Posted by: burusi | 30/01/2010

ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი

ირაკლი ბაგრატიონი

ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი – Irakli Bagration-Mukhraneli

ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა 1909 წლის 21 მარტს, თბილისში. ირაკლი ბაგრატიონი სამეფო გვარის მუხრანელთა შტოს წარმომადგენელი იყო. მუხრანელთა შტო ბაგრატიონთა უფროს შტოს წარმოადგენს, თუმცა ქართლ-კახეთის ბოლო მეფეები ბაგრატიონთა უმცროსი კახეთის შტოს წარმომადგენლები იყვნენ.

ქართლის ტახტზე მუხრანის პირველი შტოს წარმომადგენელი ვახტანგ V იყო. ვახტანგ VI რუსეთში გადასახლებისა და კახეთის ბაგრატიონების მიერ ქართლის ტახტის ხელში ჩაგდების შემდეგ, გვარის უფროსობას ვახტანგ V შთამომავლები აგრძელებდნენ. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ამ შტოს უკანასკნელი მამაკაცი წარმომადგენლის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატიონთა გვარის უფროსობა მუხრანის მეორე შტოს წარმომადგენელზე ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელზე გადავიდა. მან 1903 წელს აგრეთვე ტახტის მემკვიდრის ტიტულიც მიიღო. ალექსანდრე ირაკლის ძე ცნობილი ქართველი მხედართმთავრის იოანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონისა და ერეკლე II ქალიშვილის ქეთევანის შვილთაშვილი გახლდათ. ბოლშევიკების მიერ 1918 წელს დახვრეტილი ალექსანდრე ირაკლის ძის ვაჟიშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე ევროპაში გადაიხვეწა. აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლე, პოლონელი არისტოკრატის ზლოტნიცკის ქალიშვილი ელენეც დედის, ერისთავის ქალის მხრიდან ერეკლე II შთამომავალი იყო. გიორგი ალექსანდრეს ძე ტახტის მემკვიდრის ტიტულს 1918 წლიდან გარდაცვალებამდე 1957 წლამდე ატარებდა.

მცირეწლოვანი ირაკლი მშობლებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. უმაღლესი განათლება მიიღო გერმანიაში.
1930-იანი წლების შუა ხანებიდან ცხოვრობდა იტალიაში. 1940 წელს რომში დაქორწინდა იტალიელი გრაფის ჰუგო პასკუინის ასულზე – მარია ანტუანეტზე, რომლისგანაც 1944 წლის დამდეგს შეეძინა შვილი გიორგი (ხორხე), ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის ამჟამინდელი მეთაური. დედა, მარია ანტუანეტი, გიორგის მშობიარობას გადაჰყვა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1944 წლის დამლევს, ბაგრატიონ-მუხრანელი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა, სადაც 1946 წელს ესპანეთის ბურბონთა სამეფო სახლის წევრი, -ინფანტა მარია-მერსედეს გავიერა შეირთო, რომელიც ესპანეთის მეფის ალფონსო XIII-ის დის – მარია ტერეზა ბურბონის ქალიშვილი იყო. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი – მარიამი (* 1947) და ბაგრატი (*1949). ინფანტას გარდაცვალების შემდეგ (1961) ბაგრატიონ-მუხრანელი დაქორწინდა მარია პასკუალზე.

1939 წელს ირაკლი ბაგრატიონ დააარსა დღეს ევროპაში ფართოდ ცნობილი რაინდული ორდენი “მაცხოვრის კვართის ორდენი”, რომლის პირველი დიდოსტატი (Grand Master) თავად იყო (დღეს ორდენს ხელმძღვანელობს გიორგი {ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი). ამასთან, იგი იყო “იერუსალიმის წმ. იოანეს ორდენის” რაინდი.
1942 წელს ი. ბაგრატიონ-მუხრანელის თაოსნობით გერმანიაში დაარსდა ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”, რომლის უზენაესი მიზანი იყო საქართველოს დახსნა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან და ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღება.
ირაკლი ბაგრატიონი XX საუკუნის შუა წლებში ქართული ემიგრანტული ორგანიზაციების მიერ ოფიციალურად იყო აღაირებული საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერ მემკვიდრედ.

ირაკლი გიორგის ძის და ლეონიდა ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრეს ვლადიმირ კირილეს ძეს. ამ ფაქტმა დააჩქარა ის, რომ რუსეთის ტახტმა დე იურე აღიარა მუხრანის ბაგრატიონთა უფლებები საქართველოს ტახტზე. ამრიგად მუხრანბატონთა უფლება არ მხოლოდ გვარში უფროსობით გახდა განპირობეული, არამედ საერთაშორისო ლეგიტიმიური კანონმდებლობითაც. ირაკლი ბაგრატიონი ყველა საერთაშორისო მონარქისტული ორგანიზაციის მიერ იქნა ცნობილი საქართველოს ტახტის მემკვიდრედ.
გადმოცემის მიხედვით, გასული საუკუნის 30-იან წლებში თეთრი ემიგრაციის ერთ-ერთ თავყრილობაზე რუსეთის საქართველოსთვის გაწეული დიდი “ღვაწლის” შესახებ ჩამოვარდნილა საუბარი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას შესთავაზეს სადღეგრძელო შეესვათ ფეხზე ადგომით. ყველა ამდგარა და შეუსვიათ საქართველოს “ამაგდარი” რუსეთის სადღეგრძელო.
ერთადერთი კაცი არ ამდგარა ფეხზე, რითაც უმრავლეს დამსწრეთა უკმაყოფილება გამოუწვევია. ეს კაცი ირაკლი ბაგრატიონი იყო. იგი ამდგარა და სუფრიდან წასულა…

ირაკლი ბაგრატიონი გარდაიცვალა 1977 წლის 30 ოქტომბერს, მადრიდში. 1977 წელს, ირაკლი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო დინასტიის პირდაპირ მემკვიდრედ სამეფო ტახტზე სცნეს გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები