Posted by: burusi | 25/08/2018

ნატალია ქადაგიძე – ბააი

სოფელი ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ნატალია ქადაგიძე – ბააი

ბააი, მგონი, ასი წლის არის… ზუსტად არავინ იცის. დილით, როცა ჩიტები გალობით ბაღ-ბოსტანს იკლებენ, როცა საქონელი აჭრელებს შარას, როცა ძაღლები აქა-იქ კიდევ ყეფენ და, მამალი, ის-ისარის, ჩამცხრალი და მინაბულია,სახლიდან გამოდის ნიკოლაძის ნაქანდაკარივით აშოლტილი ბააი… ძალიან მოხუცი და მაინც ტანწერწეტა – ფუნჯებიანი შალით მხრებზე და გრძელი შავი კაბით. ის უერთდება წყლის პირას ჩამუხლულ ქალებს და იწყებს ბურნუთის მოწევას. ქალებთან კარგა ხანს ზის, თუმცა ყოველ მათგანს დილის საქმეები ელოდება – ზოგს ქმარი ეძახის, ზოგს – ბავშვი უტირის, ზოგს – სადილი უთუხთუხებს ცეცხლზე, ბააია მხოლოდ თავისუფალი, ბევრი შვილის და უამრავი შვილიშვილის პატრონს ყველა თავს ევლება… ”ბააი… ბააი…” – ისმის აქეთ – იქიდან. ეს, ძალზედ მელოდიური ბგერები ბებიას ნიშნავს ქისტურად. მგონი სახელი არც არავინ იცის ამ მოხუცის – ის მთელი სოფლისთვის ბააია… ასე მიმართავს მას ყველა, დიდი თუ პატარა.

ბააის საქმეს არავინ ავალებს, პირიქით, მის დაუკითხავად არაფერი კეთდება… ფეხზე დგება ყველა, როდესაც გზაზე მიდის – ასეთია ქისტური ადათი. მძიმე ცხოვრებაგამოვლილ მოხუცს ახლა ხელის გულზე ატარებენ შვილები და შვილიშვილები, მეზობლები, სოფლელები. ისიც სიამოვნებისგან იღიმება და თავი მაღლა უჭირავს. რაღაც დიდი შინაგანი სიამაყის ხორცშესხმაა იგი, თითქოს… სწორი ნაკვთებით და დახვეწილი სხეულით, მედიდური გამომეტყველებით, ბააი უდიდეს რიდს იწვევს ადამიანებში.

ბააი ხან ერთ შვილიშვილს ეფერება, ხან – მეორეს… მუხლებზე დაისვამს და ქისტურად ღიღინებს. ქართულ მელოდიასაც გაურევს ამ ღიღინში – ის და მისი ოჯახი ხომ, დიდი ხანია, საქართველოში ცხოვრობენ – პანკისში, თუშების გვერდით… აქ, ამ სოფელში, ქისტები, ხანდახან, თუშურს გამოურევენ საუბარში, თუშები – ქისტურს… ისინი, რაღაცნაირად, შეხმატკბილდნენ, ეხმარებიან ერთმანეთს საქმით, სიტყვით… იუმორიც საერთო და გასაგები აქვთ და მწვავე მოგონებებიც, განსაკუთრებით, ის დრო, როცა ქისტები ერთ ღამეს ააწიოკეს და შუააზიის გზას გაუყენეს. მაშინ დაიბადა ხალხში ყველაზე ტრაგიკული ნოტის შემცველი სიმღერა ” ვო, ბეთეშ, ბეთეშ, ჰო მიჩაჰ ვუედეშ?..” – ეს მიმართვაა ვინმე ბეთეშასადმი, რომელსაც ასახლებდნენ – ბეთეშ, ბეთეშ, ნეტავი სად მიდიხარო…

ხო, ბააის ახსოვს ეს ყველაფერი და უხინჯო ვოკალით აჟღერებს ხმაში იმ წარსულს, ხანდახან…

შვილიშვილებს მუდამ მოფერებით მიმართავს – ”ბააი იალაჰ, ბააი იალაჰო…” – ბააი მოგიკვდეს, ბააი შემოგევლოსო. ის ბედნიერია, რომ ასეთი ოჯახი ჰყავს – მრავალრიცხვოვანი და პატივისმცემელი… მართალია, ქისტებისთვის ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივია მოხუცებისადმი მოწიწება, მაგრამ ხომ არსებობენ გამონაკლისებიც.

და, ამ ქანდაკ ქალბატონს ასე სწყალობს ბუნება – შარმის და პეწის აქამდე შენარჩუნებითაც. ხან, მეზობლები მოადგებიან ჭიშკარს, – ვოო, ბააი! – ეძახიან ისინი, ბააისთან ჭკუის საკითხავად მოსულნი. ბააიც არ იშურებს კეთილ რჩევებს, ბურნუთის მბზინავ კოლოფს ამოიღებს ჯიბიდან, შესთავაზებს სტუმრებს და, მერე თვითონ – თლილი, დანაოჭებული ხელებით აიღებს დაფქულ თამბაქოს და ყნოსავს. საუბრობს დინჯად, დარბაისლურად… ა, ჰუ დეე… – იწყებს ის საუბარს, რაც ნიშნავს – იცი, რა უნდა ქნა?…

– ჰაა, ბააი, ჰაა, – თავს უკრავენ სტუმრები და ბოლოს, მადლობასაც მოაყოლებენ :

– ბარქალ, ბააი, ბარქალ!..

ბააის ვაჟს, სალმანს, ბევრი საქონელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახში საქონლის მომვლელიც ბევრია, მოხუცი მაინც ვერ ისვენებს, აიღებს შინდის დიდ ჯოხს და მიჰყვება მინდორში ძროხებს… ბააის ოჯახი დღე და ღამე შრომობს. ისინი უვლიან საქონელს, აპობენ შეშას, აპურებენ სტუმრებს, ახვევენ თუშურ ხინკალს ან აკეთებენ ქისტურ გალანებს – მჭადისგან, ჭინჭრის შიგთავსით… უგემრიელესია! უგემრიელესია ”მორძო” ”გარძანებითაც”- ეს ბააის საფირმო საჭმელია – რძის შრატი მოხარშულ მჭადთან…

…აი, კიდევ, პანკისის ერთი ჩვეულებრივი დილა – ჩიტებმა ჭიკჭიკით აიკლეს ბაღ-ბოსტანი, საქონლით აჭრელდა შარა, ძაღლები კანტი-კუნტად ყეფენ, მამალმაც დაასრულა ყივილი და მიჩუმდა, რომ უცებ, იხუვლა უამრავმა ხმამ – ბააი! ბააი! ბააი! და, თითქოს, ერთბაშად აიყარაო, მთელი სოფელი გაემართა ერთი მიმართულებით – ბააის სახლისკენ.  ” ბააი ვეღარ გადარჩებაო” – ისმოდა ჩურჩული… ეს კრიტიკული მომენტი ერთ კვირას გაგრძელდა, ქისტებმა დაიწყეს მზადება სამწუხარო რიტუალისთვის, სოფელი ჩუმად ქვითინებდა.

მაგრამ, ამის შემდეგ, ისინი, ვისაც არ სჯეროდა სასწაულის, კიდევ დიდხანს ხედავდნენ, ნიკოლაძის ქანდაკებასავით აშოლტილი ბააი როგორ გამოვიდოდა სახლიდან, ჩამოჯდებოდა თითქოს ერთი წამით ჩამუხლულ ქალებთან, ამოიღებდა ჯიბიდან მბზინავ კოლოფს და ბურნუთს შესთავაზებდა ყველას. ჩიტებს უხაროდათ ეს და იკლებდნენ ბაღ-ბოსტნებს ჭიკჭიკით… უთენია გაღვიძებული მამლები მშვიდად ჩასთვლემდნენ, ძაღლები კი, თითქოს ზრდილობის გულისთვის, დაიყეფებდნენ კანტი – კუნტად…

…ა, ჰუ დეე… აგრძელებდა ბააი კეთილ რჩევებს სხვადასხვა საკითხზე და, ალბათ, მათ შორის – სიცოცხლის საიდუმლოზეც… ჩვენი აზრით, ეს დიდი სიყვარულის სამყაროსთან იყო დაკავშირებული, რომელშიც მოხუცი ცხოვრობდა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: