Posted by: burusi | 06/02/2017

ნატალია ქადაგიძე – ქალი ქოშებით

ნატალია ქადაგიძე – Natalia Qadagidze

ნატალია ქადაგიძე – ქალი ქოშებით

(ციკლიდან – ”ბნელი წელიწადები” )

ვუძღვნი ჩემი ძვირფასი მეგობრის ხსოვნას

არავინ მინახავს მსგავსი,

ის თავის უზარმაზარ სახლს ხელთათმანივით ირგებდა…

უჩვეულო აკუსტიკის გამო, სიჩუმეშიც ათასგვარი ხმები ისმოდა… ააა…. ოოო…  უუუ… აქ ყველა ხმოვნის ექო ბინადრობდა. ეს ხმები გარედან თავშეფარებულებს ჰგავდნენ, დამფრთხალებს, საიდანღაც შემოცვენილებს. ის, თითქოს,  მფარველობდა მათ,

მას არაფრის ეშინოდა.

ქოშები კი…

იფიქრებდით, საგანგებოდ მოერგო ისინიც – ხისლანჩიანები და მოკაკუნენი…

გარეთ, გარდა იმისა, რომ ბნელოდა, ბევრი რამ ხდებოდა… სიბნელე ბოროტების ყვავილებს “რწყავდა”, ქარი  კოსმიური შემართებით  დაქროდა და ყველაფერს ემუქრებოდა  აღგვით, პირისაგან მიწისა…

შუაგული დედაქალაქი ჭოტებით სავსე  უღრანს ჰგავდა, დროდადრო, მგლების თვალებივით, ავტომატის ლულებით რომ ნათდებოდა, ან კანტი-კუნტად გაელვებული მანქანების ფარებით. იმ დღეს ამ სახლის სტუმარი ვიყავი. მთავარი მასპინძელი, ჩემი მეგობრის  მდიდარი ქმარი, შორეულ კრუიზში იმყოფებოდა. ცოლი კი  მარტო დაეტოვებინა  ორსართულიან, უზარმაზარ შენობაში, როგორც მგლის ხახაში.

ჩემს სახლსაც ქარი და სიბნელე ხშირად ებრძოდნენ, მაგრამ, ადასგან განსხვავებით, მე შიშიც მებრძოდა – როცა სამსახურიდან იქ გამეფებულ სიცარიელეს ისევ ვუბრუნდებოდი…

ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცოდა ად  ამაც, ჩემმა ერთგულმა მეგობარმა.

სამუშაო საათები იწურებოდა, ზამთრის ცივი საღამო იყო.

– ნატა, წამოდი დღეს ჩემთან! – სიჩუმე დაარღვია ადამ.

მე მისი ეს  შემოთავაზება  ჩემდამი  ზრუნვად  უფრო  ჩავთვალე, ვიდრე საკუთარი მარტოობის გაქარვების სურვილად…

არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი- შინ არავინ მელოდა, სიცივის გარდა…

სამზარეულო პირველ სართულზე იყო, უცხოური ბრენდების ბოლო მიღწევებით აღჭურვილი. ადამ მაგიდას ქათქათა სუფრა გადააფარა და მაცივრიდან გამოაწყო ყველაფერი, რაც ჰქონდა…

მე კედლებს ვერ ვწყვეტდი თვალს… ვკითხულობდი  ნატყვიარების ”წარწერებს” ლამაზ შპალერზე – ფიგურულად განლაგებულს და გამოუცნობი ქვეტექსტებით ”ამოვსებულს”…

– ეს იმის ნიშანია, რაღაცას რომ მოითხოვდა და კიდევ ერთხელ არ დავემორჩილე…

– არ შეგეშინდა?

– არა! – და ადამ ხმამაღლა გაიცინა, სახლმაც – მასთან ერთად.

– როგორ დაგტოვა მარტო?..

– ბევრი მეხვეწა და არ წავყევი!  ჭამე!

მე კი სავახშმოდ არ ”მეცალა”,  უცხო კუნძულზე მეგონა თავი, ოღონდ – ფეშენებლურზე და კომფორტულზე… აქეთ – იქიდან, თითქოს, იდუმალების ”შრიალი” და ”უცხო ჩქამი” ისმოდა, რომელიც მინდოდა შემეცნო…

ჩვეულებრივად,  ზედმეტ კითხვებს ვერიდები ხოლმე, მიმაჩნია,  რაც სათქმელია, თავად იტყვის მოსაუბრე… აქ კი, იმდენი დამიგროვდა, ვიგრძენი თავის  მოყრა გამიჭირდებოდა… ეს უნაზესი ქალი ახლა ამორძალივით შემართულიყო ჩემს თვალწინ და ლურჯი თვალებიდან  შეუპოვრობის ნაპერწკლებს აკვესებდა…

– რა სხვანაირი ყოფილხარ, მეგობარო!..

– როგორი, ნატა?!

– მაგარი!

ადამ ისევ ხმამაღლა გაიცინა, თითქოს, ვიღაც თუ რაღაც უხილავს ეხმიანებოდა, ამ იდუმალების ლაბირინთებში მიყუჟულს… მერე, ადგა, ნატყვიარებთან მივიდა …

– გინდა სათითაოდ გაგიშიფრო – რატომ და როდის?!   – და როგორც რუკაზე მნიშვნელოვან წერტილებს, ისე ”მიხსნიდა” ნატყვიარებს…

– ეს – ვერცხლის ქამარი მომიტანა და მთხოვა გაიკეთეო, მე ერთხელაც არ მივიკარე. ეს – მეგობრები, ცოლებითურთ, მიდიოდნენ რესტორანში და არ წავყევი… ეს – ჩემი დაბადების დღეზე დიდი სუფრა გაშალა  და მე არ გამოვჩნდი…

-?!

– ხო, ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ ჩამოვედი!.. ეს…

– შენ გესროდა?

– ჰაჰაჰაა! – მაგის გამბედაობა სად აქვს – კედლებს!

– შენ რას შვრებოდი ამ დროს?!

– ვიკეტებოდი ჩემს ოთახში… მე  კი არა, ის თავის სისუსტეს სჯიდა! – და ისევ გაიცინა მოკაკუნე ქოშებიანმა ქალმა.

…ჩახოხბილს გაოცების გემო ჰქონდა, ყავას – შიშის სუნი…

– მგონი გაზმა აიწია, წავალ, ჩავუწევ.

– სად წახვალ?!

– ეზოშია გადასაკეტი.

– შუაღამეა, ახლა როგორ გახვალ გარეთ?

– გავალ.

– მეც წამოვალ…

– არავითარ შემთხვევაში! ბნელა, შეიძლება დაეცე სადმე! – მითხრა და თამამი ნაბიჯით გაემართა კარისკენ…

დიდი სახლი მრავალმნიშვნელოვნად დუმდა, თითქოს, საუბარი უნდოდა ჩემთან – მთავარი მასპინძლის ენით… აი, ასე:

”- გინდათ, მკითხოთ – რა მაძლებინებს? რა და – დიდი სიყვარული! გაოცდით? – მეც გაოცებული ვარ,  არ მესმის საკუთარი თავის!

მეც არ მესმის!

მეც არ მესმის”…   – იძახდ,ა, თითქოს,  კაცი და ხმას აყოლებდა მთელი სახლი თუ სახლში მის მიერ დატოვებული ვიღაც – ”ჰოო… ააა… ოოო… უუუ… უუუ..!”  …

ადა ხმაურით შემოვიდა.

”ნუთუ, შიშს აფრთხობს?” – გავიფიქრე მე.

– წამოდი, დაგაძინებ, ჩემს ოთახში მეორე საწოლიც არის – მითხრა და  ამიძღვა  სახლის შუაგულში აღმართულ  ხის კიბეზე, ქარივით, ქროლვით და კაკუნით…

ამასობაში შუქი ჩაქრა. ადამ სანთელი აანთო და ლოგინი გამიშალა. თვითონ კი ისევ კიბეზე დაეშვა,  მაგიდის ასალაგებლად.

დიდი ოთახის დიდი სარკმლიდან ღამის თვალები  მაკვირდებოდა… ღმერთო ჩემო, აქ ყველაფერს რაღაც სათქმელი ჰქონდა.

”ქალი  – ქოშებით”  დიდხანს დაკაკუნებდა,  კიბეზე ადი – ჩადიოდა.

მე ძილი არ მეკარებოდა. ველოდი – როდის ამოვიდოდა საბოლოოდ და  ოთახის კარს ჩაკეტავდა მაგრად.

– ნატააააა! – უცებ, მთელი ხმით დაიძახა ადამ ქვემოდან.

– ბატონოოო! გინდა რამე?!

– არა!  მოვდივარ, აი ახლა გადავჯდები ცოცხზე და!..

და…  ხმამაღალი სიცილით და კაკუნკაკუნით  ამოვიდა კიბეზე.

– ადა, რატომ მაშინებ?!

– მართლა გეშინია?! რა არის აქ საშიში, ნახე, როგორი იარაღი მიდევს თავქვეშ! – ბალიში ასწია და შავი ნაგანი ამოაძვრინა…  არაფრის შეგეშინდეს, მშვიდად დაიძინე.

გაოცება და ფიქრი  მძირავდა – ამოუცნობი და საინტერესო…

ადა ლოგინში მოკალათდა.

– ოთახის კარი ღია დაგრჩა! – შევახსენე მე.

– არა. ნატა, არასოდეს ვკეტავ კარს.

– რატომ?

მინდა მტერს თვალებში შევხედო! – და გადაიხარხარა.

– ადა!!!

დაიძინე, ადრე უნდა გავიღვიძოთ.

”კარგი, მეც  პირდაპირ შევხედავ ”მტერს”, თუ შემოვიდა”!.. – მგონი გავგულადდი და თვალები დავხუჭე. მაგრამ მალე, ისევ, გავახილე და ასე ვიწექი კარგა ხანს – ბოლომდე გაღებული კარიდან მომზირალ სიბნელეს  მიშტერებული.

სახლი კი…  “იძინებდა”, ნეტავ, საერთოდ?! – ისევ გუგუნებდნენ დაფეთებული ბანები – ააა…. ოოო… უუუუუუ…

… ყველაზე მეტად, ჩვეულებრივმა დილამ  გამაოცა და ეჭვიც შემეპარა – ” იქნებ სიზმარი იყო ყველაფერი?!”

მასპინძელი ისე სათუთი იერით ამზადებდა საუზმეს და რბილი ოთახის ქოშებით დაფუსფუსებდა, ისევ ”ვიცანი”, მართლა ის იყო, ყოველდღე რომ ვხედავდი – ნაზი და მგრძნობიარე.

სამსახურიდან, იმ დღესაც,  ერთად გამოვედით…

– ხვალამდე! – ვემშვიდობები და ვკოცნი.

– ისევ მინდა ჩემთან წამოხვიდე – მეუბნება და სევდაჩამდგარი თვალებით მიყურებს…

– რა თქმა უნდა, წამოვალ, მხოლოდ – სხვა დროს – გულწრფელად  ვპირდები.

…ჩემი სახლის სიცივე და სიბნელე მოლოდინით  გატანჯულივით, თითქოს,  კაბაზე ჩამომეკიდა და ”დამიყვავა” –  როგორც ბრძოლის ველიდან დაბრუნებულს, რომელსაც კიდევ მოუწევს უკან წასვლა…

ერთადერთი შეგრძნება მქონდა – მეძინებოდა…

 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: