Posted by: burusi | 25/08/2019

ნუგზარ შატაიძძე – გიორგობისთვე

ნუგზარ შატაიძე

ნუგზარ შატაიძე

ნუგზარ შატაიძძე – გიორგობისთვე

– რა ქენი, შვილო? – ჰკითხა მარნიდან აივანზე ამოსულ შვილს ქეთომ და საქსოვი გვერდზე გადადო.
– მოვრჩი, რა უნდა მექნა.
– გასინჯე, ბიჭო?
– რავი, შლანგიდან ჩამეყლაპა ცოტა…
– მერე?
– მირონია!
– აბა, შვილო, კარგი არა ჰქენ, რო დამიჯერე და შარშანდელივით შაქარწყალი არ დაანთქივლე ზედა? – ჩამუქებული თვალები გაუნათდა ქეთოს.
– ხოო, მაგრამ გაგვყვება აღდგომამდე?
– რამდენზე დადგა?
– რა არი, ექვსი ბალონია, რა!
– რას იზამ, შვილო, ნათქვამია – ცოტა მოთოხნე და ცოტა მოხოხნეო… ზოგს რო ეგეც არა აქვს?
ნოემბრის უჟმური, უამური ამინდი იდგა. ცრიდა. სოფელი ნისლს დაევიწროებინა. იმ ნისლში ბუნდად მოჩანდა ეზო, ტალახიანი გზა და გონჯილაშვილების სახლის წითელკრამიტიანი, სველი სახურავი.
– მაიტა, მაჭამე რამე, დედი, არაფერი გვაქ? – ტახტზე ჩამოჯდა თენგო და ხელები მაგიდაზე დაალაგა.
– მტერსაც ნურა ჰქონია რა! – ქეთო წამოდგა და სამზარეულოს კარი შეაღო, მაგრამ სანამ შიგ შევიდოდა, გაჩერდა და შვილს რაღაცნაირი ღიმილით მოჰხედა, – გადადი, ბიჭო, მალხაზა მაინც გადმოიყვანე, ღვინო გასინჯეთ, ხო გაგიგონია, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო.
– ეეჰ, სად ვიპოვო ეხლა მე მალხაზა!
– რა პოვნა უნდა, ქა, შინ იქნება, აბა, ამ ძანძახში სად წავიდოდა?!
– მიდი, მაშინ, ტელეგრეიკა გამომიტანე…
თენგომ ტახტქვეშიდან რეზინის ჩექმები გამოყარა, ხვნეშით ჩაიცვა, მხრებზე დაბამბული ქურთუკი მოიხურა და კიბეზე მძიმე ნაბიჯით დაეშვა.
ცრიდა. ჰაერში ბოლისა და გამონახადი ჭაჭის მომჟავო სუნი ტრიალებდა. გონჯილაშვილების რკინის ჭიშკარს რომ ჩაუარა, ძაღლის ღრენა და ჯაჭვის ჩხარუნი შემოესმა. თენგომ ნაბიჯს აუჩქარა, იქაურობას სწრაფად გაეცალა და მალხაზაანთ სახლთან ჩავიდა.
საჩიხში მალხაზას პაპა იჯდა და წვიმას გაბეზრებული სახით უყურებდა.
– გამარჯობა, პაპავ! – დაუძახა თენგომ.
– გაგიმარჯოს. რომელი ხარ?
– თენგო ვარ!
– აბა, თენგო?
– მიშას ბიჭი.
– რომელი მიშასი?
– ბოგირისა.
– შენა ხარ, შვილო? სულ დავბრმავდი, ბიჭო, ვეღარასა ვხედამ… შემოდი, კაცო, რა შორიდან იძახი!
თენგო ეზოში შევიდა, თან აქეთ-იქით იყურებოდა, მალხაზას ეძებდა.
– როგორ არი მამაშენი? – ჰკითხა პაპამ.
– როგორ უნდა იყოს, აღარ არი.
– როგორ თუ აღარ არი?!
– აღარ არი, მოკვდა.
მოხუცმა ერთხანს დაბნეული სახით უყურა და მერე ხმელი, გარკინებული ხელი საფეთქელზე მიიკაკუნა:
– აი, შე უბედურო ჩემო თავო, განაღა მახსომდა, ბიჭო…
– შენ როგორღა ხარ, პაპავ?
– იჰ, რაღაა ჩემი ყოფნა… ვზივარ და ველოდები ი ბეითალმან სიკვდილსა… წელიწადი შესრულდა, შვილო?
– წელიწადიც შესრულდა და ორიცა.
– აფსუს, მიშა, რა ბიჭი იყავ!
– მალხაზა სად არი.
– ჯანაბაში, მე რა ვიცი, სად არი. გამოუარა წეღან ტრიხის ბიჭმა და ამოიკრეს საითკენღაც აბრაგანი.
– რაო, სად მივდივართო?
– აბა, მე ვიღა რაღასა მკითხავს, შვილო?!
თენგო ეზოდან გამოვიდა და ორღობეს ქვემოთ დაუყვა.
წყაროსთან ორი პატარა გოგო იდგა, კოკებს ავსებდნენ და თან დიდი ქალებივით საიდუმლო ხმით ტუტუნებდნენ.
– შენი ძმა შინ არი, გოგო? – ჰკითხა ერთ-ერთ მათგანს თენგომ.
– შინ არა!
– მა სად არი?
– ტრიხის ბიჭმა და მალხაზამ გამოუარეს და სადღაც წაიყვანეს.
– არ იცი, სად იქნებიან?
– რავი, იტყვიან?
– წეღან, ეგენი და კიდევ მარუსაანთ გურამა ილოს საბძელთანა ტრიალებდნენ. – უთხრა მეორე გოგომ.
რაღას იზამდა და თენგომაც ილოს საბძლისკენ აიღო გეზი, ორღობე აათავა, ფერდობი აიარა და ფოთოლგაცლილ კაკალთან ავიდა.
საბძლიდან ისეთი სიცილი ისმოდა, გეგონებოდა, ჩარლი ჩაპლინის კინოს უყურებენო.
თენგომ ფიცრულის კარი შეაღო და შევიდა.
იმის დანახვაზე უარესი ხორხოცი ატყდა: ტრიხის ბიჭი თივაზე გულაღმა გადავარდა და სახედარივით აყროყინდა, გიომ ორთავ ხელი მუცელზე იტაცა და ჩაბჟირდა, ახარხარებული ილო და გურამა კი ერთმანეთს მხრებით მიეხალნენ.
მარტო მალხაზა იჯდა ჩუმად, სიგარეტის ჩალეული ნამწვი ორი თითით ეჭირა და თვალებდაელმებული ასლოკინებდა.
“ე, რა მაგრა დაბოლილან?!…” – გაიფიქრა თენგომ, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. ერთხანს იდგა და სიცილისაგან სახედაბრეცილ ბიჭებს უსიტყვოდ ათვალიერებდა, მერე საბძლიდან გამოვიდა და კარი პირუჩუმრად გამოიხურა.

ქეთოს მაღლა სახლში ბუხარი დაენთო და კოხტა, პეწიანი სუფრა გაეშალა: ყველი, პური, მრგვლად მოხარშული დედალი, კირკაჟი ლობიო და შემრეშილი პამიდვრის მწნილი.
თენგომ ამოლაფული ჩექმები კიბეზევე დაიხადა, სველი, დაბამბული ქურთუკი ლურსმაზე ჩამოკიდა და ოთახში შევიდა.
ქეთომ სათვალეს ზემოდან გამოხედა:
– მარტო მოხველ, ბიჭო?!
– ჰო.
– მალხაზა რა უყავ?
– არ იყო შინა…
– მა რა ვქნათ ეხლა? – შეწუხდა ქეთო.
– რა უნა ვქნათ, დავსხდეთ და კაი პური ვჭამოთ!
– მე კიდევ ცომი მოვზილე, ხაჭოს ხინკალი უნდა მომეხვია…
– კიდევაც მოახვიე რა, ვერ შევჭამთ თუ როგორ არი შენი საქმე.
– მარუსაანთ გურამა? გიო? დავიჯერო, ვერავინ იპოვე?
– ვერა, ვერავინა.
– ვერც ილო?
– ვერც ილო.
ქეთო ჩაფიქრდა.
– თენგო, შვილო, რაც არი, არი, მოდი, გონჯილაშვილს დავუძახოთ.
– მამწყდეს თავიდან! – ხელი აიქნია თენგომ.
– რათა, გენაცვალე, აბა, რათა… ცხვირი პირიდან მოიჭრება?
– მოიჭრება.
– აი, მამაილავ, მამაილავ!
თენგო აივანზე გავიდა, ხელებზე წყალი გადაივლო და გონჯილაშვილების ეზოს გაჰხედა. იქ კაცის ჭაჭანება არ იყო. ჯაჭვით დაბმული ქოფაკი საჩიხში იწვა და პურის ქერქს ლოღნიდა.
თენგომ ხელები პირსახოცზე შეიმშრალა და ოთახში შებრუნდა.
– საწყალი მამაშენი, შვილო, ღვინოს რო გადაიღებდა… – წამოიწყო ქეთომ.
– კარგი, დედი, ნუ ატყდები ეხლა შენებურათ!
– ბიჭო, აბა მოთვალე, რამდენი ხანია ამ სახლში სტუმარი აღარა ყოფილა…
– ვაა, კაცო, კი არავინ იყო შინა და რა ვქნა, რა თავში ქვა ვიხალო?!
– გადაბრუნდება ის საცოდავი საფლავში… – ხმაში ხრინწი გაერია ქეთოს.
თენგო გაბრაზდა:
– აი, სუ რო ლოყები დაიხოკო არა, გონჯილაშვილს მაინც არ დავუძახებ!
– კარგი, შვილო, კარგი, გენაცვალე, მაგრამ კაცი როგორ დაილია ამხელა სოფელში, ქა? თუ არავინ არი, ჩადი, ბიჭო, ტრასაზე – ამვლელია, ჩამვლელია, ვინ იცის, რამდენი მშიერ-მწყურვალი დადის ქვეყანაზე, დაუჭირე ხელი ვინმესა და მოიყვანე…
თენგო ერთხანს იდგა და სახემოღვენთილ, თვალცრემლიან დედას ჩუმად უყურებდა, მერე კეფა მოიქექა, გარეთ გავიდა, სველი ქურთუკი მხრებზე მოიხურა, რეზინის ჩექმები ჩაიცვა და გულმოსული კიბეზე დაეშვა.
ეზოდან ჯერ არ იყო გასული, რომ სახლს ერთხელაც მოჰხედა: “ოხ, ქეთო, ქეთოო!” – ჩაილაპარაკა და ალინჭყულ გზას ქვემოთ დაუყვა.
წვიმას გადაეღო. ოდნავღა წინწკლავდა. ტრასაზე ქშუილით დაქროდნენ სველი მანქანები.
თენგო გზის პირზე გავიდა და ზემოდან მომავალ ლურჯ “ოპელს” ხელი აუწია, მაგრამ იმან ისე ჩაუქროლა, ოდნავაც არ შეუნელებია. ახლა ჯერ იმის უკან მომავალ “ბეემვეს” ანიშნა, გაჩერდიო, მერე “პეჟოსა” და კიდევ ერთ “ოპელს”, მაგრამ, რასაკვირველია, არც ერთმა არ გაუჩერა.
იცოდა, განა არ იცოდა, რომ ეგრე იქნებოდა, მაგრამ ქეთოსი და იმ დაბოლილი ბიჭების ჯიბრზე არ ეშვებოდა – ხან ერთს აუწევდა ხელს, ხან მეორეს.
ბოლოს, თეთრმა “მერსედესმაც” რომ არად ჩააგდო, თენგოს თავის ძმაკაცებზე გაეცინა: მოდი ეხლა და გაამტყუნეო – იშრომე, ივაგლახე, ჯერ გასხალი, მერე დაბარე, ჩაიწყვიტე წელი აპარატის თრევითაო. ახლა შეფურჩვნა? შესარვა? მორწყვა? მოკრეფა? დაწურვა? გადაღებ-გადმოღება? ეგ კიდევ არაფერი – კერძსაც ხო გაკეთება უნდაო, ცომს – მოზელვა, ხინკალს მოხვევა, სუფრას – გაშლა… სტუმრის შოვნაც, ხო ნახე, როგორ გაჭირდაო და მერე, ის რო წავა, თეფშებიც ხო უნდა დარეცხოო! არა სჯობიან – შეაკეთე კოხტათ ერთი პაპიროსი, მიწექ საბძელში და მიაწექიო!
ამ “თეფშების დარეცხვაზე” ერთი ხმამაღლა გაიცინა და მაშინვე მიიხედ-მოიხედა, ემანდ არავინ მიყურებდეს, გიჟი არავის ვეგონოო.
უყურებდნენ. დიდი, შავი “ჯიპი” გაჩერებულიყო და იქიდან ვიღაც ბიჭები გამოსცქეროდნენ.
თენგო ახლაღა მიხვდა, საკუთარი განზრახვის უაზრობას, დაიბნა, კეფა მოიქექა, მაგრამ რაღა უნდა ექნა.
– ჰა, ხო მშვიდობაა, ძმაკაც? – გამოსძახა მძღოლმა.
– მშვიდობაა, მშვიდობა!..
– მა რა იყო, რაზე გაგვაჩერე?
– არაფერი, არა, – ხელები გაასავსავა თენგომ, – შემეშალა, ნაცნობები მეგონეთ!
– მერე თვალები კარქა გაახილე რა, შეჩემა!
თენგოს გულზე ცეცხლი შემოენთო:
– შეჩემა და ერთიც მეტი!
– ე, როჟა ნახე, ტო?!
– წადი რა, გზას ბარაქა დააყარე!
მანქანის ოთხივ კარი გაიღო, იქიდან სულ ტალიკ-ტალიკი ბიჭები გადმოვიდნენ და თენგოსკეს გამოსწიეს.
მიხვდა, რომ სახუმაროდ აღარ იყო საქმე, მაგრამ გაქცევა არ იკადრა.
– შენ რას ბლატაობ, ბიჭო, აქა? – ჰკითხა ერთმა.
თენგო შეიშმუშნა, ის იყო უნდა ეპასუხა, რომ უეცრად ცხვირში მძიმე მუშტი მოხვდა და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოაყრევინა.
– ოხ, თქვენი დედა, მე თქვენი! – გამწარდა თენგო, მუშტის დამრტყმელს წელში შეუვარდა, ბრუნზე წამოიღო და ასფალტზე მთელი ძალით დაახეთქა, მაგრამ სიბრაზისგან ვერ მოზომა და თვითონაც წაიქცა.
დიდი, მძიმე ბათინკები ეცვათ…
თენგო მოიკუნტა, წიხლი რომ სახეში არ მოხვედროდა, თავპირზე ხელები წაიფარა, მუცელს კი მუხლებითა და ნიდაყვებით იცავდა.
ისინიც, ძირითადად, თირკმელებში უბაგუნებდნენ, ზემოდან დაჰყვიროდნენ და აგინებდნენ.
სანამ გული არ იჯერეს, თავი არ დაანებეს, მერე თითო წიხლიც ჩააზილეს, “ჯიპისკენ” გაიქცნენ, შიგ ჩასხდნენ და კარებები მიიჯახუნეს.
მანქანამ დაიბღუვლა, ადგილს მოსწყდა, დაპატარავდა, დაპატარავდა და გაქრა.
თენგო გზის პირზე დარჩა.
წვიმას გადაეღო. ახლა მაღლიდან თოვლის წვრილი, მსუბუქი ფიფქები ცვიოდა და სველ ასფალტს ზედ ადნებოდა.
შებინდებულიყო. გიორგობის თვის ბოლო დღე ღამდებოდა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: