- ბიჭს მიაქვს სადილი მინდორში მომუშავის დასაპურებლად მიაქვს ბიჭს აბგა და დოქი ღვინით _____________________________________________________ 1914, დათვი მთვარიან ღამეში «დათვი მთვარიან ღამეში». ამ ნახატის იდუმალებას ანდამატი აქვს. უფსკრულივით იზიდავს მაყურებელს ღამის და მთვარის განუსაზღვრელი საგნობრიობა, რომელიც დათვის ველურ გამომეტყველებაში ინსტიქტურ სიცოცხლეს იძენს, ველურიც არის დათვი და, რაღაცნაირად, საცოდავიცაა თავის სიმარტოვეში შეუცნობელი სამყაროს წინაშე. ხის ტანის და სქელი რტოების სიმძლავრე საგნობრივ რეალობას ანიჭებს შორ სივრცეში გამოსახულ სილუეტურ, ბნელ პეიზაჟს. ენით აღუწერელი კაეშნით არის აღსავსე დათვის ფიგურა, მაგრამ მის მარტოსულ გადაკარგულობას სტიქიური, ველური არსებობის სისუფთავეც გააჩნია. დათვის ფეხები და თათები გეომეტრიზირებული სიმყარის მიუხედავად უმწეობის განცდას იწვევენ. კბილგამოჩრილი, დაღებული პირი კი თავისებური სიმწარის და გაავების ინტონაციას აძლევს დათვის ველურ თვალებს. მყუდრო მთვარიან ღამეს დათვი ველური დაძაბულობით მსჭვალავს. «დათვი მთვარიან ღამეში» ფიროსმანის ერთერთი საუკეთესო ნამუშევარია. მასში გამოხატული მხატვრული განცდა ზედმიწევნით სავსედ ახასიათებს ფიროსმანის სამყაროსთან დამოკიდებულებას. მასში განხორციელებულია ბუნების და ცხოველების სტიქიური ყოფის განსახორციელებლად წმინდა ხედვა. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” მთვარიან ღამის სიმყუდროვეს დათვის თათების ხმა არღვევს. ხეზე ასული დათუნია ერთ ადგილზე ვერ ისვენებს. ისმის ტოტების ჭრიალი, სადღაც ტოტი ჩამოტყდება კიდეც. ______________________________________________________ თეთრი დედა დათვი და ბელები, 1917 წ. ორი ბელი დგას დედის წინ, ის თითქოს და გაბრაზებული ტუქსავს ონავარ შვილებს, რომლებიც გაოგნებულები უსმენენ მის შეგონებას. _____________________________________________________ შველი პეიზაჟის ფონზე, 1913 წ. წყლიანი თვალებით საწყლად შემოგცქერის შველი, პატარა, აგრეხილი რქები ალესილი მახვილივით შეუმართავს. გარინდებულ ბუნებაში ყურები დაუცქვიტავს, მტერი არ მომეპაროსო. შორს კი თოვლიანი მთები მოჩანს.********ზოგ ხელოვნებათმცოდნეს ამ ნახატმა თიხის ნაკეთობა მოაგონა. იგი მართლაც ეხმიანება ქართულ ხალხურ კერამიკას (კერძოდ, კახურს), ფიგურებიანი სასმისებით, რომლებიც ხშირად შველსაც გამოხატავს. მაგრამ ფიროსმანის სურათში იგი არა მარტო გაცოცხლებულია, არამედ დაძაბულიც, თითქოს ერთიანად თრთის რაღაც საშიშროების მოლოდინში. ესეც თავისებური ჯადოქრობაა.ვახტანგ ბერიძე “ნიკო ფიროსმანი _______________________________________________________________________________________________________________________________________ შველი წყალზე, 1915 წ. შველი სვამს წყალს, თუმცა მასაც არ აკლია სიფრთხილე და დაძაბული ამახვილებს სმენას მტერი რომ არსაიდან მიეპაროს. ,,გაოცებული იყო მხატვარი, გაოცებული ჩანდა ირემი, და მწვანე ბალახს მოარღვევდა ვიღაც მესამე. ფეთქავდა მთვარე, მხატვარის ყველა ტკივილის მოწმე და სავსე სხეულს იგრილებდა მდინარის წყალში”. გენო კალანდია _______________________________________________________ ირემი თითქოს და სურათიდან გადმოდის რქებაზიდული, წყლიანთვლებიანი, ჩლიქმაგარი ირემი. ფიროსმანის ტილოთი გრძნობ მის სოველ ტუჩებს, ის თითქოს სადაცაა დაიფრუტუნებს და გულისწორს მოიხმობს. ____________________________________________________ ირმების ოჯახი, 1917 წ. კლდიდან ჩანჩქერი მოჩხრიალებს. დედა ირემი ანკარა წყალს დაწაფებია, ნუკრი რაღაცას შესცქერის. ხარირემი რქებგაშლილი ამაყად დამდგარა მათ წინ და დედა_შვილის ცქერით ტკბება. ნაღვლიანი თვალებით ალბათ უმწეოთა ბედზე ფიქრობს. _______________________________________________________ ჟირაფი ტრაგიკოსი არისტროკრატივით დგას ჟირაფი, საოცარი წყლიანი თვალებით და შავი წინწკლებით. მისი მწარე გამოხედვა სულის შემძვრელია. ამ ნახატის შესახებ ბევრი რამეა დაწერილი ფიროსმანისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში. ჟირაფზე ისე ლაპარაკობენ, როგორც პიროვნებაზე. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში ჟირაფი არ ცხოვრობს, მაგრამ ფიროსმანის ჟირაფი წმინდა ქართულ არსებად აღიქმება. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ გამსჭვალულია ქართული შეგრძნებით ფიროსმანის მხატვრული ენა.დამახასიათებელია შთაბეჭდილება, რომელიც “ჟირაფმა” მოახდინა პირველ კრიტიკოსებზე: “თუ მართალია ვაინიგერი – წერდა ერთი მათგანი (გარი გოლანდი) 1916 წელს – რომ ყოველი ცხოველი თავის თავში ატარებს სამყაროს რომელსამე მეტაფიზიკურ განსაზღვრას, მაშინ ფიროსმანაშვილის ჟირაფში ასეთ განსაზღვრას უეჭველად აღმოვაჩენთ: ჟირაფის თვალები გადმოცემულია ისეთი მეტყველი ძალით, რომ გავიწყდება, რომ ეს მხოლოდ ცხოველია და თქვენ გიპყრობთ თითქოს მისტიკური შიში”?. მეორე ავტორი, ა. პეტრაკოვსკი (ესეც 1916 წელი) აღნიშნავდა, პირველად რომ დავინახე “ჟირაფი”, ერთბაშად შემიპყრო უცნაურმა შეშფოთებამ, თუ გნებავთ – ძრწოლამაც… ეს რაღაც მაგიაა, ჯადოქრობაა…” ____________________________________________________________________________________________________________________________________________ 1915, ლომი და მზე მეფურად დააბიჯებს შავ მუშამბაზე მოღრიალე ლომი. ”ლომი და მზე” – რა დიდებული შედარებაა. ერთი ცხოველთა გამგებელია, მეორე კი მთელ სამყაროსი. ძლიერთა ეს ორი ფენომენი ერთმანეთს ავსებს, ლომის ღრიალი და ტორების ხმა მიწას აზანზარებს, მზის ძლიერი სხივები კი სამყაროს სითბოს უგზავნის და, თუ არ მოერიდე, შეიძლება ისე დაგწვას, რომ დაგანაცროს. ლომს წინა თათი აწეული აქვს და თათში ხმალი აქვს ჩაბღუჭული, საომრად ემზადება. ”მეომარი ლომი” თითქოს და წინამძღვარი ყოფილიყოს. მისი შემართული თავი, მკაცრი სახე კი მტერზე განრისხებულ მეომარს ჰგავს. ________________________________________________________ მჯდომარე ყვითელი ლომი ტყის პირას ჩამომჯდარა სამყაროს მბრძანებელი. ის შედარებით მშვიდი ჩანს, არ ბრდღვინავს, არ ღრიალებს, მხოლოდ მეფურად ზის, უკან გადაყრილი ფაფრით და რაღაცას ელის. _______________________________________________________ შავი ლომი «შავ ლომს» ტანზე თვალები არა აქვს, მაგრამ მაინც აპოკალიფსური მხეცივით გამოიყურება. მზეში გამომწვარი დაუოკებელი ტემპერამენტი იმალება მის რკინასავით მაგარ სხეულში. გახურებულ უდაბნოში მიმავალი ადამიანი მზის ძალას რომ შავი მხეცივით დალანდავს, ასეთია შავი ლომი. იგი ისეთივე ტექნიკით არის შესრულებული, როგორც მეტეორივით მკვრივი «გარეული ტახი». შავ მუშამბაზე მჭირვალე თეთრი ტონებით გამოკვეთილი ფიგურის გეომეტრიზირებული ფორმები, მრუმე ლურჯი და სტატიკურია. მოწითალო მიწა სქელი შავი ბინდით არის გამოყოფილი ცისგან. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” ______________________________________________________ არწივმა კურდღელი დაიჭირა, 1914 წ. ფრთებდაუხრელი ამაყად იმზირება ფრინველთა მეფე. მსხვერპლად მოუგდია კლანჭებში კურდღელი. კლდეზე წაუღია და იქიდან გადაჰყურებს მიდამოს.ლ. გუდიაშვილი გადმოგვცემს ფიროსმანის სიტყვებს: “… ცხოვრებაში ყველაფერს ორო მხარე აქვს: კეთილი და ბოროტი მხარე. აი, თეთრი ძროხა არის სინაზის, სიმშვიდის, სიყვარულის სიმბოლო… შავი ხარი – ჩხუბობს, ღრიალებს – ომია. არწივი დიდია და დაუნდობელი, პატარა, სუსტსა და უბადრუკ კურდღელს ძიძგნის. არწივი ეს მეფის არწივია, კურდღელი კი … ეს მე და თქვენ ვართ”. __________________________________________________________ ნადირობა შავი ზღვის ნაპირას, 1912 წ. ამ სურათზე არაფერი არ შეეფერება სინამდვილეს, ყველაფერი ნებისმიერი და ფანტასტიკურია – ეს შეიძლება აიხსნას ან შემკვეთის (ღვინის ვაჭრის სათათიშვილის – ეს საგანგებოდ არის აღნიშნული წარწერაში), ან თვითბ მხატვრის ახირებით: სურათში ნაჩვენებია უღრანი ტყე, რომლის ფონზე გამართულია ირმებზე ნადირობა; კლდე და ზედ ამაყად წამომართული ჯიხვი; კიდევ ტყე და მის შიგნით, როგორც წარწერა განგვიმართავს, დათვზე ნადირობა. ძნელი გასაგებია, ვის და რატომ მოეპრიანა დაეკავშირებინა შავ ზღვასთან ირმები, ჯიხვი, დათვები, რომლებიც იქ არ გვხვდება; მაგრამ სურათი, როგორც ჩანს, მნახველთა ინტერესს აღძრავდა თავისი უჩვეულობით, ყოველდღიური პროზისაგან დაშორებით, თავისებური რომანტიკულობით. _____________________________________________________ ყაჩაღმა ცხენი მოიპარა (ცხენის ქურდი) ნახატში «ყაჩაღმა ცხენი მოიპარა» შიშველი მიწა, კლდე, შორი მთები და მთვარის შუქი თავისუფალი, ფართე მონასმებით არის გაკეთებული. მონასმებით შექმნილი დინამიური შუქი სუფთა და გრილი ჰაერივით აღიქმება. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” ______________________________________________________ ვირის ხიდი სურათი «ვირის ხიდი» სავსეა ბუნებით. მართალია, იგი უფრო ჟანრული კომპოზიციაა, ვიდრე პეიზაჟი, მაგრამ ბუნება იმდენად ჭარბად და მნიშვნელოვნად არის მასში გამოსახული, რომ ჟანრული პეიზაჟადაც შეიძლება ჩაითვალოს. ეს ნახატი ერთერთი ბრწყინვალე ჟანრული პეიზაჟია ფიროსმანის ნახატებს შორის. ფიროსმანი ფორმებს, ზომებს და პლანებს ისე ანაწილებს სურათებში, რომ ბუნება გიგანტური სივრცეებით აღიქმება. ასეა «ვირის ხიდშიც». ბუნება დაძაბული და დრამატული შუქით არის ამეტყველებული ამ სურათში, მაგრამ მასში გამოხატული საქართველო საიმედოდ მკვრივიც არის და მყუდროც. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” _______________________________________________________ 1906, შამილი მცველით, ფიროსმანი ნახატში «შამილი» ბუნება ისევე ძირითადი კომპოზიციური ელემენტია, როგორც ადამიანთა ფიგურები. კავკასიური მკაცრი ბუნება ამ ნახატში თოვლიანი მთებისაგან და სალი კლდეებისაგან შედგება. კომპოზიციის წინა მხარეს გამოსახულ კლდოვან ზეგანზე ადამიანის ფიგურები დგანან. ამ წახნაგოვან კლდესა და შორ თეთრ მწვერვალებს შორის შუა ზეგანზე გამოსახულია კავკასიური მეჩეთებიანი დაბის მშვენიერი ხედი. ალბათ, ფიროსმანმა რკინიგზაზე მუშაობის პერიოდში ნახა მუსულმანური სოფლები და დაბები ჩრდილო კავკასიაში, ის იმ დროს ბევრს ხეტიალობდა მატარებლით. ამ ნახატში ფიროსმანმა შიშველი კლდეების ერთერთი ძლიერი პეიზაჟი შექმა. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” ______________________________________________________ მეთევზე კლდეებში, ფიროსმანი სურათში «მეთევზე კლდეებს შორის» ბუნება აქტიურად მონაწილეობს კომპოზიციურად. იგი შედგება წყლის ზედაპირისაგან, კლდეებისაგან და თეთრი ქედებისაგან. კლდის მაგარი შეუვალი წახნაგები კონტრასტში მოდიან მეთევზის წყალში ჩამდგარ ფიგურასთან და არბილებენ მისი პერანგის კაშკაშს და, საზოგადოდ, ადამიანურ სხეულებრივობას. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” ______________________________________________________ გვიმრაძეების ქეიფი, ფიროსმანი ორხატოვანი ცა თავისებური იდუმალი აზრით მსჭვალავს პეიზაჟსაც და მოქეიფეებსაც, ცის ორდროიანი ხატი დროის დინების, მუდამ ცვალებად რეალობაში არსებობის ინტონაციას წარმოშობს. ამ ინტონაციას აძლიერებს შორ ჰორიზონტში მიმავალი გზა. იგი შუეცნობელში წასვლის აქცენტს ქმნის ორბუნებოვან ცასთან დამოკიდებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ნახატში ქეიფია გამოსახული ცის ორხატოვნების და ბუნების მნიშვნელობის გამო, აგრეთვე ადამიანთა თავშეყრის მიზეზის გამო, კერძოდ, ურთიერთ კურთხევის და, საზოგადოდ, არსებობის დალოცვის გამო, სურათი ხატის ელფერს იძენს. მაგრამ რადგან თემა რელიგიური არ არის, იგი საერო, ეგზისტენციალური ხატივით აღიქმება. ასეთი ასპექტით ფიროსმანის ბევრი ნამუშევარი იკითხება ხატვით. რელიგიური თემის და სიუჟეტის გარეშე ყოფიერების ქრისტიანული აღქმა საერთოდ ახასიათებს ფიროსმანს. არსებობისადმი კეთილშობილური დამოკიდებულებით და ადამიანის ბუნებასთან ერთიანობით არის ინტერპრირებული ნახატი «ქეიფი გვიმრაძესთან». მოქეიფეების სახეები ღრმა შუქით არიან განათებული. მთაზე გახარებული ვენახი კი მიწის მადლივით მოჩანს. ვენახი მთლიანი ფორმასავით არის ფერწერულად მოდელირებული. ვენახის წინა პლანზე პესპექტივის კანონზომიერების საწინააღმდეგოდ ყურძნის დიდი მტევნებია გამოსახული. ეს დეკორატიული მეტაფორა მომხიბვლელ პრიმატს ქმნის სურათის საერთო კომპოზიციაში. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” ______________________________________________________ კახეთის მატარებელი იმ დროინდელი თანამედროვე ყოფაც შეჭრილა ფიროსმანის ტილოებში. რკინიგზის ლიანდაგი კახეთისაკენ მიმავალი მატარებელი, რომლიდანაც მოჩანს კახეთის ველის დოვლათის აღმნიშვნელი ტიკჭორები, ქვევრები და კასრები. თოვლიანი მთები და ღრუბლებში გახვეული მთვარე აცილებს მიმავალ მატარებელს. ______________________________________________________ ბათუმი თუმცა მხატვარი არასოდეს ყოფილა ბათუმში, მეტიც, არც დასავლეთ საქართველოში უხილავს და საერთოდ კახეთსა და თბილისს გარდა არსად მიწვდომია ხელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დაუხატავს ბათუმის სანახები, შავი ზღვა, აფრიანი ნავები, კლდეზე შეფენილი ქალაქი, ბათუმის რკინიგზა და მასზე მქროლავი მატარებელი. ************* ფიროსმანი არ ხატავს ბუნების ისეთ ხედებს, რომელშიც ადამიანის ყოფიერების მიმანიშნებელი საგნები, ან თვითონ ადამიანი არ იმყოფება. იგი ადამიანს და ბუნებას ცალ-ცალკე არ ხედავს. ჟანრულად გამართულ ლანდშაფტებშიც კი ჩართული ჰყავს ადამიანები. ასეთია, მაგალითად, მისი ცნობილი პეიზაჟი «ბათუმი». ამ ნახატში ქალაქის შორი ხედიც არის და ზღვაც, არის მთებიც, ხომალდებიც და ადამიანებიც. ყველა ამ თემატურ მოტივთა ფორმები ბრწყინვალედ არის განაწილებული სურათში, წინა პლანზე მატარებელი მოემართება, მარცხენა გვერდზე მთა დასდგომია შორ ქალაქს, მარჯვენა მხარეს ზღვაში ხომალდები მიმოდიან, მათზე მეზღვაურების პატარა ფიგურებია გამოსახული. ფიროსმანი ფერწერით აერთიანებს ამ განსხვავებული ხასიათის ფორმებს და სივრცეებს. მუქ მთასთან და მიწასთან გემების, დროშების, ქალაქის სახურავების და მატარებლის ვაგონების სახურავების ღია ღერების თანაფარდობა, აგრეთვე ზღვის თეთრად მოლივლივე ნაპირი დაძაბულ განწყობას ქმნის. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” ______________________________________________________ ფუნიკულიორი, ფიროსმანი მშვენიერია მამადავითის მთა ეკლესიით და ფუნიკულიორით სურათში «მამადავითის მთა». მთის ფერდობი ლივლივა, მფშვინავ მასას, თუ ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს დინამიური ფერწერული შესრულების წყალობით. ეს მთა თბილისის, თითქმის, ყველა კუთხიდან მოჩანს. ზედმიწევნით თბილისურია იგი შუა ფერდზე ეკლესიით და თავზე ფუნიკულიორით. ფიროსმანმა ისე გამოხატა მთის მასა თითქოს მის ფერდზე მიპყრობილი სხვადასხვა თბილისელის მზერის შეგრძნობინება სურდა ფერწერის მოყვარესათვის. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” ______________________________________________________ ექვსი სცენა, ფიროსმანი ასევე მშვენიერია ერთ დიდ ტილოზე დახატული «ექვსი პეიზაჟი». ბუნების ხვადასხვა ხედები აქ საქართველოს სავსე შეგრძნებას წარმოშობენ. ამ ხედებში ჩანს იროსმანის ბუნებაზე და საქართველოს ყოფიერებაზე ყურების აზრი – დიადი სიყვარული. ფიროსმანის საქართველოსაკენ გახედვის ყველა ინტონაციის სიტყვით ამოთქმა შეუძლებელია, მაგრამ, ცხადია, რომ უსაზღვროდ წმინდა ადამიანი თავის განუზომელ სიმარტოვეში შენატრის საქართველოს. მას არ შეაქვს შესწორება მიწიურ ყოფაში. იგი არ იჭერს ნაწყენის პოზიციას, არავის არ აბრალებს თავის სიმარტოვეს და უდიდესი ენერგიის მქონე სიყვარულით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ქართული არსებობისადმი. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” ______________________________________________________ სარქისა, ფიროსმანი სარქისა უმძლავრესი პიროვნულობით გამოირჩევა. დაბალი და თვითდაჯერებული, ზურგმაგარი ხოჭოსავით იყურება დაკლაკნილულვაშებიანი იერიდან. გროტესკულობამდე მისული ძლიერი ხასიათების გამო სარქისა, ერთის მხრივ, ღიმილის მომგვრელია და მეორეს მხრივ, დრამატული. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” ____________________________________________________ უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი ბავშვებით მხატვრის ყველაზე დიდი სიმდიდრედ ადამიანი მიაჩნდა. უადამიანოდ ოქროსა და ძვირფას ქვებს არაფერი ფასი აქვს. მის ტილოზე პირისპირ დგანან უშვილო მილიონერი ცოლ-ქმარი და შვილებით დახუნძლული ბედნიერი დედა. თითქოს და ეს ბედნიერებაც კი დანანებია მდიდარს ღარიბისათვის და ხელგაწვდილი რაღაცას მოითხოვს. დედას კი ჩვილი მკერდზე მიუკრავს, ორიც გვერდზე ამოუყენებია, სიყვარულით დასცქერის მათ და საერთოდ ვერც კი იგებს მდიდრის მოთხოვნას. ***** ქრისტიანული მეტაფორის დონეზე გამოიყურება კომპოზიცია «უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით». სათაური რომ არა, თვითონ სურათში სოციალური თემა ნაკლებად იგრძნობა. მდიდარი წყვილი სრულებით არ არის გაკრიტიკებული. პირიქით ქალი და კაცი მოწიწებით დგანან, თითქოს ნატანჯი შვილებიანი ქალის წინაშე. მდიდარ წყვილს და ღარიბ ქალს შორის განსხვავების სიუჟეტი ისევე არალიტერატურული და განუსაზღვრელია, როგორც ფონში გადაჭრილი ხეების მაღალი და დაბალი კუნძების ურთიერთობა. როგორც ქართული ანბანი და დაწერილი სიტყვა შეეფარდება აბსოლუტურად წარმოთქმულ ბგეროვან სიტყვას ისეთი სიცხადით არის აგებული კომპოზიცია. მსგავსი მოვლენა, ანუ, ფორმების თემასთან შესატყვისობის სიცხადე საერთოდ ახასიათებს ფიროსმანის ნახატებს. იგი ფიროსმანის ქართული შეგრძნების ერთერთი სახასიათო ელემენტია. «უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით» ფიროსმანის ერთერთი ძლიერი ნამუშევარია. მასში დიდი ოსტატობითაა მონასმებით გამსუბუქებული ჭარბი შავი ტონი. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” _______________________________________________________ ქალი კათხა ლუდით, ფიროსმანი ფორმათა სიძლიერე გამსუბუქებულია ნახევრადმოცულობიანი და უმოცულობო ფეროვანი საგნებით და ადამიანთა ფიგურებით. ცინცხალი მონასმები ფორმათა სიმკვრივეს დაფარულ, ქვეტექსტურ მდგომარეობას უქმნიან. ნახატში «ქალი ლუდის კათხით» ქალის წითელკაბიანი სხეული თითქოს ჩამოსხმულია იმდენად ერთიანია და იმდენად არამერყევად უჭირავს თავისი ადგილი მუქ სივრცეში. მაგრამ იგი მატერიალური არ არის, იგი მტკიცე ფორმაა და გამსუბუქებულია ნახევარმოცულობიანი მდგომარეობით და წითელის თავისუფალ მონასმებიანი ლივლივით. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” შავი ფონი არ ახდენს ნახატის ძირითადი შინაარსიდან მაყურებლის ყურადღების გაფანტვას. ქალი ბუნების წიაღშია მოქცეული თავისი ავლა-დიდებით: ლუდის ჭიქით, მაგიდით და ვენის სკამით. სკამი არ არის მკვეთრად გამოსახული, მაგრამ სინამდვილის განცდისათვის თეთრი კონტურითაა მონიშნული. ბუნების არსებობაც პირობითია: მცირე ბალახი მარცხნივ და მარჯვნივ. ქალის თმები – მისი ბალახია, ხოლო ბალახი – მიწის თმებია. ქალი საკმაოდ მსუქნად გამოიყურება, ორთაჭალის ტურფებს გვაგონებს. თვალები ფართოდაა გაღებული, ნესტოები გაფართოებული. ვარდისფერი სახის, დეკოლტირებული მკერდის და გაშიშვლებული ხელების ფონზე ტუჩები თითქოს ლუდითაა გამთბარი. _____________________________________________________ 1914-1915, მამალი და კრუხ-წიწილა
ტილოზე სოფლისათვის დამახასიათებელი სურათებია ასახული. აკრიახებულმა კრუხმა ეზო აიკლო, წიწილები შემოიკრიბა. მამალმა მისი არსებობა ქვეყანას ამცნო, მოხუცი ქალი სახლის ბინიდან იცქირებოდა რა მოხდაო.
საინტერესოა ამ სურათის ისტორია. პაპუნა წერეთლის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ მუყაოზე ნახატი კრუხი და წიწილები, ვიღაცას მოძულებია და გადაუგდია. მეეზოვე მას ნაგავთან ერთად ხვეტავდა. პაპუნა დაწვდა ნახატს, იცნო ფიროსმანის ხელწერა და გაოცებულმა იკითხა, თუ საიდან მოხვდა ნაგავში ნიკალას ნახატი. მეეზოვემ უდარდელად უპასუხა: “მუყაო აქ ეგდო და მეც მივახვეტე ნაგავსო”. სურათი დაზიანებული არ იყო. გახარებულმა პაპუნამ კიდევ ერთი ფიროსმანი გადაარჩინა.
_______________________________________________________
ქალი წველის ძროხას, 1916 წ.
მორჩილად დგას წაბლისფერი ძროხა, რომელსაც შუბლზე რქებს შორის თეთრი ზოლი გასჩენია. საგულდაგულოდ წველის ქალი ძროხას და ნაწველს ქოთანში აგროვებს. ვინ იცის, ფიქრებში წასული რა ნაღველს შეუპყრია.
________________________________________________________________________________________________________________________________________
თეთრი ძროხა შავ ფონზე
ლ. გუდიაშვილი გადმოგვცემს ფიროსმანის სიტყვებს: “… ცხოვრებაში ყველაფერს ორო მხარე აქვს: კეთილი და ბოროტი მხარე. აი, თეთრი ძროხა არის სინაზის, სიმშვიდის, სიყვარულის სიმბოლო… შავი ხარი – ჩხუბობს, ღრიალებს – ომია”.
dzalian kargi mxatvari iko
By: medo on 20/11/2011
at 15:58