Posted by: burusi | 09/03/2020

დავით ყიფშიძე “დედა”

დავით კაკაბაძე - იმერეთი - დედაჩემი, 1918 წ.

დავით კაკაბაძე – იმერეთი – დედაჩემი, 1918 წ.

დავით ყიფშიძე “დედა”

1.

სახლის მილაგებას მორჩა ლელა, როგორც იქნა. რამდენჯერაც დაიწყო, ხან რაღაც უწყინარი მიზეზით აღელვებულმა დედამ შეაწყვეტინა და ხან ნიკოსგან განაწყენებული ლიკას ტირილმა. იცოდა, რომ რთული იყო ორი პატარა ბავშვის აღზრდა, მაგრამ ასე თუ გამოფიტავდა, რას წარმოიდგენდა. მას შემდეგ, რაც მეუღლე სახლიდან წავიდა, უფრო გართულდა ყველაფერი. ხვიჩას ახალმა სიყვარულმა სამადლოდ გამოყოფილი პურის ტალონების მეუღლის წილიც წაიყოლა და ახლა ლელას ის აქვს საფიქრალი, როგორ შეავსოს ისედაც დანაკლისში მყოფი ოჯახის სარჩო..

ფიქრებში გართულ დედასთან ასლუკუნებული ლიკა მივიდა და ჩაეხუტა. ნიკო მოშორებით დადგა.. იცის ნიკომ, რომ დამნაშავეა – არ უნდა მოეგლიჯა იმ შავტუხა თოჯინისთვის ფეხი, მაგრამ მავნებლობამ სძლია და უკან დახევა არც უფიქრია, პირდაპირ ხელიდან, თამაშის პროცესში გამოგლიჯა დაიკოს თოჯინა და მონდომებულმა მოგლიჯა მას მარცხენა ფეხი. ლიკამ გვიან გაიაზრა სიტუაცია და მხოლოდ მას შემდეგ ატირდა, რაც ძმის კმაყოფილ სახესთან ერთად საყვარელი სათამაშოს განცალკევებული ფეხი შენიშნა.

ლელამ გულში ჩაიკრა ატირებული პაწია და ნიკოს ერთი კი გადახედა გამანადგურებელი მზერით, მაგრამ არაფერი უთხრა, ერთის ტირილიც საკმარისი იყო იმ მომენტში, ორს ფიზიკურად ვეღარ გაუძლებდა.

ლიკას დაწყნარება რთული აღმოჩნდა, ან რანაირად მოაძრო ამ საძაგელმა ბავშვმა ეს ფეხი?!.. უკან ვერაფრით სვამს. განაწყენებული პაწია ჯღავის და ხელს ძმისკენ იშვერს, თქმით კი არაფერს ამბობს. მეუღლესთან ერთ-ერთი “ტკბილი” და “მშვიდი” საუბრის შემსწრე ლიკა გაჩუმდა და მას შემდეგ ხმას აღარ იღებს, მხოლოდ მუნჯურად საუბრობს. ახლაც ეს შემთხვევაა და ლელა ცდილობს პატარას აუხსნას, რომ ვერ იგებს მის მუნჯურს. იმედი აქვს, ამ მეთოდით აალაპარაკებს მას. ჯერ არ იცის, რომ მისი ექსპერიმენტული მეთოდები არ ჭრის და რომ მხოლოდ ამ ამბიდან რამოდენიმე თვეში, ისევ ნიკოს მავნებლობა წაადგება, როდესაც გაბრაზებული ლიკა გაეკიდება ძმას და სახელით მიმართავს მას..

კარგი, რახან სახლს მაინც მიხედა, აღარ ჯავრობს, ახლა დედამისი ტილოსაც მოუსვამს და ბავშვების ჭუჭყიან იატაკზე დაცემის დარდი მაინც არ ექნებათ.

2.

ბანკია თუ გომური, როგორ შეიძლება წესიერი პასუხი არავის ქონდეს?

ოპერატორმა რამდენჯერმე სცადა კონსტრუქციული პასუხის გაცემა, მაგრამ რაც არ იცის, რას უპასუხებდა?!.. დანაზოგი ლელას ისე აუორთქლეს, გამოტანილი კუპიურებით მხოლოდ ნაყინები და ერთი პური მოუვიდა.

მეორეც მოუვიდოდა ალბათ, მაგრამ ქარხანას ველოდებით, ჯერ მეტი არ მოუწოდებიათ, რიგში უნდა ჩადგეთო, დიდის ამბით ამცნეს.

რიგის გამოცდილება აღარ უნდა, რომ გაიმეოროს. წინაზე, ვიღაც სათვალიანი ტიპის რიგში ჩახტომის გამო იმხელა ორომტრიალი გადაიტანა, ახლაც სხეულში ცრის, რომ ახსენდება. ვიღაც მოხეულმა კაცმა მადიანად მოსდო ამ სათვალიანს – “სად დგები, რომ დგებიო?!”, ამ უკანასკნელმა კი მთელი საძმაკაცო დააყენა თავზე და რომ არა მეზობლები და იქ შეკრებილი სხვა ხალხი, ალბათ ცემაში ამოხდიდნენ სულს მართალ კაცს. თვითონ ლელაც გადაეფარა მისთვის უცნობ პიროვნებას და ისევ ქალის პატივისცემამ თუ შეაჩერა ის გაბოროტებული ბიჭი. არა, კი არ შეიმჩნია, მაგრამ მან ხომ იცის, შინაგანად რამხელა შიში ჭამა იმ მომენტში.. ხოდა, წაიღებს იმ ერთ პურს და ტალონით რძის ფხვნილს აიღებს, კონსერვის დიდი ქილებით რომ ყიდიან, იმას..

მაღაზიაში ვერ შესულა, ვიღაც რომ არ გაეპრანჭოს. იცის, ფერადად რომ აცვია, ყურადღებას იქცევს, თან წელამდე თმა, თეთრი, ფითქინა კანი და ჭრელი თვალები მანამდეც არ ტოვებდა უყურადღებოს, მაგრამ რა გააკეთოს?! ერთადერთი, პატარების გარდა რაც ახარებს, თავისი საყვარელი ტანსაცმელი და ფერადი კაბებია, ჭორიკანა “ახლობლების”, მეზობლების და სხვა დაინტერესებული პირების გამო, ვერ შეელევა, არ გამოვა..

3.

მომიჯნავე სადარბაზოდან მეზობლის კივილმა გააღვიძა, აპარატიდან გამოურთეს ქალს შვილი – სისხლია მოწამლული და აღარაფერი ეშველებაო. 18 წლის ბიჭი იყო თორნიკე, მის თვალწინ გაიზარდა, არაფრის რიდი ქონდა, მაგრამ ლელასთან კარგად იყო, ყოველთვის ესალმებოდა და მიუხედავად მცირე ასაკობრივი სხვაობისა, თქვენობით ესაუბრებოდა ხოლმე. ომი რომ დაიწყო, რამდენი ეხვეწნენ ყველანი, არ წახვიდე, შენ იქ, აბა რა უნდა გააკეთოო, მაგრამ მაინც, მისხელა ძმაკაცებთან ერთად, ერთ-ერთ თვითმფრინავს გაყვა და მგონი ბრძოლისას დაიჭრა ცუდად, ზუსტად არც იცის, რა მოხდა.. ფაქტია, დედას უკვე ნახევრად ცოცხალი დაუბრუნეს..

რახან გაეღვიძა, ადგება, რადგან დღეს მნიშვნელოვანი დღეა ოჯახისთვის – “კარაქი იშოვება მოსკოვის პროსპექტზე, ქარხანამდე არ მისულიო”, გუშინ, საიდუმლოდ გაანდო ნამცხვრების გამყიდველმა. ამ გამყიდველსაც პატარები ყავს, თან ერთი მათგანი – პრობლემური, ამიტომ შეიძლება ლელაზე უკეთაც იცის, როგორც დედამ, რას ნიშნავს პატარა ბავშვების აღზრდა. გამყიდველი ხშირად აძლევს ხოლმე რჩევებს და ლელაც შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს მათ. ამას წინათ, ყელის ისეთი ექიმი ჭირდებოდა ნიკოსთვის, რომელიც სახლში მოვიდოდა, რადგან იმ დღეს, ბავშვების დამტოვებელი არავინ ყავდა და პატარა ლიკას თან წაყვანაც არ უნდოდა, ძლიერი ყინვების გამო. კეთილი გამყიდველი დაეხმარა, აშოვნინა ექიმი და შესაბამისად, ლიკაც გაციებას გადაარჩინა. რამდენჯერაც რაიმე თხოვნით მიდის გამყიდველთან, იმდენჯერ ერთი და იგივე ტექსტით იწყება თხოვნაზე პასუხი: – დედა ხარ, როგორ არ დაგეხმაროო.. ლელაც ცდილობს, უაზრო კითხვებით არ შეაწუხოს ეს ფუმფულა ქალბატონი, რომელსაც არასდროს ეზარება მისი დახმარება.

4.

მეტროში შუქი ჩაქვრა. ვარკეთილამდე კი შორია, ისედაც ფეხით აპირებდა მოსკოვის პროსპექტზე ჩასვლას, მაგრამ ახლა გზა ერთი-სამად ექცევა. თან, რაღა ავლაბრის გვირაბში გაიჭედა მატარებელი?! გოგირდის წყლების უცნაური ოხშივარი გაჩერებისთანავე შემოვარდა ვაგონში და ისედაც აქოჩრებული მგზავრები, უფრო ააყაყანა. მემანქანე გამოვიდა თავისი კაბინიდან და მგზავრებთან ერთად ჩამოჯდა – “მეც თქვენთან ერთად დაველოდები დენის მოსვლასო”..

თხუთმეტ წუთში გვირაბის ავარიული განათებებიც გაითიშა და წამიერი სიჩუმე ჩამოწვა. წამის გასვლა და მგზავრების ორკესტრირებულად აჟრიამულება ერთი იყო. უკუნეთში მყოფი ვაგონები რამოდენიმე წუთში ასანთის და სანთებელების შუქმა გაანათა. ვიღაც ღვთისნიერმა, ლელასგან ოდნავ მოშორებით “ლამპა” აანთო და თან დაიმორცხვა – “ჩემებთან მიმქონდა, მამა მყავს ლოგინად ჩავარდნილი და დედამ დამავალა ფითილის ყიდვა, წინაზე არასწორი ზომა მივუტანე და ახლა ნავთიანი ლამპა გამატანა შესადარებლადო.” ვაგონის ხმაური გვერდითა ვაგონიდან შემოსულმა რითმულმა ტაშმა დაფარა. ალაგ-ალაგ რომელიღაც ქალაქური სიმღერის ხმაც შემოდიოდა – როგორც ჩანს, ვიღაცამ სიმღერა წამოიწყო და უშუქოდ დარჩენილი ვაგონი აიყოლია. ლელას ვაგონი კი თანდათან მიწყნარდა და ტაშის მკვრელი ვაგონის განხილვაზე გადავიდა: “ნეტაი რა ეცეკვებათ?”, “სად გაიგონე ერთი ქალო ცეკვა, მღერიან, მღერიან, უჰ..”, “მოგვასმენინეთ ბატონო..”, “რომ ავყოლოდით, არ იქნებოდა ურიგო..”, “მგონი, ინდი-მინდია..”. ლელა სახეებს ვერ ხედავდა, ისე ისმენდა ამ ფრაზებს, სამაგიეროდ, კარგად ხედავდა “ლამპის” პატრონის მოპირდაპირედ, მდუმარედ მჯდომი და რაღაცაზე ჩაფიქრებული ბებოს დაკოჟრილ ხელებს.. მალე დენი მოვიდა და შესაბამისი ოვაციების ფონზე, დაიძრნენ..

5.

ბოლო ყუთს მიუსწრო, უფრო სწორად, მიასწრებინეს. ორსულმა ქალმა აუღო ორი შეკვრა კარაქი, რადგან თვითონ ლელა არ მიუშვეს ყუთამდე – “ჩვენც ოჯახებში მიგვაქვს გოგონა ეს კარაქი, რას ქვია შორიდან მოდიხართო?!”. დახმარებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა ორსულ გოგოს და ბედნიერი დედობა უსურვა, თან “ყოველი შემთხვევისთვის” გადანახული კოწახურის კანფეტიც უსახსოვრა და აწეწილი, ოდნავ გაუხეშებული თმებიც გაუსწორა. გოგომ შესჩივლა, ტყუპებს ველოდები და რაც არ უნდა ვჭამო, მაინც მშიაო.. ლელამ თავისი ყოფილი გინეკოლოგის ნომერი დაუწერა მარგარინი “ონა”-ს მუყაოს კოლოფის ნაგლეჯზე და უთხრა, ვიტამინების ნაკლებობა გაქვს სავარაუდოდ, ამიტომ დაურეკე ექიმს და დანიშნულებას რასაც მოგცემს, დალიეო. მუყაოს კოლოფის ძირითადი ნაწილი უკან დააბრუნა, ვინაიდან ამ კოლოფს მაღაზიაში “ნისიების” ჩამოსაწერად იყენებდნენ..

უკანა გზაზე მეტრო აღარ გაჩერებულა, მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრის გავლა მოუწია ისევ ფეხით, რომ მოსკოვის პროსპექტიდან მეტრო “ვარკეთილამდე” ასულიყო. მატარებლით მგზავრობის მთელი ხნის განმავლობაში დაძაბული იჯდა და კარაქიანი ჩანთისთვის ხელი არ გაუშვია, ამასწინათ წაართვეს ვიღაც შუახნის ქალბატონს ჩანთა. ხოდა, მიდი ახლა და უმტკიცე, რომ მხოლოდ კარაქი და ხურდები გაქვს ჩანთაში, ან დაგიჯერებს, ან – არა..

6.

სახლში მისულს, რთული სიტუაცია დახვდა – ბებიას დაუძალებია ნიკოსთვის ერბოიან-შაქრიანი პურის ჭამა და ახლა ნიკო გვერდით ოთახშია ჩაკეტილი დასთან ერთად და შეხმატკბილებული ბუნტი აქვთ მოწყობილი, სავარაუდოდ, მთელი სამყაროს წინააღმდეგ!! მას შემდეგ, რაც გამოარკვია სიტუაცია, ჯერ დედას გაუბრაზდა, რას აძალებდი ნიკოს, ხომ იცი, რაც არ უნდა, იმას მაინც არ გააკეთებსო, შემდეგ კი ჩარაზული კარების გაღება სცადა, მაგრამ ამაოდ – კარები საიმედოდ იყო გამაგრებული იატაკის და ჭერის საკეტებით. რა საინტერესოა, როგორ მიწვდნენ ჩარჩოს საკეტს ჭერზე?! ალბათ ძმამ თუ შეისვა მხარზე დაიკო და ისე..

“ბაუნტის” შოკოლადის ხსენებამ გაჭრა და ორივე ბუნტისთავი თავპირისმტვრევით ეცა საკეტებს გასაღებად. ბებო დადის და ბრაზობს – ზედმეტად ათამამებ ამ ღლაპებსო, ლელა კი ზის და იცინის, მთავარია მოგვარდა სიტუაცია და ახლა, აღარაფერს დარდობს. რომ გამოეხიკებიან, ჯერ ორთავეს კარგად, გვარიანად გაუბრაზდება, შემდეგ კი ჩაიხუტებს – მოენატრა შვილები და ერთი სული აქვს მიეფეროს, თუმცა დედაა და იცის, ჯერ გაჯავრებაა საჭირო, რომ არ გატუტუცდნენ და უფრო უარესი ბუნტი არ მოაწყონ შემდგომში. ისე, რა რთული ყოფილა ბავშვის გადმობირება – “ბაუნტით” მხოლოდ ერთჯერადი შედეგი მიიღწევა, აი, სამუდამოდ მათი ნდობის მოპოვება, საოცრად რთულია. ერთი შეცდომა, ერთი მოტყუება, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი საკმარისია, რომ მათი ნდობა დაკარგო..

გამოვიდნენ “მეამბოხეები” ოთახიდან და დადგნენ ჩვეული თანმიმდევრობით – წინ ამაყად გაჯგიმული და შოკოლადით დასაჩუქრების მომლოდინე ნიკო, მის უკან კი ოდნავ დარცხვენილი, მაგრამ ძმისგან გაგულისებული და ისიც შოკოლადის მომლოდინე, ლიკა. საოცარი დუეტია, ვერაფერს იტყვი..

7.

უნივერსიტეტში არ გაუშვეს დღეს კარის მეზობლის ბიჭი – ტანკები დადიან ქალაქში და ხიფათს გადაეყრებიო. ის იყო, “ოსტატი და მარგარიტა”-ს კითხვას მიუბრუნდა, აივნის შუშაზე ბრახუნი შემოესმა ლელას. თავიდან იფიქრა, ავტომატი გაისროლა ვიღაცამო, მაგრამ როდესაც განმეორებით ბრახუნს ხმადაბალი ძახილიც მოყვა, გადაწყვიტა გაეხედა. სულ ოდნავ გადაწია ფარდა და შერჩა კბილებდაკრეჭილი მეზობლის ბიჭი – “გეხვეწები, შემომიშვიო”. ისე შეშინდა ამ ქანდარაზე შემოსკუპებული ბიჭის ფრანგული აივნიდან გადავარდნის წარმოსახვაზე, რომ ფანჯრის გაღებისას, კინაღამ მართლა გადააგდო ის.

ბიჭი ერთი ნახტომით აღმოჩნდა სახლში, თითით ანიშნა ლელას, არაფერი თქვაო, ამოიიღლიავა ნახაზებიანი “პაპკა” და თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო, მისაღების გავლით გასასვლელი კარისკენ წავიდა. როდესაც ურდული გადაწია, უკან მობრუნდა და დაბალ ხმაზე, თითქოს დიდ დანაშაულს ჩადიოდა, ისე დაიჩურჩულა – “დედას არ უთხრა აქ რომ შემოვძვერი, გამოცდა მაქვს და უეჭველი უნდა წავიდე სასწავლებელში. ვიცი, ‘ბეტეერის’ ეშინია და ჩემთვისვეა კარგი სახლში რომ დავრჩე, მაგრამ თუ გვინდა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ახლა ასეა საჭიროო”. რა უნდა ექნა, მხოლოდ თავი დაუქნია და ფრთხილად დახურა კარები, რადგან მეორე მეზობელი თაგვის გაფაჩუნებაზეც კი, სოკოსავით აღმოცენდებოდა ხოლმე თავისი კარის ჭუჭრუტანასთან და ყველაფერს აკვირდებოდა..

კარებს მოცილდა თუ არა, ნიკოს და ლიკას თვალებს შეეჩეხა, ვერ გაეგოთ, რა იყო ასეთი საიდუმლო, რომ ასე “კარლსონივით” შემოვიდა ის ბიჭი და შემდეგ ასევე იდუმალად გაუჩინარდა სადარბაზოს კარს მიღმა. ამოიოხრა ლელამ, გვერდით კედელს გახედა, წარმოსახვაში წარმოიდგინა ბიჭის დედის სავარაუდო მდებარეობა და გაურკვეველი გრძნობები დაეუფლა – ნეტავ, თვითონ თუ გაუშვებდა ნიკოს ასეთ სიტუაციაში?! ან, რა წარმოდგენა შეექმნებოდა მეზობელზე, რომელმაც მისი შრომა, შვილზე ეზრუნა, წყალში გადაუყარა?! არა, არ არის მართალი, უნდა გაეჩერებინა ეს ბიჭი, ვინ იცის, იქნებ, რა შარს გადაეყაროს?!

საბედნიეროდ, შარს არავინ გადაყრია , ყოველ შემთხვევაში, მეზობლის ბიჭი, რადგან საღამოს, ფრთხილი კაკუნით შემოსული, ისევ მისი ფანჯრის გავლით დაუბრუნდა საკუთარ სახლს, თან ახარა, კარგად ჩავაბარეო..

8.

დღეს არაფერი აქვთ სახლში, არადა, შვილებს ხომ არ აშიმშილებს? ბავშვებს კი ამზადებს ფრანგულში, მაგრამ ახლა არავის ცხელა ფრანგული მაღალფარდოვნებისთვის და მხოლოდ ალაგ-ალაგ, რამოდენიმე გაკვეთილზე თუ შემოივლიან, ისიც ყოველთვის ფულით არ იხდიან გაკვეთილის საფასურს.

იმ დღეს, ერთმა შუახნის ქალბატონმა ხილი და შაქარი მოუტანა, კუთვნილი სარგოს სანაცვლოდ. არაფერი უთქვამს ლელას, რადგან იცოდა, ამ ქალის გოგო უცხო ქვეყანაში იყო წასული სამუშაოდ და დედას ხშირად თვეობით არ ქონდა შვილთან კონტაქტი, ის კი არა, ამ ქალბატონის გაკვეთილების განრიგიდან ტექსტები, სადაც ოჯახის განხილვა მიმდინარეობდა, საერთოდ ამოიღო, რადგან ოჯახის ხსენებისთანავე, ტირილი უტყდებოდა ქალბატონს და „თავისი ჟუჟუნა“-ს სიტყვიერ ფერებაზე გადადიოდა. გაკვეთილიც ვეღარ გრძელდებოდა და მცირე პერიოდის გასვლის შემდეგ, მიყუჩებული ქალბატონი, სადღაც სხვაგან მიდიოდა ფიქრებით. ლელასაც ერიდებოდა მისი დედამიწაზე დაბრუნება – ისხდნენ ხოლმე, ასე ჩუმად, საათობით..

გადმოალაგა კარადიდან ძველი ნივთები – იქ ნიკოს გამონაცვალი, უკვე მისთვის პატარა ზომა და შესაბამისად, გამოუსადეგარი, თუმცა ძალიან ლამაზი “ლაკოსტე”-ს ბოტასები ეგულებოდა. მალევე მიაგნო და საგულდაგულოდ დაამუშავა. დიდად დასვრილიც არ იყო, მაგრამ ისე   გაასუფთავა, სულ მთლად ახალს დაამსგავსა შარშარწინ ნაჩუქარი, პატარა ბავშვის ფეხსაცმელები. ლიკას პაწია, თითქმის უხმარი ვარდისფერი პერანგიც მოამზადა, ლამაზად დაკეცა, ნახევარ საათში თვითონაც მზად იყო, მეტროს “ჟეტონი” აიღო და სახლში ვინმესთვის რაიმის უთქმელად, “ვაგზლისკენ” გაუყვა გზას, მატარებლით..

9.

მთელი დღე ჩუმად იდგა მზის ქვეშ და ისმენდა მის გარშემო მდგომი ქალბატონების გნიასს. ყველას რაღაც ქონდა გასაყიდად გამოტანილი. ზოგი მათგანი ლელასავით ერთჯერადად დამდგარიყო, მასავით ძველი ნივთები ეჭირათ ხელში და გამვლელ-გამომვლელს უჩვენებდნენ. ზოგისთვის კი, ეს აშკარა შემოსავლის წყარო იყო და ბიზნესად ჰქონდათ ქცეული. ერთი ასეთი ქალბატონი გადაეკიდა და მანამ არ მოასვენა, სანამ კაპიკებში არ აართვა ვარდისფერი, ლამაზად დაკეცილი მაისური. ცოტა ხანში ის ქალი უკან მობრუნდა და რამოდენიმე “ბუბლიკი” ორცხობილა უსახსოვრა ლელას, თან ომახიანად მიაძახა – “ჭამე, შე სიფრიფანა, სახლამდე თუ ვერ მიაღწიე, ვისთვის ყიდი მაგეებსო?!”.

ლელამ არაფერი უპასუხა, მარტივად გაუღიმა ამ ენერგიით აღსავსე ქალბატონს და ნაჩუქარ საუზმეს ჩანთაში გადაუძახა, მშობლებისთვის წასაღებად. თვითონ მხოლოდ ერთი ცალი დაიტოვა და ისე, რომ არავის შეემჩნია, ბეღურასავით დაუწყო მშრალ საკვებს კიკვნა.

ინტერესით ბევრი ინტერესდებოდა, მაგრამ “ნაღდი” მყიდველი არ ჩანდა. გამვლელების უმეტესობა რაღაც იაფფასიან ფეხსაცმელს ეძებდა, ლელას კი არ ემეტებოდა ორიგინალი ბრენდის, ახალივით ფეხსაცმელები. ხმამაღლა ამას ამბობდა, თორემ სინამდვილეში, ის ისტორიები არ ემეტებოდა, რაც მის თვალში, ამ ფეხსაცმელს ნიკოს ჩვილობასთან აკავშირებდა. მას შემდეგ, რაც ფეხი მყარად აიდგა, სულ ამით დარბოდა და სახლიც და ქუჩაც ერთნაირად ჰქონდა აკლებული. თან, ამ ფეხსაცმელს ბრტყელი და ოდნავ უხეში ძირი ჰქონდა და თუ რაიმეს არ შეუსრულებდნენ, მონდომებული აბაკუნებდა ხოლმე.

საკუთარ თავთან ფიქრებიდან მის წინ მდგომი ქალბატონის პარფიუმის ნაცნობმა სურნელმა გამოაფხიზლა, მასაც აქვს ასეთი, მაგრამ აქ ხომ არ დაისხამდა?! – ქალბატონმა დამტვრეული ქართულით სცადა შევაჭრება, თუმცა, როდესაც ფრანგული “ღმერთო ჩემო” დააყოლა, ბევრი არ უფიქრია ლელას, მაშინვე ისიც ფრანგულად საუბარზე გადაერთო. გაყიდა..

10.

უკვე გვიანი იყო, როდესაც სახლში შევიდა. ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ ეგ არ აღელვებდა, უფრო ის ტანჯავდა, რომ მთელი სხეული ეწვოდა, განსაკუთრებით კი სახე და კისრის მიდამო – როგორც ჩანს, მზისთვის მეტი ყურადღება უნდა დაეთმო და სადმე უფრო მოფარებულში უნდა დამდგარიყო. შევიდა თუ არა მისაღებში, დედამ გაკიცხა: – რაო, ქალბატონო, როგორ დაისვენე?! შესანიშნავი „ზაგარი“ კი გაქვს, რა გენაღვლებაო?!.. ლელამ დაღლილობისგან ხმა ვერ ამოიღო, მხოლოდ ოდნავ აიწია მაისურის მკლავი. მკავის ქვეშ, მზისგან გაწითლებული ხელი მკვეთრად გადადიოდა ფითქინა თეთრ ფერში იქ, სადაც მზე ვერ მიწვდა კანს. ოდნავ შეცბა და ღრმად ჩაისუნთქა ლელას დედამ, ხმის ამოუღებლად გაეცალა, ცოტა ხანში კი ლიკასთან ერთად დაბრუნდა და შვილის სიახლოვეს განაგრძო შვილიშვილთან თამაში.

დაქალმა, თიკომ დაურეკა ღამით, რომელმაც უსმინა, უსმინა ლელას ნაამბობს განვლილი დღის შესახებ და ყურმილის მეორე მხრიდან მშვიდად, მისთვის ჩვეული ტონით უთხრა: „არ ვიცი, რა, გმირი დედა ხარ, ლელა, ნამდვილად..“. იმ მომენტში არაფერი უპასუხა დაქალს, მხოლოდ მისი ამბები მოიკითხა, მაგრამ ძილის წინ კიდევ ერთხელ ამოუტივტივდა გონებაში,  ბოლო დღეების მანძილზე, მის გარშემო მყოფი თუ შემხვედრი ყველა დედა და თითოეულ მათგანს მიაწერა გმირობა, მისდაუნებურად..

03/03/2020


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: