Posted by: burusi | 01/01/2018

ქართული ავტობუსი – ანუ კონსტანტინე ციხისჯვარელის მოგზაურობა ტრაბზონიდან ბათუმამდე

ბათუმი - Batumi

“ქართული ავტობუსი – ანუ კონსტანტინე ციხისჯვარელის მოგზაურობა ტრაბზონიდან ბათუმამდე “

მოთხრობა

კახაბერ თენგიზის-ძე ჯაყელი

            ორმა ძმამ, ულუსლასარებმა იბრაჰიმმა და აჰმედმა, როგორც დათქმული გვქონდა, დილიდანვე მომაკითხეს და 7 საათზე სკოლის შენობასთან გამოცხადდნენ. ქართველი პროფესორი, შხაპმიღებული უკვე თურქული სკოლის სასადილოში იჯდა და ზეთისხილებს შეექცეოდა, თანაც ყველს აყოლებდა და ჩაისაც მიირთმევდა. ცოტა ზედმეტი მოუვიდა ჩაის ფერი და გაშავებულ ჭიქას დაფიქრებული უყურებდა. ცოტა გული აწუხებდა, როგორც ყველა ქართველ პროფესორს და ამიტომაც უფრთხოდა „ჩეფირს“ და მიელტვოდა უზრუნველობას. „აქ ვართ ოჯამა“ – ბრძანა იბრაჰიმმა და ქართველ პროფესორს ჩაით ხელში მიუჯდა.

            „ვან იბრაჰიმ, ნასილსინ, —– „ -თქვა კონსტანტინემ და იბრაჰიმს ჭიქა-ჭიქაზე მიუჭახუნა, რაზეც იბრაჰიმმა დარცხვენით გაუღიმა და მის პატიოსან სახეზე გაკვირვება გამოიხატა.

            „რამდენი ბავშვი სწავლობს ამ სკოლაში?“ – იკითხა კონსტანტინემ და ბავშვებს გახედა, რომლებიც დილის 7 საათზე სასადილოში შემოდიოდნენ და ყვითელ ჰალსტუხიან, ლურჯ კელვინ-კლაინის კოსტუმში გამოწყობილი ორმოცი წლის მამაკაცს გაკვირვებით უმზერდნენ.

            იბრაჰიმი დაიბნა, ასე სჩვევიათ პატიოსან ახალგაზრდებს, ისინი სწორი პასუხის მოსაძებნად ოდნავ არეულად გამოიყურებიან.

  • 600 ბავშვი სწავლობს მისტერ კონსტანტინ, ბოლოს თქვა იბრაჰიმმა და ჩაი მოსვა.
  • კარგია, კარგია, ბრძანა პროფესორმა და მთის წვერზე აშენებულისკოლის ფანჯრებიდან დაბლა გადაიხედა.

            უმშვენიერესი ხედი გადაიშალა კონსტანტინეს თვალწინ: ბაღებში ჩაფლული სახლები, მოვლილი ეზოები, კარგი ღობეები, ქვევით კი – ცისფერი ზღვა, მეთევზეთა ნავები, გემები – ზღვაში ჩამდგარნი, ბადეები, სადაც თევზებს ასუქებენ აქაურები და ბედნიერების იდუმალი განცდა.

  • ტრაპეზენტის იმპერია, ქართველი დედოფალი ჯიაჯაკ – ჩაილაპარაკა კონსტანტინემ, რაზეც იბრაჰიმმა ყურები ცქვიტა და სახეზე გაკვირვება გამოეხატა.

8 საათზე გავდივართ არა? – იკითხა კონსტანტინემ, რამაც იბრაჰიმი ფიქრებიდან გამოარკვია და უკან დააბრუნა. „დიახ კონსტანტინე ბეი, დიახ 8-ზე გავდივართ, ეხლა მოიყვანს აჰმედი მანქანას და მიგიყვანთ ავტობუსის გაჩერებამდე. კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? – იბრაჰიმი ნამცხვრის მოზრდილ ნაჭერს სთავაზობდა პროფესორს, რაზედაც მან კატეგორიული უარი განუცხადა. – იცი რა მინდა ჩემო იბრაჰიმ, მზარეულს მინდა ასეთი გემრიელი საუზმისათვის მადლობა გადავუხადო და დავემშვიდობო.

            ცოტა ხანში თურქი მზარეული მოწიწებით ართმევდა ხელს ლურჯ კოსტუმიან და ყვითელ ჰალსტუხიან სტუმარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტუმარმა თურქული ჩვეულებების თანახმად, შუბლი-შუბლზე თუ საფეთქელი-საფეთქელზე ორივე მხრიდა 2-ჯერ მიადო მზარეულს. მზარეული და ბავშვები ხელის ქნევით დაემშვიდობნენ კონსტანტინეს. ამ დროს აჰმედის ფოლკსვაგენიც გამოჩნდა და ძმებმა პროფესორი ავტობუსისკენ გააქროლეს.

            „ყველგან მშვიდობისა და სისუფთავის, შინაგანი პატიოსნების განცდა სუფევს, აფერუმ თქვენ“ – გაიფიქრა კონსტანტინემ, როცა კიდევ ერთხელ გადახედა თავის ჯერ კიდევ მიმდინარე ფაზაში მყოფ მაგზაურობას თურქეთის მიწაზე, სადაც მან ისტამბულის კონფერენციაზე გამოსვლა მოასწრო და ეხლა უკვე ბათუმისაკენ მიიჩქაროდა, რათა იქაც გამოსულიყო თავისი მორიგი სიტყვით.

            განსაკუთრებით ერთი რამ აოცებდა პროფესორს, თურქები მის მეცნიერულ სიტყვას უფრო დიდი გულისყურით ისმენდნენ და მის სამეცნიერო ძიებებს უფრო ღრმად უკვირდებოდნენ, ვიდრე საქართველოში. იმდენად სიამოვნებდა კონსტანტინეს ამგვარი ყურადღება, რომ ერთი კი გაიფიქრა თურქეთსი ხომ არ წავიკითხო ლექციებიო, მაგრამ იმ წამსვე უკუაგდო ეს აზრი.

            „ამერიკაში არ დავრჩი, გერმანიაშიც იგივე, სულ საქართველო მაბოდებდა და ეხლა თურქეთს წავიდე? სისულელეა“ – გაიფიქრა კონსტანტინემ და უეცრად გაეღიმა. ამ ბოლო ხანს ხშირად აწყდებოდა იგი იდუმალ წინააღმდეგობას საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში, საკუთარ სამეზობლოში, საკუთარ ოჯახში. ეს წინააღმდეგობა მართლაც იმდენად იდუმალი და უხილავი იყო, რომ პროფესორმა ბოლო ხანებში მრავალ პასუხზე გასაცემად ასტროლოგიას დაუწყო თვალიერება. ერთი ორჯერ საკუთარ ხელის გულებსაც დახედა და ქირომანტიულ ძიებებში შეფერხდა, მაგრამ აქაც ჩიხში მოხვდა და გაჩერდა. კონსტანტინეს საქმის საკეთებლად ჯერ სრული ინფორმაცია და თეორიული მომზადება სჭირდებოდა. ალბათ ეს იყო მისი ხასიათის ნიშანი და სწორედ ამიტომაც გახდა იგი პროფესორი და არა ბიზნესმენი, სადაც რისკების ატანას უფრო შედეგი მოჰქონდა, ვიდრე თეორიულ ცოდნას. კონსტანტინე მიხვდა, რომ ასტროლოგიისა და ქირომანტიის ჭინკები და მამბერები მისგან საფუძვლიან პროფესიონალურ ცოდნას მოითხოვდნენ და ამ ცოდნის უქონლობის გამო გაჩერდა. იდუმალმა წინააღმდეგობამ კი გააგრძელა მისი გულის ფიცრის ხერხვა უჩინარი ხერხით, ისე რომ ნახევარი უკვე გადახერხა და მეორე ნახევარი კი მომავლისათვის დაიტოვა. კონსტანტინე ამერიკიდან, იელის უნივერსიტეტში წარმატებული საქმიანობის დამთავრების შემდგომ, უმალ დაუბრუნდა თბილისს და მაშინ გააცნობიერა, რომ ადამიანები, თანამემამულენი და თანამონათესავენი მისი პიროვნებით მთლად კმაყოფილი არ იყვნენ.

            კონსტანტინე ამერიკის წიაღში – იელის უნივერსიტეტში, საკუთარ კაბინეტში ასკეტივით გამოკეტილი, საქართველოს ჯანდაცვის ეკონომიკის მოდელზე შრომობდა მაშინ, როცა  ერთი საინტერესო სტატიის წერას შეუდგა. ეს სტატია ადამიანში ჰუმანური კაპიტალის ზრდის მეთოდებს ეხებოდა. კონსტანტინემ თითქოს აღმოაჩინა კიდევაც მეთოდი ადამიანის ჰუმანური სიმდიდრის შესაქმნელად. მან ამაზე 5 წლის წინ, ფორმულაც კი შექმნა, რომლის ძალითაც ფიქრობდა ადამიანთა გაბედნიერებას. პროფესორმა ფორმულის საფუძვლად ისეთი არაათვლადი ცვლადი მახასიათებლები გამოიყენა, როგორც მიზანდასახულობა, ვაჟკაცობა, ქალის პატიოსნება, ორივე სქესის მოქალაქის სახელმწიფოებრივი აზროვნება და განსწავლულობა. ამ მახასიათებლებმა გააკვირვა პროფესორის ამერიკელი მენტორი, ცინური წარმოშობის ბრძენი პროფესორი ჰონგ ვინგი, რომელიც კონსტანტინეს კონცეპციის გაცნობის შემდგომ აღფრთოვანებული და გაკვირვებული ამბობდა: „დაფიქრება გვმართებს, მაგრამ დიდი ოპტიმიზმი გვჭირდება, ოსომ, ოსომ მისტერ კარტველ“. ამის შემდგომ თითქმის 4 წელი გავიდა, ბრძენი ჰონგ ვანგი გადაიკარგა, კონსტანტინე საქართველოს დედაქალაქს დაუბრუნდა. ყველა დიდი იდეა თუ ცანაფიქრი გაუთავებელ ლექციებში, სუფრებში, ლხინებში, პრობლემებში დაიკარგა და კონსტანტინეს მხოლოდ საკუტარი ხალხისაგან წამოსული იდუმალი წინააღმდეგობა შემორჩა ჰონგის ერთგავრი პარადოქსი მისი არამეცნიერული მენტარული, ანუ თვისობრივად არამეცნიერული, მაგრამ სახით მეცნიერული არსებობისა.

            „ნუთუ საკუთარი ჰუმანური კაპიტალიც დავკარგე“ – ჩაილაპარაკა კონსტანტინემ უეცრად, როდესაც ძმებმა აჰმედმა და იბრაჰიმმა ულუსლასარებმა ფოლკსვაგენი დიდ თეთრ ავტობუსთან შეაჩერეს და მისი ჩანთა ავტობუსის „გადახსნილ მუცელში“ გადაიტანეს. ავტობუსის მძღოლი ჰალსტუხიანი თურქი მისალმების შემდგომ ხალისით შეუდგა ჩანთის დაბინავებას. აჰმედი და იბრაჰიმი პროფესორის დასამშვიდობებლად გადაეხვივნენ თავს თავზე დაებდნენ მას, საფეთქელს-საფეთქელზე აჭდობდნენ. დამშვიდობებისას კონსტანტინემ ჩვეული ზედმეტობა გამოიჩინა და „თქვენ ცემი ძმები ხართო“ – უთხრა თავის მასპინძლებს, რომლებიც სირცხვილისაგან გაწითლდნენ, რადგანაც მათთვის სახელგანთქმული მეცნიერის მხრიდან გამოცენილი ამგვარი სიკეთე ყოველგვარ წარმოდგენებს აღემატებოდა სიტყვიერი შემკობის მიმართ. ძმები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. კონსტანტინე კი შემოტრიალდადა დიდ თეთრ ავტობუსშიავიდა. „თეთრ ვეშაპს ჰგავს, რომელმაც ენოქი გადაყლაპა, ხომ არ იყო ის ვეშაპი რაღაც მცურავი აპარატი ნეტავ?“ – გაიფიქრა კონსტანტინემ და უმალ აიჭრა ავტობუსში.

            „ბათუმისაკენ თეთრი ვეშაპის მგზავრებო?“. – „ დიახ, მობრძანდით, დაბრძანდით ყავას მოგართმევთ, მე ია მქვია, თქვენ?“ – ბრძანა საკმაოდ გაცვეთილმა ქართველმა გამცილებელმა გოგონამ, რომელსაც იმერული ნაკვთები და ცისფერი, მაგრამ დაღლილი თვალები ჰქონდა. „ მადობთ, მე კოტე მქვია, აქ დავჯდები თუ შეიძლება“ – თქვა პროფესორმა და ავტობუსის ბორტგამცილებლის ცისფერმა დაღლილმა თვალებმა, მას კვლავ იდუმალი წინააღმდეგობის განცდა მოჰგვარა. ავტობუსი უეცრად გაისუსა, კეხიანმა, მოგრძო ცხვირებმა, ქართულმა, თურქულმა, სომხურმა ელემენტებმა თუ მათმა ნარევმა – პროფესორის თვალწინ გაიელვა და კონსტანტინე უმალ მიხვდა, რომ ადამიანური კაპიტალის პატარა ლაბორატორიაში მოახვედრა განგებამ. მისი ტვინი სწრაფად ამუშავდა. „აქ ომნიზეს კვლევასაც გავაკეთებდი და ეთნოგრაფიულ კონცეპციასაც დავწერდი“ – გაიფიქრა მან და ბორტგამცილებელს საწერი კალამი სთხოვა. შემდგომ უბის ჯიბიდან თავად ფილიპ კოტლერის მიერ ნაჩუქარი ბლოკნოტი ამოაძვრინა, გადაფურცლა და წერას შეუდგა. ამ დროს ავტობუსი ატარტარდა. ერთმა კეხიანმა ცხვირმა ბორტგამცილებელ იას რომ მიაშტერებოდა – „ დაია ქმარი თუ გყავს“ – იკითხა. იამ პასუხად ჭინკისა და მამბერას, ბერიკასა და ოინბაზის ყველა ილეთი გამოიყენა, უეცრად გარდაიქმნა, თვალები გაუნათდა და იმერული კილოთი ბრძანა – „უიმე დაია, სამი ქმარი მყავს. იქ, ერთი ტრაბზონში და ერთიც სამსუნში. ჰი, ჰი, ჰი ვერ მოგართვეს, რა ქმარი ქალო, ქმარი ქალს ამ დამწვარ ავტობუსზე გამოუშვებს. ყველა გაჩერებაზე, ყველა შავი, წითური ახმედი თუ ოხერი გჩქმეტს და გეხვეწება მის გარაჟში დარჩე თუნდაც ერთი წლით და თუნდაც ერთი ღამით, რაფერ გამაცინე, მაინც ვერ გაიგებ შენ მე რას ვგულისხმობ, თვითონ თუ გყავს ქმარი დაია? არ გაგიკვირდეს რომ ასე ავიბუძგე. ასეთი კითხვა როგორ მაკადრე, სჯობდა პირდაპირ შემოგელაწუნებინა და მერე ისეთს გითავაზებდი, რომ აგერ პროფესორი რომ ამოვიდა და ეხლა ბლოკნოტში, რომ იწერს რაღაცას, ისეთ თემას მივცემდით, რომ ყველაფერს დავავიწყებდით.“

            ბორტგამცილებელი გოგო ია ისე ახორხორდა, რომ მისი ქალური კდემამოსილების ბოლო ნაშთიც კი სადღაც გადაიკარგა და კონსტანტინეს თვალწინ ვნებისაგან დამთვრალი დიონისეს მიმდევარი, ლოთი უშვერსიტყვიანი, უმწიფარი, ქალ-ბიჭა, გარდამავალ სქესიანი ვაკხი, ჭინკა, შფოთისთავი თმაგაწეწილი ია ამოიწვერა. „ღიპიც ქონია, ეს თუ ქალია და მაშინ მე ვყოფილვარ მინადორა“ – გაიფიქრა პროფესორმა და ფილიპ კოტლერის სახელობის ბლოკნოტში პირველი წინადადება ჩაწერა: „ქალ-ბიჭა იასთან შეხვედრა. ნეტა ამას თუ აქვს რაიმე ადამიანური კაპიტალი? საკითხავი აი ეს არის? მაგრამ რა კითხვა დაუსვა? – უეცრად ჰამლეტად იგრძნო თავი პროფესორმა. ჰამლეტი ამ ავტობუსში თავის პარადოქსებს კიდევ ერთს შემახვედრაო – გაიფიქრა მან და ქალების იასთან სიტყვიერ კამათს მიენდო და მთელი ეთნოგრაფიული დაკვირვება ყურების დაცქვეტით შემოიფარგლა. „მე რომ მომწვდი გოგო, რა დაგიშავე? ისე გკითხე რა ქმარი თუ გყავსო, ბოდიში ჩემო დაიავ თუ რამე გაწყენინე“ – შეშინებული ამბობდა მომცრო ტანის კეხიან ცხვირიანი ქალი, რომელიც კვლავ მუშტგადაქცეული, ერთი გაშლილი ფეხით ან ხელით გარტყმისათვის მომზადებულ იას მიშტერებოდა. ია კი სულ მთლად დაიკუნთა. უცებ, დაიბატიბუტაო კუნთები, რომ იტყვიან, სწორედ ამგვარად აბურძგნული, ცხოვრებისაგან გალეშილი ბორტგამცილებელი კეხიან ცხვირიანს მიუახლოვდა და ყველა „ტყლაშანის“ მოლოდინში გაირინდა, იამაც აღარ დააყოვნა, კაბა აიწია და სამურაივით მოკლე ხტომებით მიუახლოვდა საწყალი თვალებით მომზირალ ცხვირ კეხიანს, რომელსაც ბოლოს წინ წამოწეული ნიკაპი ახლოს მიუტანა და თქვა „გოგოვ, დაბლა ჩაგათრევდი ჩემი ავტობუსი რომ იყოს, მაგრამ ამ ჩათლახისაა და გადარჩენილი ხარ, თანაც სარფს ვუახლოვდებით და ჰაიდა ეხლა შენი სულელური კითხვებით, გაიგე“ – ცხვირ კეხიანი ათრთოლებული უსმენდა იას, რომელმაც საუბრის გათავება იმით დააგვირგვინა, რომ გიტარა მოიმარჯვა და შატილის ასულო წამოიწყო.

            „ყალბი ხმით მღერის, მაგრამ სმენას არა უშავს“ – გაიფიქრა კონსტანტინემ. „თეთრი ვეშაპი“ ნელა უახლოვდებოდა საქართველო – თურქეთის საზღვარს, უეცრად ყველა დადუმდა, იაც გაჩერდა და კვლავაც მისმა ღრიალმა გამოაფხიზლა დაღლილი მგზავრები: „ჩვენი მიწაა, რას გაჩუმებულხართ, აბა ვუმღეროთ ქართულ მიწას, რაიმე, მოდით ვუმღეროთ, გაფრინდი შავო მერცხალო, გაფრინდიიიი… შავოოოო მერცხალოოოოო…“ – წამოიწყო მან ბოხი ხმით, მერე ცოტა გააფუჭა, მაგრამ შემდგომ ერთი სანდომიანი სახის ქალბატონი, რომელიც იას აჰყვა, ისეთი სწორი ტონალობით უშვებდა ჰანგებს თავისი პირიდან, რომ იას ვოკალური ჩავარდნები აღმოიფხვრა და საქართველოს საზღვარს გარეთ დარჩენილი საქართველო წუთით თითქოს მართლაც შეიცვალა, აიქოჩრა და საყოველთაო ეროვნულ ჟრუანტელში ჩაშაქრდა. „როგორც დაკვირვება მიჩვენებს ამ ეროვნულ ჟრუანტელის შემდგომ მუდამ სირცხვილის გრძნობა ეუფლებათ თანამოჟრუანტელებს. საინტერესოა აქაც თუა მსგავსი სინდრომი, მაგრამ ვის ვკითხო?“ – გაიფიქრა კონსტანტინემ და მის წინ მჯდომ 25 წლის გოგოს გამოელაპარაკა:

  • „მღეროდით არა თქვენც?“ – იკითხა კონსტანტინემ და გოგოს გვერდით მიუჯდა.
  • „პირს ვაღებდი, თქვენ?“ – იყო პასუხი.
  • „მე არ ვმღერივარ, ომნიზეს კვლევას ვახორციელებ, კოტე, აი ჩემი სავიზიტო ბარათი“.
  • „კარგით რა ბიძჩემო, კვლევა, რა კვლევაა ასეთი, იქნებ მართლა ეგრეა თუ სხვა მიზეზის“.
  • „ შეგიპყროთ ჟრუანტელმა სიმღერის დროს?“
  • „დიახ, შემიპყრო, მაგრამ სწრაფად გადამიარა“ – ეშმაკურად შეხედა რესპოდენტმა კონსტანტინეს. ალბათ მასში კარგად მოვლილი, საინტერესო მამაკაცი აღმოაჩინა.
  • „დაეგუფლათ შემდგომ სირცხვილის განცდა?“ – არ შეეპუა კონსტანტინე გოგონას.
  • „გამიშვით ჩავდივარ, აღარ მინდა კითხვები“ – შეყვირა გოგომ და სასოწრკვეთილი სახით წინ გადაჯდა და კისერზე ჩამოკიდებული სასმენები ყურში გაირჭო.

      კონსტანტინე გაშრა, უეცრად მასაც დაეუფლა სირცხვილის და იდუმალი დაძაბულობის განცდა, მაგრამ უკვე სარფს უახლოვდებითო – დასძახა მას ბორტგამცილებელმა და კონსტანტინემაც პასპორტის ძებნა დაიწყო, შემდეგ კი წერა განაგრძო. იგი გრძნობდა, რომ რაღაც სერიოზულს წააწყდა და ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჩაეწერა, შემდეგ კი გაეანალიზირებინა ჩანაწერი.

      „2012 წლის მისია, ვბრუნდები კონფერენციიდან სარფის საბაჟოს გავლით. ვდგავარ სადღაც მეჩეთსა და ეკლესიას შორის. მოვიწევ სამშობლოსაკენ.“ – აი ეს სიტყვები ჩაწერა მეცნიერმა. შემდგომ აყაყანებული ხალხის რიგში ჩადგა, ძლივს მიაღწია „დისთობამდე“ გაუწოდა თავისი პასპორტი თურქ მებაჟეს, იმანაც რაღაც თურქულად უთხრა და კონსტანტინემ მეჩეთს კვლავაც გახედა. შემდგომ შემოტრიალდა და ეკლესიას უწყო ყურება. მეჩეთი თითქოს გალაღებული ჩანდა, ხოლო ეკლესია – ასკეტური და ჩაფიქრებული.

      „ახალგაზრდა ისლამი, ჯერ კიდევ გავრცობის, გაფართოების ძალას ფლობს, აქ სარფში იგრძნობა ორი მდინარის დაპირისპირება, მრავლისმნახველი ქრისტიანობა დაფიქრებით შეჰყურებს ისლამს, რომელიც ახალ ტალღას ამზადებს ამ დაფიქრებული ასკეტი გოლიათის წინააღმდეგ, მე კი სად ვარ?“ – ეს ჩაწერა კონსტანტინემ და მართლაც დაფიქრდა თუ სად გახლდათ იგი თვითონ…

      ამჯერად იგი იყო მეჩეთის მიწაზე და მიდიოდა ტაძრისაკენ, ნაბიჯებს დგამდა ლაღად, შემდეგ უფრო მორიდებით, თავმოდრეკილი უახლოვდებოდა სამშობლოს მიწას, თუმცა თურქეთის მხარესაც სამშობლო მიწაზე არ იდგა, იქაც საქართველო არ ეგულებოდა? დიახ. მაგრამ. ოჰ, ეს მაგრამ. ამ „მაგრამ“-ის აღსაწერად მრავალი ფილმი გადაიღება, წიგნი და სტატია დაიწერება, მაგრამ, აქაც „მაგრამ“ – „წერე და იკითხე“.

      კონსტანტინემ იგრძნო, რომ იგი დიდ ბრძოლებში დამარცხებული და შევიწროებული, გაფანტული და კავკასიის ქედზე, ისე ვით კედელზე მიჩეხილი სამშობლოს უახლოვდებოდა, „მაგრამ“… კვლავაც მაგრამ არ ასვენებდა პროფესორს, რომლის მოცანცარე ჰალსტუხი რაღაც უაზრო მელოდიას მღეროდა და იკლაკნებოდა…

      „თუ შეიძლება ტაქსი მინდა ბათუმში კონფერენციას უნდა ჩავუსწრო, გამოსვლა მაქვს ერთ საათში“ – მიმართავდა კონსტანტინე იქვე მდგომ მძღოლებს, რომლებიც პროფესორს არარეალურად გაზრდილ ფასებს სთავაზობდნენ ბათუმში წასაყვანად, მაგრამ ამ უკანასკნელმაც ბოლოს ხელი ჩაიქნია და ტაქსიც პროფესორით ბათუმისაკენ დაიძრა.

  • „მოდიან თურქები, ერთმანეთს პატიჟებენ, უყვებიან, მე ხომ ცოტა თურქული მესმის, ვხვდები რასაც ამბობენ, აჭარა ჩვენი იყოო – ამბობენ კაცო, მე მაგათი…და გაოგნებული ვარ, ერთხელ ჩავეჭერი საუბარში, რას ამბობ თქო ვუთხარი. გააჩერეს მანქანა, ჩავიდნენ და სხვა მანქანაში გადაჯდნენ“ – ამბობდა აღელვებული მძღოლი და კონსტანტინეს აკვირდებოდა, ესეც თურქი ხომ არ არისო.
  • „რთული მდგომარეობაა“. – ჩაილაპარაკა კონსტანტინემ და დადუმდა.
  • „რუსები ამბობდნენ, ხომ გახსოვთ „სტრაშნი კაკ ტუროკიო“ – არ ცხრებოდა მძღოლი.

            კონსტანტინე კი ფიქრობდა – „რუსები 90-იან წლებში მოვიძულეთ ქართველებმა, არა ქართველებმა კი არა უგუნურმა დისიდენტმა ლიდერებმა, რუსები გინებაზე ააგეს თავიანთი პოლიტიკური პლატფორმა, თავად სააკაშვილმაც 2001 და 2002 წლებში ხომ იგივე გაიმეორა. შემდეგ 2005-2007-ში იმდენი აგინა ჩრდილოეთელი მეზობელი რომ…აღარ მინდა ამაზე, აღარ ვიფიქრებ“. ტვინი დაადუმა კონსტანტინემ, მაგრამ პროფესორის კვიმატმა ტვინმა, უხმოდ განაგრძო ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა ექნა ქართველ ხალხს, თუ ეხლა თურქეთის კარიც ჩაირაზებოდა პოლიტიკის გასაღებით.

            „ქარდუნიას მეფეები ჩვენი თანამოძმეები იყვნენ, ისინი ერაყში იჯდნენ და იქიდან მართავდნენ“ – ყელმოღერებით ყვება ქალბატონი ნათელა საკონფერენციო დარბაზში თავისი თემის თითქოსდა ყველაზე დიდ მიგნებას. „რა ქარდუნია, რა ერაყი?“ – გაოფლილი ფიქრობს კონფერენციაზე ახლად შეჭრილი კონსტანტინე და ცდილობს თემას ყური მიუგდოს.

            „ მე მოვითხოვ GE გადაკეთდეს QA-დ საქართველოს ინტერნაციონალურ კონტექსტში წარმოსაჩენად“ – ბრძანებს მომხსენებელი ნათელა და ყველაფერი გასაგებია. მისი თემა იმთავითვე არარეალურია და მისტიურ-სულელურია. აი ეხლა თურქი პროფესორი გამოვა – ისმაილი, ნახეთ როგორ წააგავს ტანმორჩილი ისმაილი დიდ რევოლუციონერს, ახალგაზრდა თურქების ლიდერს – „ენვერ ფაშას“. ისმაილ ოსოის უბრწყინავს სათვალე, იგი სწრაფი ნაბიჯით აიჭრება ტრიბუნაზე და თავის ნაშრომს ინგლისურად ჩამოარაკრაკებს. ბათუმის უნივერსიტეტი, როგორც დასაკლავად განწირული მსხვერპლი, ისე უსმენს ისმაილ ოჯამს, რომლის თემა მეტად საინტერესოა და მთელ მსოფლიოში ამ რელიგიის ბატონობის ფინანსურ მხარეს ეხება – ისლამური ბანკინგი ანუ საბანკო საქმე ისლამური კანონებით გახლავთ ისმაილისა და მსოფლიოს თავსატეხელა. ისმაილი კონსტანტინეს გაჰყურებს, რადგანაც შარშან სწორედ კონსტანტინემ პირველმა შეუტია ისლამური ბანკინგის იდეას. უცნაურია ეხლა კონსტანტინე დუმს და ისმაილს თვალს არ აცილებს. „მაგრა გადავიღალე გზაში, ამ ისმაილს ეხლავე შევუტევ და ისეთ კითხვებს დაუსმევ, რომ მაგრა მოჯდება, მაგრამ, ოჰ ეს „მაგრამ“ არ მასვენებს, მაგრამ ეს თურქები ზურგიდან, რომ მათვალიერებენ, მომავალ წელს მოინდომებენ ჩემს დადუმებას კონფერენციაზე, ვიღაც ნორჩს მოიწვევენ, რომელიც უცოდინარობის ან კომფორმიზმის გამო ტაშის კვრით გააცილებს სახლში ისმაილებს და სხვა ფაშებსა თუ ბეიებს“.

            „ბატონო კონსტანტინე, თქვენ არ გაქვთ შეკითხვა? წინა შეხვედრაზე სწორედ თქვენ აქტიურობდით“. – ისმაილის გამარჯვებული მზერა მისი სათვალის ათინათსაც გადაედო და სხივი სწორედ კონსტანტინეს მიმართულებით გასტყორცნა.

            „დიახ, მე ცოტა არ იყოს დავიღალე, გუშინს მერე მოვფრინავ ბათუმისაკენ. მაგრამ კითხვა, როგორ არ მაქვს ისმაილ ბეი“ – დაბნეულად დაიწყო კონსტანტინემ, ინგლისურის აქცენტი სულმთლად ამერიკული რომ ჰქონდა და იელის უნივერსიტეტში ერთწლიანი სტაჟირების შემდგომ თავი რომ მოქონდა, ჟღერადი ამერიკანისტული გამოთქმებით.

            ისმაილი, პანტურქის ფარული ძრწოლით ელოდა კონსტანტინეს შუბივით კითხვის ძგერებას. „ბატონო ოსოი, ისლამური ბანკინგი კრედიტზე პროცენტს არ ითხოვსო, აი უკვე მერამდენე წელია ამბობთ თქვენ და ეხლაც აცხადებთ, მაგრამ ბატონო ისმაილ, წარმოიდგინეთ ამგვარი ისლამური ბანკი კუნძულზე, სადაც ვთქვათ 1000 საწარმოა. 2 წელიწადში ისლამური ბანკი თითქმის ყველა საწარმოს მეწილე გახდება, ხოლო 10 წელიწადში, კუნძული ისლამურ მონოპოლიას დაექვემდებარება! ასე არ არის?“ – იკითხა კონსტანტინემ ყელმოღერებით და ოსოის სათვალიდან არეკლილი სხივი თვალში მოხვდა. „რა მაგრა მიმიზნებს პროფესორი ოსოი?“ – გაიფიქრა მან და პასუხის მოლოდინში დაჯდა.

            ისმაილ ოსოი შეშფოთებული არ ჩანდა, იგი უბრალოდ კონსტანტინეს აკვირდებოდა, უღიმოდა და პასუხის მიმართულებას აყალიბებდა.

            „აი ბოლშევიკი, იდეოლოგიის მოყვარული ბანკირი. ეს ბოლშევიკზე უარესი მონაა“. – გაიფიქრა კონსტანტინემ და თვალნი მილულა. ოსოის სტანდარტულ პასუხს არც კი უსმენდა. იგი შეშფოთებული იყო. კონფერენციის დახურვისას ქართველებმა სამსხვერპლო ცეკვები შეასრულეს. მრავალი ქვეყნის მოქალაქეები აღფრთოვანებული უყურებდნენ მოგოგმანე მოცეკვავეებს და შემდეგ მათ სურათებს უღებდნენ. დარბაზში მხოლოდ ოსოი ისმაილი არ დაუნახავს კონსტანტინეს. ენვერ ფაშას იდეური მემკვიდრე სწრაფად გამგზავრებულიყო. მოუცლელობა მოუმიზეზებია მას და იყო კიდევაც მოუცლელი ეს კაცი, იგი ხომ ვეებერთელა ისლამური საზოგადოების საფინანსო იდეის  პრომოციაში ათენებდა და აღამებდა.

            „ეჰ, ჩემო პატარა სამშობლოვ, მურვან ყრუს, იდიოტი გრაფი კანკრინის, ლენინისა დახრუშჩოვის შემდეგ, მოგიწევს ისლამური ეკონომიკის, ფინანსების და განსაკუთრებით მათი „ბანკინგის“ გადატანა“. – ფიქრობდა კონსტანტინე, რომელიც კონფერენციის დამთავრებისთანავე ფეხით მიუყვებოდა ერას ქუჩას ნათესავების სახლამდე.

            „გაუმარჯოს უძველეს ციხისჯვარელებს, გაუმარჯოს ბიძაჩემს და ბიძაშვილებს, თქვენი კონსტანტინ მოვედი“. – ამბობდა დაღლილი პროფესორი და სისხლისმიერ ახლობლებს ლოყებზე ქართულად კოცნიდა. იჯდნენ ციხისჯვარელები თავიანთ გამოფხეკილ სახლში, გამოფხეკილი ჯიბეებით და ამაყად შეჰყურებდნენ თავიანთ ბიძაშვილს – ნათურქალიაო ფიქრობდნენ, კონსტანტინე ციხისჯვარელზე!

            „საიდან ჩამოხვედი კოსტ?“ – იკითხა თვალმშვენიერმა ბიძამ ზურიკომ.

            „სტამბოლში ვიყავი კონფერენციაზე, შემდგომ სწრაფად გამოვწიე ბათუმისაკენ, ტრაბზონში ჩამოვფრინდი და თურქები, რომ არა ბათუმში ვერ ჩამოვასწრებდი დღეისათვის“.

            „რატომ გეჩქარებოდა?“ – გაიცინა მშვიდმა ბიზამ და ღვინო „სტალინის“ ჭიქაში ჩამოასხა.

            „აქაც კონფერენციაზე მოვიჩქაროდი, გამოსვლა მქონდა. უნდა ჩამომესწრო და ჩემი —— პოზიციები დამეცვა“. ჭიქას-ჭიქაზე უჭახუნებდა ბიძაშვილებს კონსტანტინე და ერთი სული ქონდა დასაძინებლად განმარტოებულიყო.

            „რა ხდება ოსმალეთს?“ – იკითხა უფროსმა ციხისჯვარელმა.

            „ეჰ ბიძაჩემო, ოსმალეთს რა უჭირს, კარგად არიან. დღეს ჩვენი მეგობრები არიან მაგენი“. – გურულად მოაგროვა სათქმელი და მიართვა ბიძას.

            „რას ამბობ, კოსტა – არ არის და ვერ იქნება თურქი – ოსმალი ჩვენი მეგობარი, ეს რა მითხარი?“ – თვალები სიბრაზისაგან აენთო უფროს ციხისჯვარელს.

            „ადამიანის ბედნიერება ერთის მხრივ მარტივი ჭეშმარიტებაა: სიყვარული, შთამომავლობა, საკვებით უხვი სივრცე მათთვის და შენთვის. ამ საქმეში თურქები წინ არიან, ბედნიერი ხალხია. მრავლდებიან და მიდის ქვეყანა წინ“. – თქვა დაღლილმა კონსტანტინემ.

            „ჰო, მაგრამ ნახევარი საქართველო, რომ წაუღიათ და ეხლა აქეთაც გვიტევენ. ექნებათ სარჩო-საბადებელი, აბა რა“. – თქვა ერთ-ერთმა ციხისჯვარელმა და პროფესორმა იგრძნო რომ მთავარი იყო მშვიდობა ამ სანაპიროზე.

            „მშვიდობა ეწოდება უხმაურო კონფლიქტების დიდ სიმრავლეს, სადაც ერთ-ერთი იმარჯვებს ბუნებრივ კონკურენციაში, ხოლო მეორე ემზადება, ფიქრობს, ეძებს კონკურენციის სტრატეგიულ ფორმებს, რომლითაც წაგებულს უკან მოგება აქვს გადაწყვეტილი“. – გაიფიქრა მან და თქვა: „საყვარელო ბიძა და ბიცოლა, ნუ მაკამათებთ ეხლა პოლიტიკაზე და განსაკუთრებით ეკონომიკაზე, გთხოვთ დამაძინეთ. ხვალ არც საუზმეზე შეწუხდეთ, რადგანაც 7 საათზე უხმაუროდ გავიპარები“.

            „დარჩი ბიჭო, კაი ღვინო გვექნება ხვალ, აცანური“. -ჩაიცინეს ციხისჯვარელებმა.

            „ღვინოს, რომ სვამდნენ ქართველი პოლიტიკოსები პარიზში, იმიტომაც დავაგვიანეთ ერთა ლიგაში შესვლა, არ მინდა ლხინი, მამუშავეთ ხალხო – თორემ თუ მაშინ მე-11 არმიამ დაგიპყროთ, ეხლა ისლამური ბანკი მოგიღებთ ბოლოს“. – თქვა კონსტანტინემ და საწოლისაკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.

            „მაგი რაა?“ – იკითხა ბიძამ.

            „ახალი მარქსიზმი“. – თქვა კონსტანტინე ციხისჯვარელმა და ლოგინზე გაიშოტა.

            იმ დროს როცა ციხისჯვარელებს ეძინათ და იქნებ უკან დაბრუნებული ციხისჯვარი ესიზმრებოდათ ოსმალო ოსოი, ენვერ ფაშას მსგავსი სათვალითა და ულვაშით შემკული, სარაევოს კონფერენციაზე ტრიბუნაზე იდგა და თავის საყვარელ თემას თურქულად კითხულობდა.

კახაბერ ჯაყელი

2017 წწ

 

დავიწყე სტამბოლში 2012, მერე ტრაბზონში, ავტობუსში, შემდეგ დავამთავრე თბილისში, 2016 წლის ივნისში. დაიწერა მეჰმეტ ჰატიფის უნივერსიტეტის ლოგოთი შემცველი ავტოკალამით, რომელიც საწერად ვარგოდა მისი გამოყენებიდან 4 წლის შემდეგაც, 2016 წელს, როცა ის მე ჩემს კოსტუმის გულის ჯიბეში „ნაფტალინის“ ნაცვლად აღმოვაჩინე.

            ამგვარი ავტოკალამი ჯერ არ მქონია.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: