ლექსები ფიროსმანზე

43

გალაკტიონ ტაბიძე

თეთრი პელიკანი

გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს.
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.

ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.

რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.

სული ტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები.

რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.

ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვართ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.

1919 წ.

თენგიზ მირზაშვილი:

“ცნობილია, რომ მაშინ მადათოვის კუნძულზე იდგა კოჭლაშვილის დუქანი, სახელად “თეთრი პელიკანი”. მისი კედლები ფიროსმანს მოუხატავს ფარშევანგებით. იქვე ყოფილა გამოსახული გემი და დიდი თევზი. ეს იყო კედლის მხატვრობა _ ასე არის აღწერილი ზდანევიჩის კატალოგში. მერე ის დუქანი დაინგრა და დაიშალა, და ფიროსმანის ფუნჯით კედლებზე მითოვილ-მოთოვილი ფარშევანგები მხოლოდ გალაკტიონის ლექსშიღა შემორჩა. გალაკტიონმა ბრწყინვალედ შეიგრძნო ფიროსმანაშვილის მხატვრობა”.
_____________________________________________________

1930-e18398e18390e1839ce18398-e183ace1839ae18394e18391e18398

ლადო ასათიანი

ფიროსმანის მეგობრებთან

ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,
ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!
თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი
დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.

აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი
(საქართველოს ცას აქეტრფოდა მისი ოცნება),
ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,
მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.

მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,
ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,
“ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები,
და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.

ვეტყვი, “როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,
ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი.
მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო,
და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!”

– “თვითრჯული” იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა,
სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მართო გათავდა,
ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა,
არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!

– შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი,
რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების,
უყვარდა მტკვარი, მტკვარზე ტივი, ტივზე ტიკები,
გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

– როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში.
ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო.
გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში:
სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო…

– არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი,
ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,
ეხ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,
უფასოდ გაქრა, უფასოდ, და ახლა დაფასდა!

– ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან!
(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!)
თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა,
არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!

ყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,
ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ…
დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი, –
ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!

მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,
ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,
მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას
და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!

***************

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

**************************************

ფიროსმანის დუქანი

მე მიყვარს შენი გრილი დუქანი,
შენი სიფათი და მარიფათი,
თვალები, ცეცხლით განაშუქარი,
და წელზე ვერცხლის ქამარი ფართე.

შუა ბაზარში დუქანი გქონდა,
ბევრი რამ გქონდა ღვთის მოცემული:
ჭრელი კალმახი — არაგვის მკვიდრი,
ბოლოკი, წითლად ალმოდებული,

ქორფა მწვანილი და შუშა კიტრი,
პატარძალმა რომ დაკრიფა დილით,
ყარაჩოღელის ცრემლით რომ ტირის…
შუა ბაზარში დუქანი გქონდა,

ბევრი რამ გქონდა ღვთის ბოძებული:
დილაადრიან გადასაკრავი,
ატამი, წითლად ალმოდებული,
ხუჭუჭთმიანი პატარა კრავი
და კახურ ღვინით სავსე ტიკჭორა,
გასიებული, ვით ქვეყნის ჭორი…

შუა ბაზარში დუქანი გქონდა,
ელეთ-მელეთის ქარი რომ ქროდა,

მაგრამ ილაღე, იბედოვლათე,
„გადაგიბრუნდა ჭკვა და გონება“,
გაანიავე მთელი დოვლათი,
ქარს გაატანე მთელი ქონება…

ვერ გამოდექი და ვერ ივაჭრე,
საქვეყნოდ ჭამე კაცმა სირცხვილი
გაკოტრდი, როგორც ნოე ჩხიკვაძე,
დადექი, როგორც ნოეს წისქვილი.

არ მომანათო მაგ საღადარე
თვალები, ცეცხლით განაშუქარი,
არ შემეკითხო, რად შევადარე
ნოეს ხუხულას შენი დუქანი!

ამწვანებულა ძველი ხეხილი,
გაცოცხლებულან ძველი ბიჭები,
ხელგაშლილი და გულგაღეღილი
დგახარ და მუშტარს ეპატიჟები…

ეს რამდენი რამ დაგიხატია,
გამდიდრებულხარ ფერის დოვლათით,
ახლა ყველასთვის ცხადზე ცხადია:
არც ვაჭარი ხარ, არც ბედოვლათი!

მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო,
სხვა მეგობარი ქვეყნად ნუ გინდა,
მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო,
და ხარბად მიმაქვს შენი დუქნიდან
შუშა კიტრი და ქორფა მწვანილი,
პატარძლის ხელით გამოყვანილი…

1940
******************

ა.ვ.

მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საიათნავას,
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!

მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,
ნიკო ფიროსმანს და საიათნავას!

მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს,
კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს,
და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს,
შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს!

მე ვეტრფი ძლიერ ლამაზის თვალებს,
ლამაზი არის თბილისში ყველა
და სიყვარულით უგონოდ მთვრალი
და შველა უნდათ ლამაზებს, შველა!

მე ვეტრფი ძლიერ რუსთველის სახელს,
ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს,
ყველა ღვინის მსმელს და ყველა კახელს,
ამ ჩემს პატარა ძველთაძველ მამულს,
ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს,
ტფილისის ცას და ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საიათნავას!

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი!

მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას,
გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,
ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას!

მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა,
ვისაც სახელი შორს გაუვარდა,
ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა,
მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!

მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,
გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო!
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!

მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ,
საიდან მოველ, ან საით წავალ, –
და ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საიათნავას!

1940

______________________________________________

citeli_mixaki

ტიციან ტაბიძე

იმათი იყოს ეს სადღეგრძელო

ნიკო ფიროსმანი

რომ დავჯდებოდეთ დღეს პურის ჭამად,
მოვიგონებდეთ, ძმებო, ფიროსმანს.
მისი გული გვაქვს ჩვენ ღვინის ჯამად
და აქამდისინ ქართულ მირონს გვბანს.

გვიკურთხებს სუფრას აღდგომის კრავი,
მისი რუმბები და ნატურ-მორტი.
არ დაილევა კრავის საკლავი
და ასაბიით სუფრა მოირთო.

გაიარს კიდევ ათიოდ წელი
და ჩვენ ცხოვრებას უფრო მიქელავს.
ჩვენიც იქნება შესანდობელი,
შეგვაბრალებენ საწყალ ნიკალას.

და ატირდება წყვილი სანთლებით
სამიკიტნოში სუფრა პატარა.
განვლო მან ცეცხლის კორიანტელი,
ბედმა უბედოდ ბევრი ატარა.

იყო საწყალი ერთი ოსტატი –
ასეთ ოსტატებს ზრდის საქართველო,
იკურთხოს მადლით მარჯვენა მათი,
იმათი იყოს ეს სადღეგრძელო.

1927
_________________________________________________

გ. პეტრიაშვილი

,,ნიკო ფიროსმანს”

ალბათ ერთ დილით
შუა ქუჩაში
გაატარებენ საცოდავ ჟირაფს,
გაიღება უცებ ფანჯრები,
აივნებზე ვიღაცეები გადმოდგებიან
და ზარმაც მზერას გააყოლებენ
მოფუსფუსე, მყვირალა თავებს შორის
აწვდილ კისერს
და ნაღვლიან თვალებს, ცრემლიანს,
მერე ზმორებით დაამთქნარებენ,
მიაშურებენ ისევ თბილ ლოგინს,
ხოლო ზოგ-ზოგი,
უფრო მკვირცხლი და ცნობისმოყვარე,
პირდაუბანლად,
ნაუცბადები ბუტერბროდის ღეჭვა-ღეჭვით
იმ უცნაურ პროცესიას გაეკიდება,
რომ გულდაგულ უყუროს სეირს…..
დიდ მოედანზე წამოაქცევენ,
მუხლებით მკერდზე დაადგებიან,
ჩაბღუჯავენ ტლანქი ხელებით
და ღრიანცელში,
და უწმაწურ შეძახილებში
გაუკეთებენ ლამაზი კისრის
ამპუტაციას,
თავს მიაბამენ ხელახლა მხრებზე
და გაუშვებენ მახინჯ ბედაურს…….
და იშლება ბრბო კმაყოფილი..
კისერს წაიღებს სპეციალისტი
და გააკეთებს საჩქაროდ ფიტულს.
მერე იმ ფიტულს
რიგრიგობით
ამოიდებენ იღლიაში პროფესორები,
შეიტანენ დიდ დარბაზებში
და ლექციებს წაიკითხავენ
გრძელი ყელ-კისრის მავნეობაზე:
რომ მაღლიდან სულ სხვაგვარად
ჩანს ყველაფერი
და ადვილია შეცდომები დაუშვა ხშირად;
რომ შეიძლება შემთხვევით
ფარანს მიარტყა თავი,
რომ ეს ვითომდა კოხტა ხალები
ნიშანია რაღაც საშიში
ავადმყოფობის
ჯერ რომ უჩნდებათ გრძელკისრიანებს
და მერე სხვებსაც გადაედებათ
და რომ ცუდია, სხვებს არ ჰგავდე
ბოლოსდაბოლოს..

ხოლო ჟირაფი,
სასაცილო, ჩუმი არსება
ვიღაც მუდრეგის ოთხთვალაში
მარტოდ შებმული
თავჩაქინდრული ივლის ქალაქში

___________________________________________________

ლია სტურუა

ავტოპორტრეტი ფიროსმანის ფონზე

აი, იმას კი შეეძლო დროის გაჩერება!
იცოდა, რამდენი სისხლი ყოფნის
კვერცხის შეღებვას
(ენდრო ძვირი იყო),
რამდენი თითისტარი ბამბა _
ბატკნის სითეთრეს…
ეს რომ სიტყვით ეთქვა,
ბატკანს დაკვლა დაემუქრებოდა,
სისხლის და ქათქათის შეხამება კი
ლექსში არაფერს იძლევა,
მხოლოდ, შიშს როგორ გამოხატავ?
ფრანგების წერტილოვანი ტექნიკით,
შეიძლება, ცახცახი გადმოსცე,
მაგრამ აღდგომა,
მოყვასის სიყვარული უზმოზე?
რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება,
სისხლი მაინც დაიღვრება,
ქვეტექსტში თუ არა,
წიგნის ბოლო გვერდზე,
ნახატის ჩარჩოს, შენს ზურგს უკან
მისგან ერთ ბოძსაც ვერ შეადედებ,
და ვინა ხარ,
სვეტებიანი პართენონი ინატრო?
კედელიც გეყოფა, მეტრი და სამოცდაორი სმ,
სიგანეში _ სულაც არაფერი,’
ამოჯიჯგნი ფრჩხილებით ადგილს,
თავთან ფიროსმანს ჩამოიკიდებ
და დროს გააჩერებ…

___________________________________________________

ს. ჩიქოვანი

სხვისი კიბე შენი ბინის ჭერია.
ფერს იძენდა უფერული წლები,
ბუთხუზა ბავშვს ბუსტი ეპყრა ჭრელი,
ფეტვს კენკავდნენ სულში წიწილები.

აწრიალდა კაფანდრა ტანი,
ბნელ სარდაფში ჩაიწვიე მთები,
ჩურჩულებენ: მოდის ფიროსმანი!
და მეზურნეს უსკდებოდა ყბები.
ზვინი თივის და სრიალი ტივის
შენიშნე და შეეჯახე უფალს.
ქართულ სუფრის ამგვანებდი თბილისს
და შენც ჰგავდი ამწვანებულ სუფრას.
თვალს კვებავდა ეს უფულო ხვავი,
არტალის თუ ცხვირის ნახარში ხვლიპე,
აგეკიდა საღებავი
და დაგენგრა თავზე სხივის კიბე.
ვინ დაადო შენს ნაფიქრალს ნიხრი
კიტრის ფასი, კერძის ფასი, მცირე?!
შენ ცხოვრებამ ჩაგაყოლა წიხლი
და სარდაფში თითქოს ჩაიძირე.

,,ფიროსმანის ღამეები’’

და გიხილე, ღამეს ხევდი ფუნჯითა
ვარდებს თესდი მარგარიტას სახლში
მთის მიხვეულ და მოგრეხილ ქუჩით
შინ მიქონდა მუშამბა და ხასი
მეეზოვე კარს რაზავდა კეტით,
რად ეტრფიო ,,ორთაჭალის ტურფას.”
მთელი ღამე შენ დაჰქროდი ეტლით
ან ხატავდა საქართველოს სუფრას.

ჩაუვლიდა მოხატულ აივნებს,
თან ფიქრობდა, მარგარიტას სძინავს;
უყვარდა და ყიდულობდა ყვავილებს
და ავსებდა ყვევილებით ბინას.
არ ლოთობდა მედუდუკის ჯინაზე,
არ უნდოდა ღვინის სმა და სუფრა.
მარგარიტას ფერმიხდილი სინაზე.
თეთრ ტილოზე ორჯერ გადიქუფრა.
ამ უბანში დადიოდი კენტად
კაფანდარა, მოქეიფე, არიფი
მარგარიტამ როგორ გაგიმეტა
და ქუჩებში გაწანწალა ღარიბი.
ეგებ ცდები და წაღვერში გალობს,
მიუმატა უცხო სუფრას მარილი
ამ უეცრად სადმე სამკურნალოდ
წაიყვანეს ავადმყოფი ყვავილი.’

__________________________________________________
ოთარ შალამბერიძე

ისე დასტოვე შენი მირზაანი
ვერ დაეწივნენ შენს ჩრდილს ტოლები
სხვა გზა გელოდა და სხვა მიზანი
სხვა ფიქრით იყო ანათრთოლები!
თბილისში დახვდა დილის საარი.
კახეთში დაგრჩა ყრმობის სიმღერა.

დუქნებში და სარდაფებში’
შენ საქართველო ლაჟვარდი ხატე
სად ჰქროდი და სად დაეშვი,
ვით ალალ ბედზე ნასროლი ბადე.

_______________________________________________

ჯგუფი “ზღვარი”

ფიროსმანი

შეეხე თითებით მთვარეს,
რათა მისი შუქი შეიტანო
მარტოსულ ოთახში.
წამწამებით დაჩრდილული
შენი სევდისფერი თვალები
ეძებდა გულებს მზეების ოკეანეში.
ეს იყო ადრე.
და როცა ვუყურებ ცას,
მე ვგრძნობ, რომ
ვერასოდეს შევიყვარებ სიყვარულს ისე,
როგორც შენ გიყვარდა.
შენ ხარ ფიროსმანი-
ამით ყველაფერია ნათქვამი.

ნისლის პირბადე ქარმა გადააცალა მთებს,
შენ უყურებ პატარა ღრუბლებს
და ნაღვლობ.
რატომ მოიწყინე
მილიონი ვარდის რაინდო
ახლა ხომ აღარავინ გაწუხებს,
დიდი უკვდავების გზაჯვარედინზე.
ირემი გიყურებს
ლამაზი ქალის თვალებით,
და ეს არის შენი ფანტაზია.

იწყება სამყაროს შექმნა:
ფუნჯი გამოსახავს მოქეიფეებს,
მეთევზეს, მეეზოვეს,
მდიდრებს და ღარიბებს,
არსენალის მთას ღამით…
ფუნჯი ხატავს ყველაფერს,
და მე მიკვირს
რომ ყველაფრისადმი იგრძნობა
უდიდესი სიყვარული,
მხოლოდ და მხოლოდ
შენი თბილი თვალებით შექმნილი,
მხოლოდ შენგან დანახული, განცდილი!..

ვარსკვლავები ქსოვენ ათასწლოვან ფიქრებს.
სიმღერები, რომელნიც იბადება ცაში,
მაგონებს შენს ნახატებს.
მელნისფერ ღამეში ჩნდება მზეები,
როგორც იასამნის
თეთრი და მოლურჯო ყვავილები.
შენ დაამტკიცე, რომ
სიყვარული არის საზღვრებზე და პირობებზე უფრო მაღლა,
როგორც ეს მზის ქმნილებანი.

ათასწლეულები ვერ ახსნის შენს საიდუმლოს.
ათასწლეულებს გადასწვდება
შენი გულის ძგერა,
როგორც საათის წიკწიკი,
ხოლო ვინც იცხოვრებს ამ დროით,
იგი იცოცხლებს ათასი სიცოცხლით!..
მთავრდება ლექსი, როგორც განცდა
სიტყვები წყდება,
ხოლო სათქმელი მაინც
რჩება უთქმელად,
მაგრამ არაუშავს,-
მე ვფიქრობ, რომ
შენ ხარ უკვდავება,
შენ ხარ ფიროსმანი
და ამით
ყველაფერია ნათქვამი!..

_____________________________________

Р.Паулс – А.Вознесенский –
Миллион алых роз

Жил был художник один,
Домик имел и холсты,
Но он актрису любил,
Ту, что любила цветы.
Он тогда продал свой дом,
Продал картины и кров,
И на все деньги купил
Целое море цветов.

Миллион, миллион, миллион алых роз
Из окна, из окна, из окна видишь ты,
Кто влюблен, кто влюблен, кто влюблен и всерьез,
Свою жизнь для тебя превратит в цветы.

Утром ты встанешь у окна,
Может сошла ты с ума?
Как продолжение сна,
Площадь цветами полна.
Похолодеет душа,
Что за богач здесь чудит?
А под окном чуть дыша,
Бедный художник стоит.

Встреча была коротка,
В ночь ее поезд увез,
Но в её жизни была
Песня безумная роз.
Прожил художник один,
Много он бед перенес,
Но в его жизни была
Целая площадь цветов!

ქართულად თარგმანი გიული წერეთლის

“მილიონი, მილიონი, მილიონი წითელი ვარდი”

ღვთისანაბარა მხატვარს, აქტრისას ტრფიალი კლავს,
ბულვარულ სიმღესრის მსგავსს ვერა, ვერ აცილებს თვალს,
ელევა სახლსა და კარს, ყიდულობს მილიონ ვარდს,
ალისფერ აკოკრილ ვარდს, ურემით აახლებს ქალს.

მილიონ, მილიონ, მილიონ წითელ ვარდს,
ფანჯრიდან რომ ხედავ, გხიბლავს და გტაცებს თვალს,
გულს თუ მოგიძღვნიან, გაუძლებ დროს და დარდს,
ცხოვრებას ყვავილთა სამყაროდ გიქცევს ქალს.

დილის მზე გვირგვინს ქარგავს, მოაფენს ცვარსა და ნამს,
ზმანებადქცეულ ღამეს, ვარდისფერ ფუნჯით ხატავს,
ფერები აოცებს ქალს, თითქოს უნახავს სადღაც,
ვარდების ქუჩის ბოლოს ღარიბი მხატვარი დგას.

მისამღერი….

ხსოვნაში აღბეჭდილ წამს, ვერავის გაუმხელს დარდს,
ვერაფრით ივიწყებს ქალს, ვერავის ამსგავსებს სხვას,
ახლაც დგას გაჰყურებს გზას, სიცხადის სიმწვავე კლავს,
აქტრისას ტრფიალი წვავს, ვარდების ქუჩის მხატვარს.

_______________________________________

Павел Антокольский -НИКО ПИРОСМАНИШВИЛИ

В духане, меж блюд и хохочущих морд,
На черной клеенке, на скатерти мокрой
Художник белилами, суриком, охрой
Наметил огромный, как жизнь, натюрморт.

Духанщик ему кахетинским платил
За яркую вывеску. Старое сердце
Стучало от счастья, когда для кутил
Писал он пожар помидоров и перца.

Верблюды и кони, медведи и львы
Смотрели в глаза ему дико и кротко.
Козел улыбался в седую бородку
И прыгал на коврик зеленой травы.

Цыплята, как пули, нацелившись в мир,
Сияли прообразом райского детства.
От жизни художнику некуда деться!
Он прямо из рук эту прорву кормил.

В больших шароварах серьезный кинто,
Дитя в гофрированном платьице, девы
Лилейные и полногрудые! Где вы?
Кто дал вам бессмертие, выдумал кто?

Расселины, выставившись напоказ,
Сверкали бесстрашием рысей и кошек.
Как бешено залит луной, как роскошен,
Как жутко раскрашен старинный Кавказ!

И пенились винные роги. Вода
Плескалась в больших тонкогорлых кувшинах.
Рассвет наступил в голосах петушиных,
Во здравие утра сказал тамада.
_______________________________________________

Ярослав Смеляков – НИКО ПИРОСМАНИ

У меня башка в тумане,—
оторвавшись от чернил,
вашу книгу, Пиросмани,
в книготорге я купил.

И ничуть не по эстетству,
а как жизни идеал,
помесь мудрости и детства
на обложке увидал.

И меня пленили странно —
я певец других времен —
два грузина у духана,
кучер, дышло, фаэтон.

Ты, художник, черной сажей,
от которой сам темнел,
Петербурга вернисажи
богатырски одолел.

Та актерка Маргарита,
непутевая жена,
кистью щедрою открыта,
всенародно прощена.

И красавица другая,
полутомная на вид,
словно бы изнемогая,
на бочку своем лежит.

В черном лифе и рубашке,
столь прекрасная на взгляд,
а над ней порхают пташки,
розы в воздухе стоят.

С человечностью страданий
молча смотрят в этот день
раннеутренние лани
и подраненный олень.

Вы народны в каждом жесте
и сильнее всех иных.
Эти вывески на жести
стоят выставок больших.

У меня теперь сберкнижка —
я бы выдал вам заем.
Слишком поздно, поздно слишком
мы друг друга узнаем.
__________________________________

Булат Окуджава -Песенка о художнике Пиросмани

Что происходит с нами,
когда мы смотрим сны?
Художник Пиросмани
выходит из стены,

из рамок примитивных,
из всякой суеты
и продает картины
за порцию еды…

Responses

  1. მაგარი ლექსებია

  2. ნიკო ფიროსმანი ზუსტად ასეთ დიდებას იმსახურებდა მის სიცოცხლეშიც

  3. zusrtad aiaset leksebs imaxurebda niko firosmani tavis sicocxleshic

  4. magari adamiani iyo dzalian momwons yvela misi leqsic da motxrobac da kinoc seudarebeli naxatebi aqvs gansakutrebit is naxati mebaduri aucileblad naxet datqvenc darwmundebit amasi

  5. ამ სიმღერის ქართული ვერსია რაიმონდ პაულსის თანხმობით შეიქმნა 2006 წელს. ამ ლინკზე შეგიძლიათ მოუსმინოთ:

  6. მე გიული წერეთელი ვარ, ამერიკაში მყოფი ემიგრანტი და მინდა მოკრძალებით მოვახსენო “დესპანს”, “მილიონი, მილიონი, მილიონი წითელი ვარდი” , ვოზნესენსკის ლექსის ქართული თარგმანი ჩემია. იგი 2007 წლის წელს ვთარგმნე ვესფილდში( ნიუ ჯერსის შტატი). გამიხარდა აქ რომ ვნახე. გმადლობთ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: