Posted by: burusi | 24/08/2019

ნუგზარ შატაიძე – ორი მეგობარი

ნუგზარ შატაიძე

ნუგზარ შატაიძე

ნუგზარ შატაიძე – ორი მეგობარი

დამარცხებული ჯარი დასავლეთისკენ იხევდა. დღე თოვდა, საღამოობით ყინავდა, მაგრამ მტრის შიშით ცეცხლს ვერ ანთებდნენ დ ამიტომ სველები და დაღლილობისგან გასავათებულები ღამითაც ვეღარ ისვენებდნენ.
დილით ხან ვის მოისაკლისებდნენ, ხან _ ვის. გაბეზრებული, გულგატეხილი ჯარი იქსაქსებოდა, დღითი დღე მცირდებოდა. სითბოს და ცხელ შეჭამანდს დანატრებული მებრძოლები შინ დაუკითხავად მიდიოდნენ.
რამდენიმე დღე იავდრა, მერე თითქოს გამოიდარა, დათბა, თოვლი წყლად იქცა, მაგრამ წამოვიდა სულ მალე ჩრდილოეთიდან შავი ღრუბელი, ცა შეკრა და ქვეყნიერება კვლავინდებურად ჩამოაბნელა.
თებერვლის თოვლი მარტის თოვლ-ჭყაპმა შეცვალა. გზები ატალახდა და აილინჭყა.
ბათუმშიც უჟმური ამინდი იდგა. ქალაქი სქელ ბურუსში გახვეულიყო. ირგვლივ აღარაფერი ჩანდა. ჩამუქებული ციდან ნაპირზე გამორიყული მკვდარი მედუზის ნაფლეთებივით ცვიოდა თოვლის სველი, მძიმე ფანტელები და ბულვარსა და მის ჩასწვრივ ჩარიგებულ მაგნოლიებს ზედ ადნებოდა.
ზღვა ავის მოლოდინში გატრუნულიყო.
პორტში იტალიური სამგზავრო გემი “კირალი” იდგა. იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. გემბანზე ორიოდ ნათურა ენთო და იქაურობას უსიამო, ყვითელ შუქს ჰფენდა.
შავტუხა, ხუჭუჭთმიანმა იუნგამ სამზარეულოდან ლანგარი გამოიტანა, ხალიჩით მოგებული ვიწრო დერეფანი გაიარა და ერთი კაიუტის კარზე დააკაკუნა.
_ Entrez!! _ მოისმა იქიდან
იუნგამ კარი შეაღო და შევიდა.
მაგიდაზე გაშლილ რუკას სამნი ჩასცქეროდნენ: მაღალი, თეთრწვერა, მედიდური სახის მოხუცი, შავულვაშაპრეხილი, სმოკინგიანი კაცი და მელოტი გენერალი. ეს უკანასკნელი ხელების ენერგიული ქნევითა და გაცხარებით ლაპარაკობდა, ეს ორი კი ჩუმად უსმენდა.
იუნგამ ერთხანს ყური უგდო მისთვის სრულიად უცხო, გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე გენერალს და რატომღაც მოეჩვენა, რომ იმ ორ სინიორს ისევე არ ესმოდა მისი ნათქვამის აზრი, როგორც თვითონ. მერე ლანგარი მომცრო მაგიდაზე დადგა, ფინჯნებში ყავა დაასხა და კაიუტიდან ფეხაკრეფით გავიდა.
ღამეული ქალაქი ავისმაუწყებელ სიჩუმეს მოეცვა. მდუმარედ იდგნენ დარაბებითა და სქელი ფარდებით ფანჯრებდაგმანული სახლები.
ქიაზიმ-ბეის რამდენიმე დღის წინ ართვინი აეღო და ქართველების დახმარების საბაბით ბათუმში დიდძალი ჯარით შემოსულიყო.
ქართველები კი სასტუმრო “ორიენტის” რესტორანში ისხდნენ და ქეიფობდნენ.
ვისაც ომში დამარცხებული ქართველის ქეიფი არ უნახავს, ამ სურათს ძნელად წარმოიდგენს: სვამდნენ უხმოდ, ხარბად და რაღაცნაირი დაჟინებით. სიჩუმეში ისმოდა ჭურჭლის წკრიალი, დანა-ჩანგლის წკარუნი და ორად ორი სიტყვა: “ალავერდი” და “იახშიოლ”. სუფრას შუახნის კაცი, ცნობილი თელაველი თამადა ყარანგოზაშვილი უძღვებოდა, დანარჩენები, თითქმის ყველანი, ერთპირად ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ.
სამხედრო სკოლის კურსანტი სანდრო ლომოური ღვინოს არ სვამდა, ისედაც მაღალი სიცხე ჰქონდა, გაბრუებული იჯდა და ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი წყლის ფსკერზე ხდებოდა, _ სუფრასთან მსხდომი მისი ამხანაგები თევზებივით უხმოდ ალამუნებდნენ ტუჩებს, თითქოს თვითონაც რაღაც მღვრიე, ბლანტ სითხეში ჩაძირულიყო და გრძნობდა, როგორ ნელ-ნელა პატარავდებოდა, ილეოდა, ნამცეცდებოდა და ის იყო, უნდა გამქრალიყო, რომ რაღაც სასწაულის ძალით, ისევ იზრდებოდა, თავბრუდამხვევი სისწრაფით დიდდებოდა, ლამის მთელი სამყაროსოდენა ხდებოდა და ასეთ დროს ყურში ცხადად ჩაესმოდა ყოველი ჩქამი, ყველა სიტყვა და ეჩვენებოდა, რომ ამ სიტყვებისაგან შეკოწიწებულ ყველანაირ აზრსაც, განსხვავებული, განსაკუთრებული სიცხადით სწვდებოდა.
ახლა სუფრაზე ჩამოწოლილ თითქმის აუტანელ სიჩუმეში მხოლოდ ყარანგოზაშვილის ხმა ისმოდა. იგი ყვებოდა ბოლშევიკებთან გადახდილი ომის ეპიზოდებს, რომლებსაც იმ ამბების მომსწრე საბჭოთა პაპები, მოგვიანებით, საიდუმლო ხმით უყვებოდნენ ხოლმე შვილიშვილებს, ისინი კი თავიანთ შვილებს. ლაპარაკობდა ისეთი უცნაური გზნებითა და გატაცებით, რომ სანდროს ყურში სულ ერთმანეთს დაჯახებული ხმლების წკრიალი და ზარბაზნების ეშხიანი ქუხილი ჩაესმოდა.
ბოლოს, ყარანგოზაშვილმა გაიხსენა ერთი ძველი შემთხვევა, ჯერ კიდევ მაშინდელი, როცა თბილისს აღამაჰმადხანი შემოესია და შეცბუნებულმა სანდრომ ავადმყოფური სიცხადით დაინახა თაბორის მთის ფერდობზე განლაგებულ მეზარბაზნეთა მცირე რაზმი, რომლისთვისაც ყიზილბაშებს ალყა შემოერტყათ და საშინელი ძალით უტევდნენ. გაიგონა მაიორ გურამიშვილის ხმაც, რომელიც თავის მებრძოლებს ასე მიმართავდა: `ძმებო, ქართველებო, ცხადად ვხედავთ, აუცილებელი სიკვდილია მოსული ჩვენზედ, მაგრამ ისიც შეგვიძლია, რომ მტერს უნამუსოდ დავნებდეთ. აბა, რომელი გირჩევნიათ, სახელიანი სიკვდილი თუ უნამუსო სიცოცხლე?~
ამ სიტყვებზე სანდრო ქვემოთ ჩაქანდა, გლიცერინივით ბლანტ სითხეში ჩაიძირა, დაპატარავდა, დაპატარავდა და სანამ საბოლოოდ გაქრებოდა, თვალი მოჰკრა, იმ მეზარბაზნეებთან ერთად თვითონაც როგორ დაიჩოქა, რანაირად აიღო სამი თითით მიწა და ზიარების ნიშნად როგორ შეჭამა.
გვიან გამოერკვა. დაფიქრებული იჯდა და არეულ სუფრას მიშტერებოდა. ისევ თვალწინ ედგა ბრძოლის სურათები, ყურში სროლისა და აფეთქების ხმა ჩაესმოდა.
თვითონ კოჯრის ბრძოლაში დაიჭრა. ჭრილობა არ იყო მძიმე _ შაშხანის ტყვიამ მუხლს ზემოთ, რბილში გაუარა, მაგრამ სისხლი ბლომად დაკარგა და ვანიჩკა გოგუაძე რომ არა, ვინ იცის, რა მოუვიდოდა. სწორედ მან გამოიყვანა ბრძოლის ველიდან და თბილისელ გოგოებს ჩააბარა, რომლებიც ფრონტზე, მშობლების დაუკითხავად, მოხალისე სანიტრებად წამოსულიყვნენ.
მერე შინ იწვა და სოფი პავლოვნა თურმანიძის მალამოთი მკურნალობდა.
თერთმეტ მარტს წამოდგა კიდეც. ბიძამ სარდაფიდან პაპის ნაქონი, ვერცხლისბუნიკიანი ხელჯოხი ამოუტანა და ოთახებში სიარულისას იმას ხმარობდა. გარეთ არ გაუშვეს, რადგან თბილისი უკვე ბოლშევიკების ხელში იყო.
იმავე საღამოს ვანიჩკა ესტუმრა, ჩაიზე უარი თქვა და ოთახში ბოლთა დასცა.
_ რა იყო, ვანო, რამ აგაღელვა? _ ჰკითხა სანდრომ.
_ ამბობენ, ბოლშევიკები დასახვრეტების სიას ადგენენო…
სანდრომ გაიცინა.
_ იცინე, ხო, იცინე და რო მოგადგებიან ხვალ-ზეგ, ნახავ!
სანდრო მიხვდა, რომ ხუმრობის დრო მართლაც არ იყო და ტახტზე წამოჯდა:
_ მაშ, რა ვქნათ?
ვანიჩკამ სკამი აიღო, მოიტანა და სანდროს წინ ჩამოუჯდა:
_ სანამ დროა, საზღვარგარეთ უნდა გავიდეთ, ჩვენი აქ დარჩენა არ ივარგებს…
ბათუმამდე ჯავშნოსან მატარებელს გამოჰყვნენ, რომელსაც ვანიჩკას ბიძაშვილი, გვარდიის მაიორი ალფეს გოგუაძე მეთაურობდა. ჩამოვიდნენ თუ არა, გაიგეს, რომ სამი დღის შემდეგ იტალიურ გემს მარსელში მიჰყავდა მგზავრები, მათ შორის _ საქართველოს ლტოლვილი მთავრობაც.
ალფესას დახმარებით “კირალზე” მესამე კლასის ორი ბილეთი იშოვეს და გემის გასვლამდე სასტუმრო “ორიენტში” დაბინავდნენ…

ღვინოს გაეჭრა. იუნკრები მღეროდნენ. რესტორნის მოსამსახურეები სამზარეულოს კარს მოსდგომოდნენ და სახეგანათებულები იქიდან იცქირებოდნენ.
სანდროს თვალწინ დაუდგა ტაბახმელას თოვლით შესუდრული მინდორი და იქ გათხრილი სანგრები, სადაც რეზერვისტების მეორე ბატალიონი და იუნკერთა კორპუსი იყო გამაგრებული.
მტერი მათ პოზიციებს ქვემეხებს უშენდა.
ერთი ჭურვი სულ ახლოს გასკდა და თოვლში შავად პირდაღებული უშველებელი ორმო გააჩინა. ჰაერში სველი მიწის სურნელი დატრიალდა და სანდროს ბალღობაში, სოფლად ყოფნის დროს ნანახი და მეხსიერებაში ღრმად ჩარჩენილი ერთი სურათი გაახსენდა: სოსნებითა და გვირილებით მოჩითულ, ბალახიან ფერდობზე ხარებშებმული გუთნეული გაბაწრულიყო და ნიავს იქიდან ტკბილი, ძარღვების დამადუნებელი “ოროველა” და ტოროლების გამაბრუებელი წკრიალი მოჰქონდა… “მალე გაზაფხული მოვა”, _ გაიფიქრა მაშინ სანდრომ და უცნაური სიმშვიდე იგრძნო.

ახლა დაკვრის ხმამ გამოაფხიზლა: მედუდუკეთა დასტას ლეკური გაეჩაღებინა. ახალგაზრდა იუნკერი, გოგია ავალიშვილი მაგიდაზე შემხტარიყო და ცეკვავდა, დანარჩენები კი ტაშითა და შეძახილებით ამხნევებდნენ.
სუფრას ახალი სტუმრები შემომატებოდნენ, _ ვიღაც ხნიერი გენერალი და ახალგაზრდა, შავჩოხიანი მაიორი.
ცეკვა დამთავრდა.
ავალიშვილი მაგიდიდან ჩამოხტა, აღტაცებულ ხალხს თავი დაუკრა, დაჯდა და ოფლით გახვითქული თავ-კისერი ჭრელი ბაღდადით შეიმშრალა.
ყარანგოზაშვილს ხელში მოზრდილი სასმისი ეჭირა და სახეჩატეტკილი ამბობდა:
_ ბატონებო, ჩვენს სამშობლოს საბედისწერო ჟამი დაუდგა, ეს წუთია, გავიგეთ, რომ ქიაზიმ-ბეის თავი ბათუმის გუბერნატორად გამოუცხადებია, თავად ჩოლოყაშვილის ცნობით კი ბოლშევიკები უკვე ფოთში ყოფილან და ხვალ თუ არა, ზეგ აქ გაჩნდებიან…
სუფრაზე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, რომელმაც კარგა ხანს გასტანა.
უეცრად გოგია ავალიშვილს ტირილი წასკდა და გარეთ გავარდა.
დანარჩენები თავზარდაცემულები ისხდნენ და თვალებზე ცრემლი უბრწყინავდათ.

გარეთ არყისფრად ენათა. წვიმას გადაეღო, მაგრამ ქალაქის თავზე გაწოლილი შავი ღრუბელი ისევ საავდროდ ემზადებოდა.
სასტუმროს უკანა ეზოში რომ გამოვიდნენ, ფანჩატურში დაბმული ორი ცხენი შენიშნეს, რომლებსაც ზემოდან ნაბდები ეფარათ.
ვიღაც მოხუცი ბერძენი გრძელტარიანი ცოცხით ეზოს გვიდა.
_ დილა მშვიდობისა, ძიაკაცო! _ უთხრა ვანიჩკამ.
_ აი, გაგიმარჯოს!
_ ეტლს ვერსად ვიშოვით?
_ ჯერ ვერა, ჯერ, აბა, ადრეა…
_ ეს ცხენები ვისია?
_ წეღან რო კნიაზები მობრძანდნენ, იმათი.
ქუჩაში გავიდნენ და პორტისკენ მიმავალ გზას ფეხით გაუყვნენ.

…ერთ საღამოს მამამ გამოაცხადა, _ ხვალ სადილზე აკაკი გვეწვევაო.
დილით დედამ თევზი შეწვა და ღომი მოხარშა, მამამ კი, მიუხედავად იმისა, რომ აკაკი ღვინოს ახლოსაც არ ეკარებოდა, სარდაფიდან ორი ბოთლი კახური ამოიტანა.
სადილად აკაკი მართლაც მობრძანდა.
სიხარულით მიეგებნენ, მაგრამ მოხუცს ერთხელაც არ გაუღიმია, დაღვრემილი სახით შემოვიდა და სავარძელში ოხვრით ჩაჯდა.
_ რა იყო, ბატონო აკაკი, ასე უგუნებოდ რატომ ბრძანდებით? _ ჰკითხა მამამ და წინ ჩამოუჯდა.
_ ეჰ, გული მტკივა, რომ უკანასკნელად გხედავთ… _ ჭაღარით მოსილი თავი უკან გადასწია პოეტმა.
_ როგორ თუ უკანასკნელად?! _ შეწუხდა მამა.
_ ხვალ საჩხერეს მივემგზავრები სამუდამოდ…
მამამ კრინტი ვეღარ დაძრა.
საუბარში დედა ჩაერია:
_ რად ბრძანებთ მაგას, ბატონო აკაკი, ხომ იცით, როგორ უყვარხართ ჩემს ქმარ-შვილს და გულს აგრე რატომ გვტკენთ?
აკაკიმ ამოიოხრა და იქვე, მის მუხლებთან ატუზულ სანდროს უმცროს დას თავზე ხელი დაადო:
_ რა ვქნა, არც მე მინდა მაგის ფიქრი, მარა ვიცი, რომ მეტს ვეღარ გნახავთ და ამიტომ მწყდება გული.
მალე სუფრას შემოუსხდნენ. მამა ცდილობდა, სტუმარი როგორმე გაერთო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. აკაკი ისევ უგუნებოდ იყო. თევზის ერთი პატარა ნაჭერი დაიდო თეფშზე და ცოტაც ღომი. ის იყო და ის, მეტს არაფერს მიჰკარებია.
ყველას კრიჭა შეეკრა. ბავშვებმაც კი იგრძნეს უხერხულობა და მადა წაუხდათ.
_ რა ამბავია, აკაკი, ხომ არა გტკივა რა? _ ჰკითხა მამამ.
_ არა, ჩემო კარგო, უბედურებაც ეგ არის, რომ არაფერი მტკივა, მარა არ ვიცი… ეს ბოლო დღეებია მოვსხლტი როგორღაც…
ორი კვირის შემდეგ აკაკი წერეთელი სხვიტორში, თავის სახლში, ტვინში სისხლის ჩაქცევისაგან გარდაიცვალა…

…ბათუმის ვიწრო, ტალახიანი ქუჩები გაიარეს და სანაპიროზე გავიდნენ. ზღვა მშვიდად იწვა და სიცოცხლის ნიშანწყალს არ იძლეოდა.
სანდრო პირველად იყო ზღვაზე, ეუცხოებოდა ამდენი წყალი, უცნაური სურნელით გაჯერებული ჰაერი და ახალგაღვიძებული თოლიების გამაბეზრებელი, ყურისწამღები ჭყივილი.
ნავმისადგომის ბაქანზე უამრავი ხალხი ირეოდა. გემზე ასვლა ბევრს უნდოდა, მაგრამ ბილეთი ყველას არ ჰქონდა და ამიტომ ერთი ჯგლეთა და გაწევ-გამოწევა გამართულიყო. წამსვლელ-დამრჩენი ერთმანეთს ემშვიდობებოდა, _ ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ზოგი კი იდგა და გემბანზე გადმომდგარ მგზავრებს ნაღვლიანი სახით უყურებდა.
სანდრო გემის დასაბმელ, რკინის შავად შეღებილ კნეხტზე ჩამოჯდა და მუხლის ზელვას მოჰყვა. ისევ იმ გაურკვეველი ბურუსის ტყვე იყო და ირგვლივ ყველაფერი გადღაბნილი და ფორმაშეცვლილი ეჩვენებდა.
გოგუაძემ ჟილეტის ჯიბიდან საათი ამოიღო, გახსნა და ციფერბლატს დახედა.
_ რომელია? _ ჰკითხა სანდრომ.
_ ნახევარ საათში გავდივართ.
იყუჩეს.
ვანიჩკა სანდროს მუხლის დაამებას ელოდებოდა, ხალხს ათვალიერებდა, მგზავრებში ნაცნობს ეძებდა, ვიღაცას გაუღიმა კიდეც და შორიდან ქუდის მოხდით მიესალმა.
სანდროს კი გუნება წაუხდა, უცნაურად მოიღვენთა, ახლა აქედან ადგომას და გემზე ასვლას სიკვდილი ერჩივნა.
“ეს ბოლო დღეებია მოვსხლტი როგორღაც”, _ გაახსენდა უცებ აკაკის სიტყვები და კნეხტის წიბოებს ისეთი ძალით ჩაეჭიდა, რომ თითები ეტკინა.
მოეჩვენა, რომ ეს რკინის მორგვი მისი სამშობლო იყო.
მისი სამშობლო იყო ეს უზარმაზარი ზღვა, უცნაური სურნელით გაჯერებული გრილი ჰაერი და თეთრი თოლიები, რომლებიც ზღვაში გასულ მეთევზეთა ნავებს თავზე ყივილით დასტრიალებდნენ…
მისი სამშობლო იყო ქართლის ბალახიან ფერდობზე გაბაწრული გუთნეული, ტკბილი ოროველა და ცაში წასული ტოროლების მშვიდი წკრიალი…
ბოლოს და ბოლოს, ის თითო მწიკვი მიწაც მისი სამშობლო იყო, მაიორმა გურამიშვილმა და მისმა მეზარბაზნეებმა სიკვდილის წინ რომ შეჭამეს…
გაფითრებული, ოფლის წვეთებით შებლდაცვარული იჯდა და რკინის ბოძს ისე ჩაბღაუჭებოდა, თითქოს ვიღაცა იქიდან აგლეჯასა და ძალით წაყვანას უპირებდა. თითები სტკიოდა, ფრჩხილებიდან ლამის სისხლი სდიოდა, მაგრამ ხელს არ უშვებდა, რადგან ეს ბოძი ახლა ერთდროულად მისი სამშობლოც იყო და ის ხავსიც, წყალწაღებული რომ ეჭიდება.
_ ნუ გეშინია, სანდრო, _ უთხრა გოგუაძემ და წინ ჩაუცუცქდა, _ გემზე კარგი ექიმი ეყოლებათ, ავალთ თუ არა, გაგსინჯავს და წამალს მოგცემს.
_ მე აღარ მოვდივარ, ვანო…
ეს პასუხი თვით სანდროსთვისაც კი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ელდა ეცა, მაგრამ საკვირველი შვებაც იგრძნო, _ თითქოს იმ მღვრიე სითხიდან ახლაღა ამოყვინთა, ღრმად ჩაისუნთქა და ფილტვები გრილი, მაცოცხლებელი ჰაერით აევსო. უეცრად ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, საგნებმა ჩვეული ფორმა დაიბრუნეს და განცვიფრებულმა აღმოაჩინა, რომ მუხლის ტკივილი დაუამდა და სიცხემაც უკლო.
_ როგორ თუ არ მოდიხარ?! _ გაუკვირდა ვანოს, _ შენ, ეტყობა, სიცხემ აგიწია…
_ არა, კარგად ვარ… _ გაიღიმა სანდრომ.
_ დაგხვრეტენ, ძმაო… იცოდე, კოჯორსა და ტაბახმელას არავინ გაპატიებს…
_ დამხვრეტენ და დამხვრიტონ, მაგის დედაც ვატირე!
ვანიჩკა დარწმუნდა, რომ რაკი ერთი გადაწყვიტა, სანდრო აღარ გადათქვამდა. რა უნდა ექნა, ძალით ხომ ვერ წაიყვანდა? ხელი ჩაიქნია, შებრუნდა და გემისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა.
სანდრომ დაინახა, როგორ მიადგა გოგუაძე ტრაპს, როგორ უჩვენა მორიგე მეზღვაურს ბილეთი და გემზე ისე ავიდა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს.
უეცრად ნავმისადგომის ბაქანზე დარჩენილმა ხალხმა საშინელი ყვირილი და სტვენა ატეხა. გემბანზე სამნი გადმომდგარიყვნენ: თეთრწვერა, მედიდური სახის მოხუცი, შავულვაშაპრეხილი, სმოკინგიანი კაცი და მელოტი გენერალი. ახმაურებულ ხალხს სამივენი დაბნეული ღიმილით გადმოსცქეროდნენ, მაგრამ როცა სტვენა და ყურთასმენის წამღები ღრიანცელი აღარ გათავდა, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს, მოაჯირს მოსცილდნენ და თვალს მიეფარნენ.
სანდრო ერთხანს კიდევ იჯდა და აღელვებულ, აყაყანებულ ხალხს ათვალიერებდა, მერე წამოდგა, ვიღაც ბავშვიან ქალს, რომელსაც მეზღვაურები ტრაპზე არ უშვებდნენ, თავისი ბილეთი ჩაუდო ხელში, ბაქანი კოჭლობით გაიარა და ქუჩაში გავიდა.
ვანიჩკა გოგუაძემ კი გემზე თავისი ადგილი მოძებნა, ხის გალაქულ სკამზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა.
სანდროსთან ბავშვობიდან მეგობრობდა, _ გიმნაზიაში ერთად სწავლობდნენ და კლასშიც გვერდიგვერდ ისხდნენ. სოფლიდან რომ ჩამოიყვანეს და სკოლაში მიაბარეს, ვანიჩკა ბიჭებმა დაიბრიყვეს, _ გურული კილოს გამო დასცინოდნენ, მაგრამ იოლად არავის ეჩაგვრინებოდა, ხშირად ჩხუბობდა და ამის გამო ერთთავად თვალის უპეებჩალურჯებული და ცხვირგატეხილი დადიოდა.
მისი ერთადერთი ქომაგი და მეგობარი სანდრო იყო, მაგრამ გავიდა დრო და ვანიჩკა მიხვდა, რომ ქომაგობა და გვერდში დგომა სანდროს უფრო მეტად სჭირდებოდა, ვიდრე თვითონ. ძალიან მგრძნობიარე და უცნაური ბიჭი იყო. ზოგჯერ ისეთ რამეს იტყოდა, კაცი სიცილით მოკვდებოდა, მაგრამ ვანიჩკა არასოდეს დასცინოდა, რადგან აბუჩად აგდების სიმწარე საკუთარ თავზე ჰქონდა ნაწვნევი და გამოცდილი.
სანამ სანდროს დედ-მამა ცოცხალი ჰყავდა, კიდევ არაფერი უჭირდა, მაგრამ როცა ისინი ერთმანეთის მიყოლებით დაეხოცა და დედის ძმამ ის და მისი უმცროსი და თავისთან წაიყვანა, მთლად წახდა. უშვილძირო ცოლ-ქმარი მცირეწლოვან და-ძმას მზრუნველობას არ აკლებდა, მაგრამ სანდრო თავის ობლობას მაინც ძალიან ნაღვლობდა.
ვანიჩკას სინდისი ქენჯნიდა და ახლა სანდროზე კი არა, საკუთარ თავზე უფრო ბრაზობდა, _ აბა, კაცი ვარ ახლა მე ამის მერე, სიყრმის მეგობარი რანაირად მივატოვეო…
სანდრო ლომოური კი ამ დროს სასტუმრო `ორიენტისკენ~ მიიჩქაროდა. გზაში ცარიელი ეტლი წამოეწია, გააჩერა და რამდენიმე წუთში რესტორნის უკანა ეზოსთან ჩამოხტა.
ბერძენი მეეზოვე ძელსკამზე იჯდა და ჩიბუხს აბოლებდა. ფანჩატური, სადაც წეღან ორი ნაბადგადაფარებული ცხენი ება, ცარიელი იყო.
სანდრო მეეზოვესთან მივიდა და თუთუნის გახვევა სთხოვა.
_ ყველა წავიდა, _ უთხრა მოხუცმა, _ მალე `კირალი~ გავა. ეგ ბოლო გემია, მაგის მეტი აღარ იქნება.
_ ესენი? _ თავით ცარიელ ფანჩატურზე ანიშნა სანდრომ.
_ წეღან აქ ვიღაც ცალხელა გენერლის ჯარმა გამოიარა, ეგენიც ცხენებზე შესხდნენ და უკან გაჰყვნენ… ამბობენ, ქიაზიმ-ბეი ბათუმიდან უნდა გააგდონო.
ისევ გაწვიმდა. სანდრო რესტორნის დარბაზში შევიდა და მიიხედ-მოიხედა. იქ კაციშვილი აღარ ჭაჭანებდა. აულაგებელ სუფრაზე ერთმანეთში ალუფხულიყო საჭმლის ნარჩენები, დასვრილი თეფშები და ბოლომდე დაუცლელი ჭიქები.
დარბაზში მქისე სუნი იდგა.
მაგიდაზე წითური კატა აპარულიყო და რაღაცას ჭამდა. სანდრომ ხელი აუქნია, უნდოდა, ძირს ჩამოეგდო, მაგრამ იმან ყურიც არ შეიბერტყა.
სანდრო ისე გაბრაზდა, თითქოს ეს ერთი ჩვეულებრივი, გაქუცული ხვადი კი არა, თითონ ქიაზიმ-ბეი ყოფილიყო, უბიდან ნაგანი ამოიღო და დაუმიზნებლად ესროლა.
დაფეთებული კატა მაგიდიდან გაფრინდა და ღია კარში საშინელი ჩხავილით გავარდა.

`კირალის~ ტრიუმიდან ორთქლის მანქანის ქშენა და სარქვლების ღრჭიალი ისმოდა.
მეზღვაურებს ტრაპი აეღოთ.
ვანიჩკამ ვეღარ მოითმინა, გემბანზე ავიდა და ქვემოთ გადაიხედა, მაგრამ სანდრო ვერსად შენიშნა.
ნავმისადგომის ბაქანზე ხალხი მდუმარედ იდგა. კაცები მოღუშული სახით იყურებოდნენ, ქალები ცრემლით დასველებულ ცხვირსახოცებს ჭმუჭნიდნენ.
მალე საყვირი აგუგუნდა, გემი აძაგძაგდა, დაიძრა და ნაპირს ნელა მოსცილდა.
მგზავრები გემბანზე გამოეფინნენ.
წვიმდა, ალმაცერად უჟაჟუნებდა და წყლის ზედაპირზე უამრავ პაწაწინა წრეს აჩენდა.
უეცრად ვიღაცამ გემიდან ქუდი ისროლა, რომელმაც ბაქნამდე ვერ მიაღწია და წყალში ჩავარდა.
ახლა ვიღაც სხვამ მოიშვლიპა შავი ცილინდრი და გადააგდო.
თითქოს ამას ელოდებოდნენო, ყველანი გემის მოაჯირს მიაწყდნენ. კაცები ქუდებს იხდიდნენ და ზღვაში ყრიდნენ.
მალე წყლის ზედაპირზე უამრავი ქუდი ატივტივდა.
უეცრად ვანიჩკამ იქვე, სულ ახლოს, გემბანზე, ნაცნობი იუნკერების ერთი ჯგუფი შენიშნა და მოეჩვენა, რომ მათ შორის სანდროც იყო.
გულაჩქროლებული მიუახლოვდა, მაგრამ სანდროს ნაცვლად ხელში ავალიშვილი შერჩა.
_ ბიჭო, გოგია, ლომოური ხომ არ გინახავს?
_ ლომოური?! _ გაუკვირდა ავალიშვილს, _ კი მაგრამ, ერთად არ წამოხვედით რესტორნიდან?
_ ეე! _ ხელი ჩაიქნია ვანიჩკამ, ხალხი გაარღვია, მოაჯირზე აიჭრა, ზღვაში გადახტა და ნაპირისკენ ღონიერი მკლავურით გაცურა.

გემის მგზავრები უცნობი იუნკერის ამ საქციელმა მთლად წაახდინა.
ზოგს ცრემლიც კი მოადგა თვალზე.
ცას პირი შეეკრა. მზე არ ჩანდა.
“კირალი” გაშლილ ზღვაში გადიოდა, თანდათანობით პატარავდებოდა, ილეოდა და როცა ბოლოს მკვრივ, ნაცრისფერ ჯანღში შევიდა, საბოლოოდ გაქრა და გაუჩინარდა.
ნავმისადგომის ბაქანთან, წყლის ზედაპირზე მოტივტივე ქუდებს სასოწარკვეთილი კივილით დასტრიალებდნენ შეშფოთებული თოლიები.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: