Posted by: burusi | 21/05/2017

ანდრე ჟიდი “სსრკ-დან დაბრუნება” 1937

André Gide "Return From The U S S R"

ანდრე ჟიდი “სსრკ-დან დაბრუნება” 1937

“ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვაფასებთ იმას, რასაც შევეჩვიეთ. საკმარისია ერთხელ მოხვდე საბჭოთა კავშირში, რათა გააცნობიერო, რაოდენ ფასდაუდებელია აზრის თავისუფლება, რომლითა საფრანგეთში ჯერ კიდევ ვტკბებით”

“არა მგონია, რომ დღეს რომელიმე სხვა ქვეყანაში, ჰიტლერულ გერმანიაშიც კი, ცნობიერება ასეთი არათავისუფალი, უფრო შევიწროებულ-დაბეჩავებული, უფრო დაშინებული (ტერორიზებული), უფრო დამონებული იყოს, როგორიც საბჭოთა კავშირშია”

“საბჭოთა მუშა ისეა მიჯაჭვული ქარხანასთან, სოფლის მკვიდრი კი კოლმეურნეობასთან, როგორც იქსიონი თავის ბორბალთან. და თუ ის უკეთესი ხვედრის ძებნას დაიწყებს, შეიძლება საერთოდ მიუსაფარი დარჩეს. თვით ქალაქის ფარგლებშიც კი რომ მოისურვოს ქარხნის შეცვლა, ის კარგავს ბინას, რომელიც მან ასეთი ძალისხმევით მიიღო სამსახურიდან. მეორეს მხრივ, თუ მუშას შესთავაზებენ სამუშაოს ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, მას არ შეუძლია არ დათანხმდეს. მას არ აქვს ადგილის არჩევის უფლება, არც სადმე შეუძლია წასვლა და არც იმ ადგილას დარჩენა, სადაც მოსწონს, და რომელთანაც სიყვარული ან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. საბჭოთა მუშა თუ უპარტიოა, პარტიული ამხანაგები დაჯაბნიან. პარტიაში შესვლა, მისი წევრობა (რაც ადვილი საქმე არაა და, უკიდურეს ორთოდოქსალურობას და შემგუებლობას მოითხოვს) წარმატების პირველი და აუცილებელი პირობაა”

“როცა საფრანგეთში პარტიულ გაზეთს უნდა ვინმეს დისკრედიტირება პოლიტიკური მოსაზრებით, ის ამ ბინძურ საქმეს ამ კაცის მტერს ავალებს. სსრკ-ში ამას უახლოეს მეგობარს ავალებენ. და კი არ სთხოვენ – მოითხოვენ. საუკეთესო ქმედება ის ქმედებაა, რომელიც გამცემლობითაა გამყარებული. მთავარია, რომ მეგობარი გაემიჯნოს კაცს, რომელსაც დაღუპვას უპირებენ და წარმოადგინოს მტკიცებები. თუ არ იგარეწრებ და მეგობარს არ გაყიდი, მასთან ერთად დაიღუპები”.

“ჩვენ გვეუბნებიან: პროლეტარიატის დიქტატურააო. ჩვენ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს ასე არაა. სულ უფრო მტკიცდება ბიუროკრატიის დიქტატურა პროლეტარიატზე. პროფკავშირებმა და საბჭოებმა არსებობა 1924 წ. შეწყვიტეს. ბიუროკრატიის სადავეები პოლიტბიუროს დამორჩილებულ 25000 მოსამსახურისგან შედგენილ “აპარატს” უპყრია ხელთ”

რა უნდა იფიქრო, როდესაც ასეთი სიღატაკის ვითარებაში აპირებენ ეროვნული სახსრები საბჭოების (განსვენებული საბჭოების) სასახლის მშენებლობას მოახმარონ. 415 მეტრის შენობა (ნიუ-იორკის მცხოვრებლები შურისგან გაფითრდებიან) დაგვირგვინდება უჟანგავი ფოლადისაგან გაკეთებული ლენინის 70-80 მეტრიანი ქანდაკებით. ლენინის თითი რომ თითია, ის 10 მეტრი სიგრძისა იქნება. ისიც საქმეა, რომ მუშას ეცოდინება, თუ რისთვის კვდება შიმშილით. მან ისიც კი შეიძლება გაიფიქროს, ამისთვის სიკვდილი ღირსო.პური არ აქვს მაგრამ სამაგიეროდ იამაყებს და რაც ყველაზე უფრო შესანიშნავია – მასებს აიძულებენ დაუჭირონ, თანაც ერთსულოვნად, ერთხმად დაუჭირონ მხარი ამ სასახლის აგებას. ხალხს ჰკითხავენ, თუ რა უნდა მას პირველ რიგში: კეთილდღეობა თუ სასახლე? და არ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც არ იტყოდა, თავის თავს მოვალედ არ ჩათვლიდა ეთქვა: ჯერ სასახლე მინდაო!

“სსრკ-ში იყო დაღონებული, მოწყენილი, ან, ყოველ შემთხვევაში, ეს არ დამალო, – მეტისმეტად საშიშია. რუსეთი ის ქვეყანა არაა, სადაც დაჩივლება შეიძლება. ამისთვის არსებობს ციმბირი”

“თუმცა, გვმართებს რუსი ხალხის შემგუებლობასთან გათვალისწინებაც. ეს “კატისებური სიცოცხლისუნარიანობააო”, ამბობდა დოსტოევსკი, რომელსაც უკვირდა, გაუგონარ ტანჯვა-წამებათა ჯოჯოხეთგამოვლილმა ხალხმა როგორ გადაირჩინა თავი და როგორ არ დაიკლო რაოდენობრივად. მისი აღუხოცველი სიცოცხლისმოყვარეობა შერწყმულია აპათიასა და გულგრილობასთან”.

“ისინი ცრუობენ. ყველანი ცრუობენ, – გვეუბნებოდა ჩვენ თბილისში X, – მათ დაკარგეს ყოველგვარი წარმოდგენა რეალობაზე. ისინი განყენებული თეორეტიკოსები არიან”. ხმა აღელვებისაგან უცახცახებდა. და, ბოლოს ამოთქვა ფრაზა: “მათ დაავიწყდათ, თუ რა არის ფესვები”.

“ბათუმისკენ მივდივართ ავტომობილით, ჩემი თანამგზავრები აღფრთოვანებულნი არიან გზის ორივე მხარეს ჩარიგებული ცოტა ხნის წინათ დარგული ხეებით – რამდენიმე წლის შემდეგ მათი ჩრდილი ჩინებული რამ იქნება! მე აღარ ვეუბნები, რომ ყველა ხე დამჭკნარია. უეჭველად, უდროო დროს დაურგავთ, ამიტომაც ვერ გაიხარეს. ალბათ, ადამიანებმა, რაკი შეკამათება ვერ გაბედეს, შეასრულეს ზემოდან დაშვებული ბრძანება, ხოლო ბრძანებას ხეც უნდა დაემორჩლოს და ადამიანიც”.

“სოხუმში დიდი მაიმუნსაშენია. მე მოვისურვე გამეგო, საიდან მოჰყავთ მაიმუნები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ისეთსავე გაჭიანურებულ და წინააღმდეგობრივ ცნობებს იძლევიან, როგორც ზღვისიქითურ კოლონიებში. არიან ადამიანები, რომლებიც უაზრო, უშინაარსო მრავალსიტყვაობისაკენ არიან მიდრეკილნი. აგერ, ა, მომხიბვლელი ქალბატონი ამხანაგი ბოლია, რომელიც გიდად და თარჯიმნად გვყავს მომაგრებული. მას არაფერი აცბუნებს, ნებისმიერ კითხვაზე გვპასუხობს. თანაც ამა თუ იმ საკითხზე რაც უფრო ნაკლები იცის, მით უფრო მეტი დაჯერებით ლაპარაკობს. მას თავისი უვიცობა სულაც არ ადარდებს, და ეს გვაფიქრებინებს, რომ ყველაზე კატეგორიული მტკიცებების მიზეზი შეიძლება სწორედ შეუგნებელი უვიცობა იყოს. სწორედ ასეთია ამ ადამიანთა თავისებურება, ასეა მოწყობილი მათი გონება, რომელიც გაურკვევლობით, მიახლოებითობით კმაყოფილდება.
– შეგვიძლია გავიგოთ, თუ საიდან მოიყვანეს ეს მაიმუნები?
– რასაკვირველია. ეს იოლი საქმეა. (და ბოლია ამას უკვე ჩვენს თანმხლებ პიროვნებას ეკითხება)
– მაიმუნების უმეტესობა აქ დაიბადა. დიახ, თითქმის ყველა აქ დაიბადა.”

ანდრე ჟიდი, წიგნიდან “სსრკ-დან დაბრუნება” 1937

წიგნის PDF ვერსია იხილეთ ბმულზე

ანდრე ჟიდი “სსრკ-დან დაბრუნება”

წყარო: “საუნჯეს” 1993 წლის N 5-6; 1994 წლის N 1-2 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: