Posted by: burusi | 14/03/2009

ვასო ჩაჩანიძე “მოგონებები ნიკო ფიროსმანზე”

აღდგომააღდგომა

ვაჟა-ფშაველასთან შეხვედრა

– სად ისწავლეთ ხელობა, სადაურები ხართ? ჰკითხა ვაჟამ ორივეს. მე კახეთიდან ვარ, ჩემი მეგობარი კი თბილისელია…

ვაჟამ გამოართვა, დაათვალიერა, ძლიერ მოეწონა ფიროსმანის ნახატი და თქვა:

– შე კაი კაცო, ოქროს ნიჭი გქონია და ოქროს ხელი”.

– მე წავიკითხე შენი შვლის ნუკრის ნაამბობი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, – დაიწყო ნიკომ, – ძლიერ მომეწონა და განვიზრახე დამეხატა კიდეც.

წასვლის წინ ნიკალამ სთხოვა მიხაკას მის მიერ დახატული ფუნიკულიორის სურათი და სახსოვრად უძღვნა ვაჟას.

ჩემი ძველი ნაცნობი მიშა, ანუ “პაჭუა მიშა,” რომელიც ჩვენი სახელოსნოს პირდაპირ საღებავებით მოვაჭრე პოპოვთან იყო ნოქრად ათი წლის განმავლობაში, როგორც ვიცოდი, მუშაობდა საავადმყოფოში გარდაცვალებულების დაკრძალვის სამუშაოებზე. მიშამ მითხრა: “ვასო, იცი, საწყალი ნიკალა მომკვდარა და უპატრონოდ ვასაფლავებო.” მე დავინტერესდი, თან შემეცოდა საწყალი ადამიანი და ვუთხარი: “თუ არ დაგიმარხია, მაჩვენე – მეთქი.” მან ერთ-ერთ შეუღებავ კუბოს ახადა თავი და მაჩვენა ფიროსმანი. იგი ძალზე გამხდარიყო და ყვითელი ფერი ედო. მე ძლიერ შემებრალა საწყალი ნიკალა, რომ ასე დაუტირლად იმარხებოდა. გადავწყვიტე ნიკალაც მეწირვებინა მღვდლისათვის…

მღვდელი შეჩერდა, გაუკვირდა და მკითხა:

– ვინ არის ეგ გარდაცვალებული?

– საწყალი მხატვარია მამაო, ნიკალა ჰქვია, ქართველი კაცია, ქრისტიანი.

იგი გამომყვა. მღვდელი ხელმეორედ შემეკითხა მიცვალებულის სახელს, რათა ლოცვაში მოეხსენიებინა.

– ნიკოლოზი მამაო, ვუპასუხე მე.

მღვდელმა დაასრულა წირვა, სამჯერ მიაყარა მუჭით მიწა და გაემზადა წასასვლელად. მე მივეცი ფული მღვდელსა და დიაკვანს და ორივენი გაემართნენ გალავნის კარებიდან ეკლესიისაკენ.

“პაჭუა მიშამ” და მისმა დამხმარემ დაახურეს კუბოს თავი და ჩაუშვეს საფლავში. ორივენი გაკვირვებული იყვნენ, რომ მე მღვდელი მოვუყვანე და ვაწირვინე, რადგან მათ პრაქტიკაში ასეთი რამე არ ხდებოდა, ორივე მიწას აყრიდნენ და გაიძახოდნენ: “ღმერთმა აცხონოსო”…

“პაჭუა მიშამ” სასაფლაოს შიგნით მონახა რიყის ქვა და ფიროსმანის საფლავს ჩაურჭო მიწაში, ნიშნად.…ორიოდე კვირის შემდეგ, აღდგომის მეორე დღეს მამაჩემი, მღებავი მიხაკა ღრუბელაძე, იასე ვარსიმაშვილი, ჩემი ძმა დავითი და მე გავემართეთ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე… ფიროსმანის საფლავზე ამოვალაგეთ კალათიდან საჭმელ-სასმელი და როგორც წესი, სუფრა გავშალეთ… ფიროსმანის შესანდობარი დაილია… დავუძახეთ მღვდელს და ვაწირვინეთ.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები