Posted by: burusi | 10/04/2009

ნიკო ფიროსმანი – “კალოს ლეწვა”

კალოს ლეწვაკალოს ლეწვა

კალოს ლეწვა

კალოს ლეწვაკალოს ლეწვა

ანზორ მაძღარაშვილი – “კალოზე პურის ლეწვა”

როდესაც ნანატრი კალოობის ჟამი მოახლოვდებოდა, გლეხკაციც დიდ სამზადისს გააჩაღებდა. კევრს გასინჯავდა, თუ კოხი აკლდა, მოკოხავდა, საბძელს გაწმენდდა, გააახლებდა, კალოსთვის ადგილს შეარჩევდა, მოთოხნიდა, მოასუფთავებდა, დატკეცავდა, მორწყავდა, ერთხელ კიდევ გადაგვიდა და კალო მზად იყო. შემდეგ ნამგალს ალესავდა, თან ომახიანად ჩაიბუბუნებდა:

“გლესავ და გლესავ ნამგალო,

ნამგალო, ჩემო რკინაო…”

ცერა თითით ფხას გაუსინჯავდა, თხის ტყავს ბეწვს გააყრევინებდა, მერე გატეხილი მინით გადაფხეკავდა, მაჯაგანით დაარბილებდა და წინსაფარს გაიმზადებდა, რომ მკის დროს ფხა არ შერჭობოდა. წყალნარევ ღვინოს ჭაში ჩაჰკიდებდა, რომ სიცხის დროს წყურვილი მოეკლა. დილაუთენია ადგებოდა, ერთხელ კიდევ შეახვეწებდა ღმერთს გაჭირვებულ კაცს: “შენ გადმოხედე და უშველე ყველა გაჭირვებულსა, ბარაქას ნუ დაუკარგავ ჩემს შრომასა,” თითზე ხის სათითეს გაიკეთებდა და შეუდგებოდა მკას. ამაზე ხალხი იტყოდა “ყანა გაიჭრაო”.

ქიზიყის ყველა სოფელი დაცარიელდებოდა, დიდ-პატარა შირაქს, უზუნდარასა და თელაწყალს მიაშურებდა, სადაც ყანები ეთესათ. ვისაც შრომა შეეძლო, ოჯახის თავკაცს ხელს აშველებდა. სოფელში მარტო მოხუცები რჩებოდნენ. ვაჟკაცები კი ნამგლებს ატრიალებდნენ… მომკილ ყანას წინასწარ გამზადებული ულოებით ძნებად ჰკრავდნენ და ურმებით კალოსთან გადაზიდავდნენ და თაიებად დგამდნენ. როცა სამკალს მორჩებოდნენ, კალოს მოუტრიალდებოდნენ, კალოში ძნას ჩაშლიდნენ, ჩააფიცხებდნენ და იწყებოდა ლეწვა…

კევრში ცხენებს შეაბამდნენ, თუ ცხენები არა ჰყავდათ – ხარებს, კევრზე შედგებოდა ვინმე და მთელი დღე გაშლილ თავთავზე ატრიალებდნენ. რომ იდროებდნენ ბზეს მარცვალი მოშორდაო, კევრს გვერდზე გადააყენებდნენ, გალეწილ ნამჯასა და ხორბალს შეაქუჩებდნენ არნადით და როცა ნიავი დაუბერავდა, ნიჩბებით გაანიავებდნენ, თან გამნიავებლები რიხიანად შესძახებდნენ:

“დაუბერე ნიავო,

მეკალოე მქვიანო,

ჩვენ კალოს რომ გალეწავ

მეზობლისას მივალო”.

განიავებული ხორბლით საცალოებს გაავსებდნენ და ბზეს კი საბძელში შეინახავდნენ, რასაც ზამთარში საქონლის საკვებად იყენებდნენ.

**************************************************************************

კალო, პურეულის სალეწი ადგილი (ღია ან დახურული), ღია კალო გავრცელებული იყო საქართველოს ყველა კუთხეში, დახურული კი — აღმოსავლეთ საქართველოს მთის ზოლში. კალოს უმთავრესად მართავდნენ სწორ, გაშლილ ადგილზე საამისოდ ძველად ზოგან მიწური ბანსაც იყენებდნენ. კალოზე პურს ლეწავდნენ კვერით, ქვის დაკბილული მორიგებით (ჭარჭარა) ან შინაურ საქონელს გადაატარებდნენ. კვერსა და ჭარჭარაში უმთავრესად ხარებსა და კამეჩებს უბამდნენ. ლეწვის დასაჩქარებლად ძნას ნიჩბით აბრუნებდნენ, რასაც კალოსქცევა ერქვა.

ნიჩბით ქცევის დროს იცოდნენ „კალოს გულის გამოღება“ — ნალეწის გახვეტა კალოს ნაპირებისაკენ, რათა კევრის კოხებს მიწის ზედაპირი არ აეჩიჩენა. ნალეწი კალოს ცენტრი არნადით იხვეტებოდა. ხვავს ჯერ ფიშლით, რასაც ნიჩაბში გამოყვანას ეძახდნენ, რასაც ნიჩაბში გამოყვანას ეძახდნენ. ხორბლის ხვავს ჯერ ცხვარში ატარებდნენ, შემდეგ — ცხრილში. გაცხრილული ხორბალი სახლში გადაჰქონდათ, ზოგჯერ კალოზე მოწყობილ პურის შესანახ ორმოებსა და ხაროებში ინახავდნენ.

კალო წმინდა ადგილად მიაჩნდათ. კალოზე დატოვებულ ხვავში ავი ძალისაგან დასაცავად რკინას ჩატოვებდნენ ან ხვავის თავზე ტყემლის ტოტს ჩასობდნენ. ძველად კალოს განათვლა ცხვრის დაკვლითაც სცოდნიათ. კალოზევე გაჰქონდათ ახალი მოსავლის პირველი ნამცხვარი.

კალო და კალოობა (პურეულის ლეწვის პერიოდი) ხანგრძლივი და შრომატევადი სამეურნეო ციკლი იყო, რომელიც ივნისიდან იწყებოდა (კახეთი) და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სექტემბრამდე გრძელდებოდა. მთის ზოლში დახურულ კალოზე ხორბლეულს ზამთარშიც ლეწავდნენ.

*************************************************************************************

გიორგი შატბერაშვილი – “კალოობა”

კალოობაა, მინდვრებზე ყანა
აღარ შრიალებს, აღარ ბობოქრობს.
ურმეულებად დაუდგამთ ძნები,
ცხრათვალა მზეზე პრიალებს ოქრო.

ეფიცხებიან მზეს თავთავები,
მზეც, თავთავებიც არის ყვითელი,
ბერიკაცები კალოს უვლიან,
უქცევენ ნიჩბით და ორთითებით.

კევრზე ზის ბიჭი მოქნილი სახრით,
არ მოუხუჭავს თვალი წუხილის,
განთიადიდან მის ჯიღა ხარებს
ხალისით დააქვთ მძიმე უღელი.

კევრქვეშ იშლება მწიფე თავთავი,
სოფლის ბარაქას უცინის ყველა,
ისმის სიმღერა, ისმის ღიღინი –
ხან კალოური, ხან ოროველა!

ხოლო როდესაც მზე გადიხრება,
შემოუქროლებს ბზეს ზენაქარი,
რომ გააგონოს კალოს და საბძელს
ხალისიანი ხვავის ხარახრაი.

1945 წ.


პასუხები

  1. firosmani magaroa!

  2. vina amis avtori

  3. :Dkargia

  4. :Pmartla kargia

  5. istoriashi gamomadga:S


დატოვე კომენტარი

კატეგორიები