Posted by: burusi | 08/04/2020

ვინ არიან ელფები

აკაკი ჯაში – Akaki Jashi

მარიამ ხოტივრიშვილი “ვინ არიან ელფები”

საოცარი  არსებაა  ეს  ელფი! ადამიანსაც  კი  მიამსგავსებდით  გარეგნულად, გრძელი  თმიდან  დაცქვეტილი  ყურები  რომ  არ  შეგემჩნიათ, მაგრამ  ელფის  დაყენება  ადამიანის  გვერდით  სრულებით  უაზრო  იქნება,  რამდენადაც  გულადი  და  პატივსაცემი  უნდა  იყოს  თქვენი  პატივცემული  ადამიანი.

   ეს  მეტად  მომხიბვლელი  არსება  მაღალი  და  ლამაზია (თქვენს  დღეში  ვერ  შეხვდებით  დაბალ, უშნო  ელფს), ტანადი, კოხტა, კოპწია  და  ახალგაზრდა. უმეტესი  მათგანი  ქერა  ან  ჩალისფერთმიანია, იშვიათობაა  შავგრემანი  ან  ჟღალთმიანი  ელფი. თვალის  ფერი  მეტად  მრავალფეროვანი  აქვთ: თაფლისფერი, გიშრისფერი, ზურმუხტისფერი, საფირონივით  ლურჯი, ნაცრისფერი  და  სხვანი. ლამაზ  ხელებს  მშვილდ-ისარი  ან  ელფურად  გამოჭედილი  ხმალი  შვენით; გრძელ ფეხებს  უმშვენებთ  ელფური  ქალამნები, რომლებიც  ხშირად  გამოსდგომიათ  ბრძოლებში, ვინაიდან  ისინი  საოცრად  მსუბუქი  და  ფარფატაა; ტანსაცმელი  მეტად  მოხდენილი  აქვთ, არსად  მოიპოვება  მსგავსი  სამოსელი – მრავალგვარი  ნაჭრისგან  ამზადებენ  საოცრად  ნაზ, მაგრამ  გამძლე  შარვლებს, კაბებს, სარაფნებს, პერანგებსა  თუ  მოსასხამებს.

   ხელობებიდან  ყველაზე  კარგად  ჭედვა, მორთვა-მოკაზმვა  და  საბრძოლო  იარაღების  დამზადება  ეხერხებათ, სხვა  დანარჩენთან  ერთად, რა  თქმა  უნდა, თუმცა  ეს  უკანასკნელი  განსაკუთრებულ  ოსტატობას  საჭიროებს  როგორც  შექმნაში, ისე – გამოყენებაში.

   საბრძოლო  ხელოვნება  ელფებს  საუკეთესოდ  აქვთ  განვითარებული. აქ  ჰასიკიც ისეთივე  მამაცი  და  გულადია, როგორიც – ჰარინი. ფასს  ვერ  დაუდებ  მათ  ბრძოლის  უნარსა  და  წყურვილს.

   ელფი  ისეთივე  მხიარული  და  გართობის  მოყვარულია,  როგორიც  სევდიანი  და  მდუმარე. თან  შეუძლია  გამარჯვების  ნაყოფით  დატკბეს, თან – მოსალოდნელი  საფრთხე  განჭვრიტოს  შორს.

   ეს  არსებები  ოჯახებად  ან  განმარტოებით  ცხოვრობენ  ტყესა  თუ  მდელოზე, მდინარესა  თუ  ზღვის  სიახლოვეს, ოჯახები  კი  დიდ  და  ძლიერ  სამეფოს  ქმნიან, რომელსაც  თავისი  დროის  უძლიერესი  მეფე-დედოფალი  უდგას  სათავეში. სწორედ  მათი  მეფობით  იწყება  ეს  ამბავი.

 

თავი  პირველი

უფლისწულის  დაბადება

   დიდებული  მეფე  ერონიდასი  თავის  ულამაზეს  და  გამჭრიახ  დედოფალ  კასალანდრასთან  ერთად  დიად  სასახლეში,  გოლუნდირში,  ცხოვრობდა.

   გოლუნდირი  მტკიცე,  ძლიერი  და  გაუტეხელი  სასახლეა. მისი  მშენებლობა  ხუთასი  წლის  წინ  დაიწყო  და  აწ  უკვე  ოთხას ოთხმოცდამეჩვიდმეტე  წელი  უსრულდება, რაც  ასე  უდრეკად  დგას  და  ამაყად  გადაჰყურებს  ნოყიერ  მინდვრებსა  თუ  ტრამალებს. სასახლის  აგებაში  საუკეთესო  ოსტატი  ელფები, გოლიათები, ბლიზერები, ცხვირაცვლილები, მიწამხვრელები  და  ჯადოსნებიც  კი მონაწილეობდნენ.

   რა  საოცარი  სანახავია  ეს  დიდებული  სასახლე!  ბევრისთვის  რომ  გეკითხათ, გოლუნდირი  ამქვეყნიურ  სამოთხეს  წარმოადგენდა.  თვითონ  გოლუნდირი  კი  ორი  სიტყვისგან  წარმოდგება  და  ელფურად  „მარმარილოს  სახლს“  ნიშნავს.

   თეთრი, ქათქათა  სასახლე  სამოთხის  ბაღების  ცენტრში  დგას.  ბაღი  კიდევ  ცალკე  სანახაობაა.  პირველი, ყველაზე  ფართო  და  განიერი  სართული, რომელსაც  გრძელი, ცისფერი  ქვისგან  გამოთლილი  აივნის  იატაკი  აქვს, ღია  ყვითელი, სალათისფერი  და  ალაგ-ალაგ  წითელი  ქვებითაა  მოპირკეთებული. შიგა  და  შიგ  ელვარებენ  თეთრი  ალმასებიც.

   პირველი  სართული  დიდად  ფართო  გახლავთ, შესაბამისად, საიმისო  ადგილიც  დარჩება, რომ  ამ  აივნიდან  ბუმბერაზი  დროშა  გადმოიშალოს  უზარმაზარი  ელფური  სიმბოლოთი  ცენტრში.

   მეორე  სართული  ჩირაღდნებანთებულ  სარკმელებს  მოგაგონებთ: კრიალა  ფანჯრებს  ორივე  მხრიდან, შუაში, ყველაზე  დიდი  და  მათზე  აღმატებული  სარკმელი  ჰყოფს. მაღალი, სქელშუშიანი  ფანჯრიდან  ყოველთვის  კაშკაშა  სინათლე  იღვრება. ყველას  თვალს  სჭრის  ის  ბრწყინვალება  და  იდუმალება, რომელიც  ფანჯრებს  მიღმა  იმალება. მეორე  სართულის  პატიოსანი  თვლებით  მოკირწყლული  კედელი  მზის  სხივებზე  ათასფრად  ირეკლება.

   ფანჯრებს  ზემოთ, სასახლის  მეორე  სართულის  თავზე, ვიწრო  აივანია  გადაშლილი. მწვანენარევი  ცისფერი  მარმარილოს  აივანი  მზის  ჩასვლისას  ყოველთვის  ღია  ვარდისფერ  შეფერილობას  იღებს, რაც  ერთდროულად  საოცარიცაა  და  შთამბეჭდავად  ლამაზიც. ზედა  აივნის  იატაკი  ღია  ნარინჯისფერი  მოზაიკებითაა  მორთული, რაც  ელფური  დინასტიის  სიდიადეს  გადმოსცემს.

   გოლუნდირის  მესამე, დამაგვირგვინებელი  ნაწილი  მიწამხვრელების  ქუდს  მოგაგონებთ, რომ  არა  მისი  კონუსისებრი  ფორმა, ვერცხლისფრად  რომ ელვარებს  ციმციმა  თოვლივით. მესამე  სართულს  ის  სამკაული  ხდის  გამორჩეულს, შუაგულში  რომ  აქვს  დაჭედილი – დიდი, მრგვალი, თვალისმომჭრელი. უშველებელ  ოქროს  ბურთში  ზურმუხტის  რომბები  თამაშობენ. ამ  პატარა  ფორმებს  შორის  კაშკაშა  გამჭვირვალე  ალმასები  იჭყიტებიან. „ოქროს  გვირგვინის“  შემდეგ  ჯერი  „ვერცხლის  თასზე“  დგება. ბზინვარე  თეთრი  ვერცხლის  ფონზე  გიშრის  თვლები  მოწმენდილ  ცაზე  მოკაშკაშე  შავ  ვარსკვლავებს  მოგაგონებთ, მათ  გვერდიგვერდ  კი  საფირონის  ცისფერი  ქვებია  ჩამწკრივებული. ყველაზე  მცირე  ადგილი  უკავია  პატარა  წრიულ  სივრცეს, რომელიც  ზემოხსენებულ  წრეებს  შიგნით  მოქცეულიყო, მასში  ხომ  ათასფრად  კიაფობენ  ნაირგვარი  ფერები. რას  ნახავს  მოკვდავის  თვალი  ამაზე  უკეთესს! მას  სახელად  ალრონდი  ჰქვია, რაც  ელფურად  „კაშკაშა  ბურთს“  ნიშნავს. მუქ  ვარდისფერ, ცისფერ, მწვანე, წითელ  და  კიდევ  რა  ფრად  აღარ  კაშკაშებს  ეს  ქვის  ნატეხი  მზისა  თუ  მთვარის  სხივებზე. მისი  ანარეკლები  კი  იფანტება, მაგრამ  ბოლოს  ერთმანეთში  იკვეთება  და  იბლანდება  ერთი  რომელიმე  კუთხის  კუნჭულში.

   სამოთხის  ბაღები, სადაც  გოლუნდირი  მდებარეობს, კიდევ  ერთი  წარმტაცი  სანახაობაა. მწვანე, აბიბინებულ  ბალახს  შორის  ბილიკები  გადის. თეთრი  ბილიკები, რომლებსაც  მზე  ღია  ყვითელ  შეფერილობას  აძლევს  და  მის  ქვეშ  ნიადაგს  ნოყიერს  ხდის. ბაღებში, ერთმანეთისგან  რამდენიმე  ნაბიჯის  მოშორებით, ქვისგან  კოხტად  გამოთლილი  სკამები  დგას,  საიდანაც  ბაღების  სილამაზით  დანაყრებულს, მოკალათებულს  შეგიძლია  ადევნო  თვალი  დიდ, წითელ  ბურთს, რომელიც, მთებს  შორის,  სასახლის  მიღმა  იპარება.

   ამ მწვანეში ჩაფლულ სამოთხეში, სკამების  სიახლოვეს ჰკიდია ყვავილებმორთული  ჩირაღდნები, რომლებიც  მთვარის  გამოჩენისთანავე  წითელი  ცეცხლით  იწყებენ  გიზგიზს. ყვავილების  როლი  სამოთხეში  ყოველთვის  დიდია  და  არც  აქ  არის  გამონაკლისი – რა  ჯიშის, ფერისა  თუ  სურნელის  ყვავილს  აღარ  ნახავს  თვალი: მუქ  თუ  ღია  იისფერ  იებს, ნაირფერ  მიხაკებს, ნაზ  შროშანსა  თუ  ზამბახს, ორქიდეას, ნარცისს, მკრთალ  გვირილებს, სისხლისფერ  ტიტებს. მაგრამ  ვარდი  განსაკუთრებული  სილამაზითა  და  მზრუნველობით  გამოირჩევა, რადგან  ის  დედოფალ  კასალანდრას  საყვარელი  ყვავილია  და  ხშირად  შეხვდებით  წითელ  თუ  თეთრ  ვარდებს  მის  სასახლესა  თუ  გვირგვინზე.

   ბაღებში  ვარდი  სხვადასხვაგვარია: ველურიც  და  მოშენებულიც, გაშლილიც  და  გაუხსნელიც. ფერებს  კი რა  გამოლევს: ხასხასა  წითელი, თოვლივით  ბზინვარე  თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი, მელნისფერი, ნაცრისფერი, მუქი  იისფერი  და  სალათისფერიც  კი.

   ერთნაირი  ჯიშის  სხვადასხვაფერ  ყვავილებს, ან  პირიქით, ერთ  კონად  უყრიან  თავს  პატარა  ფართობზე  და  ამრავალფეროვნებენ  მსუბუქ, მწვანე  ბალახს. მათი  ტკბილი  სურნელება  არემარეს  აბრუებს.

   ბაღის  კუთხეებში  მწკრივადაა  აღმართული  ატმის, ალუბლის, ვაშლის, კაკლისა  თუ  მსხლის  ხეები, რომელთაც  მეორე  კუთხეს  წიფლის, არყის, ალვის, ტირიფისა  და  ჭადრის  ხეები  უმშვენებენ.

   გოლუნდირის  შესასვლელთან  მარმარილოს  გრძელი  კიბე  ადის. კიბის  წინ  ქათქათა  მრგვალი  აუზი  ყოველთვის   სავსეა  წყლით, რომელიც  ჰასიკის  თეთრი  ქანდაკებიდან  შადრევნის  სახით  ისხმება. ზამთარში  აუზი  მთლიანად  იყინება  და  მასში  კამკამა  წყალი  უძიროდ  ღრმა  მოგეჩვენებათ. სასახლის  აუზი  ამ  სეზონზე  განსაკუთრებით  ლამაზია, რასაც  წყალში,  დროდადრო,  ალმასების  ციმციმი  ემატება. წყლის  გარშემო  ქვები  ნაირნაირი  თავმომწონე  თვლებითაა  მოპირკეთებული, რომლებიც  ელფის  თვალებივით  ბრწინავენ.

   აუზის  გარშემო  წელიწადის  ოთხი  სეზონის   სამეფო  დელონიქსი  დგას. ყოველი  ზამთრის  დადგომისას  ხეს ვერცხლისფერი, ბზინვარე ტოტები  ეყინება  და  მისი ფოთლებიდან  გაყინული  კრისტალები  მიწაზე  დახეთქებას  ლამობენ. გაზაფხულისას  დელონიქსს, მის  მოახლოებისთანავე  ტოტებში  სიყვითლე  ეპარება  და სეზონის  ბოლოს  უკვე  ფესვებიდან  კენწერომდე  მუქ  ყვითელ  შეფერილობას  იღებს. ზაფხულის  წყურვილი  და  სიცოცხლის  ხალისი  მისი  მომასწავებელი  ხის  ყოველ  ფოთოლს  ეტყობა. ტოტები  თითქოს  ცეცხლის  ალში  ეხვევიან. ცოტაც  და  აგიზგიზებული  დელონიქსი  არემარეს  გადაწვავს  თავისი  მუქი  ვარდისფერი  და  წითლად  აალებული  ფოთლებით. შემოდგომის დადგომისას დელონიქსი  ოქროსფერ  ფონზე  იწონებს  თავს. შემოდგომის  მოახლოებისთანავე  ნარინჯისფერი  სამეფო  ხის  ძირში  ცეცხლის  ხალიჩა  ეფინება  ჩამოცვენილი  ფოთლებით. ეს  ოქროს  ბზინვარე  ხალიჩა  თანდათან  უფრო  ფუმფულა  ხდება, როდესაც  აშრიალებულ  ტოტებს  ჭრელ-ჭრელი  ფოთლები  ნაზად  სწყდება  და  ძირს  ეშვება. ბევრ  ცელქ  ფოთოლს ხშირად  აუზის  წყალშიც  უბანავია.

   გოლუნდირი  თავის  ბაღებთან  და  გარშემო  მინდვრებთან  ერთად, სწორედაც  რომ  ამქვეყნიურ  სამოთხეს  წარმოადგენს.

* * *

  იმ  დღეს, როცა  გაყინული  დელონიქსი  თავის  უკანასკნელ  საათებს  ითვლიდა, სამეფოში  დუმილი  და  მღელვარება  სუფევდა: დედოფალი  კასალანდრა  უფლისწულის  გაჩენას  ელოდებოდა.

    მზე  ნელნელა  იჭყიტებოდა  ღრუბლების  ფუმფულა  საბნიდან  და  ერთი  სული  ჰქონდა, როდის  გააფერადებდა  მდუმარებას. დელონიქსის  ლოლოები  თანდათან  ლღვებოდა  და  მისი  წვეთები  თავმოღერებულ, სულსწრაფ  ენძელებს  გაღვიძებაში  ეშველებოდა. ეს  ყვავილი  ყოველთვის  პირველი  ეგებებოდა  მზის  სითბოსა  და სხივებს. გამლღვარ  აუზში  ფარფატა  თევზები  მოუსვენრად  დაცურავდნენ. ბუნება  რაღაცის  მოლოდინში  მიყუჩებულიყო. ბაღში  სულიერის  ჭაჭანებაც  არ  იყო, მხოლოდ  პატარა  ბეღურები  თუ  მოფრინდებოდნენ  დროდადრო  ჭიკჭიკით, ახალი ამბის  გასაგებად. ზამთარი  ასეთი  მდუმარე  არასდროს  ყოფილა. გაზაფხული  წუთი  წუთზე  შემოამტვრევდა  სქელ  ყინულს  და  გარემოს   შეეგებებოდა.

   მყუდრო  სიჩუმეში  უცებ  გაბმული  ტირილი  გაისმა, რასაც  შეძახილები  და  ჟივილ-ხივილი  მოჰყვა  –  უფლისწული  დაიბადა!

   პატარა  ოქროსთმიანი  ჰარინი  უკვე  გამოცდილი  თვალით  აკვირდებოდა  გარშემომყოფებს  და  უკვირდა  მათი  ასეთი  საქციელი. უფლისწულს  სახელად  არლონდირი  დაარქვეს, რაც  ძველ-ელფურად  „მზის  სხივს“  ნიშნავდა. მართლაც  რომ,  მზის  სხივივით  კაშკაშა  და  ნათელი  იყო. ქვეყნიერების  რომელი  მხრიდან  აღარ  მოდიოდნენ  მეფე-დედოფალთან  მოსალოცად. უფლისწულის  დეიდამ, რომელიც  მეფე ერონიდასის  უმცროსი  ძმის, სალდრინის  ძვირფასი  მეუღლე  გახლდათ, ოქროს  ამულეტი  უძღვნა  უფლისწულს  ავი  თვალისგან  დასაცავად. კოხტად  მოპირკეთებულ  ძღვენს  ცენტრში  მზის  დიდი  სიმბოლო  ჰქონდა, მის  გარშემო  კი  ოთხი  რომბი  ბრუნავდა, რაც  სამყაროს  აღნიშნავდა. იმ  სამყაროს, რომელიც  ერთ  დროს  შესაძლოა  ამ  ახლადდაბადებული  უფლისწულის  ხელში  გადასულიყო.

-დაე, ეს  დიადი  მანათობელი  ყოფილიყოს  შენი  გზის  გამკვლევი, ჩემო  პატარა  მზის  სხივო! – ალერსიანად  დალოცა  დეიდა  მილჰანირმა დისშვილი. მას  სინაზე, ალერსი  და  ტკბილი  სიტყვა  სჩვევოდა.

   მუდამ  მოღიმარი  მილჰანირი  კასალანდრას  უმცროსი  და  იყო. თვითონ  სახელი  მილჰანირი  „მხიარულებას“, „სიცილსა“  და  „ხალისს“  ნიშნავდა. ელფები  მისგან  ყოველთვის  კარგ  ამბავს  იგებდნენ  და  მეტსახელად  „სიხარულის  მომტანს“  ეძახდნენ.

   მაღალ, წელში  გამართულ  ჰასიკის  ყველა  მოწიწებითა  და  პატივისცემით  ეპყრობოდა. ყველას  უყვარდა  ცქრიალა  და  ახალგაზრდა  ქალბატონი.

   მილჰანირს  გიშერივით  შავი  თმა  ჰქონდა. მასში  ხშირად  ბზინავდნენ  პატრონივით  ლამაზი  ალმასები  ან  ალმასებით  მოპირკეთებული  ნაზი  დიადემა. გრძელი, სწორზე  სწორი  თმა  წელამდე  სწვდებოდა. თეთრი  პირი-სახე  და  ხელები  ჰქონდა. ნაცრისფერ  თვალებში  ყოველთვის  კაშკაშა  შუქი  უთამაშებდა  და  ვარსკვლავებივით  ანათებდა. ნაზი, ვარდისფერი  ტუჩები  მუდამ  უღიმოდნენ. თმიდან  დაცქვეტილ  ყურებზე  სხვადასხვანაირი  მოსართავ-მოსაკაზმი  ეკეთა, რაც  მას  უფრო  მოხდენილსა  და  მიმზიდველს  ხდიდა. ფარფატა  ტანზე  გრძელი, მსუბუქი  კაბები  ეცვა, ძირითადად  თეთრი, ღია  ყვითელი, ცისფერი  და  იისფერი, მთვარის  შუქზე  ყოველთვის  ვერცხლისფერი  ბზინვარება  რომ  ეპარებოდათ.  ფეხებზე  კოხტა  სანდლები  მოხდენოდა, ყვავილებითა  და  ზურმუხტით  დამშვენებული.

   მიმზიდველ  მილჰანირს  მეუღლეც  შესაფერისი  უნდა  ჰყოლოდა  და  ასეც  იყო. ერონიდასმა  უმცროს  ძმაზე  თავიდანვე  იზრუნა  და  გაუდაბნოებული  მხარის  სამართავად  გაგზავნა. სალდრინმა  ძმისა  და  საკუთარი  გამოცდილება  და  სიბრძნე  გამოიყენა  და  ერთ  დროს  გაუკაცრიელებული  მიწები  ნოყიერ  მინდვრებად  აქცია. მას  ყველაფერში  ძვირფასი  მილჰანირი  ეხმარებოდა  და  ხშირად  აძლევდა  სასარგებლო  რჩევას.

   ხესავით  ატოტილ, ახალგაზრდა, ძლიერ  სალდრინს  ხელთ  არცთუ  ისე  მწირი, შეიძლება  ითქვას, საკმაოდ  დიდი  ძალაუფლება  ეპყრა.

   სალდრინს  ჩალისფერი  გრძელი  თმა  ერთ  კონად  შეეკრა  ძირში. ყოველთვის  ამაყად  დააბიჯებდა  თავისი  ატოტილი  ქალამნებით, შარვლითა  და  ნაირნაირი  ბზინვარე  მოსასხამებით. მისი  ლამაზი, ყავისფერი  თვალები  ყოველთვის  სიბრძნეს  გამოსჭვიოდნენ.

   იმ,  ოდესღაც  გაუდაბნოებულ  მხარეს, რომელსაც  სალდრინი  განაგებდა, დრინგოლდურს  უწოდებდნენ, რაც  ელფურად  „უდაბნოს  სამოთხეს“  ნიშნავდა. ამწვანებული  და  აბიბინებული  ადგილები  საღამოობით  თეთრი  შუქებით  იფინებოდა, რაც  ელფური  ჯადოსნობის  დამსახურება  იყო. ამ  მხარეში  ელფები  პატარ-პატარა  ხის  სახლებში  ცხოვრობდნენ. მდელოზე  ათასობით  ასეთი  სახლი  იდგა  და  შიგნით  მუდამ  თეთრი  შუქი  ენთო. მათი  მმართველები  კი  წვრილსაფეხურებიან, მაღალ, ხით მოპირკეთებულ  სასახლეში  ცხოვრობდნენ. ეს  ნაგებობა ზემოდან  სულ  ხისგან  იყო  მორთული  და  თავისი  სილამაზითა  და  სიმტკიცით  გამოირჩეოდა. თითქოს, ერთი შეხედვით,  ჩვეულებრივი  ხის  სახლი  ყოფილიყო, მაგრამ  დიდი  ოსტატობისა  და  ხელობის  წყალობით, მისგან  თვალის  მოშორება  ადვილი  სულაც  არ  იყო.

   უფლისწულმა  თითქოს  გაიგოო  დეიდის  სიტყვები, მხიარულად  ახითხითდა. ამ  საღამოს  ბევრ  სტუმარს  ელოდნენ  და  ასეც  მოხდა.  ჯუჯები, ფერიები, ბლიზერები – ყველა ჯიშისა და გვარის არსებას სასახლესთან მოეყარა თავი. დაბინდებისას  გოლუნდირის  ბაღები  მორთულ-მოკაზმული  არსებებით  აივსო. ყველას  როდი  ხვდა  წილად  უფლისწულის  ხილვის  ბედნიერება. ვინც  სურვილი  მოიკლა, სხვებს  უზიარებდა  თავის  შთაბეჭდილებებს.

   ჩირაღდნების  ანთებასთან  ერთად  მუსიკა  და  მხიარულებაც  დაიწყო. უცხო  მხარის  სტუმრებმა  აღტაცება  ვერ  დამალეს, როცა  ბაღში, მათ  თვალწინ  უზარმაზარი  მაგიდა  თავისით  გაიშალა  მთელი  ეზოს  სიგრძეზე  და  რამდენიმე  წამში  მასზე  ყველანაირი  კერძი  გაჩნდა, რაც  კი  მოიპოვებოდა.

   უცებ,  აივანზე  კასალანდრას  სიფრიფანა  კაბა  აელვარდა  და  იქ  შეკრებილებმა  მეფე-დედოფალი  იხილეს, უფლისწულით  ხელში. ყველა  აჟრიამულდა. ტაშისკვრამ  და  ჭიქების  კაკუნმა  იქაურობა  წალეკა. ერონიდასმა  ხელის  აწევით  დააშოშმინა  მოყიჟინენი:

 – თქვენ  ყველანი  საერთო  მიზნით  შეიკრიბეთ  აქ  და  ეს  მე  ძალიან  მახარებს. უფლისწული, რომლის  დაბადებასაც  ჩვენ  ასე  მოუთმენლად  ველოდით, ახლა  თქვენ  წინაშეა. შეეგებეთ  და  მიიღეთ, როგორც  თქვენი  მომავალი  მეფე  და  გვარის  გამგრძელებელი!  შეგიძლიათ  სუფრას  მიუსხდეთ. მხიარულებას  გახსნილად  ვაცხადებ!

   ეს  სიტყვები  პირველი  და  საბოლოო  აღმოჩნდა. ერონიდასის  ხელების  აღმართვა  და  ინსტრუმენტების  აყვირება  ერთი  იყო.

   გოლუნდირში  კიდევ  ცალკე  მაგიდა  გაშლილიყო. მეორე  სართულზე, დიდ  კუთხოვან  მაგიდაზე, დიდებული  სუფრა  გაეშალათ. თავში  მას  მეფე-დედოფალი, ხოლო  გარშემო  სამეფო  ოჯახთან  ყველაზე  დაახლოებული  ელფები  ისხდნენ. უფლისწულს,  მიუხედავად  დიდი  ჩოჩქოლისა  და  ხმაურისა, დიდ  აკვანში  მშვიდად  და  ტკბილად  ეძინა. ესეც  ელფური  ჯადოქრობა  იყო.

თავი  მეორე

ვენერას  ღამე

   მეორე  დღე  შედარებით  მშვიდი  აღმოჩნდა. ერთი  ჩვეულებრივი, გაზაფხულის  დღე, რომელშიც  ყველაფერი, ცისა  და  ხმელეთის  ჩათვლით, გაყვითლებულიყო: ხეები, ბაღები, ყვავილები, გოლუნდირიც  კი. სასახლე  ყვითლად  ბზინავდა  და  არამარტო  სასახლე. ამ  სეზონზე  ყველა – სულიერი  თუ  უსულო  ყვითლად  კაშკაშებდა. ყველას,  რატომღაც,  კაშკაშა  ბზინვარება  დაჰყვებოდა  თან, რომელიც  მათ  მოღიმარ, ელფურ  იერს  უფრო  მომხიბლავს  ხდიდა. ზოგადად,  ელფები  იღიმოდნენ. ხშირად  იღიმოდნენ, თუკი  მათ  გუნებას  რაიმე  შემთხვევა  არ  გაუფუჭდებდა, ანდა  გულს  არ  გაუტეხდა. საერთოდ, ელფები  ძალიან  მგრძნობიარენი  არიან. მცირედ  წყენასაც  ღრმად  ინახავენ  და  იფლობენ  გულში. მცირედ, მაგრამ  მაინც  მნიშვნელოვან  წყენას. შეიძლება  არ  გამოამჟღავნონ  თავიანთი  გულისტკივილი  და  სიცოცხლის  ბოლომდე  ატარონ  ის  მოგონება, ოდესღაც  რომ  სული  შეურყია  და  დარტყმა  მიაყენა. სწორედ  ასეთ  ტკივილს  განიცდიდა  ერონიდასი, რომელმაც  ერთ  დროს  ძმა  დაკარგა, თუმცაღა  მის  ტკივილს  მცირედი  ნამდვილად  არ ერქმოდა. მისი  უფროსი  ძმა  სალდურინი  უგზო-უკვლოდ  დაკარგულიყო. მაშინ  ბნელი  დრო  იდგა  და  ყველა  არსება  ომში  იყო  ჩაბმული. ხანგრძლივი  და  სისხლისმღვრელი  ბრძოლა  იყო, რომელშიც  ყველა  მხოლოდ  საკუთარი  თავისა  და  მიზნებისთვის  იბრძოდა. სწორედ  ამ  დროს  გაუჩინარდა  სალდურინი  და  მას  შემდეგ  იგი  აღარავის  უნახავს, არც  ცოცხალი  და  აღარც – მკვდარი.

   უფროსი  ძმის  დაკარგვამ  ერონიდასზე  ძალიან  იმოქმედა, მიუხედავად  იმისა, რომ,  გარემოებიდან  გამომდინარე, მას  მოუწევდა  ტახტზე  ასვლა. ძმის  შესახებ  მოგონებები  მასზე  ცუდ  შედეგებს  ტოვებდა.  მეფე  შვებას  მხოლოდ  თავისი  კასალანდრას  მკლავებში  გრძნობდა. დედოფალი  იყო  მისი  წამალიც  და  განკურნებაც; მისი განცხრომაც  და  ნეტარებაც.

      მეფე  ერონიდასი  მაღალი, ტანსრული  ელფი  იყო  გრძელი  ქერა  თმითა  და  ნაცრისფერი  თვალებით, რომლებიც  მუდამ  ბზინავდნენ. ცამდე  მაღალი, ხესავით  ატოტილი  ჰარინი  იყო, რომელიც  ერთი  შეხედვით  გაგრძნობინებდა  თავის  სიდიადეს  და  გამოხედვით  გეტყოდა : „მე  ხელმწიფე  ვარო!“  მამაცი, გაბედული  და  მკაცრი  ხასიათი  ჰქონდა. მისი  ტანსაცმელი  კი  სულ  ბრწყინავდა, დღისითა  თუ  ღამით. გრძელი  ოქროსფერი  მოსასხამი, რომელიც  თითქმის სულ  თან  სდევდა,  ზოგჯერ  ვერცხლისფერითაც  იცვლებოდა. სასახლეში  მშვიდად  და  მედიდურად  დააბიჯებდა, თუმცა  დერეფნებში  სეირნობას  ისევ  თავის  საყვარელ  სავარძელში   მოსვენება  ერჩივნა, რომელიც  მასავით  ზევით  იყო  აღმართული.

   როგორ  უყვარდა  მეფეს  თავისი  ძვირფასი  კასალანდრა! სიცოცხლესაც  კი  დათმობდა  მის  გამო. მაგრამ  განა  მარტო  ხელმწიფე  იყო  აღფრთოვანებული  მისით? – მთელი  სამეფო, მთელი  ქვეყნიერება  მზად  იყო  დედოფლისთვის  ნებისმიერი  გმირობა  თუ  სისულელე  ჩაედინა. საიდან  აღარ  მოდიოდნენ  ჩვეულებრივი  მოკვდავნი, რათა  მისი  ერთი  ღიმილისთვის  მოეკრათ  თვალი. განა რა, არ  ღირდა,  რომ?!

   კასალანდრა სიტყვასიტყვით „გულთამპყრობელი“ იყო. მისი  სილამაზისა  და  მშვენიერების  დღისით  მზეს  შეშურდებოდა, ღამით  კი იგი მთვარეს  ჩრდილავდა. რამდენი  მიილტვოდა  მისკენ, მაგრამ  იგი  მხოლოდ  ხელმწიფისა  იყო  და  ეს  ყველამ  კარგად  იცოდა.

   მაღალ, მშვიდ  და  ნაზ  ჰასიკის  სილამაზით  ტოლი  არ  ჰყავდა. ტკბილი  ხმა  ჰქონდა  და  მისი  საუბარი  ელფებს  ყოველთვის  აჯადოებდა, თითქოს  მისთვის  ტყუილად  არ  დაურქმევიათ  გულთამპყრობელი. დედოფალი  ზოგჯერ  დროს  ქმართან  ატარებდა – მეორე  სავარძელში, რომელიც  მეფის  მოსასვენებლის  გვერდით  იდგა. ბაღშიც   გადიოდა  სასეირნოდ  და  ამ  დროს  ყველამ  იცოდა, რომ  დედოფალს  თან  მებაღე  უნდა  ჰყოლოდა. მას  ყვავილები  განსაკუთრებით  უყვარდა  და  მათზე  ყოველთვის  გოლუნდირის  მებაღეს  ესაუბრებოდა, რადგანაც  მასზე  კარგად  ეს  საქმე  სხვამ  არ  იცოდა  და  არ  ხელეწიფებოდა. ამიტომ  ნებისმიერ  ცნობას  კასალანდრა  გულისყურით  ეკიდებოდა. დედოფალს  ყველაზე  მეტად  ვარდები  უყვარდა. ბაღში  სეირნობისას  გვერდს  ვერ  აუვლიდნენ  ისე, რომ  მის  ხელში  ჩაბღუჯული  ვარდის  კონები  არ  ენახათ. წითელი, თეთრი, მუქი  ვარდისფერი  ვარდები…  დედოფლის  გატაცება  მართლაც  საგულისხმო  იყო.

   ბაღში  სეირნობა  კასალანდრას  ზოგჯერ  ფეხშიშველსაც  უყვარდა, რათა  თავისი  მიწა  და  ყოველი  ხავსი  სულითა  და  გულით  შეეგრძნო. ზოგჯერ  კაპიუშონწამოფარებული  დანარნარებდა. ამ  დროს  მთელი  მისი  მშვენიერება  წამოფარებულ  ქუდს  მიღმა  იმალებოდა.

   სავარძელში  ამაყად  მოკალათებული  კასალანდრას  ყურება  ელფებისთვის  ყველაზე  დაუღლელი  და  სასიამოვნო  საქმე  იყო. დედოფლის  გრძელი  კაბა  სულ  ბზინავდა, მზის  სხივებზე  კი  კაბის  პატიოსანი  თვლები  ათასფრად  იწყებდნენ  ელვარებას. ფეხზე  თხელი  სანდლები  ეცვა, რომლებიც  თითქმის  არასდროს  ჩანდნენ, თუმცაღა  მზესთან  შეხვედრისას, ისინიც  იწყებდნენ  კაბის  კიდეში  კაშკაშს. ნაზ  ხელებს  კაბის  მკლავები  ამშვენებდნენ, რომლებიც  თითებშუა  იბლანდებოდნენ.  მბზინავ  სამოსს  ღია  ოქროსფერი  თმა  უფრო  მიმზიდველს  ხდიდა. ხვეული, სურნელოვანი  თმა  მართლაც  ოქროსი  გეგონებოდათ. შეიძლება  ასეც  კი ყოფილიყო. თავზე  მუდამ  გვირგვინი  ედგა. ზოგჯერ  იგი  წითელი  ან  სხვადასხვა  ფერის  ვარდებით  იყო  შემკული, ზოგჯერ  კი  მისი  დიადემა  მხოლოდ  ძვირფასი  თვლებით  შემოიფარგლებოდა.

   კასალანდრას  მოყვითალო  ფერის, ღია  ყავისფერი  თვალები  ჰქონდა, მაგრამ  ყველა  როდი  იყო  ამაში  დარწმუნებული! მისი  თვალები თითქოს სამოსთან  ერთად  იცვლიდნენ  ფერს. ბევრი ელფი დარწმუნებული იყო, რომ  მის  ცისფერ  კაბას  კამკამა  ზღვისფერი  თვალები  ეხამებოდა, ხოლო  სიფრიფანა  მწვანეს –  ღია  ზურმუხტისა.

   ელფებში  ხმა  იყო  გავრცელებული, რომ  დედოფლის  კულულები  სასწაულმოქმედნი  იყვნენ  და  ყოველგვარი  სენისგან  თავის  დაძვრენა  შეეძლოთ. ზოგჯერ  ელფები  დიდი  მორიდებითა  და  მოწიწებით  მიმართავდნენ  დედოფალს  და  ისიც, თავისი  საყვარელი  მსახურებისთვის  რამდენიმე  ღერ  თავის  ხვეულს  გაიმეტებდა. მოგვიანებით  კი, სამადლობელის  სახით, გოლუნდირის  კართან  ყიჟინი  გაიმართებოდა. მოყიჟინეთა  მიზანი  მეფის  ოჯახისთვის  უამრავი  ნუგბრისა და ძღვენის  მირთმევა  იყო: თაფლისა  თუ  თაფლში ამოვლებული  კაკლისა  და ხილის, გამოყვანილი  ციტრუსებისა  თუ  ქოქოსის  ნატეხების, თუმცაღა, რაღა  თქმა  უნდა, სასახლეში  ამგვარი  ტკბილეულობა  მუდამ  მოიძებნებოდა.

***

– შეხედე  უკვე  როგორ  გაიზარდა! – ღიმილით  მიმართა  კასალანდრამ  მეფეს.

– გაიზარდა  და  თან  მოღონიერდა, – თითქოს  გაჭირვებით  აიყვანა  მეფემ  ხელში  თავისი  უფლისწული, – დიდი  დრო  გავიდა, ძალიან  დიდი… მაგრამ  ჯერ  მაინც  არაფერი  ისმის  სალდურინის  შესახებ.

– ჩვენ  ამის  შესახებ  უკვე  ბევრჯერ ვისაუბრეთ, – შეახსენა კასალანდრამ, – უკვე  ყველაფერი  დამთავრდა. ის  აღარ  მოვა. იმედი  არ  იქონიო.

– იმედი  არასდროს  კვდება, – დანანებით  თქვა  ერონიდასმა და გახედა  არლონდირს, რომელიც  იმ  წუთში  მოღიმარ  ანგელოზს  ჰგავდა.

   მეფემ  თავზე  აკოცა  პატარა  უფლისწულს, დედამისს  გადასცა  და  კარისკენ  გასწია.

– სასეირნოდ  გადიხარ? – ჰკითხა  კასალანდრამ, – მოიცადე, ჩვენც  გამოვალთ.

   გარეთ  სასიამოვნო  დარი  იდგა. დილის  მზის  სხივები  ხეებსა  და  ყვავილებს  ელამუნებოდა  და  ათბობდა.

– კარგი  დარია  საჯირითოდ, – თქვა  კასალანდრამ, – რას  იტყვი? – და  თვალები  ერონიდასს  მიანათა.

– სიამოვნებით, – მაცდურად  მიუგო  მეფემ, – ბოლოს  რომ  შემეჯიბრე  გაიმარჯვე, მაგრამ  იცოდე, ახლა  პირველობას  არ  დაგითმობ.

   კასალანდრამ  გადაიკისკისა  და  არლონდირი  თავის  მსახურს  გადასცა  სამეთვალყურეოდ.

   მეფე-დედოფალს  თავიანთი  ცხენები  მიჰგვარეს. კასალანდრას  თეთრმა  რაშმა  პატრონის  დანახვისთანავე  დაიჭიხვინა  და  კუნტრუშს  მოჰყვა.

– ჰესთანურ! ჩემო  მამაცო! – მიუალერსა  კასალანდრამ  და  ფაფარზე  მოეფერა.

   დედოფლის  ფაშატი  არაფრით  ჩამოუვარდებოდა  მეფისას, არც  ძალაში  და  არც  სისწრაფეში. ისინი  ერთმანეთის  მეგობრები  და  ამასთანავე  სასტიკი  მეტოქეები  იყვნენ. მიუხედავად  ამისა, ყოველთვის  ერთად  დაკუნტრუშობდნენ  ბაღში  მათი  პატრონების  მსგავსად. საბოლოო  რბოლაში  პირველობა  კასალანდრას  რაშმა  მოიპოვა, ახლა  კი  ანგარიშის  გასწორების  დრო  დადგა.

   ერონიდასი  თავის  შავ  ბედაურზე  ამხედრდა  და  ფაფარზე  მოუჭირა  ხელი. კასალანდრამაც  მას  მიჰბაძა  და  აღვირი  მოიმარჯვა.

– ბაღების  ბოლომდე! – წამოიძახა  და  მოემზადა, – სამ  თვლაზე!

– ერთი! – დაიქუხა  ერონიდასმა.

– ორი! – აჰყვა  კასალანდრა.

   აღვირს  ხელი  მაგრად  მოუჭირეს  და  წინ  გადაიხარნენ.

– სამი! – შეჰყვირა  ორივემ  ერთად  და  ადგილიდან  მოწყდნენ.

   ელფებმა  ძლივს  მოასწრეს  თვალის  შევლება, რომ  იქ, სადაც  წუთის  წინ  მოჯირითენი  იყვნენ, ახლა  მტვრის  კორიანტელი  იდგა. არლონდირმა  ერთი  ხმამაღლა  შეჰყვირა  და  ტაში  შემოსცხო.

   არც  ერთი  ცხენი  ძალას  არ  ზოგავდა, რათა  თავისი  პატრონი  გამარჯვებამდე  მიეყვანა. რბოლა  გარდამავალი  უპირატესობით  მიმდინარეობდა. თავიდან  ნათლად  ჩანდა, რომ  მეფის  ბედაური  დაწინაურებულიყო, მაგრამ  ცოტა  ხანში  იგი  დედოფლის  რაშმა  ჩამოიტოვა  უკან.

   ელფები  რამდენიმე  წუთს  იდგნენ  და  მხედრების  დაბრუნებას  ელოდნენ. მზე  უკვე  მათ  თავზე  აწვერილიყო  და  მხურვალე  სხივებს  ისროდა, როცა,  ბოლოს,  მხედრებიც   გამოჩნდნენ. ჰესთანური  ისე  კეკლუცად  მოკუნტრუშებდა, რომ  აშკარა  გახდა, ვის  მხარეზე  იყო  გამარჯვება.

   ერონიდასი  დაღლილი  სახითა  და  ნაძალადევი  ღიმილით  ჩამოქვეითდა.

– ეს  უკვე  მეტისმეტია, ბერლუსტანგ! – მიმართა  თავის  ბედაურს.

   ცხენმა  უკმაყოფილოდ  ჩაიფრუტუნა  და  თავი  გაიქნია – აქაოდა, რა  ჩემი  ბრალია, თუ  დედოფალი  უკეთესად  აჭენებს  ცხენსო!

   კასალანდრა  ჩამოქვეითდა  და  თავის  რაშს  მიუალერსა.

– მაშ, ასე! – წამოიძახა  კეკლუცად  და  მეფეს  გადახედა  ცალი  თვალით, – ცხენები  დაბანეთ  და  დაასვენეთ, – მიმართა  ელფებს  და  არლონდირისკენ  გაემართა.

– ამასობაში  სადილობის  დროც  მოვიდა, – უთხრა  ერონიდასს  და  როცა  მის  სახეს  მოჰკრა  თვალი, დაამატა – კარგი  ერონიდას, ცხვირს  ნუ  ჩამოუშვებ, ხომ  იცოდი, რომ  პირველობას  არასდროს  დაგითმობდი.

   მეფემ  თვალებში  ჩახედა  და  ბოლოს  გაუღიმა.

– წავედით, სადილობის  დროა, – თქვა  მან  და  კასალანდრას  და  არლონდირს  ხელი  მოჰხვია.

  ღამით  უფლისწული  მოუსვენრად  იყო. აქეთ-იქით  ბრუნავდა  და  ცქმუტავდა.  კასალანდრამ  იგრძნო  შვილის  მოუსვენრობა  და  მაშინვე  ექიმი  გამოიძახა.

   ექიმი  გარეგნულად  ლამაზი  და  ახალგაზრდა  ჰასიკი  იყო, მიუხედავად  იმისა, რომ  ასაკით  სულაც  არ  ჰგავდა  ყმაწვილ  ელფს. მას  დიდი  გამოცდილება  ჰქონდა  და  ელფურ  მედიცინასაც  არაჩვეულებრივად  ფლობდა.

   ღამე  იწურებოდა, მაგრამ  უფლისწული  ვერა  და  ვერ  დამშვიდდა, პირიქით – სიცხემ  აუწია  და  ცივმა  ოფლმა  დაასხა. მეფემ  სასახლის  უკლებლივ  ყველა  ექიმი  იხმო, მაგრამ  ვერც  ერთმა  ნაყენმა  თუ  ბალახეულმა  უფლისწულს  შვება  ვერ  მისცა. ერთადერთი, კასალანდრა  იწვა  მის  სასთუმალთან  და  შუბლზე  თავისი  კულულები  დაეწყო. პატარა  ჰარინს  უფლი  შეუშრა  და  თანდათან  დაცხრა, თუმცაღა  ბოლომდე  არ  მორჩენილიყო.

   მშფოთვარე  ღამე  უსაზღვროდ  გაიწელა. შავ  ცაზე  უზარმაზარი  თეთრი  მთვარე  ლივლივებდა.

   ასეთი  გრძელი  ღამე  მხოლოდ  ცხრა  წელიწადში  ერთხელ  დგებოდა  და  ახლაც  სწორედ  ეს  დრო  იდგა. ამ  იშვიათ  პერიოდს  ვენერას  ღამე  ეწოდებოდა. ძირითადად  გაზაფხულის  შუაში  ან  მის მიწურულს  დგებოდა  ხოლმე. ამჯერად  მაისის  თვეში  მოუწია. ვენერას  ღამე  იმითაა  განსხვავებული  სხვა  ჩვეულებრივი  ღამეებისგან, რომ  ამ  დროს  ცაზე  მთვარესთან  ერთად  ჩანს  პლანეტა  ვენერა. ამ  დროისთვის  მთვარის  ციკლი  დასრულებულია  და  რამდენიმე  დღის  მანძილზე    მთვარის  ქვასავით  უნდა  ბრწყინავდეს  ცაზე. მარმარილოსავით  თეთრი  მთვარე  ბურთივით  მრგვალი, მთელი  და  დიდი  იყო. მის  სინათლესა  და  სიგრილეს  კი  გოლუნდირის  ყვავილები  ეფიცხებოდნენ.

    ვენერა  მეტად  უცნაური  და  თავისებური  პლანეტაა. ცხრა  წელიწადში  მხოლოდ  ერთხელ  გამოჩნდება  ხოლმე  და  ისიც  სულ  ცოტა  ხნით. არცთუ  ისე  დიდია, საშუალო  ზომისა  და  წითელია. ძირითადად  მისი  წითელი  ფერი  ბურუსშია  გახვეული  და  შორიდან  რთული  გასარჩევია, მაგრამ  როცა  ის  მთვარესთან  ერთად  ბატონობს  ცის  კაბადონზე, მაშინ  მთლად  სისხლისფერი  ხდება.

   ვენერას  ღამის  დადგომისას, ქვეყანაზე  ახლად  მოვლენილები  ყოველთვის  მოუსვენრად  არიან.  ახლაც  ასე  იყო. ერონიდასი  ძალიან  ღელავდა  და  თავს  ძლივს  იკავებდა. არა, მეტის  მოთმენა  აღარ  შეიძლებოდა!

– მთავარი  ასტრონომი  გამოიძახეთ! – როგორც  იქნა  გასცა  განკარგულება.

– მთავარი  ასტრონომი  სასახლეში  არ  იმყოფება, მეფეო, – მოახსენა  მსახურმა.

– რაც  გინდათ  ის  გააკეთეთ, ოღონდ  აქ  მომიყვანეთ! გათენებამდე  ვერ  მოვითმენ! – ბრძანა ერონიდასმა, რომელსაც მოთმინება ეწურებოდა.

– როგორც  მიბრძანებთ  მეფეო, – და  თავის  დაკვრით  ოთახი  დატოვა.

   ამასობაში  ვენერისა  და  მთვარის  სხივები  ერთმანეთში  გადაიკვეთა. გოლუნდირის  ყვავილები  წითელ-ვერცხლისფერ  ფერებში  ათამაშდნენ. ასტრონომი  გზაში  იყო. სულ  ცოტაც  და  სასახლის  ზღურბლს  გადმოაბიჯებდა.

– მგონი  საქმე  კარგად  ვერ  უნდა  იყოს, რახან  ასეთ  დროს  ასე  სწრაფად  დამიბარა  ხელმწიფემ, – თქვა  ქერა  ჰარინმა, რომელმაც  მოსასხამი  და  გრძელი  ხელთათმანები  შემოსვლისთანავე  მცველს  ჩააბარა  და  მეფის  მსახურს  გაჰყვა  თავის  კვერთხითურთ.

   ხელჯოხი  წარმოადგენდა ახალგაზრდა  ასტრონომის  განუყრელ  ინსტრუმენტს,  რომელსაც  მუდამ  თან  დაატარებდა.

   მთელს  მიყუჩებულ  სასახლეში  მხოლოდ  ამ  ორის – მსახურისა  და  ახლადგაღვიძებული, ჯერ  კიდევ  გამოურკვეველი  ელფის  ფეხის  ხმა  ისმოდა.  მისი  ქუსლების  კაკუნი  მესამე  სართულამდე  ადიოდა.

– გოლუნდირის  მთავარი  ასტრონომი – სერვერალდ  ანდრასინის  ძე! – ხმამაღლა  წარადგინა  მსახურმა  სტუმარი.

  თავმომწონე  ასტრონომმა  საძინებელ  ოთახში  ამაყად  შეაბიჯა.

– შემოდი  სერვერალდ, – წყნარად  მიმართა  მეფემ  ელფს, – მოდი, შეხედე, გვითხარი  რამე. არაფერი  დაგვიმალო!

– ჩემო  ხელმწიფევ! – თავის  დაკვრით  მიესალმა  სტუმარი  მეფეს, – ყველაფერს  ვიღონებ, რაც  შემიძლია.

– შეუძლებელი  უნდა  შეძლო,  ჩემო  მეგობარო.

   მეფე  ერონიდასი  და  სასახლის  მთავარი  ასტრონომი  მეგობრობდნენ.  სერვერალდის  მამა, გათქმული ასტრონომი ანდრასინი, მეფის  კარზე  მსახურობდა  სანამ  დაიღუპებოდა. ომის  შემდგომ  გავრცელებულმა  დაავადებებმა  მრავალი  ელფი  იმსხვერპლა, მათ  შორის  იყო  ანდრასინიც – იმქვეყნად  ყველაზე  განათლებული  ასტრონომი  და  ფილოსოფოსი. მისი  ცოდნა  თითქოს  მამიდან  შვილზე  გადავიდა  მემკვიდრეობით   და  ახალგაზრდა  სერვერალდი  გოლუნდირის  მთავარ  ასტრონომად  დაინიშნა.

   იმ დროს, როცა  ექიმებიც  კი  ვერ  ხსნიდნენ  უფლისწულის  ამგვარ  მდგომარეობას, ვერავინ  მიხვდა  საერთოდ  რა  ესაქმებოდა  იქ  ასტრონომს. პიტნით  გაჟღენთილი  ჰაერის  შეგრძნება  არ  შეეძლო მხოლოდ  კასალანდრას, რომელსაც  ზამბახის  სურნელოვანი  გულსაკიდი  ეკეთა  და  უფლისწულის  მოსასვენებელს  აბრუებდა.

– მეფეო! – წამოიძახა  ფანჯარას  მიშტერებულმა  სერვერალდმა, ოთახის  კედელზე  მიყუდებული  თავისი  კვერთხი  სასწრაფოდ  აიღო  და  და  აივანზე  გავიდა.

   ასტრონომის  ღია  ფირუზისფერი  მოსასხამი  და  ცისფერი  თვალები  მთვარის  შუქზე  ელვარებდნენ.

– ყველაფერი  დღესავით  ნათელია  მეფეო! – და  თითქოს  თავისი  საქციელი  უკვირდა, აქაოდა  ამას  აქამდე  როგორ  ვერ  მივხვდიო.

– სიმართლე  გითხრა, აღარც  კი  მახსოვს  როგორია  დღის  სინათლე  და  სითბო, – დამწუხრებით  თქვა  მეფემ, – სერვერალდ, გაფიცებ  მთელ  ქვეყნიერებას, რა  სჭირს  ჩემს  შვილს, მითხარი.

– კეთილი, – მიუგო  ელფმა  და  გრძელი, ქერა  თმა  ორივე  ხელით  მხრებს  უკან  გადაიფინა, თავისი  განუყრელი  ხელჯოხი  მოიმარჯვა  და  ზემოთ  ასწია, ცალ  ხელში  გადაიტანა  და  მეორე  ხელით  ვერცხლის  თავსახური  მოხსნა. ალმასის  ფორმის  ვერცხლის  თავსაბურავი  მოაჯირზე  დადო  და  ხელჯოხი  მთვარეს  გაუსწორა. ამ, ერთი  შეხედვით  უბრალო  ჯოხზე, მთვარის  ცივი  სინათლის  მოხვედრისთანავე  მასზე  ერთ  რიგად  ჩამწკრივებული  რგოლები  აბზინვარდნენ. ვერცხლისფერი  შუქი  მრგვალ  ფიგურებს  უცნაურ  შეხედულებას  აძლევდა. ერონიდასს  წამიერი  ფიქრი  დასჭირდა, რათა  მიხვედრილიყო, რომ  ეს  უბრალო  რგოლები  არ  იყო: ცხრა  ბურთულა  ერთ  რიგად  განლაგებულიყო, მაგრამ  ისინი  ერთმანეთისგან  ზომებითა  და  გარეგნობით  განსხვავდებოდნენ.

  ცხრა  ბურთულა – ეს იყო  ცხრა  პლანეტა: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი  და  პლუტონი. ერთ-ერთი  მათგანი  მკრთალად  ადგილს  იცვლიდა. ეს  ვენერა  იყო.

– მეორე  პლანეტა  მწყობრში  არ  დგას  მეფეო. ეს  დიდი  იშვიათობაა  და  დაახლოებით  რვა  ან  ცხრა  წელიწადში  ერთხელ  ხდება. უცნაურია, მაგრამ  რაც  არ  უნდა  იყოს, ახლა  სწორედ  ეს  დროა, – თითქოს  ღამის  წყვდიადიდან  ამოეყვინთოს  სერვერალდს, – მეორენაირად  რომ  ვთქვათ, ეს  მოვლენა  ვენერას  ღამის  სახელითაა  ცნობილი  და,  როგორც  უკვე  ვახსენე,  რვა-ცხრა  წელიწადში  ერთხელ  ხდება, მაგრამ  გადაცდომებიც  ხშირია. პლანეტა  ვენერა  მწყობრიდან  გამოდის  და  მთვარის  პარალელურად  თავსდება. ხშირ  შემთხვევაში  გაზაფხულის  დასაწყისში  ხდება, მაგრამ   ყოფილა  შემთხვევა, როდესაც  შუა  ზაფხულში  ან  ზამთრის პირზე  მოუწია. ამიტომ  დროის  ზუსტი  გათვლა  თითქმის  შეუძლებელია. ზოგიერთი  იმასაც  ამბობს, რომ  ციკლი  შვიდ  წელზე  მეტს  არ  მოიცავს, მაგრამ… შეხედეთ! – და  ხელით  მათ  უკან  მომავალ  წითელ  შუქზე  მიუთითა, – საკმაოდ  გრძელი  და  მშფოთვარე  ღამეა. ბევრი  ფიქრობს, რომ  ეს  ბუნების  ერთგვარი  უხეში  შეცდომაა, თუმცაღა  ასტრონომთა  უმრავლესობა  მიიჩნევს, რომ  ეს  დედაბუნების  კანონია. ამ  საკითხზე  დავა  ყოველთვის  მიმდინარეობდა, მაგრამ  საერთო  აზრზე  ჯერაც  ვერ  შეთანხმებულან.

   სიჩუმე  ჩამოწვა. როგორც  ჩანდა, მეფე  გონებაში  მოსმენილს  იაზრებდა.

– შენ  რის  უფრო  გჯერა? – დინჯად  ჰკითხა  კარგა  ხნის  დუმილის  შემდეგ.

– არც  ერთისა  და  არც  მეორის, ჩემო  ბატონო! –  თავმომწონედ  უპასუხა  ასტრონომმა, თითქოს  პასუხი  უკვე  მომზადებული  ჰქონდა.

– ანუ… – პასუხი  შეაყოვნა  მეფემ, – გამოდის, რომ ღამემ  თავისით  უნდა  ჩაიაროს.

– სწორად  მიმიხვდით, მბრძანებელო.

    კარგა  ხანს  დუმდნენ. ნიავი  ზანტად  უტევდა  სერვერალდის  მანტიას  და  აფრიალებდა. ერონიდასი  გაქვავებული  მზერით  იყურებოდა  სადღაც  წყვდიადში. არ  უყვარდა  ერთსა  და  იმავე  საკითხზე  განუწყვეტლივ  ჩიჩინი, მაგრამ  ეს  იმას  არ  ნიშნავდა, რომ  იგი  საკუთარ  გრძნობებს  ზურგს  აქცევდა. არა, რა  თქმა  უნდა! ერონიდასს  ჯერაც  ეფიქრებოდა  თავის  ძმაზე, ჯერაც  ახსოვდა  ის  ბნელი  დღეები  და  ჯერ  კიდევ  სმენას  უქვეითებდა   შვილის  ტირილი, რომელიც  დილამდე  უნდა  გაგრძელებულიყო, სანამ  ახალ  დღეს  არ  შეეგებებოდა.

   ძვირფასო  ერონიდას, რაოდენ  დიდი  იმედი  აქვს  შენს  გულს! იმედი  წყვდიადში  სინათლის  ნაპერწკლად  მოგვევლინება  ხოლმე  და  გზას  გვიკვალავს  ჭეშმარიტებამდე. სხვა  არსებებსაც  შენსავით  რომ  შეეძლოთ  ნათელი  დღის  დაფასება, ახლა  ხომ  არ  იმეფებდა  მათ  გულებში სიჩუმე  და  უიმედობა. მაგრამ  ზოგჯერ  ლოდინი  საუკეთესო  გადაწყვეტილებაა, რომელსაც  სიბნელეში  მივიღებთ  ხოლმე.

   ერონიდასმა  ასტრონომი  დატოვა  და  მესამე  სართულზე  ავიდა, რათა  უკეთესად  შეევლო  თვალი  იმ  წითელი  მანათობლისთვის, რომელმაც  თავის  უფლისწულს  ძილი  დაუფრთხო  და  სიმშვიდე  დაურღვია. მეფე აივანზე გავიდა და თვალები ცაში აღაპყრო.

– მაინც,  რა  წითელია… – იფიქრა  თავისთვის  და  ღრმად  ამოისუნთქა, – ნეტავი  მალე  დამთავრდებოდეს  ეს  კოშმარი.

* * *

   როგორც  იქნა, მზის  პირველმა  სხივებმა  გოლუნდირში  შეანათა. მზე  კაშკაშად  ანათებდა  და  ყველა  სულიერსა  თუ  უსულოს  თავის  თვალისმომჭრელ  სხივებს  ესროდა – თითქოს  უკვე  გადაეგორებინა  წინა  ღამე  და  ახლა  თავს  გამარჯვებულად  თვლიდა.

   უფლისწულთან  ჩაძინებული  კასალანდრა  პირველი  შეეგება  ახალ  დღეს. იღიმოდა  და  შვილს  ეალერსებოდა.

– არ  მეგონა  კიდევ  თუ  ვიხილავდი  მზეს, – წყნარად  თქვა  იქვე  სავარძელში  მჯდარმა  ერონიდასმა, რომელსაც  ეტყობოდა, რომ  გასული  ღამე  თეთრად  გაეთენებინა. კასალანდრას  გამჭოლი  მზერის  დაჭერისთანავე  თავი  გვერდზე  გააქნია, თითქოს  ყოველივე  მომხდარში  თვითონ  იყო  დამნაშავე, – სხვა  გზა  არ  მქონდა.

– სხვა  გზა  არ  გქონდა? – შეუტია კასალანდრამ, – შუაღამის  მერე  წახვედი  და  აღარ  გამოჩენილხარ. ამას  ახსნა  არ  მოეძებნება. არჩევანის  გაკეთება  ყოველთვის  შეიძლება.

   რა  იცოდა  კასალანდრამ, რომ  აივნიდან  ჩამოსვლისთანავე, ერონიდასი  გაუნძრევლად  იჯდა  სავარძელში  და  გათენებამდე  თვალს  არ  აშორებდა  მძინარე  ცოლ-შვილს.

– სხვა  გზა  არ  არსებობდა, – მშვიდად მიუგო მეფემ, – ზეცას  მადლობა  შესწირე, რომ  შვილი  საღსალამათი  გვყავს.

– საღსალამათი? გუშინ  მთელი  ღამე  თვალი  არ  მოუხუჭავს, გაუჩერებლად  ტიროდა, ერონიდას!

   მეფე  ადგა  და  გავიდა. იმის  თავი  ნამდვილად  არ  ჰქონდა, რომ  ასეთი  მძიმე  ღამის  შემდეგ, სრულიად  უსამართლოდ, მისკენ  მიმართული  ბრალდებებისთვის  ესმინა.

   გოლუნდირს  ცოტა  გაუჭირდა  დილით  ადრე  დღის  შეგებება. გამოუძინებელ  სასახლეს  ხალისი  და  მადა  არ  ჰქონდა, ამიტომ  მეფემ  გადაწყვიტა  ცოტა  მოგვიანებით მოეწყოთ ნადიმი.  ნაშუადღევს  სამეფო  ოჯახი  სატრაპეზოდ  მოემზადა. გასული  ღამიდან  მოყოლებული  ლუკმა  არავის  ჩასვლოდა  პირში, თუმცაღა, დიდად  არც  არავის  მოშიებია.

   სასადილოდ  გამოწყობილმა  კასალანდრამ  უფლისწული  მსახურ  ელფს  მიაბარა  და  თვითონ, თითებგადაბჯენილი  და  დადუმებული, მეფეს  დაელოდა.

  ცოტა ხანში დედოფალმა მწვანე  პერანგიანი  არლონდირი  თავისი თეთრი  კაბის  კალთაში  ჩაისვა  და  გულთან  მიიკრა. უფლისწულს  ხელით  აჭამა  მისთვის  საგანგებოდ  მომზადებული  ხილის  ფაფა  და  მისი  ოთახში  მოსვენება  ბრძანა.

   კასალანდრა  განერვიულებული  იყო. როგორც  ჩანდა, წუხელის  ღამე  კიდევ  ვერ  მოენელებინა.

– დილა  მშვიდობისა! – მოესმა უკნიდან  მისთვის  ყველაზე  ძვირფასი  ხმა. ერონიდასმა  ცოლს  შუბლზე აკოცა  და  გაუღიმა, თითქოს  პირველად  ხედავდა  იმ  დილით, – როგორ  არის?

– უკეთ, – ეცადა  თბილად  ეთქვა, მაგრამ  კასალანდრას  პასუხი  მაინც  ცივად  გამოუვიდა.

   რამდენიმე  წუთით  ორივენი  ჩუმად  იყვნენ  და  სიმყუდროვეს  მხოლოდ  დანა-ჩანგლის  წკარუნი  არღვევდა.

  კასალანდრამ მალევე ბრძანა ტკბილეულის შემოტანა.

– ჰოო, ისეთ  გუნებაზე  ხარ, ორიოდე  ტკბილი  ლუკმა  ნამდვილად  არ  გაწყენდა, – იხუმრა  ერონიდასმა  და  მაშინვე  დედოფლის  პირქუში  მზერა  მოხვდა.

   ორიოდ  ხანში  მაგიდიდან  ყველაფერი  გაქრა  და  მსახურმა  ელფებმა  მრავალი  ტკბილეულობა  შემოიტანეს. მაგიდაზე  ოთხი  მცირე  ზომის  ვერცხლის  ლანგარზე  სხვადასხვა  ფერისა  და  გემოს  ლოქუმი  იდო.  ლოქუმი  კასალანდრას  საყვარელი  ტკბილეული  იყო  და  ყოველთვის  დიდი  სიამოვნებით  მიირთმევდა  სხვადასხვა  ხილისგან  დამზადებულ  ათასფერ  კუბებს. ყველაზე  მეტად  მარწყვის, ლიმონისა  და  კივისა  უყვარდა. ასე  რომ, მის  მოსასვენებელში  ყოველთვის  იდო  ლოქუმით  პირთამდე  სავსე  თასი.

   სასადილო  მაგიდაზე  ლოქუმის  გარდა  მრავალგვარი  კენკრა, ხილი  და  სხვადასხვა  ტკბილი  ნუგბარი  იდო. მეფე-დედოფალს  დოქებით  მიართვეს  ვარდისა  და  ალუბლის  შერბეთი  და,  ჩვეულებისამებრ, კასალანდრას  ვარდის  ჩამოუსხეს, ხოლო  ერონიდასს – ალუბლის.

– უფლისწული  როგორ  გრძნობს თავს? – იკითხა  ბოლოს  ჰასიკიმ.

– თავის  მოსასვენებელშია  და  წყნარად  სძინავს, დედოფალო. ელფები  გვერდიდან  არ  სცილდებიან, – მიუგო  მსახურმა.

– კარგი. წუთითაც  არ  მოადუნოთ  ყურადღება.

– როგორც  მიბრძანებთ, – მდაბლად  დაუკრა  თავი  ელფმა  და  დარბაზი  დატოვა.

   რამდენიმე  ხანში  კასალანდრა  ასადგომად  მოემზადა.

– საით? – დაინტერესდა  ერონიდასი.

– არლონდირს  დავხედავ, – და  კაბის  ოდნავი  აწევით  კასალანდრა  კიბეებს  აუყვა.

   უფლისწული  საწოლში  თბილად  შეფუთნულიყო  და  მის  თავზემოთ  მოძრავ  უცნაურ  ფიგურებს  აკვირდებოდა. ელფური  სათამაშოები  მოეჯადოვებინათ  და  წრიულად  ლივლივებდნენ  ჰაერში. დედის  დანახვისთანავე  პატარა  ჰარინმა  ჩაიხითხითა. კასალანდრამ  ფართოდ  გაიღიმა  და  სახე  გაუბრწყინდა.

– ჩემო  ძვირფასო, როგორ  ანათებ! ჩემო  საყვარელო, – და  არლონდირისკენ  დაიხარა.

  გაღიმებული  ერონიდასი  ოთახში  შემოვიდა  და  შვილს  შუბლზე  ეამბორა.

– მე  და  არლონდირი  ბაღში  გავისეირნებთ, – აცნობა  დედოფალმა.

– ძალიან  კარგი, მეც  შემოგიერთდებით, – მიუგო  ღიმილით.

– მაშინ  რაღას  ვუცდით! აბა,  უფლისწულო, წავედით, – კასალანდრამ  არლონდირი  ხელში  აიყვანა  და  მსახურს  უხმო.

   ცოტა  ხანში  მოსასხამში  გამოწყობილი  არლონდირი, სალათისფერ  მოსაცმელიანი  კასალანდრა  და  ვერცხლისფერი  მანტიით  შემოსილი  ერონიდასი  გოლუნდირის  ბაღებში  გამოჩნდნენ. მზიანი  ამინდის  გამო, დედოფალს  თავზე  წამოხურვა  არ  დასჭირვებია, ამიტომაც  კარგად  ჩანდა  მისი  მაღლა  დამაგრებული  ყვითელი  კულულები, რომლებიც  მხრებზე  ორივე  მხრიდან  გადმოეყარა.

– რა  კარგი  ამინდია  დღეს, – ჩაილაპარაკა  კასალანდრამ.

– კარგი  და  ცუდი  ამინდი  არ  არსებობს, კასალანდრა, – მიუგო  ერონიდასმა, – თუმცა, წუხანდელთან  შედარებით…

– წუხელ  მშვენიერი  ამინდი  იყო, გარეთ  გრილოდა, – არ  დააცადა  დედოფალმა.

– კასალანდრა, უნდა  გაიგო, რომ  გუშინ  ღამე  რაც  დაგვემართა, ყველაფერი  ბუნების  სურვილისამებრ  იყო, – დედოფალი  უცებ  დადუმდა. მან  მშვენივრად  იცოდა, რომ  ბუნებას  თვით  ელფთა  მეფეც  კი  ვერ  აღუდგებოდა  წინ, – სერვერალდმა  ამიხსნა, რომ  მთვარე  და  ვენერა  ზოგჯერ  ერთმანეთის  საპირისპიროდ  ლაგდებიან. ამ  მოვლენას  ვენერას  ღამე  ჰქვია  და  ჩვეულებრივი  ღამეებისგან  ძალიან  განსხვავდება. ნუთუ  არ  უნდა  გვცოდნოდა  ამის  შესახებ? – საკუთარ  თავს  შეშჩივლა  ერონიდასმა, – იგი  დაახლოებით  რვა  ან  ცხრა  წელიწადში  ერთხელ  მეორდება  და  როგორც  დავინახეთ, მისი  მომსწრენი  ჩვენ  გუშინ  გავხდით.

– გასაგებია… – მცირედი  დუმილი  დაარღვია  კასალანდრამ – კარგი, მოდი, სადმე  ჩრდილში  ჩამოვსხდეთ – და, როგორც  იქნა,  ღიმილიანი  მზერა  მიაპყრო  ქმარს.

*  *  *

   დღე  ღამეს  მისდევდა. დროც  გადიოდა  და  უფლისწულიც  თანდათან  იზრდებოდა. ელფ  მსახურებს  უკვე  ხელით  აღარ  დაჰყავდათ. უმეტეს  დროს  დედ-მამასთან  ატარებდა. პატარა  უფლისწული  თავის  მშობლებს  ქვეყნიერების  შემქმნელებად  მიიჩნევდა  და  მათზე  წმინდა  მისთვის  ამქვეყნად  არავინ  იყო. განსაკუთრებით  დედამისი  უყვარდა  და  გვერდიდან  არ  იცილებდა. დედის  სახის  დანახვით  იწყებოდა მისი  დღეც.  ყოველთვის  მისკენ  მიიწევდა  და  ხელში  აყვანას  სთხოვდა. მიუხედავად  დედოფლის  ბრძანებისა – ხელში  არ  აეყვანათ  უფლისწული, მას  ხშირად  უწევდა  საკუთარი  განკარგულებისვე  დარღვევა.

   ერონიდასს  სურდა  თავისი  შვილისთვის  მეტისმეტი  მზრუნველობა  და  ყურადღება  არ  დაეთმო  და  ზოგჯერ  დერეფნებსა  და  ბაღებში  მარტოდ  ხეტიალის  უფლებასაც  აძლევდა.

– თითქოს  გუშინ  იყო, პირველად  რომ  შეხვდა  მზის  სხივებს. ახლა  კი  შეხედე, უკვე  ბრძოლის  ველზე  მიიწევს, – უთხრა  კასალანდრამ  მის  გვერდით, ფანჯარასთან  მდგარ  მეფეს  და  გაიხედა გარეთ, სადაც  უფლისწული  თავისზე  ორჯერ  დიდ ხის  ხმალს  იქნევდა. ერონიდასს  გაეღიმა.

   სადილობისას  უფლისწულმა თავისით ჭამა აიჩემა. ხილის  ფაფა  მაინცდამაინც  აღარ  ეხატებოდა  გულზე  და  მაგიდაზე  დანა-ჩანგალი  დააკაკუნა.

– ჩემი  პატარა  ჰარინი  უკვე  გაიზარდა. დანა-ჩანგლის  ხმარებაც  დაუწყია, – წაახალისა  ერონიდასმა.

  არლონდირმა  დედას  გააპარა  მზერა, პასუხად  კი  თვალის  ჩაკვრა  მიიღო.

– დედიკო, თუ  ნებას  მოგვცემთ, მე  და  ჩემი  უფლისწული  დღეს  ცხენებით  გავისეირნებთ  ბაღებთან, – ნებართვა  აიღო  ხელმწიფემ.

– რასაკვირველია. მაგრამ  რატომ  ბაღებთან  და  არა  ბაღებში? – გამომცდელი  მზერა  მიაპყრო  კასალანდრამ  ერონიდასს.

– სამყარო  ჩვენი  ბაღების  გარშემო  არ  ბრუნავს,  კასალანდრა, – მშვიდად  მიუგო  ერონიდასმა.

   ცოტა  ხანში  დედოფალმა  ისევ  მიმართა  ქმარს, რომელიც  უკვე  მაგიდიდან  დგებოდა:

– კარგი, მაგრამ  იცოდე, თუ  რაიმე…

– არაფერი  ძვირფასო, არაფერი, – დაამშვიდა  მეფემ, – უსაფრთხოების  ზომები  მიღებული  მაქვს.

   კასალანდრა  წამოდგა. არლონდირმა  დედისკენ  გაიწია, რათა  მოხვეოდა. დედოფალი  მაგრად  ჩაეხუტა  შვილს  და  ორივე  ლოყაზე  აკოცა.

– კარგი  დედიკო, სალაშქროდ  ხომ  არ  მივდივართ  არა?! ისე, კოცნას  მეც  ვიმსახურებ… – განაწყენდა  ერონიდასი.

   კასალანდრამ  ერონიდასს  კოცნა  აჩუქა  და  გაუღიმა.

– ნახვამდის  დედა! – პატარა  არლონდირი  თვალმოუშორებლივ  უქნევდა  ხელს  ძვირფას  დედიკოს, მანამ, სანამ  ეტლის  კარები  არ  მოუხურეს  ცხვირწინ.

   რამდენიმე ხანში დიდებული  ეტლიდან  დიდებული  მეფე  გადმობრძანდა  თავის  შვილითურთ.

– ცხენი  მოგვგვარეთ! – გასძახა  ერონიდასმა.

   ოროიდ  წუთში  ეტლის  წინ  ულამაზესი  თეთრი  რაში  გაჩნდა.

– ამიერიდან  ეს  შენი  ცხენია  შვილო, – მიმართა  ერონიდასმა  არლონდირს, – რაც  გინდა  ის  დაარქვი.

  საჩუქრით  აღფრთოვანებულ  უფლისწულს  თვალები  გაუბრწყინდა.

– ჰარნოფილდი! ჰარნოფილდი! – შეჰყვირა  აღტაცებით.

– ესე  იგი ჰარნოფილდი! კარგი  უფლისწულო, მოდი  ერთი  აძვერი! – და  შვილი  ცხენზე  შემოსვა.

  რაშს  ულამაზესი  უნაგირი  ჰქონდა, ძვირფასი  თვლებით  მორთული. გიშერივით  შავი, პრიალა  თვლების  გარშემო  მოვერცხლილი  ჯავშანი  ეკეთა  მოკირწყლული  ათასფერი  პაწაწინა  ქვით.

– აბა, ჰარნოფილდ, იმედი  არ  გამიცრუო! – შეუძახა  მეფემ.

   ცხენი  ნელა  დაიძრა  და  მალე  აკაკუნდა. ერონიდასმა  შვილს  გარშემო  რამდენიმე  ქვეითი  მსახური  მიუჩინა, უკან  კი  ორიოდე  მხედარიც  გააყოლა. თვითონ  ხელები  ზურგს  უკან  შემოიკრა  და  თვალი  პატარა  მხედარს  გააყოლა. რამდენიმე  ხანს  უძრავად  იდგა  და  შვილის  ცქერით  ტკბებოდა. მის  ყურებაში  ერონიდასი  ფიქრებს  მიეცა. ბალახზე  დაფენილ  ხალიჩაზე  საგანგებოდ  დადგმულ  ტახტზე  ჩამოჯდა  და  თავისი  ყმაწვილობა  გაიხსენა, როცა  მამამისმა  პირველად  შესვა  ცხენზე. როგორი  აღტაცებული  და  სიხარულით  გაბრწყინებული  იყო  მაშინ! ცხენი, რომელიც  მას  ამჟამად  ჰყავდა, მამის  საჩუქარი  იყო  და  ამასთან – ყველაზე  ძვირფასი  საჩუქარი. ამიტომ  მას  გვერდიდან  არ  იშორებდა  და  მის  გარდა  სხვა  ცხენზე  არ  ჯდებოდა. არლონდირი  საკუთარ  თავს  ახსენებდა  პატარაობაში. ოდესღაც  მასავით  მხიარული  და  ლაღი  იყო, მაგრამ  ცხროვრებას  არც  იგი  დაენდო  და  მისთვის  დაღი  დაემჩნია. მთელი  გულით  ნატრულობდა, რომ  არლონდირს  არ  გამოეცადა  მსგავსი  უბედურება  და  ტკივილი, რომელიც  თვითონ  გამოიარა.

   ამასობაში  ფლოქვების  თქარუნი  და  მხიარული  შეძახილები  გაისმა.

– ჩვენ  დავბრუნდით  მამა! – გასძახა  გახარებულმა  უფლისწულმა.

   ერონიდასი  ფიქრებიდან  გამოერკვა  და  მწუხარებანარევი  სიხარულით  გაიღიმა.

– ჩემი  მხედარი  დაბრუნდა! დაცვა! დროზე  ჩამოაბრძანეთ  ეს  გათამამებული  უფლისწული  თავისი  ბედაურიდან! – ბრძანა ხუმრობით.

   არლონდირი  ცხენიდან  ჩამოსვეს  და  ისიც  მაშინვე  მამისკენ  გაიქცა. ერონიდასს  ახარებდა  შვილის  აღტაცებული  სახის  დანახვა  და  თვითონაც  იცინოდა.

– წასვლის  დროა  არლონდირ, დედა  გველოდება, –  უთხრა  ერონიდასმა, – ეტლი  გაამზადეთ, უკან  ვბრუნდებით.

   ორიოდ  წუთში  ყველაფერი  მზად  იყო  და  გზას  დაადგნენ. ამასობაში  შებინდდა. უფლისწულს  გზაში  მამის  მკლავებში  ჩაეძინა. სასახლიდან  შორს  არ  იყვნენ, ამიტომ  ეტლი  რამდენიმე  წუთში  გაჩერდა  და  მეფეც  მალევე  გადმობრძანდა. მკერდზე  შვილი  ჰყავდა  მიკრული, რომელიც  თბილად  შეეფუთნა. კასალანდრა  სასახლის  კიბესთან  გამოეგება  ქმარ-შვილს.

– როგორც  იქნა  დაბრუნდით! – შესძახა  მან.

– ჰო, გზაში  ჩაეძინა, – მიუგო  ერონიდასმა.

   კასალანდრამ  შვილს  დახედა  და   თავზე  აკოცა.

   სამივენი  კიბეს  აუყვნენ  და   სასახლეში  შეაბიჯეს. გარეთ  სასიამოვნო  საღამო  იდგა. ჩამიჩუმს  მხოლოდ  ფოთლების  ოდნავი  შრიალი  არღვევდა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: