Posted by: burusi | 24/05/2020

ბოცო ჯაყელი და უფლისწულ დემნას აჩრდილი 1187 წელს

ჯაყელები, საფარა

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

კახაბერ ჯაყელი – ბოცო ჯაყელი და უფლისწულ დემნას აჩრდილი 1187 წელს

ჯაყელთა 1000 წელი

გაგრძელება

გუზან ტაოელის კაცი  ჯაყის ციხის კიბეებზე არბოდა და გზა და გზა ოფლისა თუ სისხლის წვეთებს ტოვებდა. ბოცოს მწევარი ჩაფიქრებული შეჰყურებდა მოვარდისფრო  ლაქებს, უეცრად მოვარდნილ უბედურებასა და მის კვალს ძაღლიც კი გაეოცებინა.  მალემსრბოლი უკვე სამცხის სპასალართან შერბოდა, მწევარიც შეჰყვა და რამოდენიმე ნახტომით პატრონთან გაჩნდა. ბოცო – სამცხის სპასალარი და მთელი სამხრეთ საქართველოს სამხედრო ძალის მთავარსარდალი  გაფართოვებული, აღგზენული თვალებით, ერისთავთ – ერისთავის ტახტზე იჯდა და ელოდა.  მწევარიც მონური ერთგულებით დაუწვა ფერხთით თავის პატრონს. ბოცომ დახედა მწევარს და შემდეგ ახედა კაცს, რომელიც მისკენ მორბოდა. წამის მეათედში ბოცომ გაიფიქრა „შემოსევაა, მაგრამ ვისი“. კითხვა ტვინში ჩაიკარგა. მალემსრბოლი ძლივს სუნთქავდა.  მისი ტერფები ვარდისფერ კვალს ტოვებდნენ ტუფით მოპირკეთებულ იატაკზე.

  • თქვი – ბრძანა ბოცომ და მალემსრბოლის სიტყვის მოლოდინში ფეხზე წამოიმართა.

27 წლის იყო სამცხის სპასალარი, ტანით ყველაზე მაღალი გახლდათ თავის აზნაურებს შორის, დიდი და ფართო თაფლისფერი თვალები ჰქონდა, როგორც ბეშქენ ჯაყელის ყველა შთამომავალს, მასაც ვარდისფერი სახის ფერი დაჰყოლოდა. მხარბეჭიანი იყო, შავი წვერი ამკობდა, ულვაშები ბიზანტიურ იერზე, ნიკაპს ქვემოდ ჩასდიოდა.  წვერში ჯერ ჭაღარა არ ჰქონდა. მისი ოჯახი ზაფხულს ჯაყისმანში ატარებდა, ხოლო ზამთარს ჯაყელთა უთაღებო სასახლეში ახალციხეს მიბრძანდებოდა. იმ პერიოდში ახალციხე უკვე აღდგენილი იყო ფერფლისაგან,  ახალ ჩორჩანელთა მთავარი შტოების მიერ.  ბოცო და მისი ჯაყელები აღადგენდნენ თავად დედო-ციხეს ახალციხისას, ხოლო ქალაქში შენობებს აშენებდნენ ახალ ჩორჩანელთან უფროსი შტოს შთამომავალნი, რომლებსაც სულა კალმახელის მოდგმას უწოდებდნენ.

უდავოდ საინტერესო იყო, ლეგენდად ქცეული მირიან ბაჰლაუნდისა და მისი თანამეცხედრის – ლატარვა ჩორჩანელის, შთამომავლების ისტორია. ქუთაისიდან და თბილისიდან მათ გაძლიერებას ხან ეჭვით უმზერდნენ ბაგრატიონნი, ხანაც კი კმაყოფილებით. ეხლაც ასე იყო 1187 წელს.

საქართველოს ტახტზე ქალი იჯდა და ბოცოს ეს ქალი, ბავშვობიდან ბრძნულად მომზირალი თამარი, სიყმაწვილიდანვე გულით რომ უყვარდა, სძულდა კიდევაც.

მერე რა, რომ ის დრო ბავშობა იყო, როცა მას ერისთავის ვაჟს, გეგუთის სასახლეში, პირველად მოუწია ფეხის შედგმა და თამრის ხილვა. მას ხომ მაშინ სხვა არაფერი ჰქონდა საზრუნავი, მხოლოდ მისი სიტყვა ან ქცევა თამარს, თუნდაც კეთილი მზერით დაეჯილდოვებინა.

მაგრამ არა. დიდებულთა ყმაწვილებს, თამარი იშვიათად გაჰხედავდა ხოლმე. ისინი მის გარემოცვაში იყვნენ. ვაჟებს ფარიკაობას ხოლო, ერისთავთა ასულებს გარდმოხსნის რთული მინიატურების ამოქარგვას ასწავლიდნენ. ხანდახან ვაჟებს რიტორიკის კურსსაც უკითხავდა ათონიდან დაბრუნებული ქართველი ბრძენი როსტომი. ყველას მათ ხომ გელათის აკადემიისათვის ამზადებდნენ.

ერთხელ იყო ველზე ჯირითის დროს, წინ მიჰქროდა თამარი, მის ცხენთან მიახლოვება ვაჟებისათვის უზომოდ დიდი კადნიერება იყო, მაგრამ გაბედა ბოცომ, მიუახლოვდა თამარის ცხენს, მისი წითელი კვიცი კინაღამ დააფრთხო, რადგანაც თამართან მიახლოვება კვიცმაც იწყინა, მაშინ ახლოდან შეავლო ერისთავის ვაჟმა თამარის ნაწნავებს თვალი, ქარი უფრიალებდათ მათ თმებს, წინ ლურჯი მთები დალანდა ერისთავმა, რა თქმა უნდა მზე ჩასვლისაკენ იყო დაქანებული.

თამარის ნაწნავებს შეჰყუებდა გაოგნებული და ხმა ჩავარდნილი, გოგონას თმების ლაბირინთებმა გაიტაცეს ბოცოს მზერა, არაჩვეულებრივი თავგადასავალი იყო ასე მიუღწეველი და იდუმალი გოგონას თმის ნაწნავის თვალიერება, სული სიამოვნებით აღევსო ბოცოს. „იქნებ ვუთხრა რამე“ – უფიქრია მას მაგრამ ამ დროს თამარმა მოჰხედა, გავეშებული მიჰქროდა მისი წითელთმიანი კვიცი და თამარიც ძალიან მყარად იჯდა უნაგირზე, ბოცოს მხარეს შემოტრიალებულიყო და მოცისფრო თვალებით მშვიდად შეჰყურებდა ამ კადნიერ ჭაბუკს, რომელიც მას თითქოსდა ეწეოდა კიდევაც.

„იქნებ გსურს რომ გაასწრო ჩემს ურანიას“ – ეკითხებოდა ბოცოს თამარის თვალი.

ურანია თამარის კვიცს ერქვა. ნაწნავები ხტოდა ჭენებაში, თამარმა უეცრად გადაიკისკისა და დაბნეულმა ბოცომ იგრძნო რომ ცხენიდან ვარდებოდა. თითქოს სული გაუჩერდა აღელვებისაგან, სუნთქვა შეუწყდა, რადგანაც ანგელოზს მიუახლოვდა. ტანი აუცახცახდა,  მამის, მემნას გამოზრდილი არაბული ცხენიც ვეღარ მოთოკა და უეცრად თვალებიც დახუჭა.

ყველაფერი შეჩერდა, მხოლოდ დარჩა ზეცა, მოქუფრული, დაღამებისაკენ მილტოლვილი, – „სად ხარ ბოცო“ – გაჰყვიროდა ვიღაც ველზე, მაგრამ ბოცო დუმდა, იწვა და არავის თავი არ ჰქონდა, მან ჩათვალა რომ სიკვდილის ღირსია. თითქოს დამნაშავეა. თავად თამარს მოუწევს მისი გაკიცხვა.

„სად ხარ ბოცოი?“ – გაჰყიროდნენ მისი მსახურნი, მაგრამ როდესაც არაბულმა ლაფშამ მასთან თავად მოირბინა და თავის მიერ გადმოგდებულ პატრონს, ფრუტუნით დახედა, მაშინ დაინახეს მინდორზე, ეკლიანში გაწოლილი ბოცო და მოირბინა ყველამ ვისაც კი შეეძლო.

ბოცო კვლავაც იწვა, თავზე წამოადგნენ მისი ტოლი ყვაწვილები, აგერ დადიანმა მოირბინა, შემდეგ გუზან ტაოელი მოჭენდა და ბოცოს დანახვაზე ცხენიდან გადმოხტა, მოვარდნენ ახალციხელები, სურამელნი, ორბელნი და არტანუჯელნი, პატარა საღირ მახატლისძემ, რომელსაც წიგნს ფარიკაობა და ჭენაობა ერჩივნა, ტყავის საკაცე მოარბენინა, მაგრამ ყველანი უეცრად შედგნენ და მოწიწებით გაიფანტნენ, როდესაც თავად ბოცოს უიღბლობის „მთავარი მიზეზი“ მოჭენდა თავის წითელთმიან ურანიაზე მჯდარი:

  • რა მოუვიდა ერისთავ მემნას ვაჟს? – გაისმა თამარის მელოდიური ხმა. მიწაზე გართხმულ ბოცოს სირცხვილი მოაწვა და უმალ წამოიწია, მაგრამ საშინელი ტკივილი იგრძნო წელის მიდამოებში და კვნესით დავარდა, მაგრამ უეცრად სასწაული მოხდა, თავად თამარი ცხენიდან ჩამოხტა, აღვირი მახატლიძეს გადაუგდო და სწრაფი ნაბიჯით ველზე გართხმულ ერისთავის ვაჟს მიუახლოვდა. როგორც ბოცოს ახსოვს თამარმა ჩაიმუხლა და ბოცოს შუბლზე ხელი დაადო.
  • შე საწყალო, გტკივა? მე მოგარჩენ, გადაიყვანეთ ჩემს ლაზარეთში – უბრძანა ცხენიდან ჩამომხტარმა თუ ზეციდან ჩამოსულმა ქალღმერთმა ერისთავის ვაჟს საღირ მახატლისძეს და დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოს ვაჟებმა და ქალებმა, ერთად წამოიკიდეს ბოცო მემნას-ძე ჯაყელი და საკაცეზე დააწვინეს, შემდეგ კი დიდის ვაის-ვაგლახით მიიყვანეს იქვე მგდარ აფხაზთა ათასეულის ბანაკში. შემდეგ ბოცო გეგუთს გაგზავნეს. ბავშვობიდანვე ბრძენად წოდებულ თამარს, გეგუთში ლაზარეთი გაეხსნა, სადაც თავად სწავლობდა აქიმთა ხელობას.

***

ამ ტკბილ მოგონებებში რომ შეიჭრა წამიერად სამცხის სპასალარი, უმალვე გონს მოეგო, რადგანაც გუზან ტაოელის კაცს უსმენდა, რომელიც შემდეგს ამბობდა:

  • `მოვიდეს კარნუქალაქელნი , შამელნი, და თურქნი გარმიანისანი , ცხენოსანნი და ქვეითნი და აივსო შავშეთისა და კლარჯეთის ქვეყანა.
  • რამდენნი არიან – შეჰყურებდა მალემსრბოლს ბოცო.
  • ინებეთ გუზან ტაოსკარელის ბეჭედი და უსტარი, მე კი დაუმატებ რაც პატრონმა გუზანმა ბრძანა – ბევრნი არიან, ემატებიან ყოველი მხრიდან, ნიაღვარივით მოდიან, ეხლა თუ არ შევაჩერეთ მომავალ მსგეფსში შესაძლოა ათჯერ მეტნი იყვნენ, რადგან ყოველი მხრისკენ აფრინეს თავად წერილები და თავიანთი რჯულის თურქთ მოუწოდეს ტაოში მოსვლა დედაწულიანად. რამოდენიმე მათი კაცი შევიპყრით და ვნახეთ, რომ დიდძალი თურქობა ემზადება სქართველოში , კერძოდ მესხეთში გადმოსასვლელად.
  • მუდრეგნი – მუდამ სხვის ქვეყანაში გადმოცხოვრებას მიელტვიან – ჩაილაპარაკა ბოცომ, მალემსრბოლს მადლობა უთხრა, რამოდენიმე ვერცხლი უბოძა და მოსასვენებელად გაისტუმრა, შემდეგ დახედა იატაკზე სისხლისა და ოფლის შემღვრეულ კვალს და აბიათარს უხმო.

***

სიყმაწვილის მეგობარი გუზან ტაოსკარელი, ამირა აბულასანის ვაჟი, უფრო  რთულ სურათს ატყობინებდა. როგორც ჩანს თურქებს, უკვე დაეჭირათ   მესხეთის მცირე საერისთაოებს შორის გადასასვლელი უღელტეხილები, შესაბამისად დიდი ლაშქრის შეკრება უკვე გვიანი იქნებოდა, ხოლო მცირე ლაშქრით რას მოიმოქმედებდა? ბოცო უმალ თავის აზნაურებზე ჩაფიქრდა, აქ ეგულებოდა მას სამთო ლაშქრობის დაჰმანი მებრძოლები. ის ეზოში გამოვიდა და ჯაყის ციხის შიდა საასპარეზო ვაკეზე დადგა. მისმა საჭურველთმტვირთველმა, აბიათარ კოპაძემ ჩაქუჩი თორმეტჯერ დაჰკრა „სამხედრო მუხას“, როგორც კი მისი ყრუ ხმა მიაწვდინა მოპირდაპირე ფერდობზე მდგარ ჯაყისმანის მონასტერს , იქაც ბერებმა ზარი დარეკეს, ცეცხლი იმწამსვე დაანთეს, შემდეგ ანთებული კოცონი, კომშის ხის ფოთლებით ჩააქვრეს და ცაში მოვარდისფრო კუამლი აუშვეს, რაც შემოსევას ნიშნავდა.

„ეს კი მაგრამ ქუდზე კაცი ვერ გადაწყვიტავს ჩვენს რთულ მდგომარეობას“ – გაიფიქრა ბოცომ, შემდეგ აბიათარ კოპაძეს გახედა და სამხედრო ძალის ოდენობაზე დაფიქრდა.

„ათი ათას კაცს ორ კვირაში შევკრიბავ, მაგრამ ამ დროისათვის თურქები უკვე ასი ათასი იქნებიან, ამიტომაც, მანამ  სანამ თურქები ათი ათასნი არიან, სჯობს  ჩემივე ხუთასი კაცით დავეცე შავშეთს, შემდეგ კი კლარჯეთს“ – უმალ წარმოიდგინა სამხედრო რუქა ბოცო მემნას ძე ჯაყელმა და  კოპაძეს ასე უთხრა.

  • სანამ მთელი მესხეთის ძალა მოგროვდება, რჩეულიანნი შემოვიკრიბოთ ! ამ ღამსევე მსუბუქად აღჭურვილები მივდივართ შავშეთისაკენ, ტაოელი მთიელები, სამთო მხედრიონი დაგვჭირდება.

აბიათარ კოპაძემ მოიხმო აზნაურები და მესხი კაცისათვის დამახასიათებელი სიდინჯითა და მეცნიერებით შეუდგა ლაშქრობის დაგეგმვას.

   ***

 ბნელდებოდა, აბიათარ კოპაძე სამთო რაზმს წრიაპებსა და კავებს უმოწმებდა, აქვე ნაცრისფერ მგლის ტყავში გამოწყობილი ოციოდე კაცი ტრიალებდა, სწორედ ესენი იყვნენ „რჩეულიანნი“, მესხეთის მთის მკვიდრნი, დაჰმანი მონადირენი, არწივის, შევარდნისა და მიმინოს, მწვრთნელი ბაზიერნი, უცხოდ მშვილოსანნი და ასევე გზებისა და ბილიკების იდუმალი მცნობელნი. ზოგიერთი მათგანი მამისაგან მემნა ჯაყელისაგან მოკიდებულად და მიმდგომად მოჰყოლოდა ბოცოს. ყველანნი აზნაურნი იყვნენ, უაზნოს რჩეულიანში არავინ მოიხმობდა. არათუ არ მოიხმობდა, უაზნო და უყმო კაცი ვერ შეძლებდა რჩეულიანში საჭირო აღჭურვილობით მოსვლას. მათი საჭირველი ხომ სულ სხვა იყო, ვიდრე ჩვეულებრივი მოლაშქრის, ხმარებაში გამოცდილი და ძვირფასი, არა ოქროთი და ვერცხლით, არამედ სისხარტით და სიმარჯვით.

აი თუნდაც ფარი რჩეულიანთა, გახლდათ შავი, მსუბუქი, მაგრამ მყარი. ფოლადის ოვალურ ჩარჩოზე, სპილენძის მავთულებს შორის, მგლის ოთხკეცი ტყავი იყო გადაჭიმული. ჯიბეებში ფარს,  ბრინჯაოს ჩელტები ჰქონდა ჩაფენილი. ამგგვარ ფარს „მგლოსანს“ უწოდებდნენ ქართველნი და მის შესაძენად ათი მეწველი ძროხა არ კმაროდა. დასამზადებლად „მგლოსანი“ იოლი არ გახლდათ. ჯერ მგლის ტყავს უნდოდა ნიჭიერად მომზადება, გამოყვანა, დამარილება, შემდეგ წითელ ღვინოში დაბანა, ისევ დამარილება, ისევ დაბანა, შემდეგ ტყეში, უმაღლეს წიფელზე ჩამოკიდება და რამოდენიმე კვირა გამოშრობა, შემდეგ კი კოცონზე დარბილება და სამწერლობო პაპირუსივით დახვევა. ბოლოს კი როდესაც ფარის ჩარჩო მზად იყო, დახვეული ტყავის გორგალი იხსნებოდა ოსტატის მიერ და ნაწილ ნაწილ ეკვრებოდა ფარის ფოლადისა და სპილენძის ნაწილებს, ფარი შიგნით იხვევდა მგლის დამუშავებულ ტყავს, რომელიც ყველაზე მძლავრ ისარსაც გაუძლებდა, რადგანაც მოქნილი იყო, იკუმშებოდა და იშლებოდა, არამც და არამც არ იხეოდა და დაზინებული ადგილებიც კი ადვილად აღსდგებოდა. თუ მეომარს ხელთ „მგლოსანნი“ ეპყრა, მისი ისრით დაჭრა შეუძლებლად მიაჩნდათ თურქებს. ამიტომაც, ისინი პირდაპირ, ხმალდახმალ ბრძოლაში ებმებოდნენ. აქ კი „მგლოსანი“, როგორც მსუბუქი ფარი, სწრაფი მეომრისათვის მისწრება იყო. მესხი ფარიანად უსწრაფესად გადაადგილდებოდა, მტრის თვალწინ ხტუნავდა, ცდილობდა მისთვის წონასწორობა დაეკარგვებინა და ბოლოს მტერი მიწაზე დაეგდო. დედამიწაზე გართხმულთ არ კლავდნენ „რჩეულიანნი“, ისინი მოწყალებას იჩენდნენ დანებებული ან დაჭრილი ტყვის მიმართ, რომლისათვისაც მომავალში გამოსასყიდის მიღებას ელტვოდნენ.

„მგლოსანი“ ფარი მწყობრ ბრძოლაში, არც მთლად საკმარისი დაცვა იყო მეომრისათვის. იგი უფრო მოყმის, რაინდის იარაღი გახლდათ უწესრიგო, ქაოტურ შებრძოლებაში, ამიტომაც, ბოცოს საჭირველმტვირთველი და რჩეულიანთა სარდალი აბიათარ კოპაძე თავის გამორჩეულ მეომრებს უჩინრად, მოულოდნელად შეტევასა და მიხტომას ასწავლიდა.

  ეხლა კი რჩეულიანთა ხრმალზე. სარკინეთის მთებში, ქართლის, კახეთის, კოლხეთისა თუ მესხეთის საიდუმლო გამოქვაბულებში რკინის კაცთა ერთანი სამხედრო ორდენი ამზადებდა ფოლადის და სხვა მადნების შენადნობ იარაღს რომელსაც „შვეტს“ უწოდებდნენ. შვეტი იყო სამი სახის: მეფეთა, რომელიც რამოდენიმე მზადდებოდა და შემდეგ უმკაცრესად გამოიცდებოდა, სპასალართა და სპასპეტთა, რომელიც კეთდებოდა ერისთავის მაჯისა და სხეულის ფორმის შესაბამისად, ასევე გამოიცდებოდა ხმალკვეთებაში და ბოლოს სამხედრო ჩინს ჩაბარდებოდა რკინის კაცთაგან პირადად და შვეტი ლაშქართა და მოლაშქრეთა, რომელსაც ასობით ამზადებდნენ რკინის კაცნი, იმ რაზმებისათვის, რომელნიც თამარ მეფის გვარდიას – მონასპას წარმოადგენდნენ.

შვეტი არ კეთდებოდა ერისთავთათვის. ისინი თავის ხმალს, ქალაქის ხელოსნებს უკვეთავდნენ და საკუთარ რაზმს თვითონ აღჭურვავდნენ. ამიტომაც ქართველი სპასალარის ხრმალი ბევრად აღემატებოდა რომელიმე ერისთავის მახვილს, მას ორად გადაჭრიდა როგორც დანა მათრახს და  მოწინააღმდეგეს შიშის ზარს დასცემდა.  ეს იცოდნენ ერისთავებმა. ბოცოს და მის რაზმს – რჩეულიანს, სწორედ სპასალარისა და სპასპეტის შვეტები ეპყრათ ხელთ. თუ საქმე ქვეყნის დაშოშმინებას მიდგებოდა ამგვარი მეომრები ერისთავთა ციხე-კოშკებს მარტივად შემუსრავდნენ, რადგანაც მათ ხელთ სამხედრო შვეტი ეპყრათ.  თუ ვინმე აკრძალვის მიუხედავად სამხედრო, სპასალარის შვეტს გაჰყიდიდა, მას ამ იარაღში, ას ძროხას მისცემდნენ.  ლაშქართა შვეტი ოცდაათი ძროხის ფასი იყო. მაგრამ ამ ფასადაც შვეტს ვერავინ იშოვნიდა, რადგანაც მისი უკანონოდ პყრობა სიკვდილით ისჯებოდა, გამოძიების შემდეგ.

 მშვილდი რჩეულიანთა, ერთგული და ავად მოსაუბრე ასპიტი მტრებისათვის მართლაც, საჩინო ხელმარდ ძალას წარმოადგენდა მომხვდურის მკერდის გასაპობად. ეს არ იყო მხოლოდ ტოტი ხისა, მოხარშული და ამგვარად გამოყვანილი საქართველოს სხვა კუთხეების მკვიდრების მიერ. აფხაზ მოისრებს, რომ ქონდათ, შორს მტყორცნელი აფხაზური მშვილდი, მასაც კი სჯობდა რჩეულიანთა ისარი. აფხაზური მშვილდი ცხენიდან სატყორნი იყო, რჩეულიანების მშვილდს კი თუნდაც ფეხოსანი და ცხენისანი თანაბარი სიზუსტით ისროდა. მესხები ციხის ცნობილი დამაქცევრები იყვნენ ოდითგან. ისინი გვირაბებს უთხრიდნენ მტრის გოდოლს და ამგვარად ანგრევდნენ მის ყველაზე მყარ კედელს. აქაც გამოირჩეოდა რჩეულიანთა მშვილდი, გვირაბში, მის ტყორცნა გულაღმა მწოლიარესაც შეეძლო.  ამგვარად მესხი მეგვირაბეები, ხშირად მწარედ უსწორდებოდნენ მოწინააღმდეგეს, როდესაც ის მათი გვირაბის აღმოჩენას ცდილობდა.

რჩეულიანთა მშვილდი, ხის, ძვლისა და ტყავის, ფოლადის სალტეების იმგვარი რთული ნაკეთობა იყო, რომ მისი მფლობელები ხუთას ნაბიჯზე მოძრავ მიზანს ადვილად აზიანებდნენ ერთი გასროლით. ისარი გახლდათ ასევე გამორჩეული, გრძელი წვრილი ბუნით, ამგვარ ისარს ნებისმიერ აბჯარში, სპარსულ ჯაჭვში თუ ბიზანტიურ გლივარიუმში შეღწევა შეეძლო.

რჩეულიანები არ იცვამდნენ ჯაჭვს. ისინი ჩვეულებრივ მონადირეებს ჰგავდნენ, საბრძოლო მოქმედების დროს, მათ მგლის ტყავი ჰქონდათ წამოსხმული. ფეხმავლობის დროს მესხური ბებუთები ედოთ ორთავე საცვეთში, მშვილდი დაკეცილი, ზურგზე ჰქონდათ, თასმით გადაკიდებული. შვეტი ქამარზე ეკიდათ, მარცხენა მხარეს, ხოლო მგლოსანი, გულმკერდზე.

რჩეულიანებს თავიანთი გემმა ჰქონდათ სარტყელზე ამოკვეთილი: მგელი თათებით ისრებს იპყრობდა. ამბობდნენ კიდეც რომ რჩეულიანთა რაზმის წევრებს მათკენ გაგზავნილი სასიკვდილო ისრების ხელით შეპყრობა შეეძლოთ.

***

  • ამ ღამეს უკუნში უნდა ვიაროთ ბიჭებო უთხრა აბიათარმა მის უკან ჩაცუცქულ რჩეულიანთ. ყველამ სიტყვა თავის მეგობარს გაუმეორა, ერთ მწკრივად იჯდნენ და მეთაურის ადგომას ელოდნენ. წვერცეცხლა, წითური აბიათარ კოპაძე ცას ათვალიერებდა. ერთი ვარსკვლავის გამოჩენას ელოდა რომ დაძრულიყო.
  • მარეხიც გამოჩნდა, აი ეხლა დავიძრებით, მაგას ელოდება აფთარ კოპაძე – ჩაილაპარაკა ჩარექა ფოცხოველმა და მისმა თვალებმა ბნელში ისე როგორც ცეცხლმა დაკვესა.
  • ჩარექ წმინდა ლომისა იყოს შენი მფარველი – დავეცეთ თურქებს და ვიალაფოთ – ჩაილაპარაკა მომღიმარმა აზნაურმა ფარნაოზ არსიანელმა.
  • დავეცეთ ძმაო , მკაცრად თქვა ჩარექმა და ფეხზე წამოდგა, რადგანაც აბიათარიც მშიერი მგელივით წამომართულიყო და კვლავაც ცას გაჰყურებდა.
  • მოლაშქრეთა მამაა აბიათარი, მარეხის ფერით არკვევს გველოდებიან თუ არა თურქნი.
  • დავიძრათ – გაისმა ხმა აბიათარისა და რაზმი წამოიმართა.

ისინი უხმოდ მიყვნენ ერთმანეთს, ისე როგორც ქართულ მხედრულ ცეკვებშია, თავები ჰქონდათ მგლის ტყავით წაკრული და უჩუმრად იარებოდნენ.

 ამ დროს გამოჩნდა ბოცო, სპასალარი სამცხისა და მუნებურთა სხვათა ეირსთავთა – აბიათარმა მჯიღი გულზე მიიდო, მიესალმა ამგვარად პატრონს და რაზმი შავშვეთის ქედისაკენ დასძრა, მის უკან მიმყოლმა რჩეულიანმა იგივე მისალმება გაიმორა და რაზმი ქედს აუყვა, ბოცო რაზმს ათვალიერებდა, სამხედრო აღჭურვას, უხმოდ, მხოლოდ თავის დაკვრით უწონებდა აზნაურებს, რომლებიც სამცხის სპასალარს მდუმარედ უვლიდნენ გვერდს და აღმა მთაში ადიოდნენ. ღამე თეთრი იყო. შებერებული მთვარე დანათოდა მთებს. მოსჩანდა საქართველო, განსაკუთრებით მესხეთის ქედის მწვერვალები ანათებდნენ მთვარის შუქზე.

რაზმეული არსიანის ქედის ბილიკს მიჰყვებოდა ზევით-ზევით. მთები, თლილი, ჭანჭახი და ცივწყარო უნდა გაევლოთ. შავშეთის ქედსაც მიაღწევდნენ, რომელიც თავად შავშეთს ჩრდილოეთის მხრიდან არწივივით დაჰყურებდა. თუ არსიანის ქედი შავშეთს აღმოსავლეთით საზღვრავდა, შავშეთის ქედი სამცხიდან ესაზღვრებოდა. ბოცომ იცოდა, რომ თურქნი შავშეთის ცენტრში იქნებოდნენ თავმოყრილი. ალბათ ეხლა უკვე საქონელს და დაბორკილ ტყვეებს ეზიდებოდნენ გადასამალად და გასაყიდად. „ესაა მუდამ თავდამსხმელის სისუსტე, როგორც კი მცირე გამარჯვებას მოიპოვებს, იმწამსვე კერძო სიხარბე გადაწონის მის მხედრულ ჟინს და ეგ უნდა გამოვიყენოთ“- ფიქრობდა მესხეთის ძალების სპასალარი და ჩქარობდა.

***

ჯერ კიდევ როდის ამბობდა გიორგი მერჩულე: «იყო ნეტარი მიქელ ქუეყანისა შავშეთისაჲ სოფლისა ნორგიალისაჲ» – აი ეს სიტყვები ყურში ჩაესმოდა, თავის დროისათვის სრულყოფილად განათლებულ ბოცოს. წინ აბიათარ კოპაძე მიჰქროდა, რაზმელებიც სწრაფად მიაბიჯებდნენ. შუაღამე გათენებისაკენ იხრებოდა, როდესაც მწვერვალიდან ჩამოსვლა დაიწყეს. ნისლიან სივრცეში მოხვდნენ, ბალახი სველი იყო, ნამიანზე ტყავის საცვეთები უცურდებოდათ  მოლაშქრეებს და ამიტომაც აბიათარმა ფეხზე , საცევთს ზევით  მორკუნული წრიაპი ამოირტყა რათა უშიშრად ევლო. მისი მოძრაობა მთელმა რაზმმა გაიმეორა.

„აბიათარს დუმილშიც უსმენენ რჩეულიანნი“ – გაახსენდა  მამის, მემნა ჯაყელის ნათქვამი ბოცოს და თვითონაც კოპაძეს მსგავსად მორკინული წრიაპი ამოირტყა.

  • გზა ნორგიალისა იქეთ – თქვა მის გვერდით აღმოჩენილმა აბიათარმა და ხელი შორს, მოციმციმე სინათლისკენ გაიშვირა.
  • ბოცომ თავი დაღუნა და მოციმციმე შუქს მიაპყრო თვალი.
  • მალე გათენდება – აბიათარი ცას ათვალიერებდა.
  • ჯერ ნორგიალე შემდგომ კი ოპიზა აფთარ ბატონო – გაეღიმა ბოცოს და ისინი ნაცრისფერი სიბნელიდან დაბლა დაეშვნენ. არემარემ ჯერ უკუნი ლურჯი ფერი მიიღო, ცამ კი იწყო გათეთრება.

ნორგიალე აქვე იყო დაბლა, ოპიზა-კი, რომელიც შავშეთის წყლის ჩრდილო-დასავლეთით ეგო, კლარჯეთს ეკუთვნოდა, ორივე მიტაცებული ჰქონდა მტერს. ეხლა ვინ იცის, რას სჩადიოდნენ თურქნი, მათი ბელადი ალბათ ზის ეპისკოპოსის ტახტში და წერილს თხზავს თურქებისათვის, მოდითო, გადმოსახლდითო, მე აქ გელითო ფლიდობს. დილა გვაჩვენებს ვინ გადმოსახლდება მესხეთში – ფიქრობდა ჩარექ ფოცხოველი და ფარნაოზ არსიანელის გვერდით დგამდა მოზომილ ნაბიჯებს.

სველ ფერდობზე, რაზმის ყოველ წევრს ხელი გაეშვირა და წინ მიმავალისათვის მხარზე დაედო. ასე აძლიერებდნენ ერთმანეთის სვლას რჩეულიანნი ციცაბო ბილიკზე მიმოსვლისას. როცა ბილიკი გადარეცხილი იყო, ისინი უმალ სამეულებად იშლებოდნენ, ერთმანეთს გადაებმებოდნენ და ასე ეშვებოდნენ სასურველი მიზნისაკენ.

***

შავშეთში მე-11 საუკუნეში დიდი მშენებლობები განახორციელა ქართულმა სახელმწიფომ. რაც ადრე შეუძლებელი სჩანდა. თუ ადრე მე-9 საუკუნეში -„ჴევი შავშეთისა უშენებელ იყო მაშინ გარეშე მცირედთა სოფელთასა, რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოხრდა… და კუალად… სლვამან სათლობისამან მოაოჴრა შავშეთი… და მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ“, ეხლა შავშეთით საქართველო ამაყობდა.

მე-9 საუკუნედან მოყოლებული როცა სპარსთა ლაშქრობები შეწყდა, აღმოსავლეთ საქართველოდან შავშეთში ხალხი გადმოსახლებულ იქნა. შავშური ქართული დიალექტიც აღსდგა, მოსახლეობამ გაიხარა, რადგანაც ქვეყანა მშვიდომა მოიცვა. მაგრამ განსაკუთრებული სიხარული თამარის გამეფებამ გამოიწვია !

***

თამარის გამეფების გახსენებისას გული უტოკდება სამცხის საპასალარს, რომელიც ამჯერად რჩეულიანთ მიუძღვის არსიანის ქედიდან დაბლა, ციციაბო ფერდობზე, სწორედ იქ სადაც შავშეთის დიდი სოფელი ნორგიალე ეგულება.

„თამარი… თამარი, სამყაროს გავცვლიდი მისი გულისთვის, თუნდაც ერთხელ გამებედა და მეთქვა რას გრძნობდა ჩემი გული თამარის მიმართ “- ფიქრობს ბოცო და რჩეულიანთ მიჰყვება ჩაფიქრებული. აზრები კი უპობს თავს. აზრები წარსულზე, სიყმაწვილეზე, ყველა ერთად მოჯარებულა ამ ბილიკზე სვლისას.

„მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი-  და ამავე დროს ჩემო გულის მპყრობელი, რომლის მიმართაც თავს დავდებ ყოველგვარი ფიქრის გარეშე“- ჩურჩულებს წვიმაში დასველებული სპასალარი.

ბავშვობა ახსენდება! ეხლა 27 წლის კაცია, მაგრამ ჩვიდმეტის რომ იყო, მაშინ რა სიშლეგე მოიწია თავზე ბოცოიმ, კინაღამ დაღუპა სახელი მოყმისა სამარადჟამოდ.

ამის გახსენებისას რამოდენიმე ნახატი გონებისა  წარმოუდგა თვალწინ სამცხის სპასალარს. ამ „მხატვრობის“ თვალიერებას მოჰყვა მისი გონება:

***

ნახატი წარსულიდან:

„ბოცო 1160 წელს გაჩნდა ერისთავთ-ერისთავის მემნა ჯაყელის ოჯახში, მამამისი კანონიერების მომხრე კაცი იყო, ოჯახში მუდამ საუბრობდნენ  ტახტისმემკვიდრეობაზე.  რთული დრო იდგა. ჯაყელები ყოველთვის ერთგულებდნენ არა მარტო ბაგრატიონებს, არამედ მესხეთში წარმოშობილი ქართველთა სამეფოს იდეას.

მაშინ თბილისში, ჯაყელთა უთაღებო სასახლეში, ცხოვრობდნენ. ერთხელაც როდესაც ბოცო ხის ხმლით სახლში დარბოდა, მამამისი ცხენოსნებით ეზოში შემოიჭრა და უმალ დედა მოიხმო. სათნო დედა – მარიამ სამძივარი, მეუღლეს მომღიმარი მიახლა, თავი მდაბლად დაუკრა და ქმარს თვალებში ჩახედა, ისე როგორც ეს სამძივართა უძველესი დინასტიის ქალებს სჩვევოდათ.

ჩემო მარიამ, ბატონიშვილი გვეახლება ამწუთას, მე დავწინაურდი და უნდა ჯეროვნად დავხდეთ – ხმამაღლა თქვა მემნა ჯაყელმა და ხის ცხენზე გადამჯდარი ბოცო მკაცრი ჟესტით მისკენ მოიხმო.

ბოცო უმალ მიჰვარდა მამამისს, მემნამ ბიჭი ზევით ასწია, ჰაერში ააგდო და შესძახა.

  • მომავალ მეფეს გაგაცნობ, ლამის შენხელა ბიჭია. მაგრამ ცოტა უფროსია.
  • ვისა მამი? – გაუხარდა ერისთავთ ერისთავის ერთადერთ ვაჟს.
  • ტახტის მემკვიდრეს შვილო! მემნა ცოლს მიუტრიალდა და როგორც ქართველ ქალებს სჩვევიათ მისი საყვარელი მეუღლე უკვე სტუმრისათვის დამხვედრთა მზადებაში ნახა. მარიამ სამძივარს სეფექალები უმალ მოეკრიბა, მზარეულთათვის დაეძახა. უფროსი მზარეული საბა ბენარელი სასახლის პირველი სართულიდან ამორბოდა შესაბამისი განმარტებების მისაღებად.
  • მორთეთ ეზო ყვავილებით, იასამნებით, ვარდებით, გაზაფხული და სიხარული იგრძნოს ბატონიშვილმა, ჩამოხსენით შავი თალხი უმალ, დაივიწყეთ ჭირი და კრული, გაიხარეთ მესხებო – ბრძანებას გასცემდა მარიამი.
  • ყოჩაღ ჩემო მეუღლევ, კარგია რომ შავ თალხს მოხსნით – თქვა ამის შემყურე მემნამ და ცოლი შეათვალიერა.
  • მამიჩემზე, ცხონებულ ბეშქენ სამძივარზე, გულით მუდამ ვიგლოვებ ჩემო მეუღლევ, მაგრამ თუ ბატონიშვილი მოვა, გაიხაროს მანაც და არ იხილოს მისმა თვალმა უბედურების მაუწყებელი, შავი ფერი – მკაცრად თქვა მარიამ სამძივარმა და მზარეულს მიუტრიალდა.
  • ბალი, ალუბალი, მარწყვი, ირმის სუკები, ტბილი ფლავი, ქიშმიშითა და თაფლით, თაფლი ფიჭა, ღვინოში შერეული, ვარდის ფურცლები სუფრაზე. იასამნის რტოებით მორთეთ დარბაზი, ჩვენივე ვარძიული ღვინო მოიტანეთ და სურებში ჩაასხით, მემუსიკეებს უხმეთ, თარი და დაირა მიეცით მოცეკვავავეთ – ამბობდა მარიამ, მაშინ როცა მემნა ჯაყელი კალოს უბნის სასახლის გრძელ აივანზე დააბიჯებდა ბოცოსთან ერთად და ღიმილით ამბობდა:
  • რა ღვინო ქალბატონო ჩემო, ბოცოზე 5 წლით უფროსია მომავალი მეფე.
  • მართლა მამა, ჩემზე უფროსია?
  • დიახ შვილო.
  • ჭიდაობაში მაინც ვერ მომერევა – ამბობდა ბოცო და მამის წინაშე კუნთებს ჭიმავდა.
  • ბაგრატიონია , ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებლის შვილიშვილი, მუდამ გვერდში უნდა დაუდგე! თუ დაგიძმაკაცებს უნდა დაუძმაკაცდე, მაგრამ, ბაგრატიონებს ვინ დაუძმაკაცდება , ეჰჰჰ – ეს ეჰჰ ჩურჩულით თქვა მემნამ, შვილიც დააბნია და თვითონაც ცოტა დაიბნა, როდესაც საყვირის ხმა გაისმა და ეზოში თექვსმეტი ცხენოსანი შემოიჭრა.
  • აი ესა არის უფლისწული დემნა შვილო დაიძახა მამამ და შვილთან ერთად თეთრცხენიან ათი წლის, ჭაბუკს მიეგება, რომელსაც ლურჯი ფერის მოსასხამი და ბაგრატიონთა არწივის გამოსახულების მქონე, იასამნისფერი ქუდი ამკობდა.

ეს შეხვედრა მუდამ ემახსოვრება ბოცოს. მამის სიტყვა   „ ბაგრატიონია , ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებლის შვილიშვილი, მუდამ გვერდში უნდა დაუდგე! თუ დაგიძმაკაცებს უნდა დაუძმაკაცდე…“ – სულში ჩაუსახლდა პატარა ბავშვს. შემდგომ მართალია თამარიც გაიცნო, მაგრამ თამარი სულ სხვაა, თამარი ანგელოზია, თამარი არამიწიერი არსებაა, მაგრამ დემეტრე , მოფერებით კი დემნა უფლისწული ეს ისაა ვისაც „გვერდში უნდა დაუდგე…“.

ქეიფმა „ბრწყინვალედ“ ჩაიარა, სუფრა თითქმის ხელუხლებელი დარჩა. ან კი რა უნდა ეჭამა ან დაელია 10 წლის უფლისწულს და მის კბილა მხედრებს.  აქაც პატარა საღირ მახატლისძემ გამოიჩინა თავი და აკრძალული ღვინო შესვა.

  • დათვრები კახეთის ბატონო – უთხრა მას მარიამ სამძივარმა.
  • მამაჩემი დიდი ხანია მასმევს მარიამ დედოფალო – გაიცინა საღირმა და ადრეულ ულვაშის მსგავს ბუსუსებზე ხელი რომ გადაისვა, თავად ბოცომაც გადაიხარხარა და მთელმა სუფრამ საღირას დაუწყო თვალთვალი.

თავად დემნა უფლისწილი მოხდენილად და სერიოზულად იჯდა. მშვენიერი ჭაბუკი იყო. თაფლისფერი თვალები თითქოსდა უღიმოდაო, ისე შეჰყურებდა მემნასა და მარიამს, შემდეგ თვალი ბოცოზეც გადაიტანა, ბოცოც უღიმოდა უფლისწულს.

  • რამდენი წლის ხარ? – კითხა უეცრად დემნამ.
  • შვიდის – იცრუა თავის ასაკთან შედარებით უფრო მოზრდილმა სამცხელმა, რისთვისაც მამამისმა მუშტი მოუღერა და თქვა.
  • ხუთისაა ჯერ უფლისწულო, მაგრამ სწრაფად წამოიზარდა, ჭიდაობაში უკვე უფროსი ბიჭები ყავს დამარცხებული, კალოსუბანში უკვე ათი წლის ბიჭებს დაადებინა ბეჭი.
  • მართლა ბიჭო? მოტრიალდა დემნა ბოცოს. ბოცო სიამაყისაგან ცახცახებდა.
  • გინდა დამეჭიდო? – იკითხა დემნამ
  • მინდა – სანამ მამამისი რამეს იტყოდა მანამ წამოიყვირა ბოცომ,
  • აი მოდი! – თქვა დემნამ და ფეხზე წამოხტა.
  • ვაიმე, უფლისწულთან დაჭიდება ეკრძალება ერისთავის ვაჟს.
  • არაუშავს, იყვირა ბოცომ და დემნასკენ გაიქცა, რომელიც სამეფო ახალუხს იხდიდა რომ შესარკინებლად გამზადებულიყო.
  • მოდი ბოცო მოდი – დემნა უფლისწული უკვე წრეში იდგა.
  • ჭიდაობას რა უნდა, ფეხისგამოკვრა უნდა – დაამღერა ერთმა მომღერალმა და შემდეგ მემუსიკენიც ამ მელოდიას აჰყვნენ. ბოცო დაიძაგრა და ბაგრატიონს შეება.

დემნა ძლიერი იყო. ჭიდაობაც საკმაოდ კარგად ჰქონდა შესწავლილი. თუ ბოცო ჭიდაობას მამისაგან და მოსამსახურეებისაგან სწავლობდა, დემნას, როგორც ჩანს თბილისელ მოჭდავეთა ამქარი და ამ ამქრის თავი ხარფუხელი თომა ასწავლიდა. თანაც დემნა მაღალი იყო, ბოცო კი უფრო დაბალი და  ჯმუხი. ისე ორივე თაფლისფერთვალება ბიჭები იყვნენ. ბოცოს გადაბმული მესხური წარბები ჰქონდა, დემნას კი საოცრად დიდი თვალების გამო აქებდნენ. „ის წმინდა დავითის შთამომავალია- ერუშალაიმის მეფის თვალწარბი აქვს“ ასე ამბოდნენ მასზე გოგონები, რომლებიც უფლისწულზე შეყვარებულები იყვნენ. „თამარის მშვენება უნაკლოა“ – გაუგია ასეთი ფრაზა ბოცოს ამ ამბის შემდეგაც და მანამდეც. „კი მაგრამ თამარს უფრო კავკასიელის ნაკვთები აქვს, ხოლო დემნა ბატონიშვილი, ნაღდი ბაგრატიონია, დიდი მეფის დავით მეოთხის განმეორება“ – იძახოდნენ ცნობისმოყვარე მეჭორავენი.

აი დაეჭიდნენ ისინი ერთმანეთს. დემნამ გაუღიმა ბოცოს, ხელი მოხვია, პატარა ბიჭი ეგონა და მაღლა ატაცება მოუნდომა, მაგრამ უეცრად იგძნო რომ ბოცოს მისი ილეთების ჩამკეტი ხერხების გამოყენებაც შეეძლო. ხელში ვერ ასწია, რადგანაც ბოცომ მუხლზე წაავლო ხელი და ფეხიც შემოხვია. ასეთ დროს რომ მოჭიდავე მაღლა ასწიო, თავად მოადგენ ზღართანს – გაახსენდა დემნას ხარფუხელი თომას სიტყვები და ბოცო უმალ ძირს დასვა. „ნეტა რა უნდა ვიღონო? ხარივითაა“-გაიფიქრა მან.

მიდი, მიდი – შეჰყვირა ვიღაცამ, ბოცოს გაახსენდა, რომ მაღალ კაცს სჯობდა წელში შევარდნოდა და ისე დაენარცხებინა, ამ ილეთით ხომ მამასაც ამარცხებდა, ჰოდა დაიძრა ბოცო, მუხლებში ეტაკა ბატონიშვილს, რომელიც გაკვირვებული დაჰყუერებდა ხარივით გაშმაგებული ბოცოს და სიცილით კვდებოდა.

წაგაქცევს ბატონიშვილო – გონს მოეგე- შეჰყვირა ეხლა ვიღაცამ დემნას ამალიდან და დემნაც ქეჩოში წვდა ბოცოს. ისე როგორც ციხესიმაგრეს უტევენ სპეციალური სპილენძის ტუჩიანი ვერძები – ბოცოც დემნას საყრდენს უნგრევდა, დემნა ჯერ უკან გადაქანდა, ხოლო შემდეგ ისევ წინ გადმოიხარა და წაქცევას ამჯობინა, სამცხელს თავზე დასცემოდა, რაც განხორციელდა კიდეც. დემნა როგორც მაღალი კოშკი, „ბოცო ვერძზე“ თავზე დაემხო და ორივენი მტვერში დაეცნენ. ამალის წევრები ახორხოცდნენ. მემნა ჯაყელი უფლისწულთან მიიჭრა და პირველი ის წამოაყენა.

  • მადლობა ერისთავთ-ერისთავო, ძალიან ძლიერ შვილს უზრდით ჩვენს სამეფოს – ზრდილობიანდ თქვა დემნა უფლისწულმა.
  • უღრმეს მადლობას და ბოდიშს გიხდით უფლისწულო, ბოცო თქვენს ამალაში გვინდა რომ ჩავრიცხოთ, ის მუდამ თქვენთან იქნება და თქვენთვის თავს გაწირავს- გახარებულმა თქვა მემნამ რომელიც მარცხენა ხელით ბოცოს წამოყენებას ლამობდა, ხოლო ამ დროს მუშტებ-მოკუმული მისი შვილი იმას ფიქრობდა, როგორ დასხმოდა დემნა უფლისწულს და ის საბოლოოდ მიწაზე გაეკრა.
  • აი ნახეთ კიდევ სურს წელში შემომივარდეს – გაიცინა დემნამ.
  • კი ეგრეა, ამ ეზოდან წაუქცეველს არავის უშვებს – უხაროდა მემნა ჯაყელს და ბოცოს ზურგს უკან აკავებდა, თუმცა ეს უკანსაკნელი მამასაც უტევდა და დემნასაკენ იწევდა.
  • აწითლებული ხარ, რა მოგივდა, ნუთუ ასეთები იყვნენ შენი წინაპრები – უჩურჩულებდა შვილს მემნა და უფლისწულს მადლიერების თვალით შეჰყურებდა.
  • კარგით, ჩავრიცხოთ ბოცო ჩემს ამალაში, დიდი მადლობა სტუმართ-მასპიძლობისათვის, ეხლა კი უნდა დაგტოვოთ, ბიძა მელოდება, დღეს თამარი უნდა ვაჭენო აგარანის ველზე – ამბობდა დემნა ბატონიშვილი და ჯაყელთა ოჯახის წევრებს ეხვეოდა.

დემნა ბატონიშვილი და მისი ამალა ცხენებს მოახტნენ და ჯაყელთა სასახლის ეზოდან გაუჩინარდნენ.

ბოცო კი დარჩა დაბოღმილი, პირველად წაუვიდა მოპაექრე ეზოდან წაუქცეველი. სად ეძებოს ეხლა ეს მაღალი ბიჭიმ რომელსაც „უფლისწული“ ქვია? იქნებ კალოუბნიდან დაბლა ჩავიდეს და მეტეხის სასახლეში გამოელაპარაკოს დაცვას „უფლისწულთან“ ჭიდაობის უფლება მისცენ.

„ერთი შენი თავი კიდე ერთხელ მომცა თუ მიწაზე არ გაგართხა“ – იტყვის ბოცო იმ ღამეს ძილში, მამისა და დედის შორის მწოლიარე. მემნა გაიღვიძებს და მარიამს შეხედავს რომელიც წაბლისფერ თმებზე ეფერება პატარა ყოჩს. თენდება  1165 წლის დილა.

***

ამ ამბის შემდეგ, მრავალი სხვა ამბავი ხდება, ისტორია ისტორიას ცვლის. მაინც არ ჩარიცხეს ბოცო ჯაყელი დემნას ამალაში. მუდამ ეკითხება მამას „უფლისწულის“ შესახებ, მაგრამ არავინ არ სცემს პასუხს. მემნა თვალცრემლიანი დადის.

  • „ესენი ხომ არ გაგიჟდნენ, მე სულ ვვარჯიშობ ამ „უფლისწულის“ დასამარცხებლად და თქვენ ნეტა რას სჩადიხართ“ – ფიქრობს ბოცო თავისთვის და ერთხელ ამგვარ საუბარს აწყდება დედასა და მამას შორის.
  • სამეფო კარს, რაღაც ხდება მარიამ, ბოცო მინდოდა ტახტის მიმეკვდრის ამალაში ჩამერიცხა, მაგრამ ჰოი საკვირველება – მემნა სახეზეა წამოწითლებული, ესეიგი დარდობს რაღაცას.
  • რა გიპასუხეს? – კითხულობს სახე ფერკმრთალი ასული სამძივართა.
  • ასე მითხრა აბულასანმა, ტახტის მემკვიდრის ამალა გაუქმდაო. ვერაფერი გავიგე. იქნებ შენ შეიტყო რაიმე, სადმე ხომ უნდა ჩავრიცხოთ ბოცო. ჭიდაობით მარტო შორს ვერ გავალთ. რა ხდება იქნება ამიხსნა.
  • რას გაუგებ ბაგრატიონებს ჩემო ერისთავო – ჩუჩულით თქვა მარიამ სამძივარმა და ამ სიტყვაზე, მემნას სევდა გადაეკრო სახეზე.
  • რას ფიქრობ ჩემო დედოფალო?
  • ჩუმად! – ბრძანა მარიამმა

***

მომავალ წელსაც არ შეიქმნა დემნა უფლისწულის ამალა.  როცა ბოცომ დედას ჰკითხა, სამძივართა წმინდა გვარის ასულმა შვილს ასეთი ამბავი გაანდო:

  • უცხო სენით დასნეულებულა დემეტრე უფლისწული დედიკო, არავინ იცის ეს სენი საიდან შეეყარა, წევს და სახლიდან ვერ გამოდის. ამალა არ სჭირდება უფლისწულს. ამიტომაც მამიკომ და მე გადავწყვიტეთ რომ ახალ ამალაში ჩაგწეროთ.
  • დედიკო ვის ამალაში უნდა ჩამწეროთ? დაინტერესდა მოჭიდავე.
  • მამაშენმა თქვა, თამარის ამალას ქმნიანო, იმ ამალაში აუცილებლად იქნება შენი ადგილი შვილო.
  • არ მინდა გოგოს ამალაში ყოფნა, არ მინდა ნაწნავიანის ამალაში ყოფნა, არ მინდა არა – აყვირდა ბოცო.
  • რაო? – იკითხა დედამ და უმალ სასახლეში შებრუნდა.

გამოუთქმელი სევდის გამო 6 წლის ბოცო, ერთხელ სასახლიდან გამოვიდა, კალოუბნის გზას გაუყვა, ჩაირბინა თბილისის უბნები, ხან ამქრებს, ხანაც მზირებს, შემდეგ მანდატურებს მიადგა. ერთი მანდატური მისით განსაკუთრებით დაინტერესდა. კეთილ ძიას ჰგავდა, თეთრი ულვაშები ყურებზე ჰქონდა გადადებული, წელზე მანდატურის ჯოხი ეკიდა და ქალაქში ცხენოსანთა და ფეხოსანთა მოძრაობას აწესრიგებდა.

  • ვინ ხარ? ჰკითხა ბოცომ მანდატურს.
  • შენ თვითონ ვინ ხარ ვეჟო? – გაიჯგიმა მანდატური, თეთრ ულვაშებზე ხელი გადაისვა და ბოცოს დააკვირდა.
  • სამცხელი მოჭიდავე ვარ ბოცო მქვია – გაიჯგიმა ბოცოც.
  • თბილისში რა გინდა ვეჟო? – ყურებამდე გაიღიმა მანდატურმა.
  • მამაჩემი აქა დგას მოჯამაგირედ, სამცხელთა სასახლეში და იმას ვახლავარ, თბილისელ ყოჩებს მინდა დავეჭიდო.
  • შენ ბიჭო არა ხუმრობ – გაუკვირდა მანდატურს.
  • რა გქვია მანდატურო?
  • ქარციხა მქვიან შვილო, ხარფუხელი ვარ – გაიკვირდა მანდატურს ბიჭის ამპარტავნობა.
  • იცნობ მოჭიდავეებს?
  • როგორ არა შვილო, მამაჩემი ტიფლისის პირველი ყოჩი იყო, ეხლა კი ჩემი უმცროსი ძმაა, თომა მოჭიდავეთა ჰამქარი, გინდა გაგაცნო?
  • თომა ხარფუხელი შენი ძმაა ქარციხ? – ბოცო უმალ აენთო.
  • ჰაირ ჰაირ, ძმაა მაშ და ძმისგული – ულვაშებში ახვიხვინდა მანდატური, დოინჯი შემოიყარა და ბიჭს დახედა. კარგად მიხვდა რომ ეს ბალღი, ერისთავის შვილი იქნებოდა, მაგრამ არ შეიმჩნია და აათვალიერ ჩაათვალიერა.
  • რას მიყურებ, იქნებ არ გჯერა ჩემი, წამიყვანე შენს ძმასთან- თქვა ბოცომ.
  • მაიცა, მაიცა, მე რომ ეხლა თომასთან წაგიძღვე, ბაზრის შესასვლელი და ეს მთელი მილეთის ხალხი ვინღა მოაწესრიგოს. მერე ქალაქის ამირა რომ ჩამაივლის და ვერ მნახავს რაღა უთხრათ შენ და მე?
  • ქალაქის ამირას მე დაველაპარაკები, ვიცნობ, ოჯახში მოსულა ჩვენთან – ბოცომ მუშტები მომუჭა და ქარციხას შეხედა.
  • ვაა, ვაააჰ, ვაააჰჰჰ, შენ ის არ ხარ, ვისადაც გინდა თავი მომაჩვენო. რა ქალაქის ამირა, რისი მამაშენი- მე ქარციხ ხარფუხ ოღლი ეხლა მამაშენით ვიყო არა? ჰაი ჰაი ბიჩო, რომ ეგრე არაა.
  • აბა რა ვქნათ მინდა შენი ძმა გავიცნო – თქვა ბოცომ.
  • გაგაცნობ, მხოლოდ მზე რომ შუბისტარიდან იმ ლურსმანისკენ გადაიხრება მაშინ მოდი აქ და წაგიყვან თომასთან, მაგრამ იქ ბიჭები შენზე მაგრები ჩანან და არ დაგჩაგრონ – კვლავ ახვიხვინდა ქარციხ ხარფულ ოღლი.
  • მოვალ მოვალ და ვნახოთ – გაიხარდა ბოცოს, რომელიც სიონის ტაძრის წინ დადგმულ მზის საათს დაუკვირდა და დრო დაიმახსოვრა.

ბოცო მოტრიალდა და წამოვიდა, თბილისი უზარმაზარ ქალაქად მოეჩვენა, ვირები და ჯორები, მარტო ასამდე დაითვალა არაბთა ბაზრის წინ. შემდეგ სიონისაკენ გამოემართა და ფაკირებსა და გველთა მომთვინიერებლებს დაუწყო თვალიერება. მის წინ სამმა არაბმა ხალხს გამოუცხადეს, ახალ სანახაობას შემოგთავაზებთო და არაბული ენის უცოდინარ ბოცოსაც მიადგნენ.

  • ჰა რა გინდათ? გაუკვირდა სამცხელს?
  • მინლათუნი მოგვეცი რახან აქ დგეხარ – წმინდა ქართულით ჩაილაპარაკმა შავწვერიანმა არაბმა და ძალიან გაიხარა, როცა ბოცომ ჯიბიდან ვერცხლის ფული დააძრო.
  • მეტი არც მაქვს.
  • მეტი არც გვინდა უფლისწულო – გაიცინა არაბმა და ვერცხლის ფული მას ხელიდან გამოგლიჯა.
  • „უფლისწულოო“ – იქნებ იცნობ უფლისწულს? – დაიყვირა ბოცომ, მაგრამ არაბი უკვე მაშხალას ახურებდა და მეორე არაბს გავარვარებული ხმლის გადაყლაპვას აძალებდა.
  • საოცარი ქალაქია თბილისი, ნეტა აქამდე გარეთ რატომ არ გამოვდიოდი? – კითხა თავის თავს ბოცომ და უეცრად არაბი მას მოუტრიალდა და გაუღიმა.
  • როგორ სულ სახლში ხარ ჭაბუკო? თბილისი სანახაობებით სავსე ქალაქია, რასაც ისურვებ იმას გააჩენ, შენ მთავარია ვერცხლის ფული კიდევ მოიტანე და ისეთ სასახლეებში შეგიყვანთ, რომლიდანაც გამოსვლა არ მოგინდება.
  • სასახლე ვიცი, მანდ ვცხოვრობ, მაგრამ ერთი ოცნება მაქვს, უფლისწული მინდა ვნახო – ჩაილაპარაკა ბოცომ
  • რომელი უფლისული?
  • დემნა პირველი!
  • ვააააჰ, ჰაირ ჰაირ, შეიძლება, შეიძლება, როდის გინდა?
  • ეხლავე!
  • ფული გაქვს მერე რომ გადაიხადო?
  • ვერცხლი არ მაქვს მაგრამ ხანჯალი მაქვს მამის ნაჩუქარი, ინდური.
  • მანახე აბა – იკითხა შავწვერა არაბმა.

ბოცომ ინდური ხანჯალი დააძრო, როცა ქარქაშიდან ამოიღო, არაბის შავ სახეზე მბრწყინვალე ათინათი გაჩნდა და არაბს თვალები მოსჭრა, მეორე არაბმა მოირბინა და ქარქაშს დაუწყო თვალიერება. ლალის თვლებით მოოჭვილი ქარქაში ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა ბიჭს გაკვირვებული შეჰყრებდა, ამ დროს ბოცომ თავისივე ხანჯალი არაბს გამოსტაცა და უბეში ჩამალა.

  • ჰეე, არ გინდა რომ უფლისწული განახოთ?
  • როგორ არ მინდა, წამიყვანეთ და მოგცემთ ამ ხანჯალს ბოლოს.

არაბებმა ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს, ბოცოს ხელი ჩაჰკიდეს და ზანტად მდგარი აქლემთა ქარავნის გვერდით კიბეს დაუყვნენ.

  • აქლემები აქ ფსამენ, საშინლად ყარს აქაურობა, საერთოდ თბილისი მართლაც უზარმაზარი ქალაქია, მაგრამ თუ მეგობარი გყავს არ დაიკარგები, ვინც მეგობარს არ ეძებს ის თავისა მტერია – ატლიკინდა ახალგაზრდა არაბი და წვეროსან არაბს უკან მიჰყვა.
  • ეს რა კიბეა?
  • მტკვრის ქვეშ, არაბმა ამირამ გვირაბი გაჭრა, ასი წლის წინ, ჰოდა ამ გვირაბით მივდივართ ეხლა მეორე ნაპირზე გადასასვლელად.
  • რატომ ხიდზე არ გავიარეთ არაბო? – იკითხა ბოცომ.
  • ხიდზე გასვლა ფული ღირს ძმაო, ტიფლისი ძვირი ქალაქია, აქ ყველაფერი უნდა იყიდო და გაყიდო, განსაკუთრებით ნამუსი და სინდისი.
  • რაო რას ამბობ, შენ რამე ხომ არ გეშლება – იყვირა ბოცომ.
  • არაფერ, აი შენც მალე დაწმუნდები რომ ასეა – თქვა ახალგზრდა არაბმა და ბოცოს შეხედა.
  • მეომარი დადგება შენგან მაგარი, თუ გინდა წამოგვყევი და დიდი ხალიფას ლაშქარში შეგირდად ჩაგრიცხავთ.
  • რაო? ხალიფას ლაშქარში რა მინდა?
  • შენი მხრებისა და ხასიათის პატრონი ხალიფ მანსურის მსგავსი მეომარი დადგება შვილო, მთავარია მუჰამედი იწამო და ისლამის ლაშქარში ნახო შენი ხმალი.
  • ქრისტიანი ვარ! წავიდეთ ეხლა იქ სადაც მივდივართ – თქვა ბოცომ და თავისი ბებუთის ტარი მოსინჯა.
  • გვემუქრება – გაიღიმეს არაბებმა და მტკვრის ქვეშ მიმავალ გვირაბში შევიდნენ. უკუნეთი სიბნელე იყო, კაცი ვერაფერს გაარჩევდა. აქა იქ არაბი ხალიფას დროინდელი წარწერები მოსჩანდა, გვირაბი თეთრი ქვით იყო მოპირქეთებული, როცა ბოცომ ტალანი მოათვალიერა, გაოცდა რადგანაც სულ სხვა სამყაროში იგრძნო თავი.
  • როცა უკანასკნელი ამირა, ანუ პაპაჩემი ნავტიკებით თბილისიდან გაიპარა, აი ამ გვირაბით გავიდა სასახლიდან და შემდეგ შირვანში გაუჩინარდა- თქვა ახალგაზრდა არაბმა
  • ანუ შენ ხარ ამირას მემკვიდრე? – გაეცინა ბოცოს
  • კი, თბილისში ყველა ამირას მიწოდებს, ბებიაჩემი ლეილა ამირას მე-13 ცოლი გახლდათ.
  • ვააა, ანუ კიდევ არიან ამირას შთამომავლები თბილისში? – იკითხა ბოცომ.
  • არა, მარტო მე ვარ, სხვა ყველა დახოცა შავმა ჭირმა, თორემ ქართველები ლმობიერი ხალხი ხართ ბატონო!
  • კარგია კარგი , ანუ ეხლა მტკვრის ქვეშ ვართ არა?
  • დიახ ასეა, აი აქ არის სწორედ ამირას შავი ზეთის ქარხანა, უფრო სწორედ ამირას შავი ზეთის სახდელი დაზგა და ის დიდი ამფორა რომელშიც მუდამ ინახებოდა სასწაულთმოქმედი სითხე, შავი თესლის ზეთისა.

გვირაბში მართლაც მომიჯნავე დარბაზები და ოთახები აღმოჩნდა, აქვე იყო დიდი შავი ამფორა, რომელშიც კიბე ჩადიოდა, გატეხილი მილაკები, უცნობი საწარმოსი აქეთ-იქით იყო მიმოფანტული. ბოცო შედგა, დიდხანს უყურა ამ საოცრებას, დარბაზში სასიამოვნი სუნი იდგა უცხო ზეთისა. აქ როგორც ჩანს ცხოვრება ერთ დროს დუღდა და ვითარდებოდა, ეხლა კი მხოლოდ თავზეხელაღებული თაგვები დაძრწოდნენ.

  • საოცარია არ ველოდი ამგვარ ამბებს – ჩაილაპარაკა ბოცომ და არაბებს მიჰყვა, რამოდენიმე ათეული მეტრის შემდეგ კიდევ ერთი დარბაზი აღმოჩნდა.
  • ეს რა არის? აქ რა ხდებოდა?
  • ერთი ებრაელი სწავლული აქ იდუმალ ცდებს აკეთებდა ადამიანებზე, მაგრამ შემდეგ შეიპყრეს და მტკვარში გადააგდეს, შემდგომ ხალიფამ აქ თავისი შვილი დაკრძალა, განჩნდა სასაფლაო, მტკვრის ქვეშ. როგორც ჩანს მრავალი დაიკრძალა და ეხლა ეს სასაფლაო აკრძალული მიწაა ქართველებისათვის. მხოლოდ ამ მიწაზე არ აქვს თქვენს მეფეს ფეხის შემოდგმის უფლება. ხალიფასა და მეფეს შორის მიმოწერა იყო ათიოდე წლის უკან. ჰოდა ხალიფამ თქვენს მეფეს სთხოვა, ტფილისის საამირო შენი იყოს, მხოლოდ ამ სასაფლაოს არ შეახო ხელიო. მეფემაც დასტური დაუკრა და მას შემდეგ ამ სასაფლაოს მარტო არაბები ვსტუმრობთ. ქრისტიანების აქ შემოყვანის უფლება არ გვაქვს.
  • ვაჰ – ჩაილაპარაკა ბოცომ და არაბებს აჰხედ დახედა.
  • წამო-წამო, უკვე მეორე მხარეს გავდივართ და პირდაპირ მეტეხის სამეფო სასახლეში ამოვყოფთ თავს, შენ იქ გელოდება ვინმე?
  • უფლისწული – თქვა ბოცომ.

არაბებმა ერთმანეთ გადახედეს. შემდეგ ამირას შთამომავალმა თქვა.

  • იცოდე უკან ვეღარ წამოგიყვანთ, უკან თავად უნდა წამოხვიდე.
  • გვირაბი დაკეტილი იქნება?
  • კი გვირაბს მანდატური ქარციხა კეტავს და დილამდე არ გააღებს.
  • ქარციხა ჩემი დოსტია.
  • მერე რა მაინც ვერ გაგიღებს. სპილენძის კარი იკეტება დილამდე.
  • მაშინ ხიდზე გადმოვალ.
  • ნებაშენია, თუ გინდ გამოცურე მტკვარი და გამოდი.
  • მადლობა თქვა ბოცომ და ისინი კიბეს აუყვნენ.

  ***

შემდეგი ნახატი წარსულიდან

ბოცო და ორი არაბი კიბეზე ავიდნე, და მცირე ზომის „რკინის პორტას“, ანუ მტკვრის სანაოსნოს რკინის ჭიშკარს მიადგნენ.

  • ეს რა არის?
  • თბილისი არაბი ხალიფების დროს სანაოსნო ქალაქი იყო, აქედან მცირე გემები ახლციხემდე და შირვანამდე ჩადიოდა. შესაბამისად ეს სანაოსნოს ჭიშკარია, რომლებიც ქართველებს თითქმის ასი წელია გაქვთ გაუქმებული.
  • არ ვიცოდი თუ თბილისი სანაოსნო ქალაქი იყო. შევიდეთ.

არაბებმა ერთმანეთს გადახედეს, უბეში ხელი ჩაიყვეს და გასაღებების დაჟანგული აცმა ამოიღეს.

  • ვაჰ თქვენა ყოფილხართ რა – ჩაილაპარაკა სამცხელმა და „რკინის პორტას“ წინ ჩამუხლულ არაბებს მიჰყვა.
  • აი ეს გასაღებია, რაც მამაჩემმა მანსურმა გადმომაბარა, ასე დამიბარა არაბები დაბრუნდებიან და გამოგადგებაო – გაიცინა არაბმა და კარები გახსნას მოჰყვა.
  • მანამდე არაფერი გეტკინა რაც არაბები არ დაბრუნდნენ, ისე კი მართლაც გამოგადგა ხო ხედავ – გაიბადრა ბოცო და როდესაც კარი გაიღო, არაბებს მიჰყვა.
  • ამის მეტი ვერ წამოგყვებით ბატონო – თქვან ერთმა არაბმა.
  • მართლა?
  • დიახ, ჩვენ გვირაბს განვაგებთ, მის ზევით მარტო ფაკირების წარმოდგენის გამართვის უფლება გვაქვს. სხვა მხრივ ჩვენ მიწისქვეშეთის მოქალაქეები ვართ და ამიტომაც აქ დაგემშვიდობებით.

ბოცო მოხვდა რომ არაბები მის საუცხოო ხანჯალს ელოდნენ. ბიჭმა არ დააყოვნა და ხანჯალი დააძრო.

  • დავემშვდობები – თქვა ბოცომ, ხანჯალს აკოცა და არაბს გაუწოდა, როდესაც არაბი ხანჯლის აღებას ლამობდა, ბოცომ უმალ ხანჯალი გახსნა და ამირას შთამომავალი მისკენ სწრაფი ნახტომით შეაშინა. არაბები „რკინის პორტას“ მიღმა გავარდნენ.
  • არა, არა ვიხუმრე, აი თქვენ ხანჯალი – გაიცინა ბოცომ.
  • დადე მანდ ხანჯალი და აი იმ კიბეზე გააგრძელე ასვლა – მიუთითა მას შეშინებულმა არაბმა.
  • კარგით! – ბიჭმა ხანჯალი იმ ადგილას დადო, ცოტა ხანს დანანებით უყურა და შემდეგ კიბეებს აჰყვა, როცა მოტრიალდა ხანჯალი გაუჩინარებულიყო, ხოლო „რკინის პორტა“ საგულდაგულოდ დაეკეტათ.
  • აფსუს, მაგრამ ეხლა უფლისწული უნდა წავაქციო – ჩაილაპარაკა ბიჭმა.

***

მეტეხის სასახლის შიდა ეზოში რომ მოხვდა მაშინ ბოცო შეფიქრიანდა. გაიხედ გამოიხედა და მიხვდა რომ დიდი ქვის სასახლის ეს მხარე თითქმის მიტოვებულად დარჩენილიყო. „ნეტავ სად არის უფლისწული, აქ არავინ არის, არც მზარეულების ეზოა, არ თავლებია ცხენებით სავსე, არც პაჟები დადიან, არც აბჯარს არავი ჭედავს, არც ხმლებს არავინ ფერავს, ნეტა რა ხდება, რატომ მიატოვა ხალხმა ეს დაწყევლილი ადგილი?“ – გაიფიქრა მან.

მართლაც დიდი შავი სასახლე, უკაცრიელი გამხდარიყო. ბოცო მოტრიალდე, ციხე სიმაგრეზეც არავინ იდგა, გოდლები და ბლისკინები მეომართაგან დაცლილიყო. არათუ ციხე-სიმაგრე იყო მეციხოვნეების გარეშე, არამედ მასში ჩაშენებული გუმბათიანი ეკლესია იყო გამოკეტილი.

სასახლის ქონგურებზე ყვავებს მოჰკრა თვალი. ცაში ყვავების შიშით მრედებიც კი ვერ ბედავდნენ ლივლივს.

  • ეეეე რა ხდება კაცო? ჩაილაპარაკა სამცხელმა და ახალციხური ჩვეულების თანახმად ხელში კენჭი აიღო და სასახლის ყველაზე მაღალ კოშკს დაუმიზნა.
  • აი ყველაზე მაღალი, დედო კოშკი, მანდ ალბათ ვინმე იქნება, ბაგრატიონთა სიმბოლოებს კი ვხედავ მაგ კოშკზე გამოკვეთილს, მაგრამ ეგ მაინც ვერ შემაშინებს, ეს ქვა უთავაზო მის მთავარ სარკმელს. მინასაც ვამჩნევ, ჩავტეხავ და მერე მიყონ რაც უნდათ, ვიტყვი რომ სამცხელი ვარ და ყველაზე უარესი, მემნას მუშტი მომხვდეს თუ დასჯის ღირსი ვარ – თავის თავს ელაპარაკებოდა ბიჭი, ბოლოს გაჩერდა, ტუჩები კუშტად მომუწა და ქვა მთელი ძალით გასტყორცნა.

პირველივე ნატყორცნი ზუსტი აღმოჩნდა. „აკი მეუბნებოდნენ ხიფათიანი ხელი გაქვსო“ გაახსენდა სამცხელს დედის ნათქვამი, როდესაც მაღალი კოშკის დიდი სარკმელის მინის ლეწვის ხმა მოისმა და  როგორც ჩანს კოშკში ყველაფერი ამოძრავდა, რადგანაც დამტვრეული შუშა, ვიღაცას თავს დაეყარა და ეს ვიღაცა მწარედ ილანძღებოდა.

  • აუჰჰჰ ვიღაცა მოვკალი მგონი – წამოიყვირა ბიჭმა და მიმალვა სცადა, მაგრამ უეცრად მას ზევიდან დაჰყვირეს და თან საკმაოდ გაბრაზებული ტონითაც.
  • ეჰეჰეი შენ აქ ვინ შემოგიშვა ბიჭო, როგორ ბედავ ჩემს სარკმელს ქვა უთავაზო, ვინ ხარ და რა ჯურის ავაზაკი რომ ამდენი გაბედო დღისით მზისით?

საბრალო ბოცომ სირცხვილი იგრძნო, ზევით აიხედა და ჰოი საოცრებავ, ნაცნობი სახე დაინახა:

  • უფლისწულო! უფლისწულო – შენ გეძებ, შენ – იყვირა ბიჭმა.
  • რაო ავაზაკო ვინ ვარო? – გაეცინა სარკმელიდან მომზირალ მოზრდილ ყმაწვილს.
  • თმა გაგზრდია უფლისწულო, მაგრამ მაინც გიცანი – შესძახა ბოცომ და სარკმლიდან მომზირალ უფლისწულს დააკვირდა.
  • შენ ვინ ხარ? – იკითხა გამხდარმა სახემ, რომელსაც ბოცო უფლისწულად უხმობდა.
  • ვერ მიცანი ტახტისმემკვიდრევ, ეს მე ვარ მოჭიდავე ბოცო.
  • ვინ? – იკითხა უფლისწულმა.
  • ბოცო ვარ, ერისთავთ ერისთავის მემნას ვაჟი, აღარ გახსოვარ? მე არ დაგეჭიდე, ჩვენთან, თქვენი აღმატებულების სტუმრობის დროს, ცოტაც დამაკლდა რომ წამექციე, მაგრამ მაღალი აღმოჩნდი და თავზე დამეცი. ეხლა კი მოვედი რომ კიდევ ერთხელ გეჭიდავო.
  • ვააჰ ბოცო ჯაყელო, შენ ხარ? – იკითხა უფლისწულმა და უეცრად ატირდა. მისი ცრემლები სარკმელიდან გადმოსცვივდნენ და ბოცოს შუბლზე დააკვდნენ.

ბოცო გაოგდნა!  არ იცოდა რა ექნა, მაგრამ უეცრად უფლისწულმა ჩამოსძახა:

  • ამოდი სამცხელო, აი მანდაა კარი, შემოაღე და ამოდი, შენი თვალით მინდა რომ იხილო შენი უფლისწული.

ბოცომ კარი შეაღო, სპირალისებურ კოშკის კიბეს აჰყვა და კარგა გვარიანად რომ  აიარა, კიდევ ერთი, მწვანე კარი შეაღო და მაღალი, წაბლისფერთმიამნი, ჩამოძონძილ სამოსში გამოწყობილი, მხრებში მოხრილი და ფერმკრთალი ტახტის მემკვიდრე – დემნა ბაგრატიონი დაინახა.

უფლისწული კვლავაც ტიროდა, ბოცო   იდგა და უმზერდა ტახტის მემკვიდრეს ტირილს. მის წინ 9 წლის მოუვლელი, თმამოშვებული, ჩაუცმელი და მიტოვებული უფლისწული იყო.

„რა მოუვიდა უფლისწულს“ – იფიქრა ბოცომ.

  • ყველასაგან მიტოვებული ვარ ამ სასახლეში სამცხელო, კაცის ჭაჭანებას არ აქვს აქ შემოსვლის უფლება. არ ვიცი რა ხდება. კვირაში ერთხელ ბიძაჩემის კაცები მოდიან და საკვები მოაქვთ, შემდეგ კი ყველა ქრება და მარტო ვრჩები. ცხენიც კი არ მყავს რომ სადმე ველზე გავაჭენო. ან ველზე ვინ გამიშვებს, ციხე სიმაგრე გარედანაა ჩაკეტილი. ჰოდა ვზივარ ამ სასახლეში მარტოდმარტო. შენ კი მართლა გმირი ხარ რომ აქ შემოხვედი ჩემო სამცხელო.
  • მე გამომყევი და გაგიყვან აქედან უფლისწულო თქვა ბოცომ.
  • როგორ, ამ კედელს ვერავინ გადაახტება, ჩიტი ხომ არ ხარ აქედან გაფრინდე- გაიცინა უფლისწულმა.
  • მტკვრის ქვეშ გვირაბია ერთი, არაბებმა მასწავლეს. იქვე სანაოსნო კარი ყოფილა. კარი რკინისაა, გავტეხოთ და შევიდეთ გვირაბში – თქვა ბოცომ
  • მართლა, პირველად მესმის შენგან-უფლისწულს სახე გაუნათდა.
  • გაქვს რაიმე იარაღი სასახლეში? ბოცო დაინტერესდა.
  • იარაღი მაქვსო, აი იმ დარბაზში, ბაგრატიონთა იარაღის საცავია, წამო შევიდეთ – დემნა წამოიმართა და ორი ბიჭი სამხედრო დარბაზს მიადგა.
  • დაკეტილი იქნება – თქვა ბოცომ.
  • არა წინასწარი განწყობით აქ ყველაფერი ღიაა, იარაღისა და საჭურჭლეს დარბაზი კი იმიტომაა ღია, რომ იქნებ თამაშის დროს საკუთარ შუბს წამოვეგო და სულიც განვაცხო – ჩაილაპარაკა უფლისწულმა.
  • მართლა? – ბოცო გაკვირვებით მიაჩერდა ტახტის მემკვიდრეს, რომელსაც სახეზე მიწისფერმა დარდმა გადაჰკრა.
  • აი საჭურჭლეც, ავიღოთ რაიმე სატეხი – ბრძანა უფლისწულმა.
  • ავიღოთ ურო, აქვე პატარა ვერძი ყოფილა, ესეც ჩავიტანოთ ეზოში და კარს დაურახუნოთ. აი კიდევ ჩაქუჩი და სატეხი, აი ამით ნაღდად გავაღებთ, მტკვრის სანაოსნოს კარებს.
  • სამცხელო, თუ ეგ მართლაც მტკვრის სანაოსნოს კარიბჭეა, ეხლა მესმის რატომ არის აბჯართა შორის დიდი ნავი შენახული, აი შეხედე თქვა უფლისწულმა და ბოცომ ზევით აიხედა, სააბჯროს მესამე მაღალ თაროზე მიბმული გრძელი ხომალდი დალანდა.
  • კი ესაა მტკვრის გემი, ამირას დროინდელია, ამას ჩვენ ვერ ჩამოვხსნით საკმაოდ მძიმე იქნება, თორემ ეს რომ ჩამოვხსნათ, შირვან-შახთან გავცურავთ- თქვა ბოცომ და ბიჭებმა სააბჯრო ოთახი სასწრაფოდ დატოვეს.
  • აი აქ არის რკინის კარები, ეს უნდა შევტეხოთ ისმოდა ბოცოს ხმა როდესაც ისინი დიდ ვერძს ერთად მიათრევდნენ.

***

მემნა ჯაყელის სასახლეში დიდი აფორიაქება სუფევდა. მემაშხალეები ბოცოს ეძებდნენ. თავად ერისთავთ-ერისთავი თავის მცველებს გულისყურით უსმენდა. ვინ ნახა ბოცო უკანასკნელად? დედა, მკაცრი ქალი სამძივართა არ ტიროდა, იგი მხოლოდ ხატის წინ დაჩოქილიყო და ლოცულობდა. მემნა ერისთავი კარგად იცნობდა საკუთარ ვაჟს. ბოცო აქამდე სასახლეს არ გასცილებია. სწორედ ამიტომაც იყო საქმე საფრთხილო. თბილისი მაშინდელ აზიასა თუ ევროპაში, უკვე დიდი დედაქალაქი იყო. ამიტომაც ბავშვის დაკარგვა უამრავ ეჭვს აღძრავდა. მემნა ჯერ თავის პირად მტრებზეც ფიქრობდა, შემდეგ კი სამძივართა მტრებზეც, მაგრამ ვერაფერი მნიშვნელოვანი ამ ფიქრმა ვერ მოიტანა. საჭირო იყო ქალაქში ჩასვლა და მანდატურთა უხუცესის მონახულება. სწორედ ეს არ სურდა მემნას, რადგანაც  ადრე მანდატურთ-უხუცესის სახელმწიფო სახელოს მიელტვოდა და ეხლა როგორ ეთხოვნა მოპაექრისათვის, შვილი მომიძებნეო. ამიტომაც ფეხს ითრევდა და სამცხელებს ქალაქში გზავნიდა.

მაგრამ ყოველი დასრულდა კარგად როდესაც კარიბჭეში ბოცოს ადრიანად დაკაცებულივით, მხნე, ომახიანი მაგრამ მაინც ბავშვური ხმა გაისმა:

  • მამი!

***

  მემნა ჯაყელი შვილს მიეგება, მის გვერდით მაღალი ბიჭიც შენიშნა, მაგრამ იგი ვერ შეიცნო, ვინმე მზირად ჩასთვალა და შვილის ჩასახვევად რომ ხელი გაშალა, უეცრად ბოცომ შეჰყვირა:

  • მამა, რას სჩადიხარ? დაუჩოქე ეხლავე საქართველოს ტახტის მემკვიდრეს, დემეტრეს!

მემნა და მის უკან, გულამოვარდნილი მარიამი გაოცებისაგან შედგნენ, მემაშხალეებმა მაშხალები დაანთეს, სამცხელთა სასახლის ეზო განათდა და ყველამ შეიცნო თუ ვინ იყო მაღალი, თმამოშვებული ვაჟი, რომელსაც შეუფერებელი ტანისამოსი ეცვა.

  • უფლისწულო თქვენ? მაპატიეთ – აღმოხდა მემნა სამცხელს
  • ტახტისმემკვიდრევ, ეს რა მოგსვლიათ, გვაპატიეთ, შემობრძანდით – ბრძანა მარიამ სამძივარმა და უფლისწულს დედობრივი ალერსით გადაეხვია.

დაჩოქილმა მემნამ, იგრძნო რომ უცნაური მდგომარეობაში იყო ის და მისი სამცხელთა კარი და წამოდგა. შემდეგ დემნასთან მივიდა და მამაშვილურად გადაეხვია. დემნაც შვილივით მიენდო მემნა ჯაყელს და როდესაც სამცხელმა უფლისწულის თვალზე ცრემლი შეამჩნია საგონებელს ჩავარდა.

სამცხელთა კარი გაოგნებული უყურებდა ამ მისალმებას. ყველა თავის თავს და ახლო მყოფს ერთ კითხვას უსვამდა – რა ხდებოდა ბაგრატიონთა თავს?

  ***

იგი გამოერკვა ფიქრებიდან.

შავშეთს დაბანაკებული თურქების ბანაკისაკენ მიდიოდნენ მესხები კვლავაც, 1187 წლის შემოდგომა იდგა. აბიათარ, იგივე აფთარ კოპაძე მიუძღვოდა რჩეულიანთ რაზმს, სამცხის სპასალარი ოდნავ შორიახლო მიჰყვებოდა მესხ მეომრებს.  უეცრად წარსულზე ფიქრი კვლავ მოსთხოვა სულის უფსკრულმა და მისმა გრძნეულმა  დაიმონმა წარიტაცა წარსულის მორევისაკენ:

„მაშინ დემნა ბატონიშვილმა ორბელებთან შემახვედრეთო სთხოვა მამაჩემს მემნა ჯაყელს. მემნაც დაემორჩინა და იმ ღამეს ჩვენთან დიდი ორბელები მოვიდნენ, ისინი მამობრივი ალერსით გადაეხვივნენ ატირებულ უფლისწულს, მემნა ჯაყელი დაამშვიდეს, „აწი ჩვენ უპატრონებთ ტახტის-მემკვიდრესო“ ბრძანეს და თავისთან წაიყვანეს დემნა. შემდეგ კი როგორც ჩანს მეფე გიორგი III თან მოლაპარაკება დაიწყეს.

„აი ეს იყო მაშინ ჩვენი შეცდომა, არ უნდა გაგვეშვა საბრალო უფლისწული ორბელებთან, რომლებმაც მისით მეფესთან ვაჭრობა დაიწყეს. შემდეგ დემნას თავის ასული შერთეს და თითქოს მეფესთან ყველაფერი მოითათბირეს. გიორგი მეფე ორბელებს დაჰპირდა, როგორც კი რეგენტობის დრო გამივა და დემნა სრულწლოვანი გახდება მაგას საკუთარი ხელით დავადგამ გვირგვინსო. მოტყუვდნენ ორბელები და დაეთანხმდნენ. დემნა თბილისში დააბრუნეს და ცხოვრება მშვიდობიანად განვითარდა მას შემდეგ“- ამ საფიქრალში იყო სამცხის სპასალარი.

„აი ამის შემდეგ საბრალო უფლისწული არ მინახია, მე პირადად, მანამ სანამ 1178 წელს აჯანყების ალამი არ ააფრიალა მან და მე როგორც მის სიყმაწვილის მეგობარს უსტარი არ მაახლა:

გიხმობ მეგობარო ჩემს ბანაკში – ეწერა უფლისწულის ხელით იმ უსტარში. მერე რა ვქენი მე?“

  • მამაჩემის სიტყვები გამახსენდა, „მუდამ მხარში უნდა ედგე მას“, სწორედ ამ სიტყვებმა გამოიწვია ჩვენი წასვლა დემნას ბანაკისაკენ. მივედით და დავდექით დემნასთან მაგრამ უფლისწული ვერ გადავარჩინეთ – ჩურჩულებდა ბოცო. ამ დრო მან აბიათარ კოპასძეს შეხედა, რომელიც მისკენ იყურებოდა.

აბიათარი შეჩერდა და რაზმეულიც შედგა. კოპაძემ მოიხსნა მშვილდი, ააწყო სამიზნე, გაიხადა მოგდებული მოსასხამი და ხელთ იპყრო „მგლოსანი“ ფარი. რაზმეულმაც იგივე ქმნა.

  • აქაა მტერი სპასალარო! – თქვა კოპაძემ რაზმეული ჩააჩოქა და თავად სპასალართან ერთად კლდის თხემისაკენ გაძუნძულდა.

გარემო რძისფერი ნისლით აივსო უეცრად. ნისლი ქარაფებიდან დაბლა ეშვებოდა.  ამ დროს უნდა გამოყენება – ნისლში შევიდეთ , გაიფიქრა კოპაძემ და სპასალარის გვერდით ჩაიჩოქა.

***

შავშეთის მთავარ სოფელში შეიჭრნენ მესხნი.  ნორგიალე ერქვა ამ ადგილს. უძველესი ადგილი წარღვნის დროს გადარჩენილი ადამიანისა. „თავად ჩვენმა მამამ ნოემ ჩაუყარა საფუძველი ქალაქ ნორგიალეს, აქ ქალაქი იყო უწინ, ჩვენი მამის ნოეს ქალაქი“ – უყვებოდა მღვდელი სალუზაყანი ნორგიალეს ეკლესიის მრევლს უწინ. მაგამ ეხლა იგი თავად იყო დაბორკილი და გაყიდვას უპირებდნენ, როგორც ჩანს წყეული მომხვდურინი. შემოჭრილი თურქნი შამელნი იყვნენ იცოდა მღვდელმა. შამი სირიაში ეგულებოდა და ვერ გაერკვია თუ რამ შეაწუხა თურქთა რაზმი, ამხელა გზის გადმოსაჭრელად. „თუ რბევა უნდოდათ იქვე არ იყო სარბევი, აქ რაღაც სხვა ამბავია, ეს ის ხალხია ვინც დასაზვერად გამოგზავნეს“ – ფიქრობდა სალუზაყანი და დალილავებული, ჩასისხიანებული თვალებით  ხანდახან ახედავდა მის წინ მიმავალ მრბეველს.

სოფლის ახალგაზრდები უკვე ოპიზისაკენ მიმავალ გზაზე გაეგზავნათ თურქებს, შოლტებს უტყლაშუნებდნენ გზა და გზა.

„მეორე ჯგუფში ჩვენც გაგვიშვებენ ოპიზის გზაზე,, ოპიზა აღებული აქვთ და იქ ეყოლებათ დიდი ლაშქარი “- გასძახოდა სალუზაყანს დიაკონი იეზიკიელი, რომელსაც შამელნი დიდ მორზე აბამდნენ, სხვა ტყვეებთან ერთად, თან დასცინოდნენ და მაჯების წინ გაწვდენას თხოვდნენ, უფრო კარგად დასაბმელად.

  • არ დამოჩილდეთ ხალხო , არ დამორჩილდეთ, მალე მოგვისწრებს მეფეთა-მეფე თამარის ლაშქარი – გაჰყვიროდა დიაკონი იეზიკიელი და თვითონაც აქეთ იქით ხტოდა რომ შამელთათვის მისი დაბორკვა გაერთულებინა, მაგრამ ბოლოს მაგარი დარტყმა მიიღო რახტით ხელებში და ტკივილისაგან მორის ძირს დაეცა.
  • დიდი ჯარი ყავთ, იეზიკილ, დადუმდი ბიჭო, სად მოგვისწრებს ქართლის ჯარი – არიგებდა ჭკუას იეზიკიელის სიმამრი ჯარასონი თავის დიაკვანს, მაშინ როცა შამელნი შედგნენ და უეცრად გამაყრუებელ ყვირილს მოჰყვნენ.
  • რა ხდება ნეტა რატომ ყვირიან ეს შავი მურთხები? – კითხულობდა მღვდელი სალუზაყანი და გაოცებული მისჩერებოდა შამელ თურქებს, რომლებიც სწრაფად დარბოდნენ და მწყობრად დადგომას ლამობდნენ ნორგიალეს მოედანზე.
  • ეტყობა ჩვენები მოდიან – იყვირა იეზიკიელმა და როდესაც ფეხზე კვლავ წამოხტა იქვე მდგომ შამელს წიხლი იმგვარად ჩაცხო რომ შამელი მოცელილივით დავარდა მის ფეხქვეშ. სხვა შამელმნი მივარდნენ დიაკვანს მაგრამ აქაც დიაკვანმა იმკვირცხლა და შემხვედრი წიხლი შეაგება ორივე მომხვდურს, ერთს ნიკაპში მოარტყა ფეხი და იქვე ჩაკეცა, ხოლო მეორემ ფეხი დაუჭირა და დიაკვანი მიწაზე მოაფორთხიალა, მაგრამ ამ დროს სხვა დაბორკილებმა წამოყვეს თავი და ერთამ მათგანმა შამელ თურქს თავში მუშტი ჩაცხო.
  • ჩვენები, ჩვენები მოდიან – იყვირა იეზიკიელმა და მართლაც მოედანზე დაწყობილ შამელთა კოჰორტას, მგლისტყავიანების ასეულმა დაუწყო გარსშემორტყმა. „მგლოსანი ფარებით“ აღჭურვილმა მესხებმა შამელებს ერთი შეუძახეს დაგვნებდითო და არც კი ათხოვეს შემდეგ მათ პასუხს ყური ისე დაუწყეს თავების სხეპა მათ წინამბრძოლებს.

ბოცომ დაიმარტოხელა შამელთა ბელადი, მაღალი ახოვანი, ტყავის აბჯარში გამოწყობილი სირიელი თურქი და  ისეთი ძალით უთავაზა სპასალარის შვეტი მის ფარს, რომ ფარი ორად გადახია და ხელის მტევანი მიწაზე დააგდებინა შამელს.

აფთარ კოპასძე სასწაულებს შვებოდა საკუთარ მოლაშქრეებთან ერთად, დაიხრებოდა, შევარდებოდა შამელთა მწყობრში, მანამ ურტყამდა აქეთ და იქით თავის ხრმალს, გარშემო მყოფ შამელებს, სანამ ყველა ისინი საკუთარ სისხლისა და ტვინის ნარევში, ნაწლავებში გადახლართული არ დაეფინებოდნენ ნორგიალეს მიწაზე.

აირია შამელთა მწყობრი, ცხენებისა და ცხენოსნების საბრძოლველად გამოყენება ვერც მოასწრეს, მხედრობაში განთქმულმა თურქმა მეომრებმა, აირიენ, დაირიენ, მუხლმაგარი მესხების მიერ შეშინებულებმა და იკადრეს დაჩოქება.

მესხები დაჩოქებულებს აღარ უტევდნენ, აბიათარ კოპაძემ შეწყვიტა ომი და დაჩოქებულები ნორგიალეს მოედანზე დააბორკინა, ეხლა უკვე განთავისუფლებულ იეზიკიელს, სალუზაყანს და მისი მრევლის წევრებს.

ნაწილ – ნაწილ  ჯგუფ ჯგუფად დაბორკეთ და ჯაყისაკენ გარეკეთ – უბრძანა ათისთავებს აბიათარმა, თვითონ კი მიუტრიალდა ბოცო ჯაყელს, რომელიც ნორგიალეს განთავისუფლებულ მოსახლეობას  რჩეულიანთა ერთად ოპიზისაკენ გალაშქრებას დაუყნებლივ სთხოვდა.

***

სამცხის სპასალარი ნორგიალეს ეკლესიის სამრეკლოდან მიმართავდა შავშეთის მკვიდრთ:

„ღვთის დახმარებით  შამელთაგან განთავისუფლებულო ნორგიალეს მკვიდრნო, გიბრძანებთ რჩეულიანებს  შემოეწყოთ და ათასისთავს დაემორჩილოთ, ეხლავ უნდა გავეემართოთ ოპიზისაკენ, გარმიანისა და შამის თურქებს დავასწროთ  გამაგრება და ავიღოთ ოპიზა“- ამბობდა სპასალარი.

  • შენ ის ბოცო ჯაყელი არ ხარ, რომელმაც ორბელთა აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა შვიდი წლის წინ? – შეჰყვირა უეცრივ მღვდელმა სალუზაყანმა და საკუთარ ხალხს მოხედა.
  • მე ის ბოცო ჯაყელი ვარ, რომელიც საბრალო დემეტრე II ბაგრატიონის გადარჩენასა და გამეფებას ელტვოდა მღვდელო – მკაცრად თქვა სამცხის სპასალარმა.
  • ჰოდა თუ ეგრეა ჩამო სამრეკლოდან ერისთავო – ანჩხლად იყვირა სიმკაცრით განთქმულმა სალუზაყანმა და მარჯვენა ბოცოსკენ გაიშვირა ხოლო მარცხენით შამელთაგან წართმეულ შუბს დაუწყო მომარჯვება.

აბიათარის რაზმელებმა მღვდელი უცებ განაიარაღეს და ხელახლა დაბორკეს.

  • სამცხის სპასალარის ბრძანების შეუსრულებლობისათვის სიკვდილი ურჩებს – შეჰყვირა აზნაურმა ფოცხოველმა და ნორგიელელებს თვალი მოავლო.
  • ხო ხართ ლომები? ხო მოდიხართ ოპიზისაკენ? – დაჰყვირა თავზე შებრკოლებულ სოფლელებს აზნაურმა არსიანელმა.
  • ჰო მოვდივართ იარაღი მოგვე, იარაღი! – ამოღერღეს ნორგიალეს მკვიდრთა და ბოცო ჯაყელს ახედეს.

***

ოპიზისაკენ მიჰქროდნენ რჩეულიანნი. როდესაც მალემსრბოლი გამოიჭრა ტყის დიდი მასივიდან და „სამცხის სპასალარი რომელიაო“ – იკითხა.

  • მე ვარ სამცხის სპასალარი – იცრუვა აბიათარ კოპაძემ და კაცი მასთან მოიხმო.
  • გუზან ტაოსკარელისაგან ვარ, ოპიზასთან ვდგავართ და გელით, შუადღეს უნდა შევარდეთ ოპიზაში.
  • არის შევარდეთ – უპასუხა მხედრულად აფთარ კოპაძემ და კაცი უკან დააბრუნა გუზან ტაოსკარელთან.

***

შამელი თურქების შემოსევისაგან,  უცხო კირთებით, უვნებლად გადარჩენილი გუზან ტაოსკარელი ტყეს იყო შეფარებული.  რადგანაც იგი თბილისელი კაცი იყო და სამეფო კარის მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაენიშნათ შავშეთის ერისთავად, გუზანმა არც მთლად კარგად იცოდა შავშეთის გზები, ხეობები, რაც აუცილებელი იყო  მტრის მოსაგერიებლად.

  • არ ვარ სამხედროი – ამბობდა გუზან ტაოსკარელი, რომლიც შვილი გახლდათ ტფილისელი ამირა – ქურდისა აბულასანისა.

გუზანი, უფრო პოლიტიკოსი იყო, ვიდრე სამხედრო, მაშინ როცა ბოცო უფრო სამხედრო იყო ვიდრე პოლიტიკოსი. ამიტომაც, ეს ორი ახალგაზრდა კაცი, ერთმანეთს თავიდანვე ნაკლებად უგებდნენ, მაგრამ ერთად გატარებული ბავშვობა და სიყმაწვილის წლები მათ ურიერთ მეგობრობას განაპირობებდა.

  • ბოცო მოვა, უკვე შავშეთისა და არსიანის ქედი გადმოუვლია, რჩეულიანთ მოუძღვის, გიჟი აბიათარი ყავს, მაგათ ვინ დაუდგებათ წინ, ისე გასცელავენ ამ თურქებს, როგორც ნამგალი ქერსა – ამბობდა გუზანი და ტყეში ელოდა საკუთარ მალემსრბოლს შეშფოთებული.

გამოჩნდა კაციც, მიიჭრა გუზანთან და უთხრა:

  • შუადღეს შეუტიოთო მიბრძანა სამცხის სპასალარმა.
  • სად არიან ეხლა- გუზანს თვალები გაუბრწყინდა.
  • მონადირული ნაბიჯით, ტყე-ტყე მოდიან, დევის ქვასთან იქნებიან – თქვა გუზანის კაცმა.

***

მოდიან სწრაფად, მონადირულად, ფეხ-აკრეფით, არა მწყობრად, მოუყვებიან ტყეს. ახლოს არიან ოპიზასთან, აი მართლაც დევის ქვა გამოსჩნდა, მაგრამ ბოცოს გუნება აქვს გაფუჭებული.

  • ეს რა გაბედა მღვდელმა – ეკითხება თავის თავს ბოცო და თვითონვე პასუხობს:
  • მოღალატე ხარო დამაბრალა.
  • ჰოდა ვერ გავიგე, როგორ შეიძლება დემნას მომხრეს მოღალატე დააბრალო, ხოლო გიორგი მეფის მომხრეს მამულიშვილი უწოდო?
  • ვერ გამიგია ამ ჩემი ხალხის, აბიათარო! – ჩაილაპარაკა ეხლა უკვე ხმამაღლა ბოცომ.

მუდამ მდუმარე აფთარ კოპაძე შემოტრიალდა, თვალებში ჩააკვიდრა, მისსავე აღზრდილ სამცხის სპასალარს და მუნჯურად კითხა „რა ვერ გაგიგიაო?“

ხელის ნიშნებით და მხრების აჩეჩვით მიუგო ბოცომ რაღაც აბიათარს, რომელმაც ხელები შეატყუპა და ოპიზისაკენ   მიუნიშნა.

„მუდამ ასეა აბიათარი, მტერზე დაგეშილი. ჩვენს მამულს მხოლოდ ამგვარი ათასისთავები სჭირდება“- გაიფიქრა ბოცომ და ის ამბავი გაახსენდა თუ როგორ შეხვდა ბოლოს დემნას უფლისწულს.

***

1179 წელი იდგა. მტრისაგან ალყაშემორტყმული დემნა ლორეს ციხის აღმოსავლეთ ქონგურებს ათვალიერებდა, როდესაც მის საპირისპიროდ ბოცო ჯაყელი გამოჩნდა. დაღლილმა დემნამ  თვალები მოჭუტა, თითქოს მხედველობას უჩივისო ისე დააკვირდა სამხედრო ბლისკინზე მომავალ მაღალ და ტანბრგე კაცს და როდესაც ამ კაცში ბავშვობის მეგობარი შეიცნო გულში იმედი ჩაეღვარა.

  • მოგესალმები მეფეო, აფხაზთა და ქართველთა, სომეხთა და რანთა……- დაიწყო ცალ მუხლზე ჩაჩოქოლმა სამცხელმა ენის დაბმით.
  • მორჩი, მორჩი ერთი ამ სისულელეების ჩამოთვლას მოჭიდავევ, წამოდექ ფეხზე ჩემო ბავშვობის მეგობარი – დემნა იგივე დემეტრე მეფე ბოცოს დასწვდა და სამცხელი გულში ჩაიხუტა.
  • მეფეო, მეფეო სირცხვილია – ბლუკუნებდა სამცხელი, მას ზურგს უკან ორბელთა სამხედრონი შეუჰურებდნენ მკაცრად.
  • ჩვენ სამუდამო მეგობრები ვართ ჩემო სამცხელო – ამბობდა დემნა.

  ეს მოგონება თითქოს ნისლში ჩაიკარგაო, ისე გაქრა. დემნა უფლისწული ამ შემდეგ ცოცხალი არც არავის უნახავს.

შეტევა ოპიზის მიმართულებით

„ვინძლო დავრჩენილიყავი ლორეს ციხეში იქნებ  გადამერჩინა ჩემო მეგობარი“ – აკვიატებულს ფიქრობდა ბოცო სამცხის სპასალარი, რომელიც მიუხედავად აბიათარის თხოვნისა პირველი შეიჭრა შამელ და გარმიანელ თურქთაგან დაკავებულ ოპიზაში და ოც-ოცდახუთ კაციან რაზმს მარტოდმარტო შეება. მისი მჭრელი „შვეტი“ ფხრეწდა  ჯერ თურქთა ფარებს, ხოლო შემდეგ მათ კიდურებს მიწაზე მიმოფანტავდა. თავად თურქნიც უტევდნენ ბოცოს, მაგრამ მისი მოქნილი მგლოსანი ფარი ყველგან ასწრებდა და ჯერ-ჯერობით თავად ბოცო უვნებელი იდგა, ხოლო მის წინ მოჯარული ხალხი, სამცხელის შეუვალობისაგან გაოგნებული უკან ილტვოდა.

რჩეულიანნიც ასევე იბრძოდა. აზნაური ფოცხოველი  ასევე თურქთა დიდრონ რაზს შეება, აზნაური არსიანელი კი იქით მიუხდა მწყობრად მდგარ შამელთა გროვას, ასევე იყვნენ სხვანიც. ქირქიშ არტაანელმა თურქთა ბელადს ენა ამოგლიჯა და შამელებს მიუგდო.

აბიათარი რჩეულიანთა მეორე ჯგუფის შემოსვლას აწესრიგებდა ოპიზის გალავანში. რჩეულ მესხთა შორის ნორგიალეს მკვიდრნიც ჩაეყენებინა და მათ უკან დარბოდა, ნორგიალელებს სულს უმაგრებდა, „არ ჩაფახდეთო “ – ჰარპიასავით თავს დასტრიალებდა, ზოგს ძალით მიაგდებდა მტერზე და შემდეგ ეუბნებოდა „გაქანდით ბიჭებო და ურჯულოთა შორის შევარდითო“. ნორგიალელ უკან დახეულებს, შუბს ურჭობდა ქირქიშ არტაანელი და იცინოდა, „თქვენი ნაზრახი სიცოცხლე, შამელთათვის მიმინდვიაო“. გაგულისდნენ ნორგიალელები, ერთი შეუძახეს თავს „ვაჰმეო“ და უმალ შამელთა გრძელ, წვრილ ბუნიკიან შუბებზე წამოეგნენ, აი ამ დროს მიჰყვნენ  მათ რჩეულიანთ რაზმის ბუმბერაზები, საბახტარ და ბერმუხა  სრესელები, რომლებიც შუბებით შეუვარდნენ შამელთა მწყობრს და ბოლომდე გავიდნენ. გაიხლიჩნენ შამელნი, გაიქცნენ გარმიანელნი.

ბოცოს პირველ შეტევას აზრიც ის ჰქონდა, რომ სპასალარის გიჟური მიტევებით, რამოდენიმე მეტრი უნდა მოეგოთ მესხებს ოპიზის ციხის პლაცდარმზე, მანამ სანამ მათი მთლიანი მასა  ქალაქში არ შევარდებოდა.  აი ეხლა რჩეულიანები უკვე ყველგან ტრიალებდნენ, სახლის სახურავებზე, კოშკებზე, ბოსლებზე და ბაგეებზე არბოდნენ, შემდეგ ქუჩებში შეჯგუფებულ შამელებს სხვადასხვა მხრიდან ატყდებოდნენ თავს და ყოველმხრივ ავიწროვებდნენ მოწინააღმდეგეს. ამგვარი ბრძოლის ხერხი აბიათარ კოპაძეს თავად ქონდა დასწავლული სპარსელთაგან და შემდეგ წლობით დანერგილი რჩეულიანთა რიგებში.

ამასობაში, ოპიზელებმაც გაინთავისუფლეს თავი შამელთა ხუნდებისაგან და ხელი იარაღს ჰკიდეს. ქალაქელებიც აღიჭურვნენ და ოპიზის მთავარი მოედნისაკენ დაიძრნენ, სადაც გააფთრებული ჩეხვა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

ერთის მხრივ ოპიზარებისა და მეორეს მხრივ რჩეულიანთა რაზმის შეტევას შამელი და გარმიანელი თურქები ვერ დაუდგნენ. მაშინ როდესაც მათი ყოჩი – უმარი, აზნაურ ფოცხოველს შეება ყველა გაირინდა. ბოცო და აბიათარი შერკინებულთა გარშემო დაიარებოდნენ და უმარს უმზერდნენ.

ხდება ამგვარი ორთაბრძოლის დროს,  ფოცხოველი და უმარი ერთურთს მაჯებში წააფრინდნენ და ბოლოს მიწაზე დასცვივდნენ. ორივე დაჭრილი იყო. სისხლი უხვად მოედინებოდა მათი სხეულებიდან. ჭიდილისაგან ისინი მიწაში უფრო და უფრო ეფლობოდნენ. ბოლოს უმარს სახე ტყვიისფერი გაუხდა და ფოცხოველი ბოცომ წამოაყენა ფეხზე.

შამელნი რამოდენიმე წამი მისჩერებოდნენ მომაკვდავ უმარს და შემდეგ პირუტყვის თვალებით ათვალიერებდნენ აბიათარს, რომელიც მათ დაიჩოქეთო მოუწოდებდა.

ბოლოს დაიჩოქეს გადარჩენილმა შამელებმა, კისრები წინ წაიგრძელეს და მუხლებზე მდგარნი თავიანთ ხვედრს ელოდნენ.

„გავიმარჯვეთ“ – შესძახა ბოცო ჯაყელმა და მისკენ მომავალ გუზან ტაოსკარელს გადაეხვია.

კახაბერ ჯაყელი

12 მაისი, ანდრია პირველწოდებულის დღე, თბილისი, საქართველო.


Responses

  1. […] […]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: