Posted by: burusi | 20/06/2019

დავით ყიფშიძე “ნახევარი კონცერტი”

დავით ყიფშიძე “ნახევარი კონცერტი”

შაბათია, ცხელა, მე კი, ფონური მუსიკის თანხლებით, ღიღინ-ღიღინით ვალაგებ ზურგჩანთას დასავლეთში გასამგზავრებლად. დიდი საზრუნავი ამ მხრივ არ მაქვს, სულ ორი დღით მივდივარ, ორშაბათს სამსახურში უნდა ვიყო და მეტი არ გამომდის. მთავარია, რომ ორი თვით ადრე დაგეგმილ ბლექ აიდ ფისის კონცერტს არ გამოვტოვებ.

წვერი გავიპარსე, კბილი გავიხეხე, შარვალი, ზედა, ფლოსტი, საცურაო აქსესუარები, პატარა შოკოლადი, საჩუქრები, კიდევ რამოდენიმე ნივთი პირადი ჰიგიენისთვის  და ფაქტიურად მზად ვართ. ოჰო, ყურსასმენი მავიწყდებოდა. ვერაა ეგ კარგი ამბავი, აიფონს ისეთი შესაერთებელი აქვს, ჩემი თუ არ წავიღე, ვერც ერთი მეგობრის ყურსასმენს ვერ გამოვიყენებ. ტაქსს ვაჩერებ და ისთ ფოინთისკენ ვიძვრები. დღეს ჩემი პატარა მეგობრის, ანუშკას დაბადების დღეა და დასავლეთში მისი აღნიშვნის შემდეგ მივდივართ. დღის პირველმა ნახევარმა უცებ გაირბინა, ყველაფერი წამებში იყო გამოზომილი: ბოულინგი – საათნახევარი, გზა – ნახევარი საათი, რონის პიცა – ერთი საათი, ტორტიც არ დაგვვიწყებია (ან რა გასაკვირია, ნათია ორგანიზების დიდოსტატია), ისევ გზა და უკვე სადგურისკენ მივრბივართ. რამოდენიმე წუთით გვიან რომ მივსულიყავით, მატარებელს ვერ მივუსწრებდით, მაგრამ ასე არ მოხდა, ჩავეტიეთ დროში.

ვაგონში ქართველები უმცირესობაში ვართ. ნათია, ანუშკა, ლადო, მარი და მე ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებით ვართ გარშემორტყმული. ერთ მათგანს პრეტენზიაც კი ქონდა ჩვენს ადგილებზე, მაგრამ მოვგვარდით – ავუხსენით, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ უნდათ და აქაური წესებით, ბილეთზე დაწერილი ადგილები უპირატესობას ჩვენ გვანიჭებს. გაიგო.

მთელი გზა არ გავჩუმებულვართ! – განსაკუთრებით მე, შემდეგ ნათია. სტუმრებთან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. თემა ძირითადად ჩვენს რეგიონს ეხებოდა. ჩემს მიერ გადაღებულ ძველი მოგზაურობების ფოტოებზე გასულელდნენ, მაგრამ არანაკლებ მოიხიბლნენ ჩვენი განვითარების დონით. რაც მართალია, მართალია, მრავალი პრობლემის მიუხედავად, წინ მივიწევთ. მოკლედ, გავერთეთ. ჩასვლით დროულად ჩავედით, ერთადერთი, სიგარეტის მოწევას ვერ ასწრებდა ვერავინ, იმდენად მცირე დროით ჩერდებოდა მატარებელი.

ქალაქში ჩასულებს ხალხის რაოდენობა გვეხალვათა, როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე არ აგიზგიზებულა ტურისტული სეზონი. დაღლილები ვართ, მაგრამ ერთად ვერ ვიწყენთ, არ გამოდის. გზად მარიმ ზღვაში შესვლა შემოგვთავაზა, ალბათ როგორი თბილი წყალია, მაგრამ ნამგზავრი ვართ და გვეზარება.

სადგურიდან სახლამდე საუბარში შემთხვევით გამოირკვა, რომ კონცერტი გვიან, საღამოს 9-ზე დაიწყება, მატარებელი კი კვირას, გამთენიისას, 7-ისთვის გადის და თბილისში 2-ზე ჩადის. სამსახურში 10-ზე უნდა ვიყო, შეხვედრა მაქვს და პირობას ვერ დავარღვევ. სხვა არ მიყვარს უპასუხისმგებლო და საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, მეტს ვთხოვ. უარყოფითი ემოციები მიგროვდება. ნათია თავის თავს აბრალებს, საკმარისად უნდა განმემარტა, რომ 7-ზე აქედან დავიძვრებითო, მე – ჩემს თავს ვუჯავრდები. მარი და ანუშკა მამშვიდებენ, რაიმეს მოვიფიქრებთო. სახლში ფეხი შევდგით თუ არა, ალტერნატიული გზების ძიებას შევუდექით. აქ რეზო და ნინო დაგვხვდნენ. რეზო ადგილობრივია, კარგად იცის ქალაქი და მაშინვე ავტობუსის რეისების მოძიება მირჩია. არ გამოვიდა. ლადომ მატარებლის განრიგს გადახედა – არც აქ გაგვიმართლა, ბათუმიდან თბილისში კვირას ღამით არაფერი მოდის. მესენჯერში თიკოს შევჩივლე, შარში ვარ მეთქი. თიკომ, მარტივად მოგვარებადია, ოზურგეთიდან ნახე, იქნება რამეო. რეზოს ოზურგეთის იდეა მოეწონა და ურეკი ნახე, მაშინო.  ნათია გვერდიდან არ მცილდებოდა, ლადო კი ტელეფონში იყო ჩამძვრალი, რაიმეს პოვნის იმედით. გამიმართლა, ურეკში აღმოვაჩინე სასურველი რეისი – 23:14 გასვლა, 06:15 – დედაქალაში ჩასვლით. მოგვარდა, დავმშვიდდი, ვივახშმე, თვალებში გამოვიხედე.

დილა გემრიელი გამოდგა. გაღვიძება ერთმანეთს შევუთანხმეთ, ზღვაზე გადავფლასტუნდით და თბილ წყალში შევცვივდით. ლადო სახეზე დაიწვა, არ დამიჯერა, სელაპივით სულ წყალში იყო, მაგრამ არ მიკვირს, მონატრება იცის ზღვამ. გოგოები გადარჩნენ, მშვენივრად გაირუჯნენ. გემრიელი საუზმე, დასვენება, ჭორაობა და შეკვეთილისკენ გამგზავრების დროც მოვიდა. გზაც ისეთივე განმტვირთველი აღმოჩნდა, როგორც დღის მთელი განვლილი მონაკვეთი: უამრავი სელფი, უაზრო სიმღერების უსმენოდ ღრიალი, ავტომობილის ჩამოწეული შუშებისგან აწეწილ-დაწეწილი თმები და ჭყეტელა ჩამავალი მზე.

კონცერტი დაიწყო, თუმცა არა ის, რასაც მოველოდით. უილ აი ემის ნაცვლად, სცენაზე ახალგაზრდა ბიჭი კლუბურ მუსიკას მთელი მონდომებით არახუნებდა. მაშინვე ფეისბუქზე, ისტორიებში გავაზიარე. მუსიკამ სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია, ზოგმა მომილოცა, ორ კონცერტზე ჩასულხარო, ზოგმა დამიწუნა, ისიც კი მითხრეს, დადე ეგ ტელეფონიო. ბოლო რჩევა გავითვალისწინე და მეორე კონცერტიც დაიწყო.

ნაცნობი ჰანგები, მომღერლების ერთი საათით დაგვიანებისგან გამოწვეული მოუსვენრობა და სცენიდან წამოსული მუხტი საკმარისი აღმოჩნდა – დაინგრა დარბაზი ჩვენი ემოციებით! ერთი, ორი, სამი ჰიტი, ნელი, ჩქარი, საცეკვაო მუსიკა და ლადო მეძახის, დროა, წავედითო. ვხვდები, კონცერტი ჯერ არ მორჩება, ამიტომ თვალებით მისგან კიდევ ხუთ წუთს ვსესხულობ და ლაივის გადაღებას ვაგრძელებ. ესმის ჩემი, მეორედ აღარ მიმეორებს. ცოტა ხანში ვემშვიდობები ჩვენებს, გარემოს და ორივე მისი მანქანისკენ გავრბივართ, თან ერთმანეთს ისე ვეჯიბრებით სისწრაფეში, როგორც ადრე,  როდესაც უნივერსიტეტიდან ლაღიძის კაფესკენ მივქროდით, რომ თან გემრიელად გვესაუზმა და უკან, ლექციაზეც დროზე შევბრუნებულიყავით.

ჩავჯექით, რუქის აპლიკაცია მოვიმარჯვეთ და ურეკისაკენ გავწიეთ. 23:09-ზე სადგურში ვიყავით, სამ წუთში კი განკუთვნილ კუპეს ვეძებდი. ჩემი ასვლა და მატარებლის დაძვრა ერთი იყო, გამოდის ისევ რამოდენიმე წუთით მივასწარით. კუპეში თბილად მიმიღეს: როდესაც ბორტგამცილებელმა სინანულით გამომიცხადა, რომ მატარებლის თეთრეულს ვაგონში ვეღარ შევიძენდი, სერგომ, თანაკუპელმა, თავისი გადასაფარებელი მაჩუქა, მაინც არ მჭირდება, ქვეშსაგებიც მეყოფაო. ერთხელაც ჩავისუნთქე ფანჯრიდან შემოსული დასავლეთის ნოტიო ჰავა და მატარებლის საწოლზე უდარდელად მოვკალათდი. დილით გავიგე, თურმე ოზურგეთში ნახევარი ეშელონი დაუმატებიათ და ყველას გაღვიძებია, ერთის გამოკლებით..

17/06/19


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: