Posted by: burusi | 12/09/2009

სიმონ ჯანაშია – ბიოგრაფია

სიმონ ჯანაშია

სიმონ ჯანაშია – Simon Janashia

სიმონ ჯანაშია – ბიოგრაფია

აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია დაიბადა 1900 წლის 26 (13) ივლისს, სოფელ მაკვანეთში (ოზურგეთის რაიონი). მამამისი, ნიკოლოზ ჯანაშია (1872-1918), ასევე ცნობილი ქართულის მასწავლებელი, ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე იყო. 1918 წელს, როდესაც ქართული უნივერსიტეტი დაარსდა, ივანე ჯავახიშვილმა ნიკო ჯანაშია აფხაზური ენის ლექტორად მოიწვია. სამწუხაროდ იგი იმავე წელს გარდაიცვალა

ნიკო ჯანაშიას და მისი მეუღლის, ელენე მუჯირის ოჯახში მიიღო პატარა სიმონმა საფუძვლიანი პირველდაწყებითი განათლება. თავდაპირველად ძველი სენაკის ქართულ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი – სოხუმის რეალურ სასწავლებელში. ახალგაზრდობის წლები სიმონმა ძირითადად აფხაზეთში გაატარა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მამამისი, ნიკო ჯანაშია.

ს. ჯანაშიას მოწაფეობის წლებში უცდია კალამი ლიტერატურაში და ერთგვარი წარმატებაც ჰქონია, წერდა ლექსებს, თარგმნიდა.

მამის სიკვდილის შემდეგ, 1918 წელს, დედასთან ერთად საცხოვრებლად გადმოდის თბილისში.

1918 წელს სიმონ ჯანაშია ახლადგახსნილ თბილისის ქართულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, სადაც ივანე ჯავახიშვილის რჩევით ერთდროულად ორ სპეციალობას ეუფლება – ისტორიასა და ენათმეცნიერებას. სადიპლომო შრომასაც ამ ორ დარგში წერს: ,,ქართული ფეოდალური ქცევის წესები მეთვრამეტე საუკუნეში” და ,,შეთანხმებისა და მართვის წესები ქართლის მოქცევაში”. 1922 წელს, პირველი გამოშვების კურსდამთავრებული, ივანე ჯავახიშვილის წარდგინებით საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვეს.

ამ პერიოდში მისი ჯანმრთელობა უკვე საგრძნობლად შეირყა. ახალგაზრდა ნიჭიერ მეცნიერს ექიმებმა ,,უმწვავესი ფორმის დაქანცულობის” დიაგნოზი დაუსვეს. უნივერსიტეტმა მას მატერიალური დახმარება გაუწია და ხანგრძლივი დროით სამკურნალოდ გაგზავნა.

1926 წელს სიმონ ჯანაშია მიიწვიეს უნივერსიტეტში აფხაზური ენის ლექტორად, სადაც 1937 წლამდე მოვაწეობდა. აფხაზეთში გაზრდილს, აფხაზური დედა ენასავით იცოდა.

ამავე დროს სიმონ ჯანაშიას დაევალა ისტორიის დარგის სტუდენტებისთვის წყაროთმცოდნეობის კურსის წაკითხვა, ამ დროდან მოყოლებული, თითქმის სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა საქართველოს ისტორიის ზოგად კურსს, კავკასიის მთიელ ხალხთა ისტორიას, ატარებდა სპეციალურ კურსებს საქართველოს ძველი და შუასაუკუნეების ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე. ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან პირველი პროფესორი.

1930 წლიდან ს. ჯანაშია უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს საქართველოს ისტორიის კათედრას, ამავე წელს აირჩიეს პროფესორად. 1935 წელს სიმონ ჯანაშია დაინიშნა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ და პროფესორად, 1936-37 წლებში ის საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგე იყო უნივერსიტეტში. 1939 წელს ს. ჯანაშია დაინიშნა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის თავმჯდომარის მოადგილედ. 1936-41 წლებში სიმონ ჯანაშია ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს. 1943 წელს გახდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

1941 წელს ერთ-ერთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელთაგან. 1941 წელს არჩეულ იქნა აკადემიის ნამდვილ წევრად და აკადემიის პირველ ვიცე-პრეზიდენტად. 1941-43 წლებში ხელმძღვანელობდა აკადემიის ისტორიის და ენათმეცნიერებათა ინსტიტუტს, 1943 წელს გადადგა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორობიდან, ხოლო გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს. 1940 წელს სიმონ ჯანაშია ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს მცხეთასა და არმაზში

წლების მანძილზე ს. ჯანაშია მუშაობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების რედაქტორად, რუსთაველის სახელობის სამეცნიერო-საკვლევი და კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტების მეცნიერ თანამშრომლად, საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების სწავლულ მდივნად.

სიმონ ჯანაშია იყო სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ს. ჯანაშიას მეცნიერული მუშაობა ინტენსიური და მრავალმხრივი იყო. მის კალამს ეკუთვნის გამოკვლევები საქართველოს ისტორიული წარსულიდან, რომელშიც განხილულია ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს წარმოშობის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი. 1938 წლის თებერვალში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ფეოდალური ურთიერთობის წარმოშობა ქართველ ტომებში”. სიმონ ჯანაშიამ შექმნა ფუნდამენტური მონოგრაფიები: ,,საქართველო ადრინდელი ფეოდალიზმის გზაზე”, ,,ფეოდალური რევოლუცია საქართველოში”, ,,არაბობა საქართველოში” და სხვა. 1949-1968 წლებში თბილისში გამოიცა ჯანაშიას ნაშრომთა კრებული ოთხ ტომად.

სიმონ ჯანაშია უმთავრესად იკვლევდა ძველი და ადრინდელი შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიის პრობლემებს. მან შეიმუშავა საქართველოს ისტორიის ახლებური პერიოდიზაცია, გამოყო პირველყოფილი თემური წყობილების პერიოდი, გამოთქვა თვალსაზრისი ძვ. წ. პირველი ათასწლეულის შუახანებიდან ქართული სახელმწიფოების, ძვ. წ. || ს-დან კოლხეთის და ძვ. წ. | ს-დან ქართლის (იბერიის) სამეფოთა არსებობის შესახებ. კრიტიკა გამოიწვია მისმა მოსაზრებამ კოლხეთის სამეფოს წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით საკავშირო და ქართულ პრესაშიც. მას საქართველოს ისტორიის გაიდეალებას და სხვა ბრალდებებსაც უყენებდნენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, ახალმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, ზოგი ახალი წერილობითი წყაროს შემოტანამ სამეცნიერო მიმოქცევაში მთლიანად დაადასტურა ს. ჯანაშიას მოსაზრება ძვ. წ. | საუკუნეში კოლხეთის სამეფოს არსებობის შესახებ. ”კოლხეთი, იბერიასთან ერთად შეადგენდა იმ ნიადაგს, რომელზედაც შენდებოდა ქართული ფეოდალური სახელმწიფოებრიობა” – წერდა აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია

რაც შეეხება ფეოდალურ ურთიერთობათა ჩასახვასა და განვითარებას, ის ამ პროცესის ჩასახვას პირველი საუკუნეებიდან ვარაუდობდა, || საუკუნეს ფეოდალიზმის ხანად მიიჩნევდა, ხოლო || საუკუნეში ძალაუფლების ახალგაზრდა ფეოდალთა კლასის ხელში გადასვლას ფეოდალურ რევოლუციიას უწოდებდა.

|X-X საუკუნეები მას ადრეშუასაუკუნეებიდან განვითარებული ფეოდალიზმის ხანაზე გარდამავალ ეტაპად მიაჩნია და თვლის, რომ X საუკუნეში ძირითადად მთავრდება ადრეული ფეოდალიზმის ეტაპი და იწყება განვითარებული ფეოდალიზმის საფეხური, რომლის აყვავებას ის X|-X|| საუკუნეებს უკავშირებს.

1943 წ. თბილისში გამოვიდა ,,საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელო, ნ. ბერძენიშვილის, ი. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას თანაავტორობით, რისთვისაც სახელმწიფო პრემია მიენიჭა. II გამოცემა დაიბეჭდა 1946 წ. იმავე წელს გამოვიდა სახელმძღვანელოს რუსული თარგმანი.

სიმონ ჯანაშია იკვლევდა ქართველთა ეთნოგენეზის, მისი წარმოშობა-ნათესაობის პრობლემას. მან ქართველები კავკასიურ ეთნოსად სცნო და, ამასთანავე, ქართველთა სამხრეთიდან გადმოსახლების შესახებ არსებული მიგრაციული თვალსაზრისის წინააღმდეგ, გამოითქვა მოსაზრება სამხრეთიდან ჩრდილოეთით არა ტომთა გამოსახლების, არამედ მონათესავე ხალხში სამხრეთიდან ჩრდილოეთით კულტურული და პოლიტიკური ცენტრების გადანაცვლების შესახებ და აღნიშნა, რომ ქართველები ისტორიულად თავიანთი დღევანდელი მიწა-წყლის აბორიგენები არიან.

მან საგანგებოდ შეისწავლა აფხაზეთის ისტორია (1936 წ.) და ამტკიცებდა, რომ “საკუთრივ აფხაზებს (მათი დღევანდელი ტერიტორიის დიდ ნაწილზე) წინ უსწრებდა ქართველური მოსახლეობა, ერთი მხრით, სვანური შტოსი, მეორე მხრით – ჭანურ-მეგრულისა”. იგი წერდა: “ VIII საუკუნისათვის თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აშკარა უპირატესობა აბაზგებმა მოიპოვეს. ეს ეთნიკური სახელი მალე უფრო ფართო, განმაზოგადებელ მნიშვნელობას იძენს. მისი ქართული ფორმა — „აფხაზი“, რომელიც მიღებულია „აბაზგი“, „აბაზხი“-დან თანხმოვანთა შინაგანი გადაჯგუფების გზით, ქართული ენის ფონეტიკური კანონების თანახმად, თანდათანობით საყოველთაო გავრცელებას პოულობს ”

სიმონ ჯანაშიამ საფუძვლიანად შეისწავლა ქართველთა ერად ჩამოყალიბების პრობლემა, უარყო ლიტერატურაში არსებული თვალსაზრისი, რომ ქართველები ერად X|X საუკუნის 60-იან წლებში ყალიბდებიან (ი. სტალინი) და აღნიშნა, რომ ქართველთა ერად ჩამოყალიბება (ისევე როგორც, საერთოდ, ერების ჩამოყალიბება) ხანგრძლივი ისტორიული პროცესი იყო და ერის ნიშნები მათ ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ადრეულ საფეხურზე ჰქონდათ, ხოლო X|X ს-ის 60-იან წლებს ერის საბოლოო ნიშანი – ეკონომიკური ერთობა უკავშირდება. მისი მოხსენება “ქართველი ერის წარმოშობის შესახებ სტალინური მოძღვრების შუქზე” დაიწერა 1944 წლის 23 დეკემბერს, მაგრამ პირველად 1977 წელს გამოქვეყნდა.

სიმონ ჯანაშია გარდაიცვალა 1947 წლის 15 ნოემბერს 47 წლის ასაკში.

ხანმოკლე იყო სიმონ ჯანაშიას ცხოვრება, მაგრამ მან იმდენი გააკეთა თავისი ქვეყნისათვის, რომ მადლიერმა ქართველმა ხალხმა ვალმოხდილი მამულიშვილი მთაწმინდის მიწას მიაბარა.

ლიტერატურა:

  • ედიშერ ხოშტარია – აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია, თბილისი, 1976 წ.
  • მარიამ ლორთქიფანიძე – “დიდი მეცნიერი და მკვლევარი: აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია”, “საქართველოს რესპუბლიკა”. 2010-11-16

პასუხები

  1. სიმონ ჯანაშიას “შრომების” I და II ტომს რა ჰქვია მითხარით ვინმემ, ძალიან გთხოვთ.

  2. სიმონ ჯანაშიას “შრომების” I და II ტომს რა ჰქვია მითხარით ვინმემ, ძალიან გთხოვთ.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები