Posted by: burusi | 03/03/2011

ნუცა ალექსი-მესხიშვილი – 1 მარტი

ელენე ახვლედიანი - ბაკურიანი

ნუცა ალექსი-მესხიშვილი – Nutsa Aleqsi-Meskhishvili

1 მარტი

ჩვენ ბავშვობაში ზამთრის თვეებს ძირითად ბაკურიანში ვატარებდით.

დეკემბრის ბოლოს მივდიოდით ბაკურიანში სათხილამურო „სბორებზე“ და მარტის ბოლოს ვბრუნდებოდით თბილისში.

ჩემი დაბადების დღე ძირითად ბაკურიანში იყო ხოლმე. გაზაფხული ბაკურიანშიც იგრძნობოდა. ჯერ კი ყველაფერი თოვლით იყო დაფარული, მაგრამ აქ იქ ტალახი და ასფალტი გამოჩნდებოდა, და ეს ნიშნავდა გაზაფხულის მოსვლას.

ვცხოვრობდით ან „ლიჟბაზაში“ ან „ბურივესტნიკში“ ან „გეოლოგებში”.

რამე დღესასწაულზე სასტუმროს რესტორანში თუ მოვხვდებოდით და ლანგეტს შემწვარი კარტოფილით შევჭამდით, ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი ბედნიერება.

იყო თბილისში ასეთი ბიჭი, მერაბ ქოქიაშვილი.

ერთ ერთ დაბადების დღეზე, 1 მარტს, გავიხედე „ლიჟბაზის” აივნიდან და ვხედავ მოდის მერაბი. რატომღაც ისე მახსოვს, რომ ღრმა თოვლში მოაბიჯებდა, ძნელად.

ხელში რაღაც ეჭირა.

მოვიდა, მომიახლოვდა, უსიტყვოდ გამომიწოდა ცელოფანის გამჭვირვალე პარკში რაღაც ნივთი, მოტრიალდა და უკან წავიდა, ისევ გაუკვალავ თოვლში გაუდგა გზას.

გამჭვირვალე პარკში იდო ნახმარი, დახაზული, ყველანაირი ჩასადების გარეშე შავი ფირფიტა: Deep Purpel.

ჩემთვის ეს ფირფიტა და Deep Purpel, მაშინ არფერს არ ნიშნავდა, არც ვიცოდი ამ ჯგუფის არსებობის შესახებ.

მერაბისთვის ეს იყო იმ მომენტში, მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი, რაც ყველაზე მეტად ენდომებოდა რომ ჰქონოდა.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები