Posted by: burusi | 26/12/2009

ილია ზანკოვსკი – ბიოგრაფია

ილია ზანკოვსკი

ილია ზანკოვსკი, Ilya Zankovsky, Илья Занковский (1832-1919)

ილია ზანკოვსკი “ნატიფი ხელოვნების წახალისების კავკასიის საზოგადოების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ საზოგადოების მიერ ორგანიზებული ყველა გამოფენის მონაწილე იყო.
1862-63 წლებში ის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, თუმცა აკადემია არ დაუმთავრებია. 1864 წლიდან თბილისში, ცხოვრობდა (კრილოვის ქუჩაზე, ამ სახლზე ოდესღაც მემორიალური დაფაც იყო, მაგრამ დღეისათვის აღარ არის), მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილებაში, იმავდროულად “ქალწულთა ინსტიტუტსა” და ფერწერისა და ქანდაკების სკოლაშიც ასწავლიდა. Mმისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო (ამზადებდა ტოპოგრაფიულ რუკებს), შემოიარა კავკასიის თითქმის ყველა მთიანი რაიონი, საიდანაც ჩამოჰქონდა ესკიზები მომავალი ნამუშევრებისათვის.
ზანკოვსკი, გარდა შემოქმედებითი მოღვაწეობისა, საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. Mმან, როგორც “ნატიფი ხელოვნების წახალისების კავკასიის საზოგადოების” თავმჯდომარემ, ბევრი რამ გააკეთა საქართველოში სახვითი ხელოვნების განვითარებისათვის.
1901 წელს მისი შუამდგომლობით ამ საზოგადოებასთან არსებული სამხატვრო სკოლა დახურვას არა თუ გადაურჩა, არამედ გაფართოვდა და საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის მფარველობის ქვეშ გადავიდა.
კავკასიის სამოქალაქო საქმეთა მთავარმართებლის სახელზე მიწერილ თხოვნაში იგი წერდა: “კავკასიაში ხელოვნების ცენტრის დაფუძნება უთუოდ მოიზიდავს თბილისში ახალ მხატვრულ ძალებს. სკოლა, რომელიც ფერმწერებს, არქიტექტორებს და მოქანდაკეებს მოამზადებს, საშუალებას მისცემს მათ, სწავლა გააგრძელონ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. საზოგადოებას კი შეეძლებოდა, მნიშვნელოვანწილად გაეფართოებინა თავისი მოღვაწეობა უძველესი ხელოვნების ადგილობრივი ძეგლებისა და თავისებური მხატვრული ფორმების შესწავლის მიმართულებით, რაც სტიმულს მისცემდა მხარის სამხატვრო-სამრეწველო წარმოების განვითარებას”. ზანკოვსკი ისტორიაში შევიდა როგორც გამოჩენილი პეიზაჟისტი, რომელიც თავისი სურათებით კავკასიის მთის პეიზაჟების ზღაპრულ სილამაზეს უმღეროდა.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები