Posted by: burusi | 09/04/2017

ჰომეოპათიის განვითარება საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები

homeopathy ჰომეოპათია

ჰომეოპათიის განვითარება საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები

მარიკა წამალაშვილი, ანა ხვედელიძე, ანა ბარამიძე, ნათია თელია, ქეთი ჩხეტიანი, ქეთი ტუღუში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტები

თენგიზ ვერულავა მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი

შესავალი

ჰომეოპათია ალტერნატიული მედიცინის დარგია, რომელიც თვლის, რომ დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. ჰომეოპათია იყენებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზით და „მსგავსების პრინციპით“ („მსგავსების პრინციპი“ ნიშნავს მკურნალობა „მსგავსისა მსგავსით“: იმ პათოგენეზს, რომელსაც პრეპარატი იწვევს დიდ დოზაში, მკურნალობს უმცირესი დოზით).

თავისი არსით ჰომეოპათია ბიომარეგულირებელი თერაპია, რომელიც არ სტიმულირებს ან არ თრგუნავს ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესს.იგი მართავს და აწესრიგებს ორგანიზმის ადაპტაციურ მექანიზმებს და ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგანკურნების მექანიზმს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. იგი ადამიანის ორგანიზმს და მასში არსებულ პათოლოგიებს განიხილავს არა ცალ-ცალკე სისტემების მიხედვით, არამედ მთლიანობაში და ერთ ადამიანში არსებულ რამდენიმე პათოლოგიას ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს და გვიხსნის, თუ რატომ უვითარდება იგი ადამიანს.

ჰომეოპათია მთელს მსოფლიოში გავრცელებული მკურნალობის მეთოდია. მისი ფუძემდებელია XVIII საუკუნის გერმანელი ექიმი სამუელ ჰანემანი. ჰომეოპათია უკვე 200 წელია  იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა საქართველოში მედიცინის ეს დარგი მაინც სიახლედ ითვლება.

კვლევის მიზანია საქართველოში ჰომეოპათიის განვითარების და მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა.

კვლევის ამოცანებია:

  • ჰომეოპათიაზე მზარდი მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლა;
  • რატომ ანიჭებს უპირატესობას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჰომეოპათიურ მკურნალობას?
  • რა გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სქესი, ასაკი, სოციალური მდგომარეობა ჰომეოპათიური მკურნალობის გამოყენებაზე?
  • ექიმთა მოსაზრება ჰომეოპათიური მკურნალობის ეფექტურობა/არაეფექტურობის შესახებ.

ლიტერატურის მიმოხილვა

თანამედროვე რეალობაში ჰომეოპათიას ჰყავს უამრავი მიმდევრები, თუმცა არიან ისეთებიც რომლებიც მკურნალობის ამ მეთოდს სკეპტიკურად უყურებენ. “Funtime”-ისთვის მიცემულ  ერთ-ერთ ინტერვიუში [1] ცნობილი ექიმი ჰომეოპათი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი საუბრობს ჰომეოპათიის მზარდ განვითარებაზე. მისი თქმით, ჰომეოპათია მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა და ბოლო დროს მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი აზრით, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ, მაგალითად, ინდოეთში ექიმების 50% სწორედ ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდებს იყენებს, გერმანიაში – 25%, დიდ ბრიტანეთში – 40%. ინგლისის დედოფალი და მთელი სამეფო ოჯახი მხოლოდ ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობენ.

ისეთი განვითარებული ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, ფართოდ იყენებს მკურნალობის ჰომეოპათიურ მეთოდს, ოქროპირ რუხაძე სტატიაში [2]  „ ჰომეოპათია – „მსგავსით მსგავსისა“ მკურნალობა“ საუბრობს ამ ქვეყანის მაგალითზე. მისი თქმით, გერმანიაში ჰომეოპათია, მისი სხვადასხვა მიმართულებით და მეთოდით, ძალიან გავრცელებულია. ამ ქვეყანაში რეგისტრირებულ ექიმთა 5 პროცენტი ჰომეოპათია. გერმანიაში 2009 წელს ჰომეოპათიური საშუალებებისთვის სადაზღვევო ფირმების მიერ გაღებული თანხა 25 მილიონი ევროა, ანუ საერთო თანხის ერთი მეათედი პროცენტი, მაშინ როცა ქიმური მედიკამენტებისთვის გაღებული სახსრები ათეულ მილიარდებს აღწევს და საერთო მონაცემის 17 პროცენტია. ბატონი ოქროპირის აზრით, ჰომეოპათიის სიიაფესა და ხელმისაწვდომობაზე გერმანიაში ვერ იდავებ.

ონტარიოს ჰომეოპათიური მედიცინის კოლეჯის ინტერნეტ საიტზე მოცემულია ის უპირატესობები, რომელიც ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდს გააჩნია:

. ჰომეოპათია არის ბუნებრივი და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდი ყველა ასაკის ადამიანისათვის და ცხოველებისთვისაც კი

. ჰომეოპათიური მედიცინა არის ეფექტური

. ჰომეოპათიური მკურნალობა ხელმისაწვდომია

. ჰომეოპათიური პრეპარატები არ შედის რეაქციაში სხვა მედიკამენტებთან

. ჰომეოპათიური მკურნალობა ინდივიდუალურია

. ჰომეოპათია კურნავს მთლიანად ადამიანს და არა კონკრეტულ დაავადებას [3]

ევროპის ჰომეოპატთა საინფორმაციო საიტზე მოცემულია იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, სადაც ჰომეოპათია კანონითაა აღიარებული. ეს ქვეყნებია:  ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო. ამ ქვეყნებიდან რამოდენიმეში მხოლოდ მედიცინის დოქტორებს აქვთ უფლება განახორცილონ ჰომეოპათიური მკურნალობა.

არქიმანდრიტი რაფაელი თავის ნაშრომში “ ჰომეოპათიამეცნიერება და არა იდეოლოგია“ აღნიშნავს, რომ ჰომეოპათიურ მკურნალობას საქართველოში იყენებდნენ ქართველი პატრიარქები კალისტრატე და ეფრემი; თუმცა საბჭოთა პერიოდში ჰომეოპათია ფაქტობრივად იდევნებოდა [4]. აღნიშნული გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ჰომეოპათიური მკურნალობა არ ეტეოდა მატერიალისტური მსოფლმხედველობის ჩარჩოებში და ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა იდეოლოგიას. საბჭოთა დიქტატის დამთავრების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. ჰომეოპათია არა მარტო აღიარეს, არამედ მიანიჭეს ოფიციალური სტატუსი. ამგვარად, ჰომეოპათია არ მიეკუთვნება რელიგიურ და ფილოსოფიურ სისტემებს [4].. ჰომეოპათები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები და ჰქონდეთ განსხვავებული ფილოსოფიური ხედვა. ჰომეოპათია რჩება პრაქტიკულ მედიცინად, რომელიც დამყარებულია ფაქტებზე და მისი ეფექტურობა მტკიცდება არა განყენებული დისკუსიების ფონზე, არამედ ავადმყოფის საწოლთან [4].

„დღეს დიდი დილემა დგას კაცობრიობის წინაშე. მხოლოდ ქიმიურ პრეპარატებზე დამყარებული მედიცინარომელიც ხშირად იმართება ფარმაკოლოგიური ფირმების დიქტატით, კატასტროფას უახლოვდება. სულ უფრო ფართო გავრცელებას ჰპოვებს ჯგუფი დაავადებებისა, რომელიც ცნობილია წამლისმიერი დაავადებების სახელით. ეს ემსგავსება ადამიანის მიერ შექმნილ ცივილიზაციას, რომელიც შეიძლება საკუთარი წარმოებების გამონაბოლქვმა გაანადგუროს ან დედამიწას, რომლის სიკვდილს აჩქარებს ხშირად გაუგებარი ტექნოლოგიებით შექმნილი  ქიმიური სასუქები. ამ ფონზე ისახება გამოსავალიმივმართოთ ბუნებას და მკურნალობის ბუნებრივ საშუალებებს. [4]

ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის თავმჯდომარის, კლინიკა „ოჯახის მკურნალის“ დირექტორის, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრის, თერაპევტის, ჰომეოპათის, თორნიკე ალაშვილის თქმით, ჰომეოპათია საქართველოში ოფიციალური მედიცინის ფარგლებშია. ის საუბრისას აცხადებს, რომ ჰომეოპათია ჯანდაცვის სისტემაში სპეციალობათა ნუსხაშია, ის ისწავლება რამდენიმე სამედიცინო ინსტიტუტში და, ამავე დროს, საქართველოში მოქმედებს კლინიკა „ოჯახის მკურნალი“, სადაც ჰომეოპათი ექიმები მუშაობენ. [5]

მაჰათმა განდი აღიარებდა ჰომეოპათიის უპირატესობებს. მისი აზრით, ჰომეოპათია მეცნიერების  სრულყოფილი დარგია, რომელიც ბევრად უსაფრთხო და ეკონომიურია, და გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ [6].

მეთოდოლოგია

თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ექსპერტების გამოკითხვა და სიღრმისეული ინტერვიუ. სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა საქართველოში  ჰომეოპათთა ასოციაციის პრეზიდენტთან გია ნადარეიშვილთან. სიღრმისეული ინტერვიუ ასევე ჩატარდა სამ ექიმთან, სამ ჰომეოპატთან და 5 ჰომეოპათიის მეთოდით მოსარგებლე პაციენტებთან.

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ონლაინ გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-მა რესპონდენტმა. შერჩევა იყო არაალბათური, კვლევაში მონაწილეთა ეთიკური უფლებები იქნა დაცული. მსგავსი მულტიმეთოდური მიდგომა დაგვეხმარა საკითხის უფრო სიღრმისეულ შესწავლასა და ინტერპრეტირებაში.

კვლევის შეზღუდვას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ კვლევის გეოგრაფიული არეალი მხოლოდ თბილისს მოიცავდა, რაც ასევე ნაკლებ წარმოდგენას გვაძლევს საქართველოს ზოგად სურათზე.

კვლევის შედეგები

ექსპერტი გია ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ჰომეოპათიის აქტუალობა  წლიდან წლამდე იზრდება. მისი ჰომეოპათიით დაინტერესება მაშინ დაიწყო, როდესაც გაიგო ახლობელის განკურნება ჰომეოპათიური პრეპარატით. ამის შემდეგ გადაწყვიტა გერმანიაში მიეღო ჰომეოპათიური განათლება. იგი 30 წელზე მეტია ამ სფეროში მოღვაწეობს და უკვე 40 000-მდე პაციენტს ჩაუტარა მკურნალობა.

ექსპერტის აზრით, ჰომეოპათია არ არის სიცოცხლისათვის საშიში და სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისათვის. მედიკამენტების მიღებით შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს ჯანმრთელობასებ, მაშინ, როდესაც ჰომეოპათიური პრეპარატების შემთხვევაში მსგავსი რისკები არ არსებობს, თუნდაც მისი დიდი დოზით მიღების დროს. მისი თქმით, ჰომეოპათიას ძითადად ისეთი პაციენტები მისდევენ, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მედიცინის შედეგებით.

ჰომეოპათი თენგიზ ტერუნაშვილი ამ სფეროთი მაშინ დაინტერესდა, როდესაც მრავალწლიანი მკურნალობის შემდეგ მწვავე სახსრების ტკივილების განკურნება მხოლოდ ჰომეოპათიური გზით შეძლო. მან დანერგა საქართველოში ჰომეოპათიის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ჰომოტოქსიკოლოგია, ფიზიოლოგიურ-რეგულაციური მედიცინა, იზოპათიური მედიცინა და სხვა. მისი თქმით, პირველი ჰომეოპათიური აფთიაქი საქართველოში შეიქმნა დაახლოებით ათი წლის წინ, ჰომეოპათ გიორგი გორგასლიძის ძალისხმევით.

ოპონენტების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჰომეოპათიურ პრეპარატებს პლაცებო ეფექტი აქვს, ექსპერტი იმით პასუხობს, რომ ჰომეოპათია ცხოველებშიც წარმატებით გამოიყენება, ხოლო ცხოველებზე შეუძლებელია პლაცებო ეფექტის მოქმედება. ჰომეოპათიური პრეპარატები აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისათვის. ექსპერტის აზრით, ჰომეოპათია საქართველოში ახლა იწყებს განვითარებას და მას დიდი მომავალი აქვს.

  ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდის მქონე პაციენტებთან ინტერვიუების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა რომ ყველა მათგანი უპირატესობას ამ მკურნალობის მეთოდს ანიჭებს. მათი აზრით, ეს მეტად იაფი, სანდო და რაც მთავარია ბუნებრივი გზაა დაავადებებთან სამკურნალოდ. „ჰომეოპათიური მკურნალობის შესახებ რამდენიმე წლის წინ, ახლობლის მეშვეობით შევიტყვე, ის მკურნალობდა. იმ დროს ინსომნია მჭირდა და ძალიან ხშირად მტკიოდა თავი. გადავწყვიტე მეც მიმემართა მისთვის და მიმეღო ის ბურთულები-პრეპარატები, რომელსაც ჩემი ახლობელი სვამდა. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დავრჩი. მომიწესრიგდა ძილის რეჟიმი და თავის ტკივილებიც მალე ჩაბარე წარსულს. რაც მთავარია, ეს არ ყოფილა დროებითი ეფექტი. “ აცხადებს სიღრმისეული იტერვიუში ქ-ნი ნინო ა. რესპონდენტები საკუთარი პრაქტიკის გათვალისწინებით საუბრობდნენ ჰომეოპათიის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი იმასაც კი ამბობდა რომ ჰომეოპათიურმა საშუალებებმა, რომელიც ცხოველური ექსტრაქტისგან მიიღებოდა, დაუშალა თირკმელში არსებული კენჭები. ყველა რესპონდენტი ჰომეოპათიური მკურნალობის მოთხოვნილების გაზრდას ვარაუდობს სამომავლოდ, რადგან ესი მეთოდი უსაფრთხო და შედეგიანია. „რეკომენდციას რა თქმა უნდა ჰომეოპათიას გავუწევ, შედეგებს ვხედავ, ეს ფაქტია, ახლობლებსად იგივეს ვურჩევ ყოველთვის“ – გვითხრა ინტერვიუში საუბრისას ბატონმა დემურმა.

პაციენტებისგან განსხვავებული აზრი ჰქონდათ გამოკითხულ ექიმებს, ისინი სკეპტიკურად აფასებდნენ ჰომეოპათიური მეთოდით მკურნალობას და თვლიან რომ ეს სარისკო ქცევაც კია, პაციენტთა მხრიდან. მათი თქმით, თანამედროვე სამყაროში არსებობს არაერთი მედიკამენტი რომლის გამოყენებითან პაციენტს ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე. ჰომეოპატთა სიმცირეზე საუბრობს ერთ-ერთი ექიმი, მისი თქმით ჰომეოპათიური ინსტიტუტის  მზარდი განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორი ესეცაა.

„ „კლასიკური ექიმები“  მზარდი რაოდენობით უპირატესობას ფლობენ, ჰომეოპათ ექიმებთან შედარებით, სწორედ ამიტომ ხალხში ვერ სარგებლობენ გარკვეული პოპულარულობით“- განაცხადა ინტერვიუში ლელა ბაკურაძემ, „ველედას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში. მან ასევე აღნიშნა, რომ  ექიმები თვლიან რომ ჰომეოპათები არ არიან ექიმები, ხოლო ჰომეოპათები პირიქით, ანტიბიოტიკის საჭიროებას უარყოფენ. შესაბამისად ამ ორი მხრის მეგობრობა წარმოუდგენელი და დროის ამბავის საკითხია. ჰომეოპათია საფუძვლიან სამომავლო განკურნებას გვთავაზობს.

რაოდენობრივი კვლევის ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 51-მა რესპონდენტმა, რომელთაგანაც დაახლოებით 30% იყო მამაკაცი, ხოლო 70%- ქალი. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობას  59%  18-25 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენდნენ.

საინტერესოა ის ფაქტი , რომ გამოკითხულთა 49%მა ზუსტად იცოდა ჰომეოპათიის განმარტება, დანარჩენ 51%-ს კი არასწორი წარმოდგენა ჰქონდა ამ ტერმინზე. გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილს, კერძოდ 25%-ს ჰქონდა უშუალო შეხება ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდთან. კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტები, მათი ახლობლები თუ ნაცნობები იშვიათად მიმართავენ ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდს. გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი ადასტურებს, რომ მათ ახლობლებსა თუ ნაცნობებს უმკურნალიათ ჰომეოპათიური მეთოდებით.

რესპოდენტთა უმრავლესობის აზრით, ჰომეოპათიური მეთოდით მკურნალობა სანდოა. თუმცა, რესპოდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველოში ჰომეოპათიური მკურნალობა არ არის პოპულარული. გამოკითხულთა 60% უპირატესობას მკურნალობის ტრადიციულ მეთოდს ანიჭებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაც უფრო მაღალია რესპონდენტთა ასაკი, მით მეტია ჰომეოპათიური მეთოდით ნამკურნალევ პაციენტთა რაოდენობაც. 41 და მეტი წლის რესპონდენდეტების 90%-ს ჰომეოპათიური მეთოდით უმკურნალია ან მათ გარშემო ხშირია ამ მეთოდის მკურნალობის ფაქტები.

დასკვნა, რეკომენდაციები

კვლევის შედეგებმა ცხადყო რომ საქართველოში ჰომეოპათიის გზით მკურნალობა არც თუ ისე პოპულარული, მაგრამ მზარდი მოვლენაა. ჰომეოპათი ექიმების აზრით, საქართველოში მკურნალობის ამ მეთოდს დიდი მომავალი აქვს და შესაძლებელია მალე იმდენად ტრადიციულ მოვლენად იქცეს, რამდენადაც სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების სფეროა განვითარებული. ჰომეოპათიის ინსტიტუტი საზოგადოებაში სანდოობით სარგებლობს.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მკურნალობის ამ მეთოდის პოპულარიზაცია და მოსახლეობის ამ საკითხისადმი  მეტად ინფორმირებულობა. სასურველია სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით დაინტერესება და მისი განვითარების ხელშეწყობა. ტრადიციული მედიცინის  და ჰომეოპათიური მკურნალობის სერვისები საზოგადოების მოთხოვნილებებს უკეთესად უზრუნველყოფს და  დააკმაყოფილებს.

აბსტრაქტი

შესავალი: ჰომეოპათიური მკურნალობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მკურნალობის მეთოდია, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს და მზარდ მოვლენად ითვლება. კვლევის მიზანია საქართველოში ჰომეოპათიის განვითარების და მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა. მეთოდოლოგია: კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ როგორც რაოდენობრივი კვლევა, ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით, ისე თვისებრივი კვლევაც, კერძოდ ექსპერტთა გამოკითვა, თოვლის გუნდის გამოყენებით და სიღრმისეული ინტერვიუების მეთოდი. შედეგები, დისკუსია: გამოკითხული მოსახლეობის ნაწილის აზრით, ჰომეოპათია საქართველოში პოპულარული არ არის, თუმცა პაციენტთა უმრავლესობა ნდობითაა განწყობილი მკურნალობის ამ მეთოდის მიმართ. მათი აზრით, ჰომეოპათიური მკურნალობის დადებით მხარეა მკურნალობის ხელსაყრელი  პირობები, პრეპარატების უკუჩვენებების არ ქონა, პრეპარატთა ბუნებრივი შემცველობა და ეფექტიანობა. დასკვნა, რეკომენდაციები: მიზანშეწონილია, ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდის პოპულარიზაცია და მოსახლეობის ამ საკითხისადმი  მეტად ინფორმირებულობა. სასურველია სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით დაინტერესება და მისი განვითარების ხელშეწყობა.

Research in Georgia “Homeopathy Institute” needs and functioning of the reasons

Marika TsamalaSvili, Ana Khvedelidze, Ana Baramidze, Natia Telia, Keti Chkhetiani, Keti Tughushi Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences, Bachelors of Sociology

Tengiz Verulava – Doctor of Medical Sciences, Professor

Abstract

Introduction: homeopathic treatment not only in Georgia but throughout the world is a widespread method of treatment, which has a great dollowing and growing event. The goal of research is to search “Institute of Homeopathy” in Georgia, its needs and the functioning of the reasons for establishing the basis of the opinion of the population. Methodology: the survey was conducted using both quantitative research through an online survey, and qualitative research. Results: The results of a panel discussion of people surveyed believe that homeopathy is not popular in Georgia, however because of its credibility questioned have drawn. Patient’s to clear their confidence and attitude towards this method of treatment. The study showed that the homeopathic treatment practices of the respondents are positive on the future of this institution and still intend to apply it. Respondents point out the benefits of homeopathic treatment, in particular the treatment of favorable conditions, lack of drugs, contraindications, drug content in natural and efficiency, which affects the whole body. Conclusions and recommendations: homeopathic treatment and the promotion of awareness of this issue, in our view, is recommended. It is to be wished that the state gave supportive services in the direction of interest. The healthcare sector, and provides better meet needs of the community model of homeopathic treatment.

ბიბლიოგრაფია

  1. კახა საბახტარიშვილი „ რა არის ჰომეოპათია და რა უპირატესობები აქვს მას?!“

http://funtime.ge/mkurnali-mcenareebi/ra-aris-homeopatia-da-ra-upiratesobebi-akvs-mas (27.12.16)

  1. ოქროპირ რუხაძე „ ჰომეოპათია – მსგავსით მსგავსისა მკურნალობა“ -თბილისი, 2010 წ.

http://www.radiotavisupleba.ge/a/2100912.html (წვდომის თარიღი 26.12.2016)

  1. ონტარიოს ჰომეოპათიური მედიცინის კოლეჯის ინტერნეტ საიტი http://www.ochm.ca/benefits-of-homeopathy (წვდომის თარიღი12.2016)
  2. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) „ჰომეოპათია – მეცნიერება და არა იდეოლოგია„ http://mana.ge/index.php/medicalarticles/abouthomeopatia/rafaeli (27.12.2016)
  3. ოქროპირ რუხაძე „ ჰომეოპათია – მსგავსით მსგავსისა მკურნალობა“ -თბილისი, 2010 წ.

http://www.radiotavisupleba.ge/a/2100912.html (წვდომის თარიღი 26/12.2016)

  1. What do Nobel Laureates say about Homeopathy? 5.06.2012

https://drnancymalik.wordpress.com/tag/mahatma-gandhi/  (წვდომის თარიღი 30.12.2016)

ციტირება:

თენგიზ ვერულავა, მარიკა წამალაშვილი, ანა ხვედელიძე, ანა ბარამიძე, ნათია თელია, ქეთი ჩხეტიანი, ქეთი ტუღუში. ჰომეოპათიის განვითარება საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, N 3. ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ცენტრი. 2017. გვ. 152-156


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: