Posted by: burusi | 25/08/2019

შატაიძე ნუგზარ – ნაგანი

ნუგზარ შატაიძე

ნუგზარ შატაიძე

შატაიძე ნუგზარ – ნაგანი

ხიპიჩას არც ცოლი ჰყავს და არც შვილი – მარტო ცხოვრობს, მაგრამ მის სახლში სულ ვიღაცები არიან – სულ სვამენ და სულ სეკას თამაშობენ. თვითონ ხიპიჩა არ სვამს. არც კარტს თამაშობს. ერთი ძველი მაგნიტოფონი აქვს – ბაბინებიანი, ზის იმ მაგნიტოფონთან მაიკისამარა და ან ბიტლებს უსმენს, ან გაწყვეტილ ლენტს აწებებს. ამიტომ დგას მის სახლში სულ აცეტონის სუნი.

ლენტი ხშირად უწყდება.

ძველი ლენტებია, ძველ ბაბინებზე დახვეული. ახლები აღარ იყიდება. ხიპიჩას მეტს ვიღას უნდა ის ლენტები, ეხლა ხო ყველას კასეტებიანი და დისკებიანი მაგნიტოფონები აქვს.

შუა სიმღერის დროს უწყდება ხოლმე. ხიპიჩა ამაზე ნერვებს არ იდღლიზავს, მშვიდად დგება, თაროდან მანიკიურის პატარა ბოთლს იღებს და აწებებს. განა წვალობს ან რამე, არა – ერთი, ორი და ვსიო!

მე მგონი, კაიფობს ამაზე.

ხიპიჩას ბიტლები ევასება. ჭაღარა თმაც ბიტლებივით აქვს მოშვებული. მე რო მკითხო, რაღა დროს ეგ ბიტლებია, მაგრამ ხიპიჩას უსწორებს. ლენტი რო გაწყდება, სიმღერას თვითონ აგრძელებს – ძალიან წვრილი ხმით მღერის, თან აწებებს. სიმღერის დროს გიტარის ხმასაც აკეთებს და ყველაფერი.

მე ეს უფრო მომწონს, ვიდრე ბიტლები და ამიტომ, ლენტი რო წყდება, მაგრა მისწორდება.

ხიპიჩა ბებერი კაცია, სულ ცოტა, ორმოცდაათი წლისა მაინც იქნება, მაგრამ ჩვენთან ძმაკაცობა არ უტყდება – რო მიხვალ, გაიცინებს, ხელს ჩამოგართმევს და გაკოცებს. უხარია შენი მისვლა, მამაჩემივით კი არ იბღვირება. ოთახის კედლებზე სულ ბიტლების სურათები აქვს გაკრული, ბიტლების და როლინგ სტოუნის. ერთხელ თქვა, დღეს ლენონის დაბადების დღეაო და ბესო არაყზე გაგზავნა. თვითონ არ დალია, მარტო ადღეგრძელა და ჭიქა ტუჩზე მიიდო.

არაყი მეც არ მიყვარს. ღვინო კიდე ხო, მაგრამ არაყი – არა. ბესო არაყსაც სვამს და ღვინოსაც. ხიპიჩასთან რო ავდივართ, ბუტკაში თავისთვის „გომსჩ ყიდულობს, ჩემთვის კი – კოკა-კოლას. ამაზე სულ შაყირობს. ერთხელ კოკა-კოლაში ჩამისხა და ისე დავლიე, მაგრამ მაინც არ დამევასა.

სეკა მაგარი დებილური თამაშია. სამ-სამ კარტს არიგებენ და მერე სულ ჩხუბობენ. ვზროსლი ხალხია. ჩვენ ხიპიჩასთან ერთად ბიტლებს ვუსმენთ. ზოგჯერ რაღაცებს ვეკითხებით ხოლმე და ის გვიიასნებს, თან ლენტებს აწებებს. რო ჰკითხავ, ეს როგორ არიო, უცებ კი არ გიპასუხებს, ჯერ დაფიქრდება, ნაპასს დაარტყამს, მერე შემოგხედავს და გეტყვის, ეგ არაკაცურიაო, ან პირიქით – კაცურიაო.

ხიპიჩასთან შარშანდელს მერე დავდივართ. შარშან გაზაფხულზე ბესომ დამირეკა, კინოსთან გამოდიო. ცოტა დამაგვიანდა და რო მივედი, უკვე სამი როჟა ურტყამდა. სანამ მარშრუტკიდან ჩავედი, სანამ რამე, ძირს დააგდეს და წიხლებით სცემდნენ. მე ეგრევე ჩემი კნოპკიანი დანა გავაძრე და ჯერ ერთი დავჭერი, მერე – მეორე. ორივე ტრაკში. მესამეც რო უნდა დამეჭრა, გაიქცა.

ორი კვირის მერე ბესომ მითხრა, ის როჟები ხიპიჩასთან უნდა ავიყვანო და თუ გინდა, წამოდიო.

წავედი, იმიტო, რო მაინტერესებდა. უბანში ყველა იმის სახელს ახსენებდა – ხიპიჩამ ეს თქვა, ხიპიჩამ ის თქვა.

ავედით. ის მესამე იქაც არ იყო, ვაბშე დაიკარგა.

რო მივედით, ბესომ უთხრა: ხიპიჩ, ხო გახსოვს, თოთხმეტში რო ამ კაცის თავანი ამოგიტანეო. ეგ ვინ არიო. ჟალუზაო. როგორ არ მახსოვსო. ხოდა, ეხლა მიტრაკებსო. ხიპიჩამ შეხედა – ბიჭო, შენ ქურდულ კანონებს პატივს არა სცემო? როგორ არაო. მა ამ კაცისგან რა გინდაო, გეძება და რო ვერ გიპოვა, მე ამომიტანა, აბა, დავაი ეხლა აქედანო!

კარებში რო გადიოდნენ, ის მეორე მოუბრუნდა და – ვა, მაგან რო ტრაკებში დაგვჭრაო?

მეტი რა გინდათ, აქამდე თითო დირკა გქონდათ, ეხლა ორ-ორი გაგიხდათო!

კაროჩე, მაგრა შეარცხვინა.

ისინი რო წავიდნენ, ხიპიჩამ შემომხედა, შენ დაჭერიო? მეთქი, ხო და გაეცინა.

ბესო მაზიანს თამაშობს. მარტო ბესო არა, მთელი უბანი. ფული არავის არა აქვს, მაგრამ მაინც ენაძლევებიან ერთმანეთს. თუ მოიგე, კარგია, მაგრამ თუ წააგე? „არსენალი” და „ჩელსი” რო თამაშობდა, ბესო იმ ჟალუზას თურმე სამას ლარზე დაენაძლევა, „ჩელსი” მოიგებსო, მაგრამ არა, „არსენალმა” მოიგო. თავანი თოთხმეტში, ღამის თორმეტ საათამდე უნდა აეტანა, მაგრამ საიდან?! არ აიტან – ტრაკი ხარ.

მთელმა საძმომ ვიჩალიჩეთ და ბოლოს შევუგროვეთ. წავედით. არ დაგვხვდა. ველოდეთ, ველოდეთ, არ მოვიდა. თორმეტს რო ოცი წუთი დააკლდა, ბესომ თავანი ხიპიჩას აუტანა და აი, იმანაც მაზი დაუჭირა.

ვინ არი ეხლა ტრაკი? ისინი.

როცა ხიპიჩა მაიკით ზის და ლენტს აწებებს, მე იმის ნაკოლკებზე ვკაიფობ: ზურგზე ჯვრიანი საფლავი ახატია, მხრებზე, აქეთ-იქით, რვაქიმიანი ვარსკვლავები, მკლავებზე კი სულ რუსული სიტყვები აწერია.

მოსაწევი როცა გვაქ, ვბოლდებით და მუსიკას ვუსმენთ. სულ ზეპირად ვისწავლე იმ ბაბინებზე ჩაწერილი ბიტლების და სტოუნის შლაგერები, მაგრამ, ხო გითხარით, მე უფრო ის მისწორდება, ლენტი რო წყდება და ხიპიჩა სიმღერას აგრძელებს, თან გიტარასაც აკეთებს. მაგრა გამოსდის და ვკაიფობ.

როცა ხიპიჩასთან ვართ, იმ დღეს შინ გვიან მივდივარ. მამაჩემი მიტრაკებს, სად დადიხარო. ერთხელ მომაწვა, თქვი ეხლა, სად იყავი, ვისთან დაეთრევიო. არავისთან-მეთქი და მომდო. თანაც, როგორ – მარცხენა მომიქნია, ვითომ მუცელში უნდოდა რო დაერტყა, მე ხელები ძირს ჩამოვწიე და იმან ნიკაპში არ მხია?!

მაგრა გავმწარდი.

დილით ჩალურჯებული მქონდა. სარკეში რო ვიყურებოდი, გაეცინა – ახიაო.

მეთქი, მაიცა!..

ამის მერე ხიპიჩასთან მაინც დავდიოდი. ის იჯდა, დაგლეჯილ ლენტებს აწებებდა და ბაბინებზე ახვევდა. თან წვრილი ხმით მღეროდა: „ელოჩაი, ელოჩაიჩ. ზოგჯერ მეც ვყვებოდი. ერთხელ მითხრა, მიდი, აბა, შენ იმღერე და მე გიტარებს გავაკეთებო. მართლაც, ორი გიტარა გააკეთა: ერთი – პირით, მეორე – ცხვირით. მაგრად გამოგვივიდა. იმ როჟებმაც კი მოგვაქციეს ყურადღება. კარტი ხელებში გაუშეშდათ.

ერთხელ იქ ვიღაც კაცი ამოიყვანეს – სულხანა. ხიპიჩამ თქვა, ექვსი ბუტკა აქვსო. უნდოდათ, გაეწეწათ, მაგრამ სულ იგებდა. ამათ უტყდებოდათ. ხიპიჩა არ თამაშობდა, მაგრამ იმასაც უტყდებოდა. მეთქი, ხიპიჩ, რამე ხო არ, ჰა? შემომხედა და თვალებში ისე გაუელვა, რო გული შემიხტა. მაშინ არაფერი. მერე, სამი დღის შემდეგ, მე და ბესო რო ვიყავით, იმ სულხანამ კიდე მოიგო, ძალიან დიდი კუში წაიღო და ხიპიჩამ გათეთრებული სახით შემომხედა. მეც შევხედე. თვალებში ის რაღაცები უელავდა. მერე ისევ თავისი ლენტის დაწებება გააგრძელა.

ავდექი. მეთქი, წავედით!

ბესო აზრზე ვერ მოვიდა და გაკვირვებულმა ამომხედა.

მეთქი, ადე, შე ჩემისა!

ხიპიჩას კარის უკან ერთი არმატურის ნაჭერი ჰქონდა. სულ იქ იდო და ჟანგდებოდა. გასვლისას ავიღე და კურტკის სახელოში შევიცურე. იღლიაში ცივად მომებჯინა.

ქუჩაში რო ჩავედით, ბესოს ყველაფერი გავუიასნე. გაუტყდა – შენ გიჟი ხო არა ხარო, მაგრამ რა უნდა ექნა და ორივენი სახლის კუთხეს ამოვეფარეთ.

შუაღამე იყო. სამი საათი. ყველანი ერთად გამოვიდნენ. არსენას ქუჩა რო გაიარეს, სულხანა ზემოთ წავიდა, დანარჩენი სამი კი ქვემოთ.

მეთქი, ბესო, დავაი ეხლა!

ნიკოლსონები შუბლზე ჩამოვიწიეთ და სულხანას უკან ავედევნეთ, მაგრამ ბესო მაგარ გატეხილში იყო, ამიტომ ის ჭავჭავაძეზე დავტოვე და სულხანას მარტო მე გავყევი. ხეებს ვეფარებოდი. ბოლოს ერთ ტუპიკში შევიდა. დრინი სახელოდან გამოვიღე, დავეწიე და უკნიდან პირდაპირ თავში დავუშვი. ეგრევე დავარდა. ძალიან მაგრა მომივიდა, დარტყმის ხმა ხელებით გავიგონე.

სწორედ ამ დროს ეს ბესოც არ მოვარდა! მეთქი, რა უნდა?! ეცა და ჯიბეების ჩითვა დაუწყო.

მე ჩუმად ვიდექი და აქეთ-იქით ვიყურებოდი. დრინი ისევ ხელში მეჭირა.

ლაპატნიკი რო უპოვა, ბესო წამოხტა და ზემოთ გავარდა.

მე ჭავჭავაძეზე დავქანდი, არმატურის ნაჭერი თვარაძის პადიეზდში დავმალე და რუსთაველზე გავედი. იქ არავინ იყო, მაგრამ მაინც ძალიან ნელა მივდიოდი. ლაღიძესთან ზემოთ ავუხვიე, სულ რაღაც ვიწრო ზაკაულკებით ვიარე და ხიპიჩასთან ისე ავედი.

მეთქი, ბესო არ მოსულა?

არაო. და მიყურებს. რა არიო.

მეთქი, არაფერი და ტუალეტში შევედი. ხელებს რო ვიბანდი, გული ამერია.

პირი დავიბანე, გამოვედი და დავინახე, რო ბესო მოსულიყო. არაყს ხსნიდა. რუსული არაყი იყო. პატარა, ბრტყელი ბოთლი. მე მარტო ერთი ჭიქა ჩავარტყი. დანარჩენი ბესომ დალია. მერე ჯიბიდან ფულები ამოიღო და მაგიდაზე დაყარა. ლაპატნიკი სად არი-მეთქი. გადავაგდეო. მეთქი, გიჟი ხარ, შე ჩემისა, როგორ გადააგდე! მერე რა მოხდაო.

ხიპიჩამ იმ ფულიდან ოც-ოცი ლარი მოგვცა და ბესო წავიდა. უკვე თენდებოდა. მე დავრჩი. ვისხედით და ბიტლებს ვუსმენდით. ბიტლებს და როლინგ სტოუნს. თან ვბოლდებოდით. მერე მოგვშივდა, მაგრამ საჭმელი არ იყო და დავიძინეთ.

საღამოს ექვს საათზე გამეღვიძა. თავი ისე მტკიოდა, თითქოს ის დრინი ჩემთვის ჩაერტყათ. ვეღარ ვდგებოდი.

სახლში რო მივედი, მამაჩემი ეგრევე მეძგერა, თქვი ეხლა, სად იყავიო.

მეთქი, შემეშვი რა, კაცო!

თქვი, შე ნაბიჭვაროო, და სახეში გამარტყა. ისედაც მოთხრილი მქონდა ნერვები, ეგ მინდოდა?

მე არაფერი – დანა ჩემმა ხელმა გააძრო და გახსნა.

დედა კიოდა, მამა ხელს უკან ისვამდა და გაკვირვებული მიყურებდა. არ სჯეროდა, რო დავჭერი. სახე ქაღალდივით გაუთეთრდა.

ეს რა მიქენი, შე ჩათლახოო!

მეთქი, რა გინდა – ერთი დირკა გქონდა, ეხლა ორი გაგიხდა.

განა დამარტყა ან რამე. არა. ხელი უკან მიიჭირა და ეგრე მიყურებდა. მერე წავიდა. ალბათ, ვანაში შევიდა.

დედა მეუბნება, დანა მომეციო. მივეცი. ეხლა წადიო. მეთქი, სად წავიდე. სადაც გინდაო. უცხო სახე ჰქონდა და დედაჩემს აღარ ჰგავდა.

მე ვუთხარი, შენ სულ ეგ გიყვარდა და მე არა-მეთქი.

მართალი ხარო, ეხლაც ვერ გიტან და წადი, თვალით აღარ დამენახოო.

წავალ, მაგრამ ინანებ-მეთქი.

წადიო, ჯანდაბამდე გზა გქონიაო. გაქვავებული სახით მიყურებდა.

ეგ არი შენი ბოლო სიტყვა-მეთქი?

ხო, ეგ არიო და წამოვედი.

ხიპიჩასთან სეკას თამაშობდნენ, თან სულხანას ამბავს ყვებოდნენ – დილით თავის პადიეზდთან უნახავთ და საავადმყოფოში წაუყვანიათო. ფული და მობილური ამოუცლიათო.

ხიპიჩამ მე შემომხედა, მე – ხიპიჩას. მერე მანიშნა და კუხნაში გავედით. რა მობილურიო. მეთქი, არ ვიცი. ეგ ბესო ცოტა შაკალი ხო არ არიო. იქნებ, დილით რო იპოვეს, მაშინ ამოაცალეს-მეთქი. გამიტყდა, რო ბესოზე შაკალი თქვა. მერე ხიპიჩამ მითხრა, აქ იყავიო და თვითონ გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ნაგანი მოიტანა, ჩვარი შემოაცალა და მაგიდაზე დამიდო. ძალიან კარგი ნაგანი იყო. ბარაბანში ოქროსფერი ტყვიები ელაგა.

გულმა ბაგაბუგი დამიწყო. ვისია-მეთქი. შენიაო. მეთქი, როგორ ჩემი? ეგრეო, და კუხნიდან გავიდა.

გავგიჟდი. მაგრა გამისწორდა. ნაგანი წელში გავირჭე, ზემოდან კურტკა ჩავიცვი და წამოვედი.

ჯერ ათი საათიც არ იქნებოდა. არ ვიცოდი, რა მექნა, სად წავსულიყავი. გამახსენდა, რო კოტეტიშვილზე ერთი ჩემი კლასელი გოგო ცხოვრობდა და მოდი, იმასთან ავალ-მეთქი.

სუპერმარკეტში ორი „ჰეინეკენი” ავიღე და ავაკითხე.

ზარი რო დავრეკე, კარი იმ გოგოს ბებიამ გამიღო – ვინა ხარო.

მეთქი, გოჩა ვარ, ბებო, ვერ მიცანი?

უი, ჩვენი გოჩაო? – ვიღაც სხვა გოჩა ვეგონე და შემიშვა. მაიკო ბანაობსო.

მეთქი, უთხარი, რო მე მოვედი!

კურტკა არ გამიხდია, დივანზე ეგრევე დავჯექი და დაველოდე.

ეს მაიკო სკოლაში სუ უკან დამდევდა. ერთხელ სიცხე მქონდა და გაკვეთილების მერე შინ მომადგა, სკოლაში რატო არ იყავიო.

მეთქი, ავათა ვარ.

პირდაპირ ლოგინზე არ დამიჯდა?! მე კედლისკენ ვიწევი, ის კიდე – ჩემკენ. კიდე კარგი, დედაჩემი არ შემოვიდა.

მეათე კლასში გათხოვდა, ვიღაც ნარკუშას გაყვა, მაგრამ სამ თვეში ისევ გამოთხოვდა.

სანამ ის გამოვიდოდა, მე ჩამეძინა. მესიზმრა, ვითომ ხიპიჩას ვკლავდი. ნაგანს ვესროდი და თან სულ მახსოვდა, რო ერთი ტყვია მამაჩემისთვისაც უნდა შემენახა. თვალები რო გავახილე, მაიკო მანჯღრევდა. რა არი-მეთქი. ძილში ყვიროდიო. ვიყვირებდი, მა რა იქნებოდა!

რა იყო, ამ შუაღამისას რას დამადექიო.

მეთქი, მომენატრე, მაიკოჯან!

მაგრა გაუსწორდა და ყავის გასაკეთებლად სამზარეულოში გაბზრიალდა.

მე ერთი ბოთლი პივა გავხსენი. ვწრუპავდი და თან ოთახს ვათვალიერებდი. ძველი სახლი იყო. გახუნებულ შპალერზე ვიღაც როჟების სურათები ეკიდა. ეს სურათებიც ძველი იყო, ერთი ხუთასი წლის წინათ მაინც იქნებოდა გადაღებული.

ოთახში მაიკოს ბებია შემოვიდა.

მეთქი, სოფი ფირუზოვნა, ეს კაცი ვინ არი?

მოვიდა, სათვალე გაიკეთა და უყურებს. ეგ მამაჩემიაო.

ესა?

ეგ – დედაჩემიო. ეს კიდევ მე ვარო და პატარა გოგოს სურათს დაადო თითი. თხუთმეტი წლის ვიყავი, მამაჩემი რო ჩეკამ დაიჭირა, ფულები უნდოდათო. მამაჩემი ვაჭარი კაცი იყო, ღვინოები დაჰქონდა რუსეთში, ბოლშევიკები რო მოვიდნენ, დაიჭირეს და ფულები მოსთხოვესო.

მეთქი, ვა, როგორც ეხლა!

მე და დედა ჩეკაში მიგვიყვანეს და მამაჩემს შორიდან დაანახვეს ჩვენი თავი. საწყალს ძალიან შეშინებია – ოღონდაც ეგენი გაუშვით და ყველაფერი წაიღეთო!..

სოფი ფირუზოვნას ამ სახლის შპალერივით გახუნებული თვალები ჰქონდა. ძალიან ბებერი ქალი იყო.

მერე მაიკოც შემოვიდა და ყავა შემოიტანა.

სოფი ფირუზოვნამ სავარძელში მოიკალათა. მეთქი, წავიდეს ეს ჩემისა, აქ რას დამიჯდა. მაიას ეცინებოდა – ბებო, რა გინდაო?

ყავაო, ყავა მინდაო!

შენ რო ყავას არა სვამო?

ვა, ეხლა ვსომო!

ნახე, ტო, ეს ბებერი ბოზი, არ უნდა, რო მარტო დაგვტოვოს.

მეთქი, აჰა, ჩემი ყავა დალიოს, მე პივას დავლევ.

დალია, განა უარი თქვა! ზის და მიყურებს.

ეხლა შენ რამდენი წლისა ხარო.

მეთქი, ოცის.

ჩვენი მაია ჯერ თვრამეტისააო და კიდე მიყურებს. ამას რამეს აჭმევ?

მაიკომ თავისი ყავა დალია და მეუბნება, წამო ჩემ ოთახში, რაღაც უნდა გაჩვენოო. წავედით. შევედით თუ არა, კარი ჩაკეტა და ეგრევე მეტაკა. მეთქი, მაიცა, შეჩემა! მაგრამ არა, ტახტზე წამაქცია და ზემოდან დამაჯდა. კაროჩე, მჟიმავს.

თავიდან დავიბენი, მაგრამ მერე ნელ-ნელა აზრზე მოვედი და მეთქი, ეგრე არ უნდა, ბოლომდე მივაწექი, მაგრამ ხელებს მიჭერს, ტრუსიკს არ მახდეინებს – არაო, არ გინდაო.

მეთქი, გიჟი ხარ, შეჩემა, რა პონტია!

გეხვეწებიო, ძალიან გეხვეწებიო.

კაროჩე, გაატრაკა.

მეთქი, წადი შენი! ტახტიდან ავდექი და სიგარეტს მოვუკიდე.

ის წევს და მიყურებს. კურტკა გაიხადეო.

მეთქი, რათა.

გაიხადე, გაიხადეო! გავიხადე. ეხლა შემობრუნდიო, ეტყობა, ნაგანი მოწვა – ეგ რა არიო.

სტვოლია, რა უნდა იყოს-მეთქი!

აბა, მაჩვენეო.

მეთქი, წადი რა!

მოდი, დაჯექიო. ნაგანი მაგიდაზე დავდე და ტახტზე ჩამოვუჯექი. ქალთან ყოფილხარო?

მეთქი, ბევრჯერ.

ნუ იტყუებიო.

არ ვიტყუები-მეთქი.

იტყუებიო. დავაი, აბა, გაიხადე და მოდიო.

შარშან დედამ მეზობლის ქალთან გამაგზავნა, მაგის ბავშვს ველოსიპედი გაუფუჭდა და გაუკეთეო. მაკა თუ რაღაც ერქვა. წამო, სარდაფში ჩამყევი, მარტო მეშინიაო.

ჩავყევი. ბნელოდა. ნათურა გადაიწვაო.

მეთქი, ველოსიპედი სად არი. ის კიდე მძიმედ სუნთქავს. მერე ხელი მომხვია და რაღაცებს მეუბნება, თანაც სახეზე თავის დიდ ძუძუებს მადებს. კინაღამ დამახრჩო.

მეთქი, გიჟია, რა უნდა! უცებ მომეჩვენა, რო დედაჩემის სუნი ჰქონდა, ეგრევე ხელი ვკარი, კარი გავაღე და გარეთ გამოვვარდი.

ეხლა გულაღმა ვიწექი და ვეწეოდი, თან მაიასაც ვაწეინებდი.

უცებ რას მეუბნება – შენგან შვილი უნდა გავაჩინოო!

ჯერ გამეცინა, მერე შემეშინდა – მართლა რო გააჩინოს? ავდექი, ჩავიცვი და ნაგანი ქამარში გავირჭე.

მეთქი, ეგ სისულელე თავიდან ამოიგდე, გაიგე?

რა სისულელეო.

რა და, ბავშვის გაჩენა-მეთქი!

სიცილი აუტყდა, ხმამაღლა იცინოდა და ტახტზე გორაობდა.

ვუყურე, ვუყურე და ისევ გახდა დავიწყე.

რას აკეთებო.

მეთქი, ეგ მე ვიცი!

არაო, ეხლა წადი და თუ გინდა, ხვალ მოდიო.

ქუჩაში რო გამოვედი, თოვდა. ისე მაგრად ბარდნიდა, რო ცხვირწინ აღარაფერი ჩანდა. სახეზე ფიფქები მადნებოდა. ქუდი მოვიხადე. გულში ვმღეროდი – „ელოჩაი, ელოჩაიჩ. რაღაც მიხაროდა. ქუჩაში თოვლი იდო და ყველაფერი სხვანაირი იყო: სახლები, ხეები. ნაგვის ურნებიც კი ლამაზად მეჩვენებოდა, რადგან, როგორც ყველაფერს, იმათაც ათოვდა.

ჩიტაძეზე სულ სრიალ-სრიალით მოვდიოდი.

რუსთაველზე რო ჩამოვედი, უცებ ყველაფერი გამახსენდა – მამაც, სულხანაც, თვალწინ დედაჩემის სახე დამიდგა და ცივმა ოფლმა დამასხა. გავჩერდი. თავზე ხელი ჩამოვისვი. ზედ თოვლი მედო.

სკოლის წინ ვიდექი. ვიღაც გოგოებმა ჩაიარეს სიცილით. დათოვლილ კიბეზე ავედი და ბაღში ერთ სკამზე დავჯექი. ჩემი სკოლის ბაღი იყო. ეს სკამიც მახსოვდა.

თოვდა. მართლა არაფერი ჩანდა. თითქოს იქაურობას თეთრი ფარდა ჩამოაფარესო. მაგონდებოდა მამაჩემის გათეთრებული სახე და ისიც, უკან ხელი რო ჰქონდა მიჭერილი. მაგონდებოდა დედაჩემიც. ის ნაბოზარი სულხანაც მაგონდებოდა.

წელზე ხელი მოვისვი და ნაგანი ამოვიღე. ვიცოდი, რო ლულას პირში თუ ჩავიდებდი და კუროკს გამოვკრავდი, ყველაფერი დამთავრდებოდა. ამის გაფიქრებაზე შვება ვიგრძენი. პირი გავაღე, ნაგანის ტუჩი ტუჩზე დავიდე და თითით კუროკი მოვძებნე.

დილით ალბათ ამ სკამზე მიპოვიდნენ. თოვლის პატარა ბორცვი ვიქნებოდი…

უცებ, არ ვიცი, რა მომივიდა, ნაგანი გადავაგდე, წამოვხტი და გიჟივით გამოვვარდი. კიბეზე ფეხი დამიცდა. კინაღამ წავიქეცი. ძლივს შევიმაგრე თავი. ქუჩა გადავირბინე და კინოსკენ დავეშვი. თოვლი ჩემი ნაბიჯების ხმას ახშობდა და მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. დილით გავიღვიძებდი და აღარაფერი მემახსოვრებოდა. სულ არაფერი.

კინოს განათებულ შესასვლელთან გავჩერდი. შუქზე ვხედავდი, როგორ თოვდა. ვიდექი და ვუყურებდი. მაგრად ბარდნიდა. მოულოდნელად იქაურობა გამოცოცხლდა. ბოლო სეანსი დამთავრებულიყო. კინოდან ხალხი გამოდიოდა. ხმაურობდნენ, იცინოდნენ. უკვირდათ, რომ სანამ ისინი კინოს უყურებდნენ, გარეთ თოვლი მოსულიყო. იდგნენ და მხიარულად საუბრობდნენ, თოვლით დაფარულ ქუჩას ათვალიერებდნენ. ვიღაც ბიჭებმა ეგრევე გუნდები გააკეთეს და გოგოებს დააყარეს. ისმოდა იმ გოგოების სიაფანდი წივილ-კივილი, მანქანების კარების ჯახუნი. უეცრად თავში გამკრა, რო ხვალ, როცა ბავშვები სკოლაში მივიდოდნენ, იმ ნაგანს ვიღაც იპოვიდა. დებილი ვარ! გატენილ ნაგანს!

მაშინვე მივტრიალდი და უკან გავიქეცი. ნაგანი უნდა მომეძებნა. უნდა მომეძებნა ნაგანი!

უკვე ქუჩაზე გადავრბოდი, როცა საშინელი ყვირილი და მუხრუჭების ხმა გავიგონე, მერე დარტყმა არც კი მიგრძვნია, ჰაერში ისე ავვარდი, ერთხანს ვიფრინე, ბოლოს მანქანის კაპოტზე დავეცი და პარპრიზს შევასკდი.

აზრზე რო მოვედი, საავადმყოფოში ვიწექი. ვიღაც კვნესოდა. თურმე, მე. ვენაში კაპილკის ნემსი მქონდა გარჭობილი. კაპილკა წვეთავდა, თითქოს დროს ითვლიდა. თვალებით მივიხედ-მოვიხედე. მარტო ვიყავი და უეცრად მივხვდი, რომ თენდებოდა – ფანჯრიდან დილის მღვრიე შუქი შემოდიოდა.

თვალები დავხუჭე.

„ეს კარაქიანი პური სულ შეჭამე, კარგი, დედიკო?”

პატარა ბიჭი კუხნაში ზის, ხათრით ჭამს და ზედ ჩაის აყოლებს.

„ჩანთა ხომ ჩალაგებული გაქვს?”

„ხო”.

„ხო კი არა, დიახ”.

„დიახ”.

„ჩქარა, დედიკო, ჩქარა, არ დაგაგვიანდეს!”

ბიჭი უგემურად იღეჭება. იქნებ მე ვარ, იქნებ – სხვა, არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ თენდება და ბავშვები სკოლაში წასასვლელად ემზადებიან.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: