Posted by: burusi | 06/03/2017

კახაბერ ჯაყელი – ჩემი თვალით ნანახი

კახაბერ ჯაყელი

კახაბერ ჯაყელი – Kakhaber Jakeli

ჩემი თვალით ნანახი

ანუ ანტრეპრენიორობის დასაწყისი და დასასრული საქართველოში 

კენესოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი

კახაბერ ჯაყელი

კენესო, ატლანტა 2017, მარტი

ნაწილი I

მე-20 საუკუნის ბოლოს საქართველო მეორედ განთავისუფლდა ჩრდილოეთის იმპერიისაგან, რომელსაც ხან რუსეთის ხანაც საბჭოთა იმპერიას  ვუწოდებთ. იმ პერიოდში ჯარიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი. საბაზრო ეკონომიკაზე საუბრები დაწყებული იყო. მძულდა გადაუმოწმებელი თეორია და მიყვარდა საქმე, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენებოდა. სწორედ მაგ დროს 1989 წელს, საქართველოში ინტელექტუალური აზრი დუღდა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ განთლებული ერი ვიყავით იმ დროს. გვყავდნენ გენიოსები, სხვადასხვა დარგში და ყველას საბაზრო ეკონომიკა სწყუროდა.

იმ პერიოდში გამიტაცა ბირჟის იდეამ. ეს რა თქმა უნდა, საფონდო სასაქონლო ბირჟა იყო. საიდან მოდის იდეა? „თუ ამბავი არ მოყევი – არაფერი გაპიარდება“ – ამბობს ერთ ერთი ამერიკული ანდაზა. ამ ამბებს ჩვენ კინო-ფილმების მეშვეობით ვიგებდით. თორემ სად იყო წიგნები?

გახსოვთ ფილმი „სხვისი ფულები“, მსახიობი დონი დე ვიტო, ან ფილმი „ბირჟა“, მსახიობი მაიკლ დუგლასი, სწორედ ეს ფილმები ტრიალდებდა მაშინ ტელეეკრანებზე, ვიოდეოსალონებში თუ კინოთეატებში. სწორედ ამ საინტერესო კინო-ჰიტებმა გაგვიხსნა აზრი იქითკენ რასაც ანტრეპრენიორობა ჰქვია.

 ვმუშაობდი საკურსო პროექტზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბირჟა არავინ იცოდა რა იყო, ამიტომაც რომელ პროფესორსაც ბირჟა არ ვუხსენე, არავინ დაინტერესებულა ამ იდეით. ბირჟა ქართული სამეცნიერო წრეებისათვის თითქმის სრულიად უცნობი იყო.

ყოველთვის მძულდა გადაუმოწმებელი თეორია, დავიწყე ჩემით, აზრების მოძიება და ხელში ჩავარდნილი ინგლისური ჟურნალებიდან პატარა სტატია დავწერე ბირჟაზე, რომელიც   ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა კიდეც.

შემდეგ უეცრად გაისმა ტელეფონის ზარი ჩემს სახლში და ვიღაც ქალბატონმა საქართველოს მწერალთა კავშირში მიმიპატიჟა, სადაც მე ამ ცნობილი ორგანიზაციის ხელმძღვანელი – არაჩვეულებრივი ქართველი პოეტი ქალბატონო მედეა კახიძე მელოდა.

აწ გარდაცვლილი მედეა კახიძე, ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წევრი იყო.  1990 წლის გაზაფხულზე,  იგი დამხვდა დავით სარაჯიშვილისულ კაბინეტში, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, შემდეგ უეცრად, მან მწერალთა კავშირის მიერ შეძენილი საბროკერო ფირმის დირექტორობა შემომთავაზა.

მართლაც დავით სარაჯიშვილის სახლში და მის კაბინეტში რომ მოხდა ეს ყველაფერი, ამან თავისი ლოგიკური გაგრძელება გამოიღო ალბათ. ქალბატონო მედეას ლექსები მუდამ მომწონდა, იგი პატრიოტული, ღრმა შინაარსის ნაწარმოებებ ქმნიდა და როგორც ჩანს, მიუხედავად თემატიკისა მასაც და ქართველ მწერლებსაც აინტერესებდათ სიახლე ამიტომაც მათ ახლახან დაფუძნებულ კავკასიის ბირჟაზე საბროკერო ადგილი ეყიდათ და ეხლა მის „ამუშავებას“ ფიქრობდნენ.

საქართველოში დაფუძნებულ კავკასიის ბირჟაზე საბროკერო ფირმა საკმაოდ ძვირი იყო – იგი თავიდან ასი ათასი საბჭოთა მანეთი ღირდა. მოკლედ ასე გავხდი პირველი საბროკერო ფირმის დირექტორი, მაგრამ ხელში მქონდა მარტო ფირმის ბეჭედი, ბლანკი და საბანკო ანგარიში. საქმე დასაწყები გახლდათ. ანუ საჭირო იყო ბიზნესის ისეთი 4 ელემენტის მოზიდვა, როგორიცაა: ფული, ადგილი, თანამშრომლები და ანტრეპრენიორობის ნიჭი.

ბირჟის დაფუძნება ერთ უაღრესად ნიჭიერ და სწავლულ ქართველ კაცთან არის დაკავშირებული. მისი სახელია – ამირან ქადაგიშვილი. ამ კაცმა, პროფესიით ფიზიკოსმა, რასაც იტყვიან ძალიან მაგარი და გაბედული მანევრი წამოიწყო და იმ ხნად, პირველი ბირჟა ისე დააფუძნა, რომ კაპიტალის რაოდენობამ, რომელიც ამ ორგანიზაციაში აკუმულირდა ოთხმოც მილიონს გადააჭარბა. იმ პერიოდში ერთი საბჭოთა რუბლი ერთ დოლარს უტოლდებოდა. თანხა დიდი ააგროვეს კავკასიის ბირჟელებმა, ისინი კონფერენციებს ოპერაში და ფილარმონიაში ატარებდნენ. საზოგადოება მოდიოდა და მოდიოდა.

ანტრეპრენიორობა ის გახლავთ – როდესაც საზოგადოებას მასობრივად ჩააბამ შენს საქმეში. მას შემდეგ მე არ მახსოვს ანტრეპრენიორული წამოწყება საქართველოში, რომელსაც ამგვარად აეღგზნებინოს საზოგადოების მასები. რა თქმა უნდა ბირჟამ შეცდომებიც მრავალი დაუშვა მაგრამ ეს იყო დასაწყისი. რომელიც შემდეგ დაასამარეს.

მოკლედ ვაჭრობები ბირჟაზე დაიწყო. კავკასიის ბირჟამ ზუსტად ის შენობა დაიკავა სადაც დღეს ქართული უშიშროება არის განთავსებული – ვაჟა ფშაველას გამზირზე.

რა თქმა უნდა ჩავებით საქმეში. ჩემი მეგობრები, რომლებიც ასევე მზად იყვნენ ანრეპრენიორობის ზღვაში გადაშვებულიყვნენ საკმაოდ სხარტად გაერკვნენ საბირჟო ოპერაციებში.

ჩვენი, ანუ საქართველოს მწერალთა კავშირის საბროკერო ფირმის ლიდერები იყვნენ, ადამიანები, რომლებიც ასევე გამოექცნენ თეორიულ ცოდნას და უკან არ დაბრუნება გადაწყვიტეს. ალბათ ამის მიზეზი იყო თეორიული განათლების საკმაო განუვითარებლობა საქართველოში.

ზუსტ და სხარტ საბროკერო ოპერაციებში მუდამ უნდა გათვალო სწორად, მიიღო უსწრაფესი გადაწყვეტილება და მიაღწიო მოგებას – აი ეს არის საბირჟო ბიზნესის კანონი. ამ კანონს კარგად დავეუფლე. შემდეგ ცხოვრებაში მუდამ ამ კუთხით უყურებ საქმეს. არ მიყვარს თათბირები და ვერ ვიტან დემაგოგიას. თუ საქმეში ანტრეპრენიორობა იმარჯვებს მაშინ მე იგი მაინტერესებს, თუ პირიქით, მე ამ საქმიდან შორს ვიჭერ თავს.

სხარტ და მოქნილ საბირჟო ქმედებებში მე განსაკუთრებით მაოცებდნენ ჩემი მეგობრები. მათ შორის უნდა გამოვარჩიო ბატონი კახა არცივაძე, დღეს გარემოს ერთი ერთი ცნობილი დამცველი და პროფესორი. ბიზნესმენები- მამუკა ჯაფარიძე, ოთარ ტატიშვილი, ლაშა ბაბუაძე კახა ძნელაძე და სხვანი.

საბროკერო ფირმას რომელსაც ჯერ მხოლოდ ნომერი ჰქონდა და შემდეგ „ორი კახა“ დაერქვა, საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია დაუგროვდა. ეს ფირმა ზედიზედ ხდებოდა ჩემპიონი საბირჟო ბრუნვით და მრავალი სხვა მაჩვენებლით.

მაგრამ აქ იწყება ცხოვრების მეორე მხარე – ანტრეპრენიორები მუდამ ებრძვიან ფის-კალიებს. ამას განგებ ვწერ ამგვარად რადგანაც ეს სიტყვა საქართველოში სწორედ ასე უნდა ჟღერდეს: ფის-კალია.

***

 ვინ არიან ფის-კალიები? ვინ დგას მათ უკან? ამ საჭირობოროტო კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიძლება ითქვას ნახევარი საუკუნე დამჭირდა. გარკვეული მიზეზების გამო ამერიკაში ჩამოსვლა მიწევს მაშინ, როცა, საპრეზიდენტო არჩევნები არის გაცხარებულ სტადიაში ან ახალი პრეზიდენტი იწყებს თავისი კაბინეტის დაკავებას.

2007 წელს აშშ-ში მე და ჩემი მეუღლე ნინო მიწვეული ვიყავით, როგორც ფულბრაიტის სტიპენდიანტები. მაშინ მე იელის უნივერსიტეტში საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობდი. ჩემი ხელმძღვანელი – ჩინეთიდან ამერიკაში გადმობარგებული ჯანდაცვის ეკონომისტი ჰონგ ვანგი გახლდათ.

ჯანდაცვის რეფორმის დოკუმენტზე მუშაობისას არა მარტო სამედიცინო სფეროს ხვდები არამედ ჩაწვდები ქვეყნის ისტორიას, მის ცხოვრებას და განსაკუთრებით იმას, თუ რა ტიპის ეკონომიკასთან გაქვს საქმე, რადგანაც ჯანდაცვის რეფორმა ქვეყნის ეკონომიკაზე უნდა აეწყოს.

სწორედ მაშინ ცხონებული კახა ბენდუქიძე, დიდი ბიზნესმენი, ანტრეპრენიორი და მოაზროვნე კაცი, იჯდა თბილისში და ჯანდაცვის რეფორმაზე ფიქრობდა. ამ კაცს მართლაც დიდი გონება ჰქონდა. მისი ტვინი სწრაფად „ხარშავდა“ ყველაფერს რაც აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ხდებოდა და წვდებოდა იმასაც რასაც ამერიკა გვთავაზობდა. კახა ბენდუქიძის ღრმა აზროვნების დადასტურება თუნდა ის იყო, რომ მას შეეძლო მკაფიო და აგრესიული „არა“ ეთქვა ჯანდაცვის ექსერტებისათვის მსოფლიო ბანკიდან. მაგრამ ამ პიროვნების ღირსებებს ალბათ ის მომენტიც ახლდა, რომ იგი რუსეთში ნამუშევარი კაცი, ბიზნესში რუსულად აზროვნებდა. გვახსოვს არა ფილმი სადაც ამგვარი ჟღერს რუსულად „კავკაზ დელო ტონკოე“. სწორედ კავკასიის დამახასიათებლობას ბენდუქიძე ბოლომდე არ ითვალისწინებდა, აქედან გამომდინარე იგი სძულდათ იმ ღრმა სიულვილით რომელიც მხოლოდ კავკასიელებს შესწევთ დედამიწაზე.

ამერიკაში მე ჯანდაცვის მოდელზე როცა ვმუშაობდი, ამერიკელ ეკონომისტებს ვხვდებოდი. იმ პერიოდში ჯოსეფ სტიგლიცი იყო მოდაში. მის სემინარსაც დავესწარი. ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ჯოსეფ სტიგლიცი და ალბათ სწორედ ეს პოზიცია მას აძლევდა საშუალებას ხმამაღლა ეთქვა საკუთარი სათქმელი. ერთ ერთ სემინარზე იელში, სტიგლიცმა ასეთი რამ თქვა, რომელიც საკუთარ წიგნში შემდეგ დაწერა კიდეც:

  • მსოფლიო ბანკმა არასწორად იმოქმედა რუსეთში. ჩვენ თითქოსდა ჩვენდაუნებურად ხელი შეუწყვეთ არასწორ პრივატიზაციას რუსეთის ფედერაციაში, რამაც ხალხის მიერ დაგროვილი ქონება ფაქტიურად მაფიოზურ ჯგუფებს ჩაუგდო.
  • აი ეხლა აღიარებს – გადმომილაპარაკა ჰონგ ვანგმა და თვალი ჩამიკრა.
  • მიიღეს პუტინი – ვთქვი მე და უკანა რიგში მჯომ ალაპარაკებულ ჩინელსა და ქართველს, ირლანდიელებმა, იტალიელებმა, ებრაელებმა, ამერიკელებმა და ინდოელებმა საყვედურით სავსე მზერა მოგვაპყრეს.

აი ეს არის საკითხავი  ქვეყნისათის თუ ვის ემსახურებიან ფის-კალიები, ანუ გადასახადის ამკრებნი. თუ ისინი ემსახურებიან ანგელოზ ხელისუფლებას მაშინ მათ არაუშავს გაუგებს კაცი, მაგრამ თუ გადასახადის ამკრები ემსახურება მაფიას, მოსულს სახელმწიფო სათავეში, მაშინ რატომ არ აქვს ადამიანს ამბოხის უფლება? – ეს მე მხოლოდ გავიფიქრე მაშინ.

მაგრამ წავიდეთ ისევ უკან, სადაც მე ვარ სასაქონლო და საფონდო ბირჟაზე, ხელში მიჭირავს მწვანე დოლარები და ჩემს მეგობრებთან ერთად ახალი ოპერაციების განხორციელებაზე ვფიქრობ.

***

  1992 წელია, გაგანია ომია აფხაზეთში. ბირჟაც გადაცხელებით მუშაობს. ყოველი აგენტი თავის ფუნქციას ასრულებს. საკმაოდ სამხედრო ყაიდაზე გამოწყობილი ბროკერი, ჩემი ჯარის მეგობარი – კახაბერ ძნელაძე უკვე მერამდენედ გვთხოვს:

  • ბიჭო გამიშვით რა აფხაზეთში, ათ დღეში ჩამოვალ და გავაგრძელებ მუშაობას.
  • არა ჯერ აქ ხარ საჭირო – არის პასუხი და მუდამ აღრენილი კახაც საქმეს აგრძელებს.

შევარდნაძე უკვე თბილისშია რა თმა უნდა. სავალუტო კურსის გარკვევაზე ომი ბირჟასა და ბანკს შორის ჯერ იწყება. მიმოქცევაშია ყველაფერი გარდა ქართული ფულის ერთეულისა. ვიყენებთ დოლარს, გამოჩნდა მარკა, მოიტანეს სტერლინგი, ვიღაცამ საერთოდ უცნობი ქვეყნის ფული შემოგვთავაზა.

  • ეს რაა ბიჭო? სადაურია. – ეკითხება ძნელაძე შავსათვალიან ახალგაზრდას რომელიც ჯიბიდან უცნაური ფორმის ვალუტას „აძრობს“.
  • სირია ძმაო სირია – პასუხობს შავსათვალიანი და მიდის.

ვამარაგებთ სახლების მშენებლობას თბილისში. არმატურა მოგვაქვს უკრაინიდან, მანქანების ბოლო პარტია შემოგვყავს ტოლიატიდან და უეცრად ვმდიდრდებით.

  • ხო კარგად ჩაიარა რუსთავიდან არმატურის რეისმა – გვეკითხება მეგობარი.
  • კი კარგად, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს რომ 25 ათასი დოლარი ჯიბეში გვედო და ორჯერ დაგხვდნენ „კორდონზე“ რუსთავსა და თბილისს შორის ვიღაც ავტომატიანები!
  • ვაა მერე ძმაო? – ინტერსდება ჩვენი კარგი პარტნიორი.
  • კითხვაზე რა გაქვთ ჯიბეში – პირადპირ უპასუხეთ „დოლარები“, და წავიდნენ – ვუყვებით ჩვენ.
  • რაა?
  • გადაიხარხარეს, ბევრი იცინეს – ალბათ არ დაიჯერეს და ასე გათავდა ეს საქმე.
  • უკანა გზაზე?
  • უკანა გზაზე ვინ გაგაჩერებს, არმატურის წართმევას ეგენი არ კადრულობენ.

აი ასეთი ამბებია.

მაგრამ მთავრი იწყება: შევარდნაძე ხომ თბილისშია, სწორედ იგი და მის გარშემო შემოკრებილი ფის-კალიები იწყებენ ფაცი-ფუცით სახელმწიფოს იმ მოდელის მშენებლობას, რომლის შესახებაც ააქვთ წარმოდგენა და გარკვეული ცოდნა მათი მწირი განათლების გამო.

გადასახადების ამკრებნი 1992 წლამდე არ გამოჩენილან. შემდეგ კი მობრძანდნენ და საკმაოდ დაგვთრგუნეს. მაგრამ გაუძელით. ისინიც კარგი ბიჭები და გოგონები არიან. მოდიან და გვიღიმიან, ჩვენც ვუღიმით. ისინი იმიტომ გვიღიმიან რომ გაკვირვებულები არიან.

  • რას აკეთებთ ბიჭებო გამაგებინეთ, მაინც არ ვიცი ეს ბირჟა რა არის? – გვეკითხება გადასახადების ამკრეფი ფის-კალია გოგონა მზევინარი და კიდე უფრო გვიღიმის.
  • ფულს მზევინარ, ფულს, თუ გინდა აგიყვანთ ბროკერად და მოსცილდები ფისკალიებს – პასუხობს მას კახა არცივაძე რომელიც ახალ ეფექტურ გარიგებაზე ფიქრობს და მართლაც არის წარმატებული უფრო და უფრო.
  • დღეში ხანდახან კაცზე 200 დოლარს ვაკეთებთ აი ეს არის ბირჟა – ამბობს ერთი მეგობარი რომელსაც ჩვენზე უფრო დიდი საბროკერო ფირმა აქვს, მაგრამ მოგების პროცენტით ჩვენ მუდამ უსწრებთ და ამიტომაც ხშირად გვესტუმრება ხოლმე ჩვენი „საიდუმლოს“ აღმოსაჩენად.
  • რას შვებით „კახებო“ ასეთს მაინც გავიგებ, მაგრამ ბროკერობას ნუ შემომთავაზებთ, მე ჩემი გზა მაქვს – ამბობს სევდიანად გაღიმებული მზევინარი და გვტოვებს.

უეცრად წინ გავასწრებ ჩემს თხრობას და გეტყვით. ამ ამბიდან 3 წლის შემდეგ მზევინარი ფასიანი ქაღალდების კომისიაში გადავიდა. ეს კომისია საკმაოდ არაპროფესიონალურად შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ სტრუქტურად. მასში 6 კომისიონერი და დაახლოვებით 40 ექსპერტი მუშაობდა. მეც მომიწია რამოდენიმე თვე ამ კომისიაში არსებობა და კარგად ვიცი კომისიონერებს თავად ბირჟის გამოცდილება არ ქონდათ. ჩემის აზრით კომისიონერი თავად უნდა იყოს ბირჟაზე „ჭიპ-მოჭრილი“ ბროკერი. ამ ორგანიზაციაში, რომელიც ამერიკელების რჩევით დაარსდა, უმეტეს წილად ფის-კალიები შეიყვანეს. ეს ფის-კალიები დღე და ღამე კაბინეტებში იჯდნენ და ბირჟის დამანგრეველ – ახალ ახალ აკრძალვებს წერდნენ. ამ აკრძალვებმა იმდენად გაართულა ფასიანი ქაღალდის ყიდვა და გაყიდვა ბირჟაზე, რომ მე როდესაც 2002 წელს ერთი აქციის ყიდვა გადავწყვიტე, დავხარჯე უამრავი დრო და ენერგია, გადავიხადე უამრავი ფული და საბოლოოდ, გაკვირვებულმა და განცვიფრებულმა ჩემს ძველ ძმაკაცს, ყოფილ საბირჟო დილერს დაურეკე და ასეთი სიტყვები უთხარი: „არა ძმაო არ ღირს, ეს რა საშინელებაა, ეს ვინ მოიგონა, წავიდეს ამათი ბირჟაც… “. აი ეს გახლავთ სახელმწიფო კაპიტალიზმის ყველაზე რთული ბოლო ქართული ფორმა, რომელსაც შემდეგ ერივნული ეკონომიკის ჩამოშლა მოჰყვება ხოლმე. ასეც მოხდა, ეკონომიკამ ლპობა განიცადა.

***

კვლავ დაუბრუნდეტ 1992 წელს როდესაც გვაქვს ახლად დაწყებული საბაზრო ეკონომიკა, როდესაც ფის-კალიები არიან მორიდებით და ჩვენ, ანტრეპრენიორები, ფულის მშოვნელი ახალგაზრდები ვართ ამაყები და პატიოსნები.

  • მოკლედ შენ გააგიჟებ მზევინარს – მეუბნება ჩემი მეგობარი.
  • რატომ? ვეკითხები მე და თან საბირჟო დარბაზში, ანუ დღევანდელ მოდულის შენობის მეორე სართულზე არსებულ კლუბში შემყავს ჩემი აგენტების „გვარდია“ რათა იმ დღეს საკმაოდ დიდი ლუკმა მოვიგო საბირჟო ვაჭრობიდან.
  • გაუკრია ბიჭო მზევინარს მთელი ჩვენი საფონდო ბრუნვის ამსახველი მასალები კედელზე. გადარიცხვები და გადმორიცხვები ყველაფერი.
  • მერე რა უპოვნია – კითხულობს ერთი ჩვენი აგენტი.
  • ერთ კედელზე ვერ დაუტევია და ასულა ჭერზე, შემდეგ გასულა მეორე ოთახში, შემდეგ მესამეში და ასე შემდეგ, ეხლა რომ მიხვიდეთ საგადასახადო ინპექციაში, მარტო „ორი კახას“ საფინანსო დოკუმენტების სტრუქტურა რამოდენიმე ოთახშია თურმე კედლებზე აწებებული და ჩვენი დაიკო მზევინარი და ერთი ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მას მეტად მონდომებით სწავლობენ.
  • კაი ერთი – ვთქვი მე თითქოს გულადად, რადგანაც როგორც მე მგონია კარგ საქმეს ვაკეთებ, მსოფლიოში გავრცელებულ საბირჟო კანონებს ვიცავ, კეთილსინდისიერად ვმუშაობ, 12 კაცს ხელფასს უხდი, მწერალთა კავშირისათვისაც დივიდენდები მომაქვს, ხალხს ვასაქმებ – სამოქალაქო ომის დროს, ვებრძვი რეკეტს, არ ვყიდულობ ავტომატს და ასე შემდეგ.
  • მაინც თქვენ ვინ „გკრიშავთ“ კახებო – გვეკითხება ერთი.
  • საკუთარი სინდისი – ვფიქრობთ ჩვენ. მართლაც ასეა სინდისი და ამ სინდისის გამო უფალი ღმერთი გვიფარავს. ჩვენს „ოფისში“, რომელიც მოდულის შენობის დირექტორს ეკუთვნოდა ადრე, ყველაფერი ღიად ხდება, ფული ღიად ტრიალებს. მოდიან და მიდიან ბიზნესმენები. ისინი ერთმანეთს ჩვენთანაც ხვდებიან და ყველაფერს საკმაოდ მაგარი ძმური და მეგობრული ელფერი აქვს. ჩვენ გულწრფელობას საზღვარი არ აქვს და სწორედ ამით ვართ ძლიერნი.

***

  • მე ამ ბროკერებს საბოლოოდ სტადიონზე შევკრიბავ ამბობეს ედუარდ ამბროსოვიჩი ტელევიზორში 1993 წელს.
  • რატო რა უნდა? კითხულობს ვიღაც.
  • ბრძოლაა, ბირჟასა და სახელმწიფოს შორის – ამბობენ ქუჩაში

***

როდესაც ედუარდ შევარდნაძემ თქვა „ბროკერებს სტადიონზე შევკრიბავო“, მაშინ ჩაესვენა საქართველოში თავისუფალი ბიზნესის მზე და გაღვიძება დაიწყო სახელმწიფო კაპიტალიზმა.

ანტრეპრენიორობის უპირატესობა ისაა რომ იგი არ ეპუება სახელმწოფოს, მის ყოველ გამოხატულებაში. ანტრეპრენიორობა ჰგავს კეთილ საქმეს გადაყვანილს კომერციულ ოპერაციებში. კეთილი საქმე იზიდავს ფულს რადგანაც მას აქვს პროდუქტის და მომსახურეობის ფორმა. ფული კი უბრალოდ სისხლის მიმოქცევაა ამ ანტრეპრენიორულ სხეულში და მეტი არაფერი. თავისუფალი ბიზნესი ანუ იდეალური ანტრეპრენიორობა ასაქმებს ნიჭიერებს, საქმიანებს, ასწავლის შრომას მასებს და ქმნის ახალი ტიპის სახელმწიფოს, რომლის მთავარი საფუძველი თავისუფალი ეკონომიკაა.

***

შევარდნაძემ უარყო აზრი თავისუფალი ანტრეპრენიორობისა და დაიწყო მეტად დაგუბებული და უშნო ფორმის სახელმწიფო კაპიტალიზმის მშენებლობა. სახელმწიფო კაპიტალიზმი ეს არის კორპორაციები, რომლებიც სახელმწიფოს ოფიციალური თუ არაოფიციალური ჩარევით არის შექმნილი და მათ სათავეში სახელმწიფო ლიდერის ნათესავები, მეგობრები, მოვალეები დგანან.

სიტყვა ნათესავი, მართლაც საინტერესოა, იგი ქართული ეთნოსისათვის მეტად ახლობელია და პირდაპირ მიუთითებს „თესლზე“. ანუ გენეტიკურ ერთობაზე. ქართული სახელმწიფო კაპიტალიზმი გენეტიკური ერთობით ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ფორმაციაა და სრული წააგავს სხვა ტიპის სახელმწიფო კაპიტალიზმის ქვეყნებს. როდესაც ინდონეზიის პრეზიდენტმა 1970 წელს ხალხისათვის ხელმისაწვდომი ავტომობილის პროეტი წამოაყენა – მან ეს დავალება თავის შვილს მიანდო, რომელიც სამხრეთ კორეაში გაამგზავრა და ამ საქმეს დიდი პატრიოტული დასაწყისი უწოდა – ასეთ ქმედებას არაფრით არ ჩაიდენდა ამერიკელი ხალხი ლიდერი.

ედუარდ შევარდნაძემ საქართველო საკუთარ მამულად წარმოიდგინა და სულ მალე დიდ კომპანიებში მისი ახლობლები და ნათესავები გამოჩდნენ.

 გაგრძელება იქნება

2017 წელი , კენესო , ჯორჯია

 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: