Posted by: burusi | 01/09/2020

კახაბერ ჯაყელი “სიყვარული და შეთქმულება”

სიყვარული და შეთქმულება

1187 -1191

ჯაყელთა 1000 წელი

კახაბერ ჯაყელი

***

უთენიას მოსჭენდა მალემსრბოლი გუზან ტაოელთან. მამა, დაბრმავებული და ყრუდ ქმნილი ქალაქის ქურდი – აბულ ასანი შვილს უგზავნიდა უსტარს.

გუზანმა „სკიტალა“, ცაცხვისაგან გამოჭრილი ჯოხი მოიმარჯვა და მალემსრბოლს შეხედა, რომელმაც თავის დაქნევით მიუთითა მას, რომ წერილი საიდუმლო წყობით იყო დაწერილი.

გუზან ტაოელმა საჩქაროდ დაახვია წერილი „სკიტალას“ და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხა: – „ რუსი განაგდეს სასახლიდან, ბიზანტიაში მიჰყავთ გემით.  გაიყარნენ.“

გაოგნებული შეხედა ტაოსკარელმა მალემსრბოლს.  

მზემ ამოსვლა იწყო ტაოს მთებიდან!

***

ხელჯოხიანი გუზან ტაოელი შავშეთის ციხე კოშკში წინ და უკან დადიოდა და ტახის ხორცის შემოტანას ელოდა. მის წინ გაშლილ სუფრაზე ბოცო ჯაყელი შეექცეოდა ირმის სუკს, ადგილობრივი ღვინით იგრილებდა ყელს და ხანდახან ახედავდა, მის წინ შემდგარ  მასპინძელს. თავად გუზან ტაოსკარელი სახეზე წამოწითლებულიყო, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ თითქოს რაღაცის გამხელა უნდოდა სიყრმის მეგობრისათვის, მაგრამ, როდესაც ბოცოს  გადახედავდა, სურვილი ეკარგებოდა საუბრის.

ეზოში რჩეულიანთა რაზმისათვის დიდი სუფრა იყო გაშლილი, აზნაურთა სიცილი ისმოდა. ბოლოს, როგორც ჩანს ერთი აზნაური ბოცოს და გუზანის სადღეგრძელოს თქმას აპირებდა და ამის გაგონებაზე ბოცო სამცხის სპასალარი სარკმელთან მიდგა, ხელში ყანწი ეჭირა. აზნაურის დალოცვას უსმენდა. თავს უქნევდა სამადლობლად. შემდეგ  რჩეულიანნი წამოიმართნენ და ერთხმად შესძახეს:

  • გამარჯვება მისცეს ღმერთმა სამცხის საპალარს.
  • გამარჯვება მისცეს უფალმა ღმერთმა  თამარს- მეფეთ მეფეს და დედოფალთ დედოფალს აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელს  და მის თანამეცხედრეს გიორგის ბოგოლიუბსკის – შესძახა საპასუხოდ ბოცომ და ყანწი დასცალა, შემდეგ შემოტრიალდა და ტახის მწვადის სუნმა საუფრისაკენ გაიყოლა.

ბოცოს მიერ, გიორგი რუსის ხსენებაზე, გაღიმებულმა გუზან ტაოელმა დაბრაწული ტახი თავად დადგა ვერცხლის სინით ბოცოს წინ და ტაბლაზე ჩამოჯდა. ბოცოს თვალები უბრწყინავდა და გუზანს ელოდა, სანამ იგი ვერცხლისტარიანი ხანჯლით ტახის ბარკალს ჩამოუჭრიდა ძმაკაცს.  გუზან ტაოსკარელი ვერცხლის ტარიანი ხანჯლით ამუშავდა და გაიფიქრა:

„ისევ მოჭიდავეა, არ შეცვლილა, თვალები ბავშვს მიუგავს, ბრძოლისა და ჭიდაობის ჟამს გამოცოცხლდება ხოლმე, როგორ ვუთხრა კი მაგრამ?“.

  • გუზან ძმის გულო, ვიცი, რომ რაღაც გინდა გამანდო, მაგრამ მაცალე თუ კაცი ხარ, ერთი ეს ტახი შემარგე, შემდეგ ვისაუბროთ – ჩაიცინა ბოცომ და გუზანს კვლავ ახედა.
  • შენი სიტყვა კანონია აქ შავშეთში, ბრძანე რაც გინდა ძმობილო – გუზანი იჯდა და თავადაც ტახის კანჭს მიირთმევდა და თაფლს აყოლებდა.
  • ბერძნული რჯული შემოგჩვევია – ფართო თვალები მიაპყრო ბოცომ გუზანს.
  • შენც გასინჯე, პატრიციების საჭმელია, თაფლით გოჭის ხორცი.
  • მერე ეს ხომ გოჭი არაა , ტახია შავშეთისა – გაიბადრა ბოცო.
  • გასინჯე.

გუზან ტაოსკარელი თურქებზე გამარჯვების მიუხედავად, უხალისოდ სჭამდა. წამდაუწუმ რაღაცას ფიქრობდა და ბოცოს ძლიერ მხრებს ათვალიერებდა. რა უნდოდა შავშეთში, თბილისის ამირას ვაჟს? მამამისმა გიორგი III რომ 1279 წელს იხსნა, მაშინ კი იფიქრებდა აბულასანი, რომ მის ერთადერთ შვილს ბაგრატიონები საზღვრის დასაცავად გადაისროდნენ? არა!. აბულ-ასანი თბილისელი ამირა – ქურდი, სასახელო და სახელგანთქმული კაცი ისე დაამცირეს და მიაგდეს რომ მისი საჩინო სიტყვა მზისა და ხალისის მოყვარული ქალაქისათვის მკვდარი შეიქნა.  ყველას ეგონა რომ აბულ-ასანს  შვილისათვის ქალაქ თბილისის ამირას თანამდებობა დაბევებული ეგონა. მართლაც გიორგი მეფეს რითი უნდა მიეზღო სამაგიერო აბულ-ასანისათვს, თუ არა მისი შვილის ქალაქის ამირად დამტკიცებით?  მაგრამ ყოველი მოხდა უკუღმა. რაც აბულასანი „ბებრად“ სცნეს და საკუთარ პროვინციაში გადაასახლეს, გუზან ტაოსკარელი შავშეთში გაამწესეს. მესაზღვრეობა მიანდვეს და ფაქტიურად ქალაქ თფილისის პოლიტიკიდან მოიცილეს. „ვისი აზრი იყო ეს, ვინ ჩააგონა გიორგი მეფეს და მის ერთადერთ მემკვიდრეს, ჩემი, ტფილისელი კაცის, ამირა-ქურდის,  შავშეთში გამოგზავნა?“ – ბოლო ორი წელია ამ კითხვას ვერ სცემს პასუხს გუზან ტაოსკარელი.

„ორბელები განადგურდნენ, დემნა დაიღუპა, აბულ-ასანის მომხრეები მიიცვალნენ და გიორგი მეფე გაძლიერდა, კი მაგრამ ვისთან ერთად უნდა ემეფა თამარს, ვინ გახდებოდა მისი გამაძლიერებელი პოლიტიკური ცენტრი? რომელიც უმწეო ქალისათვის სისხლს დაღვრიდა?“

გუზანს ამაოდ ეგონა, რომ ის თავად იქნებოდა მეფე თამარის გამაძლიერებელი ვაზირი, მაგრამ ამაოდ, ის უეცრად დაიფრინეს ბაგრატიონთა სამეფო კარიდან და ტაოსკარი ჩააბარეს სამოქალაქო კაცს.

„ბოცოსათვის რომ ჩაებარებინათ ტაოს-კარი, ეს მოჭიდავე, ბედნიერი იქნებოდა. დადგებოდა ტაოს-კართან და იბრძოლებდა, ბეშქენ ჯაყელის მსგავსად, რომელიც მას პაპად ერგებოდა!

მე არ ვარ ბედნიერი ტაოსკარელობით! მე დიდი აბულ-ასანის ვაჟი, მეფეთა საიდუმლოს მცოდნე, შავშეთს არ უნდა ვეგდო განწირული და საკუთარ ხრმალზე მინდობილი! მე უნდა დაუბრუნდე თბილისის სანახებს, სადაც ყოველი მამიჩემის მიერ არის აღშენებული და შემქნილი“ – მკერდში მოგიზგიზე ალს  ვეღარც აქრობდა ქალაქის ამირას შერისხული შვილი.

  • ძალზედ მაგრა დაჰკრა შენმა აზნაურმა შამელთა სარდალს, ასი ვერცხლი და ეს ხრმალი უნდა მივუობოძო – თქვა გუზანმა და ბოცოს გულის მოგებას მიჰყვა.
  • აზნაურმა ფოცხოველმა? დიახ მაგრად დაჰკრა! გულუხვი ხარ ჩემო გუზან, გაგიმარჯოს წმინდა გიორგიმ – თქვა ბოცომ და ძმაკაცს თვალი თვალში გაუყარა.
  • ბატონ აბიათარს გლივარიუმი მინდა ვუბოძო – ეუბნებოდა გუზანი დოსტს, რომელიც თვალის ჩაკვრით ანიშნებდა ეგრე სჯობსო.
  • შენი კი ჩემო სპასალარო აი მოდი სარკმელთან – შესძახა აღფრთოვანებულმა ტაოსკარელმა, სიყრმის მეგობარი სარკმელთან მიიპატიჟა და ეზოს გახედა.

შავშეთის ციხის კარიბჭეში, თეთრი კვიცი შემოიჭრა, ორი მეჯინიბე თან მოსდევდა კვიცს და საბლებით დაჭერას უპირებდნენ, კვიცი კი ისე დახტოდა გეგონებოდათ კანჯარიაო. ბოცოს სისხლი აუჩქეფდა ამ თეთრი ცხენის შემყურეს და გუზანს ფართო მარჯვენა მხარზე დაადო.

  • ჩემია?
  • შენია ჩემო სპასალარო – მთელი გრძნობით თქვა ტაოსკარელმა.
  •  ურანია უნდა დავარქვა თამარის კვიცის სახელი – ჩუმად გაუმხილა ძმაკაცს სათქმელი ბოცომ.
  • რაო? – გაიკვირვა გუზანმა და გაიფიქრა – „დათვი, შეყვარებულია“.
  • ეგრეა ! ბიჭებო ჩამოვდივარ, უნდა მოვახტე – ბოცო ეზოსკენ დაიძრა.
  • უჯდომელია სამცხის სპასალარო – შეჰყვირეს რჩეულიანთა, მაგრამ ბოცო სიტყვის კაცი იყო და რახან თქვა მოაჯდებოდა.

წამებში ბოცო ცხენს უტრიალებდა, ბიჭების მოდებულ საბლებს ხელში იხვევდა და ურანიას თავისკენ ითრევდა. ცხენი ყალყზე დგებოდა, ეტყობა ნასვამი სპასალარის მიახლოვება სულ არ უხაროდა, მაგრამ ბოცო ნახტომისათვის ემზადებოდა და ამ დროს მისი შეჩერება შეუძლებელი იყო.

***  

  • დარბაზში დავჯდეთ ეხლა და ვიბჭოთ სამცხის სპასალარო, ვინძლო, საქმეები ითხოვენ პასუხის გაცემას,  ტაოს გარდმოხვეწილი არ ვკარგავ თბილისის ამბებს, რაღაც უნდა მოგითხრო – თქვა გუზან ტაოსკარელმა და მცირე დარბაზში შეუძღვა სიყრმის მეგობარს.

ბოცო იღიმებოდა, თეთრი კვიცი საკმაოდ რთული გასახედნი აღმოჩნდა და მას რამოდენიმე წამებში მოუწია ხის ტოტზე შეხტომა გადასარჩენად, თორემ თეთრი კვიცი გაგიჟებით ცდილობდა სამცხის სპასალარისაგან განთავისუფლებას.

  • მყესი ხომ არ გაიგლიჯე? – მზრუნველობით ეკითხება გუზანი ბოცოს.
  • არა, რიგზეა ყოველი – ბოცოს ერცხვინება იმის აღიარება რომ თეთრმა კვიცმა არ მიიღო მისი ალერსი.
  • ასე მუდამ ძმობილო, თეთრი კვიცის ხელში ჩაგდებას დროს სჭირდება, დავამშევთ ცოტას და მოჭკვიანდება შენი  ურანია.
  • მართლაც ასეა – მაგრამ ხვალვე გავხედნი.
  • მერწმუნე საჭიროა ჯერ ბჭობა და შემდეგ იქნებ თავად ჩაგვივარდეს ხელში – გუზანი მამამისის პოლიტიკური ხლართების გამეორებას იწყებდა.
  • რაზე ვიბჭოთ , კვიცზე- გულუბრყვილოდ შეხედა ბოცომ ძმობილ ერისთავს.
  • სახელმწიფო საკითხებზე უნდა ვიბჭოთ მე და შენ სამცხის სპასალარო – გუზანი თვალებში ჩასცქეროდა ბოცოს.

„ამის მამა აბულ-ასანი ცნობილი თავის ხლართებით ეხლა შვილის სახით მოგვევლინა მტრად – ასე იტყვიან ჩემზე ბაგრატიონნი, როცა გაიგებენ რომ მოჭიდავე ბოცოს ჩემს მხარეზე გადავიყვან“- გაიფიქრა გუზანმა და მაგიდაზე რუქა გაშალა.

  • საზღვრები უკეთ უნდა იქნეს დაცული, რჩეულიანს რომ არ ევაჟკაცა და აბიათარ კოპასძეს, იქნებ არც ყოფილიყავი ცოცხალი ეხლა ჩემო გუზან! – გაიცინა ბოცო სპასალარმა.
  • და მერე რას ფიქრობ რომ შემოგთავაზებ სათათბიროდ?
  • შევადგინოთ წერილი სახელმწიფოს საზღვრების დაცვის სტრატეგიის შესახებ გუზან ბატონო, მე ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, შენ შენი ჰაზრითა და გუმანით , მივწეროთ წერილი თბილისის სამეფო კარს- ბოცო ბეჯითად ათვალიერებდა ტაოს გადასასვლელების მარშრუტებს, ძველ სპარსულ რუქაზე.
  • მერე ვის მივწეროთ ნეტა?
  • ამირსპასალარის სამსახურს! დაგვიფასდება – ამბობდა სამცხელი.

გუზანი რამოდენიმეჯერე მიაშტერდა გაკვირვებით თავის მეგობარს, განხიბვლა ეუფლებოდა თბილისიდან ტაოს გადმოსროლილ ერისთავს, ერთი წარმოდგა იგი, დარბაზში გაიარ-გამოიარა და უეცრად შუბივით მიაჩეხა ბოცოს:

  • მეფე თამარ-მზეს გაჰყარეს წუხელ გიორგი რუსი, რომელიც განაძევეს  და ამით ბაგრატიონებმა დაკარგეს უფლება მეფობისა!

***    

ბოცო არაფერს ამბობდა, მხოლოდ თვალის გუგებში ჩაჰკირკიტებდა გუზან ტაოელს, რომლის გონება, როგორც ჩანს იმ ფარული კედლის დანგრევას აპირებდა, რომელიც აღმართული ჰქონდა სამცხის სპასალარს მეფეთ ერთგულების განსამტკიცებლად.

„ყოველ კაცს აქვს კედელი ერთგულების, მაგრამ სხვადასხვა სისქისაა ესე კედელი, მე არც კი ვიცი მაგრამ ლოდსატყორცნები ყოველ კედელს დაანგრევენ საბოლოოდ, დრო არის საჭირო, დრო…“ – ფიქრობდა გუზან ტაოელი და ბოცოს თვალის გუგებში, შეუვალ კედელს რომ ვერ ხედავდა, ეს უკვე უხაროდა.

„ეს რომ მეფეთა მუნჯი ყმა იყოს, უკვე ჩემი თავი გალავნის შუბზე იქნებოდა წამოცმული ჩემო გუზან“- ეუბნებოდა ტაოსკარელი თავის თავს და ბოცოს ხელებზე შეჰყურებდა, სამცხის სპასალარს მსხვილი მაჯები მაგიდაზე დაეწყო და მხოლოდ გუზანის მიმართულებით იხედებოდა, მაგრამ არავინ იცის გუზანს ხედავდა თუ მის უკან, იმზირებოდა მოჩვენება სულ სხვა არსებისა, რომლის არსებობას გუზანი ხვდებოდა მაგრამ მუნჯად იყო.  

ასე არის ხშირად, გმირი ტურამ უნდა იგდოს ხელთ, მაგრამ როგორ?

***

თამარი როდესაც პირველად ნახა ბოცომ, იმწამსვე შეუქანდა მას გული. ძლიერმა იგრძნო უსუსურობა და უბრალოება თამარის ზეაწეულ წარბებთან შეპირისპირებისას, სელჯუკური ნამგალა ხმლების ისე არ შეეშინდებოდა პატარა ბოცოს, როგორც იმ დიაცის ხილვა, რომელსაც მისი გული სამუდამოდ უნდა დაეპყრო. მაგრამ ეხლა თამარის მეორე ხილვას იხსენებდა სამცხის სპასალარი.

თბილისური დილა სუფევდა, ისნის სასახლის ბაღში ვარდები გაიშალნენ. საამური სურნელი იდგა ვარდთა, იმ დღეს. მტკვრის ხეობაში ეს სურნელი მოძრავ, ამურებთან მფრინავ ღრუბელს ემსგავსებოდა. სასახლის ბაღებს ვარდთ-უხუცესი მირიანი, გვარად ვარდოსანიძე უვლიდა. მისი ხელქვეითნი სპარსეთიდან, შირაზიდან, ბადახშანიდან, საბერძენითან – კერძოდ მანგანის სასახლიდან ჩამოტანილ ვარდის თესლს ქართულ მიწაში აღვივებდნენ.

უფლისწული თამარი, თავისი სეფექალებით მირიან ვარდოსანიძესთან ერთად ვარდთა გახარების უცხო ხელოვნებას ეზიარებოდა. იმ დღეს მირიანს, ჩინმაჩინის ქვეყნიდან მოტანილი ვარდის ნერგი უნდა დაერგო საუფლისწულო ბაღში, მაგრამ მანამდე ამ ხელთუქმნელი ნერგის საიდუმლო უნდა მოეყოლა უფლისწულისათვის და მისი მოვლის კანონი აეხსნა ვარდთა და სურნელთა შემცნობელ დიაცთათვის სამეფო ამალიდან.

უფლისწულ თამარის გვერდით, მოთენთილად ჩამომჯდარიყვნენ თხუთმეწი წლის დიაცნი, ერთი უმალ შეიცნო ბაღისაკენ მიმავალმა ბოცომ.

  • ჩემი ძმა მოდის, ძამიკო, ბოცოკო – აჟღურტულდა თამარის ფერხთით მჯდომარე, მეწამულ სამოსელში გამოწყობილი გოგონა და მის შესახვედრად გამოიქცა ბაღის კიბისაკენ.
  • კრავაი, დაიკო! შესძახა ბოცომ და სამეფო დასის წევრი, თამარის განუყრელი მეგობარი და მესაიდუმლე კრავაი ჯაყელი გულში ჩაიკრა.
  • ბოცოკო ჩემო საყვარელო – ამბობდა მაღალი, ნუშისფერთვალება, თეთრი ქალწული რომლის ყელზე მოთამაშე მარგალიტების მძივი, საკუთარ ბიძასა და ბიცოლას აგონებდა ბოცოს და მასაც გული უთამაშებდა, სამეფო კარისათვის უცხო მგრძნობელობით დაშინებულს. 

კრავაი დახვეწილად ფლობდა სამეფო კარის გარიგებას! მისი გაცისკროვნებული თვალები ათამამებდნენ ბოცოს. „აქ მე გეგულვი ძმაო“ – ეუბნებოდნენ ისინი ყმაწვილ ერისთავს, მაგრამ ამავე დროს, არაერთ ინტრიგასა თუ ისტორიაში გამოცდილი კარი ბაგრატიონთა, ყოველ, ცოტათი ზედმეტად თამამსა და თავმოუდრეკელს ერისთავის ვაჟს რომ დასაღუპად გაწირავდნენ, ამაზეც ამბობდა მრავალს კრავაი ჯაყელის თვალის გუგებში ჩაძირული წითელი ნაპერწკლები და ღრმად ჩაძირული ისტორიის ქვები.

ბოცოსაც, ახალციხელ ბიჭს, დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა ბაგრატიონთა  სამეფო კარის შესასწავლად. ამაზეც აფრთილებდნენ მას კრავაის ზეაწეული წარბები და ოდნავ გამოვლენილი გამყინავი მინიშნებები.

ბოცო კრავაის გადაეხვია, ვარდის სურნელით აივსო ახალციხელი ერისთავი და სულში ჩაღრმავებულმა ვარდის რულმა, მის გულში საამური ფათერაკის გრძობა დაჰბადა.

  • წამო, თამართან – დაბალ ხმაზე უჩურჩულა ბიჭს, ბიძაშვილმა და ბაღის კიბეზე ასვლა იწყო, ბოცოც მიჰყვა მაგრამ უეცრად კრავაიმ მას უბრძანა:
  • თვალები დახუჭე, აქ ვინც შემოდის ყველას თვალნი აქვს ახვეული, შენ როგორც ჩემს სისხლს, უსახვევოდ აგიყვან კიბეზე, მაგრამ თვალი, სანამ არ გიბრძანებ არ გამიღო!
  • ბატონი ბრძანდები – გაეღიმა ბოცოს და კრავაის ხელს, ხელი ჩაავლო, თვალები დახუჭა და ფეხი ადგა. კიბე ორმოც საფეხურიანი იყო.

დაკიდულ ბაღებს ქმნიდა მირიან ვარდოსანიძე. „სემირამიდას ბაღების მსგავსად ქართველ მეფეთა ადგილი უნდა იყოს სამოთხის მსგავსი ედემი“- აბობდა ვარდთ-უხუცესი და სამეფოს უზრდიდა მისი სიბრძნის გამგრძელებლებს.

როდესაც ათი ნაბიჯი გაათავა ბოცომ, მაშინ მან იგრძნო სულ სხვა, ახალი სურნელი ვარდთა, ეს ხომ სპარსეთის შახის გამოგზავნილი, შირაზული ვარდის ჯიშები იყო, მზისკენ რომ იყვნენ მიდრეკილნი და თავის სურნელებას, მზის სხივებთან ერთად აქეთ-იქით აფრქვევდნენ.

კიდევ რამოდენიმე საფეხურის შემდგომ, ნაკადულის ჩხრიალი შემოესმა თვალდახუჭულ ბოცოს, „წყალია?“ – იკითხა მან, რაზეც კრავაიმ უპასუხა, „ვარდის წყალში დასველდები ოდნავ“.

უეცრად იგრძნო ბოცომ, სპარსულ სურნელს სულ სხვა სურნელი, უფრო ამურული, გულის ამაცქრიალებელი, მაგრამ დინჯი, მბრძანებლური არომატი მოჰყვა. აქ კი მართლაც გული აუთამაშდა ახალციხიდან თბილისს ჩამოვარდნილ ვაჟს.

„აი ეხლა კი ბიზანტიის ვარდების გზას გადავივლით და ბოლო წრეში შევალთ სადაც აფხაზთა და ქართველთა სამეფოების ვარდები მეფობენ“- თქვა კრავაიმ და ბოცო გაირინდა, ძვრაც კი ვერ უყო მას ბიძაშვილმა. ამ ადგილის დატოვება როგორ იქნებაო-ფიქრობდა სამცხელი.

„როგორია?“ – ჩურჩულებდა დიაცი, როდესაც ბოცო ცოტა გამოერკვა მაგრამ ენა დაება და ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. სწორედ ამ დროს უბრძანა მას კრავაიმ „ძმაო თვალი გაახილე!“

გაახილა თვალი ბოცო ჯაყელმა და მოცელილივით დაეცა ძირს, კინაღამ კრავაიც გადაიყოლა, არავინ იცის თავბრუ დაეხვა თუ სხვა რამ შეემთხვა. მის წინ, სპილოსძვლის ტახტზე მისვენებულ ღვთაებას მოჰკრა თვალი და გულში ძალა აღარ ეყო, ფეხზე მდგარიყო.

„ეს უკვე მეორედ ვარდება ჩემს წინ, მახსოვს ცხენიდანაც გადმოვარდა შარშან“ – გადაიკისკისა ღვთაებამ, როცა ბოცოს საწყალი კრავაი ასულიერებდა.

***

  • ცოტათი გამოფხიზლდი? ეკითხება კრავაი ბაღში გართხმულ ბოცოს და როგორც ჩანს მართლაც შეშინებულია ასული სამცხელთა.
  • სად ვარ? ისევ იმ ბაღში? შენ ვინ ხარ?- ძლივს ამოიდგა ენა ერისთავის ვაჟმა.
  • მე ვარ შენი კრავაი? რა მოგდის ვაჟო? – კანკალებს კრავაი
  • კიდევ შევრცხვი მასთან? – უიმედოდ ამბობს ბოცო.
  • რა მოგდის, ჩვეულებრივი ბაღია – გაკვირვებულია კრავაი. ამ დროს სამეფო სპის ამილახორი მოიჭრა მათთან და მტკიცე მარჯვენა მიახმარა კრავაის, ბოცოს ფერხთ წამოყენებაში.

***

ეს იყო თამარისა და ბოცოს მეორე შეხვედრა. ამ ჟამიდან, გული აქვს ამოვარდნილი სამცხის სპასალარს. მეფის სახელის ხსენებისას იგი კანკალებს. მისი გული ფეთქდება, კედელზე შემსკდარი ლოდსატყორნით გასროლილი თიხის ჭურვივით, რომლის შიგანში ცეცხლმოკიდებული შავი სითხე აჯანყებულა.

„კი მაგრამ რა უნდა ჩემგან თამარ-მზეს?“ – ეკითხება საკუთარ გონს ერისთავის ვაჟი.

  • ერთობა შენით – უჩურჩულებს მას ავი სული, რომელიც იმწამსვე გაურბის გაგიჟებულ ერისთავის ვაჟს.
  • გაგიმიჯნურდა – უჩურჩულებს ციხის კედელზე ასულ ბოცოს, მწარე ენოსანი, ფორიაქი სული.
  • დაგცინის, რადგანაც ვინ ხარ? – დაქირქილებს თავს ველური პანტის მსროლელი, ტყის ჭინკოური.
  • გეტრფის ! – ხარხარებს , სულის გალიაში ჩაკეტილი ფრთოსანი ჰარპია.
  • სისხლით არ ხარ შენ ბაგრატიონთა დარი – უდასტურებს შიშებს, კარის საკეტის ჭუჭრუტანიდან გამომძვრალი „ალმას-ქალწული“, რომელსაც ბურუსის შემდეგ ხედავენ სამცხელნი, მთაზე შეფენილ სოფლებში.

*** 

„თამარს ხედავს, მუდამ თამარზე ფიქრობს, საქმე არც აინტერესებს თუ თამარს უხსენებ!“- ჩურჩულებდა გუზან ტაოელი, როდესა მის თვალის გუგებში მოშტერებულ ბოცო ჯაყელს დაშორდა და კრიპტორიუმში ჩავიდა.

 ორი წლის შემდეგ

1189 წელს – შეთქმულების მზადებისას „ანჯამურ ანბანს“ ხმარობდა თავად აბულასანი, თბილისის ამირა – ქურდი, მამა და აღმზრდელი გუზან ტაოელისა. სკრიპტორიუმში ჩასული გუზანი იმაზე ფიქრობდა თუ რომელი ასოები გადაედგილებინა წერილებში რომ ახალი და უცნობი საიდუმლო წყობა შეეთავაზებინა ბიზანტიიდან შემოჭრისათვის მომზადებულ, უცხოდ აღრენილ, ქართველთა რუსი სიძისათვის.

  • ბოლოგუბსკის აზნაურები წერილებში საიდუმლო წყობას არ ხმარობენ, პირდაპირ წერენ სათქმელს, ამით არღვევენ თავად შეთქმულებისათვის დამახასიათებელ წესებსა და პირობებს – პირში ნიჟარა ჩადგმულივით ჩლიფინებდა, შუბოსანთა თავი გვარად მორკინალისძე.
  • მამამ ჩემმა, ტფილისის მმართველმა და გამგებელმა, ეს სიბრძნე კი მომანდო, რომ ჩემს თავს არ მივცე საშუალება,  მტერი გავაცინო და ბრიყვულად შედგენილ წერილს მოვაწერო ხელი.
  • მამათქვენი ტფილისის ქუჩებში გაზრდილი მოყმეა, დაჰმანურიც იცის და თბილისურიც  –  მორკინალისძე იგონებდა.
  • თიფლისისა და იბლისის ამბები გადაჯაჭვულია ერთიმეორეს ჩემო პატრონო – მორკინალისძე აიმღვრა ცოტა.
  • იბლისი ქურთთა ქვეყანაა, ტიფლისი კი იბერიელთა დედაქალაქი- თვალებში სისხლი მოაწვა გუზანს.
  • რომელი საიდუმლო სქრიფტი გამოვიყენოთ ამ მსგეფსის დროს? – მორკინალისძე შორს იცქირებოდა.
  • გიორგი III -ს ერთი ჯალათი ყავდა სპარსი ჯურხანა, საწყალი დემნას აჯანყების ბოლოს, ჯურხანა სევდიანი დადიოდა? ერთ დღეს შეხვედრია მამაჩემი დიდი აბულ-ასანი საბრალო ჯურხანს და უკითხავს – რამ დაგასევდიანა ჯურხანო?
  • ხალხი, ხალხი მემატება მოსაკლავიო – უთქვამს თვალცრემლიან ჯალათს.
  • ვერ ყოფილხარ კარგი ჯალათიო – უპასუხია აბულასანს.
  • ნუ მიიღებთ ხალხო მეფეთა წინააღდეგ შეთქმულებაშიო წილს და დაისვენებს ჯურხან სპარსიო – მიუგია პასუხად ჯალათს. აი ასეა ეს ამბავი – ან ნუ ვაკეთებთ ამ საქმეს მორკინალისძევ, ან კიდევ დამემორჩილოს ყველა, აქედან და ტრაპიზონდამდე და რუს სიძეს, მანამდე ნუ გადმოიყვანენ, სანამ დადიანისა და სვანთა პასუხი არ იქნება დასტურის შესახებ.
  • მიმოწერა გვინდა ყოველ ერისთავთან, რომ უსისხლოდ შევიდეთ დედაქალაქში და მეფედ ვაკურთხოდ ღირსეული – მრისხანე სახე ჰქონდა მორკინალისძეს.
  • ანჩხაბრული საიდუმლო სქრიფტი გამოიყენონ ამ მსგეფსში მორკინალისძევ. ბრძანება სისხლითაა ! უცთომლად მიჰყევით ანხაბრულ ანბანს – თვალებ გაფართოვებული ამბობდა ამას გუზან ტაოელი.
  • იქნება მასე ჩემო პატრონო, მაგრამ სამცხის თავკაცი ჩვენს მხარეს უნდა დადგეს!
  • ბოცო ჯაყელი ხვალ უკვე ჩვენი იქნება, შამელთა შემოსევამ გამიიოლა ამ კაცის ნაღდ გზაზე გადმობირება მორკინალისძევ- დარწმუნებით ამბობდა ტაოსკარელი.
  • თუ სამცხის სპასალარი ჩვენთან იქნება მაშინ უთუოდ უმალ უნდა შევიდეთ თბილისში, ვაკურთხოდ მეფედ რუსი და აღვადგინოთ ცოლქმრობა თამარსა და ბოგოლიუბსკის შორის.
  • დადიანიც ჩვენი იქნება, იქნებ ჯობს ჯერ ქუთათისს შევიდეთ და იქ ვაკურთხოდ მეფედ ბოგოლიუბსკი, შემდეგ მოვერთოთ ყველანი და მივადგეთ თბილისს- ფიქრობდა აბულასანის ვაჟი.
  • ერთი რამ მაფიქრებს პატრონო, ბოცო ჯაყელის ჩვენსკენ გადმოსვლით, რა ბედი ეწევა მის ბიძაშვილთ, კალმახელ-ციხისჯვარელებს?
  • ჯაყელები და კალმახელ-ციხისჯვარელები ერთი ოჯახია, ისინი ჩორჩანელის მოდგმა გახლავს, მათ შორის ისრის კვრაც კი არ გაიმართება. ციხისჯვარელები მშვიდი ხალხია. მათი ცხენოსანი ჯარი უმოქმედოდ უნდა დარჩეს და ამ ჯარს ჩვენ თორის ხეობაში ჩავკეტავთ, ამასობაში კი ტახტი და ხელმწიფობა ჩვენი იქნება – გუზანი დაჰყურებდა თავზე მორკინალისძეს და ფიქრობდა.

***

ბოცო, საკუთარი დედოციხის მრგვალ კოშკში იჯდა და ხელში კალამი ეპყრა. გიშრისფერი მელანი ქაღალდის სითეთრეს კაცთა ბედ-იღბლად გადაქცევას უპირებდა მის ხელში. ლექს მიეტანა სამცხის სპასალარი ბოლო ხანს. „გიორგი რუსი გააძევესო“ – ეს სამი სიტყვა უცხელებდა მას შუბლს და როდესაც მის ღვთაებას – თამარს წარმოიდგენდა, ოცნებებში უსათუოდ მის გამოსახსხნელად შეიჭურვებოდა და მიუძღვებოდა თორისა და სამცხის სამთო ათასეულებს თბილისისაკენ.

„კი მაგრამ ვისგან უნდა ვიხსნა თამარი“ – გაუელვა მას დღესაც გონებაში. „სასახლის კარი, თუნდაც თავად გუზანის მამა – აბულასანი, წყეული ზანქან ზორაბაბელი და სხვანი არ არიან განა დამნაშავეები მზე-ქალასთან? განა მათ არ მოჰგვარეს ლოთი და ნაყიფჩარარი რუსი წმინდანის დარ ქალწულს? განა მათ არ მოაშთვეს ყოველი უფლისწული მსურველი თამარის ხელისა? განა ისინი არ არიან გასვრილი მზე-თამარის უბედურებაში?“- ესაუბრებოდა საკუთარ თავს ბოცო სამცხის სპასალარი.

ბოლო ორი მსგეფსის ღამეები თეთრად გაატარა მან, ლექსსაც სწერდა. ახალციხური სტროფი ემარჯვებოდა. თამარის მიმტაცებლებს უწოდა ქაჯები – რომლებიც თავადვე ენახა ბავშვობაში, როდესაც მისმა მამამ მემნა ჯაყელმა ჯაყის ციხიდან ერთი დღის სავალზე მდგომი ციხე – ქაჯეთი უცხო, შავი ბეწვით დაფარულ არსებათაგან განწმინდა და გაოგნებულ ბავშვს ქაჯთა ციხის თავის – ყარაჯანის მოჭრილი თავი მიუგდო!

  • არ შეშინდე, ლომის ბოკვერო, დააკვრიდი კარგად, ამ არსებას ადამიანობას თუ ატყობ? – მიაძახა მამამ რვა წლის ბოცოს, რომელსაც ხელში შერჩა ქაჯის თავი, რომლის სიახლოვის გამო, ბავშვის კვიცი შეხტა და კინაღამ უფსკრულში მოინდომა გადახტომა.
  • ეს ვისი ციხეა მამა? – იკითხა  გაოგნებულმა ბოცომ, რომელმაც კვიცი მტკიცე ხელით მოდრიკა, ყარაჯანის თავი კბილებში გაირჭო და უფსკრულისაკენ მიმართული ცხენი მამისკენ მოატრიალა.
  • ამ ციხეში ჩვენი მტრები, ბუნ თურქები სახლობდნენ შვილო! მათ ისარს ვერც ბიზანტიური ფარი უდგებოდა და ვერც ქართული, აქ კი ერთი კაცი თუ შემოეტევა, როგორც ხედავ! წყობას ვერ გაშლი, რაზმს ვერ დააწყობ. მხოლოდ ერთ-ერთზე უნდა შეება მეციხოვნე ქაჯებს- ბრძოლისაგან დაღლილი ამბობდა მემნა ჯაყელი და ქაჯეთის ციხეზე ასულ თავისი რაზმის მეწინავეებს გაჰყურებდა.
  • აბა ჩვენ როგორ ავიღეთ მამა? – გაოცებული იყო ბავშვი, რომელსაც ყარაჯანას სისხლშემხმარი თავი უნაგირზე ჩამოეკიდა, მაგრამ გადმოყირავებული ყარაჯანა მათ ორივეს უცქერდა და ენასაც უყოფდა.
  • ჩვენ, დიდი შურტა კუტალმიშის სული გვეხმარება შვილო – თქვა მემნა ერისთავთ- ერისთავმა და შვილს ძველი ტყავის წიგნი გადმოუგდო.

ამის შემდეგ ბოცო ჯაყელს ქაჯები არც უნახავს, მაგრამ ყარაჯანას თავი ისე ჩაამახსოვრდა, რომ მისი გადატრიალებული თვალები და გამოყოფილი ენა – ეხლაც ახსოვდა, ამ ლექსის წერისას.

„ქაჯებს ყავთ გატაცებული მზე-ქალი…უნდა მოვინახულო ხვალვე დავიწყებული ციხე ქაჯეთისა, იქნებ ვინმე შემხვდეს იქ იმგვარი ვისაც ეხლა ვისურვებდი“- ჩაილაპარაკა ბოცო ჯაყელმა და ჯაყის ციხის მრგვალი კოშკი დასტოვა!

***

  • ერთი კვირა არ ვიქნები აფთარ ბატონო, ციხესა და სამცხეს შენ გიტოვებ –  ამ სიტყვებით მკერდზე ეამბორა რჩეულიანთა რაზმის სპასპეტს სამცხის სპასალარი.
  • თუ ქაჯეთს მიხვალ, იახლე რჩეული აზნაური ფოცხოველი! გირჩევ – შეათვალიერა აღზრდილი კოპაძემ.
  • მარტო  გაჭრა მსურს აბიათარ ბატონო – თქვა ბოცომ და გუზან ტაოსკარელის ნაჩუქარ „ურანიას“ მოახტა.
  • გამარჯვებით გევლოს ბოცოვ ! –  მარად დაუღალავმა აფთარ კოპასძემ მოსართავები შეუმოწმა ურანიას და ხელი გავაზე დაჰკრა. ამ რკინა-კაცის მტკიცე მარჯვენამ თეთრი კვიცი ონავრული ჟინით აღავსო და შურდულიდან გატყორცნილი ქვის სისწრაფე ჩაუყენა მას მუხლ-ძარღვში.
  • ქაჯეთისაკენ! – თქვა ბოცო სამცხის სპასალარმა.

ქარმა დაუბერა აღმოსავლეთიდან, კლდეებში სჩქეფდა ბორეასი, რომელიც მტვერს აყრიდა სამყაროს გაჩენის მომსწრე უდიდეს, დახავსებულ ლოდებს, რომელთაც ადამიანთა ტანფეხი და სახის ნაკვთ-კეთილ-წარბნი დაუბრუნა ბუნებამ. ჯაყის ციხიდან ქაჯეთამდე მიმავალ გაქვავებულ ლაშქარს ჰგავდნენ ლოდები, რომელთაც ურანიაზე ამხედრებული ბოცო ეჩურჩულებოდა.     

კახაბერ ჯაყელი

30 აგვისტო

2020


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: