანამ. ეს გოგო მთელი ცხოვრება თავისი მეხსიერებით გვაკომპლექსებს მეგობრებს და დროა  უკვე რაღაც-რაღაცები დაავიწყდესო.

სამივე ვიცინით.

***

სახლში მივედი. მარიტა ცურვაზე იყო და იქიდან კლასელის დაბადების დღეზე აპირებდა წასვლას. ერთი დიდი და ლამაზი სკივრი მაქვს, რომელიც სავსეა ხელნაწერი, ნამდვილი წერილებით და ღია ბარათებით. ვიფიქრე მარიტას მოსვლამდე დროს გავიყვან და ძველ წერილებს გადავხედავ-მეთქი.

ჩემი ექიმის რჩევით გვირილას ჩაი გავამზადე და პირველივე კონვერტი, რაც ხელში მომხვდა გავხსენი. მიშელის გრძელი წერილი იყო, მესამე გვერდზე გადავშალე:

„ვფიქრობ, წინა საუკუნეებზე – ე.წ. სოციალური უთანასწორობის დროს რას აკეთებდნენ ადამიანები, ან რას ითმენდნენ. მგონია, რომ ადამიანი სულაც არ უნდა იწონებდეს თავს იმით, რომ მაიმუნზე უფრო განვითარებულია. კომპიუტერი გამოიგონა. წარმოგიდგენია? ადამიანი 20 საუკუნე და ჩვენს წელთაღრიცხვამდე კიდევ ამდენი, იყო მონა და ვერავითარი სასწაული მას ვერ ათავისუფლებდა. ითმენდა რაღაცას, მაგრამ რატომ, ეს არ იცოდა. ღმერთმა უთხრა, თავისუფალი ხარო.

მხოლოდ 1789 წელს მოხდა საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია და მე-20 საუკუნეში „ზანგები“ ჯერ კიდევ მონები იყვნენ. მრცხვენია, რომ ჩემმა წინაპრებმა არ მოახდინეს რევოლუცია ჩვ. წ. აღ-მდე  II საუკუნეში (ეს თარიღი შემთხვევით დავწერე, მაგრამ სადღაც ამ დროს მგონი მანუს კანონები იწერებოდა).

ვფიქრობ, ქრისტეც ასე იყო. დავანებოთ თავი იმას, რომ ღმერთი იყო. მან, როგორც ადამიანმა, თქვა: არა, ასეთი არ ვიქნები. ვიტყვი იმას, რაც მინდა და გავაკეთბ იმას, როგორც მინდა, თუნდაც ჩემი ხალხი რომის ქვეშევრდომები იყვნენ, დაე, რომი გახდეს ჩემი ქვეშევრდომიო. და ასეც მოხდა. აღფრთოვანებას ვერ ვფარავ!

პოლ ვალერის (შენს ნაჩუქარ წიგნში) აქვს ნათქვამი: კაცი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უცდია დამსგავსებოდა ღმერთს, უფრო პატარაა, ვიდრე კაციო.“

უცებ კარზე კაკუნი გაისმა. კითხვა შევწყვიტე. ეკა იყო, ჩემი კარის მეზობელი.

  • ბავშვებს ალადები გავუკეთე და შენ და მარიტასაც შემოგაწოდეთ, ჩაის მიაყოლეთო.

ეკა სულ მანებივრებს.

თავი XI

მეთერთმეტე ხუთშაბათი

ერთ-ერთმა პლასტიკური ქირურგიის ცენტრმა კონკურსი გამოაცხადაო, ჰყვებოდა ოთახში ახალი პაციენტი მშვიდად. ეს იმ ქალებისთვის არის, რომლებსაც პლასტიკური ოპერაციისთვის ფული არ აქვთო. გამოწერილ ფეისბუქ-გვერდზე უყურებდა ვიდეოებს, თუ როგორ ჰყვებიან ახალგაზრდა, ლამაზი ქალები თავიანთ ამბებს.

  • 35 წლის ვარ. უკვე ხუთი წელი გავიდა, რაც ოპერაცია გავიკეთე. ჩემს ქმარს დღემდე არ ვუნახავარ შიშველი.
  • ახალგაზრდა ვარ, 27 წლის. არც შვილები მყავს, არც ქმარი. ჩემი ოცნებაა, მქონდეს ლამაზი ძუძუები.
  • რაც ოპერაცია გავიკეთე, ისე დავმახინჯდი. სულ სიბნელეში ვიღებ შხაპს. მეშინია საკუთარი თავის.

კიდევ ბევრი ქალი ჰყვებოდა თავის ამბავს. გული ლამის გამისკდა.

რა სისასტიკეა-მეთქი, გავიფიქრე. აქაც შეჯიბრებაა. ვინ უფრო ლამაზად და შთამბეჭდავად მოჰყვება თავის ისტორიას, ის გაიმარჯვებს და გააკეთებს კლინიკის რეკლამას. არ ვიცი, შეიძლება ასე არ უნდა მეფიქრა. უბრალოდ უნდა მეფიქრა, რომ ერთი ადამიანი ხომ მაინც გაბედნიერდებოდა ამ შემოთავაზებით და 20 000 ლარს მოიგებდა, რომლითც შეძლებდა უფასოდ აღედგინა ლამაზი ძუძუები.

მაინც გავბრაზდი, იმ ადამიანების სახელით კონკურს გარეთ რომ  დარჩნენ და ტყუილი იმედი ჩაესახათ გულში.

***

სახლში დავბრუნდი მარიტა თავის ალბომს ათვალიერებდა, სადაც სურათებთან ერთად მისი ბავშვობის გამოთქმებიც უხვად მქონდა ჩაწერილი:

  • დეე, კუთხე რა არის?
  • ორი კედელი.
  • ანუ შვილები რომ დედიკოებს გააბრაზებენ და რომ დააყენებენ?
  • დეე, ცოლად მოყვანა რას ნიშნავს?
  • ….

ერთ დღეს მეზობლის ქორწილი იყო. წავიდეთო, მეპატიჟებოდა პატარა მარიტა. მე ვუთხარი, მიწვეული არ ვართ მაგ ქორწილში და ვერ წავალთ-მეთქი. გული დასწყდა. მე რომ გავთხოვდები, დიდ ქორწილს გადავიხდი და აუცილებლად დაგპატიჟებო, მითხრა.    

თავი XII

მეთორმეტე ხუთშაბათი 

თამუნას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ოთახში სამგლოვიარო განწყობა იყო. ხმას არავინ არ იღებდა. არც ცისანა ოხუნჯობდა, არც შლაპიანი ქალი გვაწონებდა თავს თავისი ევროპული ვოიაჟებით და ბოჰემური ცხოვრებით. თითქოს ყველა ცუდის მოლოდინში იყო. კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა, მარინა გაიხმო და ჩუმად ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მარინამ, “უი, საწყალიო”, -ჩაილაპარაკა და მალევე დაგვიბრუნდა. ალბათ თამუნას ბავშვს რამე დაემართა-მეთქი გავიფიქრე. მგონი სხვებიც ამას ფიქრობდნენ.  

  • ლაურამ დაგვტოვა, – თქვა ჩამწყდარი ხმით მარინამ. 

ამ ოთახში ვინმეს ცუდად ყოფნა და ვინმეს სიკვდილი პირდაპირ უკავშირდებოდა საკუთარი თავის გამოგლოვებას. „შენი აწმყო, ჩემი მომავალიაო”, ნახევრად ხუმრობით ეუბნებოდნენ ერთმანეთს.  

  • მინერალური წყალი თუ მოგინდეს, ორი მარცვალი ბრინჯი უნდა ჩააგდო ჭიქაში და გაზი სწრაფად გაუვა. გაზიანი წყალი თქვენთვის არ შეიძლება. 
  • კანი ძალიან გამომიშრა, ვერაფერს ვშველი, – ისმოდა პაციენტის შეწუხებული ხმა.
  • კანი თუ გამოგიშრა, ზეითუნის ზეთი წაისვი. თითები კი სოდიან წყალში ჩააწყვე, ფრჩხილები, რომ გაგიმაგროს.

ოთახში ისმოდა მარინას დარიგებები, მაგრამ თითქმის ვერაფერს ვიაზრებდი. ერთადერთი გადასხმის აპარატის წივილი მაფხიზლებდა. ვგრძნობდი, თუ რა ახლოს არის სიკვდილი. მეცოდებოდა ლაურა. ამდენი წვალების მიუხედავად, რომ ვერ გაიმარჯვა სიკვდილზე. 

უკვე სიარული მიჭირდა. ძვლები და სახსრები მტკიოდა. 16 გადასხმა გამიკეთეს. ამდენი ქიმიისგან 10 კილო დავიკელი. ძლივს გამოვლასლასდი საავადმყოფოდან. ფეხით სიარული და ბუნება მენატრებოდა. თურმე რა მშვენიერია ცხოვრება, როცა შეგიძლია, რაც გინდა ის აკეთო და რა მცირედია საჭირო ბედნიერებისთვის, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა სიარული გვიჭირს, სიარული კი არა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაც გვიჭირს.

მიშელი და მარიტა

Ⴋ Ⴋ

სახლში დავბრუნდი. მარიტა თავდახრილი დამხვდა. ბოლო კამათის შემდეგ, თითქმის აღარ გვისაუბრია. თვალებში არ მიყურებდა. ასე მაშინ იქცევა, როცა რაღაცის თხოვნა უნდა და არ იცის, რა რეაქცია მექნება. 

  • მამა ვიპოვე ფეისბუქზე და ვესაუბრე. საფრანგეთში დაბრუნებულა. მეპატიჟება. აქ გადმოდი სკოლაშიო. და-ძმებს გაგაცნობო და უნივერსიტეტშიც აქ ჩააბარეო, როგორც მე და დედაშენმაო. მოგიკითხა. თუ გათხოვდაო. შენი ამბავი ძალიან ეწყინა. ჩამოვიდეს, აქ საუკეთესო მკურნალობას ჩავუტარებთო და ყველაფერი კარგად იქნებაო. დედა! წავიდეთ რა მამასთან, გთხოვ?!   

რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი მარიტა მამასთან წავიდა! 

ჩემს წერილებში მიშელის მიერ გამოგზავნილი ერთი წაუკითხავი წერილი მქონდა, რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ მივიღე და არასოდეს გამიხსნია. ვფიქრობდი, მარიტა რომ გაიზრდება, შეიძლება მერე გავბედო-მეთქი გახსნა. ჰოდა, აი, დადგა წაკითხვის დრო. 

ელენ,

იმდენი რამე მინდა გითხრა… იმდენი კითხვა მინდა დაგისვა… იმდენ პასუხს მოველი შენგან… ამაოდ! 


მინდა ვიცოდე სად ხარ, როგორ ხარ, რას სუნთქავ, რას გრძნობ, რას განიცდი, რას ფიქრობ… მინდა ვიცოდე, როგორ მებრძვი, როგორ მიშორებ, ან როგორ მიფრთხილდები, როგორ მეფერები, როგორ მიგონებ, როგორ გაკლივარ, როგორ ბრაზობ, როგორ ოცნებობ იმაზე, რომ არ შემხვედროდი… როგორ, როგორ, როგორ… ამაოდ!

მე კი მ ტ კ ი ვ ა ! სული მტკივა, ხორცი მტკივა, თავი მტკივა, სხეული მტკივა. მტკივა ჩემი გრძნობები, ჩემი განცდები, ჩემი ემოციები… შენ მეუბნებოდი “მიშელ, თავი ხელში აიყვანე”. როგორ, როგორ ავიყვანო?! მთელი ცხოვრება ხელში დავატარებ ამ “თავს” და იმით ვიიმედებ, რომ არაფერი არ არსებობს. რომ ამ სიძლიერის გრძნობებს ადამიანები თავად იგონებენ, თავად თითხნიან, თავად ქმნიან… მეც მინდოდა ჩემი თავს ხელში აყვანით მივსულიყავი ამ დასკვნამდე. არ გ ა მ ო ვ ი დ ა! შენმა გამოჩენამ მომცა სიმყარის და სიძლიერის გრძნობა. განწყობა იმისა, რომ ა რ ს ე ბ ო ბ ს  ის, რისი დაჯერებაც მანამდე არ მინდოდა. არ არსებობს? მომეჩვენა? მოვტყუვდი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც სჯერა გულწრფელი გრძნობების, ადამიანების სიკეთის, სიყვარულის?

რა ვქნა? მითხარი, მირჩიე, მიბრძანე!

მე ყოველთვის ვიცოდი რა მინდა, რატომ ვიქცევი ასე, როგორც ვიქცევი! დღეს კი, გამომეცალა ყოველგვარი საყრდენი, ყოველგვარი იმედი, ყოველგვარი ძალა, რადგან არ ვიცი როგორ დავიწყო დილა… როგორ გავახილო თვალი, როცა აღარ მაქვს იმედი, რომ შენს ხმას გავიგებ ყოველ დილით, შენს „დილა მშვიდობისას“, როცა აღარ მაქვს იმედი, რომ ჩემი ძლიერი მკლავები გულში ჩაგიკრავს და შენი ტკბილი ტუჩები მეტყვის რამეს! ან, არაფერს მეტყვის… შენი სხეულის და სულის სითბო მოაღწევს ჩემამდე და დამამშვიდებს, ასე უ ს ი ტ ყ ვ ო დ ! 

შენმა გამოჩენამ დამანახა ცხოვრების აზრი და ახლა შენი ყოფნა და ამავდროული არ ყოფნა მაკარგვინებს სიცოცხლის სურვილს! საშინელებაა, როცა პოულობ შენს ადამიანს, შენი სულის და სხეულის, შენი გონების და გულის გაგრძელებას და კარგავ… კარგავ ასე უსიტყვოდ, ასე ჩუმად… 

მითხარი რამე, თუნდაც ყველაზე ცუდი. მინდა ვიცოდე, რა ვიყავი შენთვის, ან საერთოდ ვიყავი ღირებული? მნიშვნელოვანი? გრძნობდი ჩემსავით? ან საერთოდ გრძნობდი? 

თავი ასე გადაგდებულად არასოდეს მიგრძნია, მაშინაც კი, როცა მღალატობდნენ! მაშინაც შემრჩა ღირსება, ძალა, ენერგია, რომ გამეგრძელებინა და იმედით თუ უიმედოდ მეცხოვრა დარჩენილი ცხოვრება, დღეს კი… 

მითხარი რა ვქნა, რა ვიფიქრო… როცა ვხედავ, რომ თავიდან მიშორებ, მბლოკავ, არ აძლევ საკუთარ თავს ჩემი ხმის გაგების უფლებას, ჩემი SMS-ის წაკითხვის უფლებას, ჩემთან დარეკვის, ჩემი ჩახუტების უფლებას! არც საკუთარ თავს, არც მე… რა ვიფიქრო? ვიფიქრო, რომ მომისროლე, გამიმეტე, გადამაგდე, გამწირე??? ნუთუ შეგიძლია არ იფიქრო იმაზე, რას განვიცდი ახლა, როგორ განვიცდი… ნუთუ ზედმეტი იყო შენთვის ყოველი ჩემი სიტყვა, ჩემი გრძნობა… ნუთუ, ნუთუ… ან პირიქით, ვერ დაგანახე, ვერ გაჩვენე, ვერ გაგრძნობინე, ის რაც ყველაზე სათუთი, წმინდა და გულწრფელი იყო ჩემთვის… ვერ გაჩვენე ჩემი სიყვარული, ელენ.

დავიღალე! დავკარგე სურვილი მზის ამოსვლის, გათენების, ახალი დღის დადგომის… დავკარგე იმედი, რომ ოდესმე შენთან მოვალ! რომ მოგიტან ნარცისებს, ყველაზე სურნელოვანს და ლამაზს… დავკარგე სურვილი სიმღერის… დავკარგე სურვილი სუნთქვის… დავკარგე თავი, რადგან ეს თავი შენ მოგიძღვენი. აი ასე, ერთ წუთში, ერთ წამში, ასე ბრმად და ასე უსაზღვროდ დაგითმე საკუთარი გული და სული. ყველაფერი ის, რაც ვაგროვე დაბადებიდან დღემდე, დაგითმე შენ! და მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მკლავს, მახრჩობს… ცრემლი მახრჩობს, ტკივილი… მონატრება… მაბრაზებს ცხოვრების უსამართლობა! 

ნოემბრის კამერუნი.

მიშელ აბაგა-აინგონო

***

ამ წერილმა წარსულში დამაბრუნა. ვინ იცის 15 წლის წინ რომ გამეხსნა და წამეკითხა, სად ვიქნებოდით მე და მარიტა დღეს.

წერილმა გამახსენა ჩვენი სიყვარულის ისტორია. დამადარდიანა.

სასეირნოდ ტბაზე წავედი. ვფიქრობდი, ვფიქობდი, ვფიქრობდი. არ ვიცი, რა იყო სწორი და რა – არასწორი. როგორ უნდა მოვქცეულიყავი და როგორ არ უნდა მოვქცეულიყავი.

რამდენიმე თვის შემდეგ

თავს უკეთ ვგრძნობდი. ქიმიები და სხივური თერაპია დავასრულე. თმებმაც ნელ-ნელა დაიწყო ამოსვლა. სულ კულულები…

უკან მოხედვა აღარ მინდოდა. ცუდი სიზმარივით მინდოდა წყლისთვის გამეტანებინა ყველაფერი, რაც ბოლო 9 თვის განმავლობაში ხდებოდა ჩემს თავს. 

თავი XIII

  • მაისი

მზიანი და თბილი დილა გათენდა. ადრე გამეღვიძა. შხაპი მივიღე, ყავა დავლიე და ეზოში ჩავედი. ძველი, მაგრამ კარგად მანქანით მელოდებოდა ალექსანდრე. 

  • მაინც ვერ გავიგე, რა გვინდა სამეგრელოში, – მკითხა ჩვეული სიმშვიდით. ჩემგან უცნაურობებს იყო მიჩვეული და ვგრძნობდი, როგორ მოსწონდა ხოლმე გამოცანები. 
  • გზაში  გეტყვი სად. 

დაბალ ხმაზე ჩართული იყო მუსიკა. დიუკ ელინგტონი უკრავდა “In a Sentimental Mood”. ხან ვსაუბრობდით, ხან – არა, მაგრამ მის გვერდით ეს დუმილი ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც მასთან საუბარი. არ ვიცოდი, რომელი უფრო მომწონდა. ჩვენი ურთიერთაგება – სიტყვებით თუ უსიტყვოდ. 

როგორც იქნა მივუახლოვდით გურიფულს. სოფლის დასაწყისში პატარა ჯიხურთან შევაჩერეთ მანქანა, სადაც მოხუცებული ქალი ყიდდა სიგარეტს, კოკა-კოლას, ფანტას, საღეჭ რეზინს, პურს და მინდვრის ყვავილებს. ვკითხეთ, ამ სოფლის სასაფლაოსკენ როგორ მივიდოდით. 

აქ რამდენიმე სასაფლაო არისო. ვის საფლავზე მიდიხართ, რა გვარიაო, გვკითხა.

  • ლაგვილავა.
  • ლაგვილავების სასაფლაო იქით არის, მდინარეს უნდა გაცდეთ – მარცხენა მხარეს გაიშვირა ხელი ქალმა. სულ პირდაპირ უნდა იაროთ, დაახლოებით ორი კილომეტრი. 

ქალისგან მინდვრის ყვავილები ვიყიდე და გავაგრძელეთ გზა. მივუახლოვდით სასაფლაოს. ძალიან ცხელოდა. სათითაოდ დავიწყეთ საფლავების თვალიერება. 

სასაფლაო უკაცრიელი იყო და რთული იყო საფლავის პოვნა. უცებ ერთ საფლავთან ორი ქალი შევნიშნე, ვიფიქრე, იქნებ ამათ იციან, ლაურას საფლავი სად არის-მეთქი. მივუახლოვდი და ემოციებისგან გავშეშდი, როცა საფლავთან მანანა და ცისანა შევნიშნე. ლაურას ჯერ კიდევ დაუსრულებელ საფლავს კი ცისფერი კესანეები ამშვენებდა. იქვე სასაფლაოს ქვაზე ჩამოვჯექი და ავქვითინდი.    

დასასრული

მეორე დღეს კლინიკაში დამიბარეს. დაზღვევის საკითხები უნდა გამერკვია. უზარმაზარი რიგი დამხვდა. ბევრი თმაგადაპარსული ქალი. ზოგი ქიმიის გადასხმას ელოდა, ზოგი სხივურ თერაპიას, ზოგი ოპერაციას, ზოგი კი – “განაჩენს”.  

საავადმყოფოდან გამოსულს კიბეებთან გვანცა შემხვდა, გაბრწყინებული. გამოკვლევების პასუხი მოვიდა და სიმსივნე აღარ მაქვსო. პლასტიკა არ გავიკეთეო. დაე, ვიყო ისეთი, როგორიც ვარო. ჩემი ამბავიც იკითხა. ძალიან გაუხარდა, რომ კარგი პასუხები მაქვს. უი, კინაღამ დამავიწყდა, თამუნას ბავშვი გადაარჩინეს. ინკუბატორში ჰყავდათ. ახლა ორივე ჯანმრთელიაო, მომაძახა ბოლოს და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.  

შვებით ამოვისუნთქე. 

საავადმყოფოს შენობა უკან ჩამოვიტოვე. 

ჩანთიდან ჩემი საყვარელი სუნამო ამოვიღე, დავისხი და თავისუფლება ვიგრძენი. 

***

ადლობა ჩემს მეგობრებს. 

ადლობა ჩემს დებს.

მადლობა რომას, ქეთის, მარინას. 

ადლობა იმ უცნობ მამაკაცს, რომელმაც 2021 წლის 23 დეკემბერს TBC ბანკის ვაკის ფილიალში კონვერტში ჩადებული თანხა მაჩუქა (ჩათვალა, რომ უფულობის გამო ვტიროდი ასე) და მთხოვა, რომ ამ თანხით დაკარგული პირადობის მოწმობა აღმედგინა და ცხოვრებაში ასე არასდროს აღარ მენერვიულა! 

კონვერტი გვიან გავხსენი. შიგნით იმაზე ბევრად მეტი თანხა იყო, ვიდრე პირადობის მოწმობის აღდგენას სჭირდება.

2022 წლის ნოემბერი.

წიგნი II

მარიტას ნახატები

მარიტა

მარიტა და დედა

მარიტა და ვახო

ელენე და მიშელი

ბექა და გვანცა

გვანცა და ბექა

ორსული თამუნა

ნატალიას აუხდენელი სიყვარული

შობის ღამე. კოკოპელის ლოცვა

ვედრება, შობის ღამე, 24 დეკემბერი

აფრიკული ნიღაბი

აფრიკელები

აფრიკელი მუსიკოსები

კოკოკოპელი

კოკოპელი

კოკოპელი

კოკოპელი

ელენე და ალექსანდრე

ლაურა და სხვა ქალები

ნაწარმოებში გამოყენებულია რუსუდანის, სოფოს, მანჩოს და უჩას რამდენიმე წერილი.


[1] გამოყენების მოკლე ინსტრუქცია (გერმ.)

[2] გამარჯვების ეს დღე… (რუს.)

[3] ცხოვრება სჯის მათ, ვინც ძალიან გვიან მოდის (რუს.)

[4] ჩვენ ჩემპიონები ვართ, ჩემო მეგობრებო (ინგ.)

[5] ფაქტები გერმანიის შესახებ.

[6] ორი გარდენია შენთვის (ესპ.)

[7] „ჩერნობრივცი“ (უკრ.)

[8] ოჰ, ვიბურნუმი აყვავდა (რუს.)

[9] შუ, რა გემრიელია (გერ.)

[10] ამონარიდი გადაცემიდან „რა სად როდის“:

[11] ფული არ გვაქვს (გერ.)

[12] ოტოს მამა სიმსივნით გარდაიცვალა (გერ.)

[13] იღბალს კი არ მიენდო, არამედ ისწვალე (გერ.)

[14] ნუ მიმატოვებ.

[15] ვასილ ბესელია

[16] დიახ, დიახ (ფრ.)

[17] ჩვენ ყველაზე ძლიერნი და სასურველნი ვართ (ფრ.)

[18] ძალიან ლამაზია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს! (ფრ.)

[19] ჩემი ქართველი გოგონასთვის (ფრ.)

Older Posts »

კატეგორიები