ძველი თბილისი (ფოტო, ისტორია) – Old Tbilisi (Photo, History)
ტფილისის სამხედრო ტაძარი (Тифлисский Александро-Невский военный собор)
ტფილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი (რუს.: Тифлисский Александро-Невский военный собор) — მართლმადიდებელი ქრისტიანული საკათედრო ტაძარი ტიფლისში, აგებული რუსეთის იმპერიული მმართველობის მიერ 1870-90-იან წლებში.
1865 წლის 4 სექტემბერს იმპერატორმა ხელი მოაწერა ტაძრის მშენებლობას. იგი რუსეთის კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუასაუკუნეების რუსი წმინდანი ალექსანდრე ნეველის სახელობისა იყო. ნეობიზანტიური სტილის ნაგებობის პროექტი დ. გრიმს ეკუთვნის. კათედრალის მშენებლობა 1871 წლის 16 აპრილს დაიწყეს მეფისნაცვლის, დიდი მთავრის – მიხეილ ნიკოლოზის ძის თანდასწრებით. ტაძარი ააგეს ალექსანდროვის ბაღის ზემო ნაწილში გუნიბსკის (ღუნიბის) მოედანზე (მოგვიანებით სობორნი მოედანი დაერქვა, ამჟამად რუსთაველის გამზირის ნაწილი). 1897 წლის 21 მაისს ტაძარი აკურთხა საქართველოს ეგზარხოსმა ვლადიმირმა.
ტაძარს განაგებდა საქართველოს ეგზარქატი 1917 წლამდე, რის შემდეგაც იგი გადაეცა ავტოკეფალია მინიჭებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაასაფლავეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები (იუნკრები), რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1930 წელს კომუნისტურმა მთავრობამ დაანგრია ტაძარი, რომლის ადგილას აშენდა საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე (ახლანდელი პარლამენტის შენობა).
სასახლის ეზოს ტერიტორიაზე შემორჩენილ სასულიერო პირთა საკნებში (კელიებში), 2007 წლის 26 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ხარების სახელობის სამლოცველო გაიხსნა.
da kai saqme gaaketes?
By: sergo on 28/07/2012
at 14:47