Posted by: burusi | 14/02/2021

კახაბერ ჯაყელი “სიმონ მეფე” (თავი მეორე)

თავი 2 : იგნაციოს ბერის შემოსვლა

აღნიშნული თავი ეძღვნება

მამაჩემის, ჟურნალისტ

თენგიზ ნიკოლოზის-ძე

ჯაყელის ხსოვნას

(ისტორიული რომანი „სიმონ მეფე“ თავი მეორე)

                                                                   კახაბერ ჯაყელი                      

1534 წლის მშვენიერ გაზაფხულზე, უძველეს ქალაქ თობელისში, მტკვრის პირას, კლდეზე აღმართული სამეფო პალატების გასწვრივ მდებარე ხის სახლში,  დედოფლების სავარდო უბანში, გამოკვირტული ხილისა და ყვავილების ბაღში, დამკვირდებულმა ბერმა, თავისი დღიური გადაფურცლა. აქ ის წერდა ყოველივეს რამაც იგნაციოსის, ლოგიკაზე დაფუძნებული გონება, თუ  მისივე აზრით უკვე „გამომშრალი გული“, ცოტათი მაინც ააღელვა და მოისადგურა.

ქართული ენის სწავლა ბერმა ჯერ კიდევ სმირნის მონასტერში დაიწყო. დაუღალავად შრომობდა ამ უცხო ენის საიდუმლოების შესაცნობად. მალე გაიწაფა. ახალციხეში რომ მოვიდა, უკვე ქართულად საუბრობდა. თბილისს რომ მოაღწია სიამოვნებით ერთვებოდა საუბარში, მუდამ საბრძოლველად აღკაზმულ დიდებულებთან, რომლებიც ერთმანეთს ღიმილით გადახედავდნენ, იგნაციუსის მიერ მათ ენაზე წარმოთქმული წინადადების შემდეგ, მარჯვენა ხელის ცერა თითს ხმლის ვადაზე დაიდებდნენ და მობოდიშების შემდეგ ბერის საზოგადებას სწრაფად სტოვებდნენ.   

დედააზრი, რისთვისაც იგნაციუსი ქართლს მოვიდა, იყო უძველესი საფიქრალი დასავლეთ  და ასევე უმნიშვნელოვანესი საფრთხე აღმოსავლეთის ქრისტიანეთა.

„ძმათა დასავლეთიანთა აღარ მიიჩნევს ამგვარად ძმანი აღმოსავლეთიანთა, ბერო იგნაციუს, ამიტომაც შენ, როგორც დამარხულს ქრისტეს დიად სხეულში, მოგიწევს იმის გარკვევა, რაც ბევრმა არ იცის იქ და აქ, ანუ აქ და იქ“ – თქვა მისმა სულიერმა მამამ, იულიანე შარტრელმა და მის წინ დაჩოქილ იგნაციუს ბერს დააცქერდა. მანამდე კი შარტრელის ამ ფრაზას მრავალი რამ უძღვოდა წინ.

***

„იკითხო იბერიელ მეფეებთან ჩვენი მიმოწერა შენ შეგიძლია! ღიაა შენთვის ყველა წიგნთსაცავი ჩემო შვილი, მაგრამ წაჰხვიდე და იმოღვაწეო ქრისტეს მონათათვის, ტრაპეზუნტსა და ტიფლისში, ეს სიწმინდის ის ქუთუთოა, რომელიც განიმარტება, როგორც სულის შესასვლელი და სიბრძნის დამბადებელი. წადი მოიძიე იბერიელთა ფესვები, შეხვდი მათ მამა-მთავრებს, გაეცანი ბერძნებსაც და სომხებსაც. მაგრამ განსაკუთრებით მოგანდობ შენ იბერიელებს, რომლებსაც იგივე სისხლი უჩქეფთ ძარღვებში, როგორც თქვენ, ბასკებს. “-ამბობდა ეპისკოპოსი.

იგნაციოსმა თავი, მათ ფეხ-ქვეშ არსებული მარმარილოს ფილებამდე დახარა და კეფით ისმენდა სულიერი მამის ნაუბარს. გული მასაც ეწეოდა სადღაც შორეთს. ეხლა წმინდა მამა ასწავლიდა, მას თუ როგორ უნდა განეხორციელებინა, იგნაციოსს წმინდა ეკლესიის დავალებების სწორი და ზედმიწნევნით შესრულება სამხრეთ კავკასიაში.

  • ტრაპეზუნტი და ტფილისი, განსაკუთრებით ტოფელისი, თუბალისი, თუ თობელისი, ან სულაც თბილ-ისი – ეს ის ქალაქია სადაც ჩვენი წმინდა მამანი დიდხანს საქმიანობდნენ ქრისტეს სჯულის განსამტკიცებლად და მადლის მოსაპოვებლად შვილო იგნაციოს. აი მომისმინე კარგად!

მამა იულიანე შარტრელი, იხსენებდა იმ ფაქტებს რასაც იგნაციოს ბერი ნაწილობრივ იცნობდა და ნაკლებ აინტერესებდა. ან კი რა მნიშვნელობის მატარებელი იყო ეხლა მისთვის ის ამბავი რომ რომის პაპი წარსულში იბერიელებს შვილებად მიიჩნევდა და მათ ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობას სთხოვდა. მამა იულიუსი მიიჩნევდა რომ 1230 წლამდე რომისა და საქართველოს სამეფოს სარწმუნეობრივი ერთობა ჯერ კიდევ არ იყო დარღვეული და სწორედ ამიტომაც იყო, რომ პაპი ონორე III საქართველოს მეფეს სამოციქულო ინდულგენციებს სთავაზობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის საქართველოს საკუთარი უნიის წევრად სთვლიდა. მაგრამ ქართული ეკლესია დამოუკიდებელი იყო. ერთია როგორ შეჰხედავდი მას შარტრიდან თუ პარიზიდან, რომელ ფოლიანტს ამოიღებდი წარსულის ისტორიიდან.

ქართული ეკლესია სრულიად ავტოკეფალური გახლდათ. საქართველოს მეფე-ქალი, რუსუდანი, პაპს ჯერ კიდევ როდის (იგნაციოსის გამოთვლით დაახლოვებით 178 წლის წინ) სწერდა, რომ იგი თავის სარდალს – ივანეს, წმინდა საფლავის გასანთავისუფლებლად მიავლენდა და ჯვაროსნულ ომში მზარდ საფრთხეებს დაუპირისპირდებოდა.

ჯარის სარდალს თავადაც მოუწერია წერილი ჩვენი პაპისათვის, სადაც ეს ივანე იტყობინებოდა, რომ მან წმინდა ჯვარი მიიღო მეფისაგან და იგი მხნედ ემზადება იმისათვის რომ ორმოცი ათასი კაცით მივიდეს ერუსალიმს და იესო ქრისტეს საფლავი გამოიხსნას.

  • იბერიელმა გენერალმა ივანემ, ლოცვა კურთხევა გვთხოვა მაშინ და მისმა მემკვიდრემ შანშემ, ასევე კეთილი სურვილები მოიწერა წმინდა სულით. მთავარი იყო, პაპის მოწოდებას, „რომ წავიდნენ და იბრძოლონ თავიანთი ხარჯით“ (ავტორის შენიშვნა 1: რომის პაპის წერილები ამოღებულია არქივებიდან და ცნობილი სამეცნიერო – ისტორიული ნაშრომებიდან, რომლის ავტორები არიან, თამარაშვილი „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის “, თინა იველაშვილი „კათოლიკობა საქართველოში“ და სხვანი ), ქართველნი აღმაფრენით შეხვდნენ- ხმამაღლა ფიქრობდა იულიუს შარტრელი და დრომოჭმულ, გაყვითლებულ, აზრისაგან დაცლილ ფოლიანტებს ფურცლავდა.
  • ჰმ, დიდებულია – ჩაილაპარაკა ბერმა და სიმშვიდით ელოდა ეპისკოპოსის შემდეგ დარიგებასა თუ სწავლებას მის მიმართ.

მაგრამ რადგანაც ქართველნი ბერძენთა მსგავსად განცალკევებით არიან, მათ არ ახასიათებდათ იმგვარი რამ, რისთვისაც იულიანე ბერძნებს ზიზღს არ აკლებდა.

  • უნდა იცოდე შვილო იგნაციოს, რომ თუ ბერძნებმა წმინდა პაპების სახელები გამოსვლისთანავე ამოშალეს თავიანთი დიპტიხიდან, ქართველებმა 1210 წლამდე გააგრძელეს პაპების დასახელება ხუთი პატრიარქის ჩამოთვლისას, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი აღმოსავლეთის ოთხ პატრიარქს და მეხუთეს დასავლეთის პატრიარქს- წმინდა პეტრეს ტახტზე მჯდომ რომის პაპს, აღიარებდნენ, როგორც თავიანთ კეთილ მწყემსს.

იგნაციოსი კვლავ დაჩოქილი იყო და განაგრძობდა სუფთად მოპარსული კეფით სმენას. მისი აზრი ერთ მიზანს დაეპყრო, გაეგო რა სურდა მისგან იულიანეს და მის ზევით მჯდომ კარდინალს, რომლის ზევით უკვე თავად პაპი იდგა. „რა სურთ იბერიელებისაგან?“ – ფეთქავდა ბერის ტვინში აზრი, რომელიც იგნაციოსს სისხლს ჰმატებდა.

  • 1230 წელს წმინდა პაპმა გრიგოლ IX-მ დედოფალ რუსუდანს და მის შვილს, დავით ნარინს მოუწოდა ამგვარად: „საყვარელო შვილნო, საჭიროა ქრისტეს მონაცვლე და წმინდა პეტრეს მოსაყდრე, რომის პაპი სცნოთ თქვენ და ყველა თქვენთა ქვეშემრდომთა, როგორც მამა და ჩვენი სარწმუნოების მწყემსი. შეუვრდეთ მას და რომის ეკლესიას და სწუხდეთ, რომ აქამდე დაგაგვიანდათ. დაემორჩილეთ მას ყველაფერში რაც კი შეეხება თქვენი სულის ცხონებას. ამის მეტს თქვენგან არაფერს ვითხოვთ“(ავტორის შენიშვნა 2: რომის პაპის წერილები ამოღებულია არქივებიდან და ცნობილი სამეცნიერო – ისტორიული ნაშრომებიდან, რომლის ავტორები არიან, თამარაშვილი „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის “, თინა იველაშვილი „კათოლიკობა საქართველოში“ და სხვანი), აი ეს არის წერილის ერთი პირი რომელიც გუშინ მომიტანა ჩემმა ნუნციომ, შარტრის დიდი წიგნთსაცავის არქივიდან სადაც შენც მოგიწევს წყაროებზე მუშაობა ღირსო იგნაციოს.

„თუ სთხოვდნენ შემოერთებას, ეს მხოლოდ იმას მაუწყებს, რომ იბერიელნი განცალკევებით ყოფილან მაშინაც“ – გაუელვა ტვინის ერთ-ერთ, მაკვარანცხ უჯრაში ბერს, მაგრამ მან მყისიერად დაიუნჯა ეს აზრი და გააგრძელა კეფით სმენა. „ეშმაკი არ მასვენებსო“-გაიფიქრა თავის თავზე და გაუხედნავი აზრების გამოდევნა იწყო მოუსვენარი გონებიდან.

  • სწორედ ამ პერიოდს, ანუ 1240 წელს უკავშირდება თბილისში, თობელისში, ან თუბალისში პირველი კათოლიკური ტაძრის მშენებლობა ჩემო იგნაციოს – დაუტკბა ხორხისმიერი თანმხმოვანები იულიანე შარტრელს, რომელიც აგრძელებდა ძველი წერილის კითხვას: აი მაშინ, დაახლოვებით 293 წლის წინ წმინდა პაპი გახარებული აღნიშნავს – „საყვარელნო შვილნო დიდად ნასიამოვნები და გახარებული ვართ, რომ თქვენი მადლით ღმერთის სიტყვა გიღიარებიათ და თქვენს სამფლობელოში, როგორც თქვენ იწერებით, ეკლესიის დაბადების დღიდან სარწმუნოება მტკიცედ და შეურყევლად შემოგინახავთ !“ (ავტორის შენიშვნა 3: რომის პაპის წერილები ამოღებულია არქივებიდან და ცნობილი სამეცნიერო – ისტორიული ნაშრომებიდან, რომლის ავტორები არიან, თამარაშვილი „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის “, თინა იველაშვილი „კათოლიკობა საქართველოში“ და სხვანი ),, მაგრამ აქაც უნდა ვთქვათ იგნაციოს ერთი რამ, იმ დროს იბერიელთა ქვეყანს ურჯულო მონღოლები შემოსევიან. აი წერილის ბოლოს არის რამოდენიმე საჭოჭმანო აზრი, რომელიც მე იმაზე მიმითითებს რომ ჩვენი რწმენა შუაზე გაუჭრიათ მტრებს და გაუჩეხიათ.

იულიანე შარტრელმა ეხლა უკვე სხვა წერილი ამოიღო აბგიდან, გაშალა და იგნაციოს ბერის მიმართულებით თქვა:

  • 1289 წელს პაპი ნიკოლოზ IV, იბერიელთა მეფეს დემეტრეს სწერს: „ გულმხურვალეთ განაგრძეთ ეკლესიის ერთობა, რადგან კათოლიკური სარწმუნოება, რომელსაც აღიარებს და ასწავლის რომის ეკლესია ამზადებს ზეცის გზას და უღებს ცხოვრების კარსა მორწმუნეთა“(ავტორის შენიშვნა 4: რომის პაპის წერილები ამოღებულია არქივებიდან და ცნობილი სამეცნიერო – ისტორიული ნაშრომებიდან, რომლის ავტორები არიან, თამარაშვილი „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის “, თინა იველაშვილი „კათოლიკობა საქართველოში“ და სხვანი ),, უნდა ითქვას იგნაციოს რომ ეს მეფე მოწამეობრივი სიკვდილით  დაიღუპა. მისმა შვილმა გიორგი ბრწყინვალემ  მონღოლები ქვეყნიდან განაგდო და 1321 წელს ეს წერილი მიიღო პაპი იოანე XVII საგან. აი ამონარიდს მოგახსენებთ:
  • „უწყოდეთ რომ სრულიად არ ვეძებთ თქვენს ქონებას, არამედ აზრად გვაქვს მხოლოდ თქვენი სულის ცხონება, გულმოდგინეთ მოუსმინეთ შემოერთების საქმეში ჩვენს მიერ თქვენთან წარმოგზავნილ პირებს. შემოუერთდით წმინდა რომის ეკლესიას. მაშინ შეიქმნებით უპირველესი ერი ყველა ტომთა შორის“ (ავტორის შენიშვნა 5).

ამ დროს ეს ხალხი სრულიად განცალკევებული ყოფილა. ეტყობა კარგი მაგრებიც არიან, რადგანაც პაპის  ტონი საკმაოდ რბილდება შემდგომ წერილში – ამოიხრა იულიანე შარტრელმა.

  • 1329 წელს იბერიელთა მეფე გიორგი ბრწყინვალე საკმაოდ გაძ₾იერდა. ამიტომაც ნახე იგნაციოს როგორ შეიცვალა პაპის წერილი –  „თქვენს დიდებულებას გულმოდგინებით ვაუწყებთ, შევაგულიანებთ და გევედრებით უფლის იესო ქრისტეს სახელით და მისი დათხეული სისხლის პატივისათვის, რაიცა თქვენს ღირსებას დიდებასა და სახელს მეტად აღამაღლებს. მაშინ ეცადეთ და თქვენის ერითურთ შემოუერთდით წმინდა რომის ეკლესიას სამარადისოდ და დაურღვევლობის ერთობით“  (ავტორის შენიშვნა 6).
  • თუ შეიძლება მამა იულიანე, ვიტყვი მეც, – თქვა იგნაციოსმა და როდესაც შარტრელმა მას თავი დაუკრა , თქვა – როგორც მე წუხელ ამოვიკითხე ჩვენს ქრონიკაში, 1329 წელს კათოლიკეთა საეპისკოპოსო სმირნიდან თბილისში იქნა გადმოტანილი. ამის შემდეგ იბერიელთა დიდმა ნაწილმა მიიღო ჩვენი აღმსარებლობა. ქართველები გულთბილად შეხვედრიან   კათოლიკე მისიონერებს.
  • მართალი ხარ ჩემო იგნაციოს, მაშინ მე გავჩუმდები და შენ წყაროებში ნაშრომ-ნაღვაწი ბერი, ბევრ რამეს მეტყვის ისეთს, რომელიც ჩვენს სუბარს და შენს იბერიაში წაბრძანებას უფლის ნათელით შემოსავს – თქვა იულიანემ, იგნაციოსის საუბრის მოლოდინში ტახტზე ჩამოჯდა და ბერს თვალი მიაპყრო.
  • მე ხომ ბასკი, ვარ მამაო? ჰოდა როგორც ბასკს მიყვარს ადამიანთა სულის მოპოვება. კავკასიის იბერიელები შესაძლოა მართლაც ნათესავნი იყვნენ ბასკთა. ვინ იცის? ხალხის გულის მოგებაა მთავარი. თუ ისინი ბასკებივით პირდაპირები და თავდავიწყებით მორწმუნენი არიან, ამას არაფერი სჯობს. გავემგზავრები იბერიაში. გავეცნობი მათ ცხოვრებას. ვფიქრობ ისინი შორს არ უნდა იყვნენ ესპანელთაგან რომელთა გული ჩვენ ბასკებმა განვანათლეთ. მაგრამ მაინც საინტერესოა, რა მიზანი აქვს ჩვენს ეკლესიას იბერიაში? როგორ გავზომო ჩემი საქმიანობა? რას უნდა მივაღწიო პაპისათვის და უფლისათვის წმინდა მამაო? – მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავის სათქმელი ბერმა და შარტრელს შეხედა.

შარტრელი ჯერ კიდევ წყაროებში მოპოვებული დოკუმენტების არსზე ფიქრობდა და ბერის მიერ  პირდაპირ დასმულმა კითხვამ აზრის ლოგოსი აუტორტმანა დინჯსა და ფილოსოფიურად მოსაუბრე იულიანეს. თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა მან იგნაციოსი. სახე წამოუწითლდა და გაიბადრა.

  • ასე რომ გითხრა , რასაც ათი პაპი ცდილობდა, სწორედ ის შრომა შენ უნდა დაამთავრო  წარმატებით , გიჟად ხომ ჩამთვლი ჩემო იგნაციოს ბერო?
  • წმინდა მამაო…. მე.. თქვენ სულიწმინდის ნაწილად მიგიჩნევთ… – იგნაციოსი შარტრელის წინაშე მოიხარა.
  • მაშინ ეს მითხარი ღირსი იგნაციუს, რა უნდა დაგავალოს რომის მისიამ კავკასიის იბერიაში, რასაც შენი მოღვაწეობის ფარგლებში დაივალებდი და მიაღწევდი უცილობლივ?
  • ერთი კვირა მომეცი მამაო და მოგახსენებთ ჩემს აზრს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ხშირი და გაჭაღარავებული წარბები აამოძრავა ბერის ამ პასუხზე შარტრელმა და თქვა:
  • სამი დღე მხოლოდ! წადი შვილო ჩემო!

***  

იგნაციოსი ამ სამი დღისა და ორი ღამის განმავლობაში შარტრის მონასტრის ბიბლიოთეკაში მკითხველად შედგა. ჭის ფორმა ჰქონდა მონასტრის სამკითხველოსა და არქივს. რაც უფრო ღრმად ეშვებოდი ამ ჭაში, უფრო უძირო მოსჩანდა იგი. სპირალისებური კიბით ჩადიოდნენ და ამოდიოდნენ სხვადასხვა ორდენის ბერები ცოდნის უძირო ჭაში, კითხულობდნენ, წერდნენ და გადასწერდნენ. აქვე ამ სიღრმეებში დაეშვა იგნაციოს ბერი.

 სამკითხველოს დაცვის უმკაცრესი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, მას მხოლოდ მცირე ლამპარი ერგო. იგნაციოსმა მოკიდა ხელი ნავთის ბოთლუკას, წიგნთსაცავის გეგმას და ლამპართან ერთად სამკითხველოს სიღრმეებში მიმავალ კიბეზე იწყო ჩასვლა.

ლანდებმა გაიქროლეს მის წინ და უკან. ბერი მიხვდა რომ მისი ფიქრები, მატერიალურ არსებებად იქცნენ ამ ნახევრად ჩაბნელებულ, ცოდნის საკმეველში. გამოუტყდა თავს რომ ჩალმიანი არსებებიც შენიშნა, ბოლოს ჯორზე შემჯდარი ბერის სილუეტს მოჰკრა თავი და გზა გააგრძელა.

წიგნთსაცავის  მესამე დონეზე ჰქონდა ამჟამად შეღწევა იგნაციოს ბერს. ეს კი იმას ნიშნავდა რომ აქ იყო მოგროვილი რომის პაპის მთელი მომოწერა აღმოსავლეთის საკითხების შესახებ და ამ მიმოწერას თავისი უჯრები ჰქონდა მიჩენილი:

  • საბერძნეთი და მისი კუნძულები – ამოიკითხა იგნაციოსმა და ძებნა გააგრძელა მიმდებარე თაროებზე.
  • არმენია და სპარსეთი – გასაგებია, სწორი მიმართულებით მივდივარ.
  • „1329 წელი – თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო“ – აი აქ არის ყველაფერი თავმოყრილი- მოწყენით თქვა იგნაციუსმა და ხის სკამზე ჩამოჯდა, რვეული გადაფურცლა, თარიღი მიუთითა, სამელნე და კალამი მოამზადა, ლამპარი ნავთის ბოთლუკიდან მომდინარი შავი სითხით „დატენა“, აანთო და მუშაობას შეუდგა.

ფოლიანტების კითხვის დროს რამოდენიმე პიროვნების სილუეტს კიდევ მოჰკრა თვალი. სამი ცხენოსანი მოილანდა, მაგრამ სწრაფად გააქნია თავი და ლანდები გაჰფანტა. შიშველ ფაქტებთან დარჩა და მათი ლოგოსი მოისადგურა.  

***

1298 წელს პირველი კათოლიკური ეკლესია ახალციხეში აშენდა.  მესხეთი იყო პირველი კარიბჭე იბერიისათვის და სწორედ აქ მოხდა ფრანგების შემობრძანება. ხალხი მკაცრად იცავდა მართლმადიდებლობას, მაგრამ როგორც ეს დიდ და ვაჭრობით მდიდარ კუთხეებს ახასიათებთ, მესხეთის დედაქალაქი ფრანგთა პირველი სამოსახლო გამხდარა მაშინ – ეს ფაქტი კარგად ჩაინიშნა ფოლიანტებში ჩაძირულმა იგნაციუსმა, „როგორც კი დროს მოვიხელთებ, თბილისიდან ამ ქარციხეში გავემგზავრები, ტაძრის ნაშთებს მოვინახულებ, ხალხსაც ეხსომებათ ჩვენი პადრები “-გაიფიქრა მან.

„1329 წელს კათოლიკეთა საეპისკოპოსო სმირნიდან თბილისში იქნა გადმოტანილი, ეპისკოპოსად იქნა დანიშნული ივანე ფლორენციელი, ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და ღირსეული პირი ჩვენს სარმუნოებაში“- ფიქრობდა იგნაციოსი და თავს უკატუნებდა ფოლიანტებში ასახულ მოვლენებსა და მიმოწერის დიალოგებს, როდესაც ეთახმებოდა მათ.         

როგორც ჩანს ივანე ფლორენციელს ძალიან სერიოზული მუშაობა ჩაუტარებია თბილისში და ბევრი მოძღვარი კათოლიკედ გარდაუქმნია. არც ქართველები შეხვედრიან მტრულად კათოლიკეთა იდეებს და ეკლესიათა გაერთიანების საკითხი საქართველოში, ამ აღმოსავლეთის იბერიაში თითქოსდა მომწიფებულა.

„თან ეს ხდება მაშინ, როცა აფხაზთა და ქართველთა სამეფო, უძლიერესია მთელს ამ აღმოსავლეთში, მათი სამხედრო ძლიერება სულაც არ უშლის ხელს მათ აზროვნებას და ისინი სიამოვნებით უსმენენ ყურს ჩვენს მისიონრებს, რომელთაც მათ საკმაოდ ჯიუტ გონებაში, ნამდვილი სინანულის ჩანერგვა აქვთ გადაწყვეტილი, ეს გასაოცარია, რადგანაც გამარჯვებული  იმპერიები ხშირად არ უსმენენ მონოლოგს რჯულის შესახებ, მაგრამ იქნებ მათ ხასიათი აქვთ ამგვარი? მაშინ რა? აი ეს კი საფრთხეა. თუ მათი ხასიათი მხოლოდ მოსმენაზეა მიპყრობილი, მაშინ როგორ გავიგოთ, გვიჯერებენ თუ არა ისინი საბოლოოდ?“- იგნაციოსი კითხულობდა და ლანდები მის გაყინულ მხრებზე, თითქოსდა მიდი -მოდიოდნენ, ხანაც უჩუმრად და ხანაც უჩვეულო ზმუილითა და შეძახილებით, გაგვატარეთო!

სომეხთა საკითხებიც ამოტივტივდნენ იგნაციოს ბერის წინაშე დახვავებული წერილებიდან.

***

კითხვით გაბრუებული იგნაციოსის წინ ვიღაცის  აჩრდილი აიტუზა. ვინა ხარ? გაუელვა თავში ბასკონიელ ბერს.

  • „სომეხთა ეპისკოპოსი ვარ სახელად მარტიროსი“- განაცხადა ლაბადა წახურულმა მუქი ფერის ლანდმა.
  • რა გსურს, მე აქ თქვენს საკითხებს არ ვიხილავ, მე ეხლა იბერიელებს ვიკვლევ- გაულევა გონებაში აცახცახებულ ბერს.
  • „ქართველები იერუსალიმში სალოცავად შესვლის დროს სხვებივით სულთანს გადასახადს არ უხდიან. რა გადასახადი, რის ბაჟი წმინდა კაცო, ეს ქართველები ცხენზე ამხედრებულნი, თავიანთი ხუთჯვრიანი დროშებით ისე შედიან დავითის წმინდა დედაქალაქში, თითქოს იგი მათი აშენებული ან დაპყრობილი იყოს. მათია გოლგოთის კლიტენი ამჟამად. მე კი სომეხთა ეპისკოპოსმა მარტიროსმა გადავწყვიტე ეგვიპტის სულთანს მივმართო და გოლგოთა ქართველთაგან გავანთავისუფლო. მათი გასაღები სომხებს გადავცე. ამიტომაც ჩავედი კაიროს! – ლანდი გარკვევით საუბრობდა გაკვირვებულ იგნაციოს ბერთან.
  • ჩახვედი კიდევაც და სხვაც მრავალი ჩაგიდენია ღირსო ეპისკოპოსო, ვიცი, წავიკითხე რომ რამდენჯემრე ხლებიხარ ეგვიპტის სულთანს და მის მოხელეებს! ძვირი დაგიჯდებოდა ეს მგზავრობა შენ, ასე არ არის – ეღიმებოდა იგნაციოს ბერს!
  • ეჰჰჰ ღირსო ბერო, ეგვიპტელ მოხელეებისათვის მირთმეულ საჩუქრებში დიდძალი ფული და ოქრო დავხარჯე, მაგრამ ვერა გავარიგე რა.
  • რატომ ჩემო ძმაო? – თითქოსდა განცვიფრდა იგნაციოს ბერი.
  • როდესაც მე-11 ჯერ ვეწვიე სულთანს, მისმა სარდალმა თავის კარავში შემიხმო, საკმაოდ მრისხანე სახით მიბრძანა დავმჯდარიყავი და ყოველივე ამეხსნა მისთვის, გამიკვირდა, დავჯექი. დავიწყე სომეხთა ისტორიის მოყოლა. უეცრად სარდალმა მკაცრად შემაწყვეტინა და კიდევ ერთხელ გამიმეორა თუ რას მოვითხოვდი. მე ვუთხარი ქართველები უკანონოდ ფლობენ გოლგოთის წმინდა გასაღებსთქო!
  • მერე შენ რაო? – თვალები აუელვარდნენ სარდალს.
  • მე დავაპირე რჯულისა და ისტორიის ლოგოსი გამეცნო ურჯულო არაბისათვის როცა მან უეცრად ხელი აიქნია და მითხრა:
  • აქ მეორეჯერ აღარ დაგინახო, გამოეთხოვე ქართველების შეცილებას გოლგოთისათვის. იცოდე მათ უკან მეფე დგას, რომელიც თქვენც გიცავთ და წმინდა გულის მოკავშირეა ჩემი სულთნის.
  • ჰაჰაჰა – გაეცინა იგნაციოსს, და მისი სიცილის ხმაზე მარტიროს ეპისკოპოსის ლანდი სადღაც გაჰქრა, ხოლო სამკითხველოს სხვა მაგიდებზე მჯდომი ბერები განცვიფრებული ვიღაც ბერის უადგილო ხმოვანებით, შემოტრიალდნენ და იგნაციოსს დაუწყეს თვალიერება. ბერს გაუკვირდა, რადგანაც ზოგიერთ მათგანს შარავანდედის მაგვარი ნათება შეუმჩნია.
  • გადავიტვირთე მუშაობით, ეს მარტიროსიც ძალიან მახალისებდა, მაგრამ გაქრა – თავს იკავებდა სიცილისაგან იგნაციოს ბასკონიელი და გველის ფორმის მქონე ფოლიანტების ახალ-ახალ ხვეულებს ხსნიდა.

***

„ეგვიპტელი მამლუქების ბრძანებით, ერუშალაიმის ჯვრის მონასტერთან მუდამ მდგარა საგანგებო არაბი მოხელე, რომელიც ქართველ მლოცველებს ალეპოდან  იერუსალიმამდე მიაცილებდა და უკანაც გამოაცილებდა, მაშინ როცა ფრანკებს, რომეებს და სხვათ კინწის კვრით გამოაგდებდნენ ხოლმე წმინდა მიწაზე შესვლისას გამართული რიგებიდან, სადაც იდგნენ, ესპანელნი, იტალიელნი, გერმანელნი და უფლებისათვის ფულს იხდიდნენ“- კეფას იფხანდა ბერი.

  • რა თქმა უნდა როცა ასეთი ძლიერები იყვნენ, ისინი ჩვენი რჯულის მქადაგებლებს  უსმენდნენ, ბიზანტიური სკეფსისის გარეშე აგულიანებდნენ ჩვენს მისიონრებს, რომელთა გულუბრყვილობა უსაზღვრო იყო და ისინი რომში მხოლოდ თავიანთი პროპაგანდის წარმატების შესახებ იწერებოდნენ, რომსაც კი სჯეროდა! ან იქნებ არ სჯეროდა? – უმალ სკეფსისი გაცხოველდა ბასკის გონებაში.

„სჯეროდათ, უნიისაც სჯეროდათ. ან ეჭვი როგორ უნდა შეეპარათ, განსაკუთრებით მაშინ როცა აღმოსავლეთში სიტუაცია მკაფიოდ გადასხვაფერდა და ქართველთა სახელმწიფო დასუსტდა. შავ ზღვაში გავლენა ქართველებმა ვერ გააძლიერეს, საერთოდ როგორც ფოლიანტებიდან ჩანს, ისინი მხოლოდ ხმელეთზე იბრძოდნენ. ისინი ზღვას უფრთხიან. ზღვა მათთვის საზღვარია. ამიტომაც მათი სახელმწიფო აგრარულ ეკონომიკაზე არის დაფუძნებული. მოიწიე მოსავალი, დაასაწყობე, შექმენი დოვლათი. ადგილობრივ დონეზე მოიხმარე და ასე შემდეგ. ამგვარი ეკონომიკა მხოლოდ მშვიდობის დროს არის ძლიერი. მშვიდობა კი საქართველოსათვის დამთავრდა. მისი ჯარი ერთხელაც იქნა და გატყდა. აღმოსავლეთის იბერიელები ჰგვანან დასავლეთის იბერიელებს, ისინი საკმაოდ სუსტი დიპლომატები არიან, მაგრამ სისხლისღვრაში მტკიცედ და ბოლომდე დგანან. ჯიუტადაც “- ფიქრობდა იგნაციუსი, როდესაც ხვარაზმელთა წერილს კითხულობდა, რუსუდან მეფისათვის მიწერილს.

  • საინტერესოა, რატომ არ შემოიტყუეს ხვარაზმის სულთანი? გამოეყენებინათ მისი ჯარი და ერთად ებრძოლად მონღოლების წინააღმდეგ. რა მოხდებოდა ნეტავ ასე რომ მოქცეულიყვნენ? – ჰკითხა თავის თავს იგნაციუსმა და ამ დროს მის თვალწინ კავკასიის ხატება წარმოჩინდა.

„აი წარმოვიდგინოთ, რომ მონღოლთა ჯარი კავკასიაში ვერ შემოდის, იგი, ნავარდობით გვერდს უქცევს დარიალის კარებს და დარუბანდისაკენ გაეშურება. აქ კი ხვარაზმელები დგანან. მათაც უქცევს მხარს მონღოლთა მოწინავე რაზმი და იგი უკან ბრუნდება. მაგრამ ეს ყოველივე ხომ არ მოხდა – ბრაზდება საკუთარ თავზე ბერი, რომელიც ფოლიანტების შემდეგ გორაკს მიუჯდება და მათ კითხვას იწყებს.

***

„დამცირებულია იბერია აღმოსავლეთისა, როგორც ისინი თავს უწოდებენ სა-ქარ-თვე-ლო, დიპლომატიის უქონლობის შედეგად მტერთა საჯიჯგნად შეიქმნა. ჯერ ხვარაზმელნი არბევენ მის დედაქალაქს. შემდგომ მონღოლნი.  მათ მოჰყვებიან მცირე აზიელი თურქნი. და აი მოდის 1439 წელი. ჩვენი მისია გაცხოველებული საქმიანობს დასუსტებული იბერიის კათოლიკედ მონათლისათვის. ესაა მცდელობა ძმების, დების, შვილების, მამებისა და დედების დაბრუნებისა. ტარდება ფერარას მსოფლიო კრება 1439 წელს, თებერვალში რომ შედგა, მას ესწრებოდა ბიზანტიის საკმაოდ დასუსტებული იმპერატორი – იოანე VIII პალეოლოგთა გვარისა. აქვე ბრძანდებიან კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოსებ, რუსეთის მიტროპოლიტი ისიდორე, იბერიის მიტროპოლიტი გრიგორი, კიდევ ასორმოცდაათი ეპისკოპოსი და ორდენის მაგისტრი. და რა ხდება შედეგად?“- ჩურჩულით კითხულობს ბერი. კითხვით დატყვევებულს, უკვე აღარც ახსოვს რამდენჯერ დაღამდა და გათენდა.

  • 1439 წლის ივლისში კრებამ მართლმადიდებელი და ლათინური ეკლესიების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო და აქტიც გამოსცა, სადაც შემუშავებული იყო არსი, რომის პაპის უზენაესობით ამ დიდებული კავშირისა. მაგრამ ვინ წავიდა გაერთიანების წინააღმდეგ? ეფესოს მიტროპოლიტი მარკუსი და განსაკუთრებით ქართველტა მიტროპოლიტი ღირსი გრიგორი, რომელმაც ფერარის უნიას ხელი არ მოაწერა – სამწუხაროდ ასეა.

რას მისცემდა ეს უნია საქართველოს? – იგნაციუსი ამ კითხვაზე კვლავ და კვლავ უღრმავდებოდა ისტორიას და პასუხს ჯერ ვერ ჰპოულობდა:

„პაპმა ბერძნებს დაჰპირდა რომ თურქებისაგან დასაცავად 300 კაციან რაზმს, ორ სახმედრო გალერას, შეინახავდა“- პაპის კრიტიკას ვერ გაბედავდა იგნაციუსის ტვინი მანამდე , ეხლა კი იგი რატომღაც იღიმებოდა. სამას კაციანი რაზმი სასაცილოდ მოსჩანდა. როცა კონსტანტინოპილი დახმარებას ამაოდ ელოდა, სულთანმა ასორმოცდაათი ათასი თურქი ჯარისკაცი მოაყენა ოქროს რქის უბეს. ბიზანტიის იმპერია გაჰქრა. მისი სიმდიდრენი ვენეციაში გაზიდეს ვაჭრებმა. იმპერატორის ოჯახის წევები მონებად დაჰყიდეს. წმინდა აია სოფიას მეორე სართულზე რა უბედურება სუფევდა, ეჰჰ – იგნაციუსის გონება საგონებელში ჩავარდა, რადგან უეცრად წმინდა აია სოფიას მეორე სართულზე მოხვდა 1454 წელს.

***     

„პატრიციები დაჰხოცეს, მათ ცოლებს მონებად ჰყიდიან, მათი ქალიშვილები ბაზარში მიჰყავთ, სადაც მათ ოსმალები, როგორც თხებს ისე ყიდულობენ, მანამდე კი ყველას აუპატირებენ. ბევრი თავს იკლავს იმავე ღამეს, პატრიციების დედები , დები, შვილები და  ცოლები დაბორკილი მიჰყავთ, გზაზე ისინი მათი მამების, ქმრების, შვილების მარგილებზე წამოცმულ სხეულებს გაჰყურებენ. მათ სისხლი კიდევ მოსდით. სხეულები ჯერაც ცოცხლები არიან. ისინი დაბლა იყურებიან და თავიანთ ცოლებს უკანასკნელი მზერით მიაცილებენ. ცოლები კი ქმრებს თვალს არიდებენ და ალიბეის ჰარემში მოხვედრაზე ოცნებობენ. ქალები მუდამ პრაგმატულები არიან…“- საზარელი წარმოსახვით შექმნილი გაბრუებულია იგნაციოს ბერი და იგი წიგნს ბიზანტიის დაცემის შესახებ ხურავს!

  • ეს არავინ არ უნდა წაიკითხოს, თორემ რწმენა შეერყევა – ჩურჩილებს იგი და აია სოფიის ლანდი უეცრად ქრება. კვლავ შარტრის წიგნთსაცავის ჯურღმულია მის წინ სადაც წიგნები, დამნაშავეებივით არიან ჩაკეტილი.
  • კარგია რომ აქ მხოლოდ ჩვენ ვართ – ხმამაღლა ამბობს იგნაციუსი და სამკითხველო ჭაში გაბნეულ მოპარსულ კინკრიხოებს გაჰყურებს. მისი ხმა იწვევს ექოს და მასთან შარტრის ბიბლიოთეკის მცველი ბერი ჩერდება:
  • ერთხელაც კიდევ ამოიღებ ხმას და გაგადებთ აქედან! – ამბობს ნიღბიანი მცველი.
  • ბოდიშით. ჩუმად ვარ! მაპატიეთ – ჩურჩულით პასუხობს იგნაციუსი და მცველი ქრება.

„დავრჩით მარტო შიშველ სიმართლესთან“ – უელვებს თავში იგნაციუსს – „ზევიდან ორგანიზებულ რწემნაში, ხანდახან ყველაზე დიდი ურმუნოებას გადააწყდები“!

***

„რომის პაპს ფერარის უნიის არცერთი მუხლი არ შეუსრულებია საწყალი ბიზანტიისათვის.  კონსტანტინოპოლის მოშინაურებისათვის გადადგმული ნაბიჯები არა მარტო სოფისტური იყო არამედ მგლურიც. გულკეთილ და პირდაპირ ბასკს ერთი ისეთი დოკუმენტი შეხვდა, რომ მან მისი გონება აამღვრია და გული მოუკლა.

1440 წელს, ფერარის უნიის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ ათონის მთის მართლმადიდებლურ ბერძნულ მონასტრებს შესევიან ლათინი კნეხტები. შუბ-ნაჯახებით დაუხოცავთ მათ ის ბერები, რომლებიც არ იზიარებდნენ უნიას. ნუთუ ეს კათოლიკეთა სამყაროში მოხდა? ვინ გასცა ბრძანება, ეშმაკმა როგორ აცდუნა სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ამგვარი ნაბიჯი გადაედგა? – ტვინის შიგთავსი ატკივდა აქამდე უდარდელად მორწმუნე, დაუფიქრებლად მოყვარე ქრისტეანს – იგნაციუს ბასკს, მაგრამ მაინც მუშაობა განაგრძო და შემდეგი ფოლიანტების გორა მოითრია.

„აი საბუთი რომ პაპმა ძლიერ განიცადა კონსტანტინოპოლის ოსმალთაგან დაპყრობა. შემდეგ კი საუბარია იმაზე თუ რა ნაბიჯებს გადადგამს რომი, თურქთა სისხლიან სასაკლაოზე საპასუხოდ“-მილულა თვალები ბერმა.

  • საბუთებიდან კარგად ირკვევა რომ რომის პაპს, კალქსტოს თავისი პირადი თანამზრახველი და მეგობარი ლუდოვიკო ბოლონიელი გაუგზავნია კავკასიაში.

შეშინებული ჩანან იბერიელნი. ოსმალეთის მიერ ბიზანტიის გადაყლაპვამ ისინი გამოაფხიზლა! აბა რა სინდისით სწერენ ისინი წმინდა პაპს რომ უკვე შერიგდნენ და ეხლა გალაშქრებას აპირებენ ოსმალებზე პაპის ხელმძღვანელობით?

  • „ჩვენ მთავრებს ერთმანეთის მძულვარება და ომიც ჰქონდათ, მაგრამ თქვენმა ნუნეციომ რა ბრძანა მაშინვე შერიგდნენ და აქ მზად არიან დაუწყონ ომი ოსმალებს როდესაც თქვენ უბრძანებთ“- ჰა ჰა ჰა რა უეცარი მორჩილებაა, ოსმალთა შეგეშინდათ – მოლოდნელად გადაიხარხა ინგაციო ბასკმა და მისკენ საცავის ორი მცველი გამოემართა.
  • ადექი ეხლავე და დასტოვე საცავი ! – თქვა ერთმა მცველმა
  • მივდივარ – დაუტკბო ტონი იგნაციუსმა და საცავის ლაბირინთიდან თავის დასაღწევად, კედელზე ჩამოკიდებულ სავალ გეგმას შეავლო თვალი. შემდეგ კიბეს მიეჭრა და ფართხი-ფურთხით აირბინა სპირალისებური კიბის 3 სართული , შემდეგ გრძელ დერეფანში შევარდა და იქვე დომინიკანელთა  ბერს შეხვდა, რომელსაც იცნობდა.
  • მამაო ლაერტ, ხომ სწორად მივდივარ, გასასვლელისაკენ?
  • არა ღირსო იგნაციუს, პირიქით, თქვენ დაბლა ჩამოსულხართ! ეხლა დაბლა ეშვებით – საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა იმოძრაოთ – თქვა მამა ლაერტმა და გზა განაგრძო.
  • იგნაციუსი იქვე კიბეზე დაჯდა და აზრების მოკრებას შეუდგა.

***

შემდეგ დღეს იგნაციუსი, მინდვრის თაგვივით მიიძურწა წიგნთასაცავთან, საშვი ანახა დაცვის ოფიცერს, რომელმაც მკაცრად შეათვალიერ-შემოათვალიერა ბერი და არაფერი უპასუხა მას.

  • შემიშვით, საცავში, უწმინდესი იულიანე შარტრელის დავალებით ვარ აქ და არა საკუთარი სურვილით – ამოიჩიფჩიფა იგნაციუსმა და ისიც გაიფიქრა რომ ეს წიგნთსაცავი ნეტა დაეწვა ვინმეს, რადგანაც მის მნიშვნელობას იმ მთავარ საქმეში რასაც რწმენის განმტკიცება ჰქვია იგი ვერა და ვერ ხედავდა.
  • თქვენ დაარღვიეთ შიგანაწესი გუშინ, ამიტომაც ვერ შეგიშვებთ – თქვა დაცვის ოფიცერმა და თავი ზევით ასწია.
  • რა გქვია ოფიცერო? – იკითხა იგნაციუსმა.
  • არ აქვს ამას საქმესთან კავშირი – იყო პასუხი.
  • იცი კი საერთოდ რას სდარაჯობ? – იკითხა იგნაციუსმა და დაცვის ოფიცერს დამცინავი მაგრამ უმწეო ღიმილი „ესროლა“.
  • რწმენას! – იყო პასუხი.
  • შენ არაფერი იცი, როგორც ჩანს. აქ დარაჯობ ურწმუნოებას. გირჩევნია აიღო ეს ხმალი, ან შენი ალებარდი და მისდგე ……- ხმა აუკანკალდა იგნაციუსს, რომელსაც პირველად თავის ცხოვრებაში გულყრა დაემართა და ოფიცრის ფეხებთან დაემხო.
  • წყალი სასწრაფოდ! – შესძახეს წიგნთსაცავის დამცველებმა.

იგნაციუსის სული სადღაც შორს მილივლივებდა ამ დროს, ზღვას უახლოვდებოდა. მშვიდ ზღვაში სურდა დანთქმა. ვიღაც უცნობებს ბოდიშს უხდიდა იგი. ჩამავალი მზის ბილიკზე მისეირნობდა და უეცრად თვალი გაახილა! ეტყობა წყლის დიდი ჭავლი მოხვდა და ან ფეხებით დაჰკიდეს, იქნებ სულაც ენა ამოაცალეს მკრეხელობისათვის – ვინ იცის? ყველაფერი სტკიოდა და შარტრის საოსტინგოში იწვა.

***

  • მამა მარცელიუსი მქვია, თქვენი ექიმი ვარ, დაჰხედა გულაღმა მწოლიარე იგნაციუსს გამხდარმა და მაღალმა ექიმმა.
  • მეძინება ექიმო – ამოილუღლუღა ბერმა და ჩაიძინა. უეცრად იხილა ზვრები, უკიდეგანო ზვრები. ვენახების შუაგულში დიდი ხის საწნახელი შეამჩნია. თვალი მოჰკრა თეთრწვერა მოხუცს, რომელიც საწნახელში იდგა და ყურძენს ფეხებით სწურავდა. ამ საწნახელისაკენ მოდიოდნენ მრავალნი და მრავალნი. ყველას ყურნძით სავსე გოდორი ეკავა ხელთ და საწნახელში ყრიდნენ ისინი ქარვისფერ ყურძენს, რომელსაც მოხუცი დიდი მონდომებით ჭყლეტდა და სწურავდა. უხაროდა მასაც და ყველა იმათგანს, რომელიც მისკენ მიდიოდნენ. მოხუცი თვითოეული გოდრის სანაცვლოდ ყოველ მომსვლელს პატარა ნერგს ჩუქნიდა. 

მივიდა მასთან იგნაციოს ბერი და მოხუცს ყურძნით სავსე გოდორი გაუწოდა. მოხუცმა გაუღიმა ბერს და ნერგი მიართვა მას. იგნაციოსი გახარებული იყო. კვლავ დიდხანს უნდოდა მოხუცის სიახლოვეს მდგარიყო და მისი დიდი ენერგიითა თუ გამორჩეული სიკეთით დამტკბარიყო, მის მიერ დაწურული ყურძნის წვენი გაესინჯა, მაგრამ როგორც ჩანს სიამოვნება სიზმარშიც არ შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო. უეცრად ვენახებს შავი ყორნებივით მოედვნენ ცხვირპირ-ახვეული მავრი მეომრები. იგნაციოსს გაუკვირდა რომ მავრები მის სიზმარში მკაფიო სიშავით არ გამოიჩეოდნენ. ისინი უფრო თეთრი პირსახით გამოიჩეოდნენ მაგრამ შეუბრალებელნი იყვნენ. ეხლა ხალხი გამორბოდა საწნახელისაკენ, რომელშიც ჩამდგარი თეთრწვერა მოხუცი, ეხლა უკვე რაინდულად შეჭურვილი იდგა და კვლავ ჭყლეტდა ყურძენს.

იგნაციოსმა დააპირა მოხუცთან მისვლა მაგრამ მავრები თუ ვიღაც მომხვდურნი მას შემოეხვივნენ და ამის საშუალება არ მისცეს, ხოლო გოდრებით მომავალი ხალხი აჩეხეს, მათი სხეულის ნაწილები გოდრებში ჩაყარეს და საწნახელში ჩამდგარ შეჭურვილ მოხუცთან , ადამიანების დანაწევრებული სხეულებით დაიწყეს მისვლა.

მოხუცი კვლავაც იდგა საწნახელში, მაგრამ იგი ყურძნის მაგივრად ადამიანების მოჭრილ თავებს სჭყელტდა.

  • მიშველეთ – იყვირა იგნაციოსმა და მას ერთერთმა მავრმა ხმალი მოუქნია. სწორედ ამ დროს გამოიღვიძა ბასკმა ბერმა.

***

ორი კვირის შემდეგ იგნაციუს ბერი შარტრელის რწმუნებით კვლავაც ჩავიდა ჭის ფორმის მქონე წიგნთსაცავში. იგივე ფოლიანტებს დაუწყო მან მოძიება. განსაკუთრებით ერთმა წერილმა მიიპყრო ბერის ყურადღება:

„ვერაგი თურქები ჩვენი საზღვრების სიახლოვეს გამოსჩნდნენ თუ არა, მაშინვე შევურიგდი ყველა მეზობელ ქრისტიან მთავარს და გადავწყვიტე ჩემი ძალა და შეძლება ოსმალეთის წინააღმდეგ ომში გამოვიყენოო“ – არწმუნებდა პაპის ელჩს, იბერიელი ვინმე, მთავარი ყუარყუარე ჯაყელი.

  • აქაც არაფერი გამოსულა და არც გამოვიდოდა ჩაილაპარაკა ინგაციომ და შემდეგ წერილზე გადაიტანა ყურადღება. ეს იყო იბერიის მეფე კონსტანტინეს წერილი რომის პაპთან, გაგზავნილი 1496 წელს:

„ორ რამეს ვითხოვ თქვენგან, სამხედრო დახმარებას თურქთა ასალაგმად და ფერარის უნიის დოკუმენტის გამოგზავნას, ეკლესიების გაერთიანების შესახებ“- იწერებოდა მეფე იბერიელთა .

  • საიდან უნდა მიეღო პაპს ჯარი, იბერიაში გასაგზავნად 1496 წელს, მაშინ როცა ინგლისი და საფრანგეთი ურთიერთ ომებით არიან გადაღლილები, ხოლო ესპანეთი და  გერმანული სამთავროები უკიდურესად არიან დასუსტებული სახადით და ურწმუნოებით, ვერ გამიგია რატომ ატყუებდა რომის საპაპო ამ უბედურ იბერიელებს და რატომ იწვევდა იგი მათ უსაფუძვლო იმედებს სახმედრო დახმარების გაწევის შესახებ იმ დასავლეთიდან, სადაც ამგვარი რესურსიც კი არ არსებობდა? – თავის თავს ეჩურჩულებოდა იგნაციუსი და თვალს დაცვის ოფიცრისაკენ აპარებდა, რომელიც მისკენ ხშირად გამოიხედავდა ხოლმე.

„რომის პაპმა, იბერიელთა მეფის კონსანტინეს საპასუხოდ, დასწერა წერილი, დაურთო მას ფერარისა და ფლორენციის 1439 წლის კრების დადგენილებები,  შემდეგ ნუნცს უბრძანა კონვერტი ტყვიით დაებეჭდა და ამგვარად ხელოვნურად დამძიმებული, შინაარსით კი მსუბუქი დოკუმენტი გაუგზავნა იმ ხალხს, რომელიც ვინ იცის მოკაკვული თუ გამართული ხმლის ქვეშ იღუპებოდა იმ წამს“- ფიქრობდა აღმოსავლეთში გამგზავრების მთავარ იდეაზე მოფიქრალი იგნაციოს ბერი.

***

წმინდა მამა იულიუს შარტრელი მრისხანე სახით იჯდა და მასთან აუდენციაზე შესულ იგნაციოს ბერს ზეაწეული მარცხენა ბუჩქოვანი წარბით ათვალიერებდა. ღირსი იგნაციოსი მინდვრის თაგვივით შემოიპარა შარტრელის ოთახში და ეპისკოპოსის წინ დაიჩოქა.

  • 3 დღის მაგივრად, 2 კვირა მუშაობდი, შარტრის წიგნთსაცავში, ორჯერ გულყრა დაგემართა ღირსო იგნაციოს და ეხლა საინტერესოა თუ რა გაქვს გონებაში, რატომ? რა მისიითა და ცოდნით უნდა წახვიდე კავკასიის იბერიაში? – იკითხა წითელ ტოგაში გამოწყობილმა ეპისკოპოსმა.
  • მე თქვენ სულიწმინდის ნაწილად მიმაჩნიხართ მამაო – დაიწყო იგნაციოსმა და ამ სიტყვებმა შარტრელის აპრეხილი მარცხენა წარბი, ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნა.
  • შემდეგ?- იკითხა შარტრელმა დაფიქრებულად.
  •  შემდეგ კი ის უნდა ვთქვა, რომ წმინდა რომის ეკლესია არ ფლობს მდგომარეობას ადგილზე, იბერიაში, რადგანაც მისი დაპირებები ბოლო ასი წლის მანძილზე არის სრულიად მოკლებული ჩვენთვის მთავარს, სიმართლეს და პატიოსნებას.
  • რაო – აღმოხდა შარტრელს, მაგრამ ინგაციოსი ეხლა უკვე ახლოს მიფორთხდა იულიუსთან და გააგრძელა დაწყებული მონოლოგი:
  • მრევლი არ ყავს კათოლიკურ ეკლესიას არც თბილისში, არც გორში და არც ქუთაისში და არც ახალციხეში – ესაა მთავარი ქალაქები იბერიისა. ხალხმრავალი რომ ყოფილიყო თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო მაშინ იგი არ გაუქმდებოდა 1507 წელს. უბედურება ისაა, რომ ევროპამ და მისმა ცენტრმა რომმა, ამ მხარის შესახებ, სერიოზული ინფორმაციის შეკრებას, მხოლოდ მიწერ-მოწერა არჩია. რომსა და თბილისს შორის დიალოგმა აზრი ნელ-ნელა დაჰკარგა. თავიდან იგი აზრს იმიტომ იყო მოკლებული, რომ თავად იბერიელები ძალიან ძლიერად იდგნენ თავიანთ საზღვრებში. მე მათი რუქები ვნახე და გავოცდი, როცა გავიგე რომ ისინი თავიანთი ქვეყნის გარდა ყველა მეზობელ ქვეყანას ვასალიტეტის წესით ფლობდნენ. იმ ხანაში მათი სამღვდელოება საკმაოდ ძლიერი იყო. ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი იბერიელი მეფეები, საეპისკოპოსოებს ხსნიდნენ და ეკლესიებს აგებდნენ მართლმადიდებულური ქრისტიანობის გასაძლიერებლად. დიახ ისინი გვისმენდნენ ჩვენ საკმაოდ ზრდილობიანად , როცა ჩვენ მათ ეკლესიების გაერთიანებაზე ვწერდით. გვისმენდნენ და არცთუ გვაკრიტიკებდნენ, რადგანაც ისინი ამგვარი, განცდების სიჭარბეზე ორიენტირებული ხალხია. წიგნებში ამოვიკითხე რომ თბილისში ბუდისტები, ცეცხლთაყვანისცმემლები და სუფიებიც კი მრავლად დადიან და სუფიათა ორდენის წევრი იბერიელთა მეფეც კი ყოფილა მეცამეტე საუკუნეში. ეს იმაზე მეტყველებს რომ რომ იბერიელების დიდი ცოდვაა ცნობისმოყვარეობა. შესაძ₾ოა გემოსმოყვარეობაც.

მაგრამ ეს ჯერ არც ვიცი და ამის შესახებ არც წამიკითხავს. შემდეგ წლებში იბერიელთა სამხედრო და სულიერი სიძლიერე დამთავრდა. მათი მახვილი გადატყდა და ისინი ჩვენ მხოლოდ იმისათვის გვესაუბრებდონენ რომ მათი სიცოცხლე დაგვეცვა, რაც შეუძლებელი იყო, რადგანაც ჯვაროსნული ომის მსგავსი წამოწყება ევროპას აღარ ეწადა. არც შეეძლო. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია -მამაო, როგორც ამოვიკითხე წიგნებში, თბილისის კათოლიკურ საეპისკოპოსოს მხოლოდ დომინიკანელთა, ფრანცისკანელთა თუ ავგუსტინელთა წარმომადგენელი განაგებდა, რომელიც რომიდან იგზავნებოდა თბილისს. ესეც წარმოუდგენელ შეცდომად მიმაჩნია, რადგანაც 180 წლის განმავლობაში, როგორ ვერ გამოვზარდეთ ადგილობრივი მამა კათოლიკური საეპისკოპოსოს სახელმძღვანელოდ?

  • როგორ ბედავ? შეურაცყოფ წმინდა რომის წარგზავნილთ იმ ბარბაროსებში? – დაიგრგვინა მამა იულიუს შარტრელმა და მასთან მჭიდროდ მიმჯდარ იგნაციოს ბერს წიხლის ჩაცემაც კი დაუპირა, თუმცა უეცრად თავი შეიკავა და მთელი საქაღალდე დააყარა ბერს.

მოყვასისადმი თავდაუზოგავი სიყვარულით გამორჩეული იგნაციუსი წამოხტა, მის გარშემო მიმოფნატული ყველა დოკუმენტი აკრიფა, საქაღალდეში ჩასდო და კვლავ ხელზე ეამბორა მამა იულიუს შარტრელს.

  • მაშასადამე რა უნდა იყოს წმინდა პაპის წარგზავნილის მისია აღმოსავლეთის იბერიაში – მრისხანებას ვერ იოკებდა შარტრელი.
  • უნდა აღდგეს თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს იმ მოღვაწემ, რომელიც იბერიელთა ენას შეისწავლის და მათ საკუთარ ენაზე მიჰმართავს, იბერიულად უქადაგებს, იბერიულად უგალობს. გარდა ამისა ესპისკოპოსი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გულითადათ იქნება იბერიელი ხალხის წიაღში, ისე როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერუშალაიმის დიდ ტაძარში.
  • თანახმა ხარ ისწავლო მათი ენა და გაემგზავრო სამუდამოდ იბერიაში? – იკითხა შარტრელმა.
  • აბა რა დამრჩენია მამაო, მე დასავლეთის იბერიელს, ბერ იგნაციოსს თუ არა ეხლა ჩემი აღმოსავლელი ძმების მონახულება და წმინდა კათოლიკე რჯულის თბილისში, ქუთაისსა და გორში, ახალციხესა და სებასტოპოლისში, პიტიუნტსა და დიოსკურიაში, არქეოპოლისსა და მცხეთაში  ქადაგება? – იკითხა იგნაციოს ბერმა.
  • შარტრელმა ჯვარი გარდასახა იგნაციოს ბერს და სააუდენციო დარბაზიდან გავარდა!

***      

ერთ კვირაში იგნაციუს ბერი, მარსელის ნავსადგურში, თაგვებით გამოღრღნილ  სავაჭრო გემზე იჯდა და კონსტანტინოპოლისისაკენ მისცურავდა. 3 კვირაში ის ურუმთაგან გაძარცვულ, სმირნის მონასტერში გაკვირვებული იდგა და ოსმალთაგან უკიდურესად შეჭირვებულ ბერებს უსმენდა.  7 კვირაში, თურქთაგან გაპარტახებული მესხეთის მთავარი ქალაქის – ახალციხის დანგრეულ ციხესთან იდგა და ისრებით დაცხრილულ მეციხოვნეთა გვამებს ათვალიერებდა, 12 კვირაში გორის ქალაქის შესასვლელთან მოჯირითე წითელ-ულვაშა ყიზილბაშებს შეჰყურებდა. შემდეგ კი სოფელ მეტეხთან მოხვდა, სადაც ერთი ახალგაზრდა და ლამაზი ჯორი იყიდა – „მავრო დე ანდალუზია“ დაარქვა და მცხეთისაკენ მიმავალ გზას გაჰყვა.

„ყველაფერი რაც ამ ქვეყნის შესახებ შარტრის წიგნთსაცავში ამოვიკითხე პაპის მოხელეების სურვილებით არის შეთხზული, უმეტესი ნაწილი მართალი არც არის. რაც შეეხება იბერიას! მდგომარეობა იმაზე გაცილებით უარესია ვიდრე წიგნებშია აღწერილი.  მუდმივად არის განცდა ხორხთან მობჯენილი ხმლის წვერის და ვიღაც ბოროტის ავადობის დამადასტურებელი სურვილის, რომ თავი წაგაცალოს, თივით გატენოს და შემდეგ ან ირანში გაგზავნოს ან კი ოსმალეთში.  ასევე აქ ვიგრძენი ნამდვილი ჭიდილი საკუთარ თავთან  და  ეშმაკთან!  მაგრამ სადაცაა ბუნებრივი ბოროტება იქვეა ღვთაებრივი სიკეთეც. ვფიქრობ ეხლა აქაა ქრისტე და მისი მადლი…“ – წერდა იგნაციუს ბერი მამა იულიანე შარტრელს.

მაგრამ ეს წერილი არ ჩასულა საფრანგეთში. გემი რომლითაც დომონიკანელთა და ფრანცისკანელთა კორესპოდენცია გადაჰქონდათ ქერჩთან შტორმში მოხვდა და შავი ზღვის ფსკერისათვის დამახასიათებელ ქვაბულებში გაუჩინარდა.        

    ***

  1537 წელს, იბერიის დედაქალაქში ქოსსა სცეს, შემდეგ სიონის უძველესი ეკლესიის ზარებიც დარეკეს, სამეფო აზნაურებმა მეწამულისა და ბალახის ფერი ჩოხები ჩაიცვეს და სასახლისაკენ დაიძრნენ.

სავარდო უბანში, სახლის აივანზე მჯდომარე იგნაციუსი გარეთ გამოვიდა და პროცესიას უმალ შეუერთდა. არც კი იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ ყველაფერი გახარებულმა აზნაურებმა უამბეს. ნუ იტყვით თურმე, შუაღამეს სამეფოს უფლისწული შესძენია. „მარიხის თანავარსკვლავედი ქვეშ დაბადებულა?თუ მთიებმა ამოაბრწყინეს?“- ისმოდა ქალთა და ვაჟთა მუსაიფი. პროცესია სიცილ-კისკისით მიემართებოდა სამეფო პალატებისაკენ. გზაში მომღერლები გამოეფინნენ. მრავალხმიანი სიმღერა დააგუგუნეს. „ოჰოჰო როგორი ჰგავს ეს ჰანგები და მელოდია ჩვენსას“ – გაიფიქრა თვალცრემლიანმა ბერმა და მომღერლებთან შედგა. ამ დროს შამფურებზე აცმული მოშიშხინე მწვადები და ღვინო ჩამოარიგეს, ყანწებით სმას შეუდგნენ და ბატონიშვილის სადღეგრძელოს თქმას მოჰყვნენ თავადნი და შემდეგ აზნაურნი.

  • პალატებში შევიდეთ მეფესა და დედოფალს მივულოცოთ – თქვეს თავადთა და სასახლის კიბეზე იწყეს ასვლა.

იგნაციუს ბერი თავადებს მიჰყვა. სიხარულით სავსე და განსაკუთრებულ ცერემონიებს მოკლებული სასახლის კარი ფართოდ იქნა გაღებული მნახველთათვის.

  • დიდება სიმონს, ჩვენს ბატონიშვილს – იქუხეს თავადთა. იგნაციოსი სასახლეში შემსვლელთა რიგში ჩადგა და რადგანაც ყველა გახარებული იყო, მასაც ბედნიერების ყოვლისმომცველი გრძნობა გადაედო და საბოლოოდ იბერიელთა უმშვენიერესი დედოფლის წინაშე დაიჩოქა, რომელსაც ხელთ ახალთშობილი ჩვილი ეპყრა!
  • ეს გახლავთ თქვენი უფლისწული სიმონი  – ამბობდა ფერმკრთალი დედოფალი და დარბაზში მყოფ საზოგადოებას, ოქროში და ფარჩაში გამოხვეულ, მშვიდად მომზირალ, წითელოყება ბიჭს აჩვენებდა.

კახაბერ ჯაყელი

დაიწერა ბაზალეთს.  თებერვალი, 2021 წელი

ავტორის შენიშვნა 1,2,3,4,5,6,7: რომის პაპის წერილები ამოღებულია არქივებიდან და ცნობილი სამეცნიერო – ისტორიული ნაშრომებიდან, რომლის ავტორები არიან, მიხეილ თამარაშვილი, ეპოქალური მნიშნელობის წიგნით „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის “, თინა იველაშვილი, ნაშრომით „კათოლიკობა საქართველოში“, და სხვა წყაროები რომლებიც იძლევა მთლიან სურათს საქართველოსა და რომის სასულიერო წრეების მისწრაფებების და ურთიერთობების შესახებ.  


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: