Posted by: burusi | 05/07/2009

აკაკი ბაქრაძე – «სიმონ ყაუხჩიშვილი»

პავლე ინგოროყვა და სიმონ ყაუხჩიშვილი სვანეთში

მე-19 საუკუნის ქუთაისი. ამ ვიწრო ქუჩებს, კოპწია სახლებს, პატარა ბაღებს ახსოვთ სოლომონ მეორე და სოლომონ ლიონიძე; ოქროს ჩარდახი და რუსის ჯარი. ურჩი ივანე აბაშიძე და მისი შვილიშვილი აკაკი წერეთელი, ეშმაკი და ჭკუადამჯდარი ვაჭარი იაკობ ნიკოლაძე და მისი შვილი ნიკო ნიკოლაძე. ბრძენი და დარბაისელი გაბრიელ ეპისკოპოსი და მისი ახალგაზრდა მდივანი ესტატე ბოსლეველი, მოკლული ამ ვიწრო შუკაში უგუნური მტრების მიერ. ილია ჭავჭავაძის გამო ერთმანეთს წაკიდებული მამა-შვილი, ზემოური იმერელი წერეთელი ევფთიმე და ძე მისი გიორგი; ხუმარა და ენაკვიმატი ადვოკატი კალისტრატე ჩიკვაიძე და უტალანტო, მაგრამ თეატრის ფანატიკურად მოყვარული გრიგოლ ჩარკვიანი… ვინ არ ახსოვს ამ ქალაქს!.. რომელი ერთი ჩამოვთვალო…
და აი, მე-19 საუკუნის მიწურულს, 1895 წლის 14 ოქტომბერს ამ ქალაქში დაიბადა ქართული ელინისტიკისა და ბიზანტოლოგიის თავკაცი სიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი.
ბალღობისას ჯერ იოსებ ოცხელის დაარსებულ ორკლასიან სასწავლებელში უვლია, მერე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გადასულა. მაგრამ მარტო ეს ორი სასწავლებელი არაა მისი აღმზრდელი. მას ასწავლიდა და ავაჟკაცებდა თავად ქუთაისი.
უცნაური იყო ქუთაისის ბედი, ხასიათი და თვისება. ქუთაისმა იცოდა სიყვარული. ამ სახლში რიონის პირად ცხოვრობდა ანიკო ნიკოლაძე, რომლის ცხოვრება ერთი კაცის სიყვარულში დაილია და, როცა იგი მიიცვალა, არაფერი არ დარჩენია გარდა აკაკი წერეთლის დროჟამისაგან გაცრეცილი წერილებისა.
ქუთაისმა იცოდა ვაჟკაცური კდემამოსილება. ამ სათეატრო დარბაზში მდგარან თავჩაქინდრული ქუთათურები, მაგრამ ტაშს არ უკრავდნენ «სამშობლოში» ლევან ხიმშიაშვილს, რომელიც მოღალატე ქეთევანს ჰკლავდა, რადგან ქალის როლს ნუცა ჩხეიძე თამაშობდა. იმდენად დიდი იყო მოკრძალება და პატივისცემა ნუცა ჩხეიძის ქალობისადმი, რომ არ უნდოდათ მისთვის ტკივილის მიყენება.
ქუთაისმა იცოდა შეუპოვარი ბრძოლაც. როცა ალიხანოვ-ავარსკის სისხლიანი ურდოები ცეცხლითა და მახვილით სპობდნენ ყველაფერს, ბარიკადებზე იდგა არა მარტო მუშა და გლეხი, არამედ არტისტი ლადო მესხიშვილიც.
ასე ასწავლიდა და ავაჟკაცებდა სიმონ ყაუხჩიშვილს ქუთაისი. ასე აყალიბებდა მის ხასიათს. როცა 1913 წელს სიმონ ყაუხჩიშვილმა ვერცხლის მედლით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, მან უკვე მტკიცედ იცოდა, როგორ უნდა გაეწია სამსახური ერისა და მამულისათვის.
18 წლის სიმონ ყაუხჩიშვილი პეტერბურგს გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. ტოვებდა იგი მშობლიურ ქალაქს. უკვე წარსულში იძირებოდა ერთი შეხედვით, უდარდელი, მხიარული, ოხუნჯი, დროს ტარებასა და ქეიფს გადაყოლილი ქუთათურები, ამოუცნობ და გაუმხელელ სევდას რომ ატარებენ. უკან რჩებოდა ბაღის კიდეს შეჩვეული გუდამშიერი და კოხტაპრუწა აზნაურები… მაგრამ, რაც მთავარია, გულით მიჰქონდა ქალაქი, რომლის ქუჩებში, ბაღებში და სახლებში უვლიათ, უფიქრიათ, უოცნებიათ ახალი ქართული ენათმეცნიერების ფუძემდებლებს ნიკო მარს, აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს; სადაც ბავშვობა და ყმაწვილკაცობა გაუტარებია ქართული მეტალურგიის პიონერებს და-ძმა რუსუდან და გიორგი ნიკოლაძეებს, სადაც შობილა გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და ქართული საოპერო მუსიკის შემქმნელი ზაქარია ფალიაშვილი; სადაც დგას, ბაგრატის ტაძრის ჩრდილს შეფარებული, მარჯანიშვილის ორასწლიანი სახლი… ამ სახლიდან დარეკავს ქართული თეატრის განახლების ზარი.
პეტერბურგში ქუთათელი ყმაწვილი კაცი სრულიად სხვა გარემოში მოხვდა. პეტრე პირველის დაუოკებელმა ენერგიამ ამოატივტივა ეს ქალაქი ნევის ჭაობებიდან, როგორც ევროპის შორეული გამოძახილი. აქ ერთმანეთშია არეული პუშკინის პოეზიის სინატიფე და დოსტოევსკის კოშმარული ჩვენებანი, ბელინსკის პათეტიკა და პისარევის ყოვლის უარმყოფელი ნიჰილიზმი, ჩამომხრჩვალი დეკაბრისტების ზმანებანი და ტერორისტების მიერ დახოცილი იმპერატორების სისხლი.
აქ, პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს სიმონ ყაუხჩიშვილი კლასიკურ ფილოლოგიას. აქ ყინულოვან პეტერბურგში უნდა შეიგრძნოს ელადის მზის მცხუნვარება. ბურუსიანი ბალტიკის ნაპირას უნდა დაინახოს ეგეოსის ზღვის ლაჟვარდი. აქაურ ცრუ კლასიცისტურ არქიტექტურაში უნდა ამოიცნოს პართენონის ჰაეროვანი სიმსუბუქე და პირველქმნილი სინატიფე. პეტერბურგის უნივერსიტეტში ეს შესაძლებელი იყო, რამეთუ იქ კლასიკური ფილოლოგიის პირველხარისხოვანი სკოლა არსებობდა. ამ სკოლას ქმნიდა და ამშვენებდა პომიალოვსკი, ნიკიტინი, იერნშტედტი, ლატიშევი, ზელინსკი.
სიმონ ყაუხჩიშვილი საფუძვლიან განათლებას იღებს, მაგრამ იგი უფრო მეტს მიელტვის. ოცნებობს საბერძნეთზე, ევროპის უნივერსიტეტებზე. თუმცა ახლა არავის სცალია კლასიკური ფილოლოგიისათვის. პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებს და ფილოლოგების ნაცვლად გენერლები ლაპარაკობენ. ამ მოლოდინში მიდის დრო და პეტერბურგის უნივერსიტეტდამთავრებული სიმონ ყაუხჩიშვილი უკან სამშობლოში ბრუნდება. იგი მუშაობას იწყებს ქალთა სამასწავლებლო სემინარიაში, ანტიკური ქვეყნების და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად.
მალე ქართული განათლების ისტორიაში დიდი ფაქტი მოხდა – დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი. 1918 წლის დეკემბერში ივანე ჯავახიშვილმა სიმონ ყაუხჩიშვილი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე მიიწვია და დატოვა საპროფესოროდ მოსამზადებლად.
სიმონ ყაუხჩიშვილმა პირველი სამეცნიერო დავალებაც მიიღო. უნდა შეესწავლა და სამეცნიერო გამოკვლევა დაეწერა IX საუკუნის ბიზანტიელი მემატიანის გიორგი ამორტოლის «ქრონოგრაფიის» შესახებ. ეს დავალება ახალგაზრდა მეცნიერმა პირნათლად შეასრულა. მალე შესაძლებლობა გაჩნდა და სიმონ ყაუხჩიშვილი საბერძნეთში მიავლინეს. რამდენიმე თვე გაატარა მან ათენში. იქაურ მუზეუმებში, არქივებში, ინსტიტუტებში ძველი საბერძნეთის ისტორიის, კულტურის, მწერლობის ცოდნას იძენდა. საბერძნეთიდან გერმანიაში წავიდა სიმონი და იქ ოთხი სემესტრი დაჰყო.
კლასიკური ფილოლოგიის გერმანული სკოლა მსოფლიოში სახელგანთქმული სკოლა იყო. ვილამოვიცს, ნორდენს, დილსს, შულცეს და სხვებს მთელი წიგნიერი კაცობრიობა იცნობდა. ღრმა განათლება, საქმის ზუსტი ცოდნა, სიბეჯითე და მუყაითობა აითვისა ბერლინის უნივერსიტეტის პედაგოგებისაგან სიმონ ყაუხჩიშვილმა.
ბიზანტინოლოგიას იგი ეუფლებოდა პაულ მაასის სემინარიებში, ეპიგრაფიკას, სიძველეთმცოდნეობას, წყაროთმოცოდნეობას _ ვილკენთან, ბერძნულ პალეოგრაფიას _ შუბარტთან.
უცხოეთიდან სამშობლოში 1923 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა სიმონ ყაუხჩიშვილი. ამ დროს თბილისის უნივერსიტეტში უკვე მოღვაწეობდა საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი, კლასიკური ფილოლოგიის დიდი სპეციალისტი გრიგოლ წერეთელი. საფუძველი ეყრება ელინისტიკისა და ბიზანტინოლოგიის ქართულ სკოლას. დღეს საქართველოში არ არის ძველი ბერძნული და ბიზანტიური კულტურის, მწერლობის, ისტორიის სპეციალისტი, რომელსაც სიმონ ყაუხჩიშვილის სკოლა არ გაევლოს, ვისი მასწავლებელიც იგი არ ყოფილა.
მე მახსენდება ტანადი, ლამაზი ვაჟკაცი, ძველი ელინის კლასიკური გარეგნობით, მტკიცედ რომ მოაბიჯებს უნივერსიტეტის დერეფანში, შემოდის აუდიტორიაში და ყოველ ლექციას იწყებს მიმართვით _ მოქალაქენო!.. არც ბატონებო და არც ამხანაგებო, არამედ მოქალაქენო!.. რამეთუ ვინც უნივერსიტეტის სკოლას გაივლის უპირველესად მოქალაქე უნდა იყოს, მოქალაქე თავისი ერისა და მამულისა. ამ სიტყვის ფასი და ღირებულება ძვალ-რბილში უნდა გაგიჯდეს და მერე გაქვს უფლება სამოქმედო ასპარეზზე გახვიდე.
ძველი საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ისტორია წარმოუდგენელია საბერძნეთთან და რომთან ურთიერთობის გარეშე. საქართველო ხმელთაშუა ზღვის აუზის კულტურის ქვეყანაა და, ბუნებრივია, ვისაც მისი წარსულის შეცნობა უნდა რომსა და საბერძნეთს კარგად უნდა იცნობდეს. თითქმის ათასი წლის მანძილზე არსებობდა უწყვეტი და გამუდმებული კონტაქტი ბიზანტიის იმპერიასთან. ამიტომ ბერძნული და ლათინური მწერლობა აურაცხელ ცნობას შეიცავს საქართველოს შესახებ. მარცვალ-მარცვალ უნდა ეძებო ლიტერატურის ამ ზღვაში ყოველი ცნობა, გულმოდგინედ ამოკრიფო, შეისწავლო, კომენტარებით აღჭურვო და მკითხველს მიაწოდო. წლების მანძილზე რუდუნებით სწავლობდა სიმონ ყაუხჩიშვილი ამ ლიტერატურას, აგროვებდა ამ ცნობებს და ჰქმნიდა დღეს ყველასათვის ცნობილ მრავალტომიან «გეორგიკას» _ ძველი ბერძენი და რომაელი მემატიანეების ცნობათა კრებულს საქართველოს შესახებ. ჯერ იგი მარტო ეწეოდა ამ უღელს, მერე _ მოწაფეებთან ერთად. ახლა არ არის ძველი სამყაროთი დაინტერესებული კაცი, სპეციალისტი თუ რიგითი მკითხველი, «გეორგიკით» არ სარგებლობდეს, სამაგიდო წიგნად არ მიაჩნდეს იგი.
თუმცა არცერთი ქვეყნის პოლიტიკური თუ კულტურული ისტორია არ დაწერილა მარტოოდენ უცხოური წყაროების საშუალებით. ამის პირველი და ურყევი საფუძველი ორიგინალური, ეროვნული საისტორიო მწერლობაა. ამიტომ სიმონ ყაუხჩიშვილი წლების მანძილზე სწავლობს «ქართლის ცხოვრების» ყველა ხელნაწერს, ერთმანეთს უდარებს, აზუსტებს, შენიშვნებს ურთავს და მეცნიერული გამოცემისათვის ამზადებს. რამდენიმე ტომი უკვე გამოცემულია და მათ ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ყოველი ქართველისათვის.
ბუნებრივია, რომ ამგვარი მეცნიერული მუშაობის პროცესში სიმონ ყაუხჩიშვილის წინაშე ბევრი პრობლემა წამოიჭრებოდა, რომელსაც შესწავლა და პასუხის გაცემა სჭირდებოდა. მართლაც, რა საკითხს არ შეხებია სიმონ ყაუხჩიშვილის კალამი! იქნება ეს კორიდეთის ბერძნული სახარების ქართული მინაწერები თუ არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები, ადიშის ხელნაწერის ბერძნიზმები თუ იოანე მოსხის ნოველები, პეტრე იბერიელისა და იოანე ლაზის მოღვაწეობა თუ ფაზისის რიტორიკული სკოლა, მეექვსე საუკუნის ბიზანტიური რომანი «ღალაქტიონი და ეპისტიმია» თუ იოანე პეტრიწის ფილოსოფიური შრომები…
როცა ამა თუ იმ ერის განვლილ ისტორიულ გზას გადახედავ არ შეიძლება არ გამოიკვეთოს მისი ზნე, ხასიათი, თვისება. ყველაფერი ეს ყალიბდება არა მარტო საკუთარი მწერლობით და კულტურით, არამედ მეზობელთა გავლენითაც, მით უმეტეს თუ ისეთ მეზობელი გყავდა, როგორიც იყო ძველი საბერძნეთი და ბიზანტია. ჟველი ქართველის ხასიათსა და თვისებაზე უთუოდ არსებით ზეგავლენას ახდენდა ძველი ბერძნული და ბიზანტიური სიტყვაკაზმული მწერლობა. ქართული ბუნების ბევრი საიდუმლოს ამოცნობა შეიძლება ამ ლიტერატურის შესწავლით. ქართული ორიგინალური მწერლობის განვითარების პროცესის წარმოდგენაც შეუძლებელია ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიის გათვალისწინების გარეშე.
განა საუკუნეების მანძილზე არ გვაწამებს საკუთარი ჯოჯოხეთური ვნების მსხვერპლის მედეას თავგადასავალი?
განა საკუთარი ქვეყნის ისტორიას არ გვაგონებს გამარჯვებული მტრის ეტლზე გამობმული ჰექტორის გვამი?
განა დღესაც ყურში არ წივის კასანდრას შემზარავი წინასწარმეტყველება?
განა დღესაც არ ველით პატარა ჯიუტ გოგოს, რომელიც არ შეუდრკება არავითარ მეფურ ბრძანებას და დაიტირებს დაღუპულ ძმას?
განა ელექტრას ბოღმა არ ითხოვს შურისგებას?
წარსულთან კავშირი არ გაწყვეტილა და დღესაც ცოცხალია იგი. რადგან ცოცხალია კავკასიის მთებს მიჯაჭვული ღმერთის უკვდავი სული.
ამ ცოცხალ კავშირს ვგრძნობთ და ვხედავთ ჩვენ სიმონ ყაუხჩიშვილის მრავალტომიან «ძველი ბერძნული და ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიაში».
ამ ცოცხალ კავშირს ვხედავთ მის პიროვნებაში.
მიდის დროჟამი… იკეთება ადამიანის ცხოვრების მატიანის ფურცლები… უკან დარჩა რვა ათეული წელიწადი, მაგრამ მაინც ახალგაზრდა ვაჟკაცს ვუყურებ, რომელიც მტკიცედ და დარბაისლურად მოგვმართავს:
მ ო ქ ა ლ ა ქ ე ნ ო !..


დატოვე კომენტარი

კატეგორიები