Posted by: burusi | 26/03/2009

მერი ისკაკოვა – ელენე ახვლედიანის “ქეიფი გზაზე”

გზაზე, 1924

ქეიფი გზაზე. ელენე ახვლედიანი. 1924 წ.

ელენე ახვლედიანი, როგორც მისი თანამედროვე მხატვრები – ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, დავით კაკაბაძე და ა.შ. თავის შემოქმედებას XX ს-ის დასაწყისში იწყებს. ამ მხატვრების შემოქმედება ეყრდნობა იმ პერიოდისათვის შემორჩენილ ქართულ ეროვნულ და ევროპაში გაცნობილ ახალ ტრადიციებს. ელენე ახვლედიანის ინტერესები მრავალმრხრივი იყო: ფერწერა, გრაფიკა, თეატრის დეკორაციები, კოსტიუმები, წიგნის ილუსტრაციები, მაგრამ ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში მისი სახელი შევიდა, როგორც ჟანრული და ლირიული პეიზაჟების ოსტატი. განსაკუთრებული ადგილი მის შემოქმედებაში ძველი თბილისის ხედებს უჭირავთ. მისი სახელოსნო თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის პატარა ქუჩაზე იმყოფებოდა, რომელიც იტევდა უამრავ სტუმარს, ხელოვნების სხვა და სხვა დარგის წარმომადგენლებს.

ელენე ახვლედიანის ხასიათი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ბავშობაში და დროთა განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. მისი პირველი ფერწერული ნიჭი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გამომჟღავდნა, თბილისში ჩამოსვლისას სწავლა დაიწყო თბილისი მეორე ქალთა გიმნაზიაში, სადაც მისი ხატვის მასწავლებელი ნ. ვ. სკლიფასოვკი იყო, რომელიც ასევე, სხვა დიდი ქართველი მხატვრების პედაგოგიცაა. მან შეამჩნია გოგონაში უდიდესი ტალანტი და შესთავაზა თავის სახელოსნოში მუშაობა. აქედან იწყება ელენე ახვლედიანის დიდი ხელოვნების გზაზე სვლა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგონას ყოველთვის ესმოდა მასწავლებლის მიერ მიცემული შენიშვნები, რასაც ეთანხმებოდა კიდეც, არასდროს არ ემორჩილებოდა ნაკარნახევს და ყოველთვის მის ნახატებში იყო განსაკუთრებული ფერთა გამა და ფიგურებისადმი თავისებური მიდგომა. მართალია, ყოველთვის ამბობდა, რომ მის ნამუშევარზე გამოხატული დოქი არ შეესაბამება რეალურად არსებულ დოქს, მაგრამ ეს მას არასოდეს არ აწუხებდა და დაჟინებით ავლენდა ინდივიდუალურ დამოკიდებულებასა და ხედვას ამა თუ იმ ნივთის მიმართ, რომელიც შემდგომში განსაკუთრებულ მხატვრულ ეფექტებს იძლეოდა.

ასეთივე თავისებური ნამუშევრების რიგს მიეკუთვნება ნაწარმოები “ქეიფი გზაზე”, შესრულებული 1924 წელს. ამ პერიოდში იგი მეგობრობს ისეთ დიდი მხატვრებთან როგორიცაა ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ქეთევან მაღალაშვილი და ა.შ. ეწყობა საერთო გამოფენები, საღამოები, ხელოვნების ირგვლივ საუბრები და ა.შ. რამაც დიდი კვალი დატოვა თვით მხატვრის შემოქმედებაზე. აღნიშნულ სურათს აშკარად ეტყობა, რომ მხატვარი ასახავს რაღაც სურეალისტურ შთაგონებას, ცდილობს გავიდეს სიზმრის საიდუმლოებაში, აჩვენოს ქართული სუფრისა და დროსტარების ყველა ნიუანსი. ყველაფერი ეს კეთდება სურეალისტურ-კუბისტურ სტილში, რაც კარგად გამოსდის და მშვენივრად ეხამება სურათისთვის აღებულ სიუჟეტს. სუართზე გამოსახულია მამაკაცების, უფრო კინტოების ქეიფი ბუნებაში. 8 მამაკაცი დაყოფილია სამ ძირითად ჯგუფად, ხოლო ეს ჯგუფები გაერთიანებულია ერთიანი აზრით, ერთმანეთისაკენ მიმართული მოძრაობით ისე, რომ იქმნება ერთიანი წრე. ზოგი წამოწოლილია, ზოგი ზის, ზოგი სვამს, ერთი ღვინოს ასხამს, ერთი ფანდურზე უკრავს, ზოგი მღერის. ამ ქეიფის მარჯვენა მხარეს, უკან ნაჩვენებია მთიანი სოფლის პეიზაჟი დაბალი სახლებითა და ურმებით, მარცხენა მხარეს კი-ქვევით მიმავალი გზა, კლდის ძირში და ქალაქური განაშენიანობა ჩანს. სახლების უკან მდინარე მთებისკენ მიედინება. გზას (პეიზაჟის მარჯვენა მხარეს) და მდინარეს პერსპექტივაში მივყავართ და მოცემული პეიზაჟის დაუსრულებელ ელფერს გვაძლევს. ასევე, პერსპექტივას ემსახურება სურათის განათება, წინა და უკანა პლანი ფერთა სიმუქით განსხვავდება. წინა პლანზე მხატვარს მუქი ფერების თამაშით ქმნის, ხოლო უკან კი კონტრასტულად ღია ფერებს ხმარობს (ამდაგვარი ხერხის გამოყენება-მუქიდან ღიაში გადაყვანა-ახვლედიანს სჩვევია და სრულიად გამართებულია იმისათვის, რომ მაყურებელმა ყურადრება მარტო წინა პლანის მოქმედებაზე არ შეაჩეროს და მექანიკურად გაიცნოს მთელი სურათის სიუჟეტი. ასევე, კარგად აძლიერებს პერსპექტივის გრძნობას). ხოლო ზემოთ ხსენებული კლდის წვეროზე აივანია, რომელზეც ქართველი ლამაზმანები კეკლუცობენ და ქვევით მყოფ მამაკაცებს ეპრანჭებიან. აზრობრივად და კომპოზიციურად სურათი შეკრულია. მიუხედავად უამრავი ნიუანსისა და კომპოზიციური დათვირთვისა, მაყურებელი მაინც ახერხებს სურათში ასახული აზრის აღქმასა და გააზრებას, რადგან აქ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი მოძრავია და მაჟორულ-ლირიულ განწყობილებას უქმნის მნახველს.

რაც შეეხება იმას, რომ ზემოთ ნახსენები იყო სურეალისტურ-კუბისტური მიმართულება მხატვრის ამ სურათში, მართალია ეს არ არის მკვეთრი მაგალითი იმისა, რომ მხატვარი ამ მიმდინარეობების მიმდევარია, მაგრამ არის მცდელობა გამოიყენოს თვითოული ისე, როგორც სჭირდება მას. მაგალითად, სიურეალისტური ტალღა ამ სურათს იდუმალებას მატებს. ის გამოხატულია ფერთა თამაშით. რაღაცნაირი ბურუსით და იდუმალებით, რომელიც ამ შემთხვევაში თბილი ტონების გათამაშებით კეთდება. კუბისტური კი სახეებისა და ფორმების გამოყვანაა, წაწვეტებული სახეები, კლდის ნაოჭების მოხაზულობა და უამრავი სხვა. მხატვარს შემოაქვს ევროპაში ნანახი ხერხები და შთაბეჭდილებების სახით აჩვენებს ქართველ მაყურებელს.

მოღვინისფრო-აგურისფერი კარგადაა გათამაშებული შავთან და მუქ ლურჯთან. ეს ფერები ასევე კარგად ეხმარება მხატვარს გამოხატოს იმ მოქეიფე ხალხის ხასიათი და მათი მდგომარება, ანუ ფერი ემოციასაც გამოხატავს. ამ ფერების განეიტრალება ხდება პეიზაჟის ფერთა გამაში, რომელიც მეტად ცივია. ღია მორუხო-მომწვანო ტონები ენაცვლებიან ცისა და მყინვარწვერების მოცისფრო-მოთეთრო ტონებს. ეს არის ძირითადი ფერთა გამა, რომელიც მხატვარს გამოყენებული აქვს ამ ტილოს დასაწერად, ამდენი სავსე სხვა და სხვა ნიუანსით. ხოლო ამ ყველაფრის გამაერთიანებელია კოლორიტი, რომელიც დამახასიათებელია ელენე ახვლედიანისათვის. აგურისფერ-ბორდოსფერი კოლორიტი, რომელიც მოფენილია სურათის ყველა კუთხეში. სახლების სახურავებზე, თივის ზვინზე რომელიც უკან ურემზე დევს, დოქები, სუფრები, ხეები და ერთიანი ელფერითა საერთო განწყობითაა შეკრული და გაერთიანებული.

ამ ყველაფრის მიხედვით მშვენივრად შევიგრძნობთ იმას, რომ ელენე ახვლედიანი თავისი საქმის არა მარტო ოსტატია, როგორც ფერმწერი, არამედ კარგად გადმოსცემს ეროვნულ სულს. მისი სახლების ჩუქურთმები, ტანსაცმლისა და სუფრების ორნამეტები სამუდამოდ ინარჩუნებენ XX ს-ის დასაწყისის ევროპულ-აზიურ იერსახეს, რომელიც ასე სახასიათო იყო ძველი თბილისისათვის და ე.ახვლედიანის შემოქმედებისათვის.

მერი ისკაკოვა


დატოვე კომენტარი

კატეგორიები