Posted by: burusi | 05/06/2009

შალვა მჭედლიშვილი – გახსენება

შალვა მჭედლიშვილის გახსენება

კაცის ღირსება ბრძოლაში მიღებული ჭრილობებით იზომებაო, – უთქვამთ.
ულევი ნათელია ამგვარ იარებში ჩაფენილი, ისინი ადამიანის იდეური მრწამსის გამომხატველი წყლულებია.

თქვენი სახით ჩვენ დავკარგეთ უფროსი მეგობარი, თანამოკალმე, თხემით ტერფამდე პატიოსანი კაცი, სინდის-ნამუსითა და მადლით გასხივოსნებული პიროვნება. დადიოდით მიწაზე, როგორც სიკეთის განსახიერება და უშურველად უნაწილებდით გულის სითბოს ყველას.

ცხოვრებამ ბევრი სიმწარე გაგემათ, მაგრამ გული ვერ შეგიცვალათ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით შორეულ ვორკუტაში გადაგასახლეს. ეს ის დრო იყო, როდესაც საკუთარ ჯამში მზირალი, ხელისუფალთაგან “ხელდასხმული” მედროვენი სამშობლოს სიყვარულსაც ძნელად ჰპატიობდნენ ვინმეს.

სიცოცხლის საუკეთესო წლები პოლიტიკურ პატიმართა ბანაკში გაატარეთ. ამ ჯოჯოხეთში კი, მხოლოდ სულით ძლიერი ადამიანები ინარჩუნებდნენ მხნეობას. არა მხოლოდ თქვენ, მთელმა თქვენმა თაობამ იწვნია ბოლშევიკური რეპრესიების საშინელება. 1942 წელს დახვრიტეს ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი, მათ შორის კოტე ხიმშიაშვილი, გიორგი ძიგვაშვილი, ადამ ბობღიაშვილი, ლადო ბალიაური. ვინც ამ რეპრესიებს გადაურჩა, მთავრობამ ძალით გარეკა ფრონტზე და იქ, ტყვიის წვიმაში, ამოხადა სული.

თქვენმა პროფესიამ საშუალება მოგცათ, გადასახლებაშიც, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაგერჩინათ. დასტაქარიც და პოეტიც თანაბარი სიძლიერით ებრძოდნენ სულისშემხუთველ ბორკილებს. არა და, შემოქმევდის შინაგანი თავისუფლება შვეგუებულია ხუნდებისადმი.

დღეს, ჩვენი გადასახედიდან ყველაფერი სხვაგვარად მოჩანს. იმ დროს კი ძნელი იყო ჩაკეტილი, უსახო სივრცის გარღვევა, სულს რომ უხუთავდა ადამიანებს. თქვენი ცხოვრება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოველწამიერი დგომა იყო. თქვენ იყავით დამაკავშირებელი რგოლი უფროს და ახალგაზრდა თაობებს შორის. ჯერ კიდევ სიჯეილეში, როდესაც თვითონ მომავალ თაობას წარმოადგენდით და შემდეგ გვიან – სიჭარმაგეში, როცა უხუცესი თაობის წარმომადგენლებს განეკუთვნებოდით ამის თქმა იმიტომ გვინდა, რომ დღეს რატომღაც კარგ ტონად არის მიღებული შემოქმედისგან საკუთარ “ციხე-სიმაგრეში” ჩაკეტვა და ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა გარე სინამდვილესთან. ამგვარი ადამიანების ყოველი წადილი ისეთივე წარმავალია, როგორც მისი ამქვეყნიური ცხოვრება.

თქვენ ხშირად ესწრებოდით ახალგაზრდა მწერალთა საღამოებს. ამხნევებდით თანამოკალმეებს, რჩევა-დარიგებას აძლევდით, საკუთარ აზრს უზიარებდით. თქვენს გამოსვლას არ ჰქონდა იოტისოდენა დამცინავი ტონი, ყალბი მანერა. კახელი კაცივით ალალი და მიმნდობი იყავით მუდამ.

ზემოთაც ვთქვით და კვლავ ვიმეორებთ: ამდენი უბედურების მიუხედავად, არ გაბოროტებულხართ, მტრების მიმართაც მიმტევებელი იყავით, რამეთუ “არა იცოდნენ, რას იქმოდნენ”.

თქვენ ერთ-ერთი ის ადამიანი ხართ, რომელიც არ აჰყვა დროს და “გონებითა შენითა მიხველ” უფალთან.

მსუბუქი იყოს თქვენთვის ანაგის წმინდა მიწა, ის მიწა, რომლის მაცხოვრებელნი ვერ დააჩოქა ვერცერთმა დამპყრობელმა.

“ლიტერატურული საქართველო ” # 23, 15-22 ივნისი, 2007 წელი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები