Posted by: burusi | 24/04/2017

კახაბერ ჯაყელი – მესაზღვრე ერისთავი – ბეშქენ II ჯაყელი (1118 წელი)

ჯაყელები, საფარა

X თავი

მესაზღვრე ერისთავი – ბეშქენ II ჯაყელი (1118 წელი)

ჯაყელთა  1000  წელი – გაგრძელება

თავდასხმა აღდგომის ღამეს – ბეშქენ II ჯაყელის  თურქთაგან მოკვდინება

1118 წელი

ჯავახეთის გზა რომ მგლის ბილიკი იყო – იცოდა სელჯუკთა სარდალმა ულუ-სიქარმა, რომელსაც დიდი ლაშქრობებისაგან დასვენების დროს უყვარდა მარბიელი ცხენოსანი ჯარით უცხო მიწაზე უეცარი სტუმრობა.

საუკეთესო ცხენები დიდხანს დგომას არ მიაჩვიო – შვილო სიქარ, – ჩასძახოდა ყურში მამამისი, გარდაცვლილი სულთანი მარაშისა. რაც მამა დაკარგა, მას შემდეგ აისხა იარაღი სიქარმა და ურწმუნოთა წინააღმდეგ რამოდენიმე ომში ჭეშმარიტი მაჰმადიანის ერთგულებითა და გულმოდგინებით იომა.

სიქარის ძმა ქარიაფა მამის შემდეგ რომ სულთნად დაჯდა წერილს წერილზე უგზავნიდა ულუ-სიქარს, დამიბრუნდიო სთხოვდა და მზად იყო მისთვის ნახევარი სასულთნო გაეყო. მზეთუნახავი ქიაფირებითა და მხევლებით შემორტყმული ქარიაფა, სასახლესაც გაუყოფდა ერთადერთ ძმას თუ იგი დაბრუნდებოდა და სულთნის სასახლეში მეორე კაცად დაბრძანდებოდა.

ძმის სასახლის წარმოდგენისას იღიმებოდა ულუ-სიქარი, ეხლა ამ წუთას, თავისი ათასეულით რომ მიუყვებოდა ჯავახეთის გზას უკუნ ღამეში. „მშვიდობის მოყვარული წითელ-წვერა ქარიაფა ზის ეხლა თავისი ცოლებით გარშემორტყმული და მიირთმევს ალბათ ცხელ კაჰვეს ტუჩების დაფუფქებამდე, ამ დროს შემოაქვთ მის მრავალრიცხოვან ბავშვებს უთვალავი ტკბილეული და ბრძენი ფარიხ ადდინი, სულთნის მარჯვენა მხარეს რომ გადაწოლილა, ხმამაღლა უკითხავს მათ ისკანდერიზის ლექსებს, ოჰჰჰ ჩემო სულო, ოჰ ჩემო ვნებავ, მოიცა როგორ არის…..გავიხსენო, ლაშქრობებმა ლამის გამომაშტეროს –

„ოჰ სულო ჩემო შემოიძარცვე შენი სამოსი

ძუძუთა შორის რომ ხევია იქ შემახედე

წესად არა მაქვს რომ აგხადო ძალად ნამუსი

ძუძუთა შორის ხევი როა იქ შემაფერხე“

აღიღინდა თეთრჩალმიანი რაინდი და ცხადად წარმოიდგინა თუ  როგორი მოთენთილობით მიმოდიან ვეზირები მარაშის სულთნის კარზე და ყველა, დიდი და პატარა ელოდება დაღამებას, რათა ბნელი ცის-კამარის ქვეშ  თავის საყვარელ მხევალთან განმარტოვდეს და ბოლომდე მიიყვანოს საქმე დაწყებული წინა ღამეს, როდესაც თბილი თაფლი გაზავებული გურჯისტანის მოტკბო წითელ ღვინოში  ძუძუს თავებზე ქონდათ ნაპკური ალებსატრივით თეთრ-ბეჭიან ქალებსა თუ კაკაბივით მოგოგმანე სპარსელ ღულამებს, რომელთა დამღუპველი სინარნარე გონებას ურევდა მრავალ მარაშელ დიდგვაროვანს.

ოჰ შაითან – აი ეს არის რომ გვასუსტებს და ძალას გვაცლის, მოთენთილობა, ქიშმიშნარევი კაჰვეთი ტუჩების გამოფუფქვა, ტკბილი ფლავით მუცლის გაბერვა, გურჯების ღვინით თრობა, სომხის, ბერძნისა თუ ებრაელი ქალებით მოყირჭვა, დაირის ხმაზე როკვა და ცხელი შადრევნის პირას დაძინება, მეორე დილას საკუთარი თავის ვერ ცნობა და პირით იმის ღებინება რაც წყეულმა გვაჭამა და გვასვა – ჩურჩულებდა ძმის წარმოდგენისას ულუ სიქარი და უკვე გახარებული იყო იმით, რომ წმინდა ჯიჰადის ერთ-ერთი მძლავრი სარდალი იყო და ეხლა სწორედ ურმუნოების ქვეყნის გულისაკენ ჯავახეთისაკენ მიემართებოდა.

რა იცოდა სიქარმა ჯავახთა შესახებ, ეს უკვე საკითავი იყო. ხალიფას კარზე აღზრდილი ვაჟკაცი თავისუფლად ფლობდა არაბულსა და სპარსულ ენებს, თურქულთან ერთად – მის მიერ ჭადრაკისა და კილიჯის (ხმალი თურქული) შეთვისება, ბავშვობიდან გავლილი ფათერაკიანი გზის გაადვილების წინაპირობა იყო.

„მამის კარზე რომ ჭადრაკი ძალად არ ესწავლებინათ ჩემთვის, განა მოვიგებდი კი იმ ბრძოლებს, რომელთა შინა გამარჯვება ჩემთვის სასიცოცხლო იყო, ან კი კილიჯის შეუთვისებლად აქამდე ხომ ათასამდე ბროლას, ლაშქრობასა და წმინდა ჯიჰადის სამსახურში ყოფნას საეჭვოდ გადავაქცევდი?“-ფიქრობდა სიქარი, და იგონებდა განჯაში დატოვებულ შვიდი წლის ერთადერთ ვაჟს, რომელსაც დამშვიდობების ღამეს კიდევ ერთხელ დახედა სალაშქროდ გამზადებულმა ულუ სიქარმა. მოწითალო თმიან გასაოცარი სილამაზის მირზას დედის გვერდით ეძინა, სიქარმა ინდური ქვებით მოჭედილი მცირე ზომის ჭადრაკის ყუთი სასთუმლის ქვეშ ამოუდო მირზას, შუბლზე აკოცა მას, უეცრდად გამოღვიძებულ ლურჯთვალება ფათმან ხათუნს თვალი ჩაუკრა და მხედრის მოქნილობით სწრაფად დასტოვა, მისი სიმამრის ალი-მორდალის სასახლის კარი.

„ჯავახეთში გავინადირებთ, ნადავლს მოვკრეფ, ძალას მოვიკრებ და მარაშში ძმას ვეახლები, მისი სასახლის გვერდით ფირუზის-ფერ, აივნებიან სასახლეს დავდგამ, მშობლების მავზოლეუმთან ახლოს. ხშირად მივალთ მე და სულთან ქარიაფა მამისა და დედის საფლავზე. იქვე შადრევანი რომაა, მაგ შარდევანთან ჩამოვჯდები, ბრძენი ისკანდერიზის ლექსებს წავიკითხავ, სპარსული პოეზიის ასპარეზობებს გავმართავ, თურქ პოეტს იქ არ გავაჭაჭანებთ, ვიქნებით წყნარად, გამოვრზდით შვილებს – ჩემს მირზას მეცნიერად ავღზრდი, ეყო ჩემს გვარს რაც იომა და სისხლი ღვარა, რა სჯობს იმის მიღწევას, რასაც დიდი ბრძენი ეწოდება. თუ მირზამ წიგნი შეიყვარა და კილიჯი (მოხრილი გრძელი სელჯუკური ხმალი) შეიძულა, ბედნიერი კაცი ვიქნები, აწი ჩემი ძმის შვილებმა, სულთნის ძეებმა იქნიონ თავისი ხმალი, საკუთარი სასულთნოს დასაცავად, მე კი,  თუ მირზა გამომყვა, თუ ფატმან ხათუნმა თავისი ჯიშით არ აიყოლია ის, ჩემი უსაყვარლესი მირზას მსახური ვიქნები, სადაც ის წავა მეც თან წავყვები ლანდივით, ხორასანში გინდა შვილო განათლების მიღება კი ჩემო ბეი, სასახლეს აგიგებ ხორასანში და მე მამა შენი მცველად დაგიდგები, ბუხარაში გინდა ექიმობის ხელოვნების შესწავლა, მე შენი დერვიში ვიქნები ჩემო ერთადერთო, ისფაჰანში მოისურვე ალ-ჯებრისა (ალგებრა) და ალ – მუკაბალას (გეომეტრია) შეთვისება, მე შენი მუსტასიბი ვიქნები, ამ გრძელ ხმალს – სუფიას ჯოხში საფუძვლიანად დავმალავ და მოგყვები ჩემო ვარსვლავო“ – ჩურჩულებდა სელჯუკთა სარდალი, ჯავახეთის მთებზე რომ მიუყვებოდა, მოკიაფე ვარსკვლავებს შორის, საკუთარი ვაჟის მომავალ მბრწყინვალებას შეჰხაროდა.

***

ადგომის წირვის წინ საზეიმოდ გამოეწყო ჯავახეთი. დიდი მარხვა თავის საზეიმო დასასრულს მიახლოვებულიყო. მეწამულისფერი ცა ქუდივით ეხურა დედამიწას და ბუნება სთვლემდა თითქოს იმ კუთხეში, რასაც დიდი მესხეთი ერქვა. ჯავახეთი ხომ მესხეთის განუყრელი ნაწილი იყო, მაგრამ ეს განუყრელი ნაწილი უამრავი სისხლიმგვრელი შეტაკების მნახველი გახლდათ.

ჩვენი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში ჯავახეთი ქართული კუთხე იყო, მაგრამ მისი დიდი ნაწილი მალე დაპყრობილი იქნა სომეხთა მიერ.  „დიდი ჰაიქის“ შემადგენლობაში ჯავახეთის ზოგიერთ თემს მანამ გაუძლია , სანამ არშაკუნების სომხური დინასტია სრულიად არ იქნა განადგურებული. ამ დროს და მის შემდგომ ჯავახეთის დიდ ნაწილს ვარძავუნთა გვარის ფეოდალები მართავდნენ. მე-10 საუკუნეში ჯავახეთის ნაწილი დროებით ისევ სომეხი ბაგრატუნების სამფლობელოში მოექცა.  მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში – მთელი ჯავახეთი და მათ შორის სომეხთა დაპყრობილი თემები, ძალით დაიმორჩილეს ადგილობრივმა ჯაყელებმა, რომელთა ხმლის ძალამ გადასძლია ვარძავუნთა ნაშიერებს. დაბა ზრესკის მიდამოებში ჯაყელებმა პირწმინდად გაანადგურეს ახალ – ვარძავუნთა სომხური მხედრობა და მხარე მანამდე ჩაიგდეს ხელთ, სანამ მათ საქართველოს მეფე, მათ ამ კუთხეს საერისთავო უფლებით დაუკანონებდა. დაბა ზრესკის მიდაომებში არსებული სომხური სასულიერო კერა გამარჯვებულმა ჯაყელებმა შეუნარჩუნეს დაყმევებულ სომხებს და ეხლა სწორედ იქით მიაგელვებდნენ ისინი თავიანთ ბედაურებს.

***

ბეშქენ ჯაყელს ელოდნენ მესხები ზრესკის საყდარში. თუხარისის ერისთავი დიდი დავით მეფის უახლოეს კაცად ითვლებოდა ერისთავებს შორის. არადა მეფე და ერისთავი არც ერთად გაზრდილან და არც ასაკით იყვნენ ტოლ-სწორი. დავით IV ბაგრატიონი დიდად აფასებდა თუხარისის ერისთავს. მის ერთგულებას, თავდადებას და ჭკუას ყოველთვის გამოარჩევდა ხოლმე. სამხედრო თამაშების დროს, მხოლოდ ბეშქენს შეეძლო დიდი მეფის სამხედრო ამოცანის ზედმიწნევნით შესრულება და როგორც ჩანს მისმა ჩაფიქრებულმა, განზრახვაზე მომართულმა გონებამ, მცირედით კმაყოფილებამ ლაშქრობის დროს, სულიერმა სიმშვიდემ და განსწავლულობამ ბეშქენ ჯაყელს განსაკუთრებული ადგილი მოუპოვა დავით აღმაშენებლის გონებასა და გულში.

„აი ამგვარი მეომრები და ამგვარი სარდლები მინდა ყოველი კუთხით და მთელს სპარსეთს, ხორეზმსა და ჩინმაჩინის იმპერიებს საქართველოს ყმადნაფიცად გადავაქცევდიო“-უთქვამს ერთხელ დავით მეფეს თავისი ამალის წევრთა გასაგონად.

ამალას გაუგია მეფის სიტყვები და ბეშქენ ჯაყელის მოსპობა გადაუწყვეტია.

***

ზრესკის საყდარში – ეპისკოპოსის საზაფხულო რეზიდენცია იყო, სწორედ იქ ელოდა ბეშქენი თავის მესხებს და სახლთუხუცესს. ჩირაღდნებით იყო განათებული ეზო როდესაც ლასურისძე შემოუძღვა მესხ აზნაურებს ისინი შედგნენ და ბეშქენ ჯაყელს გადაეხვივნენ. ლასურისძე მიეტევა ჯერ თავის აღზრდილ ერისთავს, დიდი ხნის უნახაობით მოიკითხეს ერთურთი ბეშქენმა და ლასურისძემ.

  • მნიშვნელოვანი საქმე მაქვს თქვენთან – ბრძანა დავით მეფის ამალიდან საიდუმლოდ შემოქცეულმა ბეშქენმა და აზნაურები მის გარშემო დაირაზმენ – „დიდი ომი გველის?“ – იკითხა ერთმა. ბეშქენი უმალ შემოტრიალდა და იმას რომელიც ომი გველისო კითხულობდა უთქმელად თვალებში ჩააცქერდა.

ბეშქენ რკინისებური მზერა ჰქონდა მაგრამ რაღაც შეცვლილა, უფრო ჩაფიქრებული გამხდარა – გაიფიქრა გამზრდელმა ლასურისძემ და თუხარისის ერისთავის წინ, ხის ტახტებზე დაბრძნდითო უთხრა აზნაურებს.

***

„დიდი ომი გველისო რომელმან იკითხა, მოვიდეს ჩემთან“ – თქვა უეცრად ბეშქენ ჯაყელმა. წამოდგა ჭაჭკარის ერის-მამასახლისი,  არგვიანი ზაბახა და გაკვირვებული სახით მიუახლოვდა ბეშქენს.

  • აი თქვენს წინაშე ვარ მე, როგორც დუშმანი. ამოიღე სატევარი და დამარტყი, ვნახოთ თუ ხარ მზად დიდი ომისათვის. – თქვა წაბლისფერ წვერულვაშიანმა ბეშქენმა და ზაბახას თვალი თვალში გაუსწორა.

არ ელოდა ჭაჭკარელი, პატრონისაგან ამგვარ გამოწვევას, გაკვირვებით გადახედა სხვა აზნაურებს და როცა თავად სახლთუხუცესის მდუმარე თვალებს მიაკვლია, მიხვდა რომ უკან დასახევი გზა არ ქონდა და თითქოს ზარმაცად დაიდო ხელი სატევარზე, მაგრამ უეცრად ახტა და პატრონს მივარდა. თავისი ძალის იმედი მუდამ ჰქონდა, სისწრაფეც არ აკლდა და პატრონს მთელი სიმძლავრით რომ დაესხა თავს, ამგვარს მაინც არ მოელოდა. წამში ბეშქენმა უკან გადადგა ნაბიჯი ზაბახამ თავი ვერ შეიკავა, თუხარისის ერისთავის მძლავრმა მარჯვენამ მას ხელი ზურგს უკან მოუქცია და ზაბახა მიწაზე წამოაჩოქა.

  • დააგდე სატევარი, არ ხარ მზად ომისათვის ზაბახა ჭაჭკარელო, მინდა ყველამ გაიგოს ის რაც დავით მეფემ დამაბარა თქვენთან – გონს მოეგეთ, აზნაურნო, მარტო პირობის მიცემა არაფერს არგებს ჩვენს სამეფოს, თუ არ გაიწვრთნეთ, თუ არ შეითვისეთ და ისწავლეთ – იცოდეთ სელჯუკს ვერ დავამარცხებთ.
  • რა უნდა ვისწავლოთ ბეშქენ ბატონო, ხმალსა და სატევარს ბალღობიდან ვსწავლობთ – იხუმრა სახლთუხუცესმა.
  • აქ სატევარზე არ არის საქმე, თურქის დამარცხება არ არის იოლი, მეფეს სამი წელი დასჭირდა იმისათვის რომ ჩვენი მხედრობა ველზე სელჯუკთა ლაშქართან გაეტოლებინა. ლასურისძევ, შენი იცი – თურქთა შეძახილზე შიში ეპარებოდა გიორგი მეფის სპას და მთისაკენ გარბოდა, რადგანაც ველზე დგომას არ იყვნენ ჩვეულნი ისინი.
  • მართალი ხარ შვილო – თქვა ლასურმა და ამ დროს გულზვიადად ამოიღეს ხმა დანარჩენმა აზნაურებმა:
  • რა ვისწავლოთ და სად, ჩვენ მზად ვართ მეფისათის მოვკვდეთ ბეშქენ პატრონო – ამბობდა სათლის ერისთავიშვილი გიორგი, რომელიც თვალებს ხშირ ხშირად ახამხამებდა და როგორც ჩანს ჩირაღდნის შუქზე მხედველობა უჭირდა.
  • დაშოშმინდით და მოისმინეთ თუ რა მესაუბრა დიდმა მეფემ – ბრძანა ბეშქენ ჯაყელმა და დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა.

რასაც ბეშქენ II ჯაყელი უამბობდა თავის რჩეულ აზნაურებს, ეს ამბავი ათიოდე დღის წინ ოქროს ქვაბში მოხდა ტაბაწყურის ტბის პირას.

***

დევის ქვაბულის განაპირას, ტბის პირას ასიოდე მხედრით გარშემორტყმული ლოდზე იჯდა დავით მეფე და თავის ყველაზე გამოცდილ და გაბედულ ერისთავს – ელოდა, რომელსაც მისთვის მთავარი ამბავი უნდა ეცნობებინა. ამ მთავარი ამბის გაგებას ისე მიელტვოდა დავით მეფე რომ მას წაღვლის ციხეში ან გეგუთის სასახლეში გული აღარ უდგებოდა და თავად შესახვედრად გამოელაშქრა, ბაკურიანისა და ციხისჯვარის მიმართულებით.

ციხისჯვარელი ფეოდალები გაბრთხილებულები იყვნენ რომ მეფე მათ მიწაზე უჩუმრად გადაადგილდებოდა და ისინიც გულის ბაგაბუგით ელოდნენ დაძახებას დავითისაგან. სანამ იგ მათ არ დაუძახებდა, მანამ ისინი თავიანთი მხრიდან ყოველგვარ ქმედებას მიუღებლად სთვლიდნენ.

თორელნიც ელოდნენ მეფეს, მაგრამ დავითი იდუმალი მბრძანებელი იყო, ამიტომაც თორელნიც გულდინჯად მიელტვოდნენ მეფისაგან მოვლინებულ მალემსრბოლს რომელიც არ ჩანდა. თორის ციხეებზე გუშაგები არემარეს გადაჰყურებდნენ მაგრამ ჩქამიც კი არ იძვროდა.

დავითი კი ამ დროს ტბის პირას იჯდა და ბერძნულ წიგნს კითხულობდა ეპიმანონდას სტრატეგიის შესახებ და ხანდახან ცას აჰხედავდა.

მეფის ლურჯი თვალები, ცის შუქზე კიდევ უფრო გადაკრიალდებოდა და მაღალი მთების თავანკარა ტბებს დამესგავსებოდა. დავითი მუდამ რაღაცას იწერდა, მისი ხელწერა, უნაგირსა და ფარზე გადაშლილ პერგამენტს რომ უეცრად აზრებით აავსებდა იმ დროინდელ კაცთათვის მისაბაძი იყო.

ჩუხჩები გაფრთხილებულები იყვნენ რომ მეფესთან ბეშქენ II ჯაყელი შემოეშვათ. მკაცრი იყო ჩუხჩთა ათასეულისთავი გაბრიელი და იგი ზედმიწნევნით ასრულებდა მეფის სურვილებს.

დიდ მარხვის ჟამი იდგა და ჯვალოს სამოსიანი, მარტოოდენ მოკლე ხმლისა და სატევარის ამარა მორთული ბეშქენ ჯაყელი, მისთვის დამახასიათებელი სიდინჯითა და თავმდაბლობით მიუახლოვდა, ლოდებს შორის ჩასაფრებულ სამეფო ჩუხჩებს. გაბრიელი მიუახლოვდა ბეშქენს, ისინი ერთმანეთს თავის დაკვრით მიესალმენ და შემდეგ ჩუხჩებმა გაბრიელის ნიშანზე, ერისთავისათვის გზა გახსნეს.

იარაღი – ჩუხჩების ფეხებთან დააწყო თუხარისის ერისთავმა და მარტო ერთი წიგნის ამარა ეწვია, დევის ლოდზე მჯდომ, მაღალ გამხდარ, სახეაწითლებულ, წაბლისფერ წვერულვაშიან, უბრალო ბიზანტიურ ლაბადაში გახვეულ მამაკაცს, რომელსაც ჭაღარა უკვე საფუძვლიანად შეჰპარვოდა.

  • მობრძანდი ბეშქენ ჯაყელო, მოდი გადაგეხვიო, ჩემო მესხო, განსწავლულობითა და აზრით მდიდარო კაცო – თქვა დავით მეფემ, წამოიმართა და თუხარისის ერისთავი გულში ჩაიკრა.

გაბედული და თავგანწირული მეფე წრფელი გულით უყვარდა ახალგაზრდა ბეშქენ ჯაყელს, რადგანაც საკუთარი მამა მურვანი გვერდით აღარ ყავდა, დავით მეფეს როგორც მამას უმზერდა. მეფემაც იცოდა ბეშქენ ჯაყელის ერთგულებისა და სიყვარულის ამბავი და ამიტომაც მას ახალგაზრდებს შორის ყველაზე მეტად ენდობოდა.

  • რომელი სახელგანთქმული წიგნით მომიხველ ბეშქენ ჯაყელო? – იკითხა დავითმა და ერისთავის ხელში არსებულ წიგნს ცნობისმოყვარეობით შეხედა.
  • პლუთარქოსია, დიდი ალექსანდრე მაკედონელი, რომელმაც შემუსრა სპარსნი და ჰინდონი, ბაბილონი და დარუბანდი ჩემო მეფეო.
  • მართლაც რომ სამაგალითო ხარ ჩემო ბეშქენ, ესეიგი მაკედონელი არა? მესმის შენი, „წყობათა შინა საუბარი“, მრავალი კაცით კი არა, მწყობრი ბრძოლით უნდა გავიმარჯვოთ ქართველებმა. 1104 წელს ერწუხის ველზე, მამაშენი მახლდა, როდესაც ეპამონონდას სტრატეგია და ტაქტიკა შევთავაზეთ მაგ საქმეში ჭიპმოჭრილ სელჯუკებს  მე და გიორგი ჭყონდიდელმა , სხვანაირად გამარჯვება არ გამოდიოდა. თურქნი დაგვამარცხებდნენ , ამიტომაც „ვქმენით წყობანი დიდნი“ და  იდუმალი იდაყვებიდან დარტყმებით  დავამარცხეთ სარკინოზნი, როლებიც ამას ჩვენგან არ მოელოდნენ.
  • მეფეო თქვენ არ გავხართ სხვა მხედართმთავრებს, რომლებიც ლაშქარს უკან უდგანან და იქედან განკარგავენ მეომრებს. თქვენ ალექსანდრე დიდის მსგავსად ლომივით შეუძახებთ და თქვენებრი ხმით ამხნევებთ მონასპებს შემდეგ კი გრიგალივით ატყდებით  თავს მოწინააღმდეგეებს ხან მარჯვნიდან და ხანაც მარცხნიდან და ესაა რომ თრგუნავს სელჯუკებს, რომელთა სარდლები შემაღლებულზე განისვენებენ.
  • ჰოდა სწორედ ამაშია ჩემი სისუსტე, თუხარისის ერისთავო. მეფე არ უნდა წირავდეს თავის თავს განუწყვეტლივ, არათუ ჩემთვის არამედ სახელმწიფოსათვის არ უნდა შერბოდეს მეფე, ხმლით ხელში მოწინააღმდეგე რაზმში ერთ ომში ათჯერ და ოცჯერ, გაგონილა კაცო? სარდალი, სპასპეტი, სპასალარი, ამირთ-ამირა, ჩუხჩარხთა სარდალი წინ გყავდეს და მაინცდამაინც შენ მირბოდე იქ სადაც ომის ბედი შეიძლება არც წყდებოდეს. ომის ბედი აი აქ წყდება – თქვა დავითმა და საჩვენებელი თითი შუბლზე მიიდო და ჩაფიქრებულმა თუხარისის ერისთავს შეხედა და თვისი აზრი გააგრძელა – კი მართალი ხარ , ალექსანდრე დიდი ომობდა ასე, სხვანაირად გავგმელასთან ვერანაირად ვერ დაამარცხებდა მტრის ძალას, მაგრამ ეხლა შეხედე სელჯუკებსა და სპარსებს, ისინი ჭკუით გვებრძვიან. უპირატესობას ფლობენ და ეს უპირატესობა ხელიდან უნდა წავართვათ.
  • მდუმარე იყო ბეშქენი მაგრამ ვეღარ მოითმინა და უეცრად იკითხა – რა უპირატესობას გულისხმობთ ჩემო მეფეო?
  •  ყურადღებით მომისმინე ბეშქენ – თქვა დავით მეფემ და მისმა მოლურჯო ფერის თვალებმა საოცარი სიმშვიდე მიიღო იმ დროს, მეფესაც არწივისებრი გაუხდა მზერა და ყოველივე იცვალა მათ გარშემო, დრო გაჩერდა თითქოს, დარჩნენ მარტო მეფე და ერისთავი, აღარც ჩუხჩები იყვნენ გარშემო, არც ტბის ტალღები ელამუნებოდნენ ნაპირს ზარმაცად. შეჩერდა ბუნების ცხოველება და გაისმა მხოლოდ მეფის ხმა.
  • „ვისაც დავით მეფესთან საუბრისას სამყაროს ამგვარი გარინდება განუცდია  ისინი კვლავაც და კვლავაც მოილტვიან მისკენ, თუნდაც ერთ სიტყვას მეფისას ისინი ეძებენ, ღვთის კაცია, მესიაა ქართველთათვის მოვლენილი“ – გაიფიქრა ბეშქენ ჯაყელმა და მეფის სიტყვებში დაიკარგა.

***

დავით IV ბაგრატიონი „აღმაშენებლად“ წოდებული  და მისი ერისთავი    

„გადამწყვეტი გამარჯვების მისაღწევად დიდი უპირატესობის მოპოვება გვჭირდება ჩვენ. თუ უპირატესობა არ მოვიპოვეთ, მაშინ დღეს ჩვენ მოუგებთ ბრძოლას თურქებს და ხვალ კი შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. ამიტომაც სამხედრო უპირატესობას უნდა მოძებნა.

ეხლა რა არის სამხედრო უპირატესობა? ამაზე ჩვენს სამეფოში არავის უფიქრია როგორც ჩანს. ამიტომაც ეხლა მე და შენ უნდა ვიფიქროთ ბეშქენ ჯაყელო.  უპირატესობა გადამწყვეტია ომის მოგებისათვის , აი დაუფიქრდი, რომის არმია მაკედონურ ფალანგასაც ამარცხებდა და კართაგენის მრავალრიცხოვან სპილოთა წყობას, მაგრამ მას შემდეგ რაც პართიელებმა ცხენზე შეჯავშნული კაცი შესვეს და მას საყრდენად ახალი ტიპის, უნაგირი მისცეს, უნაგირით ცხენზე დაამაგრეს, პართიელებმა შეჯავშნულ კაცს ხელთ დიდი მშვილდისარი მიაკუთვნეს და ის სწრაფად სროლაში გაწვრთნეს მას წინ დიდხანს ვერავინ დაუდგა.  „პართიული ისარი“ სწორედ მაქედან მოდის. აპობს ყველაფერს. ჯავშანი ვერ აღუდგება წინ.  ცხენიდან არის ნასროლი, ზევიდან ქვევით. ხუთი ათასი შეჯავშნული ცხენოსანი რომ ამგვარ ფოლადის თავიან ისარს დაგახლის, რა უნდა განაწყო. შეუტევ? უკან დაიხევენ და გაიფანტებიან, დაიღლები და გაჩერდები, ისევ შემოგეჯარებიან და გააგრძელებენ ისრების დაშენას. სწორედ ასე დაამარცხეს პართიელებმა რომის ლეგიონი. მაგრამ დაუფიქრდი – ამგვარი ომისათვის ერთის მხრივ განწვრთნილი ცხენოსან-მშვილდოსნების რაზმებია საჭირო, მაგრამ მათ გამარჯვებას საწინდარი მაშინ აქვს როცა ისრების ნაკადი, როგორც ქარიშხალი, როგორც სეტყვა მათგან მტერს თავს მუდმივად ატყდება.

რატომ სხვამ არ მოიფიქრა ეომა ამგვარად? რა უნდა თითქოს არა? დააჯინე ათასი კაცი ცხენზე და მიეცი მშვილდი. მაგრამ არარის ასე ადვილად. ყველას გამორჩა მთავარი რამ. ისრების ქარავანი! ამგვარ ლაშქარს სჭირდება განუწყვეტელი მომარაგება ისრებით. არ უნდა დაიცალოს საისრე არასდროს. ისრების უსასრულობა და სისწრაფეა საჭირო.

რაც პართიელებმა შექმნეს და მსოფლიოს დაანახეს, იგივე მიმართულება გააგრძელეს სპარსმა სასანიდებმა. მათ მთლიანი რკინა შეასხეს თავიანთ ცხენებს. ძლიერი ცხენოსანი ჯარი შექმნეს და ერთხელ რომის იმპერატორიც კი დაატყვევეს.

ჩვენი მტრები სელჯუკები ბევრი რამით გვანან სასანიდებსა და პართიელებს. უწინდელ ომის სიყვარულს მათ კიდევ ერთი დიდი უპირატესობა წაუმატეს – ისინი კი არ ემალებიან, არამედ ეძებენ სიკვდილს.

როდესაც არაბთა ბიზანტიას პირველად შემოუტიეს, იცი რომ გაცილებით უფრო კარგად შეიარაღებულ ბიზანტიელებს არ სძალუძდათ მათი შეჩერება. უფრო მეტიც მაჰმადიანთა ჯარმა 12000 მეომრით არნახული დამარცხება არგუნა ბიზანტიელებს , მათ ფლოტს , მათ სარდლობას.

შემდეგ კი უფრო მეტი უბედურება მოხდა , 1071 წელს მანაცკერტის ბრძოლაში მუსლიმანები ბევრად ნაკლები იყვნენ ვიდრე ქრისტიანები, მაგრამ ისინი „ნახევარმთვარედ“ დაეწყვნენ. ეს იმას ნიშნავს რომ მათ თავიანთი სულიერი სიმტკიცე გამოამჟღავნეს და ქრისტიანებს გვითხრეს „ამ ნახევარმთვარით ალყას შემოგარტყამთო“. არადა ჩემო ბეშქენ, ქრისტიანები 400 ათასი კაცი იყვნენ. მუსლიმები კი მათი ნახევრის ნახევარი.

ეხლა მითხარი შენ მე როგორ უნდა შემოერყათ მუსლიმანებს ალყა ქრისტიანებისათვის?

  • თუ ქრისტიანები სულიერად დაეცემოდნენ და ერთ ადგილს, მათ კარავს, მათ სანოვაგეს მიეჯაჭვებოდნენ იქნებ მაშინ კი შემოერტყათ ალყა ოთხასი ბევრი მხედრისათვის მათზე გაცილებით ნაკლებ სარკინოზებს – თქვა ბეშქენმა რომელიც იმას ფიქრობდა თუ საით მიყჰავდა იგი მეფის ღრმა განსჯასა და გონებას.
  • ასეა ბეშქენ, შენ იცი მე მიყვარს სიმართლე, ისიც იცი რომ სიმართლეს პირში ვეუბნები ყველას – ჰოდა თუ ვებერთელა არმია შიშისაგან ვერ ინძრევა და მასზე პატარა ჯარი მას არხეინად არტყამს ალყას, ეს ჩემთვის იმას ნიშნავს რომ რწმენისაგან დაცლილია ხალხი რომელიც ამ ალყაში თვითონ იხვევს თავს.
  • შემდეგ რა მოხდა მეფეო? ბეშქენი მიწაზე ჩამოჯდა და მეფეს ახედა, მას გაუკვირდა მისი ცრემლით სავსე თვალების დანახვა. დავითი ქვითინს იკავებდა და მის უპეებს ცრემლის ბურთულაკები ეკიდათ.
  • ამ ბრძოლის შესახებ რაც ვიცი, დიდმა მამამ ჩვენმა გიორგი ჭყონდიდელმა მიამბო, მის მამას  ქართველებთან ერთად უომია ამ სასტიკ ბრძოლაში. მოხდა ის რომ სელჯუკების ცხენოსანმა მშვილდოსნებმა მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ისრები დაცხეს ბიზანტიელებს, მათ შორის ქართველთა, სომეხთა და სხვათა მხედრობას. ჩვენ შეგვიტევია, ბიზანტიელებმა ფეხი წინ წადგეს და როდესაც მზე შუბისტარზე დადგა, ბერძენთა ჯარმა ალფ-არსლანის კარავი ხელში ჩაიგდო.
  • დიდება მაგათ- წამოიძახა ომის წარმოსახვით აღგზნებულმა ახალგაზრდა ერისთავმა.
  • არა, არა, დიდებამდე ჯერ შორია, სწორედ ალფ-არსლანის კარავში შევარდნილი ქართველები და ბერძნები მოიქცია ალყაში სელჯუკთა მხედრობამ. ისრებს გვაყრიდნენ, საცერებს დაამსგავსეს ჩვენი ფარები სელჯუკებმა. როგორც ჩანს ისრების ქარავნები ედგა ზურგში სელჯუკთა სპას. იმპერატორმა რომანოზმა უკან დახევა ბრძანა. წარმოიდგინე ბეშქენ ოთხასი ათასი კაცის უკან დახევა, ერთმანეთის გადათელვა, მოუმზადებელი ქმედებები და ამ დროს ხდება ყველაზე მთავარი – მეფემ ხელი აღმართა.
  • ბეშქენი მდუმარედ უსმენდა მაგრამ მის თვალწინ იდგა ის საშინელება რაც მანაცკერტის ველზე დატრიალებულა.
  • იმპერატორი რომანოზი მისმა მარცხენა ფლანგმა მიატოვა , მარჯვენა ფლანგს და ცენტრს სელჯუკებმა სწრაფად შეუტიეს. ალბათ მოენე ყავდათ იმპერატორის კარავში, რომელიც მათ რაღაცნაირად ატყობინებდა „რომანოზი აქ არის და მოდითო“. სწორედ რომანოზ კეისრის მიმართულებით შემოუტიეს მაჰმადიანმა მხედრებმა, თავისი პატარა მშვილდებით უამრავი ისარი დააყარეს ბიზანტიელებს და როდესაც მათ რიგებში შიში და ძრწოლა დათესეს, მაშინ კი შევარდნენ ბიზანტიელთა წყობაში და იმპერატორი რომანოზი დაატყვევეს. აი – მოხდა ყველაზე გულსატკენი ამბავი, აზიაში ხმა დაირხა ქრისტიანების ბოლო დღე დადგაო – მეფეს ხმა უკანკალებდა.
  • ბეშქენმა მეფეს ახედა და იგი მიხვდა რომ დავითი მეფე ამ მოვლენებზე, როგორც გრძნეული ისე ფიქრობდა, იგი გულის სიღრმეში მოივლიდა მანაცკერტის ველზე უპატრონოდ მიმოფანტულ, უსარდლოდ დარჩენილი ჯარისკაცების, ბერძენთა, ქართველთა, სომეხთა გვამებს.
  • მუსულმანთა ჯარის წინააღმდეგ თუ გამარჯვება გსურს – მუდამ სიკვდილი უნდა ეძიო ბეშქენ – სადღაც ზეციდან გაისმა თითქოს დავით მეფის ხმა და როდესაც ბეშქენმა დევის ქვაზე მჯდომ მეფეს ახედა, მოეჩვენა თუ ცხადი იყო არავინ იცის, გარკვევით შეამჩნია ცის კაბადონიდან დაშვებული ხელის მტევანი, რომელიც მეფის თავს ზემოთ ლივლივებდა.

***

მესხი აზნაურები უსმენდნენ თავიანთ ერისთავს

  • აზონაურებო საჭიროა მოვემზადოთ თურქთა დასამარცხებლად. ზაბახას ჯანი და ღონე არ აკლია, მაგრამ მიწაზე მისმა გაუწვრთნელობამ დასცა. სელჯუკთა ჯარი, როგორც გარეული ტახი იმგვარად შემოგიტევს, როდესაც გამარჯვებაში დარწმუნებულია, მაგრამ თუ ამგვარად არ ფიქრობს სელჯუკი, მაშინ იგი, შველივით მუდამ გაგირბის და დიდი სისწრაფით გტყორცნის ისარს, რომლის შემაჩერებელი დღეს მხოლოდ თქვენი გულია. უნდა ეძიოთ სიკვდილი, რომ გაიმარჯვოთ. თუ ისრის აცილებაზე იფიქრეთ, მაშინ უფრო მეტი ქეიბური მოგხვდებათ. სადავეების გარეშე მოჭენაობს სელჯუკი, როდესაც ისარს ამზადებს, თქვენც სადავეების გარეშე უნდა იჭენოთ, რათა მას დაასწროთ და ორჯერ მეტი ისარი დაუბრუნოთ უკან
  • აბა ციხე სიმაგრე რად მინდა თუ წყეულ თურქს თავი ველზე მოვაკვლევინე – სიცილით ამბობს ზაბახა და სხვა ერისთავებს გადახედავს.
  • ციხე კოშკებამდე როცა მივა საქმე – წაგვიგია ომი და ეგაა – ეუბნება მხნედ ბეშქენ ჯაყელი და გაოცებული უყურებს ზაბახას, რომლის გულში მან ვერ შესძლო მეფის სიტყვებით იმ ცეცხლის დანთება, რაც უკვე დიდი ხანია ბეშქენ ჯაყელის სულში დაანთო მეფე დავითმა.

აქვე ზიან ბეშქენ ჯაყელის ნათესავები ციხისჯვარელები – ერთი წინაპრიდან მოდიან ისინი. ციხისჯვარელთა მოწინავე კაცი არის წარმოსადეგი მოხუცი სულა ციხისჯვარელი, რომელსაც დიდი პაპის სულა კალმახელის სახელი ჰქვია.

  • ბეშქენ ჯაყელო, ჯერ კიდევ ჩვენმა დიდმა პაპამ, იოანემ, ხაზარეთში აღზრდილმა, ასწავლა ქართველებს ამხედრებული ომი მშვილდითა და შუბით, შეტევისა და უკან დახევის მონაცვლეობით, მაგრამ ასეთი რამ მოითხოვს დიდი რაოდენობით ისრისა და შუბის ბრძოლის ველზე მიტანას და განსაკუთრებული სახელოსნოების სიახლოვეს. ამიტომაც უკუაგდეს ბრძოლის ეს მეთოდი ქართველთა და დარჩა მარტო „უგრძნობლად შეტევა“ მასთან ერთად გული, მკლავი და სიმამაცე.
  • სელჯუკებთან ბრძოლისათვის მეფე თურქულ ტაქტიკას მოითხოვს და თუ არ დავეუფლებით მას მაშინ, უკიდურეს ნაბიჯს გადადგამს იგი.
  • რა ნაბიჯია ეს – ეკითხება მას სულა ციხისჯვარელი.
  • ამ საიდუმლოს მაშინ გაიგებთ როცა მოსახდენი მოხდება – პასუხობს ბეშქენ ჯაყელი.

ახალი ფორმის მშვილდები შემოაქვს დარბაზში ბეშქენს, მოკლეა, სხდადასხვა მასალისაგან აწყობილი. ტყავი, რკინა, ხე და ძვალი იმგარადაა შენივთული ერთმანეთში რომ ერისთავები საგონებელს არინ მიცემული, როცა ბეშქენი მათ ამ მშვლდების შექმნის მეთოდის გამოსაცნობად  კითხვებს უსვამს.

ბეშქენი შლის მათ წინ მშვილდებს, აჩვენებს ერისთავებს მათი დამზადების ხერხს, მეთოდს, მასალას და შემდგომ ბრძანებას გასცემს სწორედ ამგვარი მშვილდები დაამზადონ და მათ გამოსაცდელად იგი მომავალ თვეს ესტუმრება კვლავ ჯავახეთს.

  • დიდი მადლობა ბიძაშვილო, მადლობა იმისათვის რომ მეფის სიტყვა გადმოგვეცი, შენთან გვიგულე ყოველთვის. ჩვენ ციხისჯვარელები და თქვენ ჯაყელები ერთი სისხლი და ხორცი ვართ გახსოვდეს – ეუბნება სულა ციხისჯვარელი ბეშქენს.

ბეშქენი და სულა მოიკითხავენ ნათესავებს ერთურთის ოჯახებში და ისინი სტოვებენ ზრესკის საყდარს. ამის შემდეგ ჯაყელი საკუთარი კოშკისაკენ მიაჭენებს ცხენს, საცაა უკვე გათენდება.

***

 ულუ-სიქარი რაზმს აჩქარებს. „უკეთუ საუზმე გსურს მზეს ადგომა უნდა დაასწრო“-შეუძახებს იგი არაბულად თავის თურქ მხედრებს. თურქებს ეს არაბული მოწოდება კარგად ესმით, ისინი ზეცას ახედავენ და ცხენებს შეუძახებენ.

  • აღდგომა ღამეა, ყველა გიაური ეხლა საყდარში იქნება იესოს აღდგომის საზეიმოდ. დილას კი სუფრებს გაშლიან. საყდრიდანვე სუფრაზე დაჯდებიან. რა სჯობს სუფრაზე მიუშვათ და ღვინისაგან გამობრუჟებულებს დავესხათ, თუ ეხლავ წამოავდგეთ თავს და თავიანთ საყდარში შეკეტილებს, თავი გარეთ არ გამოვაყოფინოთ ისე გადავბუგოთ? – შეეკითხა სიქარი თავის ქეჰას აბდულას.

ცალთვალა აბდულა რომელიც მუჰამედის რაინდია, ფიქრობდა „ჭამის დროს კაცი არ უნდა სდევნო და შეაწუხო, რას მეკითხება სიქარ აღა, რა თავად არ იცის ეს ჭეშმარიტება, მცდის ნამდვილად წყეული“

  • ჩემო ბეი, ეხლავ შეუტიოთ, გიაურებს თუ ჭამა-სმა ვაცალეთ შემდეგ მონელებაც ვაცალოთ, ეხლავ შევუნთოთ ცეცხლები ყოველ მხრიდან და შემდეგ სოფლები მოვარბიოთ.
  • ჭეშმარიტებას ღაღადებ – მაშინ ვიჩქაროთ, საცაა წირვა დასრულდება – შეჰყვირა ულუ-სიქარმა და ეს ხმა გაჰყვა კლდეებსა და ხეობებს, მდინარესა და ტყეს.

***

ტყის გადაღმა მიდორზე პატარა ალუბალა დასეირნობს. იგი ექვსი წლის ჯავახი გოგონაა, პაპამ დაარქვა ალუბალა. რომ გაიზრდება და თავის სასურველ ბიჭს გაიცნობს მაშინ რა უნდა უთხრას? ბიჭი რომ კითხავს რა გქვიაო, როგორ უნდა უპასუხოს ალუბალა მქვიანო? ამაზე ბრაზობს ალუბალა, ამიტომაც გამოექცა პაპას საყდრიდან. ვეღარ მოითმინა სიცხე და პაპის გამოჯავრება- ალუბალა, ალუბალა.

  • სახელი მაინც დაგერქმიათ საქალბატონე- ფიქრობს ალუბალა და ბალახებს წიწკნის. უჰჰჰ როდის დამთავრდება წირვა? დედიკომ უგემრიელესი ხაჭაპური დააცხო, მამამ, წითელი ღვინო დოქებში ჩამოასხა, მწყერს შეწვავენ, შემდეგ კი ტახის ბარკალი შეიწვება, აუ რა მწვადი იცის მამამ? დედიკოს ხაჭაპური ხომ განთქმულია მთელს წუნდის სოფელში. სტუმრები მოვლენ, პაპის მეგობრები ჩამოჯდებიან და შორეული ლაშქრობების ამბებს გაიხსენებენ. პაპას იტყვის – ეს იმ ბიჭებს გაუმარჯოს რომლებიც ღვთის ქალაქის კონსტანტინოპოლის კედლებთან დაიღუპნენო. ჯავახი ბიჭებიო… იტყვის ბებო და ატირდება, მას ხომ ორი ძმა ყავდა რომლებიც სწორედ პაჭანიკებთან შებრძოლებისას ახლდნენ დიდებულ გმირს, პაპა რომ ახსენებს , აბაზა ბაკურიანს, შემდეგ მამა იმღერებს , დედა და მამა საოცრად მღერიან, პაპა აცეკვდება და ალუბალას გამოიწვევს საცეკვაოდ, მაშინ ალუბალაც არ დაიდებს თავზე ხელს და უმალ გარონინდება , შემდეგ კი როცა პაპა და მისი ბიჭები აცეკვდებიან , ალუბალა დოლს დაცხებს, შემდეგ კვლავ შევარდება წრეში და პაპასთან ერთად ცანგალა და გოგონას იმღერ-იცეკვებს. შემდეგ პაპა ბებიას გამოიწვევს, ბებია კი დედას, თავის რძალს აიყოლიებს, თანაც დააკვირდება კიდევ ორსულად ხომ არ არისო, ეჰ ბებო შე ძველო, მერე მამა შემოვარდება წრეში და ჩემი ძამიკო, მამუკას შემოაბანცალებს, მამუკამ ხომ ფეხი ეხლა აიდგა, სად ის და სად ცეკვა-თამაში, ძლივს დადის, მაგრამ მამუკას ხმაზე, შუათანა ძმა- ყარამანი აყვირდება, ხოლო ყარამანის ბოხ დაძახილს , ჩვენი აკვნის ბალღი – ოთო შეუერთდება და იქნება მხიარულება. აბა, ჯერ ოთხნი ვართ, მაგრამ მამას და დედას კიდევ ბევრი ეყოლებათ ჩვენნაირი. დედას თორმეტნი უნდივართ, ერთხელ თქვა თორმეტნი მინდიხართო. მამამ დედიკოს მაშინ ისეთი სახით გადახედა, ისეთო სახით გადახედა , რომ მეც უმალ მომინდა მამასავით ქმარი, მისნაირი სანდომიანი, მოსიყვარულე, პატივისცემით განმსჭვალული, საქმიანი, გამრჯე, ოჯახისა და ერის შვილი, ეჰჰჰ ალუბალა ალუბალა, ეხლა საყდარში უნდა იყო აქ რა გინდა? აღსარებები ხომ არ დაიწყო? მე პირველი ვარ რიგში, ნუთი მღვდელი სერაფიმე ჩემზე წინ ვინმეს გაუშებს? მამა სერაფიმე დიდი ხანია მიცნობს, მე მისი აღზდრილი ვარ, ამ საყდრის გუმბათქვეშ ხარ გაზრდილიო ხომ მითხრა ამას წინათ, ასეა, ასე – ფიქრობდა ალუბალა, მაგრამ უეცრად რაღაც შეიცვალა.
  • პაპა პაპაა, გაჰყვირის ალუბალა და სერზე არბის ტაძრისაკენ, პაპააა, მამააა , დედააა, ვაიმე დედაააა – მაგრამ უკვე გვიანაა ცხენზე ამხედრებული ჩალმიანი მშვილდოსნები საყდარს გარს ერტყმიან, მცირე ხანს გულუბრყვილო სახეებით უსმენენ იქედან გამოსულ საოცარ ჰანგებს, მაგრამ როდესაც საყდარში ჩოჩქოლი ატყდება მშვილდოსნები მოკაკვულ კილიჯებს იშიშვლებენ და საყდრის კარებთან მიჯარდებიან, ამასობაში სხვებს ფიჩხი და საყრდენები მოაქვთ.

ალუბალა ღრიალებს, ყველაფერს ხვდება, სიზმარში რომ ნახა ერთხელ ის ხდება, ესენი წყეული კაციჭამიები არიან, ისინი იმ ზღაპრიდან მოვარდნენ რომელიც ერთხელ მას პაპამ მოუყვა.

  • პაპააა, დედააა, მამაააა, მამაააააააა……სული გაუწყდა სასულეში პატარა ალუბალას და ამ დროს შეამჩნია რომ მისკენ მოტრიალდა ერთი ჩალმიანი, ის ამ დროს ტყის პირას იდგა. ჩალმიანმა ერთი გაიცინა და გოგოს ხელი აუქნია – წადი აქიდანო ანიშნა.
  • ალუბალა კვლავ ღრიალებს და ხედავს რომ ტაძარს ცეცხლი მოედო, ალები გუმბათს უმალ მისწვდა, სელჯუკები იცინიან, კარს ამაგრებენ, იქედან ხალხის ხმა ისმის – სიმღერა?

საგალობლი კვლავაც ისმის , ცეცხლის ალები აწითლებს საყდარს, სელჯუკები მოწყენილი სახებით დგანან, ისმის შეძახილი , მათი ნაწილი ცხნებს მოახტება ხოლო ნაწილი საყდრის კარს დარაჯობს. სელჯუკნი საყდრის წინ გროვდებიან. ერთი მათგანი ალუბალას მხარეს იყურება და კაპარჭიდან ისარს იღებს. წვეროსანი სელჯუკი მშვილდში სტაცებს ხელს იმ თავდამსხმელს, რომელიც ისრის გამოსროლას აპირებს და „არა“ – ხელის გაქნევით ეუბნება, ალუბალა კი დგას სელჯუკების წინ და ხმამაღალი ტირილით იქაურობას იკლებს, სელჯუკები ყურებში თითებს იცობენ და ამ დროს საყდარი ზრიალითა და ზათქით ჩამოიქცევა. ყრუ ხმა იყო, კლდის მოგლეჯვის მსგავსი. ცეცხლი ბრიალებს მაგრამ საყდარი წაქცეულია.

ამას ელოდნენ სელჯუკები, ისინი სწრაფად მოსხლტებიან იმ ადგილიდან და მათი ცხენოსანი რაზმი მთავრის სასახლისაკენ მიიჩქარის.

   ***

ტბელთა ასული ასმათი ესუა ცოლად ბეშქენ ჯაყელს. მეფის მარზაპანი (მესაზღვრე ერისთავი) ციხე კოშკს გოდერძის უღელტეხილიდან თუ გადმოხედავდა ხოლმე მასზე აფრიალებული ბალახისფერი ალამი ნიშნავდა იმას, რომ ოჯახში სიმშვიდე სუფევდა, თუ ალისფერ ალამს ააფრიალებდა ასმათ ტბელი, მაშინ ერისთავს ოჯახში მოელოდნენ. მიზანი მრავალი შეიძლება ყოფილიყო, როგორც სამხედრო ასევე საიდუმლო.

იდუმალ ალისფერ ალამს ელოდა ბეშქენ ჯაყელი და ნათესავ ციხისჯვარელებთან საუბრის შემდეგ, ალიონზე თუ ჩაუსწრებდა საკუთარ სამოსახლოს. რამოდენიმეჯერ დააოთხა ცხენი მესაზღრვე ერისთავმა და მთის მწვერვალზე აიჭრა რათა შორიდან ციხე კოშკისათვის შეეხედა.

სიბნელეში ძნელი გასარჩევი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ბალახისფერი ალამი ფრიალებდა ჯაყელთა შუბის ტარზე.

მიუყვებოდა გზას ერისთავი. გულდამძიმებული იყო. დავით მეფის ბოლო დავალებაზე ფიქრობდა. შეეძლო აღეჭურვა მისი აზნაურები მაგრამ, მათგან იმგვარ სისხარტეს და გონებამახვილობას არ მოელოდა, როგორსაც დრო და ომის ის ახალი მეთოდი ითხოვდა, რაც მუსლიმანმა მეომრებმა დაადგინეს, თავიანთ ჯვაროსან მოწინააღმდეგებთან შეტაკებებისას.

სელჯუკ-თურქები სხარტად იბრძოდნენ. მთავარ ცხენოსან ჯარს მთებში მალავდნენ. შემდგომ უეცრად დაეცემოდნენ დაბლობზე მდგარ ევროპელ მხედრებს, ისრებს დაახლიდნენ და კვლავ გორაკებისაკენ გააჭენებდნენ ცხენებს.

ქართველი მხედრების აღკაზმულობა ბიზანტიელებისას რომ წააგავდა, დავით მეფის ბრძანებით უვარგისი იყო სელჯკებთან ბრძოლაში და ამიტომაც ძირეულ შეცვლას საჭიროებდა.

რადგანაც ბიზანტიელთა ჯარებმა იმეტესი ომი წააგეს მუსლიმანებთან, დავით მეფეს საფუძვლიანად გამოეკვლია მათი დამარცხების მიზეზი.

პირველი გასაღები ბიზანტიელთა მარცხის საიდუმლოსი იყო შინაგანი ღალატი და გამცემლობა.  მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმ ცოდნისათვის რასაც გამარჯვების მახვილი ერქვა.

მეორე გასაღები რასაც დავით მეფე ნათლად ხედავდა, გახლდათ ის რომ ბიზანტიის ჯარი ურთულესი სამართავი იყო. არქონტები, სტრატეგოსები, ათასისთავები სტრატეგიულ აზრს არ ფლობდნენ და ბრძოლის ველზე ბრძანებას ელოდნენ.

მათგან გასხვავებით მუსლიმანური მხედრობა გამარჯვების იმედით იყო გაჯერებული. ჯიჰადი. საღვთო ომი. რწმენისათვის სიკვდილი ან გამარჯვება თვალებში უელავდა ომებისაგან დაუღლელ და მუდამ მომღიმარ სელჯუკ თუ არაბ მეომრებს.

„განიგმირებიან თუ არა იმავე წამს ჯენეტში ამოჰყოფენ თავს ქალწულებით გარშემორტყმული, ღვინოს დალევენ“ – უთხრა ერთხელ ერთმა დატყვევებულმა თურქმა დავით მეფეს რომელმაც ეს უკანასკნელი სიკვდილს გადაარჩინა და თავის დაცვას ჩააბარა.

„მოგეკალი და ჯენეტს ვიქნებოდი ეხლა“ – შესძახა მეფეს თურქმა დამშვიდობებისას. დავით აღმაშენებელმა თავი გააქნია და ბეშქენ ჯაყელს შეხედა მაშინ. მეფის თვალებში კითხვა და აზრი ერთმანეთს შესჭიდებოდა. „როგორ?“ – ეკითხებოდა თითქოს მეფე თავის მესაზღვრე ერისთავს.

ეს „როგორ“ ბეშქენს დიდხანს გამოჰყვა. ქართველთა და აფხაზთა მეომრები დავითს ხანგრძლივი, სტრატეგიული ომისათვის აფიქრებდა. მესხები მიწისქვეშა ომების ოსტატებდ მიაჩნდა, მაგრამ სთუელის დროს მესხთა რაზმები სოფლებში უნდა დაებრუნებინა, ხილისა და ყურძნის მოსავალს პატრონი სჭირდებოდა.

აზნაურთა პირადი რაზმებიც აფიქრებდა დიდ დავით მეფეს. მათი საბრძოლო გამოყენება მათივე ბინიდან ოცი დღის სავალამდე იყო შემოსაღზვრული. ომი კი თანაც სელჯუკებთან სამხედრო სტრატეგიის გაჰფენას მოითხოვდა მთელს ამიერკავკასიაში, ანატოლიაში, სომხეთში, არდებილში, ირანის ზეგანზე, ვაჰანის ტბის მიდამოებში, შემდეგ კი აუცილებლად მესოპოტამიაში და წმინდა ქალაქში – ერუშალაიმში.

   „თურქებთა გამარჯვება თუ გინდა სიკვდილი ეძებე და სიცოცხლეს იპოვი“ – გაუელვა გონებაში დაფიქრებულ ბეშქენს მეფის სიტყვები და უეცრად შორიდან კივილის ხმა მოესმა, დამწვრის სუნიც მოდიოდა ტყიდან. გამოერკვა მესაზღვრე ერისთავი თავისი ფიქრებიდან და ცხენს სადავე მოუმარჯვა, ეკალბარდებიან გორაკისკენ გაქანდა რომე არემარისათვის თვალი მოევლო. სამხედრო ცხენი გადაევლო ეკლიან ბუჩქებს, მწვერვალზე ენერგიულად ავარდა და გაშეშდა.

ჯაყელთა ციხე -კოშკი ცეცხლის ალში იყო გახვეული.

***

გამალებით რეკდნენ ზარები თუხარისის სამრეკლოზე. ციხე ქალაქს მტერი შემოსეოდა. აღდგომის ღამეს, საყდარში შეკრებულ მესხებს ჩირაღდნიანი თურქები თავს წამოადგნენ, ტაძარი და ისლით დახურულ შენობები ხალხითურთ დაწვეს. ცეცხლის ალი სასახლესა და ციხეს მოედო. ფეხმძიმე ასმათ ტბელი „მაღალ კოშკში“ გამაგრდა თავისი სეფექალებით. ულუ-სიქარი ჯიუტ ქალბატონს დანებებას ურჩევდა და კოშკიდან გამოსროლის ისრებს ათვალიერებდა.

  • არ გავს თითქოს ქალის ნასროლს – მშვილდი მთელი ძალი არის მოზიდული – ეუბნებოდა იგი აბდულას, რომელიც კოშკის გარშემო განლაგებულ მშვილდოსნებს რაღაცას ასწავლიდა და ულუ სიქარს გულში ათას წყევლას უთვლიდა.
  • ყიზლარ- გოგონები ჩაილაპარაკა აბდულამ და დადუმდა. რადგანაც მათგან უკვე დაპყრობილი ციხესიმაგრის შემოსასვლეში, გზაზე არეულობა მოხდა, სელჯუკები მათკენ მორბოდნენ.

***

გამოქცეული სელჯუკები ყვიროდნენ რომ მათ ტყიდან შეითანი დაესხათ. ტყის კორომიდან იგი უეცრად გამოჭრილა და პირველივე თავდასხმისას ათი მეომარი მოუკლავს.

  • აბდულ აღა , მიდი ნახე და მოჰკალი თავდამსხმელი, ვინმე გიაური იქნება, წაიყუვანე ასი საუკეთესო კაცი – ბრძანა ულუ სიქარმა გაბრაზებით და შეშინებულ სელჯუკ მეომრებს სახედრის ასოსაგან გამოქნილი მათრახი გადაუჭირა.

შავმა აბდულ აღამ შუბი მოიმარჯვა, ხელთ მრგვალი ფარი იპყრო, და რაზმეულს ციხეკოშკის შემოსასვლელისაკენ გაუძღვა.

***

თუხარისის გვირაბი

ბეშქენ ჯაყელის გული სელჯუკებზე სწრაფ შეტევას ლამობდა, მაგრამ  იგი უმალ მიხვდა იმას რომ თუხარისის ციხის მარბიელი რაზმი ჯიჰადის მხედრობის ის ათასეული იქნებოდა, რომელსაც ზავი სძულდა და მხოლოდ ომს აღიარებდა. სელჯუკების ოდენობას ორას-სამას კაცამდე წარმოიდგენთა მესაზღვრე ერისთავი, რომელიც გრძნობდა რომ საკუთარი სასახლის დაცვა მარტო მოუწევდა და თუ უსწრაფესად არ იმოქმედებდა საზარელი შედეგი რომელიც იქნებ უკვე დამდგარი იყო, აუცილებლად განხორციელდებოდა. ამიტომაც ბეშქენი ცხენიდან გადმოხტა და ალმოდებული თუხარისისაკენ მიმავალ ციცაბო გზას გადაუხვია და ტყეს მისცა თავი. ტყის კორომში, ერისთავს, საუდუმლო გვირაბის ერთ-ერთი ყელი ეგულებოდა, რომელშიც ჩასული ადამიანი ციხის გოდლებზე უჩუმრად ამოყოფდა თავს.

ჯერ კიდევ ჯაყელთა ერთგული შურტა ორასი წლის წინ რომ ცხოვრობდა ჩორჩანელ-ბაჰლაუნდ-ჯაყელ- კალმახელ-ლაკლაკთა კარზე, იგი ეძებდა თუ-ხარ-ისის კლდის ქვაბებში იმას რასაც ირანის შაჰების განძი ერქვა.

არავინ იცოდა გაუთქვა თუ არა თუ-ხარ-ისმა საიდუმლო ცეცხლისთაყვანისმცემელ შურტას, რომელიც საათობით იჯდა ამ მთის ფერდობებზე და თავისი უცხო მოწყობილობებით მასში ხვრელებს ზვერავდა.

სწორედ შურტას დროს იყო რომ ეს გამოქვაბული აღმოაჩინეს ბეშქენ დიდი ჯაყელის ქვის-მკვეთბმა და გააფართოვეს მისი სხეული, გააგრძელეს ქვაბულის ყელი და ციხე სიმაგრის მშენებლობისას გამოიყენეს მისი მნიშვნელობა.

სწორედ ეხლა ამ ქვაბულში ჩაეშვა მესაზღვრე ერისთავი და გაჰყვა ქვაბულებს მთის მწვერვალამდე მიმავალს. ერთ ადგილას, შურტას მოსასმენი და მისაყურადებელი არხები რომ ჩაეშენებინა, სწორედ იქ შეჩერდა ბეშქენი და ზემოთ მყოფთა მოძრაობა დაზვერა.

შურტას ხელსაწყოები კვლავაც კარგად მუშაობდა 200 წლის შემდეგაც და ბეშქენის ზევით, სიმაგრის ალაყაფის სამხედრო ბაქანი გამოქვაბულში მყოფის ბრძანებით ერთ წამში შესაძლოა ჩამოშლილიყო.

ბეშქენი იმ დიდი დოლაბის ქვას მიადგა, რომელსაც ალაყაფის კარის ქვეშ გაყვანილი გამოქვაბულის საბრჯენით – ბლისკინების ჩამოშლა შეეძლო, დაჰკრა დოლაბს წიხლი, მაგრამ ძვრა ვერ უყო. შემდეგ გამწარებული შეეჭიდა დოლაბს და ქვაბულის კედლიდან, რომ მთელი ძალით დაახტა მას, მაშინ შეძრა დოლაბი და დააგორა. თითები გადაიყვლიფა ერისთავმა მაგრამ ტკივილიც კი ვერ იგრძნო, გააფთრებული მისდევდა დაგორებულ დოლაბს და მას დაქანების ძალას მატებდა, როდესაც დოლაბი მეორე სარჯენ ქვას დაეჯახა და უზარმაზარი ხმა გამოსცა.

მიწისძვრას გავდა რაც ამის შემდეგ მოხდა, ალაყაფის კოშკი შეინძრა და მასზე ამხედრებული სელჯუკები შიშმა მოიცვა, რადგანაც მიწისძვრა მათთვის სამყაროს განრისხებას უდრიდა. შემდეგ როცა კოშკის ნაწილი ჩამოიშალა და მასში რამოდენიმე სელჯუკი მოჰყვა, მაშინ შეწრიალდნენ დამპყრობლები და კოშკიდან გარეთ გაიჭრნენ, რაც ასე ადვილი არ იყო.

კოშკის ბლისკინებით მორბენალი სელჯუკები პატარა კარისაკენ მორბოდნენ, სადაც მათ ბეშქენ ჯაყელის ვარანგული ფართო მახვილი ელოდებოდათ.

პირველად ასან უზბაშმა იგრძნო მუცელი რომ ჰქონდა გამორღვეული და თავისი ნაწლავების გადმოკიდებას უჩურმად დააკვირდა, შემდეგ მაჰმუდ ბუხარელმა შეიტყო ის, რომ მისი კუჭი უცხო ძალას, დაეჩხვლიტა და დაეხია, შემდეგ მორბენალმა იუნალ ოსამმა შეითვისა სიბრძნე სიკვდილისა, როდესაც ბეშქენ ჯაყელის მახვილს მკერდით დაეგო და გაიღიმა.

  • „ჩვენი შურტა მართლაც დაჰმანი ყოფილა“ – გაუელვა გონებაში მესაზღვრე ერისთავს, რომელიც ეხლა კოშკის გარეთ მყოფ გაოცებულ სელჯუკებს დაესხა თავს და რადგანაც თითბირის „გლივარიუმი“ ემოსა ამომავალი მზის შუქზე ცეცხლისფერი შეიქმნა.

შაითან, შაითან, …..შაითან კალა, შაითან კალა …..- შესძახეს სელჯუკმა მხედრებმა, რომლებმაც ჯერ „მიწისძვრა“, შემდეგ მათი მოძმეების საოცარი გარდაცვალება იხილეს და ეხლა „ცეცხლისფერ“ გააფთრებულ „ეშმაკს“ გადაეყარნენ.

***

  ფარების კედლის უკან მდგარმა ულუ სიქარმა, ფორთხვით მომავალი აბდულას შავ სახეს მოჰკრა თვალი.

  • ნავარნაიოქ აღაიმ – იკითხა სიქარმა.
  • ალაყაფის კოშკი დაინგრა, მიწა თუ იძრა, მაშინ აქ თქვენ რატომ ვერ იგრძენით ეფენდი? – იკითხა აბდულამ და მაღალ ბატონს ახედა.
  • რაებს როშავთ, წყეული „შარაფ“ ხომ არ დაგილევიათ, რა მიწისძვრა, მომგვარეთ აქ ვინ გაბედა თავდასხმა ჩემზე – სიქარმა გაბრაზებით შეხედა აბდულ აღას.
  • ჩემის აზრით ტყიდან ასიოდე კაცი დაგვესხა, ოცდაათამდე ჩვენი კაცი მოკლული დევს ალაყაფის კართან, მაგდენი კი კოშკის ჩამონგრევისას დაღიუპა. თუ ასი სამეფო გურჯი დაგვესხა, მაშინ იმასაც უნდა ველოდეთ რომ გამთენიისას ისინი დიდი ძალებით გადმოვლენ შეტევაზე. აქედან გასაღწევი გზა ვიწროა. ამიტომაც ან ეხლავე უნდა დავიძრათ, რომ რაზმი სამშვიდობოს გავიყვანოთ ან კი დავრჩეთ და სიკვდილს შევხვდეთ – ჩაილაპარაკა აბდულამ.
  • უკუღმა საუბარს თავი დაანებე აბდულ აღა, რა სამეფო გურჯი, მაგათ ეხლა მთელი ლაშქარი გარდაბნისაკენ ყავთ მოგროვებული, აღდგომას იხდიან. მეფეც იქ არის. დღეს ყველა გურჟი შარაფის სმით არის გართული. რომელი ასი მეომარი რას ამბობ. შესაძლოა რამოდენიმე გლეხი გვიტევდეს და მაგათი შეგეშინდა გამოცდილ მხედარს?
  • გლეხები ყველა იმ ქვეყნად გავამგზავრეთ, ზოგი სოფლის ტაძარში გამოვბუგეთ ხოლი დანარჩენი კი აქ. აბა ვინ უნდა იყოს. ქედზე მზვერავი უნდა დაგვეყენებინა. საყდართან მხოლოდ პატარა გოგო დავინდეთ ცოცხალი, ის ასე სწრაფად ვერავის ნახავდა- აბდულა რაღაცას ამბობდა მაგრამ ულუ სიქარი მას აღარ უსმენდა, რადგანაც უჩვეულო ხდებოდა, სელჯუკი მეომრები რაღაცას გაჰყვიროდნენ, და სასახლის გუმბათისაკენ მიუთითებდნენ სადაც ბეშქენ ჯაყელის ალამი კვლავაც ფრიალებდა.
  • ალამი ხომ მოვანგრიეთ? -იკითხა ულუ-სიქარმა
  • ვიღაცას კვლავაც აღუმართავს – დაასკვნა აბდულამ.

 ***

ულუ სიქარმა, სასახლის კედელზე აღმართული ჯავახეთის ერისთავთა მოლივლივე ალამი შეათვალიერა და და აბდულ აღას იმ გამოცდილი კაცის თვალით შეხედა, რომელსაც საქმის სწრაფი მოთავება ერჩივნა.

  • აბდულ აღა, კარების შენგრევას ვარჩევდი, მაგრამ რადგანაც ვიღაც უჩინარი გვებრძვის ჩვენც გავაგულისოთ იგი და უეჭველი გამოჩნდება.
  • ეგრეა პატრონო ეგრე – ჩაიჩურჩილა აღამ
  • იმ კოშკის გარშემო სადაც ეგ დედაკაცი შეკეტილა მშვილდოსნები დააწყვე და ცეცხლი გაუჩინეთ მაგ წყეულის ბინას.
  • ერისთავის ცოლის ტყვედ წაყვანას ვაპირებდით – თქვა აბდულ აღამ.
  • ეხლა მაგის დრო აღარ არის, სწრაფად იმოქმედეთ, შალით ბეი ამასობაში სიმდიდრეეს შეაგროვებს, ცხენებს აკიდებს და დავიძრებით. სასწრაფოდ დაწვით სასახლე და კოშკი იმ დედაკაციანად.
  • ეფენდი , ორსულია დედაკაცი – ხმადაბლა თქვა აბდულ აღამ, რომელსაც დაზვერვისაგან მიღებული ინფორმაცია, კარგად ქონდა შეთვისებული.
  • აღა იმოქმედე როგორც გიბრძანებ! შეიკრა შუბლი ულუ სიქარმა, ჩალმა მოიხადა აბჯარმტვირთველ ალის მორთმეული ფარშევანგისფრთებიანი -რვალის მუზარადი თავზე მოირგო და ალისაკენ ზურგით შეტრიალდა, რათა იემენელ არაბს მძიმე მუზარადის ტყავის ხუნდები ერთმანეთზე გარდაეჭდო და კარგად დაემაგრებინა. ამ მუზარადს განსაკუთრებულ ხიფათიან შემთხვევაში იხურავდა ულუ სიქარი.

არის ხანდახან ომის ველზე სასტიკი წუთების მოლოდინის გრძნობა. სარდლები ამ გრძობას უკეტესად ფლობენ ვიდრე მათი ხელქვეითნი.  როცა სასტიკი წუთები გადაივლის და რამოდენიმე კაცს თან გაიყოლებს, ხარობს სარდალი უჩუმრად.

  • „მუზარადი დაიხურა , მარაშაში უნდა რომ ცისფერთაღიანი შადრევნების გვერდით, თეთრი მოხუცის მსგავად იჯდეს და წაბლისფერ თმიანი, თაფლისფერ თვალება ფარსი ბიჭის მიერ წაკითხული ხაიამის რუბაებს ისმენდეს, ჩემთვის კი სიკვდილიც არ ემეტება“ – გაიფიქრა აბდულამ, თავისი ცოლი მწვანე თვალება ახაბე გაიხსენა, ქალიშვილი აბეს რძიანი ტუჩები მოიგონა და უჩუმრად ამოიკვნესა.
  • „გედირსა, ულუმ ბაჰადირ, ჰაირ ჰაირ, გედირსა, ბაჰადირლერ, …“ – აყვირდა აბდულა და მშვიდოსნების დაწყობას შეუდგა. ცეცხლი კვლავ დაინთო, ნავთით სავსე თუნგებიდან ტილოს გრაგნილი ამოიღეს და ისრებს სწრაფად შემოახვიეს. თავად აბდულა უკიდებდა ცეცხლს ამ ისრებს და მხედრებს მითითებებს აძლევდა.

სელჯუკები შესანიშნავი მშვილდოსნები და მხედრები იყვნენ, მშვილდის ლამბზე გაყრილი მათი ისრები შხუილით კოშკის მწვერვალისაკენ გაფრინდნენ. რამოდენიმე ისარმა თუხარისის ერისთავის სარკმელში მოახერხა შეფრენა და იქიდან ქალების კივილის ხმა მოისმა.

ისრების მეორე წყებამ უფრო მეტი ზიანი აყენა კოშკის ბინადართ, ცეცხლის ალები დაინთო, ფარდები აბრიალდა და აბდულამ პატრონს მოხედა.

  • მესამე წყება შეაგდეთ – ბრძანა ულუ სიქარმა.
  • „ცოცხლად წვავს ქალებს, შაითანია ნამდვილი, აი ბედი კაცისა“ – გაიფიქრა აბდულამ და უსიცოცხლოდ აიქნია ხელი , „აი ბედი კაცისა, ნეტავ სად არის ამათი წყეული მარზაპანი?“ აბდულამ ეს გაიფიქრა და მშვილდოსნებმა მესამე წყება ისრები დაუმიზნეს ასმათ თუხარელის ოვალურ სარკლემს. მაგრამ შეყოვდნენ, რადგანაც , ვიღაცამ თურქულად შესძახა, შეჩერდითო. მშვილდოსნებმა აბდულას მოხედეს, იგი კი ჩამონგრეული კოშკიდან მომავალ კაცს უმზერდა.
  • შეჩერდით – გაიმეორა მომავალმა კვლავ.

***

  • ვინ ხარ კაცო – იკითხა გაღიმებულმა ულუ სიქარმა.
  • ბეშქენ ჯაყელი ვარ, პატრონი ჯავახეთის და დიდი დავით მეფის მარზაპანი – თქვა წაბლისფერ წვერიანმა კაცმა და ულუ სიქარს განრისხებული მზერა მიაპყრო.
  • მასპინძელი ყოფილხარ და შენთან მოვსულვართ – ხუმრობის ხასიათზე დადგა ულუ სიქარი.
  • მართალი ხარ ბეი, ვერ დაგხვდით სათანადოთ – თავადაც მწარედ იხუმრა ჯავახეთის ერისთავმა.
  • ჩვენნაირ ხალხს სათანადო დახვედრა უნდა, მაგრამ არაუშავს, გეპატიება – გადაუგდო სიტყვა ულუმ ერისთავს და აბდულას გადახედა, წამიერად თავისი მშვიდოსნებიც შეათვალიერა.
  • თუ შევძელი მომავალში არ გაგიშვებთ „პატივისცემის“ გარეშე – უთხრა თურქულად ბეშქენმა ულუს და მისკენ მიმავალი აბდულა შეათვალიერა.
  • იარაღი მოგვეცი და დაგვნებდი – თქვა უეცრად გამოჩენილი მასპინძლისაგან ათ ნაბიჯში შეჩერებულმა აბდულამ და გაიცინა.
  • უიარაღოდ რა მასპინძლობა გამოვა, როდის იყო სტუმარი მასპინძელს ხრმალს ართმევდა – გაიცინა ბეშქენმაც.
  • ჩააბარე ყოველი საჭურველი აბდულას! – ბრძანა ულუ სიქარმა და მიდიო შესძახა აღას.
  • ნუ გეშინია ქოფაკო , ნუ გეშინია – თქვა აბდულამ და ბეშქენისაკენ დაიძრა, მაგრამ უეცრად ერისთავმა იღლიიდან ამოჩრილი ორი სატევარი ესროლა აბდულ აღას, რომელმაც ხმამაღლა დაიკვნესა და პირდაპის ხორხში გარჭობილი სატევრების მოვერცხლილ ტარებს, სასიკვდილოდ დაჭრილი დათვივით დაეცა.
  • სელჯუკები მირბოდნენ აბდულასაკენ, მაგრამ უკვე გვიან იყო, სარდალ-აღა სისხლში ცურავდა, ხოლო მისი მტერი, ისევ უკან, ხის კიბეზე არბოდა და იქედან სატევარის სასროლ მანძილზე მიახლოვებულ მტერს ათვალიერებდა.

***

ულუ სიქარი, დარწმუნდა რომ სასტკმა წამმა თვალწინ ჩაურბინა და აბდულ აღას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ეხლა უკვე გამარჯვებაც ახლოს იყო, თუ შესაბამისად სწორად იმოქმედებდა. „ჭადრაკს გავს ეს ომი, აბდულა წავაგეთ მაგრამ ლაშქრობა უნდა მოვიგოთ“- იფიქრა მან და თავისი მშვილდოსნები წამით დააყოვნა, წინ წამოვიდა, საჯინობოს მიმართულებით დასძრა ცხენი,  თავისი მუზარადის იმედით  კიბეს მიუახლოვდა და კედლის უკან მდგომ ერისთავს მიუგო.

  • ერისთავო, რად გამოგვეცხადე, მრავალი კაცი მოგვიკალი, აბდულა, შენი სატევრით სიცოცხლეს გამოასალმე. ან ჩვენ დაგიწვავთ ცოლს და მის მუცელში მყოფ ვაჟს, ან კი ჩაგვბარდი.
  • ტყვედ დანებებას არ ვაპირებ მარბიელო, გამოვალ და შემებრძოლე – თქვა ბეშქენ ჯაყელმა და წამოიმართა.

***

ასაკში იყო შესული ულუ-სიქარი. ჯანზე კი იყო, შებრძოლებას არასოდეს არ გაურბოდა, მაგრამ ეხლა ოცდაშვიდი წლის კაცთან ერთი-ერთზე გასვლა სირცხვილად მიიჩნია მარბიელთა სარდალმა და ასე მიუგო ბეშქენს.

  • ხალიფას ხმლისა და მისი ჯანის პატრონიც რომ ვიყო, თავად ჯიბრაილი რომ მიმაგრებდეს ზურგს, მაინც არ შეგებრძოლებოდი – ჭაბუკს, რომლის ციხე-კოშკი უკვე ხელთ მაქვს ჩაგდებული და რომლის სასახლის ნახანძრალზე ხელებს ვითბობ, შეხედე, საქმე მოთავებულია, შენი კოშკი იწვის. ამიტომაც,  შვილო ჩემო, ან შენ გადმოდგამ რამოდენიმე ნაბიჯს და სიცოცხლეს გამოესალმები, ან ჩვენ გადავბუგავთ შენს ერთადერთ კოშკს ცოცხლად დაგიწვავთ ცოლს და გაუყვებით გზას ჩვენი საზაფხულო იალაღებისაკენ.
  • ჩემს თავსაც წაიღებთ არა – სიცილით იკითხა ბეშქენმა.
  • არა თუ დაგვნებდები, თავს შეგინარჩუნებთ, ისრებით დაგხვრიტავთ და მეომრულ სიკვდილს გაზიარებთ. შენს ხათუნს არ შევეხებით. კოშკიდან გამოსვლაში მივეხმარებით და ცხენსაც უბოძებთ რომ გაეცალოს აქაურობას. სიტყვას გაძლევ!

***

რამოდენიმე ათეულმა ისარმა ერთდროულად გაიზუზუნა. ბეშქენს სეტყვა ეგონა, გადაცხელებული სხეული ალაგ-ალაგ სასიამოვნო ყინულებმა დაფარეს თითქოს. ცოტა ხანს კიდევ იდგა, მაგრამ დასუსტებული შემდეგ ცალ მუხლზე დაეშვა. ისრების მეორე წყებას თვალი ვეღარ გაუსწორა და მესხეთის მიწაზე სამუდამო დასაძინებლად დაწვა.

ქარმა დაიქროლა და თმები შეურხია ერისთავს, ქალებმა დაიკივლეს, ერთი ხმა საოცრად ნაცნობი იყო, სხვა ხმები კი ამ ხმის ექოს გავდნენ.

მეფე წარმოუდგა თვალწინ – სალაშქრო საბჭოზე იჯდნენ. მეფეს ხელთ ბაგრატიონთა შურდული ეჭირა და ბეშქენს რაღაცას უხსნიდა. ჯავახეთის ერისთავს ეღიმებოდა, შურდულის დაჰმანი იყო,   მაგრამ მეფეს მოწიწებით უსმენდა და ბაგრატიონთა შურდულს დაკვირვებით ათვალიერებდა. მასზე ამოტვიფრულ წარწერებს უკვირდებოდა და უხაროდა რომ ამ უცხო წარწერების მიღმა მყოფ სხვა მეფეებს ხედავდა.

***

1118 წელს დავით აღმაშენებელი იდგა ნახიდურში, რახსის პირას და აღდგომის დღესასწაულს იხდიდა.მოახსენეს, რომ თურქები ჯავახეთს დასცემიან და მოუკლავთ ბეშქენ ჯაყელი, თუხარისის ერისთავი. დავითი მაშინვე  ამხედრდა რახსის პირას იპოვნა თურქთა ბანაკი ელვასავით დაეცა თავს და მოსრა სიმრავლე მათი.

ვერც ულუ სიქარი დაურჩა ქართველთა სამეფო სპას. ფარშევანგის ფრთიანმა რვალის მუზარადმა  რამოდენიმე მახვილის შემოკვრას გადაარჩინა მისი პატრონი. გაცეცხხლებულ ჩეხვაში ვის დაინდობდნენ ქართველნი? კი იცოდა სიქარმა თავისი ხვედრი და ამიტომაც, ბრძოლის ველზე კალიასავით  ტრიალებდა, მთელს თავის მონდომებას და გამოცდილებას იყენებდა იმისათვის რომ მტრისათვის შიში შთაეგონებინა. რამოდენიმეჯერ მოუტრიალდა იგი მდევარ ქართველებს და თავისი ბედი სცადა მაგრამ ამაოდ. სასტიკი და გამოცდილი იყო ამგვარ ბრძოლებში დავით მეფის პირადი სპა.  

  • „აბდულა, უბადლო ლაშქარ-მთავარი არ იკმარო და ამ უღიმღამო დღეს ჯიჰადის მთავარი მეთაურიც რომ შეიწირო, ნუთუ ეს იქნება სამართალი?, ვეღარ კი ვნახავ ჩემს ოჯახსა და მარაშის სულთანს ვეღარ ვეწვევი, ნუთუ ჩემს ვაჟსაც ვერ შეუქებ მუსელიმობას და აზიის მუსთასიბად ვეღარ აღვზრდი, ნუთუ ვაჟის სიცელქით ვეღარ დავტკბები? ….ჰმ……ჰმ…….გაცეცხლებულან ეს გურჯები…….დღეს შავი დღეა…..ჰმ.ჰმ……ოხხხხხხხ….მმმჰ“.

ამ აზრებით განიგმირა ულუ სიქარი, რომელსაც დავით მეფის ყონაღმა და ბაჰადურმა – არიშიანმა ჩამოუქროლა და  იტალიაში გამოჭედილი ჯვაროსნული მახვილი „ფერერო“ პირდაპირ გულში გაურჭო.

ბრძოლის ველზე დაღლილმა უეცრად თითქოს დაისვენაო – ულუ სიქარმა ორივე ხელი გაშალა და ზეცისაკენ შელტოლვილმა, უეცრად მახინჯი მანქანებით, სისხლიან მიწაზე მოადინა ზღართანი.

***

მეფე და არიშიანი, ბრძოლის დამთავრებისას შეხვდნენ ერთმანეთს. არიშიანი სისხლიან მახვილს წმინდავდა და ულუ სიქარის ფარშევანგის ფრთებიან მუზარადს დაჰყურებდა. ნისლი მოუყვებოდა არაქსის ნაპირს, როდესაც მთაკაცის გარეგნობის მქონე მეფე ჩაფიქრებულ არიშიანს მიუახლოვდა.

  • გამოგადგა იტალიური ხრმალი „ფერერო“ ჩემო არიშიანო? თბილად კითხა დავით მეფემ თავის  მეხრმლეს.
  • ამით ეშმაკსაც დავამარცხებთ ჩემო მეფეო – ბრძანა არიშიანმა და ტახის ქონით გაპოხილი მახვილი ქარქაშში სათუთად ჩაასრიალა.

***

ამ სისხლიანი დღიდან ხუთი თვის თავზე ასმათ ტბელმა შობა ვაჟი, რომელსაც ჯაყელებმა მამის სახელი უწოდეს და ნათლი-მირონობისათვის თავად დიდ მეფეს ეწვივნენ, რომელიც ამ დროს წაღვლისკარიდან  დიღმისკარამდე გაშლილ თავის ლაშქარს წვრთნიდა. იდგა 1118 წელი.

კახაბერ ჯაყელი

ატლანტა, კენესოუ,

ჯორჯია

2017 წელი აპრილი.

  “წარმოემართა მეფე (დავითი – ა. ა.) ღანუხით წარსლვად რახსის პირსა და ზატიკი (აღდგომის დღესასწაული – ა. ა) გარდაიხადა ნახიდურს. მუნ მოართუეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკლვისაი; და ამისთვის უშლიდეს დიდებულნი მას ჟამსა წარსლვად; და ყოვლად არა მოისმინა, არამედ დაესხა თურქთა, რახსის (მდ. არაქსის – ა. ა.) პირსა მდგომთა, მოსრა სიმრავლე მათი და წარმოიღო ტყუე და ალაფი ურიცხვი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: