Posted by: burusi | 08/08/2009

ლევან სანიკიძე – წიგნი თამარ შვიდმნათობიერისა

თამარ მეფე და მეფე გიორგი მესამე, ვარძია. ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია, ჩრდილოეთი კედელი

თამარ მეფე და მეფე გიორგი მესამე, ვარძია. ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია, ჩრდილოეთი კედელი

თერძული კეთილი ვთერძოთ და თესლი
სიმართლისა ვსთესოთ.

ძველი ქართული მანუსკრიპტი.

ნათელი დაუღამებელი უძღვის მეფობასა შენსა.

გრიგოლ ხანძთელი.

და თუ ვჰპოვებ მიწისა მზესა,
არა ვეძებ ცისა მზესა.

„ვისრამიანი“.

მიხარის _ გიმზერ,
ვჰსწუხვარ _ და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე.

გრიგოლ ორბელიანი.

„შეიბ მახვილი!“

თამარი გლოვად იჯდა. „შთაცმასა და დაფენასა ძაძისასა“.

ხოლო დარბაზი _ უზენაესი საკრებულო საქართველოს „შვიდთავე სამეფოთა“ _ ბჭობად იჯდა უძეოდ გარდასული გიორგი მესამის სამეფო მემკვიდრეობის თაობაზე.

კვლავ მხოლოდ თამარის გამეფება გადაწყვიტა დარბაზის ერმა. ყველამ სცნო, რომ თამარი თუმცა ასაკით ჯერ კიდევ „ყრმა“ იყო. მაგრამ, „მეცნიერებითა, ცნობიერებითა, გონიერებითა და შუენიერებითა“ _ სავსებით სრულქმნილი სამეფო-სადედოფლო პრინცესა.

შუამავლობა რუსუდანს სთხოვეს, გარდაცვლილი ხელმწიფის დას. შენ ერთადერთი დარჩენილხარო სამეფო სახლის მშობელი, შენი დიდი ხათრი აქვსო თამარს, ამიტომ შენვე ეახელ და სთხოვე, გლოვა იკმაროს და მამაპაპეული ტახტ-გვირგვინი ჩაიბაროსო; მობრძანდეს, „კურთხევითა გვირგვინოსან-ყოფად აღვიდეს“, განაგოს, „კიდენი ქუეყანისანი და მეფობდეს იგი ზღვითი-ზღუადმდე“.

თამარმა შეიწყნარა მამიდისაგან მოტანილი სამოციქულო.

გამოვიდა საგლოველი სენაკიდან.

ძაძა განიძარცვა, სახელმწიფო-სამეფო სამოსით მოიკაზმა და ხელმეორედ, ამჯერად ერთპიროვნულ მბრძანებლად, ავიდა ტახტზე „მზე იგი მზეთა და ნათელი ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა“.

როგორც წესი, დასავლეთ-ქართველ სასულიერო და საერო მესვეურთ უნდა მოერთოთ მეფე ხელმწიფური ინსიგნიებით.

უპირველესად ორი მიეახლა ღვთაებრივ ასულს _ ანტონ საღირისძე, ქუთათელი მთავარეპისკოპოსი და კახაბერი ერისთავი რაჭისა და თაკვერისა. მათ აიყვანეს საქართველოს ტახტზე თამარი და საქართველოს უმძიმესი და უმშვენიერესი გვირგვინი დაადგეს თავზე.

მერე სამეფო ხმალი მოიღეს და წინ დაუდეს დიდებულებმა: ვარდანისძეებმა, საღირისძეებმა და ამანელისძეებმა.

აიღო ხმალი იგი კახაბერ ერისთავმა, მიეახლა და წელზე შეარტყა გვირგვინოსან ქალს, ვითარცა ლაშქრის მთავარსარდალს.

„შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შვენიერებითა შენითა!“

აღლუმად დარაზმულმა ჯარებმა ერთგულების ფიცი მიუძღვნეს უმშვენიერეს ქალს, ხელმწიფეს და სამხედრო ხელისუფალს: „თაყუანისცეს, დალოცეს და ადიდეს სპათა შვიდისავე სამეფოსათა“.

ქალწულის მეფედკურთხევა დიდ სახალხო ზეიმად იქცა: „ამას შინა ჰკრეს სპერმურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილთა და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული და შუება და იმედი უიმედო ქმნილთა“.

ასე შეიქნა საჭეთმპყრობელი და მეფეთა მეფე საქართველოსი თამარ „შვიდმნათობიერი“.

იმავე დღეს თამარმა აურაცხელი საბოძვარი გასცა ხალხისთვის _ ობოლთა, ქვრივთა, უქონელთა და უპოვართათვის.

მიხაი ზიჩი ვეფხისტყაოსანი

მარცხიანი დასაწყისი

„ნეტავ რა არის მისთანა _ მეფე თამარ ქალისთანა!“ უკვე მღეროდა „წვრილი ერი“.

მაგრამ ქალი მაინც ქალია და ახლა დაგვიდგა დრო, დაკარგული პატივი დავიბრუნოთო, _ იფიქრეს დიდგვარიანმა აზნაურებმა და თამარის გამეფებისთანავე „ფიცი ყვეს“ და ჯერკვლად განაცხადეს: ადრინდელი ხელისუფლების (გიორგი მესამეს გულისხმობდნენ) დადგენილ „უგვარო და უხმარ“ მოხელეთა უფროსობას ვეღარ მოვითმენთო, ისედაც მაგ „უჯიშოთაგან“ ჩვენ, „დიდგვარიან მსახურეულთ“, ბევრი ზიანი და უპატიურობა გვიგემნიაო, ამიტომ დაუყოვნებლივ იმ „უჯიშოებს“ ხელისუფლება უნდა წაერთვათ და უზენაესი საპატიო და სამმართველო „სახელონი“ (თანამდებობანი) ძველ-დიდებულ გვარიშვილთა წარმომადგენლებს დაუბრუნდეთო.

მაშ, ისევ შეექმნა საფრთხე დიდი დავით აღმაშენებლის დროიდან წამოსულ უკეთილშობილეს განასაჯს, რომლის ძალით ხელისუფალ თანამდებობებზე დაწინაურება უნდა მომხდარიყო არა შთამომავლობით გვაროვნულ-წოდებრივი ნიშნეულობით, არამედ პირადი ღირსებებით, ნიჭიერებით, პატიოსნებით, მამულიშვილური თავდადებულობით. გიორგი მესამეც ხომ თავისი დიდებული პაპის მიმდევარი იყო და უმაღლესი „სახელოებიც“ ღირსეულ და ერთგულ უგვაროებისათვის დაერიგებინა, ხოლო რაც სასტიკსა და გულუძვრელ გიორგის ვერ შევბედეთ, ახლა დრო დაგვიდგა და „სუსტ ქალს“ უნდა დავათმობინოთო, დაადგინეს დიდგვარიანებმა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანასაც ფიცხლავ შეუდგნენ.

მათ უპირველეს ყოვლისა „უჯიშო ხელისუფალთაგან“ მიზანში ამოიღეს მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი ყუბასარ ნაყივჩაყარი და აფრიდონი, ძველად „აზნაურის ყმობაში“ ნამყოფი, შემდგომ გიორგი მეფისგან მსახურთუხუცესის პოსტზე აღზევებული.

თამარს ჭირვეული ყარყაშით აღვსილი მოთხოვნა შეჰბედეს: ყუბასარი და აფრიდონი თანამდებობიდან უნდა გადააყენო და ყოველგვარი ქონება უნდა ჩამოართვაო.

ყუბასარი ისედაც ფილენჯისაგან იყო დავრდომილი _ ენა, ხელი და ფეხი დაუქმებული ჰქონდა. ამასაც იმიზეზებდნენ გაფიცხებული დიდგვარიანები: ავადმყოფ კაცს ორი ესოდენ დიდი თანამდებობა _ მანდატურთუხუცესობა და ამირსპასალარობა _ როგორ უნდა ეჭიროსო.

თამარს მამისეული „გულუძვრელობა“ და სისასტიკე არ აღმოაჩნდა და თავისი დიდი ხელმწიფობის პირველი დღე მოიერიშე მტრის წინაშე დათმობით დაიწყო. ორივე, ყუბასარიც და აფრიდონიც, მამისა და პირადად მისი ერთგული და თავდადებული ადამიანები, თანამდებობიდან გადააყენა, თანაც ორივეს გიორგისაგან ბოძებული ციხე-ქალაქებიც ჩამოართვა: ყუბასარს _ ლორე, აფრიდონს _ თმოგვი, შემდგომში თამარს ავადმყოფი ყუბასარისათვის სიკვდილამდე ხელმწიფური პატივი არ მოუკლია, მაგრამ აფრიდონი კი დიდგვარიანთა „ნებითა“ სავსებით „მოიშალა და დაიმხო“.

ერთბაშად სამი უმაღლესი სახელო გათავისუფლდა: ამირსპასალარობა, მანდატურთუხუცესობა და მსახურთუხუცესობა.

ხოლო, სანამ დიდებულები დაცლილ თანამდებობებზე ერთიმეორეს ეცილებოდნენ და თამარსაც სასურველი კანდიდატების შერჩევა ვერ მოესწრო, უეცრად სატახტოში სავსებით მოულოდნელი ხმა გავარდა.

ეს იყო ვითარცა მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე.

„ისნის კარავი“

გიორგი მესამის დროიდან დაწინაურებულ „უგვაროთა“ შორის იყო მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი. არავინ იცის, როგორ მოხდა, რომ ყუბასარის და აფრიდონის დამამხობელმა დიდგვარიანებმა „უჯიშო“ და „უაზნო“ ყუთლუ-არსლანი დასამხობად „ვერ გაიმეტეს“, თუ „ვერ გაუბედეს“. ეს კი უეცრად შეიქნა საცნაური: ყუთლუ-არსლანს თავისი საკუთარი პოლიტიკური განაზრახი ჰქონია გამზადებული, საკუთარი და სავსებით განსხვავებული, მანამდე გაუგონარი და მოულოდნელი, მისი პოლიტიკური „ფორმულა“ ასეთი იყო:

ისანში, მეფის სასახლის გვერდით უნდა აშენდეს საგანგებო სასახლე _ „კარავი“, სადაც სწორედ მეფისაგან დამოუკიდებლად და მის დაუსწრებლად გაიმართება საგანგებო უმაღლესი საკრებულო „დასის“ სხდომები; აქ შეკრებილნი იქნებიან „გამგებელნი მიცემისა და მიღებისა, წყალობისა და შერისხვისანი“, ხოლო ამის შემდეგ, საკრებულოზე მიღებულ გადაწყვეტილებებს „ვკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალს; მაშინღა სრულიქმნებოდეს განგებული ჩუენი“.

ერთი სიტყვით, სრულიად უმაღლესი პოლიტიკური იმპერიუმი, რომელიც ქართველ მეფეებს ამდენ საუკუნეთა მანძილზე ხელთ განუყოფელად ეჭირათ, ახლა შუაზედ უნდა გაყოფილიყო: უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლება „ისნის კარავს“ უნდა დაეჭირა, ხოლო მეფეს მარტო აღმასრულებელი ხელისუფლება დარჩენოდა.

ასეთ განაცხადში სწორედ რომ დიდი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი აზროვნების სიმწიფე გამოსჩანს. სრულიად აზიის მხცოვან ისტორიას ასეთი რამ არ მოსწრებია, ხოლო რა იცოდნენ ყუთლუ-არსლანმა და მისმა „თანამოდასეებმა“, რომ მათი პოლიტიკური განასაჯი რაღაცნაირი „წინამორბედი“ უნდა გამხდარიყო გვიანევროპული „პარლამენტისა“, „გენერალური შტატებისა“, გინა „კონსტიტუციონალური მონარქიისა“.

არასოდეს არც ერთ მონარქს უბრძოლველად არ დაუთმია თავისი „აბსოლუტური იმპერიუმი“. თამარმაც პირველად სცადა ხელმწიფური სიმტკიცისა და ნებიანობის გამოჩენა. მან ძალიან კარგადაც შეაფასა, რასაც ნიშნავდა „ისნის კარავი“; ეს უნდა ყოფილიყო „დასასრული ხელმწიფობისა“ მისისა. ამიტომაც „იწყინა და გაიკვირვა უკლებელმან გონებითა და საუნჯემან სიბრძნისამან“. თან ისიც შეიტყო თამარმა: ყუთლუ-არსლანს თურმე „საკანონმდებლო კარვის“ დაფუძნებისა და მისი მეთაურობის გარდა, გადაწყვეტილი ჰქონდა მეჭურჭლეთუხუცესობასთან ერთად ხელთ ეგდო ამირსპასალარობა და ერისთავობა რეზიდენციით ქალაქ ლორეში.

ძალიან შორს აფრენას ლამობს თურმე ყუთლუ-არსლანი _ „ცხოვარი ჯორის სახედ ორ ბუნებისა მყოფელი“.

თამარის ფიცხელი ბრძანებით ყუთლუ-არსლანი შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს.

მაგრამ ყუთლუ-არსლანი თურმე მარტო არ ყოფილა. მას ჰყოლია თავისი „დასი“, ფიცით შეკრული, სწორედ ის „დასი“, რომელიც ისნის კარავში „კანონმდებელ საკრებულოდ“ უნდა დამჯდარიყო. თურმე ჯარიც ჰყოლიათ გამზადებული, რათა საჭირო შემთხვევაში მახვილის კვეთებასაც არ დარიდებოდნენ.

განდგომილებმა იარაღის ავი ჟღრიალით მოითხოვეს ბელადის გათავისუფლება.

თამარის მომხრეებსაც უკვე ჯავარდნებზე დაედოთ ხელი.

სისხლის სუნი ჩამოწვა.

ხოლო, თამარს ფიქრადაც ვერ წარმოედგინა, რომ მისი ხელმწიფობა ძმათაშორისი სისხლისთხევით დაწყებულიყო.

დიდი ხელმწიფური სიბრძნე, დახვეწილი ტაქტი და მომხიბლავი რომანტიკა გამოსჭვივის თვრამეტი წლის ქალი-ხელმწიფის გადაწყვეტილებაში ასეთ კრიტიკულ ჟამს. ქალმა-ხელმწიფემ სწორედ ქალის გუმანით იცოდა, რომ მისი თანამემამულენი _ სულ ერთია, მისივე მომხრენი თუ მოწინააღმდეგენი _ უზენაესი კრძალვით და პატივით ეპყრობოდნენ სწორედ ქალს, მათი ოჯახისა და ქვეყნის წმინდათაწმინდა კერპს, მის შეუვალ სიტყვას, მის წმინდა მანდილს.

და თამარმა საომრად აღძრულ მოწინააღმდეგეთა ბანაკში ყველაზე საპატიო დესპანები გაგზავნა _ ორი მანდილოსანი, კეთილშობილნი, სახით სახიერნი და ზნესრულობით უსპეტაკესნი, ორი „საპატიო დიოფალი“: ერთი _ ხუაშაქი ცოქალი, ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატის დედა; მეორე _ კრავაი ჯაყელი, „დედა აწ მყოფთა სამძივართა“ (ქართული არისტოკრატიული გვარი იყო სამძივარი).

მანდილოსანმა მოციქულებმა დააცხრეს „დასელების“ ავი ყარყაში. მათ გადასცეს თამარის ფიცი, რომ ყუთლუ-არსლანის გარდა არც არავის ბრალს დასდებდა, არც ვისმეს დასჯიდა, ხუაშაქმა და კრავაიმ იარაღაყრილი „მოჯანყეები“ თამართან მოიყვანეს, ქალთაგან მოყვანილებმა ქალი-ხელმწიფის წინაშე მუხლი მოიყარეს, თაყვანი სცეს და სამარადჟამო ერთგულება შეჰფიცეს. თავის მხრივ, თამარმა აღუთქვა, რომ „დარბაზის“ უფლებებს გააფართოებდა და დიდმნიშვნელოვან საკითხებს მასთან „თანადგომითა და ერთნებაობით“ გადაწყვეტდა.

ვარძია. ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. ჩრდილოეთი კედელი. თამარ მეფე. 1184-1186 წწ.

ვარძია. ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. ჩრდილოეთი კედელი. თამარ მეფე. 1184-1186 წწ.

დარბაზისერნი თამარ მეფისა

საგანგებოდ მოწვეული დარბაზის დასტურით თამარმა ახალი სავაზირო შეადგინა:

მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდელი _ მიქაელ მირიანისძე, მიქაელი იმავე დროს იყო ქართლის კათალიკოს-პატრიარქი. თამარს არ სურდა „პრემიერ-მინისტრობა“ მიქაელისა, რომელსაც გიორგი მესამის გარდაცვალებისთანავე რაღაცნაირად „მოევერაგა“ ეს დიდი მაგისტრატურა. მაგრამ ჯერხნობით დათმო კათალიკოსის სიძლიერის წინაშე.

მანდატურთუხუცესი _ ჭიაბერი, თამარის მამის გაზრდილი კაცი. ყუბასართან ერთად ჭიაბერის ერთგულებამ და თავდადებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა დემნა ბატონიშვილის შეთქმულების განადგურებაში.

ამირსპასალარი _ სარგის მხარგრძელი, შორეული წარმოშობით ქურთი, სარწმუნოებით გრიგორიანი, აღზრდითა და კულტურით ქართველი, იგი ადრე დემნა ბატონიშვილის მომხრეთა შორის აღმოჩნდა, მაგრამ შეთქმულნი მალე მიატოვა, ისევ მეფის ბანაკს დაუბრუნდა და ამის შემდეგ არც გიორგისათვის და არც მისი სახლეულისთვის აღარ უღალატნია (უფრო სწორად: ღალატი აღარ გაუბედნია, რადგან საამისო „ამინდი“ აღარ დასდგომია). ამირსპასლარობასთან ერთად თამარმა მას უბოძა ლორე და სომხითი.

მეჭურჭლეთუხუცესი _ კახაბერ ვარდანისძე, კაცი „დიდი და გუარიანი“.

მსახურთუხუცესი _ ვარდან დადიანი.

ამირახორი _ გამრეკელი თორელი, ესეც გიორგი მესამის დროს დაწინაურებული პოლიტიკოსი. გამრეკელმა თორელმა პირველმა მიატოვა დემნა ბატონიშვილის ბანაკი და თავისი ძალებით მეფეს შეუერთდა.

ჩუხჩარხი _ მარუშისძე.

ხოლო ერისთავებად თამარმა დაადგინა:

ბარამ ვარდანისძე _ სვანეთისა.

კახაბერ კახაბერისძე _ რაჭა-თაკვერისა.

ოთაღო შარვაშისძე _ აფხაზეთისა.

ამანელისძე _ არგვეთისა.

ბედიანი _ ოდიშისა.

რატი სურამელი _ ქართლისა.

ბაკურ-ყმა ძაგანისძე _ კახეთისა.

ასათ გრიგოლისძე _ ჰერეთისა.

ბოცო ჯაყელი _ სამცხისა.

მალე საეკლესიო საქმეებსაც მიჰხედა თამარმა. თვითონ გულმხურვალე ქრისტიანსა და უზენაესი ზნეობრივი სისპეტაკის მქონე დედოფალს დროზე შეუმჩნევია ზნეობრივი რყევანი ქართული ქრისტიანული ეკლესიისა, რომლის ზედა ფენაში კვლავ გამოჩენილან პატივმოყვარე კარიერისტები, გარყვნილი ვიგინდარა შარლატანები, ფულხარბი ანგარმადევარნი, თვით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მიქაელ მირიანისძე ყოფილა „უწესობათა“ მაგალითი, რადგან მან „წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყვერლობა და მწიგნობართუხუცესობა მოევერაგა უფლისაგან“, თამარს საეკლესიო ღონისძიებით სურდა თავგასული მღვდელმთავრობისათვის ერთდროულად ერთიც ჩამოერთვა და მეორეც _ მწიგნობართუხუცესობაც და კათალიკოსობაც. ამისთვის და საერთოდ და სხვა უპატიურ საეკლესიო პირთა განსაპატიჟებლად მოიწვია საეკლესიო კრება. იერუსალიმიდან ჩამოიყვანა განთქმული საეკლესიო მოღვაწე ნიკოლოზ გულაბერისძე, რომელსაც ადრე საქართველოს კათალიკოსობაზე უარი უთქვამს და უბრალო ბერული ჩოხით პალესტინას გადახვეწილა. თამარმა ნიკოლოზ გულაბერისძეს შეახვედრა ანტონ საღირისძე, ქუთათელი ეპისკოპოსი, „დიდად განთქმული სათნოებასა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით“.

ეს ორი „წმიდა ბერი“ უმეთაურა თამარმა საეკლესიო კრებას, თავგასული მიქაელ კათალიკოსის საპირისპიროდ.

წინასწარ თვითონ დამოძღვრა თამარმა ქრისტიანი მოძღვარნი:

ყოველივე კეთილად გამოიძიეთო, სიმართლე დაადგინეთ და გულბოროტნი განაძევეთო ეკლესიიდან; თუ მართალი არ ვიყო, ნურც მე მომერიდებით, რადგან ეს გვირგვინი მეფობისთვის მაქვს და არა ღმერთმბრძოლობისთვისო. მთავართა წინაშე სიმდიდრისთვის ნუ იმლიქვნელებთ და გლახაკთა ზედა სიმცირისათვის უპატიურად ნუ მოიქცევითო; სიტყვა იყოს თქვენი და საქმე ჩემი; თქვენ გვასწავლეთ, ჩვენ ვისწავლით: ხელი ხელს მივცეთო სჯულიერების დასადგენად „თქუენ ვითარცა მღვდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე; თქუენ ვითარცა მნენი, მე ვითარცა ებგური“.

ასე თქვა თამარ „ღმრთივ-განბრძნობილმა“, მცირე ხანს კიდევ დარჩა მისი სიტყვით მოხიბლული და განლიგებული საკრებულოს წინაშე, მერე ადგა, გულაბერიძისგან და ქუთათელისგან კურთხევა მიიღო და „წარვიდა პალატად თვისად“.

საეკლესიო კრება შფოთიანად წარიმართა. კათალიკოსი მიქაელი გააფთრებით იცავდა თავსაც და თავისიანთა თავგასულობასაც. ბოლოს, საქმე იმით გათავდა, რომ უღირსი ეპისკოპოსები გადააყენეს, მათ ნაცვლად ღირსეულნი დაადგინეს, მაგრამ თვითონ მიქაელს ვერც კათალიკოსობა დააგდებინეს, ვერც ჭყონდიდლობა და მწიგნობართუხუცეობა…

თამარი ჯერჯერობით „შეზღუდულ მონარქად“ რჩებოდა.

პირველი საქორწინო გვირგვინი

ვემთხვიო იმ ხელს, შენ დონემდე მე რომ მამაღლებს.

გოეთე, „ფაუსტი“

რისთვის მაგონებთ იმ ნახევრად-ქვრივობას ჩემსას

და ამ ქვრივობით გამოწვეულ უბედურებას?!

გოეთე, „მშვენიერი ელენე“.

18 წლის გოგონას ერთ წელიწადში მოუხდა უმძიმეს სახელმწიფო მოვლენათა მოვლა-პატრონობა: დიდებულთა შემოტევა, ერთგულ თანამოსაგრეთა დაცემა, ყუთლუსიანთა იერიში, ეკლესიის განწმენდა, ზვიად კათალიკოსთან და „პრემიერ-მინისტრთან“ ბრძოლა.

ახლა თამარი 19 წლისა იყო.

ერთი წელი ძლივს გასულიყო, რაც სახელმწიფო გვირგვინი დაადგეს თავზე.

ხოლო, ხელმწიფე-ქალისთვის მარტო ხელმწიფური გვირგვინი არა ყოფილა საკმარისი. თამარი ქალი იყო და უნდა გათხოვილიყო. საპატარძლო გვირგვინსაც უნდა დაემშვენებინა მისი უმშვენიერესი ხატება.

თვითონ უარს ამბობდა გათხოვებაზე, მაგრამ მას არც ეკითხებოდნენ. თურმე თამარის ქორწინებაც არა ყოფილა „თამარის საქმე“. დიახ, იგი უნდა გათხოვილიყო, მაგრამ არა როგორც ქალი კერძოობითი, არამედ როგორც მეფე-ქალი, რომელსაც თავისი ქმარი სახელმწიფოსთვის უნდა მიეძღვნა, ვითარცა ხელმწიფე და მხედართმთავარი. და იგი უნდა გამხდარიყო დედა, მაგრამ არა დედა როგორც კერძოობითი, არამედ როგორც დედა სახელმწიფოს სამეფო ტახტის მემკვიდრეთა და ვითარცა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი.

ასეთი უნდა ყოფილიყო „სახელმწიფო ჯვარისწერა“ 19 წლის თამარ მეფისა.

და საქართველოს მესვეურებიც უკვე დამსხდარიყვნენ მათი ხელმწიფე-ქალის ქორწინების გადასაწყვეტად.

თამარი საქმროს არჩევისათვის გამართულ ბჭობასაც არ დასწრებია. იგი ისე განაპირებულიყო, როგორც მორჩილი გოგონა ტირანი მამისა, რომელსაც სახლში სასიძოს შემოყვანა თვითონ გასათხოვარი შვილის დაუკითხავად გადაუწყვეტია.

მერე, ვინ უნდა ყოფილიყო ღირსი თამარის ქმრობისა?

ქალი _ საარაკო სიმშვენიერისა, „უკლებელი გონება და საუნჯე სიბრძნისა“ და მფლობელი აზიაში უმძლავრესი მონარქიისა.

ვინ უნდა გამხდარიყო ასეთ ბედნიერ განძთა მფლობელი, რომელი მეფე, უფლისწული თუ პრინცი?

საქართველოს სატახტოში უკვე მოდიოდნენ უშვენიერესი და უბრძნესი მეფე-ქალწულის დაუფლების სურვილით „ცოფ-ქმნილი“ სასიძოები, კეთილშობილნი, გმირნი, ნიჭიერნი, სახიერნი, „მიჯნურნი ლომნი და მზენი“, მოდიოდნენ და მოჰქონდათ ძღვენი უთვალავი, მოჰქონდათ აღთქმა სიყვარულისა, ერთგულებისა, თავგანწირვისა, მორჩილებისა, სულიერ-სჯულიერი თანადგომისა და თანაზორვისა.

„უბრწყინვალესისა და უნათლესის“ _ მაძიებელთა შორის პირველობდა ბერძენი უფლისწული ალექსი, ბიზანტიის კეისრის ძმისწული. თამარსაც უკვე აგრძნობინეს, რომ დარბაზის ერის ერთ ნაწილს სწორედ ალექსი მიუჩნევია საქართველოს ღირსეულ სასიძოდ.

მაშინვე ცივი უარი ბრძანა თამარმა: ბიზანტიელი უფლისწული ჩემი ნათესავია და მისი ქმრად შემოთავაზება უკადრის საქმედ მიმაჩნიაო.

უარი ბრძანა და საერთოდ, „უწადინელმან ქორწინებისამან“ ერთჯერ კიდევ „იაჯა ხსნა ქმროსნობისაგან“.

მაგრამ მაინც განაგრძობდა ბჭობას სამეფო დარბაზი _ საერონი, სამღვდელონი, სამხედრონი.

ღირსი სასიძო კი არ ჩანდა.

ოვსთა მეფის ორი ვაჟი ბრწყინავდა თამარის მთხოვნელთა შორის _ „შუენიერნი და სახე-კეთილნი მოყმენი, მოჰაჯენი და მთხოვნელნი, ღირსნი და მონდობილნი ჭაბუკობისანი“.

მაგრამ არც მათ გაუღიმათ ბედმა.

თითქოს-და მართლაც ქვეყნად „აღარ დაებადა ღმერთსა სწორი თამარისა“.

მთავარი მაინც ის იყო, რომ სამეფო კარს თამარის გათხოვება უფრო თავისთვის უნდოდა, ვიდრე ქვეყნისათვის.

ბოლოს და ბოლოს, უნდა თქმულიყო, თუ ვინ იქნებოდა სიძე საქართველოსი.

და ითქვა.

თქვა აბულასანმა, ქართლისა და ტფილისის ამირამ.

მე ვიციო ღირსი საქმრო თამარისა _ ესაა რუსი უფლისწული, სახელად გიორგი, გინა იური, შვილი ნოვგოროდის ხელმწიფის ანდრია ბოგოლიუბსკისა, იმ ანდრია დიდისა, რომელსაც მონებდნენ სამასი მთავარნი რუსთანი. ანდრია რომ მომკვდარა, გიორგი მცირეწლოვანი დარჩენილა და ბიძას გამოუდევნია ნოვგოროდიდან, ამჯერად გიორგი ყივჩაყეთში აფარებს თურმე თავს, ქალაქ სუნჯაში.

ეს მოახსენა აბულასანმა დარბაზის ერს და მაშინვე ყველა სხვა სასიძო ჩაიჩრდილა და ჩაიფერფლა. ძლიერად აჟღერდა „რუსი უფლისწული“, „ძე დიდი ხელმწიფისა“, „დიდი, ერთმორწმუნე ქრისტიანი ხალხის შთამომავალი“.

მაშინვე კაციც მონახეს, რომელმაც კარგად იცოდა ყივჩაყეთის გზები. ეს კაცი იყო მკვიდრი ტფილისელი დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი. დარბაზმა მას ფიცხელი ბრძანება მისცა, სასწრაფოდ ჩრდილოეთ კავკასიაში გადასულიყო, რუსი უფლისწული მოეძებნა და საქართველოში ჩამოეყვანა.

შეუსვენებლივ მიქროდა ზანქან ზორაბაბელი, დღეღამსწორებით, ცხენთა გამოცვლით, ქალაქ სუნჯას მივიდა, რუსი სასიძო მონახა და ქართველ მესვეურთა სურვილი და გადაწყვეტილება მოახსენა.

მოულოდნელმა სიხარულმა დაიპყრო გული დევნილი უფლისწულისა.

ძალზე მომხიბლავად ჟღერდა: თამარი და საქართველო!..

ზანქან ზორაბაბელმაც ფიცხლავ გამოუყენა რუსი სასიძო საქართველოსკენ.

თამარმა არც ახალი სასიძოს არჩევის შესახებ იცოდა რაიმე, არც მის მოსაყვანად კაცის გაგზავნა აუწყეს მას, ისე შემოიყვანეს რუსი უფლისწული ტფილისში.

„სამგზის სანატრელი“ თამარის საქმროს ხილვის მოსურნე ხალხი გამოეგება უცხო უფლისწულს.

სამეფო დარბაზიც გამოვიდა, კათალიკოს-პატრიარქი, ვაზირნი, მთავარნი და დიდებულნი.

ყველა მოიხიბლა.

მოვიდა სასიძო, „მოყმე სახე-კეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად“.

ბოლოს, თამარისთვისაც ხომ უნდა მოეხსენებინათ და მოახსენეს კიდეც: სასიძოც მოვიყვანეთ და ქორწილიც ახლავე უნდა გადავიხადოთო.

თამარი გააოგნა და აღაშფოთა ახალმა მოულოდნელმა კადნიერებამ.

ეს რა საკადრისიაო, კაცნო, ჩემს შეუტყობინებლად ასეთი საქმის გადაწყვეტა? ანდა, რა ვიცით ამ უცხო კაცის ხასიათი, საქმე და საქციელი? არა ვიცით რა მისი _ არცა მხედრობა, არც ბუნება, არცა რა ქცევა. მანამ მაინც მაცალეთო, სანამ მის სიკეთეს თუ სისუსტეს რასმე შევიცნობდეთ და შევიტყობდეთო, _ ბორგნეულად იძახდა თამარი.

მაგრამ არ ეშვებოდნენ, ჭირვეულად ეტანებოდნენ და ეძალებოდნენ. წინ რუსუდანი გაემძღვარებინათ, მისი მამიდა, რომლისადმი, ვითარცა დედისადმი, ესოდენი ხათრი და რიდი ჰქონდა თამარს. ჩასჩიჩინებდნენ: სამეფო სახლი უნაყოფოდ გარდაეგებაო, თუ ტახტის მემკვიდრე დროზე არ მოგვევლინებაო, მხედრობა მხედართუფროსს საჭიროებსო და სხვა მისთანანი.

ბოლოს და ბოლოს, „რაღასა მრავალს ვიტყოდით? შემდგომად მრავლისა ცილობისა“, გატყდა თამარი.

ამგვარად, „თვინიერ ნებისა თამარისა ყვეს ქორწილი“.

ხოლო, ქორწილი იყო „სახედაუდებელი და იგავმიუწვდომელი: სიმრავლენი სახეობათანი, ძღუნობანი და ნიჭებანი თუალთა და მარგალიტთანი, ოქროჭედილთა და უჭედელთანი, სიმდიდრეთა და ლართა კერულთა და უკერულთანი, მსგეფსამდე სიხარული, შუება, ძღუნობანი, გაცემანი“.

ასე განესრულა თამარ მეფის პირველი „სახელმწიფო ჯვარისწერა“ 1185 წლის მიწურულს.

საქორწინო ნადიმ-ღრეობის მეშვიდე დღეს უსიამო ამბავი მოვიდა სასახლეში: ტფილისიდან წასულ, იმედგაცრუებულ ოვს უფლისწულთაგან უმცროსს თამარისადმი „მოუთმენელი სურვილითა და სიყვარულით“ გზაზედ ბნედა შეჰყრია და ნიქოზის ტაძართან აღსრულებულა. იქვე დაუკრძალავთ, რაჟდენ პირველმოწამის ტაძარში, თამარის ტრფიალით სიცოცხლეწართმეული უფლისწული…

„დროშითა სვიანითა“

თამარისა და გიორგის ქორწინების წინარე ხანს ქართველებს ორჯერ მოუხდათ დიდი ბრძოლა სამხრეთიდან შემოსეულ დიდძალ მტრებთან.

ჯერ არანისა და გელაქუნის გზებით შემოიჭრნენ თურქნი „ქუეყანასა პალაკაციოს და ძაღლის-ხევად წოდებულსა“. გზა გადაუჭრა თამარის ლაშქარმა ძარცვა-რბევით მომდინარე ურდოს. გამრეკელი კახას ძე მიუძღოდა ქართველობას. სასტიკ ხელჩართულში „სვისაგან თამარ უძლეველისა მცირეთაგან დიდნი იძლივნეს“. მრავლად გაწყდნენ თურქნი. დიდხანს სდიეს ქართველებმა გაქცეულებს. დიდძალი ნადავლით წარსდგნენ, გამარჯვებულნი „წინაშე თვითმპყრობელისა“.

იმავე ჟამს კარნუ-ქალაქიდან, შამიდან (სირიიდან) და გარმიანიდან წამოვიდა უთვალავი თურქობა. მათმა მხედრობამ და ქვეითმა ჯარებმა გაავსეს კლარჯეთისა და შავშეთის ქვეყნები. გაუხდნენ მოიერიშე მტრებს გუზან აბულასანის ძე ტაოელი და ბოცო ბოცოს ძე ჯაყელი. „თამარის ბედზე და სახელზე“ საარაკო გმირობით შეებნენ თურქებს ტაოელთა და მესხთა ჯარები. ისევ „სძლია ბედმან და სვემან თამარისამან“ _ უამრავი თურქობა ჩახოცეს ქართველებმა შავშეთის, კლარჯეთის, ტაოსა და ბასიანის ხევებში. კვლავაც დიდძალი ნადავლ-ნაალაფევი და ტყვე-მომტერენი აახლეს ქართველებმა თამარ „ღმრთივ-გვირგვინოსანს“.

1186 წლის ადრიან გაზაფხულზე თამარმა ლაშქარი შეჰყარა სამხრეთ-დასავლეთ თურქთა დასალაშქრავად და დასაშინებლად. სარდლობა თანამეცხედრეს ჩააბარა. თამარის ბრძანებით „ააბეს დროშა სვიანი და ხმარებული“, წინ წაიმძღვარეს ჯვარი ძელიცხოვლისა, „მცველი და მფარველი მეფეთა სკიპტრისა“.

თამარმა მხურვალედ დალოცა ჯარი და მეუღლე-სარდალი.

პირველად მიუძღოდა გიორგი რუსი ქართულ მხედრობას.

ქართველებმა ზედიზედ დალაშქრეს კარის, კარნიფორისა და ბასიანის თურქთა ბანაკნი. ისევ „გამარჯუებულნი და აღვსებულნი შემოიქცეს და მოვიდეს წინაშე პატრონსა მას ღმრთივ-განათლებულსა“.

დიდი სიხარული ჰქონდა ქართველობას.

დიდი სიხარული უნდა ჰქონოდა სამეფო სახლობასაც, რამეთუ თამარის „სახე-კეკლუცი“ მეუღლე საომარ საქმეებში ფრიად გაწაფული აღმოჩნდა.

ამის შემდგომ სამხრეთით, დვინის მიმართულებით გაგზავნა თამარმა ლაშქარი. ამჯერად ქართულ მხედრობას მხარგრძელები სარდლობდნენ _ „ძენი სარგისისნი“ (ზაქარია და ივანე) და „ძენი ვარამისნი“ (ზაქარია და სარგისი). ქართველებმა დვინიც დალაშქრეს, მტერნი აოტნეს და ისევ „გამარჯუებულნი და აღვსებულნი და სახელოვანი მოვიდეს წინაშე მეფეთა“.

მერე, ზედიზედ, ერთმანეთის მიჯრით აეწყო ლაშქრობანი: „ლაშქრობდეს ქუემონი ქუემოთ, და ზემონი ზემოთ, და შუანი შუათ, და ყოველგან ძლევა-შემოსით და გამარჯუებით“.

1187 წლის ადრიან გაზაფხულზე თამარმა შორეული ლაშქრობისათვის გააწყო ლაშქარი. ამჯერად ერანის შუაგულის გავლით, პართიისაკენ უნდა აეღო გეზი ქართველობას. ამ დიდი, საპასუხისმგებლო ლაშქრობის უფროსობა ისევ თავის მეუღლეს, გიორგის ჩააბარა თამარმა. გიორგი რუსმა ისევ ისახელა თავი. მისი მოთავეობით ქართველებმა ეს შორეული ლაშქრობაც დიდი წარმატებით განასრულეს, იქაური ქალაქები აიღეს, ნადავლი და ტყვეები წამოასხეს და ისე მობრუნდნენ „თამარს სუე-სრულსა და ნათელ-ბრწყინვალესა წინაშე“.

პართიაში ძლევამოსილი ლაშქრობის შემდგომ თამარი და მისი სახლობა იმერეთს გადავიდა „განსასვენებლად“. მერე იქიდან გამობრუნდნენ და შირვანს გაემართნენ ბრწყინვალე ამალით. შემოეგებათ შირვანშაჰი „დიდითა ნიჭითა და ძღუენითა“. რამდენიმე დღის ბჭობის, ნადირობისა და „განსუენების“ შემდგომ ქართველთა ხელმწიფეებმა შირვანშაჰი დატოვეს „პატივითა ძმებრივითა“ და ისიც ქართულ სამეფო კარს კვლავ „მონებდა და მსახურებდა მონებითა ყმებრივითა“.

ტფილისს მობრუნებულმა თამარმა შეიტყო, რომ კვლავ დამდგარიყო გელაქუნს თურქმანთა ურდო, სიმრავლით „ზღვის ქვიშა სახეობითა“. ისევ წარგზავნა თამარმა გიორგი ლაშქრით. ქართველები გელაქუნს ჩაიჭრნენ, თურქებს „დაესხნეს, ამოწყვიტეს და აღიღეს დიდძალი ნატყუენავი და იავარი“. უკან, საქართველოსკენ გამობრუნებულთ, უეცრად ახალი ურდო შემოესიათ _ „ყოველი თურქმანობა“, რომელთაც შამელი დიდებულები მოუძღოდნენ _ როსტომ და იალღუზა-ალფესი. ესენი თურმე ყიზილ-არსლან ათაბეგს დაუქირავებია საქართველოს ასაოხრებლად.

შეუტრიალდნენ და შეეგებნენ მტერსა ახალსა „მოყმენი თამარისანი“. ისე შეებნენ, შეუტიეს და გააქციეს, რომ თურქთაგან ერთმანეთს „უსწრებდა ბერი ყრმასა და ყრმა ბერსა, პატრონი ყმასა და ყმა პატრონსა“.

ისევ „დიდი ძლევით“ შემკული საომარი დროშებით წარდგა ქართული მხედრობა, „წინაშე მეფისა და დედოფლისა ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ჩრდილოეთისა და სამხრეთისა“.

1187 წლის მიწურულს კიდევ ერთი დიდი ბრძოლა გადაიხადეს ქართველებმა. ამჯერად ჰერეთის ერისთავმა ასათ გრიგოლისძემ მეფე-დედოფლისგან განძის დალაშქვრა ითხოვა. თამარმა დასტური ბრძანა. ისევ გიორგი რუსი წარუძღვა ლაშქარს; თან ახლდნენ მხარგრძელები და მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი. განძა აიღეს, დაარბიეს და მერე ბელაყნამდის აუყვნენ ლაშქრობით. შემდეგ რახსის ნაპირებს შეუდგნენ და მასისამდე მოარბიეს. ამ ლაშქრობებში დიდი რაინდული სიმამაცით თავი გამოიჩინეს ვარდან დადიანმა და თვითონ სარდალმა გიორგი რუსმა.

1187 წელი მიიწურა, დიდ ძლევამოსილებათა წელი.

ამ წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: გარდაიცვალა ამირსპასალარი სარგის მხარგრძელი. მის ნაცვლად თამარმა დანიშნა ამირახორი გამრეკელი თორელი.

მეორე საქორწინო გვირგვინი

ქალო თამარო, ახ, ვის მისწერა?

მინდორს გეძინა, _ დავით მეფესა,

ზედ რა გეხურა? _ რითი დაწერა?

_ ზარი ზარბაბი… _ ბროლის თითითა.

_ მოველ, აგხადე, _ შიგ რა ჩასწერა?

სამი გაკოცე, _ დიბა, ატლასი…

სამმა კოცნამა _ რითი გაგზავნა?

ფერი გიცვალა, _ ნიავ-ქარითა.

ფერმა ნაცვალმა _ რით წაიკითხა?

წიგნი დაწერა… _ სისხლის ცრემლითა…

ხალხური

და იყო საქართველო „ამას ესევითარსა მშვიდობასა, გამარჯუებასა და ზეობასა“.

და უეცრად, ასეთი „ზეობის ჟამს“, სავსებით მოულოდნელად, დამანგრეველი, მეხის სიმძლავრით გავარდა „უცხო რამე და უმსგავსო საქმე, შეუმსგავსებელი და დაუჯერებელი კაცთა გონებისაგან“.

თამარის ქმარს ყოვლად შეუწყნარებელი ჩვევები აღმოაჩნდა.

განუზომლად სვამდა, უზომოდ მთვრალი მეფისათვის უკადრის სახედ ლაზღანდარობდა და ჯამბაზობდა, შფოთსა და აყალმაყალს სტეხდა, შიმუნვარ ქალებს ებღლარძუნებოდა და ელაციცებოდა.

ყველაზე უარესი მაინც მისი სოდომური სენი ყოფილა. ხოლო, ამის შეწყნარება ყოვლად შეუძლებელი იყო.

თამარი ორწელიწადნახევარს იბრძოდა ნაძალადევი მეუღლის „გამოსასწორებლად“ და გასაკურნებლად.

ეს იყო ბრძოლა იდუმალი და თავგანწირული.

ითმენდა თამარი, „ვითარცა გურდემლი“.

ყველაფერი ამაო გამოდგა.

ორწლინახევრის შემდგომ გიორგის უმძიმესი მანკიერების ამბავი მეფე-დედოფლის მტკიცედ დაგმანული სანთიობოს კარებიდან გამოიჭრა და ყველასათვის საცნაური შეიქნა.

სასახლის კარს თავზარი დაეცა, ატყდა ყრუ დრტვინვა, მითქმა-მოთქმა და მიეთ-მოეთი. სირცხვილით ალანძული დააბოტებდნენ სადარბაზოში თამარის უიღბლო ქორწინების მოთავენი.

ახლა აშკარად, პირდაპირ მიუჩინა თამარმა გიორგის მკურნალნი და მწვრთნელნი. გიორგი არავის იკარებდა, არავის უსმენდა, მოძალებულ „მწურთვნელებს“ ლანძღავდა, სცემდა და „ასოთა აღმოგდებით“ სტანჯავდა.

ბოლოს, ბიბლიური იერემიას სიტყვებით ამცნეს თამარს უკურნებლობა გიორგისა:

„ვკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა“.

თამარსაც უკვე აღარ შეეძლო მეტის დათმენა.

დარბაზის ერი შეჰყარა, ტახტზე დაბრძანდა და მის წინ მდგარ გიორგის საჯაროდ განუცხადა:

„თუმცა საღმრთო სჯული გვასწავლის, არა განვეშოროთ პირველსა საწოლსა, მაგრამ რაკი მე არა მიძლავს განმართვა მრუდე ხის აჩრდილისა, უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა მე შენ მიერ“.

ეს ბრძანა, მაშინვე ფეხზე წამოდგა და სადარბაზოდან გავიდა.

ვაზირები, ერისმთავრები და ეპისკოპოსები კარგა ხანს მდუმარედ შესცქეროდნენ გიორგის, რომელსაც თითქოს სავსებით გასცლოდა სიცოცხლის ნიშატი.

ბოლოს, რუსუდან დედოფლის წარდგინებით, დარბაზის ერმა გადაწყვიტა გიორგის განპატიჟება საქართველოდან.

საქართველოს მეფეთამეფე ქალი იყო და ვითარცა ქალმა, „ცრემლდინარებასა შინა“ გამოიტირა თავის უიღბლო ჯვარისწერა.

მისმა მცირე ამალამ მიაცილა გიორგი შავი ზღვის პირამდე. ჩასვეს ხომალდში, რომელიც თამარის ბრძანებით ადრევე აევსოთ „აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“.

გიორგი კონსტანტინოპოლისაკენ მიცურავდა, უკან დარჩა ორივე საყვარელი ქვეყანა _ რუსეთი და საქართველო.

წავიდა „უბედური გიორგი“ და დარჩა „უბედური თამარი“.

დარჩა, ვითარცა ათენა, სიბრძნისა და მეომრული რომანტიკის მეუფე ღმერთ-ქალი, მარად ქალწული პართენოს…

ისევ დაიძრნენ „უზენაესი სასიძოები“ საქართველოს სატახტოსაკენ. მოდიოდნენ ქრისტიან და მუსულმან სამეფო ინსიგნიათა მფლობელნი, მემკვიდრენი, თუ ხელმწიფური მემკვიდრეობის მაძიებელნი.

მოდიოდნენ „მეტრფენი მეფეთა მეფე თამარისა“, შორეულ-უცხოელნი და შინაურ-კავკასიელნი.

მოდიოდნენ „აღმოსავლით დასავლეთამდი“.

მოდიოდნენ თამარის „სახებრწყინვალეობით გახელებულნი“, დიდძალი ძღვენით, ხანგრძლივი დროით, მშობლიური ქვეყნისა და სჯულის „შეწირვით“, ოღონდ კი ეპოვნათ ხელი თამარ „შვიდმნათობიერისა“.

უკვე ძალიან ფრთხილობდნენ საქართველოს მესვეურნი. აკი მათი მიზეზით, ნასწრაფევი დაუკვირვებლობით და სიჯიუტით, ესოდენ დაისაჯა მეფე-ქალი.

უარი უთხრეს ბიზანტიელ უფლისწულს.

უარი უთხრეს ასურასტანის, მესოპოტამიის, ერაყისა და სირიის ტახტის მემკვიდრეებს.

უარი უთხრეს იკონიის (რუმის) სულტანის ყიზილ-არსლანის ძეს, რომელიც მამამ ციტადელში ჩაჰკეტა, ისლამიტური სჯული რომ არ დაეგდო და ველად არ გაჭრილიყო თამარის სიმშვენიერით „ხელქმნილი“ მემკვიდრე.

მერე, 1188 წლის შემოდგომაზე კარნუ-ქალაქიდან (არზრუმი) მოვიდა „სალდუხის ძის ძე, მუტაფრადინ“. ყველაფრის შეწირვისათვის მზად იყო მუტაფრადინი, ოღონდ კი თამარის ქმრობას ღირსებოდა. იგი მოვიდა „დიდითა ლაშქრითა, მრავლითა დიდებულითა, ხოჯაებითა და საჭურისითა, მონებითა და მხევლითა, ბარგითა და სიმდიდრითა, სახელმწიფოთა ძღუნითა კმასაყოფინელითა, თუალისა და მარგალიტისა, საჭურჭლეთა და ლართა თანა ავაზებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა“.

ქართველებიც „წესისაებრ სახლისა სახელმწიფოსა მიეგებნეს“. არც ის გაუხსენებია ვინმეს მუტაფრადინისთვის, რომ მისი პაპა სალდუხ-ამირა ანისზე შემოსევისას თამარის პაპამ, დემეტრე მეფემ, სასტიკად გაანადგურა, კიდევაც დაატყვევა და მერე ტყვეობიდან განუტევა დიდსულოვნებით…

აუდიენციაც „წესისაებრ“ ჩატარდა თამარის სადარბაზოში. სტუმარი აღმოსავლური წესით ეთაყვანა საოცნებო მეფე-ქალს. ეს იყო და ეს. ამის შემდგომ მხოლოდ „რამინისებრი ცრემლთა ნაკადთ-მრავლობა“ შერჩა მუტაფრადინს. თამარს აღარ უნებებია მასთან შეხვედრა, ხოლო ქართული სასახლის კარი დიდის პატივით ართობდა სტუმარს, რომელსაც თითქოს აღარც კი სურდა საქართველოდან წასვლა. გაუთავებელ ღრეობა-ნადიმობას, ზმა-სმასა და ნადირობაში გავიდა შემოდგომა და ზამთარი. თამარმა ზამთარი ქვემო ქართლში გაატარა. ღანუყობის (გაზაფხულის) დამდეგს თამარი ტფილისს დაბრუნდა და მუტაფრადინსაც იმედი მიეცა, იქნებ ახლა მაინც ვიხილოო „ამაყი და ლაღი“ დედოფალი. მაგრამ ქართველმა დიდებულებმა, „შესატყვისობისად თამარისა“, სასიძოს სულიც არ მოათქმევინეს, ისე გააქანეს ტფილისიდან. ამჯერად ქვემო კახეთისა და რანის სანადირო მინდვრებსა და ტყე-მაღნარებს შეუყენეს, აქაური დიდკაცობის შეხვედრებითა და თანხლებით.

როცა ტფილისს მობრუნდნენ, დედოფლის ხილვის უსაზმნო ლოდინითა და უთავჟამო ნადიმობა-ნადირობით დაქანცულ მუტაფრადინს უარი ათქმევინეს „მიუწვდომელი“ თამარის ხელის ძიებაზე. სამაგიეროდ აღუთქვეს, რომ ცოლად მაინც თამარის მამის ასულს შერთავდნენ (?!).

თურმე გიორგი მესამეს ხარჭისგან ნაშობი ასული ჰყოლია ერთი, სწორედ ის შესთავაზეს მუტაფრადინს. რაც უნდა ყოფილიყო, მაინც თამარის „სისხლისად“ ითქმოდა ეს ქალი და რაკი „სხვა მხრივ“ საშველი აღარ იყო, მუტაფრადინმა ესეც დიდ პატივად ჩასთვალა და „თამარის სიძობას“ დასთანხმდა. ქორწილიც ტფილისში გადაიხადეს. მერე დიდძალი მზითევით, ძღვენითა და საბოძვარით დატვირთული სიძე-დედოფალი არზრუმს გაისტუმრეს.

ბოლოს, კიდევ ერთი „მაღალი სასიძო“ მოვიდა ტფილისს. ეს იყო შირვანშაჰი აღსართან, „მიხდილ ცნობათა სიყუარულისაგან“ თამარისა. გარეგნულად, ვითომც სტუმრად და „რეცა დარბაზობის სახედ“ მოსულიყოს შირვანშაჰი საქართველოში, მაგრამ ნამდვილი ამბავი ძალიან მალე გამომჟღავნდა: თურმე ისიც „სჯულის დაგდებას“ აპირებდა, ოღონდ კი თამარის ქმრობას ჰღირსებოდა. პირადად თამარისთვის ვერ გაებედნა და დიდი საგანძურის გაღებითა და ხვეწნა-ქენებით მასთან დაახლოებულ დიდკაცობას სთხოვდა შუამდგომლობას. განსაკუთრებით ქრთამის მოყვარე მიქაელ კათალიკოსზე მიუტანია იერიში აღსართანს. თამარმა ყველა შუამავალი გაკიცხა, შეარცხვინა და ბოლოს მკაცრად ბრძანა: კვლავ აღარავინ გამიბედოსო ამ საქმეზე თქმა რაიმესი.

ასე რომ, შირვანშაჰიც დაბრუნდა შირვანს დიდად მჭუნვარე, თუმცა უხვი ძღვენით ჯორკიდებული.

მოდიოდნენ და მიდიოდნენ სასიძოები.

ერთი წელი კი გავიდა გიორგი რუსის განტევებიდან. საქართველოს სამეფო ტახტს უმემკვიდრეობა ემუქრებოდა. ამიტომ „მოეცვა შვიდივე ესე სამეფო შეჭირვებასა“.

მაგრამ, გამოჩნდა ღირსეული საქმრო თამარ „სუე-სვიანისა ხელმწიფისა“.

ეს იყო დავით სოსლანი, ოვსთა მეფის, ჯადრონის ძე.

წარმოშობით დავით სოსლანი ბაგრატიონთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. გაიხსენე, მკითხველო _ მეფე გიორგი პირველს, დედოფალ მარიამის გარდა, „მეორე ცოლიც“ ჰყავდა _ ალდე, ოვსთა მეფის ასული, რომლისგანაც დაიბადა დემეტრე. ალდე და დემეტრე გიორგის სიკვდილის შემდგომ აფხაზეთში აფარებდნენ თავს, ქალაქ ანაკოფიაში. დემეტრე ერთ ხანს, ბიზანტიის კეისრისა და ლიპარიტ კლდეკარელის დახმარებით, ამაოდ ცდილობდა საქართველოს ტახტის დაუფლებას. მას სიკვდილის შემდგომ მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა, სახელად დავითი. ჯერ კიდევ ცოცხალმა ალდემ თავისი შვილიშვილი აფხაზეთიდან ოვსეთს გადაიყვანა, თავის-სახლობაზე. დავით დემეტრეს ძე ოვსთა მეფის კარზე გაიზარდა, მეფის ერთადერთი ასულიც შეირთო და სიმამრის სიკვდილის შემდგომ ოვსეთის სამეფო ტახტიც ჩაიბარა. დავითის შემდგომ ოვსეთს (რასაკვირველია, საქართველოს მეფის ხელქვეით) განაგებდა მისი ძე, სახელად აგრეთვე დავითი. სწორედ ამ დავით დავითის ძეს ცოლად ჰყავდა დავით აღმაშენებლის უმცროსი ასული _ თამარ მრწემი. ამ ქორწინებამ წარმოშვა ათონი, ხოლო ათონის შემდგომ ოვსეთის ტახტზე დაჯდა ძე მისი ჯადრონ. სწორედ ამ ჯადრონის, გიორგი პირველის მეექვსე შთამომავლის ვაჟი იყო დავით სოსლანი.

ისედაც, დავით სოსლანი თამარის მამიდას, დედოფალ რუსუდანს ჰყავდა ნაშვილები, რუსუდანის სახლში იყო აღზრდილი, ისე ვითარცა თვითონ თამარიც დიდად იყო დავალებული მამიდის დედობრივი მზრუნველობისაგან.

მომხიბლავი ვაჟკაცი იყო დავით სოსლანი, „ყრმა ფრიად შუენიერი ასაკითა, ვითარცა შუენის მეფეთა შვილსა“, „ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან სახელმწიფო“.

ეს, რაც შეეხება გარეგნობას და გვარიშვილობას. ხოლო, საომარ ხელოვნებაში იყო ნამდვილი „ჭაბუკი და ლომი მისათხრობელი… შემმართებელი, მოლაშქრე მკვირცხლი“, სწორუპოვარი მშვილდოსან-მოისარი, „რაინდობითა უსწორო“ ცხენოსანი, დაუღალავი მცურავი და მოასპარეზე.

ბოლოს, „ზრდილობითა კეთილად წურთილი“, დიდად განსწავლული მწიგნობარი, მეცნიერი და მორალისტი ყოფილა ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე აღზრდილი უფლისწული.

სხვა მხრივაც ბუნებრივი უნდა ყოფილიყო თამარის საქმროდ დავით სოსლანის მინიშნება. ესაა ტრადიციული მოყვრობა ქართულ და ოსურ სამეფო სახლეულთა შორის. სომეხთა შემდგომ, არავისთან ისეთი ხშირი მოყვრულ-ნათესაური ურთიერთობა არ ჰქონიათ ქართველ მეფეებს, როგორც ოვსეთის სამეფო კართან (მანამდელ ისტორიას გადავხედოთ: ოვსთა მეფეს ცოლად მისცა ფარნავაზმა თავისი ერთადერთი დაი; გიორგი პირველს „მეორე ცოლად“ ჰყავდა ოვსთა მეფის ასული ალდე; ბაგრატ მეოთხეს ცოლად ჰყავდა ოვსთა მეფის ასული ბორენა; ოვსეთის მეფეს ცოლად ჰყავდა დავით აღმაშენებლის უმცროსი ასული; გიორგი მესამეს ცოლად ჰყავდა ოვსთა მეფის ასული ბურდუხანი).

მაშ, გადაწყვიტა სამეფო დარბაზმა დავით სოსლანი მეფეთამეფე თამარის საქმროდ. ისევ დედოფალ რუსუდანს აცნობეს და შუამავლობაც მასვე სთხოვეს თამართან. რუსუდანმაც ფრიად გაიხარა და მაშინვე გაეშურა სასახლისაკენ.

მშვიდად მოისმინა თამარმა მამიდის რჩევა და შუამდგომლობა. ფიქრს ჩაუღრმავდა მეფეთამეფე. იგი კარგად იცნობდა დავით სოსლანს, ამიტომ ყოყმანიც არ უნდა დასჭირვებოდა, ისე უნდა ეთქვა ან „ჰო“, ან „არა“. ბოლოს, ხანგრძლივი ფიქრის დასკვნა ასე ბრძანა თამარმა:

ღმერთი არის მოწამე, არასოდეს ჩემი გული ქმროსნობის მოწადინე არა ყოფილაო. არც პირვანდელი ქორწინება მსურდა, არც ახლანდელი მომსურვებიაო, მაგრამ, რაკი ღმერთსა და მშობლებს ჩემთვის სამეფო ტახტი მოუნდვიათ, მე იძულებული ვარ, სწორედ ტახტის საწაღმართოდ ამ თხოვნას დავთანხმდეო.

განსაკუთრებით „მეცნიერებისათვის“ მოიწონა თამარმა დავით…

ასე გადაწყდა და „წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი“ და მოიყვანეს დავით სოსლანი.

დიდუბის სასახლეში შეხვდნენ ერთმანეთს სადედოფლო და სასიძო.

ჯვარისწერაც დიდუბეში შესდგა, ქორწილიც დიდუბეში, _ „ქორწილი შესატყვისი და შემსგავსებული ხელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა“; ქორწილი, რომლითაც „მშუებელნი იხარებდეს, გლახაკნი განდიდრდებოდეს; იყო ზმა მგოსანთა (იქნებ მათ შორის ჭაბუკი შოთა რუსთაველისაც?) და მუშაითთა, სახიობათა მჭურეტელნი იყო რაზმთა სიმრავლე და სრულ-ქმნა ამასა შინა“.

წელი იყო 1189.

თამარი _ 23 წლისა.

იგი მეორედ თხოვდებოდა.

შემდგომად ქორწილისა, „შემოვიდეს ტფილისად, დასხდეს ტახტსა ბედნიერსა ორნი მნათობნი, ორნი მზენი, ორნი განმანათლებელნი. განიხარა დიდითგან მცირედმდე ყოველმან ერმან“.

გამოსვლა „სარგებლისა მოწადინეთა“

და ვთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ

ყოველი კაცი ცრუ არს.

ფსალმუნი, 115, 2.

1189 წელი მიქაელ კათალიკოს-ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის სიკვდილით დასრულდა, „და არავინ შეწუხდა მისთვის, არცა დიდი და არცა მცირე, რამეთუ ყოველნი სძულობდეს“.

მაშინვე თამარმა გარეჯიდან გამოიწვია ანტონი გლონისთავისძე, „ნამდვილვე კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული უზომოდ“, ეკლესიათა და სავანეთა დაუცხრომელი მაშენებელი, ანტონი გიორგი მესამის დროსვე იყო საქართველოს კათალიკოსი და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, მაგრამ გიორგის სიკვდილისთანავე მიქაელ მირიანისძეს რაღაც ხრიკებით მოუხერხებია მისთვის ამ უმაღლეს თანამდებობათა წართმევა. ახლა თამარმა ხელახლა დასვა ანტონ გლონისთავისძე ჭყონდიდელად და მწიგნობართუხუცესად.

კათალიკოსობა თევდორეს მიუგო თამარმა.

მაგრამ ამა ქვეყნიდან ერთი გულგესლიანი მიქაელის წასვლა არა ყოფილა საკმარისი „ამა ქვეყნის“ დასაწყნარებლად. ბევრი ყოფილან თამარის კარზე „სარგებლისა მოწადინენი“, რომელთაც თურმე გულზე ლახვრად დასცემიათ საქართველოს სამეფო ტახტთან დავით სოსლანის ძლიერი პიროვნების გამოჩენა.

ერთი წელი ძლივს შეინახა თავი ფარულმა შურმა, პატივმოყვარეობამ და გულღვარძლიანობამ და სავსებით მოულოდნელად მოიხსნა თავი ბოროტების გუდამ.

1191 წლის დამდეგს თამარ მეფემ კარნუ-ქალაქს (არზრუმს) „წარავლინა საქმისა რასათვისმე“ მოადგილე მეჭურჭლეთუხუცესისა. ეს კაცი (რომლის სახელიც ისტორიამ არ შემოგვინახა) ყოფილა „სჯულითა ბარბაროზი და ქცევითა ტარტაროზი“.

არავინ იცის, შემთხვევით თუ წინასწარი გარიგებით, მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი კარნუ-ქალაქში შეხვედრია გიორგი რუსს, რომელიც აქ კონსტანტინოპოლიდან ჩამოსულა საქართველოს ტახტ-გვირგვინისა და დედოფლის კვლავ დაბრუნების განზრახვით. გიორგიმ ყოველივე სრულიად გაანდო ტფილისიდან ჩამოსულ მოხელეს და თან ქართველ ერისმთავრებთან შუამდგომლობაც დაავალა დახმარების თხოვნით.

ერთი შეხედვით ამ უცნაურ და პერსპექტიულად უნიათო განაცხადს უეცარი აფეთქება მოჰყვა. ერთბაშად აიწყვიტა ლაგამი ფეოდალურმა შინამავნეობამ.

გიორგის პირველი მიემხრო გუზან, ტაო-კლარჯეთისა და შავშეთის პატრონი. მას მიჰყვა სამცხის ერისთავი და სპასალარი ბოცო ჯაყელი, მათვე მიერთო მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, მთელი თავისი დასავლურ-ქართული სამფლობელოებით, „ლიხთიქით ნიკოფსიამდის“. ასევე დადიანმა დასავლეთ საქართველოს ყველა საერისთავოთა მფლობელნი დააფიცა გიორგი რუსისადმი ერთგულებასა და თანადგომაზე.

ამგვარად, მთელი დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო გიორგი რუსის საომარ ბანაკში აღმოჩნდა.

საომარი ძალები გეგუთში შეჰყარა დადიანმა. აქედანვე ტაოსაკენ აფრინა ლაშქარი გუზანთან შესაერთებლად. გიორგი და გუზანი გამოუძღვნენ იმერთა, ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა ლაშქარს და მოვიდნენ სამცხეს. აქ მათ შეუერთდა ბოცო ჯაყელი. სამცხიდან ყველა ერთად, „მგლური მარშით“, წამოემართნენ და მოვიდნენ გეგუთს, სადაც მათ ვარდან დადიანი ელოდებოდათ იმერთა მთავარი ძალებით.

რაოდენ მოულოდნელი, საოცარი და საკვირველი შეიქნა თამარისათვის მისგან დიდსულოვნებით განტევებული ნაქმრევის გამოხდომა და, განსაკუთრებით, სამტრო ბანაკში ნახევარი საქართველოს ჩადგომა!

მაგრამ მალე გამოერკვა ადამიანთა უმადურობითა და მზაკვრობით გულშეძრული მეუფე-ქალი. სასწრაფოდ უხმო „ყოველთა ერისთავთა ერთგულთა“. ფრთამალედ მოიჭრნენ: ამირსპასალარი, გამრეკელი თორელი, ჰერეთის ერისთავი ასათ გრიგოლისძე, კახეთის ერისთავი ბაკურ-ყმა ძაგანისძე, ქართლის ერისთავი რატი სურამელი და ქვემო ქართლიდან ოთხი მხარგრძელი _ ზაქარია და ივანე სარგისის ძენი და ზაქარია და სარგისი ვარამის ძენი (მხარგრძელებმა იცოდნენ, რომ „პოლიტიკური ამინდი“ ისევ თამარისათვის იდგა). სამცხიდანაც მოვიდნენ მოლაშქრენი, რომელნიც მათ ხელისუფალს, ბოცო ჯაყელს, არ გაჰყოლიან თამარის სამტრო ბანაკში. ყველამ ერთგულება და თავდადება შეჰფიცა თამარს მოღალატეთა დასათრგუნავად.

თამარმა მაინც სცადა ძმათაშორისი სისხლისღვრის თავიდან აცილება. ჯერ კათალიკოსი თევდორე და ანტონ ქუთათელი (ერთადერთი ერთგული ლიხთ-იმერით) მიუგზავნა „გეგუთის ბანაკს“, მერე კიდევ, ზედიზედ სხვა ეპისკოპოსები, ეჯიბნი და მესტუმრენი, მაგრამ ვერაფერს გახდა თამარი. უსისხლოდ საქმის გათავება არ მოხერხდა.

ეს „დიპლომატიური წიაღსვლები“ ჯერ არ დასრულებულიყო, რომ „გეგუთის ბანაკი“ საომრად აღემართა. მისი ერთი ნაწილი, რომელსაც თვითონ გიორგი რუსი, „მეფე-საგონებელი“ მოჰყვებოდა, ლიხზე გადმოიჭრა. გორამდის და ნაჭარმაგევამდის ქართლის დასახლებანი სრულიად გააოხრა და გაატიალა. მეორე ნაწილი, დადიანისა და ბედიანის წინამძღოლობით, სამხრეთით წარემართა; გაიარეს რკინისჯვარი, ციხისჯვარი და გადასწვეს ქალაქი ოძრხე.

ოძრხეში ისევ შეიყარნენ საომარ ბჭობად დადიანი, ბედიანი, ბოცო ჯაყელი და გუზან ტაოელი. დაადგინეს _ ზედიზედ აეღოთ ჯავახეთი, თმოგვი, ახალქალაქი, თრიალეთი და სომხითი. აქ, სომხითში, დიდი იმედები ელოდათ: თამარს გადასდგომიან გაგის პატრონი ივანე ვარდანისძე და კაეწონის პატრონი მაყა.

მეტის დათმენა სწორედ შეუძლებელი იყო.

თამარმა უბრძანა ამირსპასალარ გამრეკელ თორელს და იმანაც დასძრა ლაშქარი. ჯავახეთისკენ გაეშურნენ გულდაგულ. თამარის ლოცვა მიჰყვებოდათ, „ხელი საუფლო და სიტყვა ოქრო-ნექტარი“. ჯავახეთს ერთგული მესხები შემოეგებნენ და შეუერთდნენ.

მტკვარს მიადგნენ მარცხენა მხრიდან, ხიდს მიაშურეს და ხიდის მეორე მხარეს მოწინააღმდეგის ბანაკიც გამოჩნდა. ისინიც აიშალნენ და წამოვიდნენ.

ზედ ხიდზე ეძგერნენ ერთურთს, ხიდი გაიჭედა და გაიზნიქა. საჭურველ-კვეთებისა და ხელდახელ-შეხეთქებისაგან მეომრები მდინარეში ცვივოდნენ და ტალღებისგან მუხლმოკვეთილნი განაგრძობდნენ რკენას.

დაღამდა.

მტკვრის ცივ წყალს წელს ქვემოთ დაედუნებინა სხეული მეომართა.

ბრძოლა შეწყდა.

ისევ ხიდის ორივე მხარეს ჩაიკრიფნენ მოპირდაპირენი.

მთელი ღამე ბჭობდნენ სარდლები ორივე მხრისა.

გული შედრკომიათ მეამბოხეებს, თამარის მოყმეთა თავზეხელაღებული შემოტევით დამფრთხალთ უთქვამთ: აღარ ძალგვიძსო წინაღვუდგეთ „მხეცქმნილობასა“ თამარის ლაშქრისას, ამიტომ „მივრიდოთ სიმაგრისაკენ“ და იქედან ვეცადოთო „ღალატსა და ძლევასა“.

დილით გამრეკელმა თორელმა მგლური სრბოლით გადაიყვანა ლაშქარი ხიდზე. მეამბოხეებიც სასწრაფოდ აიყარნენ და სირბილით მიაშურეს „მთასა ტორნაძიად სახელდებულსა, ღონედ სიმაგრისა საძებნელად“. მაგრამ ვერც კი შეიმაგრეს კვალდაკვალ მომდინარე ლაშქარი თამარისა და მდინარე ხინგრისკენ გაუტიეს.

აქ, თმოგვსა და ერუშეთს შორის, მდინარე ხინგრის ხეობაში, ნიალის ველზე, ისევ შეიბნენ ორ მოპირდაპირე ბანაკად გაწყობილი თანამოძმენი. თავგამეტებით სცემდნენ ერთმანეთს ძმანი-მოყმენი „იმერთანი და ამერთანი“. მათი ომი „კმა იყო ძუელთაცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მოვიდოდეს ქუეითთა სიმწუავენი და მოუკეთილებანი ისრისანი, მფეთებანი ხრმალთანი და მხეთქებლობანი ჰოროლთანი“.

ბრძოლა დასრულდა თამარის დროშის გამარჯვებით.

საქართველოს ტახტის მაძიებლის ბანაკში ბევრი ქართველი გაწყდა.

გუზან ტაოელის, ბოცო ჯაყელისა და ვარდან დადიანის კისერზე იწვა ქართველთა ხელით დაქცეული ქართველთა სისხლი.

თამარის სარდალთაგან მხოლოდ ივანე მხარგრძელი დაიჭრა მსუბუქად.

გამარჯვებულნი აღარ გამოედევნენ დამარცხებულთ: თამარს არ ესიამოვნებოდა ძმათა შორის უსაზმნოდ თხევა სისხლისა.

გამარჯვების ამბავი სარგის ვარამის ძე მხარგრძელმა უმახარობლა თამარს, მაშინვე ბჭობად დასვა თამარმა მასთან იმჟამად მყოფი მანდატურთუხუცესი ჭიაბერი, ჰერი და კახი დიდებულები. ახლა საჭირო იყო ქართლში მოთარეშე მეამბოხეთა მეორე ნაწილის განადგურება, ამჯერად თამარმა ლაშქარს უსარდლა დავით სოსლანი.

მტკვარზე და ნიალის ველზე მომხდარ ბრძოლათა ამბავი უკვე შეეტყოთ ქართლში მოთარეშე მეამბოხეებს. ამიტომ ისინი დავით სოსლანთან შეხვედრას სულაც აღარ დაელოდნენ, ისე გაიქცნენ და გაიფანტნენ.

თამარი ნაჭარმაგევს იდგა. აქ ეახლა მას დავით სოსლანი და აჯანყების სრული აღკვეთის ამბავი მოახსენა.

მალე თვითონ მეამბოხენი გამოჩნდნენ. ყელზე თოკშებმულნი მოდიოდნენ, თამარს ფეხებში უცვივდებოდნენ და შეწყალებას ევედრებოდნენ.

უფრო მძიმე დამნაშვენი, განსაკუთრებით ლიხთ-იმერი დიდებულები, პირადად წარდგომას ვერ ბედავდნენ და თამართან შესარიგებლად შუამდგომლობას დედოფალ რუსუდანს, კათალიკოს თევდორეს, მანდატურთუხუცეს ჭიაბერს, ან ყველაზე გავლენიან ეპისკოპოსებს ევედრებოდნენ. არც ამჯერად გაცუდებულა იმედი თამარის დიდსულოვნებისა. მან პირობა ბრძანა: არავის სიცოცხლეს, მათ შორის „მთავარი გმირის“ გიორგი რუსის სიცოცხლეს, არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. მაშინ კი გაბედეს მოღალატეებმა თამარის წინაშე გამოცხადება. გიორგი რუსიც წინ გაიძღოლეს და ისე ეახლნენ ნაჭარმაგევს მეფეთამეფეს.

თამარმა პირობისამებრ ყველას სიცოცხლე აჩუქა.

თავისი „უბედური ქმარყოფილი“ ისევ გაუშვა კონსტანტინოპოლს, „მისსა სუე-უბედურსა გზასა“.

თამარმა არც ერთი მეამბოხე სიკვდილით არ დასაჯა, მაგრამ ზოგიერთ ორგულ დიდებულს უმაღლესი „სახელონი“ მაინც დააგდებინა. ვარდან დადიანს მსახურთუხუცესობა ჩამოართვა და ერთგულ ივანე სარგისის ძე მხარგრძელს გადასცა. ამასვე საპატრონოდ მისცა „კაენი და კაეწონი გელაქუნით და სხვათა მრავლითა სახარაჯოთა ქალაქითა და ციხითა“. ზაქარია ვარამის ძე მხაგრძელს თამარმა სამმართველოდ მისცა ქვეყანა გაგიდან განძამდე. მის ძმას სარგის ვარამის ძეს თმოგვი უბოძა. ჭიაბერმა მიიღო „ჟინვანი, ქალაქი და ციხე, მრავლითა მთიულეთითა“. ამათ გარდა, „შეიწყალეს და დალოცეს სხუანიცა დიდებულნი მრავალნი“.

იმ წლის (1191წ.) მიწურულს გარდაიცვალა გამრეკელი თორელი და მის ნაცვლად თამარმა ამირსპასალარად დანიშნა ზაქარია სარგისის ძე მხარგრძელი, რომელიც მანამდე ლორეს განაგებდა. ახლა, ლორესთან ერთად, რუსთავიც მიიღო საპატრონოდ ახლადაღზევებულმა ზაქარიამ.

„ერთადერთი დასჯილი“

რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების,

არცა კირჩხიბი მართლად ვალს.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი.

თითქოს ყოველივე მიწყნარდა, მაგრამ სამხრეთიდან ისევ მოიჭრა ღალატის ხმა. არ იქნა და არ დაისვენა გულგესლიანმა გუზან ტაოელმა: ტაოსკარი, ვაშლოვანი და „სხუა ციხენი მრავალნი“ საქართველოს მოსისხლე შაჰარმენს გადასცა, ხოლო თვითონ, მისებრ მოღალატე აზნაურებით, კოლას მთებში გაიქცა და იქიდან „ავაზაკობდა მალვით“.

ნასწრაფევად ფეხმოკვეთილ მოღალატეს ცოლ-შვილი ტაოში დარჩა. შაჰარმენს ლაშქარი გამოართვა, თავის ვაჟს ჩააბარა და ტაოსკენ გამოუშვა. გუზანის ძეს ტაოს ციხეებში თურქთა ციხიონები უნდა ჩაეყენებინა და ოჯახიც როგორმე საქართველოს საზღვრებიდან გაეტაცნა.

თამარის ბრძანებისათვისაც არ დაუცდიათ, ისე აღეკაზმნენ ფანასკერტის პატრონი ზაქარია ასპანის ძე, კახა სამძივარი და პატრიოტი კალმახელი აზნაურები.

ბრძოლა უთანასწორო იყო. დიდძალი თურქობა ახლდა გუზანის ძეს. „დიდად დაჭირვებული ომი“ გადაიხადა მცირერიცხოვანმა ქართულმა მხედრობამ. ბოლოს, მაინც გასტეხეს მტერი ქართველებმა. მრავალი თურქი გაწყდა, მრავალი ტყვედ ჩავარდა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს თვითონ გუზანის ცოლ-შვილი. მერე გუზანისგან გაყინულ ციხეებს შემოუბრუნდნენ და ყველგან თამარის ერთგული ციხიონები აღადგინეს.

თამარის წინაშე წარდგნენ გამარჯვებულნი.

თამარმაც „მოჰფინა ნათელი წყალობისა“ ერთგულ მოყმეებს.

ხოლო, კოლას სამხრეთით, ტაოსა და კარნიფორის განსადრეკელზე, მთიან საძოვრებზე მთიბავმა გლეხებმა თვალი დაადგეს სამხრეთისკენ გამალებით მიმლტოლვე კაცს, საეჭვო კაცად მიიჩნიეს, შეიპყრეს.

გუზან ტაოელი აღმოჩნდა.

მაშინვე ფანასკერტისკენ გაუყენეს და ზაქარია ასპანის ძეს მიჰგვარეს მხრებგაკრული მოღალატე.

ფანასკერტელმა ცხენზე შემოიგდო ძვირფასი დავლა და საქართველოს სატახტოსაკენ გაქუსლა.

კარგად იცოდა ზაქარიამ თამარის გულმოწყალების ამბავი. ვაითუ, ახლაც აპატიოსო გაუსწორებელ მოღალატეს თამარმა ქვეყნის ღალატი, ამიტომ პირდაპირ დავით სოსლანს მიჰგვარა ტყვე გუზანი.

დავითსაც კარგად სცოდნია, რომ თამარი კვლავ დიდსულოვანი პატიებით შეეცდებოდა მარად გაუმართავი კუდისა და უკუღმართად მავალი კირჩხიბის „განმართვას“.

ამიტომ ისწრაფა დავითმა: სანამ თამარი შეიტყობდა, მანამ ბრძანა თვალების დათხრა საქართველოს გაუსწორებელი მოღალატისა…

და გუზან ტაოელი, მარად ღალატსა და მზაკვრობასთან ერთად, ისტორიაში შევიდა ვითარცა ერთადერთი დასჯილი კაცთაგანი თამარის დროისა.

ერთადერთი და ისიც არა ნებითა თამარისა.

„საზეიმო ლაშქრობანი“

1193 წელს, ტაბახმელას სასახლეში, თამარს შეეძინა ვაჟი.

დაარქვა გიორგი, „სახელი ახოვნისა მის მამისა თვისისა“.

გასაოცარი სილამაზისათვის _ რამეთუ „იშვა დახატული ბუნებისაგან“ _ ახალშობილ უფლისწულს ზედნადებ სახელად უწოდეს ლაშა _ „განმანათლებელი“, გინა „ქვეყნის მანათობელი“.

ლაშა-გიორგის დაბადება დიდის ზარ-ზეიმით აღინიშნა. მეფემ და დედოფალმა დიდძალი წყალობანი გაიღეს. ეკლესიები შესაწირავებით აღავსეს. ქვრივ-ობოლნი, უქონელნი და უპოვარნი გაამდიდრეს. ტყვეები გაანთავისუფლეს.

დიდძალი ძღვენი მოართვეს ახალშობილ ტახტისმემკვიდრეს ქვეშევრდომთა „შვიდსავე სამეფოთა“.

ასევე _ „მცნობთა გარეთ ბერძენთა მეფეთა, სულტანთა, ათაბაგთა და ამირათა სპარსეთისათა წარმოავლინეს ნიჭნი და განძნი კმასაყოფელნი“.

ბარე ათი ლაშქრობა მოაწყვეს ქართელებმა იმ წელს „სხივოსანი“ უფლისწულის „ბედისა და სუეს“ ასამაღლებლად.

ჯერ ბარდავს გაემართნენ, აიღეს, დიდძალი ნადავლი გამოიღეს და მრავალი ტყვე წამოსახეს. მაგრამ მაშინვე ტყვეები სულ 3 000 (სამ-ბევრობა) კაცი, გაათავისუფლეს „დღეგრძელობისათვის თამარისა და ძისა მისისა“.

ბარდავის დალაშქვრიდან ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ქართული მხედრობა მეფე დავითის მთავარსარდლობით არზრუმისაკენ (კარნუ-ქალაქი) გაემართა. არზრუმელებს მოეშველნენ „სურმანელი, კარელი და სალდუხის ძე ნასრ-ადინ და ორნი ძენი მისნი ლაშქრისა სიმრავლითა ქუეთისა და ცხენოსნისათა, უამრავითა“. ცისკრის ჟამს დაწყებული საშინელი ბრძოლა, „წყობა ჰუნეთა და ხეთქება აბჯართა“, გვიან დაღამებამდე გაგრძელდა _ „ღამისა ბინდმან ულხინა გაყრად“. არზრუმის მცხოვრებლები „კბილთა ღრჭენითა და წვერის ფხურვით“ ხედავდნენ ქართველთა გამარჯვებას, ალაფის აღებასა და მუსლიმანთა დაბორკილებას. ჰხედავდნენ და ბოღმიანი ცრემლით იტყოდნენ: როგორ ვიძლივეთო ქართველთაგან, როცა დიდმა მაჰმადმა ჩვენ აღგვითქვაო ძლევის მახვილი! მეორე დღეს, „ვითარცა განთენდა“, ისევ ჰკრეს საომარ ბუკთა და დაფდაფთა. არზრუმის კარი გაიღო და ქალაქის ციხიონები გამოიჭრნენ, გარეთ მდგარ თავისიანთა ბანაკს შეუერთდნენ და ერთიანი ძალებით გაეწყვნენ საომრად. ქალაქის კედლებზე და სახლთა სახურავებზე მოისარნი და მოშურდულენი გადმომდგარიყვნენ ქართველთა „დასასეტყვებლად“.

დავითმა მტრის საომარი განლაგებანი თვალსაწიერში მოიქცია, თავის მხედრობას მხედრული ნავარდით ჩამოუქროლა და იერიში ბრძანა. ქართველები მიეჭრნენ და „მისლვასავე დასტეხეს სახედ მეხის-ტეხისა“. მუსლიმანთა ლაშქარი დასაწყისშივე გატყდა და აირია. უწესრიგოდ უკუქცეულებმა ქალაქის კარები ბჭეთაგან ჩამოაგდეს და თავდასახსნელად შიგ შეცვივდნენ, პანიკით მოცულნი, ურთიერთ-მთელავნი და ურთიერთ-მმუსვრელნი. ძრწოლამოსილ მეომრებს ვეღარ აკავებდა ვერც ქალაქის შიდა-მცხოვრებთა ხვეწნა-მუდარა, ვეღარც ქალთა ცრემლი და კიცხევა, ვეღარც ხოჯა-მოლათა „სჯულისმიერი“ მუქარა.

ისევ ძლევამოსილი დაბრუნდა ქართველთა მხედრობა.

თვითონ აახლა დავით სოსლანმა მეფეთამეფეს ძლევის ამბავი, გამარჯვებულმა მხედართმთავარმა, ბედნიერმა მამამ და მეუღლემ.

კარნუ-ქალაქზე გამარჯვებას ისევ მოჰყვა ახალი ლაშქრობა. ამჯერად გელაქუნისკენ წარუძღვა ჯარებს დავით სოსლანი. ქართველებმა „ჩაიარეს ხაჩიანი, და ჩავიდეს ქუეყანა ყარყარისად და მოუწიეს ბელაყანამდის, და მოარბიეს ყოველი არეზი“. არეზიდან განძას მოადგნენ. სასტიკი შეტაკების შემდგომ განძაც აიღეს. შამქორი გამოიარეს და ტფილისს დაბრუნდნენ.

დაბრუნებისთანავე დავითმა ზაქარია და ივანე მხარგრძელებს უბრძანა ლაშქრობა სამხრეთით, რახსისაკენ (არაქს-არეზი). ლორედან გავიდნენ მხარგრძელნი. შუა გზაზე ამბერდის, ბიჯნისისა და გარნისის თურქთა ერთიანი მხედრობა შემოეფეთათ, სამეკობრეოდ და საძარცვავად წამოსულნი. შუა გზაზედ ეკვეთნენ ერთურთს მოპირდაპირენი. ქართველებმა ისევ სასტიკად დაამარცხეს მტერი. ისევ „ავსებულნი, სახელოვანნი მოვიდეს წინაშე დავით სუე-ამაღლებულისა და თამარ ღმრთივ-დამყარებულისა“.

მალე ამის შემდგომ მსახურთუხუცესი ივანე მხარგრძელი კაენიდან ჩამოვიდა, დავითს წარუდგა და ახალი დიდი ლაშქრობა შესთავაზა. ამჯერად მეფემ ჯარები წარმართა „მოსარბეველად დიდისა გელაქუნისა, სპარსი-ბაზრისა და გორალაუქისა“. კვლავ დიდი იყო ქართველთა გამარჯვება. ისევ ხელთ იგდეს დავლა და ხვასტაგი, სიმრავლე „შემსგავსებული ქვიშათა“. ძლევამოსილების აღსანიშნავად, დავითის ბრძანებით ქართველებმა სპარსი-ბაზრის სასულტნო-საასპარეზო მოედანზე იზეიმეს და იასპარეზეს.

ბოლოს, იმავე 1193 წლის მიწურულს, ისევ გამოჩნდა გიორგი რუსი: კონსტანტინოპოლიდან წამოსული ჯერ საქართველოს სამხრეთული საზღვრების გასწვრივ უვლია, მერე სპარსეთის ათაბაგს მიჰკედლებია, ათაბაგისაგან ჯარები მიუღია, ირანში მოსულა და აქედან კამბეჩოვანში შემოჭრილა მაოხარი ლაშქრობით. დროზე შეიტყო ხორნაბუჯის პატრონმა საღირ მახატლისძემ, თავის სამ ძესთან ერთად სახელდახელოდ მცირე ლაშქარი შეჰყარა და მგლურით გამოედევნა დიდძალი ნაძარცვითა და ნატყვენავით გაბრუნებულ მტერს. ხორნაბუჯელები მრავალრიცხოვან მტერს „მიეწივნეს და გააქცივნეს, ჩამოყარნეს და დახოცნეს“.

თამარის ნაქმრევი საბოლოოდ გადაიხვეწა…

ახალი ძლევამოსილების ამბავი თამარს შეატყობინეს.

იჯდა დედოფალი, მის კალთაზე ლომს დაედო თავი (ეს ლომი შირვანშაჰს გამოეგზავნა ძღვნად. თამარს ისე შესჩვეოდა, კალთაში უჯდებოდა და ხელებს ულოკავდა, ხოლო, როცა განარიდებდნენ, ცრემლებს ღვრიდა და მწუხარედ ღმუოდა).

იჯდა თამარი, მდუმარედ ისმენდა ახალ ბრძოლათა გარდახდის ამბავს, ლომს უსრესდა ყურებს, არ უკვირდა თვინიერება ნადირისა, მაგრამ უკვირდა მარადიული მტრობა ადამიანთა…

შამქორი

1194 წელს, ლაშა გიორგის დაბადებიდან ერთი წლის შემდგომ, თამარს და დავითს მეორე შვილი შეეძინათ, ასული, რუსუდანი, სიმშვენიერით „შემსგავსებული თვისი“ დედისა.

ხოლო, მომდევნო წლისათვის დიდი ხმალთაკვეთება ელოდა „სანავარდო გამარჯვებებით“ გალაღებულ ქართულ მხედრობას.

საომარი საფრთხე ამჯერად სამხრეთ-აღმოსავლეთით წამოიმართა, ერანიდან, სადაც ამ სამი წლის წინათ (1191წ.) თავზეხელაღებულ მკვლელებს, მულიდებს, მოუკლავთ სულტანი ყიზილ-არსლანი. ხოლო ყიზილ-არსლანის მემკვიდრეობა მის სამ ძმისწულს გაუნაწილებია: უფროსს, ხუტლუ-ინანჩის ერგო „ერაყი ხურასნამდის და ბაბილოვნამდის“, მომდევნო ძმას, ამირა აბუბაქარს _ „ადარბადაგანი სომხეთამდის“, ხოლო მესამე ძმას, ამირ-მირანს _ „არანი გურგანის ზღვით გელაქუნის ზღუადმდე“.

გაჩაღდა ბრძოლა ძმებს შორის ერაყ-ერანის სასულტნოს პირველობისათვის. დაწინაურდა აბუბაქარი, რომელმაც ჯერ უფროსი ძმა დაამარცხა და გააქცია, მერე მომდევნო ძმასაც გამოენთო. მაგრამ ამირ-მირანმა დაასწრო და შირვანს გაიქცა. აქ იგი შირვანშაჰს კიდევაც შეეფარა და კიდევაც დაუსიძევდა. აბუბაქარიც არ დაერიდა, რომ შირვანშაჰ აღსართანი თამარ მეფის ნათესავი და ყმადნაფიცი იყო და შირვანს შეიჭრა დიდძალი მხედრობით. ბელაყანს მდგარი აღსართანი და ამირ-მირანი სასტიკად დამარცხდნენ და შამახიასკენ გაიქცნენ. მაგრამ ვერც დევნილებმა და ვერც მდევრებმა შამახიას ვეღარ მიასწრეს: საშინელმა მიწისძვრამ დააქცია შირვანის სატახტო ქალაქი. თვით აღსართანის ცოლი და შვილები სასახლის ნანგრევებში ჩაიღუპნენ.

თავზარდაცემულმა შირვანშაჰმა და ამირ-მირანმა საქართველოსაკენ აფრინეს ეჯიბნი დახმარებისა და დახსნის სათხოვრად.

თამარმა შირვანის შველა ბრძანა და მაშინვე „წარავლინა შიკრიკნი წუევად ლაშქრისა იმერით და ამერით“.

როგორც კი დახმარების სასიხარულო ამბავი შეიტყვეს, აღსართანი და მისი სიძე ამირ-მირანი თვითონ წამოემართნენ საქართველოსაკენ თავისი ამალით, შირვანისა და რანის ლტოლვილი დიდებულებითა და სახლეულებით.

თამარი და დავითი მაშინ ბრძანდებოდნენ „ჭალასა აგარათასა“. აქვე შეყრილიყო დიდძალი მხედრობა, „ვითარცა გროი შავარდენთა“, სრულიად საქართველოს ყოველი კუთხიდან.

ქართველთა საომარი ძალები საზეიმო ალღუმად შეხვდნენ შირვანიდან მოსულ სტუმრებს:

ჯერ შეეგებნენ ოვსნი და ყივჩაღნი;

შემდგომად _ ჰერნი და კახნი;

შემდგომად _ ქართლელნი;

შემდგომად _ მესხნი, თორელნი, შავშელნი, კლარჯნი, ტაოელნი;

შემდგომად _ აფხაზნი, სვანნი, მეგრელნი, გურულნი, რაჭველნი, თაკვერელნი, მარგველნი.

ბოლოს „ხელისუფალნი და შინაურნი“ მიეგებნენ და სამეფო კარავში შეუძღვნენ სტუმრებს.

ხოლო, კარავში ისხდნენ „ტახტსა ზედა ოქრო-ჭედილსა თვით თამარი, დავით და ძე მათი გიორგი“. ყრმა უფლისწულს გვერდით უჯდა დედოფალი რუსუდანი, მამიდა თამარისა, გამზრდელი დავით სოსლანისა.

პირველი მიეჭრა და ეთაყვანა საქართველოს სამეფო სახლეულს აღსართანი, „ვინათგან შინაური და თვისი იყო“ იგი. მას ამირ-მირანი და რანელ-შირვანელი დიდკაცობა მიჰყვნენ სათაყვანოდ.

ერთი კვირა გაგრძელდა დარბაზობა, პურობა, ნადიმობა და საომარი აღკაზმულობა.

აბუბაქარსაც არ გამოჰპარვია ქართველთა საომარი სამზადისი და მთელი ერანულ-მუსლიმანური სამყარო მოიხმო შემწედ და მოკავშირედ. ბაღდადის ხალიფამაც გამოგზავნა ლაშქარი, ოქრო-ვერცხლიც უხვად გაიღო, „რათა შეკრიბონ ყოვლით-კერძო ლაშქარი ურიცხვი“ და ყოველივესთან ერთად სახალიფოს დროშაც წამოუმძღვარა ისლამიტთა გასამხნევებლად და ქრისტიანთა ზარდასაცემად.

მართლაც, საქართველოს სამტროდ „შეკრბა ესეოდენი, ვიდრემდის არცა რიცხვი იცოდეს, ვერცა ერთსა თემსა დაეტეოდეს“.

თამარის გამეფებიდან ათი წლის მანძილზე ქართველობას ოცზე მეტი ლაშქრობა ჰქონდა გარდახდილი და მოგებული. მაგრამ ყველაზე დიდი ბრძოლა, მუსლიმანურ-კოალიციურ არმიებიდან, სწორედ ახლა ელოდათ ქართველ მხედრებს.

სალაშქრო ალღუმზე იდგა მხედრობა.

გამოვიდა თამარი და წყნარად მიმართა მისი ხილვით და კრძალვით განლაგებულ ჯარებს:

„ძმანო ჩემნო, ვიცი კვლავაც არ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მტრისათვის და სიმცირისა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენთან არს. მაშ, შეისწრაფეთ ქვეყნად მათდა ძალითა ჯვარისათა, მკლავითა უმტკიცესითა და გულითა უმართლესითა!“

მერე, მოიღო დროშა გორგასლიან-დავითიანი და გადასცა დავითს, მეუღლეს, მეფეს და მხედართმთავარს.

მთავარსარდალს გვერდით დაუყენა ანტონ ჭყონდიდელი გლონისთავისძე.

თამარმა დალოცა ჯარი.

დალოცა დროშა.

დალოცა ხმალი.

ლაშქარი საომარი სიმღერით გაეშურა.

ხოლო თამარმა „წარიხადნა სამოსელნი ფერხთანი, და ფერხივ შიშულითა ფერხითა“ მეტეხის ტაძარს მივიდა ლოცვად _ ლაშქრისა, ხალხისა და ქვეყნისათვის.

ქართველთა ლაშქარმა გარდაბანი გაიარა, მდინარე ეკლეცი გადალახა, რანს მიუახლოვდა და მზვერავებმა ამბავი შემოაგებეს დავით სოსლანს, ჩვენის თვალით ვიხილეთ მტერნი, „ათასნი ათასთანი და ბევრნი ბევრთანი, უმრავლესნი რიცხვისანი, ვითარცა მკალნი და ვითარცა ქვიშა ზღვისა“, შამქორიდან ვიდრე განძის კარამდე გადაშლილანო ბანაკნი მტერთა.

დავითმა სასწრაფოდ დასძრა ლაშქარი შამქორისაკენ.

15 ივნისი იდგა 1195 წლისა, ხუთშაბათი. დღის მიწურულს ქართველებმა შამქორს მიატანეს და მტრის პირისპირ დაიბანაკეს.

მთელი ღამე ესმოდათ ქართველებს მოლა-მუყრთა და მუეძინთა კივილი შამქორის მინარეთებიდან.

ის ღამეც განესრულა. პარასკევი თენდებოდა 16 ივნისი.

დავით სოსლანს უკვე განეწყო ჯარი საომრად.

თვითონაც მძიმედ აღჭურვილიყო მთავარსარდალი; დიდებულ ზერდაგზე ამხედრებულიყო.

მოკლე სიტყვით მიმართა ჯარს. მოაგონა „სიმხნე და მარჯუებულობა პაპათა და მამათა“, გმირობანი ვახტანგ გორგასლისა, დავით აღმაშენებლისა და მათთა მოყმეთა.

მერე დავითმა ჯარი სამ ნაწილად გაჰყო; ორი მოიერიშე რაზმი (მარჯვენა და მარცხენა) და ერთიც თადარიგი, თადარიგი ზაქარია და ივანე მხარგრძელებს ჩააბარა. მოიერიშე მარჯვენა რაზმს წაუმძღვანა ანტონ გლონისთავისძე, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, „შესახედავათაცა ჭაბუკი“, რომელსაც ახლა ჯვარის ნაცვლად ხმალი ეპყრა ხელთ, და პირდაპირ შამქორის მთავარ კარიბჭისაკენ წარგზავნა საიერიშოდ.

თვითონ დავითი მთავარი რაზმით მარცხენა მხრისკენ დაიძრა, შამქორის ჩრდილოეთიდან და მტრის ზურგიდან შემოსავლელად.

მარჯვენა ფრთიდან მოიერიშე ქართველობას მდინარის გადასავალზე, ზედ ხიდზე შემოეგება აბუბაქარის ლაშქარი. „შეიქმნა ომი და კუეთება“, ისე რომ ხიდისა და გზის სივიწროვისაგან მხოლოდ მოწინავენი აწყდებოდნენ ერთიმეორეს. როგორც იქნა, ქართველებმა მდინარე და ხიდი დიდი სისხლის ფასად უკან მოიტოვეს და ციხესიმაგრის კარიბჭეებს მიეტანენ. მაგრამ აქ აბუბაქარმა ურიცხვი მხედრობა შეახვედრა თავაწყვეტილი კონტრიერიშით. ბრძოლა ერთ ხაზზე შენივთდა. მოპირდაპირენი გამხეცებულნი ასკდებოდნენ და აკვდებოდნენ ერთმანეთს. მისჭირდათ ქართველებს. „მოუკლეს ცხენი ზაქარიასა ვარამის ძესა, და დაუკოდნეს სხუათა მრავალთა დიდებულთა“. აგვიანდებოდა მარცხენა მხრიდან თვითონ სოსლანის შემოვლით მანევრს: აქ ქართველებს გზა შეხვდათ უვალი, ღირღოლოვანი, ფლატე-ქარაფოვანი და კაპან-ქვაღოჯიანი. მაშინ თადარიგი დასძრეს ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა. ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა. კვლავ წონასწორად ქანაობდა ბრძოლის სასწორი. აბუბაქარს შეუწყვეტლივ მოჰყავდა ახალ-ახალი რაზმები სიკვდილის ხაზზე. მხარგრძელებმა ვერ გაიმარჯვეს და ამაოდ „წახეთქეს ნახევარნი ლაშქართა და რაზმთანი“. უკვე მთელის ძალებით იბრძოდა აბუბაქარი. მას საეჭვოდ აღარ დარჩენოდა, რომ სულ მალე ბრძოლა მისი ძლევამოსილებით აღესრულებოდა. ქართველთათვის გულდამგესლავად ფრიალებდა შამქორის კედლებთან ხალიფასაგან „ღაზოდ წარმოგზავნილი“ დროშა სრულიად მუსლიმთა.

და უეცრად შამქორის ჩრდილო მხრიდან გრიგალივით მოიჭრა დავითი და მისი მხედრობა.

წინ, ამაყი ფრენით მოუძღოდა „დროშა იგი გორგასლიანი, რომელიც სინდეთს შესვლითგან მოსპეტაკდებოდა“ (შვიდასწლოვანი გამოძახილი სინდეთს ვახტანგ გორგასლის ლეგენდარული ლაშქრობისა!).

ქართული დროშის, მხედართმთავრისა და მხედრობის უეცარმა გამოჩენამ თავზარი დასცა მუსლიმანებს, _ „რაჟამს იხილეს მეფე, დაეცათ რისხვა ღმრთისა უხილავი“.

ქართველები ბრძოლას მაშინ იწყებდნენ, როცა აბუბაქარს იგი დასასრულის პირს ეგონა.

მიეტევა დავითი „მსგავსად აქილევისა“.

მეფის მხედრობას მოწყდა მხედარი და ხალიფას დროშისკენ გაქანდა ხმალაღმართული. ეს შალვა ახალციხელი იყო. მედროშეთაგან მოწინავე ალმედად გაჰკვეთა რაინდმა. დაფრთხნენ და უკუიქცნენ დანარჩენი მედროშეები. მარცხენა ხელით დაითრია შალვამ ხალიფას დროშა.

სავსებით გატყდნენ ალაჰის მხედრები.

მთელის ძალებით მიესივნენ ქართველები, „ვითარ არწივნი და ვითარ ვეფხვნი ეკუეთნეს“.

ორად „განსქდა“ მუსლიმანთა ლაშქარი და ორი მხრისკენ გაიქცა _ განძისკენ და გელაქუნისკენ.

პირველი გაექცა ბრძოლას თვით ამირთა-ამირა აბუბაქარი და „მიწევნულმან ხნარცვსა სადმე მცირესა მიწასა შინა დაფლა თავი თვისი“.

ხოლო ქართველები მისდევდნენ გაქცეულ მტრებს, სდიეს და „დაათვრნეს ისარნი სისხლითა და ხმალნი ჭამდეს ხორცთა მტერთა მათთასა“.

განძამდე და გელაქუნამდე სდიეს და შემოიქცნენ გამარჯვებულნი. მეფესთან შეიყარნენ, ნაომარ ველზე. არც ერთი მეომარი არ დაბრუნებულიყო ხელცარიელი. ვის დიდი რანგის მტრის მეთაური მოჰყავდა მხარგაკრული _ ამირა, ათაბაგი თუ სხვა სარანგი, ვის კიდევ ერთი ან რამდენიმე მუსლიმი მეომარი.

თვალით გადაზომა მტრის გვამებით დარეცილი ბრძოლის ველი დავით სოსლანმა.

მოგებული იყო დიდი ომი.

პირველი მიეახლა ანტონ გლონისთავისძე ჭყონდიდელი, მიულოცა, ხოტბა შეასხა და გადაეხვია.

ეახლნენ მეფეს მისი „მადიდებელნი სპანი და სპასალარნი და სპასპეტნი“.

„პირითა მხიარულითა“ მიეჭრნენ შირვანშაჰ აღსართან და ამირ-მირან, „თაყუანისცეს, დალოცეს და ქება შეასხეს მეფესა და ბუმბერაზთა მისთა“.

შერცხვენილნი იდგნენ მხარგრძელნი, რამეთუ მაინცდამაინც ვერ ისახელეს თავი, რამეთუ თავის წილ შეტევისას ამაოდ „წახეთქნეს ნახევარნი ლაშქართა და რაზმთანი“…

დაღამდა, იქვე დაიბანაკეს.

მთელი ღამე შამქორის მინარეთებიდან, წინაღამინდელ მუყრ-მუეძინთა ყივილის ნაცვლად, ქრისტიანული საგალობლები ესმოდათ ქართველებს.

მეორე დღეს, 17 ივნისს, შაბათის სისხამზე, შამქორის კარიბჭენი ყურთამდე განიხვნა, ციხიონის მეთაურები გამოვიდნენ, დავითს მიეახლნენ და ქალაქის კლიტენი მიართვეს წელში მოღაულებმა.

იმ დღესვე ქართველ მთავარსარდალს ჩაბარდნენ შამქორის ახლომახლო სხვა სიმაგრენი.

დავითმა ამირ-მირანი „ითაყვანა“ და შამქორი მას უწყალობა. აღტაცებულმა ამირ-მირანმა სიკვდილამდე საქართველოს ყმადნაფიცად იფიცა თავი.

შამქორიდან განძას მიადგა დავით სოსლანი თავისი მხედრობით. ხმალზე ხელის მოვლებაც არ დასჭირვებიათ, ისე „გამოეგებნენ დიდებულნი და დიდვაჭარნი, ყადი და მულიმნი. დავრდომით მიწა-ქნით თაყუანისმცემელთა შეასხეს ქება დავით მეფესა და ცრემლით მოქენეთა შეავედრნენ თავნი თვისნი და შვილნი; განახუნეს კარნი ქალაქისანი, და მიუფენდეს სტავრასა კართა-სრამდი სულტნისა, და გარდაასხმიდეს თავსა ოქროსა და ვეცხლსა, დრამასა და დრაჰკანსა“.

და დავით სოსლანი „შევიდა სრად, აღვიდა და დაჯდა ტახტსა სულტანისასა“.

ეს იყო უაღრესად საზეიმო წუთები: ქართველთა მეფე იჯდა საქართველოს მოსისხლე სულტანთა ტახტზე!

(მანამდე 1525 წლის წინათ, ასეთივე საზეიმო წუთები თავის თანამებრძოლებს განაცდევინა ალექსანდრე მაკედონელმა, როცა იგი ბერძენ-მაკედონელთა მარადიულ მოსისხლე სპარსელ-აქემენიდთა ტახტზე დაჯდა პერსეპოლისში).

დაჯდა სულტანის ტახტზე დავით სოსლანი და თავისი თანამებრძოლი „ვაზირნი“ ქართული სახელმწიფო კარის გარიგებით დაისვა თავის სიახლოვეს.

გაიმართა „ზარი და ზეიმი“. მერე „შეიქნა პურობა და ნადიმობა შესატყვისი ჟამთა და მის დღისა“.

ბოლოს, დავითმა, განძიდან გამგზავრების წინ, თამართან მახარობლად აფრინა მანდატურთუხუცესი ჭიაბერი.

მეფეთამეფე ტაბახმელას იდგა, როცა ჭიაბერი მოიჭრა სასიხარულო ამბით. დიდი წუხილის მსგავსად, დიდი სიხარულის მოსმენაც აუღელვებლად და „აღუზავებლად“ შეეძლო თამარს. შამქორთან გამარჯვების ამბავიც ასე მოისმინა: „აღუზავებელითა და წყნარითა ტკბილითა სულითა და ლმობიერითა გულითა“.

დავითიც გამოჩნდა ძლევამოსილი მხედრობით და აღლუმად დადგა დიდუბეს.

გაეგება თამარი. ცისკროვან სახით შეხვდა ერთგულ მოყმეებს. მადლობით და სიყვარულით სავსე მზერა მიუძღვნა ყველას, თითეულად, სწორპატიობით.

მის წინ გამოატარეს ბრძოლის ველიდან მოღებული ნაალაფევი, ურიცხვი ლარი, ოქრო, ვერცხლი და თვალ-მარგალიტი, საომარი აღჭურვილობა, 12 000 ტყვე-მუსლიმანი, 40 ავაზა, 20 000 ცხენი, 7 000 ჯორი, 15 000 აქლემი.

მოიღო შალვა ახალციხელმა ხალიფას დროშა და ფერხთა წინაშე დაუდო თამარს. მას სხვა დროშებიც მოაყოლეს, წართმეული ათაბაგთა და სხვა სარანგთაგან. თამარმა მაშინვე ხალიფას დროშა აარჩია და ძვირფას მანიაკთან ერთად ხახულს გაგზავნა იქაურ სახელგანთქმულ ლავრაში შესაწირავად.

შამქორული ძლევის აღსანიშნავი ტრიუმფი დასრულდა. თამარმა, „მადლისა და წყალობისა გარდამხდელმან გაჰყარნა ლაშქარნი“.

თამარ მეფე, ბეთანიის მონასტრის ფრესკა

თამარ მეფე, ბეთანიის მონასტრის ფრესკა

შამქორიდან ბასიანამდე

მაინც ცოცხლობდა და არა ცხრებოდა აბუბაქარი. როცა შამქორსა და განძას ქართველთა ცხენების თქარათქური მიწყდა, აბუბაქარი იმ „სამალავი ხნარცვიდან“ ამოძვრა და ნახიჭევანისკენ გაქუსლა. აქ ხელახლა დაიწყო ჯარების შეყრა სამუსლიმო სამეფოთაგან. თან განძა-შამქორში ქართველთაგან დასმულ მეტოქე-ძმას, ამირ-მირანს მკვლელები მიუჩინა აბუბაქარმა. იმათაც „მისცეს წამალი სასიკუდინე და დასნეულდა“ ამირ-მირანი.

ტფილისს მოვიდა ამირ-მირანის ავადმყოფობის ამბავი. დავით სოსლანი მცირე ამალით აღიკაზმა და განძისაკენ გაემართა. მაგრამ ვეღარ მიუსწრო: ამირ-მირანიც მომკვდარიყო, აბუბაქარიც მოსულიყო, ძმის მომხრეებიც დაემარცხებინა და განძელებიც ერთგულებაზე დაეფიცებინა.

განძიდან ფეხად გაასწრო რისხვით ატანილ დავით სოსლანს აბუბაქარმა. დავითს ისღა დარჩენოდა, ტფილისს მობრუნებულიყო. თამარი ძალზე შეაწუხა ამირ-მირანის სიკვდილმა და აბუბაქარის კადნიერებამ. შავით შეიმოსა, ცრემლიც დაღვარა და სასწრაფოდ საომარი სამზადისიც ბრძანა.

მანამდე ივანე მხარგრძელი განძიდან მომავალ აბუბაქარს დახვდა გელაქუნთან და დაამარცხა. იმავე 1196 წელს ივანემ გელაქუნთან ერთად ამბერდიც შემოუერთა საქართველოს, ხოლო, ახალი საუკუნის დამდეგს, 1201 წელს, ივანე მხარგრძელმა ბიჯნისიც მოაქცია ქართულ სამანებში.

1202 წელს თამარ მეფემ აბუბაქარისა და მის მიმდევართა დასასჯელად შეყრილი მხედრობა (იმიერთა და ამიერთათა) ორ ნაწილად გაჰყო. ერთს სათავეში დავითი ჩაუყენა და განძისაკენ გაგზავნა, მეორეს თვითონ უწინამძღვრა ამხედრებულმა და დვინისკენ გაემართა.

სწორედ დვინში გამაგრებულიყო ამირა აბუბაქარი.

თამარმა ქალაქს ალყა შემოარტყა. ლეგენდარული დედოფლის მოსვლამ შიში და სასოწარკვეთა დაასადგურა დვინის ციხიონში. თვითონ აბუბაქარმა, სავსებით დაბნეულმა და დაფანტულმა, ლოთობას მისცა თავი. მაგრამ რაკი ქალაქმა კლიტეთა წარმოგზავნა მაინც დააგვიანა, თამარმა იერიში ბრძანა. ქართველებმა დვინის მაღალი კედლები გადალახეს და ქალაქში შეიჭრნენ. მუსლიმანთა ციხიონი ერთხანს უსაზმნოდ ეჟლიტებოდა მოიერიშე ქრისტიანთა მახვილს, ხოლო, როცა წინააღმდეგობა შეწყვიტეს, ქართველებმაც იარაღს ხელი შეუშვეს და ქალაქის მოსახლეობას, განურჩევლად ეროვნული და სარწმუნოებრივი წარმომავლობისა, შეწყალება და პატივი მიუგეს. ასეთი იყო ნება თამარ მეფეთამეფისა, რომელიც, მის დიდ წინაპარ ხელმწიფეთა მსგავსად, რელიგიურ, „საღვთო ომებს“ როდი აწარმოებდა „უსჯულო არაქრისტიანთა“ წინააღმდეგ. იგი მხოლოდ ქართველთა და მათ მოძმე-მეზობელთა დაუძინებელ მოსისხლეებს ებრძოდა თავგამოდებით.

თამარი დვინის აღების შემდგომ საქართველოში დაბრუნდა და „დადგა აგარათა მორჭმითა და სუფევითა“.

ამასობაში დავით სოსლანმა განძა ხელახლა აიღო, აბუბაქარის მომხრენი ამოწყვიტა და ოცდახუთი დღის შემდგომ მდიდარი ალაფით დატვირთული ტფილისს დაბრუნდა.

იმ ზაფხულს მეფე-დედოფალი იმერეთს გადავიდა. ერთ ხანს ქუთათისს, გელათსა და გეგუთს ისვენებდნენ, მერე შავი ზღვის სანაპიროებისაკენ გაუყვნენ.

საქართველოს მეუფეთა „განსუენებით“ უსარგებლიათ სამხრეთელ მოსისხლეებს და „ქუეყანა არტაანისა, ძაღინის ხევისა, პალაკაციო წაეღო თურქთა“.

ისევ შეჰყარა თამარმა ლაშქარი, ისევ უსარდლა დავით სოსლანი და აფრინა სამხრეთისაკენ. ქართველებმა თურქები ქართული მიწებიდანაც გადარეკეს და თურქული სამანებიც რბევითა და ტყვევნით გადალახეს.

1203 წელს დავით სოსლანმა ისევ დალაშქრა ადარბადაგანისა და სომხეთის მიწებზე შემოსახლებული თურქული ციხიონები. ორჯერ აიკლეს ქართველებმა ხლათის შაჰარმენთა სასულტნო და აიღეს ქალაქები: არჭეში, მანასკერტი და ატ-ტინი. აქედან მათ უშუალო საფრთხე შეუქმნეს კარნუ-ქალაქის საამიროს.

რაკი ცალ-ცალკე ვერაფერს გახდნენ, ხლათის სულტანმა და არზრუმის (კარნუ-ქალაქის) ამირამ თავიანთი საომარი ძალები შეაერთეს, იკონიის (რუმის) სულტნისგანაც დამხმარე მხედრობა მიიღეს და ჩრდილოეთისაკენ გაეშურნენ;

ქართველთა ლაშქარი, რომელსაც ზაქარია ვარამის ძე მხარგრძელი (უმცროსი ზაქარია) სარდლობდა, დამარცხდა, თვითონ ზაქარია ბრძოლაში დაეცა.

ახლა ამირსპასალარი ზაქარია სარგისის ძე წარემართა რევანშისა და ბიძაშვილის სისხლის ასაღებად, მაგრამ თურქებმა ერთ ხევში დაბანაკებულ ქართველობას ხევიდან გასასვლელები ჩაუკეტეს და ყოველის მხრიდან იერიში მიიტანეს. ქართველებმა ბრძოლის ველს დიდის მსხვერპლის ფასად დააღწიეს თავი.

ხლათი თურქებმა დაიჭირეს.

ეს ზედიზედ მეორე დამარცხება იყო თამარის დროს ქართული მხედრობისა. მორალურადაც ავი პერსპექტივა ამოიმართა „უძლეველად“ სახელგანსმენილი ქვეყნის წინაშე, საჭირო იყო დაუყოვნებლივ აღდგენილიყო ქართველთა სწორუპოვარი სიმძლავრის აწ შერყეული ავტორიტეტი.

ამ აუცილებლობის სასწრაფოდ აღსრულებას ქართველობასთან ერთად ითხოვდნენ ერთმორწმუნე_მოძმე სომხებიც.

სასწრაფოდ ამოქმედდა საქართველოს სახელმწიფო კარი.

1204 წლის გაზაფხულზე კვლავ გამოიყვანა და დალოცა ლაშქარი თამარმა. ამჯერად ისევ დავითი უსარდლა და სამხრეთ-საქართველოსაკენ გაისტუმრა.

ქართველები შეიჭრნენ ხლათში, იქ მდგარი თურქობა გაანადგურეს და ქალაქ კარისაკენ (ყარსი) წარემართნენ. კარი დიდი ქალაქიც იყო და დიდი თურქული ციხიონიც იცავდა. დავითმა ძლიერი ალყა შემოარტყა კარს. ქალაქი გაძალიანდა. მეციხოვნენი უშვერი ლანძღვა-გინებით გადმოჰყიოდნენ მოალყეებს. ხოლო, როცა ალყაში მოქცეულებს საჭმელ-სასმელი გაუთავდათ, სიცოცხლის შენარჩუნების საფასურად იარაღის დაყრა გადაწყვიტეს, მაგრამ რაკი „ეშინოდათ სიტყუათა მათთათვის გინებისათა“, ვაითუ დავითმა არ გვაპატიოსო, შემოთვალეს იარაღს დავყრით, თუ ქალაქის ჩასაბარებლად თვითონ თამარი ინებებსო მობრძანებას.

თამარიც კარისაკენ გაეშურა, თან ლაშაც წარიტანა, მეციხოვნეებმაც მაშინვე მოართვეს ქალაქის კლიტენი. შევიდა 11 წლის ლაშა გიორგი და ჩაიბარა კარი და მისი ციხე-კოშკები.

ამგვარად, თურქებმა დაკარგეს კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული ციხე-ქალაქი, საიდანაც ისინი მუდმივ საფრთხეს უქმნიდნენ ქართულ სამფლობელოთა სიმშვიდეს.

თამარმა ახლადდაპყრობილი კარი და მისი მიმდგომი მხარე სამმართველოდ გადასცა ივანე ახალციხელს (შალვა ახალციხელის ძმას).

ივანე ახალციხელმა თამარის ესოდენ პატივს ახალი გამარჯვებით უპასუხა. იგი თავისი ლაშქრით კარის „ქუეყანასაც“ გასცდა და „წარუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი, აიხუნა და მიითუალნა და წარმოგზავნა მახარობელი მეფესა წინაშე“. თამარმაც ახლად დაპყრობილი მიწები სამფლობელოდ მისსავე „დამპყრობელს“ უბოძა.

ერთი სიტყვით, ახალ XIII საუკუნეშიც ქართველებმა საერთაშორისო ასპარეზზე მძლავრი ნაბიჯებით შემოსდგეს ფეხი.

XII-XIII საუკუნეთა განსადრეკელზე, აზიისა და ევროპის გზასაყარზე, კვლავ მსოფლიო ძალისხმევით გუგუნებენ ქართული ზარები.

……………

იმხანად სომეხ და ქართველ თეოლოგთა პაექრობაც მოხდა. ქართველი ხელმწიფის ბევრმა ქვეშევრდომმა გრიგორიანობა მიატოვა და მართლმადიდებლობა მიიღო („მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად“). ასევე მოიქცა ივანე მხარგრძელი. იგივეს ურჩევდა უფროს ძმას _ ზაქარიას: ქართველებსო „მართალი სარწმუნოება უპყრიეს“ და შენც, ვითარცა ისედაც ჭეშმარიტი ქართველი, სარწმუნოებაც ქართული მიიღეო, თავის მხრივ კი ზაქარიას ეს უპასუხია: ვუწყი ძმაო, რამეთუ მართალი სჯული არს ქართუელთა, მაგრამ მაინც გრიგორიანობა დაუნარჩუნებია ზაქარიას.

ასე ერჩია ზაქარია მხარგრძელს. შორს უმიზნებდა ცბიერი პოლიტიკოსი: იგი საქართველოს ხელმწიფეთაგან სომხური პროვინციების მმართველობას გამოელოდა…

პონტოელ ქართველთათვის

ზღვასა გადაჰკრა ჩიქილა,

გადააქანა ზღვანია

ხალხური

გაიხსენე, მკითხველო, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორიები ძველთაგანვე ქართველი ტომებით იყო დასახლებული. ამ ქვეყნის უძველესი სახელიც მოიგონე _ პონტო. იგივე სახელწოდების სახელმწიფო ხომ დიდხანს რომის მსოფლიო იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხების მოთავე იყო.

ქართველი პოლიტიკოსები ყოველთვის ზრუნავდნენ „პონტოელ ქართველთა“ შემოერთება-შემომტკიცებისათვის. ეს საზრუნავი არც თამარისათვის ყოფილა უცხო.

პონტოს ქვეყანა იმჟამად ბიზანტიის სამფლობელოთა საზღვრებში შედიოდა. თამარს საბაბი უნდოდა, ლაზებითა და ჭანებით დასახლებული ქართული მიწები კეისრისათვის წაერთმია და საქართველოს კარისათვის დაექვემდებარებინა. ასეთი საბაბიც გამოჩნდა.

1203 წელს საქართველოში ჩამოვიდნენ საზღვარგარეთის ქართულ სავანე-მონასტერთა მოღვაწენი. თამარმა დიდის ამბით მიიღო ისინი, „მრავალ დღე არა გაუშვნა“. ხოლო როცა გაუშვა, ყოველ მათგანს „მისცა დიდძალი ოქრო, თვით მათთვის და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად“.

როცა ასე უხვად დასაჩუქრებული სამღვდელონი გავლით კონსტანტინოპოლს მივიდნენ, მოხდა სავსებით მოულოდნელი და გაუგონარი ამბავი. ისინი გაძარცვა… თვითონ კეისარმა, ბოროტმა და ანგარმა ალექსი III ანგელოსმა, ეს თვითონ კონსტანტინოპოლში არავის გაჰკვირვებია, რადგან კეისარი „ანგელოსი“, რომელსაც ძმისთვის თვალები დაეთხარა და იმპერატორობაც წაერთმია, მიცვალებულ კეისართა საფლავებსაც თხრიდა და იქიდან ოქროს იღებდა.

ხოლო თამარი გააოცა და უზომოდ განარისხა ბიზანტიელი ხელმწიფის ესოდენ აშკარა ავაზაკობამ.

მაშინვე „სხვა უფროსი“ ოქრო გაუგზავნა კეისრისაგან გაძარცვულ ბერებს, ხოლო, რაც მთავარია, სასწრაფოდ ჯარი შეჰყარა იმერთაგან და პონტოსაკენ აფრინა.

სწორედ ამ ჯარმა ერთიმეორის მიყოლებით დაიკავა „ლაზია, ტრაპიზონი, ლიმანი, სამსინი, სინოპი, კერასუნდი, კიტიორა, ამასტრია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი“.

ქართველები 200 კილომეტრზე იდგნენ კონსტანტინოპოლიდან.

ალექსი III-ს ქართველებისათვის აღარ სცხელოდა: ჯვაროსნები თვითონ კონსტანტინოპოლს მოსდგომოდნენ იერიშით.

თამარმა ბიზანტიისაგან გათავისუფლებული „პონტოს ქვეყანა“ ცალკე ვასალურ, საქართველოს ყმადნაფიც სამეფოდ გამოაცხადა, ხოლო მის მმართველად დასვა ალექსი ანდრონიკეს ძე კომნენოსი, ბიზანტიის ტახტის პრეტენდენტი, საქართველოს მეფეთა ნათესავი (გაიხსენე, მკითხველო: ალექსის მამა ანდრონიკე, თამარის მამის, გიორგი მესამის მამიდაშვილი იყო) და საქართველოში შემოხიზნული უფლისწული.

თამარის ბრძანებით ალექსი ტფილისიდან გავიდა და ტრაპიზონს დაჯდა. თანამოსაყდრედ თამარმა ალექსის დაუნიშნა მისი ძმა, დავით კომნენოსი.

ჭეშმარიტებას წერს აკადემიკოსი კუნიკი:

„კომნენოსები ჯერ კიდევ ყრმობისას მოხვდნენ საქართველოში, სადაც მიიღეს კიდევაც აღზრდაც, მათი დედაენა იყო ქართული. რაკი იზრდებოდნენ და აღზრდასაც მათი ნათესავი (თამარ მეფის) კარზე ღებულობდნენ, ისინი ყოველთვის ქართული ცხოვრებისა და ქართული ცნებების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ“. სამი წლიდან ოც წლამდე საქართველოში იზრდებოდნენ. ბიზანტია აღარც ახსოვდათ და ბერძნულ ენასაც, ისე „უცხო ენად“ სწავლობდნენ, როგორც ქართველ დიდებულთა შვილები. ასე ორმოცი წლის ასაკში ალექსი და დავით კომნენოსები უფრო ქართველი დიდებულები იყვნენ, ვიდრე ბიზანტიელები.“

ასევე წერს გამოჩენილი ბიზანტიოლოგი უსპენსკი:

„შავი ზღვისპირეთზე კომნენოსთა დამტკიცება არის საქმე თამარის ხელისუფლებისა… კომნენოსთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება არის მხოლოდ ეპიზოდი საქართველოს ბრძოლაში შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე პირველობისათვის, იგი არის გაგრძელება თამარის მამის პოლიტიკისა, რომლის ჯარები აღწევდნენ ერზრუმამდე და თვით ტრაპეზუნტამდე“. და კომნენოსები იყვნენ „იარაღნი თამარის პოლიტიკისა“. ისევ უსპენსკის მართებული აზრით ტრაპიზონის იმპერიის ბუნება უპირველეს ყოვლისა უნდა აიხსნას მოსახლეობის ეთნოგრაფიული ხასიათისა და ისტორიის თავისებურებებით, რომელშიც ელინიზმს გაბატონებული ადგილი არ სჭერია. საჭიროა გვახსოვდეს, პონტოს ძველი ისტორია და პონტოს მეფეების პოლიტიკური მიმართულება, ისევე როგორც თავისებურებანი ტრაპიზონელი ბერძნების ენაში… არ შეიძლება წინ არ წამოვწიოთ და განსაკუთრებული გულმოდგინებით ხაზი არ გავუსვათ იმ პირობებს, რომელნიც XIII საუკუნის დამდეგს და იმპერიის შექმნის შემდეგ თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში მიუთითებენ ადგილობრივი, ლაზური ტენდენციების ბატონობაზე ტრაპიზონში, რომელთაც ზურგს უმაგრებენ თბილისიდან და მხარს უჭერს თვით ტრაპიზონელი მეფეების სულისკვეთება, რაც მთლიანად და სავსებით საქართველოსკენ იყო მიმართული.“

„ტრაპიზონის იმპერიაც“ ნაწილი იყო სრულიად საქართველოს იმპერიისა, მისი „პროტექტორატი“ დი ისეთივე „ყმადნაფიცი“, როგორც შირვანი, დარუბანდი, ღუნძეთი, ოვსეთი, ქაშაგეთი და კარნუ-ქალაქი.

ბასიანი

მკვდრებით მოფენილ მინდორზე სიო არ ჰქროდა არსაით,

მუზარადი და ჩაჩქანი ეყარა რიყის ქვასავით.

ლადო ასათიანი

თითქოს ქართველთაგან სამუდამოდ დაშინდა თურქული სამყარო, ქართულ მახვილთა განურღვეველი შეტევებისაგან „მოაკლდებოდა ძალსა მაჰმადიანთასა, და მცემელიცა ებანსა, რამეთუ ქრისტიანეთა ორღანონი ხმოვანებდეს კიდით კიდემდე“.

თითქოს სამუდამოდ „დაშრტა სასოება ბუსურმანთა“.

ისღა დარჩენოდა „ყოვლითურთ უღონოთა,“ როგორმე ხარკისა და ძღვენის ძლევით მოეგოთ გული „წყალობის-მოყუარე თამარისა“. თურქი სულტნები, ამირები თუ ათაბაგები ფაიქს ფაიქზე აგზავნიდნენ საქართველოს სასახლის კარზე, ძღვენითა უთვალავითა, მრავალფერითა და უცხოფერითა, მუდმივი ხარკისა და მორჩილების აღთქმითა, ოღონდ კი ქართველებმა „დააყენონ მახვილი მსვრელი და ჯაჭვი შემკვრელი“.

მაგრამ იყო მათ შორის ერთი, რომელიც თამარის წინაშე „იჩემებდა ზაკვით სიყუარულსა და გზავნიდა მოციქულთა მშვიდობისათვის მრავალჟამ, და ძღუენთა შუენიერთა მრავალთა…“

ეს იყო რუქნ ად-დინი, სელჩუკიან ხელმწიფეთაგან ყველაზე მძლავრი მბრძანებელი, იკონიის (გინა კონიის, გინა რუმის) სულტანი.

რუქნ ად-დინი არ ჯერდებოდა, რომ მცირე აზიის ორი მესამედი მისი სასულტნოს საზღვრებში იყო მოქცეული. მას შავი ზღვის სანაპიროების დახელთება უნდოდა, მაგრამ ქართველებმა უკვე გადაუჭრეს გზა „ტრაპიზონის იმპერიის“ შექმნით, მას სომხეთის დამონებაც სურდა, მაგრამ ისევ ქართველები გადასდგომოდნენ წინ. და, საერთოდ, სანამ საქართველო ფეხზე იდგა, არც იკონიელ სულტანს და არც სხვა რომელიმე მაჰმადიან სკიპტროსანს წელში გამართვა და ქართველთა მახვილით დატენილი შიშიდან თავის დაღწევაც არ ეღირსებოდა.

და საქართველოსთან გადამწყვეტი ომისათვის რუქნ ად-დინმა ფეხზე დააყენა მთელი ქვეყანა. „არა დაუტევა თვინიერ დედაკაცისა სოფელთა შინა, არამედ ყოველნი აამხედრა“. არც ოქრო-ვერცხლი დაუზოგნია მოკავშირეთა მისამხრობად და საომარ ხარჯად: „განახუნა პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო აურაცხელი, და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათვის მხედრობისა“.

რუქნ ად-დინის მოწოდებაზე თავიანთი საომარი ძალებით მოვიდნენ: აბულასტანის მბრძანებელი მუღის ედდინ თოღრულ შაჰი, ეზინკის (ერზინჯანი) ამირა და რუქნ ად-დინის სიძე მელიქ ფაჰრ-ად-დინ ბაჰრამ-შაჰი, შამის (ასურეთის) სულტანი და ბირიტის ამირთ-ამირა;

მხოლოდ არზრუმის ამირამ, ალა ედდინ სალიყმა შემოუთვალა რუქნ ად-დინს უარი საომარ ძალთა გამოყვანაზე, მაშინ განრისხდა რუქნ ად-დინი, ალა ედდინი ამირას ტახტიდან გადააგდო და არზრუმის საამირო მუღის ედდინ თოღრულ შაჰს გადასცა. ამნაირად არზრუმელი მუსლიმანობაც შეუერთდა საქართველოს დასამხობად აღმართულ მაჰმადის დროშას.

უზარმაზარი ურდო შეიყარა, 400 000 თურქი მეომარი.

მაშასადამე, მასშტაბი უნდა ყოფილიყო დავით აღმაშენებლისდროინდელი დიდგორის ომისა.

მაშ, ისევ მოდიოდა „ყოველი თურქობა“ საქართველოს წასახდენად.

უზარმაზარ, „მთასავით მაღალ“ ცხენზე ამხედრებული მოუძღოდა რუქნ ად-დინი „ვარსკვლავთაებრ ურიცხვ“ მხედრობას.

ბასიანს მოვიდნენ და დაიბანაკეს.

წინასწარ ფაიქი აფრინა რუქნ ად-დინმა ტფილისისაკენ. სულტანი წერილს უგზავნიდა საქართველოს მეფეთამეფეს.

წერილში გაუგონარი თავხედობა ეწერა:

„მე ნუქარდინ, სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა, უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული დიდისა მოჰმედისაგან, მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს, ყოველი დიაცი რეგუენია, და შენ გიბრძანებია, ქართველთათვის ხრმლისა აღებად და მუსულმანთა ხოცად. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი, რამეთუ ვეღარასოდეს გაბედოთ აღება ხმლისა, რომელიც მაჰმად მოციქულსა მხოლოდ თავისი ერისათვის უბოძებია, მოვდივარ, რათა სამაგიერო მოგიზღო სპარსთა და თურქთა ესოდენი აკლებისათვის, რათა აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყნისა, და ცოცხალი მხოლოდ იგი დავტოვო, რომელიც წინა მომეგებოს, თაყუანი სცეს ჩათრსა (კარავსა) ჩემსა, სასოება იგი თქუენი ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰმადი აღიაროს“.

დიდსულოვნებით დაითმინა თამარმა ეს ყოვლად უზრდელი და უგუნური პატრუცაგი რუქნ ად-დინისა, მხოლოდ ეს იყო, „სულთითქუნა სიღრმით გულისათა“.

სანამ რუქნ ად-დინის კადნიერი წერილით რისხვამორეულ დარბაზში თამარის პასუხი იწერებოდა, მანამ თურქმა მოციქულმა დარბაზისერთა წინაშე კიდევ უარესი, გასაოცრად ბრიყვი და უზრდელი სიტყვა ამოაყრანტალა:

„უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტანისა!“

ასეთი გაუგონარი თავხედობა, სწორედ აღარ შეიძლებოდა უპასუხოდ დარჩენილიყო.

ყველას დაასწრო ზაქარია მხარგრძელმა, მოციქულს მიეჭრა და ისე „უხეთქა ხელითა პირსა“, რომ თურქი იგი უგრძნობლად „ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა“.

როცა გონს მოიყვანეს და ფეხზე წამოაყენეს, ზაქარიამ უთხრა გალახულ ფაიქს: შენ რომ მოციქული არ ყოფილიყავ, ჯერ ენის ამოკვეთა და მერე თავის გაგდებინება იქნებოდაო შენი სამართალი.

მაშინვე მხედრობის წვევა ბრძანა მეფეთამეფემ. „მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა, ნიკოფსით დარუბანდამდის“. ჯავახეთს მოიყარეს თავი ჯარებმა, ხოლო თამარი ვარძიას მიბრძანდა.

ფეხშიშველი შევიდა თამარი „ვარძიისა ღმრთისმშობლისა წინაშე და ცრემლითა შეავედრა სოსლან დავით და სპა მისი; დროშა მისი სვიანი“.

გამოვიდა, დროშა დავითს გადასცა, ლაშქარი დაიძრა.

სამხრეთისაკენ მიდიოდა ქართული მხედრობა.

წინ თამარი მიუძღოდა, ქვეითად, ფეხშიშველი, ლოცვით და ცრემლით.

ერთი დღის სავალზე მიუახლოვდნენ ქალაქ კარს, რომელიც ამას წინათ დაიხსნეს ქართველებმა თურქებისაგან.

შედგნენ. თამარმა რუქნ ად-დინის მოციქულის მოყვანა ბრძანა, მოიყვანეს. თამარის ბრძანებითვე მდიდრულად შემოსეს, დიდძალი ოქრო უბოძეს, თურქს გვერდით ქართველი ფაიქი დაუყენეს თამარის საპასუხო წერილით სულტანისადმი. ორივე ერთად გაუშვეს რუქნ ად-დინთან.

თამარის წერილი რუქნ ად-დინისადმი ასეთი იყო:

„ძალსა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ნუქრადინო, და ვცან სიცრუენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისადა მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე, აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ქრისტეს მოსისხლე არა შენდა თაყუანისაცემად, არამედ დამხობად შენდა სიზუავისა მაგის და ამპარტავნისა გულისა შენისა. იყავნ ნება ღმრთისა, ნუ შენი! სამართალი მისი, ნუ შენი! ხოლო მე ვუწყი გახრწნილობა მსახურთა შენთა, ამისთვის წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილ სპათა ფერხნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან“;

თამარმა ამხედრება ბრძანა.

თვითონ მაღლობზე ავიდა, მუხლებზე დაემხო და დიდხანს ილოცვიდა ცრემლთა თხევით.

მერე, წამოიმართა მეფეთამეფე და ჯვარიცხოველის მოღება უბრძანა ჯვარისმტვირთველს. წამოეშველა ბასილი ეზოსმოძღვარი. ჯვრის ერთი მხარე დაიჭირა თვითონ თამარმა, ხოლო მეორე _ ბასილმა და ჯვარისმტვირთველმა.

სარდლებს და ერისთავებს უბრძანა დედოფალმა და ისინიც რიგად წამოემართნენ ამბორსაყოფად ჯვარისა და კალთისა მეფე-ქალისა. ჯერ მთავარსარდალი მიეახლა, დავით სოსლანი, მერე მეწინავე სარდლები _ ძმები შალვა და ივანე ახალციხელები, ზაქარია მხარგრძელი, შემდეგ თორელნი, ჭიაბერი და ყოველი ერისთავი, „იმერნი და ამერნი“.

ბოლოს თამარმა ორივ ხელით აღმართა ჯვარი და ლაშქარიც დაიძრა.

და ასე იდგა თამარი ფეხშიშველი, ტანაშვეტილი ცრემლით ნაბანი ღვთაებრივი სახით. მანამ იდგა და არწევდა ჯვარს ჯვარსახოვნად, ვიდრე მის წინ უკანსაკნელმა მეომარმა არ ჩაიარა.

მიდიოდნენ ქართველები საომარ ველზე „მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი“.

თამარი სამცხისაკენ შემობრუნდა, მივიდა ოძრხეს და კვლავ დადგა ლოცვად. მასთან შემოკრბენ სამღვდელონი და ბრძენი საერონი.

ამათ შორის ორი ყოფილი ყველაზე სახელგანთქმული _ იოანე შავთელი, „კაცი ფილოსოფოსი და რიტორი, ლექსთ გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული და მეორე _ ევლოგი, „სალოსად წოდებული და წინასწარ-მცნობელობისა ღირსქმნილი.“

მთელი ღამე ლოცვად იდგა თამარი.

„იყვნეს მიმდევნი ღამისთევანი და ლიტანიობანი“.

ხოლო დავით სოსლანი თავის ლაშქრით ბასიანს მივიდა და თვალი დაადგა თურქთა ბანაკს, გაშლილს „ადგილსა ბოლოსციხედ წოდებულსა.“ ქართველებმა ნახეს, რომ „ბანაკსა სულტანისასა არა იყო რიცხვი ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდაგებისა მათისა, მინდორი იგი ძლივს იტევდა კარვებსა მათსა“.

ეტყობოდა, თამარის წერილს გულზვავიანი სულტანი არ შეუშინებია და არც „განკრძალულა“ იგი. პირიქით, თურქები ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნენ და არა უდგა დარაჯი სულტანსა.

დავითმა ფიცხლავ განაწყო ლაშქარი საომარ წყობით.

მეწინავე, მოიერიშე ჯარს უსარდლა ძმები შალვა და ივანე ახალციხელები, ზაქარია მხარგრძელი და თორელები, ხოლო ძირითადი ძალები ორად გაჰყო: მარჯვნივ _ აფხაზ-იმერნი, მარცხნივ _ ქართლელნი, კახნი და ჰერნი.

ჯერ „წყნარად ვიდოდეს“ ქართული ლაშქარი.

სულტანის ბანაკიც აიშალა საომრად, მაგრამ როგორც კი ქართველებმა ცხენები ააჩქარეს და ერთბაშად ზვავივით იგრიალეს, თურქთა ურდო მოიერიშე „ქაფარის“ (ურჯულო) ხილვით შეძრწუნდა და სასწრაფოდ ამხედრებული გასაქცევად აგორდა.

ქართველები ყიჟინით და იარაღის ზათქით გამოენთნენ.

მაგრამ სულტანმა შემოაბრუნა „გაქცეული ტყე-მაღნარი“.

„და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელი ძუელ-ოდესმე ქმნილ იყო მხნეთაგან ეგევითარი ომი“.

ბრძოლა გაგრძელდა დიდხანს, შენივთებულად, „მყოვარჟამ და მოსწყდებოდეს ორგნითვე, ხოლო უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს“.

მაინც არ იძვროდა ბრძოლის სასწორი.

შუადღის ზემხურვალე დააცხრა ბასიანის ველს.

„მაღალ მთასავით“ ცხენზე ამხედრებული და მაღალი საჩრდილობელის ქვეშ მდგარი რუქნ ად-დინი გახელებული უყიოდა თავისიანებს.

ცხენები დაუხოცეს ქართველ სარდალთა უმრავლესობას: მსახურთუხუცეს ივანე მხარგრძელს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალციხელებს, თაყაიადინ თმოგველს და „სხუათა მრავალთა თავადთა“.

ძალზე მისჭირდათ ქართველებს: „კნინდა სივლტოლად მოიდრიკნეს“.

მაგრამ არ გატყდნენ უცხენოდ დარჩენილი ქართველი სარდლები. ხოლო, როცა მათმა მხედრებმა ქვეითად მებრძოლი სარდლების საოცარი სიმამაცე იხილეს, თვითონაც დაქვეითდნენ და გაურღვეველ კედლად შეკრულნი მიჰყვნენ მეთაურებს.

დროზე შენიშნა დავით სოსლანმა: ცხენოსანმა ლაშქარმა მოულოდნელად დაქვეითებული მეომრები არ დამიზიანოსო და სასწრაფოდ თავისი მხედრობა ქვეითებს განარიდა და მაშინვე ღრმა რეიდით მტრის მარჯვენა ფლანგს შეუტია. იგივე უბრძანა ზაქარია მხარგრძელს, რომელმაც თავის მხედრობით თურქთა მარცხენა ფლანგისაკენ გაქუსლა.

პირველი მიეჭრა დავით სოსლანი, „ვითარცა აქილევი“. „მასვე წამსა შინა დავით და სპა მისი მივიდა, ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდნენ ურიცხუსა მას სპასა შინა სულტნისასა“.

მაშინვე დავით სოსლანის მოყმეთაგან „პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ხრამლთასა“ ქართველთა გამარჯვების მომასწავებლად დაქანდა ბრძოლის სასწორი.

ამირსპასალარიც უკვე მოსწოლოდა სულტანს მარცხენა მხრიდან.

მასვე ჟამს შალვა ახალციხელმა მიატანა რუქნ ად-დინის „მაღალ საჩრდილობელს“ და სასულტნო დროშას. იმ წამსვე „საჩრდილობელიც“ თავზე დაემხო სულტანს. მაინც გაასწრო, _ გაქუსლა თავისი „მთასავით ცხენით“.

და მასთან ერთად თურქთა ლაშქარის „ეგეოდენი სიმრავლეც განსქდა, იძლია, დაიპანტა“.

დაქვეითებული ქართველებიც მაშინვე ცხენებს მოახტნენ და ხმალამართული გამოენთნენ.

გარბოდა რუქნ ად-დინის ლაშქარი, ვითარცა „თვალგარდუწდომელი მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილი და დაზულეული“. გარბოდნენ, ერთმანეთს სთელავდნენ, „ურთიერთსა დასთრგუნვიდნენ“.

ქართველბმაც სდიეს დაღამებამდე, სდიეს, „ხოცდეს, ჩამოჰყრიდეს და იპყრობდეს“.

მეორე დღეს, სისხამ დილით ქართველებმა მოიხილეს ბასიანის ველი „ვითარ რიყე“ იყვნენ დარეცილნი მაჰმადის მონანი, მათი დალეწილი საჭურველნი და ქართველთა ხელით დაფხრეწილი დროშები.

აურაცხელი ნადავლი დარჩათ გამარჯვებულებს. „აღივსნეს ოქროთა და ვერცხლითა და ჭურჭლითა პატიოსნითა“. ანგარიში არ ჰქონდა ცხენ-ჯორთა, აქლემთა, საჭურველთა, კარავთა და სხვათა მსგავსთა“…

ასე განესრულა ბასიანის ომი.

ასე დათრგუნეს ქართველებმა მათი სამშობლოს გასანადგურებლად აღძრული უკანასკნელი „დიდი თურქობა“ სელჩუკის მოდგმისა…

დიდი გამარჯვების ამბავი ოძრხეში აახლეს თამარს. მალე თვითონ ძლევამოსილი მხედრობაც ეახლა სათაყვანო დედოფალს.

ტფილისს მივიდნენ და დიდი ტრიუმფი გადაიხადეს.

რუქნ ად-დინის სახელმწიფო დროშა და მის მოკავშირე სულტანთა და ამირათა დროშები თამარის ფერხთა წინაშე დაჰყარეს…

მერე ძვირფასი ტყვეები მოჰგვარეს თამარს. სარდალთაგან მხოლოდ რუქნ ად-დინსა და მუღის ედდინს გაესწრო სამარცხვინო ტყვეობისაგან. დანარჩენები ბორკილდადებულნი იდგნენ ახლა საქართველოს მეფის წინაშე: მელიქ ფაჰრ-ად-დინ ბაჰრამ-შაჰ ეზინკელი, შამის სულტანი, ბირიტის ამირთ-ამირა და „სხუა სულტანნი და ამირანი“.

თამარმა ყველა, ერთის გარდა, ერთხანს ციხედ იყოლია, მერე შეიწყალა და გაათავისუფლა.

ხოლო „ის ერთი“ თამარის დიდსულოვანი შეწყალების უღირსი, აღმოჩნდა ეზინკის ბოროტი მბრძანებელი მელიქ ფაჰრ-ად-დინ ბაჰრამ-შაჰი, რომელიც თამარმა დასაჯა, სრულიად „უცხო“ სასჯელით:

გაჰყიდა და… გასაყიდ ფასად აიღო ცხენის ნალი („განყიდა ნალად ცხენთა“)!

იმ წელსვე, როცა დიდი ძლევამოსილებით მოტანილი სიხარული ჯერ კიდევ არ განელებულიყო, ქართველებმა შეიტყვეს სიკვდილი რუქნ ად-დინისა. ბასიანის ჯავრი სამარეში ჩაჰყვა გულზვავიან სულტანს…

ბასიანის შემდგომ

საზეიმო განწყობილება სუფევდა საქართველოში.

„ამა დღითი-დღე წარმატებათა და განდიდებათა შინა იყო სკიპტრის-მპყრობელთა ყოველთა უბრწყინვალესი თამარ; უმეტეს შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა, ეკლესიათა და მონასტერთა კაზმასა და შენებასა, ობოლთა და ქურივთა შეწყალებასა და სამართლისა მოფენასა“.

შემოდგომით სამეფო სახლეულნი იმერეთ-აფხაზეთს გადადიოდნენ და „განაგიან საქმენი მანდაურნი“, გეგუთისა და აჯამეთის უღრან-მაღნარებში ნადირობდნენ, მერე ისევ ქართლს ბრუნდებოდნენ, შემდეგ ქვემო ქართლს და კოლა-არტაანს ეწვეოდნენ.

წლის დასასრულს ხარკი და ხარაჯა მოჰქონდათ: განძელთა, „აღმართ-ქალაქელთა“, ნახჭევანელთა, კარნუ-ქალაქელთა და ეზიკნელთა.

„იშუებდეს და იხარებდეს“ დიდი და მცირე, გარნა „ესრეთ სიხარულსა შეუთქს მწუხარება“.

მიიცვალა დავით სოსლანი, ღირსეული მეუღლე თამარისა და საქართველოს უპირველესი მხედართმთავარი, „კაცი აღსავსე ყოვლითა სიკეთითა საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განშუენებული, წყობათა და ომთა შინა მხნე ვინმე გულოვანთაგანი, უხვი და მდაბალი და სიკეთე აღმატებული“.

გელათს დაკრძალეს დავით სოსლანი, ქართველ მეფეთა საძვალეში.

გლოვად დაჯდა თამარი _ „შთაცმასა და დაფენასა ძაძისასა“.

მაგრამ გლოვა მისი უნდა დარჩენილიყო, ვითარცა პირადი საგლოველი, ხოლო სახელმწიფო კვლავ ხელმწიფურ საქმიანობას მოითხოვდა ხელმწიფისაგან.

და თამარმა მგლოვიარე წელსვე თანამოსაყდრე მეფედ დაისვა ძე თვისი 12 წლის ლაშა გიორგი.

დავით სოსლანის სიკვდილმა მაინც გაათამამა თურქი მაოხარნი.

ჯერ, მაიაფარიკინისა (ჩრდ. მესოპოტამიაში) და ხლათის სულტნები სომხური მიწებისთვის დაერივნენ ერთმანეთს, ხოლო სომხეთის მიწა-წყლისათვის ბრძოლის ატეხვა საქართველოსთან ომის განახლებას ნიშნავდა.

1207 წელს, პირველი მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ, მაიაფარიკინის სულტანმა ნეჯმ ად-დინ აიუბმა, სასტიკად დაამარცხა ხლათის სულტანი ბალბანი, რომელმაც თავის მხრივ დასახმარებლად მოუხმო არზრუმის გამგებელს მუღის ედდინ თოღრულ შაჰს. ხლათელებმა და არზრუმელებმა შეერთებული ძალებით უკუაქციეს ნეჯმ ად-დინ აიუბი, მაგრამ მუღის ედდინმა მოკავშირე ბალბანი მოკლა და ხლათს თვითონ დაეპატრონა. ხლათის მოსახლეობამ არზრუმელი არ გაიმეფა, იგი გააძევა და ქალაქი ნეჯმ ად-დინ აიუბს გადასცა.

ამას სომეხი ხალხის აჯანყება მოჰყვა. აჯანყებულებმა აიღეს ვანი და არჭეში. სომხები მიეშველნენ ქართველებს, რომლებმაც ხელთ იგდეს თვითონ ხლათი და მაშინვე გადასცეს აჯანყებულ სომხებს, მაგრამ ახალი საომარი ძალებით მოიჭრა ნეჯმ ად-დინ აიუბი, ხლათი აიღო და სომეხი მოსახლეობის დედაწულიან ჟლეტას შეუდგა.

როგორც კი ამ ამბავმა თამარის ყურამდე მოაღწია, მაშინვე საომარი სამზადისი ბრძანა. ლაშქარს მსახურთუხუცესი ივანე უსარდლა და სამხრეთისაკენ აფრინა. ქართველებმა სომეხი პატრიოტები შეიერთეს და ძლიერი იერიშით არჭეში აიღეს. ნეჯმ ად-დინ აიუბმა ხლათიდან გამოსვლა და არჭეშის გადარჩენისათვის ზრუნვა ვერ გაბედა.

ივანე მხარგრძელმა იმჯერად არჭეშის აღება საკმარისად ჩათვალა და თურქი ტყვეებითა და ნადავლით დატვირთული უკან დაბრუნდა. მომდევნო წელს (1208) ისევ გაემართა ხლათისაკენ. ხლათში ამჯერად ახალი ამირა დამჯდარიყო _ მელიქ ალ-ავჰად.

ქართველებმა ალყა შემოარტყეს ხლათს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ქალაქი დღე-დღეზე უნდა დანებებულიყო, მაგრამ მოულოდნელი რამ მოხდა. ერთ დღეს სადილი გაუგრძელდა ქართველთა მთავარსარდალს. ღვინოს მიეძალა ივანე მხარგრძელი. საღამოს ცხენს მოახტა და ხიდზე გადასვლა მოინდომა. თანაშემწენი არ ანებებდნენ, რადგან მდინარის მეორე ნაპირს თურქთა საფრები იყო მოსალოდნელი, მაგრამ უღვინოდაც თავზეხელაღებული იყო ივანე, უშიშარი, გინა, „გულმხეცი“. არ დაიშალა, ცხენს ქუსლი ჰკრა და ხიდზე შეაჭენა. რამდენიმე მეომარიც მიჰყვა ასაბიად. ის იყო, სარდალი ხიდის ნახევარს გადაშორდა და ერთბაშად მდინარეში ჩაინთქა: თურმე თურქებს იდუმალ ხიდის ფიცრები აეყარათ და ზედ თივა წაეფარებინათ.

ქართველთა ბანაკში გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს, ისე დააცხრნენ ჩასაფრებული თურქები წყალში ჩავარდნილ მხარგრძელს, შეიპყრეს და მხარგაკრული ქალაქში შეაქანეს.

მოულოდნელი წარმატებით გახარებულმა ალ-ავჰადმა წინ დაისვა ქართველთა მთავარსარდალი და საზავო პირობები უკარნახა: ივანეს 5 000 თურქი ტყვე უნდა გაეთავისუფლებინა, 100 000 დინარი ფულად გადაეხადა, რამდენიმე ციხეც უნდა დაებრუნებინა და მისი პირმშვენიერი ასული თამთა ალ-ავჰადისათვის ცოლად მიეთხოვებინა. ივანე ტყვეობიდან თავდახსნას ჩქარობდა, ვაითუ ტფილისში ამ უბედურმა ამბავმა ჩამასწროს და მსახურთუხუცესის თანამდებობაც უკვე დაკავებული დამხვდესო, და ამირასაგან ნაკარნახევ ზავს დათანხმდა. ალ-ავჰადმა ქართველ სარდალს მძევლები ჩამოართვა და ტყვეობიდან გამოუშვა. ივანემ ზავის ყველა პირობა აღასრულა, მხოლოდ თამთა არ მისცა ცოლად ალ-ავჰადს.

თამარმა აპატია ეს „უნებლიე მარცხი“ თავის ერთგულ ყმას.

მთავარი მაინც ის იყო, რომ ქართველებმა ვანის ტბამდე და მანასკერტამდე თურქ-სელჩუკთაგან გაწმინდეს სომხეთის მიწა, სომეხ-ქართველებს ერთი მთლიანი, განუყოფელი მშვიდობიანი ცხოვრება დაემყარებინათ ამ მრავალგზის სისხლნათხევ და ნაწამებ მიწაზე.

მოძმენი მოძმეეთა სისხლისათვის

საომარი იარაღის ზრიალში, კანონის ხმა არ ისმის.

გაიუს მარიუსი

მაგრამ თამარის დროს ერთხელ კიდევ სცადეს მაჰმადიანმა დამპყრობლებმა სომხური მიწების შეწუხება.

დიდმარხვა იდგა და თამარი გეგუთს ბრძანდებოდა, როცა სამხრეთიდან მალემსრბოლბმა საშინელი ამბავი მოუტანეს: არდაველის (არდებილის) სულტანი წამოსულა დიდი მხედრობით ადარბადაგანიდან. ჩუმად, ხალხის უწყინრად გამოუვლია რახსისა და სურმარის ხეობანი „და უგრძნეულად მოსულა ანისსა“, სწორედ „დიდ-შაბათის მწუხრს“ იდუმალ დაუბანაკებია ქალაქის ახლოს. ანისელებს, ისე რომ მტრის მოვსლა არც გაუგიათ, ღამეც არხეინად გაუტარებიათ და ცისკარსაც გულდადებული ზეიმით შეხვედრიან. ხოლო, როცა „ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი“, თურქები ანისელთათვის სრულიად მოულოდნელად გრიგალივით შეჭრილან ქალაქში, დედაწულიანად გაუწყვეტიათ უიარაღო ხალხი, ქალი და კაცი, დიდი და პატარა. გარდა იმისა, რაც ქუჩა-ბანდებსა და ფოლორცებში დაუჟლეტიათ, 12 000 სომეხი მარტო ეკლესიებში დაუკლავთ „ვითარ ცხვარი“. სიკვდილს მხოლოდ ის გადარჩენია, ვისაც ციხეში, გამოქვაბულში ან სხვა რამ სამალავში ჩაჩუმქვრა და ჩაკეტვა მოუსწრია.

თანამოძმე სომეხთა მუხანათურმა და მხეცურმა ჟლეტამ შეაძრწუნა და განარისხა თამარი. მაშინვე საომარი მზადება და არდავლის სულტანის სამაგალითო სიმკაცრით დასჯა ბრძანა. ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა ბრძოლის გეგმა შესთავაზეს მეფეს. მთავარი იყო, სულტანს ქართველთ მიახლოება არ გაეგო და თავის თურქობასთან ერთად ციხეებსა და სამალავებში თავშეფარება არ მოესწრო. რაკი თურქებმა სომხები დიდ საქრისტიანო დღესასწაულზე ამოწყვიტეს, ჩვენც ქართველები სამაგიეროდ თურქებს მათ დიდ სამუსლიმო დღესასწაულზე, რამაზანობაზე უნდა დავეცეთო. ამიტომ თურქებმა რომ ეს განზრახვა არ შეგვიტყონ, ჩვენ მათ მოსაჩვენებლად მცირე რაზმით მხოლოდ ანისს ჩავალთ და მთავარ ძალებს რამაზანობის წინა დღისთვის დაველოდებითო. ხოლო მთავარ ძალებად სამცხე-ჯავახეთის, კახეთ-ჰერეთისა და სომხითის ლაშქარი უნდა ვიკმაროთ; ქართლისა და იმერეთის მხედრობა საერთოდ არც უნდა გამოვიყვანოთ, რადგან ქართლელთა ამოძრავება მტერს შეუმჩნეველი არ დარჩება და წინასწარ თავშეფარებას მოახერხებსო.

თამარმა დასტური ბრძანა. მხარგრძელები ანისს ჩავიდნენ მცირე რაზმით, ხოლო, როცა რამაზანობა მოახლოვდა, თამარმა „უბრძანა მესხთა, თორელთა, თმოგუელთა, ჰერ-კახთა, სომხითართა“ წარგზავნა ანისს, თვითონ მეფე კოლას ჩავიდა და იქ დაელოდა ლაშქრის დაბრუნებას.

ანისიდან მხარგრძელებმა სწრაფი მარშით გაიყვანეს ლაშქარი. „გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუაფრიდის ხიდსა“ და ღამით „უგრძნეულად“ მიადგნენ არდაველს.

მიიდრიკა წინაღამე რამაზანისა. „აიდი განთენდებოდა, რომელ არს აღვსება“ მუსლიმანთა. და ის იყო, არდავლის მთავარი მიზგითიდან იყივლა მოლამ და დანარჩენ მუყრ-მუეძინთა გულისწამღები ღნავილიც აჰყვა, რომ ქართველებმა ცხენები მოსხლიტეს და გრიალით შეცვივდნენ ქალაქში. არდაველი ხელის გაუნძრევლად დანებდა მოულოდნელად მოვარდნილ მტერს. მხარგრძელთა ბრძანებით მისგითებში ლოცვად დაცემული 12 000 მუსლიმი მოჰკლეს, სანაცვლოდ იმდენივე სომხის გაჟლეტისათვის ანისის ეკლესიებში. მოკლეს თვითონ სულტანი, მისი ცოლ-შვილი დაატყვევეს. ამას გარდა, „სხუა უმრავლესი ერი მოსწყვიდეს, და სხუა ტყუე _ ჰყვეს“. დიდძალი სიმდიდრეც ერგოთ გამარჯვებულებს: „ესრეთ აღივსნეს სიმდიდრითა აურაცხელითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვერცხლითა, ჭურჭლითა ოქროსა და ვერცხლისათა, შესამოსლითა, საფენელითა და ყოვლითა სიმდიდრითა ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისა, რომელ მოთხრობა ძნელ სადმე არს. აღივსნეს ცხენითა, ჯორითა, აქლემითა, საქონელი მათი თვით მათვე სახედართა ძლით აჰკიდეს და წამოემართნეს“.

იგივე გზით გამობრუნდნენ ძლევამოსილნი. ანისს მოვიდნენ და აქაურებს აღდგომას დაქცეული სისხლის აღება ახარეს.

ანისიდან კოლას მივიდნენ „მეფეთამეფესა და მზეთა-მზესა და დედოფალთ-დედოფალსა წინაშე…“

ეს ამბავიც _ ქართველთაგან სომეხთა სისხლის ზღვევინება 1208 წელს მოხდა.

დალაშქვრა სპარსეთისა

ერთ დღეს თამარს ეახლნენ ამირსპასალარი ზაქარია, მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი (ზაქარია გაგელის ძე) და მოახსენეს:

„ძლიერო ხელმწიფეო შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინებულო! იხილე და განიცადე სამეფო თქუვენი და ცან სიმხნე და სიქველე სპათა შენთა; გულისხმა ყავ, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მხნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა შორის, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი. აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან, რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცნეს სადმე სპათა შენთა საქმენი, არამედ აღვამხედროთ ერაყს, რომ-გურსა ზედა, რომელ არს ხუარასანი, და ცნან ყოველთა სპათა, აღმოსავლეთისათა, ძალი და სიმხნე ჩუენი. და უბრძანე სპათა საქართველოსათა _ მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს და ერაყს, არამედ ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ!“

მაშ, სრულიად სპარსეთ-ერანის დალაშქვრას სათავაზობენ თამარს მისი სარდლები.

დიახაც დრო დამდგარა, ერთხელ ქართველებმაც ილაშქრონ ასწლეულთა მანძილზე საქართველოს წასახდენად მომდინარე ერანის მიწებზე.

თამარმაც აწვია დარბაზი, „მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იმერთა და ამერთა“ და გამართა ბჭობა სპარსეთს დიდი ლაშქრობის თაობაზე. დარბაზმაც ერთხმად დაასკვნა გალაშქრება და მაშინვე შეუდგნენ საომარ სამზადისს.

იდგა 1209 წელი. „მოიწია არე სთვლისა“ და ტფილისში დასრულდა ჯარების შეყრა „ნიკოფსიდან დარუბანდამდე“.

თამარმა გულდასმით დაათვალიერა ლაშქარი და „იხილა აბჯარითა კეთილითა და პატიოსნითა და მოეწონა აბჯარი და ცხენკეთილობა მათი, სიდიდე და სიმხნე სპათა მისთა“. მხედრობის „მოხილვის“ შემდგომ თამარმა „მოიღო დროშა სვიანად ხმარებული გორგასლიანი და დავითიანი“, ისევ ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა, ლაშქარი გულხმურვალედ დალოცა და დროშა ამირსპასალარ ზაქარიას გადასცა.

დაიძრა ქართული მხედრობა დიდ ლაშქრად ერანისაკენ.

ჯერ „ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღას და რახსსა და შევლეს ვიწრო იგი ხევი დარდუზისა“ და აქედან მიადგნენ ადარბადაგანის დიდ ქალაქს მარანდს. მარანდელებს დროზე შეუტყვიათ ქართველთა მოახლოება და მახლობელ მთებში გახიზნულან დიდიან-პატარიანად. ქართველმა სარდლებმაც ასე ივარაუდეს, რომ მარანდელთა ლაშქარი მთებში იქნებოდა ჩასაფრებული. ამიტომ გამოჰყვეს 500 რჩეული მეომარი, ყველა „დიდებული და აზნაური“, უსარდლეს „კაცი მხნე“, თაყაიადინ თმოგველი. და გაგზავნეს ქალაქს ზემოთ წამომართულ მაღლობზე, მტრის დასაზვერავად. თუ იქ მტერი მართლა აღმოჩნდებოდა, თაყაიადინს დაუყოვნებლივ ამირსპასალარისთვის უნდა ეცნობებინა და თვითონ ძირითად ძალთა მოსვლამდე შებძოლებას განრიდებოდა.

მაღლობს შეუდგა თაყაიადინ თმოგველის რაზმი. პლატოზე ავიდნენ, დადგნენ და მზერა მიაპყრეს „ღირღალთა და კლდეთა მაღალთა“. მარანდელნი მართლაც იქ ყოფილან ჩასაფრებულნი და ქართველთა სიმცირე რომ იხილეს, მაშინვე მთელი ძალებით გამოიჭრნენ ყიჟინით, ხვივილით, ღრიანცელით, თაყაიადინ თმოგველმა დაივიწყა ამირსპასალარის გაფრთხილება, ფიცხლავ შუბი გამართა, რაზმს შეუძახა და იერიშზე გადმოსული მტრისკენ გაქანდა. მამაც მეთაურს მიჰყვა ხუთასი ქართველი მხედარი, შუბგაწვართულნი, მძვინვარე ყიჟინით.

როცა ქართველთა მთავარი ძალები პლატოზე ავიდნენ, ცოცხალთაგან იქ არავინ დახვედრიათ. ბრძოლის ველი ერანელთა გვამებით იყო დარეცილი, ხოლო მათ შორის არც ერთი ქართველი არ აღმოჩნდა. ხუთასი ქართული შუბი იპოვნეს, ხუთასი მუსულმანის მკერდში დარჭმული, მაგრამ სადღა იყვნენ თვითონ თაყაიადინ თმოგველი და მისი მეომრები? აღარ იცოდა, რა ექნა გაოცებულ და გაოგნებულ ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელს. მაგრამ დიდხანს არ გაუვლია და მთებიდან დაეშვა თმოგველი თავისი ხუთასი მებრძოლით.

ყველაფერი ნათელი გახდა: ქართველებს იერიშზე გადმოსული მტრის ჭარბი ძალები დაუმარცხებიათ, ბრძოლის ველიდან გაუქცევიათ, თვითონაც გამოდევნებიან და ისე თავდავიწყებას მისცემიან, რომ შინ მთებში შეჰყოლიან გაქცეულ და თავზარდაცემულ მტერს.

როცა საერთო სიხარული და აღტაცება ჩაცხრა, ზაქარია „აბრალებდეს თაყაიადინსა“, და „მქისედ ეტყოდა სიტყუასა ამბავის უცნობებლად შებმისათვის“.

მარანდის დაჭერის შემდგომ ქართველები გაემართნენ თავრეჟისაკენ (თავრიზი). მოსალოდნელი იყო, რომ ესოდენ დიდი ერანული ქალაქი უომრად არ დანებდებოდა მტერს, მაგრამ „ვითარ ესმა თავრეჟს მყოფთა მისვლა ქართველთა ლაშქრისა, განკრთეს და ძრწოლამან შეიბყრნა ყოველი მკვიდრნი თავრეჟისანი“, მაშინვე ქალაქის მესვეურებმა ელჩობა გააწყვეს და ქართველებს შემოაგებეს. შეწყალებას ითხოვდნენ, მორჩილების პირობას დებდნენ, დიდძალი ხარკისა და ძღვნის გაღებას აღუთქვამდნენ. „განკვირვებულ“ ქართველებსაც ისღა დარჩენოდათ აღეთქვათ „მშვიდობა და უვნებელ განვლა ქუეყანასა მათისა“. მაშინ „მოვიდეს ყადნი, ხოჯანი, დარვეშნი და ყოველნი თავადნი თავრეჟისანი, მოიღეს ოქრო და ვერცხლი, ლარი, ცხენები, ჯორი და აქლემი, თუალი, მარგალიტი, შესამოსელი, საზრდელი კმასაყოფი ლაშქართათვის“.

ქართველებმა თავრეჟში მცირე ციხიონი დატოვეს და სამხრეთისაკენ გზა განაგრძეს.

ადარბადაგანი ჩაათავეს და მიანას (მიანე) მიადგნენ. მიანის მელიქს უკვე შეეტყო თავრეჟის უბრძოლველი მორჩილება და თვითონაც ქედდადრეკითა და ნებაყოფლობითი ხარკის გაღებით გადაწყვიტა საკუთარი თავისა და ქვეყნის გადარჩენა. ქართველებსაც არ სწყუროდათ სისხლის დაქცევა და სიამოვნებით მიიღეს მიანელთა შემოთავაზება. მელიქმაც „სტუმართათვის“ მოიღო „ოქრო და ვერცხლი და ქვანი ძვირფასისანი. აღავსნა მანცა ყოვლითა სიმდიდრითა“ ქართველნი. ამირსპასალარმა მიანაშიც დატოვა მცველი-ციხიონი და ახლა ზანგანისკენ დასძრა ლაშქარი.

ზანგანი (ზენჯანი) მანამდე „მცირე ქალაქი“ იყო, ალიზის კედლებით გარშემორტყმული, მაგრამ მის მესვეურებს ქართველთა ერანში შემოჭრის ამბავი რომ შეუტყვიათ, „ქალაქი ძლიერად გაუმაგრებიათ“ და როგორც კი მტერი მოადგათ, „იწყეს ფიცხლა ბრძოლა“.

ზაქარიამ ზანგანის კედლები ჯარებს უბნებად მიუზომა და უბრძანა, „რათა შესთხარონ“. ყველაზე უწინარეს მესხმა მეომრებმა „შეხურიტეს“ და შეანგრიეს ზღუდე და პირველნი შეიჭრნენ ქალაქში, შეიჭრნენ „შინა და იწყეს ხოცად და სრვად ვინცა მეომარი იყო, ხოლო ქალსა, ბავშვსა და მხცოვანსა ხელსაც არ ახლებდნენ. ამასობაში, ქართველთა სხვა ნაწილებმაც შეანგრიეს თავის „წილხვედრი ზღუდენი და ქალაქში შეიჭრნენ“.

ზანგანელები დანებდნენ და დიდძალი სიმდიდრეც გაიღეს ხარკად.

ქართველები ზანგანს ერთხანს „დადგეს და მცირედ განისუენეს“. მერე გეზი ხორასნისკენ აიღეს. მთელი დღე იარეს. მიმწუხრს ერთ „მცირესა სოფელ-ქალაქსა მუსულმანსა“ მიაღწიეს, ის „სოფელ-ქალაქი“ მტრულად შეხვედრისათვის მტრულადვე მიანგრიეს და დაღლილ-დაქანცულნი ისევ დასასვენებლად დადგნენ.

დილით ადრე ისევ განაგრძეს გზა, სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. უკვე შორს გასცდენოდნენ კასპიის სამხრეთ სანაპიროებს.

გამოჩნდა დიდი ერანული ქალაქი ყაზმინი. ქართველებმა მგლური იერიშით მიაშურეს. ყაზმინელებმაც უიმედოდ ჩათვალეს ყოველგვარი წინააღმდეგობა. ქართველები ქალაქში შევიდნენ და დიდძალი ალაფი აიღეს. მცხოვრებთაგან არავინ შემოკვდომიათ. მხოლოდ მძევლები აიყვანეს.

ყაზმინიდან აღმოსავლეთისკენ გაემართნენ. ერთმანეთს ცვლიდნენ მაღალი, თოვლიან-ყინულიანი მთაგრეხილები და თვალუწვდენელი ალმურიანი უდაბნოები (1540 წლის წინათ ამ გზებით მიაქროლებდა თავის მხედრობას ალექსანდრე მაკედონელი).

კასპიის სამხრეთ-აღმოსავლეთით გააღწიეს ქართველებმა და საკუთრივ ხორასანში შეიჭრნენ. აიღეს და დაარბიეს განთქმული ქალაქი გურგანი (გორგანი). დალაშქრეს ქალაქები „უშინაგანესისა რომ-გურისა“ (ავღანეთი).

აქედან სულ რამდენიმე დღის სავალზე იყო ინდოეთი…

უკვე აღარ შეეძლოთ წინსვლა აურაცხელი ალაფითა და ნადავლით დატვირთულთ, ამიტომ „შემოიქცეს გამარჯვებულნი და ძლევაშემოსილნი ქართველნი“. ასე განასრულეს, რომ „ვერვინ წინ-აღუდგა სპარსეთს შემოსულთა, ვერ ხუარასნისა სულტანი, ვერ ერაყისა და ვერა რომელი თემი“.

ქართველები ხორასანს ჯერ კიდევ არ გამოშორებიან, რომ ჩრდილოეთ ერანში, ქალაქ მიანში ვიღაცამ ცნობა მოიტანა: ხორასანს მოლაშქრე ქართველებს „დიდი სულტანი“ და გილანელნი გარს შემორტყმნიან და ისე გაუწყვეტიათ, ერთი მთხრობელი რა არის, ისიც კი არ გაუშვიათო.

ამის გამგონე, მიანის მელიქი და მისი მუსულმანი მოქალაქენი აღტაცებაში მოვიდნენ, მერე მათთან მცველ-ციხიონად დატოვებულ ქართველებს დაერივნენ, ცოცხლად გაატყავეს და ძელებზე გამოჰკიდეს. განწირულთაგან მხოლოდ ერთმა მოახერხა გაქცევა და გადამალვა.

მაგრამ გამოჩნდა ხორასნიდან მომავალი ქართველობა. მიანის მელიქისათვის ეს ზარგანხდა იყო, თუმცა გონი მაინც მოიკრიბა და ქალაქში შემოსულ ქართველებს კვლავ დიდძალი ძღვენი მიართვა.

ზაქარიამ მცველები მოიკითხა.

„თავრეჟს წარვიდნენ მუნ დატოვებულთა მცველთა თანა“, _ იცრუა მელიქმა. მაგრამ მოვიდა ის ერთადერთი გადარჩენილი ქართველი და თავისიანებს აუწყა, რა დღეც დამართეს მუსულმანებმა ამ ქალაქში დატოვებულ ქართველებს. მელიქს და მის ამალას ენა ჩაუვარდათ, ქართველთა სარდლობა უსაზღვრო რისხვამ მოიცვა. მაშინვე მელიქი შვილებითა და მკვლელთა ამალით იქვე დახოცეს; ქართველთა გატყავებისათვის იმათაც ტყავი გახადეს და ქალაქის უმაღლეს „საყივარზე“ _ მინარეთზე ჩამოჰკიდეს. „ქალაქი მოაოხრეს, მოწუეს, ტყუე ყვეს, ხოლო სიმდიდრე რომ წამოიღეს, შეუძლებელ სადამე არს აღრიცხვად“.

წამოემართნენ საქართველოსკენ.

ესოდენ ძლევამოსილნი მოდიოდნენ, მაგრამ მთავარსარდალი მაინც გულჯავრიანად მოუძღოდა მხედრობას.

არავის უმხელდა, რომ აგერ მერამდენედ იგრძნო თავი ცუდად. ეს დასჩემდა ამ ლაშქრობის ჟამს: სვირინგები აყრიდა ჯერ იღლიებს ქვეშ, მერე მთელს ტანზე; ცივი ოფლი ასხამდა ჟამიდან ჟამზე, სახსრებშიც ამტვრევდა. მერე ისევ ქრებოდნენ სვირინგები, უსიამო ჟრჟოლა და მტვრევაც შეუშვებდა ხელს..

ადარბადაგანს შემოვიდნენ. უჟენის (უჩენი) მცხოვრებნი შემოხვდნენ დიდძალი ძღვენით, მერე ისევ თავრეჟელნი (თავრიზელნი) გაეგებნენ „ძღუენითა ურიცხვითა, და მოართუეს სიმდიდრე აურაცხელი“.

საქართველოს საზღვრებს უახლოვდებოდნენ.

მდიდარი ნადავლიდან წინასწარ უძვირფასესი აარჩიეს და თამარს გამოუგზავნეს, „თვითონ მეფეთა მზისა და მზეთაცა მზისათვის წარმოუგზავნეს თუალნი დიდ-ფასისანი, ძვირად საპოვნელნი, ჭურჭელნი უცხონი“.

შემოვიდნენ საქართველოს სამფლობელო საზღვრებში. გადმოიარეს რახსი, ნახიჩევანი.

ტფილისი დიდი ზეიმით შეეგება ძლევამოსილ მხედრობას.

გამოვიდა თამარი.

„მხიარულ იქმნა მეფეთამეფე, მმადლობელი ღმრთისა, მხიარულითა პირითა გაეგება ზეიმითა და დიდებითა“.

ზეიმი იდგა საქართველოს სატახტოში.

„იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა“.

ისნის სასახლეში დიდი დარბაზობა გამართა თამარმა.

შეიყარა დარბაზის ერნი და მეფეთმეფის ტახტის წინაშე ყველანი „დასხდეს წესისაებრ.“ გამარჯვებულებმა „მოიღეს არმაღანი ურიცხვი და დადეს მეფის წინაშე“.

სამაგიერო გაიღო გულუხვმა და გულმოწყალე მეფეთმეფემ: „მრავალნი გასცა ობოლთა და გლახაკთა ზედა, და ლაშქართა ზედა გაყო საჭურჭლე დიდი“.

ზეიმი დასრულდა.

მცირე ხანიც გამოხდა და ზაქარია მხარგრძელს ისევ გაუხსენა ერანიდან მოყოლილმა უცხო სნებამ. სვირინგებმა დაჰფინა მთელი სხეული. დაუშავდა და დაუჩირქდა. შეუძლებელი შეიქნა განკურნება მისი.

და მიიცვალა ზაქარია ამირსპასალარი.

დარჩა ძე ერთი, სახელად შანშე..

როცა ზაქარია მხარგრძელის საგლოველიც განესრულა, მის ნაცვლად თამარმა ამირსპასალარობა ზაქარიას უმცროს ძმას, ივანეს უწყალობა.

ივანე მხარგრძელი დიდად ნასიამოვნები დარჩა თამარის ესოდენი წყალობით, მაგრამ მცირეოდენი ყოყმანის შემდგომ მაინც შეუბედა მეფეთმეფეს: ესოდენი პატივი ჩემთვის დიდზე დიდია და ღირსიც არ ვარო მისი, მაგრამ რაკი თქვენ ასე გინებებიათ, მე რომ ჩემი ძმის სახელდებისა არ შემრცხვეს, ესრეთ შემიწიე, ამირსპასალარობის სანაცვლოდ ათაბაგობა მიბოძეო, ესეც ვიცი, ათაბაგობა ჩვენში წესად არ არისო, იგი მუსლიმანთა ადათია და მეფეთა გამზრდელად იწოდებისო, მაგრამ მაინც გეაჯები, იქნებ მიბოძოო ათაბაგობა.

თამარს დიდსულოვნად გაეღიმა და ბრძანებით აღასრულა თავისი პატივმოყვარე ყმის თხოვნა.

ეს იყო პირველი ათაბაგი საქართველოში.

ხოლო მსახურთუხუცესობა, რომელიც აქამდე ივანეს ეპყრა, ვარამ გაგელს უბოძა თამარმა.

იმ წელს საქართველოს მთაში დიდოელთა და ფხოველთა რაღაც „განდგომა“ მომხდარა.

თამარმა ათაბაგი ივანე წარგზავნა. ივანემ მთიელები ჩააწყნარა..

იმ წელსვე ივანე ათაბაგმა თავისი მშვენიერი ასული, თამთა ცოლად მისცა ხლათის ახალ სულტანს, ალ-აშრაფს.

“შვიდმნათობიერის“ სკიპტრის ქვეეშ

ოლიმპიური სიმძლავრითა და სიმშვიდით სუნთქავდა საქართველო.

ასეული წლების წინათ მიტოვებული ქარქაშები მოიკითხეს დავით-ფერულმა მახვილებმა.

მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესვლა.

ბრწყინავდნენ ქართული კალამი, ყალამი და საჭრეთელი.

ზეობაში და მზეობაში იდგა დიდი იმპერია „ნიკოფსიითგან დარუბანდამდის“ (ჩრდილოეთით) და სინოპიდან არდაველამდის (სამხრეთით).

კვლავ უფრო გაზრდილიყო და გაშლილიყო ერთიანი სახელმწიფო კავკასიელთა.

მასში შედიოდნენ:

საკუთრივ საქართველო მისი საერისთავოებით: ჰერეთი, კახეთი, რუსთავი, ტფილისი (მეფის დომენი), ქართლი, ორბეთი, ლორე, კაენი, გაგი, ფორი, ჯავახეთი, თმოგვი, სამცხე, ტაო, ჭანეთი, ქუთათისი (მეფის დომენი), არგვეთი, რაჭა-თაკვერი, სვანეთი, გურია, ოდიში, ცხუმი.

სომხეთი: ანისი, დვინი, ბიჯნისი, სივნიეთი, ხაჩინი (არწახი).

შირვანი: შირვანი, დარუბანდი.

ჩრდილოეთ კავკასია: ქაშაგეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, ღუნძეთ-ლეკეთი.

პროტექტორატები, ვასალები, მოხარკენი: ტრაპენზუნტის სამეფო, კარნუ-ქალაქის საამირო, ეზინკის საამირო, შაჰარმენთა სასულტნო, ადარბადაგანი, განძის სასულტნო.

იჯდა თამარი ერთიანი კავკასიური იმპერიის ტახტზე.

მის დროს სრულ იქმნა დიდი დავით აღმაშენებლის მიერ საფუძველდებული ეთიკეტი საქართველოს სამეფო კარისა.

და ჩვენც ასე უნდა წარმოვიდგინოთ დარბაზობის ცერემონიალი მაშინდელი საქართველოს სამეფო კარზე.

მეფეთამეფე, პორფირით მოსილი, გვირგვინით თავშემკობილი და სკიპტრით ხელში, ზის ოქროჭედილ ტახტზე.

დარბაზობის დაწყებისას პირველი შემოდის გელათის აკადემიის მოძღვართ-მოძღვარი. იგი მიდის ტახტის წინ დაგებული ნოხის ნაპირამდე და თავს დაუკრავს მეფეს. მეფე წამოდგება, ნოხს მთლიანად გამოივლის, მოძღვართ-მოძღვარს ნოხის ნაპირთან შეეგებება, სამაგიერო სალამს მიუძღვნის და მის მხლებელს მიმართავს: „მოახსენე, ბრძანოსო“. თუ მოძღვართ მოძღვარს რაიმე სათხოვარი აქვს, მაშინვე შეუძლია მოახსენოს მეფეს.

მერე შემოდის კათალიკოსი. მის თაყვანს მეფეც თაყვანით უპასუხებს, მაგრამ ისე, რომ ნოხის მხოლოდ მესამედს გადმოივლის.

ახლა მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელი ეახლება და ორჯერ ეთაყვანება. მეფე სამ ნაბიჯს გადმოდგამს, საპასუხო სალამს მიუძღვნის და გადაჰკოცნის.

შემდეგ ვაზირები მიჰყვებიან. ჯერ ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი მიეახლებიან და ორჯერ ეთაყვანებიან, სამაგიეროდ მეფეც ორგზის უპასუხებს და სალამის მიცემას ხელების მაღლა აპყრობით დაასრულებს, ხოლო მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახურთუხუცესის ორგზის თაყვანზე მეფე ისევე მისალმებითა და უფრო „უმდაბლე ხელის აპყრობით უპასუხებს“.

ერთად შემოდის სამი არქიეპისკოპოსი _ ქუთათელი, იშხნელი და სომხითის მიტროპოლიტი. მეფე მათ თაყვანზე ორ-სამ ნაბიჯს გამოივლის და ისე უპასუხებს სალამით.

დანარჩენ სასულიერო და საერო პირებს, რიგით ეპისკოპოსებს, ვაზირებს და ერისთავებს, მეფე სალამით ადგილიდან, ტახტიდანვე უპასუხებს.

მაღალი რანგის მოხელეთათვის და საპატიო სტუმრებისათვის დარბაზში ოქროჭედილი სელები და მაგიდებია ჩარიგებული.

პირველ მაგიდას უზის საქართველოს კათალიკოსი.

მეორე მაგიდას _ გელათის მოძღვართ-მოძღვარი და დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი.

მესამე მაგიდა განკუთვნილია საქართველოს პოლიტიკურ მფლობელობაში მყოფი ოთხი მეფისათვის _ ტრაპიზონის მეფე, შირვან-შაჰი, შაჰ არმენი და ოვსთა მეფე.

მეოთხე მაგიდასთან _ ჭყონდიდელი, ქუთათელი, იშხნელი და სომხითის მიტროპოლიტი.

მეხუთე მაგიდასთან _ ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი.

შემდგომ მაგიდებს უსხედან რიგითი ეპისკოპოსნი, ვაზირნი და ერისთავნი.

ასეთი იყო თამარის კარი.

ხოლო თვითონ თამარი..

თვითონ „შვიდმნათობიერი“

რომლისა სიკეთისა მითხრობა კაცთაგან

შეუძლებელ არს.

ისტორიანი და აზმანი

შარავანდედთანი

რომლის ხილვითაც, მხოლოდ ღმერთნი არ ბრმავდებიან.

გოეთე

ვითარცა ქალი, იყო ქალთგან უმშვენიერესი.

ტანად _ საშუალოზე უმაღლესი, ნაკვთოვანი, „შუენებითა აფროდიტიანითა“.

სახედ _ საოცრად სახიერი.

იერსახედ _ მომხიბლავი არამიწიერ.

„სატრფო საჭურეტი დაბნედამდის“.

ღაწვები _ ღვთაებრივ სპეტაკი, მქრქალი ვარდისფერით შეფენილი.

თვალები _ გრემან-ზღვისფერი, მსგავსად ღმერთქალი ათენასი, აღსავსე ხიბლით, სიბრძნით და შუქმოსიერებით.

მორცხვი ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე.

დადიოდა, ვითარცა „უკიმირო ჰაერი და უმრუმო ნათელი“.

ვითარცა _ „თუალი უღამო და დღე უუკუნო, და საწადელ და საშუებელ სულისა და ხორცთა“.

ვითარცა _ „მზე იგი მზეთა და ნათელი ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა“.

სიბრძნით იყო სწორუპოვარი მისსავე ბრძენ საუკუნეში, _ „ღმრთივ-განბრძნობილი“, გინა „უკლებელი გონებითა და საუნჯე სიბრძნისა“.

იყო მოსაუბრე „სიტყვითა-ოქრონექტარითა“.

სიტყვა მისი იყო „ტკბილ და ძვირუხსენებელ“.

იყო უსპეტაკესი ზნეობითა.

ყველა ერთად: სილამაზე, სიბრძნე, სიტყვა და ზნეობა მისი _ „სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათელებელ და მეორეთა დამწუელ. აღვირი იყო უწესოდ მკრთომელთა და დეზ უდებთათვის, კანონი სირცხვილისა მოხუცებულთა და კუერთხი რკინისა ჭაბუკთათვის“.

მისთვის მისი სახელმწიფო უნივერსალური მოვლენა იყო.

უნივერსალური იყო მისი ხელმწიფობაც, რამეთუ არრა საქმე, არცა დიდი და არცა მცირე, მისგან დაუკითხავად და მისი სიბრძნისგან განურჩევლად არ განესრულებოდა.

იყო საოცრად თავმდაბალი, გულმოწყალე და დიდსულოვანი შემწყნარებელი. ჰქონდა „სიმდაბლე (თავმდაბლობა) უზომო, სიმაღლე შეუსწორებელი, სიმშვიდე საქებელი, სიმქისე (სიმკაცრე) ჯეროვანი, ლმობიერება მოწლე (მოწყალე), თანალმობილი, უმანკოება უზაკველი, სიწრფოება უსიცრუო, სახიერება ზოგად-ყველასათვის, სიუხვე აღუზუავებელი (უამპარტავნო)“.

გაუსწორებელ გამცემთა და ქვეგამხედვართა მიმართაც მუდამ იყო მსაჯული დინჯი და „გაურისხებელი“. მის დროს, არც სიკვდილით, არც სხეულის დასახიჩრებით არავინ დასჯილა (თვინიერ გუზან ტაოელისა, რომელსაც თამარის შეტყობინებამდე დასწვეს თვალები). არც ტაჯგანაგებით უცემნიათ ვინმე. ყოველივე მკაცრად აკრძალა სწორუპოვარმა ჰუმანისტმა ხელისუფალმა: სიკვდილით დასჯაც, ასოს მოკვეთაც, ჯოხებით ცემაც. ასეთ სისასტიკეთა გარეშეც, დიდი კაცთმოყვარეობით, სიბრძნითა და მიუკერძოებელი სამართლიანობით შეძლო თამარმა „ესევითარსა კაცისა უვნებლობასა შინა უვნებლად და მშვიდობით დაჭირვა და მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონება-ურჩებისა“. ამიტომაც მის სამეფოში „საყდართა და მონასტერთა დალეწასა ვერვინ იკადრებდა. ქარავანსა ვერვინ ძარცვიდა.. ერთიცა ქათამი არსად მოიკვლოდა; მპარავი, ავის-მოქმედი აღარ იყო, თუ ნაპარევი ვინმე ჰპოვის, კარსა ზედა მიიღოს და დროშათა ქუეშე დადვის“.

ჭეშმარიტი პატრონი იყო თავისი ქვეყნისა და ხალხისა. „პატრონი ღმრთივ განათლებული“, გინა „პატრონი ღმერთ-შემოსილი“.

უმდიდრესი ხელმწიფე იყო, მაგრამ თვითონ სადა, მოკრძალებული, „უქონელი“ ცხოვრებით ცხოვრობდა. მისთვის სავსებით უცხო იყო ჩვეულებრივ, დემობორ მონარქთა „წურბლის მსგავსი ვერ-მაძღრისობა“, ხოლო, ხალხისთვის, ქვრივთა, ობოლთა, უქონელთა, გლახაკთა და უპოვართათვის გასცემდა „სიუხვითა მზეებრითა“.

თვითონ იტყოდა ღიმილით თამარი: „მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა“.

ეკლესიებთან „საზრუნველონი“ დაარსა უქონელთათვის, და „განამდიდრებდა საზრუნველოთა ეკლესიათა, ქურივთა და ობოლთა და დავრდომილთა, ზოგად ყოველთა ზედა“.

მისი ბრძანებით, საგანგებოდ დადგენილი „სარწმუნონი ზედამდგომელნი“ ყოველი წლის შემოსავალს ანგარიშობდნენ და სახელმწიფოს მთელი შემოსავლის მეათედ წილს ღარიბებსა და უქონელ-უპოვრებს ურიგებდნენ. „ყოვლისა ნაათალი გლახაკთა მიეცემოდა დაუკლებლად ერთისა ქრთილისა მარცულამდეცა“. უხვად აჯილდოვებდა მეფე ლაშქრად წასულ ყმა-აგრიკოლებს. ამიტომაც მის დროს „აზნაურის ყმანიც მათთა პატრონთა სწორად იმოსებოდეს“.

„გლახაკთა და მოჩივართა გამკითხველს“ გულის სიღრმემდე ებრალებოდა უძლურნი და საპყარნი. თავის მახლობლად დააბინავებდა მათ. თვითონ „ზრდიდის საზრდელითა და ყოვლითა სახმარითა“, საკუთარი ხელით აჭმევდა, საკუთარი ხელით სარეცელს გაუწყობდა, დააწვენდა, დალოცავდა და გაამხნევებდა.

სამაგალითო ქრისტიანი მოწესე იყო ქრისტიან ხალხთა მეფე, ვითარცა ზეცა და დედამიწა, ისე შორს იდგნენ ერთმანეთისაგან „ქრისტიანულ-ფილანთროპიული“ ზნეობა თამარისა და „ქრისტიანულ-მიზანთროპიული“, ანგარებიანი და სისხლიანი მორალი ევროპის „ჯვაროსანი“ ხელმწიფეებისა. საქართველოში ისევ უცხო იყო სისხლიან ბოროტებამდე აყვანილი რელიგიური ფანატიზმი. თამარმა შესანიშნავად იცოდა ქრისტიანიზმის, ვითარცა იმდროინდელი „იდეოლოგიური ფენომენის“ პირველთაგანი მნიშვნელობა: რამეთუ მისი ეგიდის ქვეშ შეერთებულ ქრისტიან ხალხებს საკუთარი „ეროვნული სახე“ არ დაეკარგათ. ამიტომაც იყო თამარი უპირველესი, „დაუცადებელი“ ქრისტიანი „მოწესე“, გინა „მორალისტი“, ამიტომაც იყო, რომ მან ყოველთვის, „ვითარ მოწესემან უწინარეს ძილისა ლოცვა და ფსალმუნება გარდაიხადა“. ამიტომ იყო, რომ ხალხის, ომში წასული მხედრობისა და სახელმწიფო დროშისათვის ლოცვაში მთელ ღამეებს ქალი-ხელმწიფე შიშველ მუხლებზე დაცემული ათენებდა. ამიტომაც თამარის დროს, თამარის სპეტაკი ცხოვრების შემყურე ვერავინ, ვერც სასულიეროთაგან და ვერც საეროთაგან, არამც თუ უზნეო ქცევას, უბრალოდ ერთი ბილწიანი და ბიწიანი სიტყვის დაძვრასაც ვერ გაბედავდა.

დიდი დავით აღმაშენებლის მწიგნობრულ ტრადიციებზე აღზრდილმა, თავისი დროის „უგანათლებულესი სამყაროს“ სათავეში მდგარმა სკიპტროსან-გვირგვინოსანმა კარგად იცოდა, რომ ქრისტიანულ ტაძართა მრუმე სენაკებში იკითხებოდა და იწერებოდა ჭეშმარიტად „ნათელი წიგნები“ _ საფილოსოფოსო, სამეცნიერო, სახელოვნებო..

და თამარი შეიქნა ყველაზე დიდი აღმაშენებელი და მზრუნველი ტაძართა და სავანეთა. აღაშენა, აღადგინა, გადააკეთა, გადაარჩინა, ან „რომელიმე დარღვეულნი აღაშენა“, ეკლესიები, ლავრები და სავანეები _ პალესტინაში, კვიპროსზე, სინას მთაზე, შავ მთაზე, საბერძნეთში, ათონის მთაზე, პეტრიწონში, მაკედონიაში, თრაკიაში, რუმინეთში, ისავრიაში, კურუხეთში და კონსანტინოპოლში. აღაშენა, მორთო, მოკაზმა და აურაცხელი ოქრო-ვერცხლითა და საბოძვარით აავსო ისინი, მათი ქრისტიანი მოწესენი, მეცნიერნი, მწიგნობარნი და უთვალავი ქრისტეს-გლახაკნი.

ცისმარე დღეს შეუსვენებლივ იღვწოდა თამარი, იცოდა „წყნარმა და ნარნარმა, ცნობიერმა და გონიერმა“, ადამიანური უქმობისგან წარმოსდგებოდა ადამიანური ბოროტებანი. ყველა დასაქმებული ჰყავდა. „არცა თვითონ უქმობდა და არცა თვისთა ყმათა აუქმებდა“.

შრომობდა ქართველი ხალხი. შენდებოდა ტაძრები, სავანეები, სრა-სასახლენი, ციხესიმაგრენი, გზები, ხიდები, ფუნდუკები, სარწყავ-საირიგაციო სისტემები, ჯებირები, აქვედუკები.

„და გრძელ სადმე არს ყოვლისა მოთხრობილობა, რომელ საბერძნეთს და ყოვლისა ელადას-შინანი მონასტერნი უხუად წყალობად-მოფენილ ყვნა და საქართველოსა მცირითგან მონასტრით საყდარ-ეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო“.

აშენებდნენ, სჭედდნენ, კვეთავდნენ, წერდნენ, ხატავდნენ.

გაჩნდა მრავალი: „თამარის სასახლე“, „თამარის ციხე“, „თამარის ხიდი“, „თამარის წყარო“, „თამარის ეკლესია“, „თამარის სავანე“, „თამარის ხატი“, „თამარის ყელსაბამი“, „თამარის სარტყელი“, „თამარის ქოში“..

რად ღირს თუნდაც გეგუთი, ბეთანია, ყინწვისი და.. ვარძია.

ვარძია! გასაოცარი ნაშობი ადამიანის გონისა და ხელისა, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, ციხესიმაგრე, პასტოფორიონი, სადარბაზო და სავანე..

ვარძია, გეგუთი, კოლა, აგარნი, ტაბახმელა, დური, ნაჭარმაგევი, ნადარბაზევი _ აი, საყვარელი სადგომ-სამყოფელნი თამარ მეფისა.

დიაცი იყო და უყვარდა საქმენი სამამაცონი:

მშვილდოსან-მახვილოსნობა,

ნადირობა,

ჯირითობა,

მხედრობა.

დიაცი იყო და უყვარდა „ხელსაქმარი“ სადიაცონი:

მატყლის ჩეჩვა და ძაფის რთვა,

ქსოვა და ბეჭვა,

ჭრა და კერვა,

ქარგვა და კემსვა მანეულებად.

დავით სოსლანს და გიორგი ლაშას მისი ხელით შეკერილი და მოქარგული ჯუბა ემოსათ.

საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაკერს საკუთარი ხელით აცმევდა ღარიბს, ქვრივს, ობოლს, უძლურს, დავრდომილს.

მრავლად დააბიჯებდნენ ქვეყანაზე „ბედნიერი“ მათხოვრები და მაწანწალები _ ბედნიერნი, რამეთუ ემოსათ ნახელავნი თამარ შვიდმნათობიერისა..

“აწ მწუხარეებისა მიმართ“

მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უმთვაროსა.

რუსთაველი

მან, ვინც გასწირა საფლავისთვის ეს სილამაზე.

შექსპირი

და შენი ღმერთთან მსგავსების გამო,

იცოდე მწარედ დასჯილ იქნები.

გოეთე

„სუემან თამარისამან“ სძლია ყოველ ადამიანურ განსაცდელს.

მაგრამ, „წარმდინარე ესე საწუთო და ქვე დამზიდავი“ ბოლოს მაინც თავისას მოითხოვდა.

ასე უნდა ყოფილიყო, რადგან არც თამარის ძარღვებში დაედინებოდა იქორი _ სისხლი ღმერთთა.

1210 წლის შემოდგომაზე თამარი ნაჭარმაგევს იდგა.

სათათბიროდ მოეწვია დარბაზის ერნი, „ყოველნი დიდებულნი და წარჩინებულნი“.

თათბირზე არავის შეუმჩნევია, რომ მეფეთამეფე დილიდანვე თავს ცუდად გრძნობდა.

ჩვეულებრივ მშვიდად, ღრმად-გონებიერად „იურვნა და განაგნა საქმენი სამეფოსა თვისისანი“, სადარბაზო ბჭობის დასრულებაც მოასწრო და მერე კი თვალი გაუსწორა მოულოდნელად აჩენილ ტკივილს.

რა იყო ეს?

პირველად მაშინ უნდა მიმხვდარიყო თამარი, რომ იგი მაინც ქალი იყო და „ქალური უმწეობანი“, ბოლოს და ბოლოს დასჯიდნენ კიდეც „საქმეთა სამამაცოთა“ შებმისა და დაძლევისათვის.

„ზრუნვანი სჭამენ გულს“ _ ამბობდნენ ძველი ბერძნები. ხოლო, რამდენი ასეთი „გულის შემჭმელი“ საზრუნავი და საფიქრალი უნდა ჰქონოდა ქალს, ჯერ ვითარცა პატრონს ფეოდალური ვნებათ-ჭიდილით აღსავსე ქვეყნისას, რომლის მოვლაც ვაჟკაც-ხელმწიფეთა შორის სწორუპოვარ დავით აღმაშენებელსაც მისჭირვებოდა. მერე, ვითარცა ქალს, რომელსაც უნდა ჰქონოდა საკუთარი, პირადი „ქალური სამყარო“. და აქაც რამდენჯერ „შესჭამა“ მისი გული იდუმალ დათხეულმა ცრემლმა „ღამე-ყოველ მღვიძარებამ“ და „გრდემლის მოთმინებით“ ნაფიქრმა სადარდებელმა.

მერე, ნეტარი, ლაშქრად გასული მხედრობის, ქართველი ხალხის, ქართული დროშებისა და ჯავარდნების სვებედნიერი, ძლევამოსილი და შეურცხვენელი ტარებისათვის, რამდენი დღე-ღამე უსწორებია ამ საოცარ ქალს, სხეულის განმარღვეველ ბნელსა და ნესტით გატენილ სენაკებში ლოცვად დავარდნილს, რამდენი ღამე თეთრად უცვეთია შიშველ მუხლებზე დაცემულს, ცივი ქვის იატაკზე შილიფად განრთხმულს, უძილარს, მარხულს, ცრემლად დათხეულს, გრძელი, მტვრიან-ტალახიანი, ეკალ-ბარდიანი, ქვა-ღოჯიანი და ღირღოლოვანი გზა გადაულახავს საომრად ამხედრებული ქართული ლაშქრის წინ ფეხშიშველად მიმავალს. ანდა, თვითონ რამდენჯერ ამხედრებული წასძღოლია უმძიმეს ლაშქრობას, ვითარცა ვაჟკაცი მოლაშქრე და მხედართმთავარი..

ბოლოს, თავისი უნდა გაეტანა ვაჟკაცობასთან შებმულ „დედობრივ უძლურებას“, და გაიტანა კიდეც.

თვითონვე ბრძანა მწარე ღიმილით:

„დედობრივმა უძლურებამან განგრძნობილთა შინა მხედრობათა არა თავს-იდვა შეუმთხუევლად მიშუება აგებულებისა“.

მაგრამ ეს ბრძანა გვიან, ვიდრე სენი „დღითი-დღე დამძიმდებოდა მის ზედა“, მანამდე არ ამხელდა საშინელ ტკივილებს. „დიდხანს ფარვიდა, რათა არვინ შეაწუხოს“.

ნაჭარმაგევიდან ტფილისს გადაიყვანეს ტახტრევანდით. კვლავ მდუმრიად ბოჭავდა მისი მძლავრი, განურღვეველი სული გზაზე დაშლილ სასტიკ „მტკივნეულობას“ სხეულისას.

ქალაქიდან დასოდ (ხშირ ტყედ) გაიყვანეს. იქნებ ტყე-მაღნარის სიმშვიდემ, სიმშვენიერემ და ჰაერ-სიწმინდემ მისცესო შვება გვირგვინოსანს.

მაგრამ კვლავ უფრო „დიდად განძნელდა სენი იგი უწყალო“.

ისევ ტფილისს მოაბრუნეს, „აგარათა ციხესა“.

ნაადრევად დაზამთრდა.

„და უქმ იქნა მის ზედა ყოველივე ბუნებათა გამომეძიებლობა მკურნალთა ხელოვნებისა“.

სიკვდილის საუფლოში შედიოდა „სამგზის სანატრელი“ თამარი.

ამაოდ ათევდა ღამეს საქართველო.

ამაოდ „იხილვებოდეს ცრემლთა დინებანი მდიდართა და გლახაკთანი სწორედ“.

ამაო იყო ვედრება ღმერთისა და ღმერთმიღმიერისადმი: ოღონდ გადარჩეს თამარი სანაცვლოდ „ჩუენ ყოველნი მოგუსრენ“.

„განჩინება წინაღუდგომელი იყო“.

„და დღემან იწყო მიდრეკად, და მზემან დასვლად, და ჰაერმან სხუად ფერად უფერულობა. და ცისკარსა დღისასა ზედა იწყეს შემოსად ბნელთა ღრუბელთა: ღაწუთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობად და თუალთა მათ ტბაებრ მზისა შემცხრომელთა სიმრუდედ მიმართეს. ხელთა მათ, მსახურებისაგან გლახკთასა არაოდეს დაცხრომილთა, იწყეს მოუძლურებად; და ფერხთა მათ, მარადის ღმრთისათვის მაშურალთა, იწყეს შედრეკად; და ყოველნი ნიშნი ცხოვრებისანი სხუად და სხუად ფერად იხილვებოდეს“.

დიდი, ზამთარი იდგა.

ძლივს განესრულა ბებერი ღამე „აგარათა ციხესა“.

უკანასკნელმა ცისიერებამ შეანათა თამარის „სასუენებელსა პალატასა“.

ხოლო მზე ამ უკანასკნელ დღესაც ვეღარ უნდა ეხილა მზისდარ მეფე-ქალს: ხვავრიელ თოვლთაცვენას სრულიად დაეხშო მზისსამზირი.

უკვე ჩამოერეკა მდუმარე ზარი ყოვლისმსახვრალ ხელს სიკვდილისას, მაგრამ მაინც „მოიღო“ თამარ მეფემ „ბრძენმან ბრძნისა ნეტარება“.

„შემოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსა თვისასა წინაშე მისსა“.

შეიყარნენ დარბაზის ერნი.

წამოიწია თამარი, წამოეშველნენ ლაშა და რუსუდან. მაგრამ არ ინება მეფეთამეფემ. თვითონ „განიმტკიცა თავი თავისი“, წამოიმართა და „მხნედ მჯდომარემ“, კვლავაც მშვიდად, გონებიერად, მშვენიერი სათნო ხმითა და მკრთალი ღიმილით უკანასკნელად მიმართა საქართველოს მესვეურთა უზენაეს საკრებულოს:

„ძმანო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდები მსაჯულისგან საშინელისა.. თქუენ ყოველნი თვით მოწამე ხართ, რამეთუ ჩემთანა მარადჟამს მქონდა სიყუარული თქუენი, და ვიდრემდის მე ვიყავ თქუენ ზედა მეფედ, არცა რომელიმე თქუენთაგანისათვის დამიკლია რაიმე პატივი-არზანგი შესაფერისა თქვენივე სათნოებისა. აწ მეცა მივდივარ მამათა ჩვენთა თანა გზასა, ჩემგან უცხოსა.. და გევედრებით ყოველთა, რათა მარადის იყვნეთ კეთილსა შინა და კეთილისვე მახსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებთ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან; ეგენი მოიხვენით ჩემ წილ, და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი“.

კათალიკოსს ანიშნა და იმანაც წამსვე მოიღო მაცხოვრის ხატი და ჯვარიცხოველი.

საქართველო დალოცა თამარმა.

მშვიდობა უსურვა ყველას, დამსწრეთ მისი სიკვდილისას.

და „აღმოუტევა“ სიტყვა უკანასკნელი:

„ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყნისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, საქართველოს, პატიოსანთა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა“.

ამ სიტყვებით მოუკვდა საქართველოს თამარი.

„დედოფალი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლისა, ჩრდილოეთისა და სამხრეთისა“.

„შვიდმნათობიერი“.

„სამგზის სანატრელი და სამებისგან ოთხად თანააღზევებული“.

„სუე-სრული და ნათელ-ბრწყინვალე“.

„მეფეთა ელვა-ცისკროვნება“.

„მესიის მახვილი“.

„ღმრთივ-გვირგვინოსანი მეფე და მეფეთამეფე“.

„შიში და ზარი ყოველთა სულტანთა ზედა“.

„მეფეთა მზე და მზეთაცა მზე“.

„მზეთა მზე და დედოფალთა დედოფალი, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებული“.

„მარადღე მახარობელი ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა“.

„სკიპტრის-მპყრობელთა ყოველთა უბრწყინვალესი თამარ“..

ერთმპყრობელი მეფობით გამეფდა 18 წლისა, იმეფა 25 წელიწადი. აღესრულა 43 წლისა.

„დასხდიან მგოსანნი გლოვისანნი“.

„მწუხარება ზოგადი იყო ყოველთათვის“.

თალხი ჩაიცვა კავკასიელთა სახელმწიფომ.

„ყოველნი ფლასითა შეიმოსნეს“.

ტფილისიდან მცხეთამდე ცრემლთა თხევით აკვლია თოვლი „წვრილმა ერმა“.

მცხეთის ლავრაში დაასვენეს „სამგზის სანატრელის“ ცხედარი.

იანვრის მიწურულს, როცა თოვლი მცირედად გაწყდა, მცხეთიდან გელათს გადაასვენეს და იქ დაკრძალეს ქართველ გვირგვინოსანთა გვერდით გათხრილ სამარტვილეში..

უქმად იყო ხელმწიფური ბეჭედი, უბრწყინვალესი ქალი-ხელმწიფის სახელით ამოტვიფრული:

„დედათა მარილი ვარ“.

……………..

იალაღზე შეფენილ ძროხათა მროწლეს მწყემსი მიჰყვებოდა სალამურის კვნესით. სალამურზე ამომწვარი ასოებით ეწერა _ „თამარ“.

……………..

გზაზე მათხოვარი მიდიოდა. მწარედ ტიროდა, _ ტანზე თამარის „ხელნაქმარი“ ემოსა.

……………..

ქართულ მიწად იქცა ქართველი მეფე-ქალის მშვენიერი სხეული.

ხოლო სახელი მისი მარადიული სიცოცხლით ცოცხლობდა მადლიერი ხალხის ხსოვნაში.

„ყოველთა პირნი ერთბამად მზა იყვნეს, რათა ღირსი რამე თამარის საქებლობისა სიტყუა აღმოთქუან“.

კაცი სახლს აშენებდა, ზედ „აკროსტიხორად თამარის შესხმათა“ დასწერდა.

ჭაბუკი საქორწინო ბეჭედზე ოქრომჭედელს თამარის სახელს ამოაკვეთინებდა.

მჭედელი იარაღს სჭედდა, ზედ თამარის სახელს კაწრავდა.

მოხუცი არგანს რანდავდა, ზედ თამარის სახელს ბეჭდავდა.

სადღაც უდაბნოში, სანთლის მქრქალი სინათლით განათლებულ სენაკში დაცემულ ბერს, ექსტაზში შესულს, ღვთისმშობლის ხატში თამარის ღვთაებრივი სახე ელანდებოდა.

ყველგან მთასა და ბარში, „თამარის ქებასა მელექსეობდიან“.

ზოგს ისიც არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ თამარიც ჩვეულებრივი ადამიანივით მიებარებინოთ მიწისათვის: თამარი გელათს დაკრძალესო, მაგრამ არ უნდა იყოს ეგ მართალი, ცხრა კუბო გამოასვენესო მაშინ სასახლიდან, ერთიმეორეზე უბრწყინვალესნი, სულ ოქროთი და ძვირფასი ქვებით შეჭედილნი და არავინ იცოდაო, რომელში ესვენა თამარი; საქართველოს ცხრა მხარეს წაასვენესო და ცხრა ისეთ ადგილს დამარხესო, ძეხორციელს არავის ეპოვნაო მისი ღვთაებრივი ცხედარი.. ცხრა კი არა, თორმეტი კუბო იყოო, _ დავობდა ვიღაცა.. არც თორმეტი იქნებოდა, შვიდი კი უეჭველად, შვიდი კუბო შვიდმნათობიერი თამარისათვის _ თავისას იძახდა მესამე, თუ.. მეათასე.

ფშაველებს ფერხული ჩაებათ:

პირველად ღმერთი ვახსენოთ,

ღმერთი ხომ დიდებულია.

მემრ თამარ მეფე ვახსენოთ,

ის ღმერთთან წინდებულია.

უფლისა იყო ბრძანება,

შეირტყა მამის ხმალიო!

მამის სამეფო აიღო,

თვითონ ბრძანდება ქალიო,

ხმელეთ თავისად მაიგდო,

იმდენიცა აქვს ძალიო;

ზღვასა გადაჰკრა ჩიქილა,

გადააქანა ზღვანიო;

შუა ზღვას ჩადგა სამანი

სამანი რკინის სარიო..

……………..

თამარი დაძინების წინ გახდილ ტანსაცმელს სარკმელში შემოჭრილ მზის სხივზე ჰკიდებდა…

……………..

თამარ მეფემ შუქურ-ვარსკვლავი დაიჭირა და ყუთში ჩაამწყვდია.

……………..

მთა-რაჭაში კარგი ქალი მოკვდებოდა, ასე დასტიროდნენ:

„კაი ქალოო, თამარ დედოფლის მგვანოო, ხმა-დაბალოო და საქმე-მაღალოო“..

……………..

სადღაც შორს, „ერაყს მყოფნი მეებნენი, გინა მეჩანგენი თამარის შესხმასა მუსიკელობდიან, ფრანგნი და ბერძენნი, ზღვასა შინა მენავენი, ნიავკეთილობათა შინა, თამარის ქებათა იტყოდიან. ესრეთ ყოველი ქვეყანა სავსე იყო მის-მიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა რომელსაც ოდენ სახელი მისი ასმიოდეს“.

მერე ბიზანტიაში დიდი პოემა დაიწერა თამარ (დინარ) დედოფალზე. მრავალ ენაზე ითარგმნებოდა იგი, აღმოსავლეთსა და დასავლეთში, რუსეთშიაც ფართოდ გავრცელდა თამარის სახელზე შეთხზული აპოლოგიანი. რუსეთის ხელმწიფე ივანე მრისხანე თამარ ქართველთა დედოფლის გმირული სახელით აღაფრთოვანებდა საომრად აღკაზმულ რუსულ დრუჟინებს. თამარი და მისი ქვეყანა ცოცხლდებოდა კეთილ რუსულ ზღაპარში, თქმულებაში, მატიანეში.

შორეულ ინდოეთში გატაცებით, მოწიწებითა და აღტაცებით იხსენიებდნენ საკვირველი სიმშვენიერითა და სიბრძნით შემკობილი ქართველი ქალისა და ხელმწიფის სახელს.

……………..

გაშლილი ქართული დროშით, ამაყი მზერით მიაბიჯებდნენ ქართველი მლოცველები იერუსალიმის ქუჩებში.

ქართული ლავრისკენ მიეშურებოდნენ. თამარის პარაკლისზე მიიჩქაროდნენ.

……………..

ილეწებოდნენ საუკუნენი.

ხოლო სახელი თამარისა ახალ-ახალი სიცოცხლით ცოცხლდებოდა.

მისი სახელი სალოცავი გახდა საქართველოსთვის.

მისი სახელი უმშვენიერეს თიკუნად დაებეჭდა ქართულ სახელმწიფო დროშას _ თამარიანი (ამიერიდან _ გორგასლიან-დავითიან-თამარიანი)..


პასუხები

  1. ra sainteresoa


დატოვე კომენტარი

კატეგორიები