Posted by: burusi | 06/07/2018

გურამ ხარშილაძე “იონათანი და მოჩვენება”

ალექს ბერდიშევი

ტალღა – Wave, ალექს ბერდიშევი

გურამ ხარშილაძე “იონათანი და მოჩვენება”

ივან, ღმერთი არსებობს?!

_ ლაზარე დამიძახეთ! _ უიმედოდ გაისმა წყვდიადში მილეული, თითქოს სასოწარკვეთილი ხმა.

_ ლაზარე _ თავისთვის ჩაილაპარაკა მოხუცმა.

_ დიახ, ლაზარე…

 სტუმარს უცნაური აღნაგობა ჰქონდა, ოდნავ მაღალი, ხმელი ტანი, ჩამომჭკნარი სახე, დაწვრილებული კიდურები და უჩვეულოდ დიდი თვალები. ერთი შეხედვით უდროოდ დაბერებულ ბავშვს ჰგავდა. ახლაც, ამ სიბნელეშიც გაირჩეოდა მისი გაფითრებული ტუჩების შემკრთალი, შიშნარევი მოძრაობა და ხმა… ხმა… თითქოს საიდუმლოს ამბობსო მუდამ, მილეული, ჩუმი და ამავდროულად ზღაპრული და ჯადოსნური. მისი ხმა – თითქოს გაუმხელელი ტკივილი გაუმხელლობით რომ იმხელს თავს. ხმა მისი – დროის მოგუგუნე წყვდიადს გამოქცეული, მოგუგუნე წყვდიადისთვის განწირული, განუყოფელი ნაწილი მოგუგუნე წყვდიადისა და ამავე დროს სულ სხვა, შორეული, უცხო და უცნაური, გაუგებარი და აუხსნელი, ამ ბნელ დარბაზში ხმიანობდა, ვით დამხობილი, უენო ზარი.

_ მაშ თქვენ ამბობთ, რომ არც მეტი და არც ნაკლები, ჯოჯოხეთიდან მეწვიეთ, ასეა?! _ მოხუცის სიტყვებს ცივი უნდოლობის სურნელი ასდიოდა.

_ დიახ, გაგეცინებათ და ეს სიმართლეა, იქაურობა ნამდვილად ჯოჯოხეთს ჰგავდა. გამიმართლა თავი რომ დავაღწიე. არადა უკვე იმედიც აღარ მქონდა რომ გნახავდით…

_ იქნებ უკეთ აღმიწეროთ… ეს როგორ მოხდა?

_ იცით მოხუცო, ეს… შეიძლება “მოხუცო” დაგიძახოთ?! _ მოხუცმა უხმოდ ანიშნა თანხმობა _ ეს… რთული ასახსნელია და დასაჯერებლადაც რთულია, მეტსაც  გეტყვით, წარმოუდგენელიც კია… ვშიშობ… ვშიშობ ჩემი მონათხრობი ბოდვად არ ჩათვალოთ, მაგრამ აქ შიში უადგილოა. ბოლოსდაბოლოს მე ხომ ჯოჯოხეთს დავაღწიე თავი. აწი რამ უნდა შემაშინოს, ყველაფერს ფარდა აეხადა. მზე ამოვიდა. იქმნა ნათელი და მე დავბრუნდი, თქვენთვის დავბრუნდი ჯოჯოხეთიდან, ჩუმად ჩაფერფლილ ქალაქ პომპეიდან გეახელით, წყალი მწყურია და თავშესაფარი, თუკი გაიღებთ მოწყალებას შუაღამემდე დავრჩები თქვენსას.

_ შეგიძლიათ დარჩეთ რამდენ ხანსაც ინებებთ. ეს სასახლე, ვრცელი დარბაზები სიბნელით რომ ავსილა ახლა სულ მე მეკუთვნის, მე ერთადერთს და სხვას არავის, არც სიბნელეს, არც შუაღამეს, არც უკიდეგანო სივრცეებსა და შავ მორევს. ეს სახლი, მდუმარე და ცარიელი ჩემი სახლია. დიდი ხანია აქ აღარავინ ცხოვრობს.

_ ო, მოწყალეო ბატონო, თქვენ კეთილი ხართ, უზომოდ კეთილი… შუაღამემდე დიდი დროა ჯერ კიდევ. ცეცხლი ანთია ტაძარში, მოხუცო, ჯერ კიდევ ცოცხალია თქვენი გული, ის ისევ ფეთქავს, ისევ არ ისვენებს, მე ახლაც მესმის მისი ხმა. შეხედეთ, შეხედეთ, ეს ბნელი დარბაზი გულია თითქოს თქვენი…

_ პოემპეიდან მეახელით ნუთუ?!

_ დიახ ბატონო. პომპეიდან… იცით, პომპეი შორსაა აქედან, ახლა იგი ფერფლადაა ქცეული. აღარაფერი აღარ დარჩა, გაქრა, ქარმა წაიღო მტვერი და ზღვაზე განაბნია… ოდესმე ყოფილხართ პომპეიში?! გინახავთ მისი მცხუნვარე მზე, ვიწრო ქუჩები, ნუთუ გინახავთ?!

_ არა, სამწუხაროდ არ მინახავს, თუმცა ვფიქრობ ვიცნობ ერთს, ვისაც შესაძლოა ენახოს.

_ ვის?

_ ექიმ ჰანსს… ამაღამ აქ დარჩით, მოისვენეთ. ხვალ, გამთენიისას შეგახვედრებთ. აი მას კი ძალიან ბევრი შეუძლია გესაუბროთ პომპეიზე…

_ ხვალ დილით… ო, მომიტევეთ, მე უსათუოდ შუაღამით უნდა გავემგზავრო. გათენებამდე ვეღარ შევიცდი. იქნებ გადასცეთ ბატონ ჰანსს, რომ მის გამო ძალიან ვწუხვარ.

_ როგორ გეკადრებათ, შუაღამით, ასეთ თავსხმაში როგორ გაგიშვათ?! ჯობს მოისვენოთ… გათენებამდე… ავდარი მალე გადაიღებს. იყავით მშვიდად.

_ ო, თქვენ კეთილი ხართ, უზომოდ კეთილი, მაგრამ გამიგეთ, საშინელება მოხდა, ამას არავინ ელოდა… ჩვენ ყველანი ჯოჯოხეთს ჩავცვივდით და ვერავინ გადარჩა ჩემს მეტი. შუაღამით უნდა წავიდე. სხვებიც მელიან ალბათ და ვენატრები. თქვენ ნუ იღელვებთ მოხუცო, მე სულ ასე ვარ, სულ შუაღამით ვმოგზაურობ. მხოლოდ ელვა თუ გამინათებს გზას, მხოლოდ გრგვინვა და გუგუნია ჩემი მეგზური. თქვენ ნუ იღელვებთ, მე ჩემს ჯოჯოხეთზე გიამბობთ და წავალ, მალე წავალ, თავს არ შეგაწყენთ.

_ როგორ გეკადრებათ…

_ არა, საჭირო არაა… საშინელება მოხდა. ვნახე როგორ დაიმსხვრა ქალაქის ბჭენი. იძრა მიწა და იგრიალა ხმამ. ქარში გატყორცნილმა ლოდებმა დადაღეს ქალაქი. გამთენიისას შავი კვამლით დაიფარა ზეცა. ცეცხლად და ლოდებად აწვიმდა ქალაქს. ხალხი სასოწარკვეთილნი აწყდებოდნენ დახშულ კარიბჭეს, იხვეწებოდნენ “გახსენით კარი, შემოგვიშვით, მძიმეა ტვირთი ჩვენი და ტკივილი განუკურნელი. ვიწვით და ყველაფერი უცხოა ჩვენთვის. ვიწვით და ვიტანჯებით, მიზეზი კი მაინც ამოუხსნელია, გახსენით, შემოგვიშვით, წყალი გვწყურია და თავშესაფარი!” ცეცხლოვანი წვიმა ქანდაკებად აქცევდა ცხედრებს. იმ ქანდაკებებზეც ტკივილი იყო და უსასოობა. მათი თვალები ღია დარჩა. მათი თვალები მზის სხივებმა ამოწვეს და დააბრმავეს, და ოდეს დაეცნენ ბჭენი ქალაქისა, ოდეს ყოველივე წარხდა აღარავინ იყო ცოცხალი, რომ ეხილა სინათლე, ეხილა სიმშვიდე, ეხილა ქალაქზე გველივით მწოლარე სიკვდილი, რომელიც თითქო ისევ იძინებსო, გულში იმარხავსო უდიდეს საიდუმლოს. დაეცნენ ბჭენი ქალაქისა და აღარავინ იყო, აღარავინ იყო დარჩენილი, რათა ეხილათ სინათლე…

_ თუკი ყველაფერი სიმართლეა, მაშ თქვენ როგორღა გადარჩით, როგორ დააღწიეთ სტიქიას თავი?

_ მე სასწაულმა გადამარჩინა… როცა ვიხილე ჯოჯოხეთი მიწაზე ჩამოსულიყო და ღმერთის დასანახად ცისკენ მივმართე მზერა, იქ მხოლოდ შავი კვამლი დავინახე და ლოდები. აღარაფერი დარჩენილიყო. თითქოს ყოველი ცარიელი იყო თავის არსისგან, მხოლოდ სივრცე და უიმედობა, იწვა შავ ღრუბლებად კუპრივით კვამლი და ცეცხლი ედებოდა ჩემს კანს. ძველებურ ღვინის სარდაფში ვიპოვნე გზა, ვიპოვნე კარი საიდუმლო და გვირაბი, ბნელი და საშიში, თუმცა სიკვდილი იყო ჩემს უკან და ჯოჯოხეთი, თავის გადასარჩენად გავიღებდი მსხვერპლს ნებისმიერს, რა იყო შიში სიბნელისა, ან თუნდაც თინათგრძნობა ავი, იმ ცეცხლთან, იმ სასჯელთან, რაც მოულოდნელად მოგვევლინა ყველას. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი იმ გვირაბში. დროის დინებას ვერ ვგრძნობდი და  ჩემი სხეული ცივი იყო მუდამ. ვსაუბრობი უცხო ხალხთან, რომელნიც მავალებდნენ დაბრუნდიო უკან. ვსაუბრობდი ჩემთვის უცხო ენაზე, სიტყვებისა და ბგერების გარეშე. ვსაუბრობდი ისე, რომ არ ვიცოდი რა იყო შინაარსი ჩემი ნათქვამის, თუმცა გაურკვევლობა მაინც არ იყო და არც შიში. ვგრძნობდი მტანჯველ მოვალეობას და თვალწინ მედგა დაცემული ქალაქი პომპეი. უამრავი ცოდნა შევიძინე იმ კედლებში და მიუხედავად იმისა, რომ იქ უსაფრთხოდ ვიყავი მაინც  თავის დაღწევაზე ვფიქრობდი და დიდხანს არაფერი გამომდიოდა, სანამ ბევრი რამ არ შევიმეცნე და ვისწავლე. ახლა შუაღამით ვმოგზაურობ მხოლოდ. გზები ნათელია და ყოველივე ცხადი. მ ე დავბრუნდი საბოლოოდ, რათა აღვასრულო სიტყვა, რათა გადმოგცეთ რა არის მათი სურვილი.

_ მათი სურვილი?

_ ო, სურვილი მათი ძლიერია და გარდაუვალი, ამავე დროს სასტიკიცაა და საშიშიც. ახლაც უცხოა იგი ჩემთვის და ცივი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვიხილე… მაინც ცივია და უკარება, როგორც ყველაფერი წმინდა და მარადიული… ეჰ, იონათან, მოხუცო იონათან, ისმინე, ისმინე სასახლის დარბაზში ჩაკარგული  ბავშვის გოდება, ისმინე მისი ტირილი, შეიბრალე იგი, შეიწყალე… ნუთუ არაა საკმარისი რაც კი ეწამა?!

_ ჩემი სახელი საიდან იცით?! _ მოხუცი ახლაღა შეკრთა.

 _ეჰ იონათან, იონათან…  რამდენი საიდუმლოა, რამდენი დუმილი და გაურკვევლობა, რამდენი ნიღაბი… ნუთუ არაფერი შეცვლილა… არა… როგორ არა… თქვენი სახელი მოხუცო იმ გამოქვაბულის კედლებზე იყო ამოკაწრული აქამდე რომ მომიყვანა. იქ კიდევ ბევრი რამ ეწერა თქვენზე…

_ რა, რა ეწერა?

_ ნუ შეშფოთდებით მოხუცო, ნურც აღელვდებით, მე თქვენთანა ვარ.

_ არაფრისაც არ მეშინია! რასაც თქვენ ამბობთ სისულელეა…

_ ნუ ბრაზობთ…

_ არ ვბრაზობ!

_ ეჰ მოხუცო, ნუთუ არ მოგბეზრდათ ამოდენა სასახლეში ყოფნა მარტოს. კაცს თავისი ოცნება დაღლის და დაასუსტებს. ბოლოს იმას ინატრებს არ ამისრულდესო ნეტავ. თქვენ კი მოხუცო… ეჰ, მოხუცო… ნუთუ არავინ გამოჩნდა ისეთი, ვისაც გაუზიარებდით ამ დარბაზის სიბნელეს, ნუთუ ვერავისთვის გაიმეტეთ გაუმხელელი ოცნება თქვენი. სულით გაღარიბდი იგემონო!… და მაინც, დასასრულს, დიდი დაძინების წინეთ, გულზე ხელი დაიდეთ იონათან, გულზე ხელი დაიდეთ და ისე მთხარით, ნუთუ არავინ არ იყო ღირსი იმისა ეხილა რას მალავდით ამ ბნელ დარბაზში?!

მოხუცი დუმდა..

_ ეჰ იონათან, ვატყობ სიბერეში სევდა შემოგჩვევია და სინანული. აბა ბნელი დარბაზი სხვა რისთვისაა, უნდა დაჯდე და იფიქრო, იტირო და ევედრო, შეგიბრალონ უსიყვარულოდ, ძუნწი ოცნებით რომ იცხოვრე. განა რა იყო ამ დარბაზში, რას მალავდით ასე ძვირფასს?! _ ანგელოზის ფრთებს? _ ვინ იცის, იქნებ ისინი დიდი ხნის წინ დაჭკნენ. იქნებ ერთადერთს მახინჯ ვაჟს, ან თუნდაც სარკეს გაბზარულს, ან გაბზარულ ანარეკლს, ან იქნებ ყველაფერს ერთად?! ეჰ, იონათან, ამდენი საიდუმლო, ამდენი მდუმარება და სულ ტყუილად. მაინც რას ხედავდი იმ სარკეში ასეთს მოხუცო სხვას რომ არ შეეძლო დაენახა და ეთქვა: ” იონათან, შე მახინჯო, მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ შენი სიმახინჯის, შენი ტკივილების გამო.” ნუთუ არავინ გამოჩნდა ეთქვა შენთვის, რომ არსად ენახა ასეთი ლამაზი სიმახინჯე, ნუთუ არავინ?!

ისევ დუმილი.

_ ეჰ იონათან, თქვენი თვალები მეუბნევა იქნებ და კიო… მაგრამ გულით მაინც ძუნწი იყავ და მიუნდობელი. მაინც იმ ჭირვეულ ბავშვს ჰგავდი და ისე იქცეოდი თითქოს თქვენს გარდა არავის სტკენია არასდროს, არავინ გაუკრავთ ჯვარზე. ჯვარცმა?! _ რა ვუყოთ… მძიმეა, მაგრამ ასეთია ბედი  ყველა ბავშვის. ისინი სიზმრებში ეწამებიან… თქვენ კი მაინც ისე იქცევით თითქოს სხვას არავის ეზიდოს ეს ტვირთი. გიფიქრიათ უფრო მძიმე ტვირთებზე, იმაზე, რომ ისინიც არსებობენ?… ჰო, გიფიქრიათ… გიფიქრიათ და ეს ფიქრი ტკივილიანი იყო, მაგრამ ახლა სულ სხვაა… თქვენი მესმის. მტკივნეულია ამ დროს ისევ დაიტოვო იმედი. ეს იმედი  შიგნიდან გჭამს თითქოს და შენს სისხლს ითხოვს. ის კი მიუხედავად იმისა რომ ასე ძვირფასია მაინც სიკვდილისთვის უნდა გაიწიროს, რათა მან მაინც დააღწიოს ტანჯვას თავი.

იონათანი დუმს.

_ ეჰ იონათან, ზიხარ ახლა ამ ბნელ დარბაზში და სიზმარივით იგონებ დღეებს გარდასულს, ოდეს პატარა ბიჭი თამაშობდა აქ და სიცარიელეს სიცარიელით ავსებდა. ახლა კი მხოლოდ სიცივეა თქვენთან და გულგრილობა. ზიხართ და ფიქრობთ, სინანულით იხსენებთ წარსულს. ფიქრობთ იქნებ და შეგიბრალონ ასეთი ტანჯვა-წამების გამო, მაგრამ მოხუცო სულ ამაოდ…. ნუ ელი მათგან მოწყალებას, ნურც შებრალებას… მათ შენ უყვარხარ, სიყვარული კი კაცისთვის გაუგებარი იცოდნენ მუდამ. ამოირჩევდნენ ვინმეს კაცთაგან და ამ უდიდესი სიყვარულის ნიშნად ჯვარზე აკრავდნენ, კოცონზე წვავდნენ, აწამებდნენ, თითქოს მახვილისთვის აწრთობდნენ ლითონს. ხან სუსხიანი ქარიშხალი, ხანაც მხურვალება კოცონის. კაცნი კი ამ ღვთაებრივი სიყვარულის ნაცვლად მხოლოდ ტკივილს გრძნობდნენ და ერთადერთი აწუხებდათ ფიქრი, როგორმე ეს ტკივილი აღეწერათ. ბუნებრივია ამ უგვანო სიყვარულისგან ჯერ არა გამოსულა რა,  მახვილად არ ქცეულა არცერთი კაცთაგანი. ზოგი ცეცხლს ვერ უძლებდა, ზოგი ქარიშხალს. ასე კვდებოდნენ ისინი და ამ ტანჯვისთვის სამაგიერო არ ჩანდა არსად. მათ კი… მათ – უკვდავთ ჯიუტად არ სურდათ შეცდომის აღიარება, ამაოდ ცდილობდნენ კაცი ღმერთის ხელში ექციათ მახვილად. დღემდე ასეა, დღემდე ეძებენ… ეჰ იონათან, რამდენი შეეწირა ამ ოცნებას, რამდენი?!…

იონათანი სიჩუმეს აყურადებს.

_ ეჰ იონათან, ნუ დაღონდები, სინანულის დრო არაა ახლა… ხედავ, წვიმასაც უკლო და ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. შეყოვნება წამითაც არ შეიძლება. შეიძლება მონათხრობმა ძლიერ დაგაღონა, მაგრამ ნუ იღელვებ, მათ უკვე გამოიტანეს განაჩენი. გამთენიისას მოულოდნელად დაატყდება ამ ქალაქს ცეცხლის წვიმა, შენ კი იონათან დრო გაქვს, ერთხანს დააგდე სასახლე… გათენებამდე განეშორე ქალაქს, გამთენიისას გაისმება ხმა, გრგვინვა და გრიალი. წამოვა წვიმა ცეცხლოვანი და ნახავ გვამებს, ნახავ სისხლსა და სიკვდილის ტრიუმფს. გამთენიისას დაეცემა ქალაქი ესე, შენ კი იონათან, გირჩევ განერიდე აქაურობას, იხსენი თავი, ცეცხლს მიუგდე ეს ბნელი დარბაზი და მარტო წადი… დიდი დროა გათენებამდე, ლოცვაც მოესწრება ალბათ. აღმოსავლეთის კარიბჭიდან გაიპარეთ, მცველებს დიდი ხანია ღრმა ძილით სძინავთ. ახლა კი მომიტევეთ, წასასვლელი ვარ… ასეთ ღამეში მიუსაფარ მგზავრს რომ თავშესაფარი მიეცით ამისთვისაც გადაგიხდით ოდესმე. გაცილება საჭირო არაა, მე მუდამ მარტო ვმოგზაურობ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ… აბა დროებით…

მოხუცი დაბნეული მიჰყვა სტუმარს კარამდე. ლაზარემ სწრაფად გამოაღო კარი და ჭყვდიადში გაუჩინარდა.

***

ბნელ დარბაზს უჩვეულოდ ადრე შემოეპარა სინათლე. გულისცემა აუჩქარდა მთელი ღამის უძილოსა და განაწამებს. მაინც უცნაური იმედით მიადგა სარკმელს, იმედითა და რწმენით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან დაინახა როგორ ამოიწვერა მთებიდან მზე როგორ ასცდა ჰორიზონტს და ქვეყანა გაანათა. ცეცხლის წვიმა არც იმ დღეს და არც მის შემდეგ იონათანს არ უნახავს, არც შუაღამისას დაურღვევია უცხო სტუმარს მისი სიმშვიდე. მაშინაც, როცა იმ გიჟურ შემთხვევას იხსენებდა ეცინებოდა კიდეც, უცნაური ღიმილით იმეორებდა: “ალბათ არაფერი არ იყო ნამდვილიო”…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: