Posted by: burusi | 06/03/2017

ეთერ შავგულიძე – მირიამ სოლოღაშვილი

 

მარიამ სოლოღაშვილი

ეთერ შავგულიძე- ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი,დოქტორი

მირიამ სოლოღაშვილი 1961 წელს თბილისში დაიბადა, აქ მიიღო ტექნიკური განათლება და აქვე, თსუ

ხელოვნების ფაკულტეტზე ეზიარა ფერმწერის პროფესიას, მაგრამ სხვადასხვა ყოფით გარემოებათა გამო ვერც საქართველოში და ვერც ისრაელში, სადაც 1998 წლიდან ცხოვრობს, ვერ შეძლო მხატვრული მოღვაწეობის გაგრძელება. მხოლოდ სამიოდე წელია დაუბრუნდა, უფრო ზუსტად, თავიდან დაიწყო ფერით წერა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იმოგზაურა ქვესკნელშიც და ზესკნელშიც, მაგრამ განგებამ  ინება და შუასკნელში დატოვა საკუთარ ყოფით-სულიერ მისიაში არსებითი მიმართულებების შეცნობისა და ბოლომდე აღსრულებისათვის.

         ასე დაიწყო მირიამ სოლოღაშვილის, როგორც ფერმწერის ახალი ცხოვრება 21-ე საუკუნეში–მეოთხე ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში, როდესაც დადგა ყოვლისმომცველი და ყოვლისგამჭოლი ინფორმაციის, მესიჯების, გზავნილების დრო…ეპოქაში, როდესაც ყოველი ადამიანი გახდა ფოტოგრაფი, გამომცემელი, ჟურნალისტი, შემოქმედი …ეპოქაში, როდესაც ხელოვნება იქცა საყოველთაო წარმოებისა და მოხმარების საქონლად, გამონთავისუფლდა კაცობრიობის გიგანტური შემოქმედებითი ენერგია და დაიპყრო დრო და სივრცე… ეპოქაში, როდესაც ყოველი ადამიანის ცხოვრება უნიკალურ ღირებულებად იქცა,რადგან შეუძლია ის გაუზიაროს მთელ სამყაროს და თავადაც გახდეს ამ გლობალური ყოფის თანაზიარი…

        პარადოქსია–საყოველთაო ურთიერთობათა გაიოლებასთან ერთად თითქოს კაცობრიობის ისტორიაში დამთავრდა გათითოკაცების მძიმე პერიოდი, მაგრამ ესეც ილუზია აღმოჩნდა, ვირტუალური “შეხება” ვერ გახდა ვერც ფიზიკური და ვერც სულიერი შეხების ტოლფასი. გაჩნდა ახალი პრობლემა: როგორ განასხვავოს ადამიანმა ნამდვილი “ძახილი” ყალბი “ხმაურისაგან”, სულიერი “თანხმოვანება” ფუჭი ფეისბუკური “სადღეგრძელოსაგან”, სამყაროს ჭეშმარიტი “სიგნალი” ცრუ უსაგნო “მოხმობისაგან”…

       მირიამ სოლოღაშვილმა ხელოვნების სამყაროში პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ მულტირევოლუციურ მეოცე საუკუნეში  გადადგა, ამიტომაც კარგად იცის, რომ უამრავი საღებავების, მრავალგვარი ტექნიკური საშუალებების და კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი “იზმების” პირობებში ფერწერის ხელოვნება მოითხოვს არა მხოლოდ ხელისა და თვალის, არამედ აზრისა და გონების სკრუპულოზურ მუშაობას და რაც მთავარია, დიდ დროს, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეფიციტია ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებით მირიამისათვის, ამიტომ ის არ ცდილობს იქცეს ცნობად,გამორჩეულ ტრენდად და ეს მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში, ყველა ბიენალეზე, ტრიენალეზე,

პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებზე მხატვრები

ცდილობენ თუნდაც ცოტათი მაინც შემოიტანონ “რაღაც ახალი” და მათი ეს თვითმიზნური მცდელობა ერთფეროვანად ვლინდება პროექტიდან პროექტში და ჩვენი დროის შემოქმედებითი ცხოვრების ტიპოლოგიურ მოვლენად იქცევა.

         სწორედ ამ თვალსაზრისით არის ამოვარდნილი მირიამის ფერწერა თანამედროვე ხელოვნების კონტექსტიდან. მხატვრული სტილი, მეთოდი და საშუალებები ანუ ის,რაც ქმნის მხატვრულ ფორმას მასთან არის საყოველთაოდ ცნობილი–იმპრესიონისტული, მაგრამ აქ მთავრდება  მისი მსგავსება უკვე კლასიკურ-ტრადიციულ მოდერნისტულ მიმდინარეობასთან. უფრო ზუსტად, მირიამი ცდილობს თავისი იდეები, განცდები,განწყობა, მსოფლშეგრძნება ანუ  მხატვრული ნაწარმოების შინაარსი მხატვრულ აღმქმელამდე მიიტანოს იმპრესიონისტული მხატვრული ხერხებით, მაგრამ არა წუთიერი შთაბეჭდილება, არამედ მარადიული, საყოველთაო და ყოველდრული კითხვა: ვინ ვარ მე და რა არის ჩემი გარემომცველი სამყარო? ის, რაც თანამედროვე ყოფაში ბანალურ, მაგრამ მით უფრო ამოუხსნელ რებუსად იქცა ჩვეულებრივი (და არა ფილოსოფირი) ცნობიერებისათვის. მირიამისთვისაც სწორედ ეს არის მთავარი–არსებული რეალობისადმი საკუთარი დამოკიდებულება, პირადი განცდები,შეგრძნებები გაიაზროს და მიიტანოს სხვა ადამიანებამდე. ხელოვნების უნივერსალური ენით, ამასთან დიალოგის რეჟიმში, ახსნას აწმყო და  განჭვრიტოს მომავალი, რადგან ეს არის მისი “სათქმელის ამოთქმის” საშუალება, ადამიანებთან ურთიერთობის თვითშერჩეული მეთოდი. ამისათვის მირიამი არ ელოდება გამოფენის საკრალურობას და მყისიერი გაზიარებით, ვირტუალურად თავაზობს ფეისბუქ-მეგობრებს თავის შემოქმედებით სამყაროში მოგზაურობას, ტკბება ამ პროცესით,იღებს დადებით იმპულსებს,ივსება სასიცოცხლო ენერგიით და თავადაც გულუხვად გასცემს.ამას აკეთებშს ძალიან დამაჯერებლად, ექსპრესიულად,

ტემპერამენტით, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია სწრაფად და უდანაკარგოდ მიიტანოს თითოეულ აღმქმელამდე განცდილი სულიერი მღელვარება,რასაც თან დევს გონების გამონათება და ყოფიერების არსობრივი წვდომა.აქ კი უკვე თავს იჩენს ქართული გენეტიკური კოდი–ადამიანურ ურთიერთობათა სასიცოცხლო აუცილებლობა, რომელიც რეალურიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლებს და ახალ ფორმა – შინაარსს იძენს.ეს არის ხელოვანის გამოძახილი ეპოქალურ გამოწვევაზე–ტექნიკური რევოლუციის უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის თავისებური ფორმა. ყოველივე ამას მხატვრული ღირებულება აქვს იმდენად, რამდენადაც გააჩნია ადამიანური ღირებულება–სითბო,სიკეთე, ზრუნვა,თანადგომა,

თანაგრძნობა  და  ბოლოს, თანაშემოქმედება,რაც ყველაფრის საპირწონეა და რწმენის დონემდე ამაღლებას გულისხმობს.

      მირიამ სოლოღაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი თვალსაზრისითაც ამ რწმენის გულწრფელი მსახურების დასტურია.

მხატვრის ფიზიკურ  გრძნობათა ხუთივე ორგანო მისი სულიერი მდგომარეობის გაცნობიერებისა და არტეფაქტად გასაგნობრივების თავისებურ რელიგიურ აქტს წარმოადგენს და რაც მთავარია,ეს არის ყოველგვარი კონფესიური თუ რასობრივი, ნაციონალური თუ კლასობრივი ტრადიციული არქეტიპებისაგან თავისუფალი მსოფლმხედველობა,

რომლის მიზანიც, როგორც გენიალური ჯიდუ კრიშნამურტი იტყოდა, არის “ფსიქოლოგიური რევოლუციის გზით საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების მიღწევა”. ამიტომ არის მირიამის პეიზაჟები კაბალისტური გეოგრაფიის ისტორიულ-ფილოსოფიურ განაზრებათა შემოქმედებითი ვიზუალიზაცია;  კაფეების  წითელი სუფრები, დაკეცილი თეთრი ქოლგები და მაგიდებთან ე.წ. სტოპ-კადრის პოზაში მჯდომ ადამიანთა განზოგადოებული სახეები აღძრავენ ომის აბსურდულობის განცდას და მოსალოდნელი სიკვდილის შიშისაგან ერთობლივად თავდაღწევის სურვილს; პარკსა თუ  სახლის ტროტუარებთან სკამებზე უბრალოდ ჩამომჯდარი სხვადასხვა ასაკის და სქესის მოქალაქეები კი იწვევენ პიროვნული თვითიზოლაციისადმი პროტესტს; უდაბნოს მცხოვრებთა და ცხოველთა ყოფითი კომპოზიციები თავისი ჟღერადი კოლორიტითა და ნატიფი ნატურალიზმით სიცოცხლის სიყვარულის ჰიმნს წარმოადგენენ;

განაკუთრებულად აღიქმება პირადი ნივთების სერია,რომელიც თემის ბანალურობის მიუხედავად, სერიოზული შემოქმედებითი მნიშვნელობის ნამუშევრებია–ეს არის ერთგვარი მეტაფიზიკური ანალოგია ჩვენი ღირსეული თუ უღირსი,კეთილი თუ ბოროტი დამოკიდებულებისა ნივთების მიმართ და აქ დილემის გასაღებს იძლევა ავტოპორტრეტი, რომელიც თეატრალიზებული იმიჯის მიღმა, დაკვირვებულ თვალს წარმოუჩენს დამოუკიდებლად მოაზროვნე,ძლიერი ნების, სუფთა პიროვნებას.კომპოზიციურად და კოლორისტულად დახვეწილი ეს პორტრეტი ცალკეული ნივთების ნატურმორტებთან ერთად იმაზე მეტყველებენ, რომ მათ ავტორს იმპულსურობას ვერანაირად ვერ დასწამებ და რომ ამ ტილოების ემოციური ძალა სულში ღრმად იჭრება

და თანდასწრების ეფექტით დიდხანს გიქმნის სააზროვნო სიტუაციას. მითუფრო, რომ მხატვრისა და მაყურებლის ამ ტანდემს თან სდევ მუსიკალურ ბგერათა  ჰარმონია, რომელიც  მუდმივად ჟღერს არა მხოლოდ მისი თემატიური კომპოზიციებიდან, არამედ ნებისმიერი ნამუშევრებიდან. მუსიკა ხომ მირიამის ცხოვრების წესია, განცდა,რომელსაც თან მოაქვს მისი ცხოვრების გარკვეული ეტაპის ან კონკრეტული წამიერი გაელვების სიზმრისეული, გრძნობადი ხატი და საბოლოოდ, მუშაობს რაღაც ნერვულ ენერგიაზე, გრძნობათა ექსპრესიაზე  და განცდის სიშიშვლეზე.

      და მაინც, მირიამ სოლოღაშვილისთვის მთავარია მნახველს გული გაუხსნას  და მის სულს ჩასწვდეს ცნობიერებაზე გავლით. მე ამას ვუწოდებდი “ლინგვისტურ  ფერწერას”, რადგან რასაც ხატავს ეს არის მთელი მოთხრობა, ნოველა, არა უბრალოდ ნატურმორტი, არა პორტრეტი ან პეიზაჟი, არამედ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ესსე.

ის უყვება მეგობრებს(და არა ისტებლიშმენტს) იმას, რაც უნდა დაინახონ ფერწერის მიღმა და თუ არ არის ზედმიწევნით, პირდაპირ სიტყვიერად ნათქვამი, ეს  არ ნიშნავს,რომ იქ სათქმელი არ არსებობს. თან ამას აკეთებს უპრეტენზიოდ, უანგაროდ. სწორედ ამიტომ არის ასე გულუბრყვილოდ სუფთა, თვთკმარი და სწორედ ამაშია მისი ხიბლი.

       და ბოლოს,ქართული და ებრაული კულტურებისათვის მირიამ სოლოღაშვილის ცხოვრება და შემოქმედება არის ემიგრანტულ გამოცდილებათა კვინტესენცია–

დაიბადა და გაიზარდა ერთ ქვეყანაში, გაიფურჩქნა და ფესვები გაიდგა მეორეში შეინარჩუნა რა ორივესადმი ერთგულება. დროა ორივე ქვეყანამ დაინახოს და დააფასოს მისი მოკრძალებული ღვაწლი.

 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: