Posted by: burusi | 21/07/2017

შერვუდ ანდერსონი – ტენდი

1889, ბრეტონელი გოგონა ზღვაზე. პოლ გოგენი. Paul Gauguin

1889, ბრეტონელი გოგონა ზღვაზე. პოლ გოგენი. Paul Gauguin

ტენდი

შვიდ წლამდე ძველ, შეუღებავ სახლში ცხოვრობდა იგი, მიყრუებულ გზაზე, რომელიც ტრანიონ პაიკიდან გადიოდა. დედა არ ჰყავდა გოგონას, ხოლო მამა თითქმის არ უვლიდა. მთელ დროს რელიგიაზე ლაპარაკსა და ფიქრს უნდებოდა ტომ ჰარდი. იგი თავს აგნოსტიკოსად აცხადებდა და ისე იყო გატაცებული მეზობლების აზროვნებაში გამჯდარი ღვთის რწმენის განადგურებით, რომ ვერც კი ხედავდა ღმერთის ხატებას თავის პატარა ბავშვში, რომელიც მისგან ნახევრად მივიწყებული, გარდაცვლილი დედის ნათესავების ანაბარა იმყოფებოდა.

ერთხელ უაინსბურგში ერთი უცნობი ჩამოვიდა და ბავშვში შენიშნა ის, რასაც მამა ვერ ამჩნევდა. მაღალი ჟღალთმიანი ახალგაზრდა თითქმის ყოველთვის მთვრალი იყო. ზოგჯერ ნიუ უილარდ ჰაუზის წინ ტომ ჰარდისთან ერთად იჯდა ხოლმე სკამზე. როდესაც ტომი აცხადებდა ღმერთი არ არსებობსო, უცნობი თვალს უკრავდა და უღიმოდა იქ მყოფთ. ის და ტომი დამეგობრდნენ და ხშირად ერთად იყვნენ.

ეს ახალგაზრდა, კლივლენდელი მდიდარი ვაჭრის შვილი, უაინსბურგში საგანგებოდ ჩამოსულიყო. უნდოდა ლოთობა მოეშალა. ეგონა, თუ ქალაქელ ძმაბიჭებს თავს დააღწევდა და სოფლის ხალში გაერეოდა, ადვილად შეძლებდა თავისი დამღუპველი მანკის წინააღმდეგ ბრძოლას.

უაინსბურგში ყოფნაც უშედეგო აღმოჩნდა. დრო ზანტად მიდიოდა და უსაქმობისგან უფრო მეტს ლოთობდა, მაგრამ მაინც მიაღწია რაღაცას – ტომ ჰარდის ქალიშვილს ღრმა მნიშვნელობის სახელი შეარქვა.

ერთ საღამოს ახალგაზრდა კაცი ღრეობიდან ბრუნდებოდა და ბარბაცით ქალაქის მთავარი ქუჩისკენ ჩაიარა. ტომი ნიუ უილარდ ჰაუზის წინ სკამზე იჯდა. მუხლებზე თავისი ხუთი წლის გოგონა დაესვა. იქვე, ტროტუარის კიდეზე ახალგაზრდა ჯორჯ უილარდი ჩამომჯდარიყო. უცნობი მათ გვედრით სკამზე დაეშვა. სხეული უცახცახებდა, ხმა უთრთოდა.

კარგა შეღამებული იყო. ქალაქსა და სასტუმროს წინ პატარა აღმართის ძირში გამავალ რკინიგზას სიბნელე დასწოლოდა. სადღაც შორს, დასავლეთიდან ორთქმავლის გაბმული კივილი მოისმა. გზატკეცილზე მძინარე ძაღლი წამოხტა და შეჰყეფა. უცნობმა ბოდვა დაიწყო და აგნოსტიკოსის მკლავზე მწოლარე ბავშვზე წინასწარმეტყველებას მოჰყვა.

_ აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ სმა მივატოვო, – თქვა და ღაწვებზე ღვარად ჩამოუვიდა ცრემლები. ტომს არ უყურებდა იგი, წინ გადახრილიყო და სიბნელეში იცქირებოდა, თითქოს რაღაც ელანდებაო.

– სოფელში განსაკურნავად გამოვიქეცი, მაგრამ ვერ განვიკურნე. მიზეზი სხვაა. – დაუმატა მან, მიბრუნდა და ბავშვს შეხედა. ბავშვი მამის მუხლებზე წამოიწია და მანაც მზერა მიაპყრო უცნობს.

უცნობი მკლავზე შეეხო ტომს.

– მარტო ლოთობით არა ვარ შეპყრობილი, – თქვა მან, – სხვა რაღაც მაწუხებს. მე მიჯნური ვარ, მაგრამ სატრფოსთვის ვერ მიმიგნია ჯერაც. ეს უბრალო საქმე როდია, თუკი გესმით რას ნიშნავს. ეს მე დამღუპავს, გამანადგურებს! ეს ყველას არ ესმის!..

მერე დადუმდა, ეტყობა სევდა მოერია, მაგრამ ორთქმავლის ხელახალმა კივილმა გამოაღვიძა.

– რწმენა ჯერ არ დამიკარგავს, გესმით, არ დამიკარგავს. მაგრამ ჩემს იმედებს აღსრულება არ უწერია. – წარმოთქვა ხრინწიანად, ბავშვს დაჟინებით ჩააცქერდა და მამისკენ არც გაუხედია, ისე მიმართა პატარას. ამჯერად მისი ხმა მკვეთრი და სერიოზული იყო.

– აი მომავალი ქალი! მაგრამ ის ჩემთვის არ დაბადებულა. მე მას ავცდი, მან ვერ მომისწრო. გესმის, იქნებ შენ ხარ ის ქალი, ვისაც მე ვეძებ? ნუთუ ეს არის ჩემი ბედისწერა – შევხვდე მას მხოლოდ ერთხელ და ისიც ასეთ საღამოს, როცა მე სმისგან მთლად განადგურებული ვარ, ის კი ჯერ ბავშვია, ნამდვილი ბავშვი!..

უცნობს მხრები საშინლად უცახცახებდა, ხელები უკანკალებდა. სცადა პაპიროსი გაეხვია, მაგრამ ქაღალდი ხელიდან გაუვარდა, გაბრაზდა და საყვედურებს მოჰყვა.

– ადვილი ჰგონიათ იყო ქალი, ადვილი ჰგონიათ შეგიყვარონ, მაგრამ მე უკეთ ვიცი, რას ნიშნავს ეს. – წამოიძახა მან და ისევ ბავშვს მიუბრუნდა: – ეს მხოლოდ მე მესმის, შესაძლოა, ყველა მამაკაცთა შორის მხოლოდ მე მესმის!..

შემდეგ მზერა კვლავ ჩაბნელებულ ქუჩას მიაპყრო და განაგრძო:

– მე იმ ქალს კარგად ვიცნობ, თუმცა არასოდეს მინახავს იგი. ვიცი რამდენი ბრძოლა და რამდენი მარცხი განუხდია. სწორედ ამ მარცხის გამომიყვარს იგი. ტანჯვამ მასში ახალი თვისებები განავითარა. მე მისთვის სახელიც მაქვს შრჩეული. მა მას ტენდის ვუწოდებ. ეს სახელი მაშინ მოვიგონე, როცა ნამდვილი მეოცნებე ვიყავი და ჩემი სხეული ჯერ კიდევ არ იყო გახრწნილი. ჩემს ტენდის ის ძალა აქვს, რომლის გამოც ქალს შეიყვარებენ ხოლმე. ეს ისეთი რაღაცაა, რასაც მამაკაცები მოითხოვენ ქალისაგან, მაგრამ ვერ ღებულობენ…

იგი წამიდგა და ტომ ჰარდის წინ გაჩერდა, აქეთ-იქით ირხეოდა, წაქცევაზე იყო. მაგრამ არ წაიქცა, მუხლებზე დაეცა, გოგონას ხელები გალეშილ ტუჩებთან მიიტანა და გაშმაგებით დაუწყო კოცნა.

– იყავი ტენდი, პატარავ! – შეევედრა იგი. – გაბედე და იყავი ძლიერი, მამაცი! აი შენი გზა! არაფერს შეუშინდე! იყავი მამაცი, რომ შეგიყვარონ. იყავი ჩვეულებრივ ადამიანზე მეტი, იყავი ტენდი!..

მერე ისევ წამოდგა და ბარბაცით ჩაჰყვა ქუჩას.

ერთი თუ ორი დღის შემდეგ უცნობი ისევ კლივლენდს გაემგზავრა.

ტომ ჰარდიმ კი ზაფხულის იმ საღამოს სასტუმროს წინ საუბრის შემდეგ გოგონა წაიყვანა ერთ-ერთ ნათესავთან, სადაც ბავშვს ღამე უნდა გაეთია.

სიბნელეში ხეების ქვეშ მიმავალ ტომს გადაავიწყდა კიდეც უცნობის ბოდვა და გონებით ისევ საფიქრალს დაუბრუნდა, ცდილობდა ისეთი არგუმენტი გამოეძებნა, რომლითაც შეძლებდა ხალხში ღვთის რწმენის განადგურებას. გზად გოგონას სახელით მიმართა, მაგრამ ბავშვმა ტირილი დაიწყო.

– არ მინდა ეგ სახელი, მე ტენდი მინდა მერქვას, ტენდი ჰარდი! ამბობდა იგი და თან ისე მწარედ ტიროდა, რომ მამას გული აუჩვილდა და შვილის დამშვიდება სცადა. ხის ქვეშ შეჩერდა, ბავშვი ხელში აიყვანა და მოეფერა. მერე კი მკაცრად უთხრა, გეყოფა, გაჩუმდიო, მაგრამ გოგონა ვერ წყნარდებოდა. ბავშვური თავდავიწყებით მისცემოდა სევდას და მისი ქვითინი არღვევდა ღამის მდუმარებას. – მე ტენდი მინდა ვიყო, ტენდი ჰარდი! – იძახდა იგი, თავს იქნევდა და ქვითინებდა. თითქოს მის ჩვილ ძალას ვერ დაეძლია ლოთის სიტყვებით შექმნილი ხილვა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: