Posted by: burusi | 15/10/2019

დავით ყიფშიძე “კავკასიონი”

ხის ხიდი კავკასიის მთებში. ლუიჯი პრემაცი; Luigi Premazzi

დავით ყიფშიძე “კავკასიონი”

ეს ისტორია ოცი თუ ოცდაათი მილიონი წლის წინ დაიწყო. მიწის ორი უზარმაზარი ფილა დაეჭიდა ერთმანეთს – ცოტა იკინკლავეს, ვუკლანებიც გააღვიძეს, შემდეგ დამშვიდდნენ,  დალაგდნენ და ერთ დიდ სივრცედ გაერთიანდნენ. ასე შეიქმნა კავკასიონის გოროზი მთათა სისტემა.

საუკუნეები დღეებივით გარბოდა და კავკასიონის მთების ერთადერთ გასართობად, მათ ფერდობებზე მონაცვლეობით მყოფი სულიერი არსებები იქცნენ. რას არ ნახავდით აქ: თავდაპირველად, ეს პრეისტორიული ხანის უზარმაზარი ცხოველები იყო, შემდეგ ზეზვა და მზიას სანათესაო, შედარებით მომცრო ცხოველებთან ერთად, შემდეგ პირველი ქალაქები, ადამიანის აღზევება, ნადირობა, ომები ადგილის დამკვიდრებისთვის და ა.შ. მთებმა პირობა დადეს, მოდი, ჩვენ ჩვენთვის ვიდგებით და არ ჩავერევით დანარჩენი სამყაროს საქმეებშიო, მაგრამ იყო მომენტები, სული წასძლევდათ და აბობოქრდებოდნენ ხოლმე, თუმცა ამას, თავისი მიზეზები ქონდა.

თითქოს ყველაფერი თანმიმდევრობით ხდებოდა, ყველა და ყველაფერი ვითარდებოდა, იხვეწებოდა, პატარავდებოდა, მაგრამ ბოლო ათასწლეულებში ერთი რამ შენიშნეს მთებმა – რაც მეტად განვითარდა ადამიანი, მით მეტად დაკნინდა ყველაფერი დანარჩენი. გაიჩეხა ტყეები, გაწყდა ცხოველების სახეობები. ის კი არა, თავისებსაც არ ინდობდნენ, ხან ამ და ხან იმ უაზრო მიზეზით ერთმანეთს დაერეოდნენ ეს უცნაური ჭკვიანი ორფეხები და დედაბუდიანად ჟლეტდნენ ერთმანეთს. არ მოსწონდათ მთებს ეს ყველაფერი და ზოგჯერ დედას – მიწას სთხოვდნენ დახმარებას და გემრიელ მიწისძვრებს უწყობდნენ, ხან კი, მზეს ახედავდნენ მოჭუტული თვალებით და ხანძრებით ბრაზობდნენ, მაგრამ ძირითადად, მაინც თავისი ძალებით გამოხატავდნენ პროტესტს უსამართლობისადმი – ან ზვავს იწვევდნენ, ან მეწყერს.

ბევრი იბუტბუტეს, ბევრჯერაც გაიბუტნენ, მაგრამ ადამიანებს კი ვერა შეაგნებინეს, რა. ეს ჯიუტი არსებები აგრძელებდნენ დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტას. ყოველი სტიქია მათთვის უნივერსიტეტის საგამოცდო ლექციასავით იყო. რაც მეტად ცდილობდნენ მთები რაიმეს თქმას, მით მეტად უძალიანდებოდნენ ისინი ყოველ ჯერზე. ხის სახლებს ქვის სახლებით ანაცვლებდნენ, ძველის ადგილას ახალ, უფრო გამძლე ნაგებობებს დგამდნენ, წყალს იმარაგებდნენ, წინასწარ იცნობდნენ მოსალოდნელ საფრთხეებს და მთებსაც მოწყინდათ საუბარი – ადგნენ და გაჩუმდნენ.

ყველაფერი ნაცნობი სცენარით განვითარდა, მეტი ომი, გარემოს მეტად დამორჩილება, კოშკები, ქალაქები, ცხენებზე ამხედრებული მშვილდ-ისრიანი კავკასიელები, გადასახლება, გადმოსახლება, ზოგიერთი ჯგუფის ერად ჩამოყალიბება, ზოგისაც – გაქრობა და დადგა ახალი, განვითარებული ადამიანის საუკუნეები.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ხმის ამოუღებლად აკვირდებოდა კავკასიონი თავის ფერდობზე ორფეხებს და თანდათან შეეჩვია კიდეც მათ. ერთი ჯგუფი შეიყვარა განსაკუთრებით. ეს ერი მისი ერთი ლამაზი მთის, ლიხის ქედის ორ მხარეს ფლობდა. ბოლო ოცდაათი საუკუნის განმავლობაში განსაკუთრებით ფუსფუსებდა აქაურობა: ერთიანდებოდა, ძლიერდებოდა, იბრძოდა გადარჩენისთვის და ბოლოს, ორფეხებმა სახელიც კი მოუფიქრეს თავის სამოსახლოს – საქართველო.

ლიხი მათ ყველაფერში ეხმარებოდა, ხან მდინარეებს უგზავნიდა, ხან ხეხილს, ხან ცხენებს და პირუტყვს, ის კი არა, თავისი საყვარელი მცოცავი ვაზიც კი უჩვენა. მისდა გასაკვირად, ამ ერსაც ძალიან მოეწონა ის და მოიშინაურა, გაითავისა. კავკასიონი უბრაზდებოდა ლიხს, ზედმეტად ათამამებ ამ შენ ორფეხებსო, თუმცა ლიხი თავისას არ იშლიდა. როგორც ჩანს, მას რაღაც განსაკუთრებული ხიბლი ქონდა, რადგან ყველას ლიხის მითვისება უნდოდა: ხან დასავლეთიდან, ხან აღმოსავლეთიდან, ხან სამხრეთიდან და ხანაც ჩრდილოეთიდან, სხვა მიწების მაცხოვრებლები მოსვენებას არ აძლევდნენ  აქაურ ორფეხებს –  წვავდნენ, გლეჯდნენ, ხოცავდნენ, თავიანთ მხარეებში ერეკებოდნენ, იტაცებდნენ, ძალადობნენ, მაგრამ ამაოდ. იცოდნენ აქაურებმა, სანამ კავკასიონი იდგა, თვითონაც იდგებოდნენ და იცავდნენ, გაუთავებლად იცავდნენ თავის სამოსახლოს. არწივებს და ქარაფის ჯიხვებს ეტოლებოდნენ – პირდაპირ მწვერვალებზე აგებნდნენ ციხე-კოშკებს და იქვე სახლდებოდნენ.

ლიხიც არ იდგა გულხელდაკრეფილი –  დახმარებას ხან რომელ და ხან რომელ მყინვარს სთხოვდა – მიშველეთ, ყველა ჩემს ორფეხებს ერჩისო. მყინვარები, ხედავდნენ რა ყველაფერს – უშბა, შხარა, თეთრნულდი და სხვა მრავალი ერთიანდებოდა მის გარშემო, რომ ქოლგასავით გადაფარებოდნენ ლიხის სამოსახლოს. კავკასიონს არაფერი გაუპროტესტებია, მისთვისაც გამოცანა იყო ეს უცნაური ერი, რომელიც ლიხივით გიჟი და გადარეული იყო. სვანეთის ან თუშეთის, რომელიღაც კილომეტრებიანი სიმაღლის მთის წვერზე, ჯიხვზე მონადირე უშიშარი ორფეხას დანახვისას, თვითონ უხდებოდა გული  ცუდად. კი, ეს მოწონდა მას ამ ერში, შიში არ ქონდათ არაფრის – ან ომობდნენ, ან მღეროდნენ და მადლობას უხდნიდნენ მთებს მფარველობისთვის.

რომ ეგონა კავკასიონს, მეტად რით გამაკვირვებენ ესენიო, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ორფეხების ახალი გამოგონება – ავტომობილი. თან თითქოს რამე ჯადო აქვთო, უცებ, ერთ საუკუნეში ყველამ მისით დაიწყო ბოდიალი. ისევ აბუტბუტდა, ხან გზები ჩახერგა, ხან მდინარეები აადიდა და ხიდები დაულეწა, ხან სახლები დაუნგრია, თუმცა ისევ უშედეგოდ. მთა და ადამიანი სხვადასხვა ენაზე საუბრობდა და მხოლოდ დაკვირვებულ ორფეხებს შეეძლოთ კავკასიონთან საერთო ენის გამონახვა. ასეთებზე, თვითონ ორფეხები ამბობდნენ, ლაშქრობა უყვარსო.

გულზე მოეშვა კავკასიონს, როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე არ გადაგვარებულა ორფეხთა მოდგმაო და ყველას, ვინც ოდნავ ინტერესს მაინც გამოხატავდა მისი მოხატული მთებისადმი, ძალ-ღონეს არ იშურებდა და მთელ თავის სიდიადეს უზიარებდა.

ლიხის ორფეხები ამ მხრივაც გამოირჩეოდნენ, ალბათ იმიტომ, რომ იცოდნენ წარსულში მათ გადარჩენაში კავკასიონის დიდი წვლილის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალებზე აღარ ცხოვრობდნენ, მაინც სტუმრობდნენ ხან რომელ და ხან რომელ მათგანს და ხელახლა ითვისებდნენ მივიწყებულ სამოსახლოებს. კავკასიონსაც არ ეზარებოდა, ყოველ ჯერზე პატარა ბავშვივით ბედნიერი მოურბენინებდა და წინ ულაგებდა ფერთა გამას სეზონის მიხედვით. თუმცა, ეს სეზონები ოდნავ განსხვავდებოდა სტანდარტული აღქმისგან. თუ ბარის ორფეხები წელიწადს ოთხ თანაბარ სეზონად ყოფდნენ, მთის ორფეხები მას უფრო სხვაგვარად ანაწილებდნენ. შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულის ბოლომდე – ზამთარი, დანარჩენი პერიოდი, კი – ზაფხული.

ზამთარში, მთებში, თეთრი სიჩუმე მეფობდა. იშვიათად, მაღალმთიან სოფლებში, ხან დახმარების, ხან კი ვინმეს გადმოსხმის მიზნით მიმავალი ვერტმფრენები თუ დააარღვევდნენ ხოლმე მას. უკვირდა კავკასიოს, ამ ყინვაში რა აჩერებთ ამ სიმაღლეზე ამ ხალხსო, მაგრამ ვერაფერს ამბობდა, მასაც უნდოდა ხმის გამცემი.

ზამთრის მთის ხალხი სხვანაირი იყო – უდრეკი, დაკვირვებული. მართალია, მთებთან საუბრისთვის დიდად არ ეცალათ, თავისი საზრუნავიც თავზესაყრელად ქონდათ, თუმცა ხმის ამოღება საჭირო არ იყო, მათი ქმედებიდანაც ჩანდა – ორივე მხარე თავისებურად ცდილობდა, ერთმანეთი დაეფასებინა.

ზაფხულში, სულ სხვა სიტუაცია იყო, თითქოს თაფლი უსვიაო, სხვადასხვა მიწებიდან, ყველა ეროვნების თუ აღმსარებლობის ორფეხა ესეოდა კავკასიონის მთებს, სერავდნენ მანქანებით, ცხენებით, ფეხით, მოტოციკლებით და მთებსაც გასართობი არ აკლდებოდათ.

ერთი რამ აკვირვებდა კავკასიონს, რატომღაც, ბოლო პერიოდში, ლიხის ბარის ორფეხები რიცხვობრივად ჩამორჩებოდნენ სხვა დანარჩენებს. ჩაჯდებოდნენ თვითმფრინავში და სხვა მხარეებში გარბოდნენ, მისკენ კი არ იხედებოდნენ. ალბათ, მშობლებისგან იციან ყველაფერი ჩემს შესახებ და მობეზრებული აქვთო, ფიქრობდა და წარმომავლობის განურჩევლად, ყველა სტუმარს ბედნიერი ეგებებოდა. ისინიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მეტ და მეტ თავისიანს ეძახდნენ კავკასიონისკენ. ამ მთების ზოგი რეგიონი ადვილი მისადგომი იყო, ზოგი კი, მეტად რთული.

ბევრისთვის, განსაკუთრებით სახიფათო თუშეთის მთებისკენ მიმავალი გზა იყო. რამოდენიმე დღის წინ ამოვიდა აქ ლიხის სამი ორფეხა მანქანით, ორი ბარიდან, ერთი კი ადგილობრივი. გაუხარდა კავკასიონს, რადგან მთელი გზა აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ სტუმრები და არც ქარაფების, არც ვიწრო გზიდან გადავარდნის ან სხვა რაიმესი შეშინებიათ. ერთმა მათგანმა ისიც თქვა, მგონი წინა ცხოვრებაში აქაური ვიყავი, იმიტომ, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შინ მივდივართო. გაიშალა წელში კავკასიონი, სიამაყემ ოდნავ სძლია და ტრაბახს მოყვა – აბა, ეს მთა შემიფასე, აბა, ახლა ეს ნახეო. ლიხის მკვიდრნიც იღებდნენ და იღებდნენ ფოტოებს: ხან ხშირი ტყე, ხან ნაცრისფერი ქედები, ხან კლდიდან მდინარის ვარდნა, ხანაც უსასრულო სივრცე და ერთმანეთის უკან კარტის დასტასავით ჩალაგებული ულევი კავკასიონის ქედები. ერთი ბარის მკვიდრი მეორე დღეს გაბრუნდა უკან და თან დიდი ემოციები წაიყოლა, მეორე კი დარჩა და მთაზე დაკვირვება დაიწყო.

ცოტა ეუცნაურა კავკასიონს, აქამდე ხომ თავად აკვირდებოდა ორფეხებს, ისინი კი, აქა-იქ გაესაუბრებოდნენ ხოლმე. ან პირიქით როგორ გამოვიდოდა, მას ათასწლეულის წარსული ქონდა, ლიხის ბარის ორფეხას კი – მხოლოდ, ოცდაათი წლის. მაგრამ იყო რაღაც, რაც ორივემ იცოდა – ეს ძველი კავშირი იყო, საუკუნეების, რომელიც წლებში არ ითვლებოდა. ცხენი ითხოვა ბარის ორფეხამ, ორი სხვა მიწის სტუმარიც იპოვა და მთის ერთი პატარა სამოსახლოდან მეორესკენ, ცხენების პატრონთან ერთად, გაუყვა გზას. გზადაგზა სხვებს თავის წარსულს აცნობდა, განა პირადს, ლიხისას. ჯერ ასე იყო, შემდეგ ისე, შემდეგ გავძლიერდით, შემდეგ დავსუსტდით, შემდეგ დაგვჩაგრესო, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, მაინც აქაური, მაინც თავის სიტყვას ამბობდა. უცხო მიწის სტუმრებიც უსმენდნენ, თავის გამოცდილებას და ისტორიას უზიარებდნენ.

ცხენები კარგი გამოდგა, ძლიერი, თავისუფალი – ერთი პირი დაცადეს მხედრები, აბა, თუ გამოგვყვებიანო. რა დაინახეს, მხედრებმა თავისი საქმე იცოდნენ, გააქროლეს და გააქროლეს. კავკასიონს უხაროდა, ეს მხედრები ხომ სიხარულით მიქროდნენ და არა საომრად. ისევ დაიწყო ნახატების გამოლაგება – აი, ამ ფერდზე ასეთი ვარ, ამ ფერდზე, ასეთიო.

ისედაც დიდ სიმაღლეზე მყოფ, მიტოვებულ ციხე-კოშკებთან ჩამოქვეითდნენ და ოთხი მხედრიდან, ორი მათგანი, თითქმის ცაში გამოკიდული კოშკისკენ დაიძრა. ზემოთ ასულებმა გაოცება ვერ დამალეს,  წინათ, აქ ან როგორ არსებობდნენ, ან ვინ ბედავდა ამათზე თავდასხმასო. კავკასიონს გაეცინა, ლიხის სრული სილამაზე რომ იცოდეთ, მიხვდებოდით, ბევრი იყო მსურველიო. ორფეხებმა ვერ გაიგეს, მაგრამ ზუსტად მათ სიმაღლეზე, ორმოცდაათი მეტრის მოშორებით, ქარის ტალღებზე ფრთაგაშლილმა არწივმა გაიგო და ერთხელ ომახიანად დასჭექა კიდეც. ორფეხებმა ღიმილით გახედეს, მიხვდნენ, რაღაცის თქმა უნდოდა არწივს. უკან ჩამობრუნებულები ძველებურად მოახტნენ ცხენებს, პირაპირ ცხენდაცხენ გადაიარეს მთის გიჟი მდინარე და მხიარული დოღით გაბრუნდნენ უკან.

საღამოს ყველანი ერთად ისხდნენ, ლიხის მთის და ბარის შვილები, უცხო მიწელები და კავკასიონი და ერთმანეთს განვილი დღეების გამოცდილებას უზიარებდნენ. ყოველ მის ქებას კავკასიონი თავისებურად პასუხობდა – მზეს და ნიავს აწვდიდა სტუმრებს, ფერდობებზე ფერებს ვცლიდა და სუფთა ჰაერი მოქონდა სხვადასხვა კუთხეებიდან. ლიხის ბარის ორფეხას ერთი გამონათქვამი მოეწონა განსაკუთრებით, რომელიც მას ერთი იქაური ტაძრის შესასვლელში ამოეკითხა – „ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია“. ლიხმა ძალიან კარგად იცოდა მისი მნიშვნელობა, ორფეხას კი მოგვიანებით განუმარტეს – მანამდე არ გავქრებით, ვიდრე ვინმე ციდან ნატეხის ჩამოტეხვას არ შეძლებსო. ორფეხას და ლიხს ერთად გაეღიმათ, დიდი ხანი გამოდისო. არ შედავებია კავკასიონი, მასაც უნდოდა ხმის გამცემი ..

29/8/2019


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: