Posted by: burusi | 12/02/2017

ეზრა პაუნდი – რამოდენიმე გაფრთხილება იმაჟისტისგან

screen-shot-2014-08-24-at-7-00-01-pm

ეზრა პაუნდი – რამოდენიმე გაფრთხილება იმაჟისტისგან [1]

თარგმნა მანანა ხერგიანმა

„იმიჯი“ [2] არის ის, რაც ინტელექტუალურ და ემოციონალურ კომპლექსს [3] მყისიერად წარმოადგენს. ტერმინს, „კომპლექსი“, საკმაოდ ტექნიკური მნიშვნელოვით ვხმარობ, ისე, როგორც ამას ხმარობენ ახალი ფსიქოლოგები, რომელთა რიცხვში ჰარტიცაა, თუმცა, შესაძლოა, ჩვენ ამ ტერმინის გამოყენების ყველა ასპექტში არ ვთანხმდებოდეთ.

„კომპლექსის“ ასეთი მყისეული გამოხატვის მომენტი არის ის, რაც გვანიჭებს უცაბედი თავისუფლების გრძნობას, დროისა და სივრცის საზღვრებიდან გასვლის, უეცარი ზრდის შეგრძნებას, რომელსაც ჩვენ ხელოვნების უდიდეს ნაწარმოებებთან შეხვედრისას განვიცდით.

უმჯობესია, ერთი იმიჯი შექმნა ცხოვრების მანძილზე, ვიდრე ნაშრომთა ტომეულები.

თუმცა, ეს ყველაფერი, შესაძლოა, ბევრისთვის კამათის საგანი გახდეს. მათთვის კი, ვინც ლექსების წერას ახლა იწყებს, ‘არათა ნუსხის’ დაუყოვნებლივი შექმნა უპრიანია. მაგრამ ვერ მოვახერხებ, რომ ყველა ასეთი რჩევა მოზაიკურ ნეგატივში მოვათავსო.

დასაწყისთვის, გაითვალისწინეთ სამი წესი, რომელიც ითხოვს საგნის პირდაპირ მიდგომას, სიტყვათა ეკონომიას და მუსიკალური ფრაზის თანამიმდევრულობას. ოღონდ, მიიღეთ ეს წესები არა როგორც დოგმა — არასოდეს არაფერი დოგმად არ მიიღოთ — არამედ, როგორც ხანგრძლივი დაკვირვების რეზულტატი, რომელიც, შესაძლოა, თქვენთვისაც ღირებული აღმოჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ ის სხვისი განსჯის ნაყოფია.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ ადამიანების კრიტიკას, რომელთაც თვითონ არასოდეს არაფერი ღირსშესანიშნავი არ დაუწერიათ. გაითვალისწინეთ ის განსხვავება, რაც ბერძენი პოეტებისა და დრამატურგების ნამდვილ ნაწერებსა და გრეკო-რომაელი გრამატიკოსების თეორიებს შორის არის, მათი მეტრიკის ახსნის პრეტენზია რომ ჩემულობენ.

ენა

არ იხმაროთ ზედმეტი სიტყვა, ან ზედსართავი, რომელიც არაფერის მთქმელი არ იქნება.

არ მიმართოთ ისეთ გამონათქამებს, როგორიცაა „ბუნდოვანი მშვიდობის ქვეყნები“. ეს მდარე იმიჯია (სახეა). მასში აბსტრაქტული კონკრეტულშია არეული და მოდის მწერლისგან, რომელიც ვერ აანალიზებს, რომ ბუნებრივი საგანი ყოველთვის ადეკვატური სიმბოლოა.

ფრთხილად მოეკიდეთ აბსტრაქციებს. ნუ გაიმეორებთ მდარე პოეზიაში იმას, რაც უკვე ნათქვამია კარგ პროზაში. არ იფიქროთ, რომ რომელიმე ინტელექტუალური პიროვნება მოტყუვდება, თუკი კარგი პროზის გამოუთქმელად რთული ხელოვნების ყველა სიძნელის თავის არიდების მიზნით, შეეცდებით, თქვენი თხზულება ცალკეულ ხაზებად დაჩეხოთ.

რაც დღეს ექსპერტს ღლის, ხვალ ის საზოგადოებას დაღლის.

ნუ წარმოიდგენთ, რომ პოეზიის ხელოვნება უფრო ადვილია, ვიდრე მუსიკის ხელოვნება. ნურც იმას წამოიდგენთ, რომ შეგიძლიათ რომელიმე ექსპერტი ასიამოვნოთ, თუკი ლექსის ხელოვნების დახვეწას თუნდაც იმავე დროს არ დაუთმობთ, რასაც რიგითი პიანინოს მასწავლებელი უთმობს მუსიკის ხელოვნების დაუფლებას.

იყავით იმდენი დიდი ხელოვანის გავლენის ქვეშ, რამდენსაც შესძლებთ, მაგრამ გეყოთ პატიოსნება, რომ თქვენი ვალი მათ წინაში პირდაპირ ცნოთ, ან შეეცადოთ, რომ ამ გავლენის კვალი დაფაროთ [თქვენს შემოქმედებაში].

თავს ნებას ნუ დართავთ, რომ თქვენთვის ‘გავლენა’ მხოლოდ ერთი თუ ორი საყვარელი პოეტის განსაზღვრული, დეკორატიული ლექსიკონის მოხვეტას ნიშნავდეს. ახლახანს, ომის ერთი თურქი კორესპონდენტი გამოიჭირეს, თავის რეპორტაჟებში ყბედობდა „მტრედისფერ“ თუ „მარგალიტივით გაფითრებულ“ გორაკებზე, კარგად არ მახსოვს.

ან ნუ გამოიყენებთ ორნამენტს, ან გამოიყენეთ მხოლოდ კარგი ორნამენტი.

რიტმი და რითმა

დაე, კანდიდატმა [4] გონება აივსოს ყველაზე დახვეწილი რიტმებით, რის მოძიებასაც კი ის შეძლებს, სასურველია, უცხო ენაზე, ისე, რომ მისი ყურადღება მოძრაობიდან სიტყვების მნიშვნელობაზე ნაკლებად გადავიდეს; მაგალითად: საქსონური შელოცვებით, ჰებრიდული ხალხური სიმღერებით, დანტეს ლექსითა და შექსპირის ლირიკით — თუკი მოახერხებს, რომ მან რიტმიდან ლექსიკონის (მნიშვნელობის) განცალკევება მოახდინოს. დაე, ცივად, ნაწილ-ნაწილ, დაანაკუწოს გოეთეს ლირიკა შემადგენელ ხმათა ღირებულებებად, გრძელ და მოკლე, მახვილიან და უმახვილო მარცვლებად, ხმოვნებად და თანხმოვნებად.

არ არის აუცილებელი, რომ ლექსი, მაინც და მაინც, თავის მუსიკალურობას ეყრდნობოდეს, მაგრამ თუკი ის საკუთარ მუსიკას ეყრდნობა, ეს მუსიკა უნდა იყოს ისეთი, რომ მან ექსპერტს ტკბობა განაცდევინოს.

დაე, ნეოფიტმა[5] იცოდეს რა არის ასონანსი[6] და ალიტერაცია[7], რითმა– უეცარი და დაგვიანებული, მარტივი და პოლიფონიური, იცოდეს ჰარმონია[8], კონტრაპუნქტი[9] და თავისი ხელოვნების ყველა სხვა წვრილმანი, ისე, როგორც მუსიკოსს მოეთხოვება. ამ საკითხებზე დახარჯული დრო, მათ შორის, წვრილმანებზე დახარჯული დროც კი, რაოდენ ხანგრძლივიც არ უნდა იყოს იგი, გაფლანგული არ იქნება, თუნდაც, მიღებული ცოდნის გამოყენება იშვიათად დასჭირდეს.

ნუ წარმოიდგენთ, რომ რაღაც „წავა“ ლექსში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძალიან მდარეა პროზაში გამოსაყენებლად.

ნუ იქნებით ‘მჭვრეტელი’– ეს იმ მწერლებს მიანებეთ, რომლებიც პატარა, მომხიბლავ ფილოსოფიურ ესსეებს წერენ. ნუ იქნებით აღმწერი: დაიხსომეთ, რომ მხატვარს შეუძლია აღწეროს პაიზაჟი ბევრად უფრო უკეთესად, ვიდრე თქვენ და ამის შესახებ, მან თქვენზე ბევრად უფრო მეტი იცის.

როდესაც შექსპირი ლაპარაკობს „მეწამულ მოსასხამში გახვეულ დაისზე“, ის წარმოგვიდგენს ისეთ რამეს, რასაც მხატვარი არ ხატავს. მის ამ გამონათქვამში არაფერია ისეთი, რასაც, შესაძლოა, აღწერითი ეწოდოს; ის წარმოისახავს.

მეცნიერის გზა არჩიეთ, საპნის გამყიდველი აგენტის გზას.

მეცნიერი არ ელოდება, აღიარონ დიდ მეცნიერად, მანამ, სანამ ის რამეს არ აღმოაჩენს. ის იწყებს იმისი სწავლით, რაც უკვე აღმოჩენილია. აქედან აგრძელებს წინსვლას. ის არ დებს ფსონს პირად მომხიბვლელობაზე, არ ელოდება მეგობართა აპლოდისმენტებს პირველი კურსის ნამუშევარზე. პოეზიის პირველკურსელები, სამწუხაროდ, არ არიან მხოლოდ რომელიმე სპეციალურ და ცნობად საკლასო ოთახებზე მიმაგრებულები. ისინი ყველგან არიან მოდებულები. და, რა გასაკვირია, რომ ‘საზოგადოება ასე გულგრილია პოეზიის მიმართ’?

ნუ დაჩეხავთ თქვენს ნაწერს ცალკეულ იამბებად. ნუ დაასრულებთ თვითოეულ ხაზს მკვდარი წერტილით და, შემდეგ, ნუ დაიწყებთ ახალ ხაზს ღელვით. დაე, ყოველმა მომდევნო ბწკარის დასაწყისმა გააგრძელოს რიტმული ტალღის აღმასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გრძელი პაუზის გაკეთება განგიზრახავთ.

მოკლედ, მოიქეცით ისე, როგორც კარგი მუსიკოსი იქცევა, როდესაც იმ ფრაზაზე მუშაობთ, რომელსაც მუსიკაში პირდაპირი პარალელი გააჩნია. იგივე კანონებით იმოქმედეთ, სხვა კანონები თქვენ არ გეხებათ.

ბუნებრივია, თქვენმა რიტმულმა სტრუქტურამ არ უნდა დაანგრიოს სიტყვების ფორმა, ან მათი ბუნებრივი ხმოვანება, ან მათი მნიშნველობა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დასაწყისში, საკმარისი სიძლიერის რიტმული სტრუქტურა ააგოთ იმისათვის, რომ მან სიტყვებზე ასეთი გავლენა იქონიოს, მაგრამ შესაძლოა, სხვადასხვა სახის ყალბი პაუზის მსხვერპლი გახდეთ ბწკარების დაბოლოებებისა და ცეზურების[10] გამო.

მუსიკოსს შეუძლია, დაეყრდნოს ორკესტრის ტონის სიმაღლესა და ჟღერადობას. თქვენ არა. პოეზიაში, ტერმინი ჰარმონია განსხვავებული მნიშვნელობით იხმარება და მასში სხვადასხვა სიმაღლის ბგერების ერთობლივი ჟღერადობა მოიაზრება. თუმცა, საუკეთესო ლექსს გასდევს ხმოვანების რაღაც კვალი, რომელიც მსმენელის სმენაში რჩება და, მეტ-ნაკლებად, მოქმედებს, როგორც ორღანის ბასი. რითმა უნდა შეიცავდეს მოულოდნელობის მსუბუქ ელემენტს, იმისათვის, რომ მან ტკბობა გამოიწვიოს; ის არ უნდა იყოს ექსცენტრიული და უცნაური. რითმა მხოლოდ კარგად უნდა იყოს გამოყენებული, თუკი მის გამოყენებას საერთოდ გადაწყვეტთ.

უფრო დაწვრილებით, იხილეთ ვილდრაკისა და დუჰამელის შენიშნვები რითმის შესახებ მათ წიგნში – ‘პოეზიის ტექნიკა’(‘Technique Poétique’).

თქვენი პოეზიის ის მხარე, რომელიც მკითხველის წარმოსახვით ხევდვაზეა გათვლილი, არაფერს დაკარგავს უცხო ენაზე თარგმნისას; ის კი, რომელიც ყურთასმენისათვის არის განკუთვნილი, მხოლოდ ორიგინალის მკითხველისათვის იქნება მისაწვდომი.

დააკვირდით დანტეს წარმოსახვის სიცხადეს და შეადარეთ ის მილტონის რიტორიკას. იკითხეთ იმდენი უორდსუორთი, რამდენიც აუტანლობამდე მოსაწყენი არ მოგეჩვენებათ.

თუკი გინდათ მოვლენის არსს ჩაწვდეთ, მიმართეთ საფოს, კატულუსს, ვილონს, ჰაინეს, როდესაც ის შემოქმედების ნაკადშია, გოტიეს, როდესაც ის არ არის ძალიან ფრიგიდული; ან, თუკი ენები არ იცით, წაიკითხეთ დინჯი ჩოსერი. კარგი პროზა არ გავნებთ და კარგი დისციპლინაც საჭიროა, იმისათვის, რომ პროზა წეროთ.

თარგმანიც კარგი ვარჯიშია, თუკი აღმოაჩენთ, რომ თქვენი საკუთარი ნაწარმოები „ბორძიკობს“, როდესაც მის გადაწერას ცდილობთ. თარგმანში, ლექსის ორიგინალურმა მნიშვნელობამ არ უნდა „იბორძიკოს“.

როცა სიმეტრიულ ფორმას აგებთ, ჯერ მასში ნუ ჩადებთ იმას, რისი თქმაც გინდათ და მერე ნუ დაიწყებთ დარჩენილი ვაკუუმის შევსებას სენტიმენტალური ყბედობით.

ნუ გააფუჭებთ ერთი შეგრძნების აღქმას მეორე შეგრძნებით ახსნის მცდელობით. ჩვეულებისამებრ, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ავტორს ზუსტი სიტყვის პოვნა ეზარება. შესაძლოა, ამ შენიშვნას გამონაკლისებიც ჰქონდეს.

პირველი სამი მარტივი წესის დაცვა, ცუდი პოეზიის შემთხვევების ცხრა მეათედს აღკვეთავდა, ახლა რომ სტანდარტულ ან კლასიკურ პოეზიად აღიქმება. თქვენც დაგიცავდათ ბევრი შემოქმედებითი დანაშაულისაგან. „…მაგრამ, ამისათვის, თქვენ ჯერ პოეტი უნდა იყოთ“, როგორც ბატონებმა, დუჰამელმა და ვილდრაკმა, თავიანთი პატარა წიგნის – Notessur la Technique Poetique – „შენიშვნები პოეტური ტექნიკის შესახებ“– დასასრულს ბრძანეს.

შენიშვნები

[1] იმაჟიზმი — პოეტური მიმდინარეობის სახელი, რომელიც1912 წელს ჩამოყალიბდა. ამ მიმდინარეობის წარმომადგნელთა შორის იყვენ ეზრა პაუნდი, ემი ლოუელი და სხვა პოეტები, რომელთა მიზანი იყო, პოეტურ ნაწარმოებში ზუსტი ვიზუალური იმიჯის (სახის, ხატის) მეშვეობით, გამონათქვამის სიცხადის მიღწევა. ადრე ეს ტერმინი ხშირად იხმარებოდა მისი ფრანგული ფორმით – Imagisme.

იმაჟისტები ამერიკელი და ინგლისელი პოეტების ჯგუფს ეწოდება, რომელთა პროგრამაც ეზრა პაუნდმა ჩამოაყალიბა 1912 წელს, თანამოაზრე პოეტებთან, ჰილდა დულიტთან (ჰ.დ.),

რიჩარდ ადლინგტონთან და ფ.ს. ფლინტთან ერთად.

[2] იმიჯი–სახე, ხატი.

[3] კომპლექსი ამ შემთხვევაში იხმარება, როგორც ტექნიკური ტერმინი და ის მოვლენათა ერთობლიობას გამოხატავს.

[4] პიროვნება,რომელიც ამ ესსეს ადრესატი იქნება.

[5] ახალბედა

[6] რითმა, რომელშიც მხოლოდ ხმოვნებია შეწყობილი.

[7] პოეტური ხერხი- ლექსის ტაეპში ერთი და იმავე თანხმოვნის რამდენჯერმე გამეორება.

[8] ჰარმონია [ბერძ.harmonia თანაზომიერება]– 1. მთელის ნაწილების სწორი შეხამება; შეთანხმებულობა, თანაზომიერება. 2. (მუს.). ტონების კანონზომიერი შეხამება ერთდროული ბგერადობის დროს.

[9] რამდენიმე დამოუკიდებელი ხმის (მელოდიის) ერთდროული ჰარმონიული შეწყობა; პოლიფონია.

[10] ცეზურა[ლათ.caesura] – 1. (ლიტ.). პაუზა ლექსის სტრიქონში. 2. (მუს.).

Ezra Pound – A Few Don’ts by an Imagiste

ტექსტუალური მასალა მოგვაწოდა ბელა ჩეკურიშვილმა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: