Posted by: burusi | 15/12/2020

ივანე ციხისჯვარელი იპყრობს ჯაყის ციხეს

 

ივანე ციხისჯვარელი იპყრობს ჯაყის ციხეს

ისტორიული რომანიდან „ჯაყელთა 1000 წელი“

კახაბერ თენგიზის-ძე ჯაყელი

გავიხსენოთ აქამომდე რაც იყო და ახსოვდათ კაცთა. 1058 წელს სულა კალმახელმა, რომ ლიპარიტ დიდი ბაღვაში შეიპყრო და მეფეს მიჰგვარა, სწორედ ამისათვის, მას მიებოძა ციხისჯვარი.  კალმახელები მიელტვოდნენ ამ საჩუქრისაკენ. მათ ციხისჯვარის ხელში ჩაგდებით მიიღეს სამთო ცხენოსანი ჯარის გამოსაკვები მიწა, რომელიც ერთის მხრივ მესხეთ- ჯავახეთს დაჰყურებდა თავს, ხოლო მეორეს მხრივ ქართლის გულს. სულამ მისთვის დამახასიათებელი თანმიმდევრულობით, მთაში აასახლა თავისი მიმდგომ-მოკიდულნი და ცხენსაშენი აღაშენა თავისივე სასახლის წინ, რომელიც ციხისჯვარის გულში, ამოზრდილი ლევიათანის ეშვის ფორმის მქონე კლდეზე დადგა.

სასახლის გვერდით, კლდის ქიმზე იდგა უძველესი ჯუარი, რომელსაც მეხუთე საუკუნეში აშენებული ციხის კედლები იცავდნენ.  

ჯუარი იყო შავი ფერის. მისი ჩრდილი იმგვარად დაცოცავდა მრგვალი ფორმის მქონე ციხისჯვარის ველზე რომ იგი ვებერთელა მზის საათს მოგაგონებდათ.

ცხენსაშენის გასწვრივ სულა კალმახელმა სამხედროთა სახლები დადგა და დაიწყო გაუთავებელი წვრთნა.

***

ამ ამბიდან ზუსტად 133 წელი გავიდა. იდგა 1191 წელი. კალმახელ- ციხისჯვარელთა საგვარეულო სახლს ხელმძღვანელობდა სულას შვილიშვილთა შვილი- ივანე ციხისჯვარელი, რომელიც ფლობდა ქალაქ ოძრხესაც და იმ დილას კურცხალისწყლის სანაპიროზე წისქვილის გამართვას ადევნებდა თვალყურს.

 გვიმიანი წისქვილის დასადგურება უპრიანი იყო კურცხალისწყლის ხეობაში. ეს გახლდათ წყლის წისქვილის უძველესი მესხური სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო წყალმცირე ადგილებში, სადაც წყლის ჭავლი თვითდინებით ვერ აბრუნებდა წისქვილის ფრთას და ამიტომაც წყლის ყოველი წვეთის შემკრები მესხები აკეთებდნენ საგანგებო ქვევრს, რომელშიც წყალი უნდა დაგუბებულიყო. ქვევრიდან გამომავალი თიხის მილებით  აბრუნებდნენ ისინი წისქვილის ბორბალს და საქმეც წინ მიდიოდა.

  • წისქვილი საგულდაგულოდ უნდა მოვაწყოთ, თუ გაგვიმართლა კურცხლისწყალმა მაშინ ოძრხეს ქალაქისათვის ათი ამგვარი გვიმიანი წისქვილი უნდა ავამოქმედოთ – საქმიანად შეათვალიერა ივანე კალმახელმა წისქვილის ამწყობნი და ცხენზე ამხედრდა.

ოძრხესაკენ მიემართებოდა ივანე ციხისჯვარელი სადაც მდინარე ოცხეზე  რამოდენიმე ხიდის გამართვასა და დალოცვას უნდა დასწრებოდა. შემდეგ თბილისისაკენ აპირებდა დაძვრას. დილას უნდა ჩაესწრო მეტეხის სასახლეში. ქალაქის ჰამბავნი უნდა შეეტყო, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოჰპარვოდა სათვალავიდან.

უჩვეულო დრო იდგა. ექვსი წლის წინ სამეფოს სიძედ შემოუდგა გიორგი რუსი. ასე უწოდებდნენ მას მესხები. მანათობელი თამარი ჩაიბარა უცხოელმა და ამან შესაძლოა კიდევაც გაამძვინვარა დიდებისა და ძალაუფლების მოყვარენი. ხუთი წლის მშვიდობის შემდეგ, უეცრად სამეფო ოჯახი აირია. შფოთი ოჯახიდან ქვეყანასაც გადაედო. როგორც მოულოდნელად მიიღეს რუსი, ისევე მოულოდნელად განაგდეს იგი ბაგრატიონთა. რა იყო ამის მიზეზი? აფხაზთა და ქართველთა სამეფო ჭორმა დაიპყრო და დააფორაქა. დიდი თუ პატარა, ერისთავი თუ ვიგინდარა რუსის შესახებ ალაპარაკდა. მაგრამ ივანე ციხისჯვარელი მესხური ჩვეულების თანახმად არასოდეს გამოთქვამდა თავის აზრს სამეფო ოჯახობაზე. ჭორებს მესხები ყურს არასოდეს უგდებდნენ. ივანე თავად სამხედრო პირი იყო და მისი ადგილი იცოდა. ამიტომაც ციხისჯვარელის ერთგულებას ძლიერ აფასებდნენ ბაგრატიონნი. ბაგრატიონთა ტახტის მცველის დიდებული სახელი ჰქონდა ციხისჯვარელის დიდ წინაპარს სულას. მასაც იგივე სწყუროდა და ბაგრატიონთა გულისათვის მტერსაც და მოყვარესაც წარბშეუხრელად დაჰგლეჯდა.

სახეც, გრანიტის ქვაში გამოქანდაკებულ ლომს მიუგავდა ივანეს. მარცხენა წარბზე და ნიკაპზე, თურქული ჰოროლით, დვინთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობის კვალი მოხდენილად დაჰყვებოდა მის შავ წვერსა და ულვაშს. ტანხმელი და შეუდარებელი ცხენოსანი იყო ოძრხესა და ციხისჯვარის მფლობელი. მოწითალო ფერის კვიცზე იჯდა და ქარაფებზე ისე ახტუნავებდა გიჟმაჟ კვიცს რომ მნახველს გონი დაეკარგებოდა. თავად საკუთარ ათასეულთან ერთად ალიონს ასწრებდა გაღვიძებას. ციხისჯვარში მზე რომ ამოიწვართება – ციხისჯვარელი უკვე ცხენზე მოვლებული და გაჭენებული უნდა შეხვდროდა. მოკლე შუბებით ხელში მიჰქროდნენ ცხენზე შეზრდილი ცხენოსნები და ხელშუბს მიზანს სტყორნიდნენ.   

ორმოცდაათი დამსხვრეული „მიზანი“ უნდა მოსაკლისა ივანეს, რომ თოროსანი მოყმე დილის საუზმეზე დაელოცა ლაშქართ უხუცესს. თავის მოყმე თანამოლაშქრეებთან ერთად თავად ივანე ციხისჯვარელი ანადგურებდა ხელშუბით მიზნებს. ყოველდღიური წვრთნა ოცდაცამეტი წლის ერისთავს ავაზის მოხერხებას და ფოცხვერის სიზუსტეს უნარჩუნებდა. მაგრამ კავალერიის შექმნა და გაძ₾იერება, წვრთნის გარდა, ცხენთა ჯიშის გამოყვანასა და საკმარის კვებას საჭიროებდა.

სტრატეგისის ცოდნა არ აკლდა ციხეთა და ქალაქთა იერიშის მცოდნე სარდალს. მან თავიდანვე დაუსახა მიზანი სახელმწიფოს მესვეურებს ციხისჯვარში დაბანაკებული სამეფო კავალერიის შესახებ. მსუბუქი ცხენოსანი, უმეტეს წილად გრძელი ჰოროლითა და ხელშუბებით შეიარაღებული, მშვილდისრით პაექრობის ოსტატი, მსუბუქი ფარითა და უნაგირით, მხოლოდ ტყავკაბით ჭურვილი, უეცარი თავდასხმებისათვის უნდა გაეწვრთნა მას და ყოველი ჩქამისათვის მზად ყოფილიყო.

მთაში ცხენების შენახვა და კვება ჭირდა. ამიტომაც სამ იარუსიანი ცხენსაშენი ააშენა ივანემ ცხენების მოვლისათვის. საჯინიბოების ქვეშ, პირველ იარუსზე, საკვებით გამოტენილი ბეღელი იყო გამზადებული თვითოეული კვიცისა თუ სრულ ასაკოვანი ჰუნესათვის. ყოველი მხედარიც საკუთარ ცხენთან ერთად ცხოვრობდა, მესამე იარუსზე. კაცისა და მისი ჰუნეს ბედი ურთიერთდამოკიდებული იყო. ჯამაგირი ეძლეოდა მეომარს და მის ცხენს. ჯილდოები იყო დაწესებული საბრძოლო მოქმედებებისათვის.   მხოლოდ საუკეთესოებს იღებდნენ ივანე ციხისჯვარელის ლაშქარში.  მთელი მესხეთიდან მოდიოდნენ მოყმენი. ასიდან ერთს ან ორს თუ იღებდნენ, გამოცდისა და მჭმუნვარე გასინჯვის შემდეგ.

ივანე ციხისჯვარელის ჯარში დაწუნებულნი ქალაქში მიდიოდნენ და სამეფო ლაშქარში, მანდატურის სამსახურში, მხედრებად ეწყობოდნენ.

ხმა ჰქონდა გავარდნილი ციხისჯვარის კავალერიას და მის სარდალს.

***

  განვლილი ბრძოლებიც მხარს უმაგრებდნენ ივანე ციხისჯვარელს. გიორგი რუსის სარდლობით, ქალაქ დვინს შეუტიეს ქართველებმა. აქ განსაკუთრებით ისახელა თავი, მოქნილობითა და სისწრაფით განთქმულმა ციხისჯვარის ათასეულმა.

დვინის ალყის დროს იხილა ივანე ციხისჯვარელმა იური ბოგოლუბსკი  საქმეში. უშიშარი მხედარი იყო რუსი, თავს და ძალებს არ ინდობდა. სამხედრო ძალა ერთიანად რომ გაწყვეტილიყო, მაინც მიაღწევდა თავისას, ეს უცხო, ახოვანი, ცისფერთვალება გოლიათი. მეფე-სარდალი, მუდამ არაყის სუნით რომ ყარდა – ეს კი გაკვირვებას იწვევდა მესხის თვალში, მაგრამ ომის დროს, რადგანაც მოგებაა მხოლოდ წარმართველი, თავდაღუნული უსმენდა გალეშილ რუსს, ციხისჯვარელი.

ხუთი წლის წინ, გიორგი რუსის სარდლობით, არაქსის ველზე უშიშრად მიაბიჯებდნენ  აფხაზთა და ქართველთა სამეფოს მხედრები. სომეხთა ოდინდელი დედაქალაქის სელჯუკთაგან გამოგლეჯვა დაისახა მიზნად ქართველთა სამეფო კარმა, რომელსაც მეფეთ-მეფე თამარი ხელმძღვანელობდა.

მისმა მამამაც გიორგი მეფემ, ცოტახნით წაართვა არშაკიანების ოდინდელი დედაქალაქი თურქებს, მაგრამ კვლავ მათ ეკუთვნოდათ დვინი. ნისლში იყო გახვეული არემარე. უჩუმრად მიიწევდნენ მხედრები და არაფერი არღვევდა სიჩუმეს, მაგრამ ჰოი.

მინაბული ველი, უეცრად ყიჟინამ გაჰკვეთა, არემარეს მოქნეული ხმლების ზუზუნის ხმა მოედო, აჭიხვინდნენ ცხენები და ცხვრისფარასავით დინჯად მიმავალი ნისლის გაუმჭვირვალე სხეულიდან სელჯუკთა კავალერია გამოიჭრა. სელჯუკური ხმლის დანახვისას უნებურად ასტკივდათ კისრები, მათ წინააღმდეგ დაძრულ ბაგრატიონთა მხედრობის მოწინავეებს.

გულგანმგმირული დაეცა აფხაზთა მედროშე, გადაეფარა ქართველი მოლაშქრე და ცხენიდან დაიქვეითა რამოდენიმე ქართლელმა, წრიული დაცვითი მწყობრის აშენებისათვის. სარდლებმაც შეჰყვირეს და როგორც ჩანს წყობათა შინა სიმტკიცე მოაგონეს თავის ხელქვეითებს. შეგუბდა ქართველ-აფხაზთა მხედრობა. მათ გარშემო კი სელჯუკთა ცხენოსანმა ათასეულმა დაიწყო მიჭრა-მოჭრა, კვეთა და ისრების დაშენა. მრავალი მეომარი დაეცა ხელგაუნძრეველი. შიშმა შეიპყრო ბევრი გამოცდილი და ბრძოლისათვის შეუმზადებელი. ლაშქარი ათრთოლდა, მაგრამ ამ დროს სწორედ იური ბოგოლუბსკის ხმა გაისმა.  თითქოს თითბირის ფარზე ხანჯარი დასცესო, რაღაც უცხო ენაზე წამოიყვირა რუსმა სარდალმა. მის გვერდით მაშინ ვარდან დადიანი და ბოცო ჯაყელიც იდგნენ. რუსის ხმამ ყველა გამოაცოცხლა. საიქიოდან დააბრუნა უცხო შეძახილმა მიგუბებული, ჯოჯოხეთში დასაძირად გამზადებული სულები. ჰეო-ჰარალეო ყიჟინა ჰკრეს ქართველმა სარდლებმაც გიორგი რუსის გვერდით.

ამ დროს კი თავად იური წინ გავარდა და სელჯუკებს დაეძგერა ცხენზე შემჯდარი. როგორც ჩანს ამ დროს უზანგმა უმტყუნა იურის. სელჯუკთა ლაშქართ-უხუცესს შემოჰკრა ჰოროლი მაგრამ მისი ცხენი შეფორხიალდა და თავად რუსიც უკან გადაჰქანდა.

„მეფეს მარქაფა ცხენიო“- გაიგონა ციხისჯვარელმა თავისი ბიძაშვილის ბოცო ჯაყელის ხმა. ამ დროს ვარდან დადიანიც უხმობდა ეგრისელ ცხენოსნებს. როგორც ჩანს სელჯუკებს პირდაპირ სარდლობის გაწყვეტა ეწადათ და მომხვდური ჯარის გულში იყვნენ შესავარდნად გამზადებული.

სწორედ ამ ფიქრებზე უმალ დაებერა შუბლის ძარღვები ივანე ციხისჯვარელს და მან თავისი ცხენოსნების ასეულით, ტალღა-ტალღად მოჭენავე სელჯუკების წინ-მავლებს დაეძგერა . ბრძოლა წამებში გაჩაღდა. ივანე ციხისჯვარელი სწორედ იქ მიიჭრა, სადაც ვარდან დადიანსა და ბოცო ჯაყელს არტყამდნენ ალყას თურქ-სელჯუკები. გიორგი რუსი უკვე ცხენიდან იყო ჩამოსული და  კარვის დედაბოძით იგერიებდა მომხდურ თურქებს.

როცა ცხენებმა ერთმანეთს ლაშები გაშმაგებით დააგლიჯეს და მრავალი მომხვდური ცხენიდან გადმოეშვა, სელჯუკებმა უკან დახევა იწყეს. ამ დროს მოზღვავდა ქართული ჯარიც. ქვეითებმა, მძიმე საჭურველი ხელთ იპყრეს, ერთმანეთს მხარი – მხარს მისცეს, ხელი ხელს და ბიძგებით არივ-დარიეს მომხვდური.

რადგან უეცარი შეტევა არ გამოუვიდათ, სელჯუკებმა უკან დაიხიეს და ისრების სეტყვა დააყარეს აფხაზთა და ქართველთა მხედრობას.

დაიჭრა ვარდან დადიანი. ბოცო ჯაყელს მოუკლეს ცხენი და ამ დროს გიორგი რუსმა მალემსრბოლის მეშვეობით უბრძანა ივანე ციხისჯვარელს გაეფანტა თურქ-სელჯუკნი.

ბრძანება ციხისჯვარელთა კავალერიის გაწირვასაც წააგავდა. მაგრამ ივანე არც დაფიქრებულა. ერთი მოიხედა. ციხისჯვარის ცხენოსანი ჯარი გადააჯგუფა. წინ გამოცდილი მეომრები დააყენა, უკან შედარებით ახალბედები განამწესა და ამ წამიერი მომზადების შემდეგ, შეუჩერებლივი ისრების წვიმაში, ცხენი დააოთხა.

„წმინდაო გიორგი, გამარჯვე-ბა ჩვენ-და “ – შესძახა ათასეულმა და შეტევაზე გადავიდა. მშვილდისრით მეომარ სელჯუკებს, მესხი ცხენოსნები შუბებით წვდებოდნენ და ცხენიდან აგდებდნენ, ეს უკანასკნელნი კი უკან იხევდნენ და ისრების დაშენას აათმაგებდნენ.

„მაშინ ვიფიქრე, რომ ჰოი, აღსასრული დამიდგა“ – ერთხელ თქვა ამ ბრძოლის გახსენებისას ციხისჯვარის მოურავმა ივანე ცხენოსანიძემ.

მრავალი გაწყდა. სელჯუკნი უბადლოები არიან უკან დახევის დროს. მაგრამ მესხები დაუმარცხებლები იყვნენ ივანე ციხისჯვარელის ხმლის ქვეშ. ყველას მისწვდა ოძრხეს ტყეებში გამოთლილი ხელშუბი. უამრავი სელჯუკი ცხენზე დაემხო და ბრძოლის ველს, მკვდარი ან სიკვდილის პირას მყოფი განერიდა.

წამებში წყდება ცხენოსნის ბედი. ისრებმა დაგლიჯეს მებრძოლთა სხეული. ხოლო სული დვინის ნისლს შეუერთდა. უაბჯროდ, შემოგლეჯილი ტყავ-კაბით, მოჭენდა მესხებთან გიორგი რუსი. ამოღებული მახვილით სამხედრო სალამი მისცა მან სისხლისაგან დაცლილ  სამთო-მხედრობას და უცხო ენაზე რაღაც შესძახა.

ივანე ციხისჯვარელს მოეჩვენა, რომ რუსი მათ ინდობს და ციხისჯვარის თავგანწირულ კავალერიას იარების მოშუშების უფლებას მისცემს, მაგრამ ამაოდ.

„ქართველთა და აფხაზთა ხელმწიფე იური გიბრძანებთ დვინის ქალაქამდე მისდიოთ უკან დახეულ სელჯუკთ, ამასობაში კი ჩვენი ჯარიც გაემზადება“- თქვა სომეხმა თარჯიმანმა თოროსმა და დაბნეული სახით ახედა ახოვან რუსს.

„უთხარი ხელმწიფეს რომ ციხისჯვარელთა ათასეული სისხლისაგან იცლება, თანაც ქალაქს გიჟი თუ შეუტევს მსუბუქი კავალერიით“- თქვა ივანემ და იურის ბოგოლუბსკის ამღვრეულ თვალებს მშვიდი მზერით შეხედა.

„გაედევნე და გარეკე“ – თარგმნა სომეხმა თოროსმა რუსის ბოლო სიტყვები და ისიც, ბანაკისაკენ გაჭენებულ იურის ბოგოლუბსკის სირბილით გაჰყვა.

   „გაგვწირეს, მაგრამ წმინდა გიორგი გაგვიმაგრებს მხარს“- გამოსცრა კბილებში ივანე ციხისჯვარელის გვერდით მომავალმა ცხენოსანიძემ, რომელმაც თავისივე პატრონის მსგავსად, დეზები ამოჰკრა ცხენს და რაზმეულის წინ ამოჰყო თავი.

  • მოყმენო, ლომებო, ვეფხის ტყაოსნებო, უნდა გავედევნოთ აოტებულ თურქებს, მომყევით თქვენს ერისთავს – შეჰყვირა ივანე ციხისჯვარელმა და დვინის მიმართულებით ჭენებით დაიძრა. ხუთასი კაციდან ხუთასივემ, მიუხედავად სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობისა იგივე გაიმეორა და სულ მალე მთელი რაზმი ნისლში გაუჩინარდა.

      ეს იყო ხუთი წლის წინათ!

   ***

  • თბილისს მიდიხარ ციხისჯვარელო? – გაისმა გორაკიდან, ქალბატონის ხმა და ივანემ თავისივე მეუღლე გვანცა სამძივარი დალანდა, რომელიც ცხენს მისკენ მოაგელვებდა. სულ მალე გვანცას ბრძნულ თვალებში ივანემ აუცილებლად გასანჭვრეტი არაკი აღმოაჩინა და გაიღიმა. 
  •  დიახ ჩემო მეუღლევ – ცოლს მოეხვია ერისთავი, შუბლზე ეამბორა მას, გვანცას ცხენის საკაზმავებს თვალი შეავლო, ყველაფერი რიგზეაო დარწმუნდა და თვალის გუგებში ჩააცქერდა სამძივართა წმინდა გვარის ასულს.
  • გამოიცანი აბა რა მოხდა – ეშმაკურად გაიღიმა სამძივართა ქალმა და ქმარს მკერდზე ხელი ისე შეახო, თითქოს მისი გულისცემის შეცნობას აპირებსო.
  • სარკინოზნი დაიძრნენ? – იკითხა ივანემ და შუბლის ძარღვები მას უეცრად იმგვარად დაებერა, როგორც მაშინ, დვინის ხეობაში ლაშქრობის დროს.
  • არა ივანევ!
  • არწივები გაფრინდნენ? – თქვა ციხისჯვარელმა, რომლის კოშკზე არწივთა ოჯახი სახლობდა ოდითგანვე.
  • არც ეგაა ჩემი უეცარი მოჭრის მიზეზი.
  • რა მოხდა სამძივართა ასულო გვანცა?
  • გიორგი რუსი, მოვიდა არზრუმ ქალაქს და ჯარის შეყრა ბრძანა. იცი მას ვინ შეუერთდა? შენი ბიძაშვილი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, აგრეთვე მეფის დიდი ვაზირი ვარდან დადიანი, კლარჯეთისა და ტაოს ერისთავი გუზან ტაოელი, მისი დაჩაჩანაკებული მამა აბულ-ჰასანიც რუსთან მივიდა და დაუჩოქა, აგრეთვე სხვა დიდებულებიც იქით მიიჩქარიან – თქვა სამძივრის ასულმა.
  • რა სურთ? – მოკლედ იკითხა ერისთავმა.
  • ამბობენ მეფედ დასვამენო რუსს! – გვანცა სამძივარი უეცრად ატირდა და შუბლი ქმრის მკერდს მიადო.

ციხისჯვარელმა მეუღლეს  ხელი გადახვია და გულზე მაგრად მიიკრა, გვანცამ ქმრის გულს სიმშვიდე შეატყო. ერისთავი აუღელვებელი იდგა და რაღაცას თავისთვის ფიქრობდა. სიტყვაძვირი იყო, როგორც ყოველი მესხი. გვანცა, სამძივართა უძველესი გვარის ასული, მეუღლის მხრებს ეამბორა.   უეცრად ოძრხეს თავს ცამ იელვა! უძველესი კედლები ვერცხლისფერად გაანათა ციდან მოწყვეტილმა მბრწყინვალე ისარმა. სადღაც მეცხრე ცაზე დაიქუხა.

შეტევა არწივის ფლანგით

სულა კალმახელის შთამომავალნი განათლებულ ადამიანებად ითვლებოდნენ იმ დროინდელ საზოგადოებაში. ივანე ციხისჯვარელი გელათის აკადემიასაც კი ეწვია და რიტორიკას ეზიარა, სოფრომ ელინის ხელმძღვანელობით. მაგრამ ციხისჯვარში დაბადებულ სიტყვაძვირ კაცს რიტორიკა არაფრად ესაჭიროებოდა. ორატორიას მართალია ვერ ეზიარა ციხისჯვარელი, მაგრამ ელინური ენა კარგად შეითვისა და ელინური წიგნების კითხვა დაიწყო. იმ ხანად სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე ბიზანტიის იმპერატორის ლეო VI ნაშრომები გამოჩნდა გელათის წინგთსაცავში. ლეო იმპერატორის „ტაქტიკა“ გადაიკითხა 14 წლის ივანე ციხისჯვარელმა და როდესაც მეორე ტომს მიადგა, გვერდებზე უამრავი ჩანაწერი შეამჩნია. „მალულად“, „ფარულად“, „არწივისებრად“, „ძერისებრად“ – მინაწერებით ამბობდა ვიღაც მკითხველი, ივანემდე დიდი ხნით ადრე.

დაინტერესდა ივანე ციხისჯვარელი მინაწერებით. როცა ბოლო გვერდი ჩაამთავრა, წითელი მელნით მინაწერს წააწყდა – „მიმინოსებური შეტევა, თუ გინდა მოსპო მტრის ლაშქრის სულთანი“. ივანე გაოგნდა და ნიკიფორე ფოკას წიგნი „მილიტარია“ მოითხოვა.

  • დავით აღმშენებლის მიერ გადაწერილია ნიკიფორე ფოკას სამხედრო შედევრი – უთხრა მას წინგნთსაცავის უხუცესმა გულაბერისძემ.
  • თავად მეფის? – გაოგნდა ივანე
  • თავად! – თქვა უხუცესმა და არქივში შეიკეტა. მძიმე რკინის კარი მიიხურა და მხოლოდ საღამოს გამოჩნდა, იქვე ჩამომჯდარ ივანეს შეხედა და კითხა – ამდენ ხანს მშიერი ხომ არ მელოდი შვილო?
  • დიახ გელოდით – უპასუხა ივანემ და ძალიან გაუხარდა რომ უხუცესის ხელში დიდი წიგნი შენიშნა.
  • დავით აღმშენებლის ხელითაა გადაწერილი – თვალები უბრწყინავდა გულაბერისძეს.
  • გულში ჩავიკრავ ამ წიგნს – ჩაილაპარაკა ივანემ და წიგნი მართლაც გულში ჩაიხუტა . უეცრად იგრძნო ძალა და ანთებულმა უცხო ძალით თქვა –
  • ვიგრძენი დავით მეფე!  

გაკვირვება მაშინ ელოდა ივანეს, როდესაც ნიკიფორე ფოკას წიგნს, წითელი მელნით მრავალი მინაწერი აღმოუჩინა.

„გაშალე ცხენოსანი ჯარი ველზე, როგორც არწივი, თუ ძალა გერჩის, ხოლო თუ არა მაშინ, შევარდენის ფორმა მიეცი და უეცრად დააცხერი მტრებს“.

ივანე ნიკიფორეს ნაშრომს კითხულობდა და შემდეგ გვერდზე ახალ ახალ მინაწერებს ხვდებოდა. „სელჯუკნი იყენებენ კობრას წყობას, როდესაც მიესევი შეჩერდებიან და წამოიმართებიან“. ან კი ასე – „ჰინდონი მორიელის წყობით დაგვხვდნენ, ჩვენ კი უმალ გადავაჯგუფეთ ცხენისანნი და ძერას მწყობრით შევუტიეთ ღრიანკალს. გაიქცნენ, გავჟლიტეთ…“.

წიგნთუხუცესს რომ უბრუნებდა ნიკიფორე ფოკას თხზულებას , კიდევ ერთხელ ჩაეკონა 14 წლის ციხისჯვარელი ნაშრომის მასიურ სხეულს.

  • წიგნი ძალაა ! – უთხრა გამომშვიდობებისას გულაბერისძემ ყმაწვილს.
  • გვერდებზე უცხო მინაწერები ვნახე წითელი მელნით და ვისია? – იკითხა ივანემ.
  • ეგ არავინ იცის! იყო ერთი მხედარი, რომელიც დიდგორის ველზე გმირულად დაეცა. მისი სახელის გამჟღავნების უფლება არცერთს არ გვაქვს – თქვა სახეაწითლებულმა გულაბერისძემ და ისევ წიგნთსაცავში შეიკეტა.

ივანე წამოვიდა. კიდევ ექვსი კვირა დაჰყო მას შემდეგ გელათის აკადემიაში. სოფრომ ელინს გულისყურით უსმენდა. მაგრამ იგრძნო რომ მამა და დედა ენატრებოდა და პირველივე გამოძახებაზე შემოახტა მამის ცხენს და მსახურებთან ერთად ციხისჯვარს გააჭენა ბედაური.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა!

*** 

დაიძრა რუსი კარნუ ქალაქიდან. წინ შემოუძღვა მარზაპანი ანუ მესაზღვრე ერისთავი და სპასალარი ბოცო ჯაყელი, ივანეს სისხლი და ხორცი. მარჯვენა ფლანგზე იდგა ვარდან დადიანი და მეგრული კავალერია. მარცხენა ფრთა ჩააბარეს გუზან ტაოელს და მის კლარჯებს. მოდიოდნენ სწრაფად. შეძახილებით. მათი ყიჟინა და სიმღერის ხმები ცას გაგსაგლეჯად ერკინებოდა.

ივანე ციხისჯვარელი იდგა თავისი ათასეულით და ოძრხესთან ბრძოლის გასამართად ემზადებოდა, მაშინ როცა ზურგიდან შემოუარეს ქართლელებმა და ოცხეს წყალი უეცრად გადმოლახეს, ზამთარში, ყინვაში, მშიერი ცხენები ფეხზე ძლივს იდგნენ. არათუ შეტევას არამედ თავდაცვასაც კი ვერ აიძულებდნენ ცხენოსნები თავიანთ ერთგულ ჰუნეებს.

ივანე ციხისჯვარელი მიწაზე განერთხა და ყური მიუგდო მტრის გადაადგილებას. თითქოს ახლოვდებოდა ხმა ფლოქვებისა. მძიმედ უტყამდნენ მიწას საბრძოლო ცხენები.

-„მძიმე მხედრობა წამოუყვანიათ, ერისთავი ბოცოი და ვარდანი მოუძღვიან“- თქვა დაღლილობისაგან სულამოვარდნილმა მზვერავმა და იქვე თოვლში ჩაიკეცა.

„ცხენების საკვები და ფურაჟი თავზე საყრელი აქვთ, ეტყობა ბარი დაიფორაქეს, გეგუთისაკენ მიდიან, ავიდეთ ციხისჯვარში და ჩავიკეტოთ“- უთხრა თავის თავს ივანე ციხისჯვარელმა.

-„რვაასიოდე კაცით ვერ დაუდგებით პატრონო“ – ამბობდა ვიღაც. ერისთავი მოტრიალდა და ცხენოსანიძე შენიშნა.

– ოძრხე !  – თქვა ციხისჯვარელმა.

ოძრხე

ევაგროს ბერი ოძრხეს თავზე, გამოქვაბულში ცხოვრობდა. მასზე ამბობდნენ რომ იგი სამძივარი იყო. სამძივართა გუარს ყველა მოწიწებით ეპყრობოდა. სამძივრები თავად წმინდა მოციქულს იყვნენ შენახვედრი.

ევაგროს ბერი, თავისი დიდი გუარის ერთ-ერთი ბოლო შთამომავალი იყო. მასთან ხანდახან მიდიოდა გვანცა სამძივარი და ეს ორი არსება ერთად დუმდა ხშირად.  ევაგროს ბერი, ხის ფესვების ნახარშს მიირთმევდა, როდესაც ყურს მისას ზანზალაკების წკარუნის ხმა მისწვდა. ბერმა გვერდზე გასწია ქოთანი და გამოქვაბულიდან გარეთ გამოვიდა. გვანცას ჯორი შეჩერდა ბერის დანახვისთანავე. არა მარტო შეჩერდა არამედ გაშეშდა. გვანცა მიიჭრა ევაგროს ბერთან და მაჯაზე აკოცა.

  • შემოდი – მკაცრად უთხრა ევაგროსმა ქალს.
  • რა გვეშველება მამაო? – იკითხა თვალცრემლიანმა გვანცა ციხისჯვარელმა.
  • განსაცდელი მოდის ყველასთან.
  • მაგრამ ივანე მათ არ დაანებებს ციხისჯვარს და ოძრხეს.
  • ოძრხე მისცეს ივანემ!
  • რაო? – გაოგნებული შეჰყურებდა გვანცა ევაგროს ბერს.
  • შემომხედე!

ევაგროს ბერი გამოქვაბულში გაუჩინარდა. თითქოს დიდ ლოდებს ატრიალებსო, იმგვარი ხმა გასდიოდათ ქვაბის სიღრმეში არსებულ საგნებს. ბერო დაბრუნდა და ხელთ წიგნი ეპყრა!

  • რა წიგნია?
  • ბედთა შემცნობი თხზულებაა იაფეტისა – ბრძანა ევაგროსმა და გვანცას „სული გაყურსეო“ თითის – ზე-აღმართვით უბრძანა.
  • გვანცა ცრემლიან თვალებს არ აშორებდა ევაგროს ბერს.
  • „ხოლო ეს არის წარმომავლობა ნოეს ძეებისა: სემის, ქამის, იაფეთისა, და შვეს მათ ძეები წარღვნის შემდეგ. იაფეთის ძეები: ღამერი და მაგოგი და მადაი და იოვანი და ელისა და თობელი და მოსოქი და თირასი. და ღამერის ძეები: ასქანაზი და რიფათი და თორღამა. და იოვანის ძეები: ელისა და თარსისი, კიტიელნი და როდიელნი. თირასი იგივე თარში მამაა თარგამოსისა, რომლისგანაც მოდის ქართლოსი და მისი ერთ-ერთი ნათესლარია უფალი ამ ქალაქისა გმირი ოძრხოსი.

ოძრჴოსს მისცა მამამ აღურაცხელი ქვეყანა ტაშისკარითგან ვიდრე სპერის ზღუამდე, ქუეყანა კლდოვანი. ამან ოძრჴოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრხე და თუხარისი.

სწორედ აქ ამ ოცხის წყალის ხეობაში მოვიდა დიდი ოძრხოსი და დააფუძნა ქალაქი თვისი! იგია მამასახლისი ამ მხარისა და მისი სული არ უნდა განვარისხოთ დედაკაცო!

  • სამცხის სპასალარი მოდის ბოცო, ოძრხეს ასაღებად, ივანე შებრძოლებას აპირებს და უთუოდ დაიღვრება სისხლი ჩორჩანელთა შორის! რა ვქნათ მამაო, მითხარი, ვერ გაიგო ჩემმა დიაცის გონებამ ამ წიგნში ამოკითხული სიბრძნე. მითხარო მამაო ევაგროს მდაბიო ენით! ივანე გეკითხება თავად!
  • ქმარს შენსას ივანეს გადაეცი, რომ ოძრხესთვის ბრძოლა არამც და არამც არ შეიძლება, რადგანაც მოდის ბოცო ჯაყელი, რომელიც არის ოძრხოსის ბიძის, მოსოქის ნათესლარი, გაიგონე დიაცო? უფრო მეტი მოდის უფრო მცირესთან. ბიძა მოდის ძმისწულთან. გმირი ოძრხოსის სული შერცხვება, შენმა ქმარმა მისი ციხის კედლებთან სისხლი რომ დაღვაროს სტუმართა. გესმის თუ არა?
  • მაშ რა ვქნათ – გაშეშდა გვანცა სამძივარი!
  • ბოცოი ჯაყელი მიიღეთ როგორც სტუმარი!
  • ეგ არ შეიძლება, ეგ ღალატია მეფეთ-მეფე თამარისა – აღმოხდა გვანცას, რომელსაც დიდი სიყვარულით უყვარდა მასზე სამიოდე წლით უფროსი ხელმწიფე.
  • მაშინ გაეცალეთ ბოცოს! ადით ციხისჯვარში. დევთა ნასახლარი – ციხისჯვარი თქვენია. დაიცავით იგი – თქვა ევაგროს სამძივარმა და გამოქვაბულის სიღრმეში გაუჩინარდა.
  • ეს ხომ თავად ოძრხოსის ქვაბია მამაო? – იკითხა აკანკალებულმა გვანცამ მაგრამ მას ევაგროსი აღარ გამოეპასუხა.
  • გვანცა გამოქვაბულიდან გამოვიდა, ჯორზე შეჯდა და ციხისჯვარელთა ბანაკისაკენ დაეშვა. რატომღაც მოსოხისა და ოძრხოსის შეხვედრაზე ფიქრობდა, როდესაც ქმართან მივიდა და მის განიერ მკერდში შეიმალა.

***

  სამი დღის შემდეგ, ბოცო – სამცხის სპასალარი იდგა ოძრხეს მთავარ კოშკზე და არემარეს მდუმარედ გაჰყურებდა. ციხის ეზოში აფთარ კოპასძე გასცემდა ბრძანებებს. რჩეულიანთა რაზმი ციხის კედლებს იკავებდა და ოძრხეს საზამთრო ბანაკად გადაქცევას უქადდა.

მაგრამ როდესაც მოსაღამოვდა, მწუხრის ლოცვისაკენ მიდრეკილი ბერები შედგნენ რადგანაც მთიდან მომავალი ბერი შენიშნეს და კაცი გაგზავნეს სამცხის სპასალართან.

***

  • როგორ შენიშნეს ამ მრუმე ღამეში მთიდან მომავალი ადამიანის მოძმე? – გაიცინა ბოცო ჯაყელმა და ბერს დააკვიდრა. ჩია ტანის ბერი დაფიქრებული ჩანდა.
  • ვინ მოდისო რა თქვეს? – დაამთქნარა დაღლილობას მიცემულმა ერისთავმა და ბერს გახედა.
  • ევაგროს ბერი მობრძანდება ქალაქს – თქვა ბერმა.
  • ეგ რომელი ევაგროსია, სამძივარი არა? – ბოცო მოწყენილი სჩანდა.
  • ეგაა, ევაგროს ბერი ქალაქს იშვიათად ეწვევა ! თუ ეწვევა მაშინ ხდება რაღაც საფრთხილო და დამაფიქრებელი. თვალი მოჭრუტა ჩია ბერმა.
  • მობრძანდეს ბატონო, მობრძანდეს – თქვა ბოცომ და წუხანდელი შეტაკების დროს დაღალული კუნთი გასჭიმა.
  • ეხლავე! – თქვა ჩია  ბერმა და კოშკის ბოლო სართულიდან წრიული კიბით დაშვება დაიწყო.

ოძრხოსის რკინის ქამარი

ევაგროს ბერი კოშკის წრიულ კიბეზე ამოსვლას მოერიდა, მენჯ-სახსარის დაავადება მოიმიზეზა თუ სხვა რამ იგულისხმა ვერავინ გაიგო. უბრალოდ თქვა:

  • ჩამოვიდეს დაბლა ბოცო სამცხის სპასალარი! სამძივარი ელოდება ჩორჩანელთა შთამომავალს!

„სამძივარი ელოდება ჩორჩანელსო?“ – გაისმა ევაგროს ბერის სიტყვა ქალაქ ოძრხეს უბნებში. ამ ამბის შემტყობი ხალხი სახლებიდან გამოიჭრა და ციხისკენ გაეშურა. ჩია ბერმა მოწიწებით თავი დაუკრა ევაგროსს და კოშკის კარები გამოაღო, დაფიქრებით აათვალიერა წრიული კიბე. ალბათ იფიქრა ეხლა რა ვუთხრა ერისთავსო და შემდეგ ავიდა წრიულ კიბეზე.

სანამ ჩია ბერი ჩოხის ბოლოს მიათრევდა აღმა მიმავალ, ლოკოკინის ფორმის მქონე კოშკის დერეფანში, ოძრხეს ქალაქის დაბაღები, დალაქები, მეპურენი, ხაბაზნი, ოინბაზნი და მეწისქვილენი მოიჭრნენ და ევაგროსის წინ დაიჩოქეს.

ევაგროსმა გაუღიმა მოქალაქეებს და ადექითო უთხრა.

  • არა პატრონო, ვიქნებით შენს წინა-ძე დაჩოქილნი – თქვა დაბაღმა შიომ და ევაგროსმა ჯვარი გადასახა ყოველ მათგანს.
  • სად არის ჩემი გვანცა სამძივარი ციხისჯვარელისა? – იკითხა ღიმილით ევაგროსმა.
  • ციხისჯვარს წავიდა, ივანე ერისთავის სპას გაჰყვა! – უპასუხა დაბაღმა შიომ ბერს და გაკვირვებით შეხედა მის მომღიმარ სახეს.
  • დაბრუნდება შვილებო, გვანცა სამძივარი, ყოველიფერი კარგად იქნება! – თქვა ევაგროსმა და მიმოიხედა.
  • დაგვიპყრო ტაოს ლაშქარმა – წამოიტირა მესაფლავე მორჩილამ
  • იყუჩეთ ! – სახე მკაცრი გაუხდა ევაგროსს და ამ დროს კოშკის კარი გაიღო და მის წინ ახოვანი ვაჟკაცი,  შვიდკეცად დაკუნთული მხრებით განთქმული ბოცო სამცხის სპასალარი აისვეტა.
  • მამაო ევაგრე !  – შესძახეს შიომ, დაჩიმ, აღაბაბამ, მორჩილამ და სხვებმა. ისინი ბერსა და სპასალარს შორის ჩადგომას აპირებდნენ ,როდესაც ბოცომ ყველას დაასწრო და ევაგროს ბერის წინ ქედი მოიხარა!
  • ადექი ჩემო სპასალარო, ადექი, არ უწევს საწყალი ბერის წინაშე, მესხეთის უპირველეს მოყმეს ჩამუხვლა – თქვა ევაგროსმა და ბოცო ჯაყელს მხარზე ეამბორა.
  • როგორი გიკითხოთ მამაო? – თქვა დაბნეულმა ბოცომ.
  • თქვენს სტუმრობას და ჩემს დახვედრას გაუმარჯოს ოძრხეს ქალაქში ბოცო ჩორჩანელო – თქვა ბერმა და ტყავის აბგიდან რაღაც ამოიღო.
  • ეს იცით რა არის სპასალარო? ეს გახლავთ პირველი გმირის, ამ ადგილის მესაკუთრის – ოძრხოსის რკინის ქამარი. ჩორჩანელთა წინაპარი იყო ოძრხოსი. შენ სპასალარო მოსოხის შთამომავალი ხარ. მოსოხი იყო ბიძა ოძრახოსის. მისი სული აქაა – ამ ქამარში! მიეგებე სამცხის სპასალარო შენი წინაპრის წმინდა სულს!

***

იმავე ღამეს დატოვა ბოცო ჯაყელმა და მისმა სპამ ოძრახოსის ციხე და ქალაქი. აბიათარ კოპასძემ, მხოლოდ ერთი კაცი დატოვა ამ ქალაქში, ნიშნად იმისა, რომ იგი მათ სპას ეკუთვნოდა.

ბოცო და მესხეთის ჯარი გეგუთს მიეშურებოდა საიდანაც ვარდან დადიანი, გუზან ტაოელი  და ამირა-ქურდი, წარსულში ცნობილი აბულ-ასანი ელოდებოდნენ. ვარდან დადიანი იტყობინებოდა – „ყოველიფერი კარგად იქნება, იური ბოგოლუბსკის გავამეფებთ, თამარს მასვე დავუბრუნებთ და სამეფოს განვამტკიცებთო“.

მაგრამ, ბოცო ჯაყელი გუნებაზე არ იყო.     

***

 მეორე დღეს იდგნენ გეგუთს. ვარდან დადიანმა ითამადა იმ ღამეს. ეგრისის მთავარი იყო ლხინის უფალი! იური ბოგოლუბსკის წვეთი ღვინო არ შეუსვამს. მასვე ადევნებდნენ თვალს ჭორის მოყვარენი. ზოგი ამბობდა დათვრება და ფალოსს პირდაპირ დარბაზში ამოიღებსო. სხვანი კი ჩურჩულებდნენ, შეხედეთ, აი ნახავთ, გამოშტერდება თავკვერისაგან და შემდეგ მთავარ დედაბოძს მიაშარდავსო. ხითხითებდნენ და ელოდნენ იმას, რაც თავად ამ პატარა კაცებს ეწადათ. ზოგი ჩურჩულებდა – „დიაცებს ამოურჩევენ და ღამე მოართმევენო“. ამ ჭორების გამომგონებელს გულში კიცხავდა ბოცო სამცხის სპასალარი, რადგანაც ხედავდა, რომ სახე-ფერმკრთალი და სათნო იყო გიორგი რუსი.

  • შესაძლოა შეეშალა კაცს რაიმე ჭაბუკობის ჟამს, მაგრამ  კაცობაში რომ შევიდა, მას მოევლინა სულიწმინდა და კაცი ანგელოზს ემსგავსა – ამბობდა გუზან ტაოელი, უგუნებოდ მყოფი ბოცო ჯაყელის გასაგონად.
  • სოფისტების საუბარს მოეშვი გუზან ტაოსკარელო – უეცრად თქვა ბოცომ და სუფრიდან წამოდგა.

ვარდან დადიანმა უმალ შენიშნა ჯაყელის სუფრიდან წამოდგომა და იმ წამსვე ყანწი გამოუგზავნა გეგუთის დარბაზის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მჯდომ სამცხის სპასალარს. ბოცომ ყანწი დასცალა, ხვალინდელი დღის საქმენი მოიმიზეზა და აბიათარ კოპასძეს სთხოვა სუფრაზე დარჩენა. თავად გამოვიდა კარში, საკუთარი კოშკისაკენ წავიდა, გუშაგნი მოხსნა და კოშკში მარტოდ ავიდა. მშვიდად დაძინება ეწადა.

***       

 სიზმარი იყო, თუ ცხადი, ვერც კი გაარჩია.  კლდის ქიმზე იდგა იგი. შორს მოსჩანდნენ ციხენი: ჯაყი, ჩორჩანი და კალმახი. უეცრად წინ გადაუდგა ევაგროს ბერი, რომელსაც ხელთ გმირი ოძრახოსის რკინის ქამარი ეპყრა.

  • „ამ ქამრის შემომრტყმელი და მისი შთამომავალი,  დაიპყრობს ოძრახოსის ქვეყანას ტაშისკარიდან კარნუ-ქალაქამდე, პონტოს ზღვიდან  დევის წყარომდე“- ამბობდა ევაგროსი.
  • მე ვირტყამ ამ ქამარს, მომეცი – თქვა ბოცომ. ევაგროს ბერმა მას თითქოსდა მიაწოდა კიდევაც რკინის ქამარი, მაგრამ ბოცოს ყველა ცდა შემოერტყა იგი უშედეგო აღმოჩნდა.
  • დამიბრუნე ოძრახოსის ქამარი, იგი სხვისთვისაა – უპასუხა ბოლოს ევაგროს ბერმა და ამ დროს ბოცოს გამოეღვიძა.

***

გეგუთის სასახლეში ბუკი აყვირდა!  ვარდან დადიანი ეზოში იჭურვებოდა. გუზან ტაოელი უკვე შეჯავშნულ ცხენზე იჯდა და ხელთ იური ბოგოლუბსკის შტანდარტი ეპყრა! მხცოვანი აბულ-ასანიც რაინდების მწყობრთან იდგა და ძველმოდურ მუზარადს ირგებდა რის გამოც ახალგაზრდა მოყმენი სიცილს ძლივს იკავებდნენ.

  • მხარგრძელთა მარბიელი კავალერია შემოიჭრა, მაგრამ გამოვიჭირეთ, ნუნისის მღვიმესთან  გვყავს მიმწყვდეული და დღესვე მოვუღებთ ბოლოს – გაჰყვიროდა გუზან ტაოსკარელი და ბოცო ჯაყელს სანადიროდ იწვევდა!

გაგრძელება იქნება


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: