Posted by: burusi | 05/12/2016

კახაბერ ჯაყელი – „21 საუკუნე ანუ სანამ ციფრები წაგვლეკავენ“

კახაბერ ჯაყელი

„21 საუკუნე  ანუ სანამ ციფრები წაგვლეკავენ“

კახაბერ ჯაყელი – ჩორჩანელი- ციხისჯვარელი

თავი პირველი

                ჩვენი ცხოვრება სწრაფად მიქრის და ჩვენც მივქრივართ, საით არც კი ვიცით, მაგრამ სრბოლა და მისი სიჩქარე შეიძლება იმ ყალბ გრძნობას გვიქმნის, რასაც საკუთარი მიზნის მიღწევისაგან გამოწვეული სიხარული ჰქვია. ადამიანები არიან წარმატებულები, როდესაც ისინი თავიანთ მიზნებს აღწევენ. ადამიანები არიან წარმატებულები, როდესაც ისინი თავიანთი მიზნებისაკენ მიისწრაფიან და სწორედ ეს სწრაფვა საბოლოოდ აჩქარებს, აგიჟებს, აზიანებს ჩვენს ტვინს, რომელიც გადატვირთულია. მე მახსენდება როგორ სწარაფდ ვფიქრობდი, დავრბოდი და გარდავიქმნებოდი ხოლმე ადრე 20 წლის წინათ, როდესაც თბილისში მანამდე არნახული ორგანიზაცია – ბირჯა ჩამოყალიბდა და ამ ბირჟაზე მე ჩემს მეგობრებთან ერთად ეკონომიკის მამოძრავებელი გავხდი. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა მაშინ, რომ სწორედ ჩემს მიერ მოფიქრებული ოპერაციები ცვლიდნენ ერთ ეკონომიკას და ქმნიდნენ ახალს, რომელსაც მაშინ საბაზრო ეკონომიკა ერქვა. რა ეხლაც ესე არ ჰქვია? კი ბატონო, მაგრამ მაშინ სიტყვას „საბაზრო“ – სხვა, თითქმის საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. „სა-ბა-ზრო“ – იტყოდა მამაჩემი მეგობრებთან დისკუსიაში და ისინიც იმწამსვე მე მომაპყრობდნენ თავიანთ ფართო გახელილ თვალებსა და უკვე გაჭაღარავებულ წარბებს. მე ჩემის მხრივ უფრო სერიოზულ სახეს მივიღებდი, მამაჩემის ძმაკაცებს ამაყად გადავხედავდი და ვიტყოდი – სოციალიზმი უტოპიაა, განწირულია, მალე საბაზრო ეკონომიკა უნდა ავაშენოთ, თორემ… მამის მეგობრები ერთმანეთს გადახედავდნენ და თუ სიტყვის დაძვრას გაბედავდნენ, მაშინ მე ისეთ მაგიურ სიტყვას შევაგდებდი გაჩაღებულ დისკუსიაში, რომ ისევ ყველა გაისუსებოდნენ და ჯერ მამაჩემს შეხედავდნენ და მერე მე. ამ მეორე მაგიურ სიტყვას „მარკეტინგი“ ერქვა. კიდევ იყო მესამე ჯადოსნური ტერმინი, რომელსაც ცულის ეფექტის მოხდენა შეეძლო მამის მეგობრებზე – ამ სიტყვას „მენეჯმენტი“ ერქვა. თუ ცოტა გამიძალიანდებოდნენ ბატონები, მათზე საბოლოო დამგდები ფანდი სიტყვა „საფონდო ბირჟა“ იყო!

                ასეთი გახლდათ თბილისი მაშინ 1989 წელს, როდესაც ხალხი ერთ დიდ ზღაპრულ სივრცეში ცხოვრობდა და არაფერზე კონკრეტული წარმოდგენა არ გააჩნდა. ხანდახან ვფიქრობ კარგი იყო თუ ცუდი ეს ზღაპარი ჩემთვის. სოციალისტური უტოპიის მიერ შექმნილი ზღაპარი, რომელიც ჩვეულებრივი ზღაპრის ყველა კომპონენტს (გმირი, ანტიგმირი, კეთილი, ბოროტი) ატარებდა, იმით იყო დამანგრეველი ჩვენი აზროვნებისათვის, რომ მან პირდაპირ და ირიბად ძალიან  ბევრი იმგვარი ილუზია წარმოშვა, რომელმაც ადამიანებს კარგისა და ცუდის ერთმანეთისაგან გარჩევა დაავიწყა. ეტყობა ზღაპარი ძილის წინ არის კარგი, მაგრამ დილას, შუადღისას, საღამოს ზღაპარი მავნეა. ფსევდო ანუ ვითომ სიკეთეებით გატენილი კაცი ამ ზღაპრებზე აწყობილ საზოგადოებაში კარგად გრძნობდა თავს. მაგრამ შემდეგ ზღაპრები სუსხიანმა რეალობამ შეცვალა, ილუზიებით გაბერილი ოცნებები ბუშტებივით დასკდა და ადამიანმა მოიწყინა. ზოგმა კი არათუ მოიწყინა, არამედ უფრო გაკაჟდა, ნამდვილი სიკეთეები გამოაჩინა და წარმატებებს ეზიარა. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ კიდევ დარჩა დარგები საქართველოში, სადაც ზღაპრები არ მოისპო და ილუზიური ბუშტები კიდევ უფრო დაიბერა – ეს ქართული პოლიტიკა იყო. სხვაგან, თითქმის ყველგან, ვაჭრობიდან დაწყებული მეცნიერებით დამთავრებული – ყოველივე საბაზრო ურთიერთობებით და თავდადებული ბიზნეს პაექრობით გაჟღენთილი სფერო – პოლოტიკას დაექვემდებარა. პოლიტიკამ კი მოსპო ბიზნესი, დაჩაგრა მეცნიერება, შეაწუხა განათლება, ამოატრიალა მედიცინა, იერიში მიიტანა გარემოზე, განაცვიფრა რელიგია, ჩააფიქრა კულტურა, პირში წყალი ჩააგუბებინა ფოლკლორს და გაახარა მტერი. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ მხოლოდ პოლიტიკა, ყველა სხვა დარგებიდან დამოუკიდებლად არ მოეწყო ისე, როგორც ამას საქართველოს ბაზრის ინტერესი მოიწონებდა. ქართული პოლიტიკა დაემსგავსა მადამ ტიუსოს სალონს და გამოძერწა უამრავი ყალბი, უსიცოცხლო, უნიადაგო ქმნილება მხოლოდ გარეგნული ხიბლისათვის და მიბაძვისათვის.

ყველამ უნდა იპოვოს თავისი იერუსალიმი

                ეს ქალაქი ადრეც მრავალჯერ მაქვს დათვალიერებული და შესწავლილი, მაგრამ ეხლაც სიამოვნებით მიუყვები მის ქუჩებს. მშვიდობა გამეფებულა აქ. გუშინ შევხვდი ჩემს დიდი ხნის მეგობარს და „დოქტორ-ფატერს“ გრაფ ფონ ბეზენდორფს, რომელმაც სიხარულით ჩამიხუტა გულში და თავისი ინსტიტუტის ახალი შენობა დამათვალიერებინა.

                – ადრე კონტ-გებოიდეში ვიჯექით, გახსოვს კონსტანტინე? ეხლა უკვე 3 სართული დავიკავე ამ შენობაში, რომელიც ძველი სასაფლაოს გვერდითაა – თქვა მაღალმა და ხმელმა გრაფ მათიას ფონ ბეზედორფმა.

                – აქ საფლავებია? – თვალი მოავლო ციხისჯვარელმა ძირს გადაშლილ მწვანე ბაღს და მართლაც შეამჩნია ხავსით დაფარული შავი ქვის დიდი ფილები, რომლებიც უჩინარი ძალის მიერ გაშეშებულ ცხოველებს ჰგავდნენ.

                – მიყვარს მე სასაფლაოები. აქ, ქვევით არის დავიწყებული პოეტის აკლდამა – თქვა ბეზენდორფმა და ჰანოვერის ქარმა მათი ხმა სივრცეში გაფანტა.

                – რომელი პოეტის? – იკითხა კონსტანტინემ, მაგრამ პროფესორს აღარ ახსოვდა ამ პოეტის გვარი. დავიწყებული ხომ დავიწყებულია.

                – შევიდეთ, საკმაოდ უბერავს – ბრძანა მასპინძელმა და თვალი უცნაურად მიმოავლო ჰანოვერის წითელ ქონგურებს. აქ მან გაატარა მთელი ცხოვრება. რატომღაც მოეჭიდა ამ პატარა პროვინციულ ქალაქს, მისცა ყველაფერი მის უნივერსიტეტს. სული შთაბერა ყოველივეს, რაც მას ხელეწიფებოდა. დაწერა დაახლოებით თხუთმეტი დიდი წიგნი და ათასამდე სტატია. არ წავიდა პოლიტიკაში, დარჩა მეცნიერების წიაღში. დაიბრუნა სტალინის ჯარებისაგან აოხრებული საგვარეულო სასახლე „ფონ ბეზენდორფ ფონ შულენბურგი“, შექმნა დიდი ოჯახი, დაჰბადა სამი შვილი და დაბერდა. გრაფი მუდამ აპირებდა ბერლინში გადასვლას, მაგრამ გადაიფიქრა და ეხლა იგი ისე შეჰყურებდა ქალაქს, როგორც ალბათ რიჩარდ ლომგული გადაჰყურებდა მის მიერ დაუპყრობელ იერუსალიმს.

                – ნუთუ  ყველას თავისი იერუსალიმი აქვს? – გაიფიქრა ციხისჯვარელმა და ინსტიტუტის დარბაზში შეტრიალდა. გრაფი ბეზენდორფი თავისი ოფისისაკენ დაიძრა, კონსტანტინე ციხისჯვარელიც თან იახლა და ისინი ერთხანს კიდევ საუბრობდნენ, მანამ სანამ საათმა სამს არ ჩამოჰკრა და ამგვარად აუდიენცია დასრულდა.

                კონსტანტინემ იცოდა ყველა წესი გერმანული სტუმართ-მოყვარეობისა და ის თავის კაბინეტს დაუბრუნდა, შევიდა ოთახში და ყოვლის დამპყრობელის, ვირტუალური სამყაროს მაგიური და ამავე დროს რეალური ეკრანის წინ დაჯდა, რომელიც ცოტათი სძულდა კიდეც, მაგრამ რომლის მეშვეობითაც თავის გავლენას აფართოვებდა.

                –  მეცნიერება იგივე ბიზნესია – დასწერა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და გააგძელა – მხოლოდ ერთი გამონაკლისით, ბიზნეს ხშირად იწყებენ არაპროფესიონალები, ხოლო მეცნიერებას არაპროფესიონალი ვერ დაიწყებს.

                კიდევ ერთხელ წაიკითხა მან თავისი ნაწრი, რომელსაც გარკვეული ხარვეზები უპოვა და შემდგომ დაფიქრდა, თუ რას მოელოდა მისგან სამყარო და სად იყო მისი იერუსალიმი ბოლოს და ბოლოს.

                საღამოს, როცა სახლში შეაბიჯა, მოხარშული კომბოსტოს სუნმა მიახვედრა კონსტანტინე ციხისჯვარელს, რომ საბინა დაბრუნებულიყო. იგი შევიდა საკუთარ ოთახში, რომელიც იმ გაიბელშტრასაზე იყურებოდა, რომელზეც ამას წინათ ერთმა ნეო-ნაცისტმა განაცხადა, ამ ქუჩას სახელს გადავარქმევთ და დოქტორი გებელსის სახელს დავუბრუნებთო და ლოგინზე წამოწვა.

                საბინა, მოკლედ შეჭრილი თმებით, საკმაოდ გრაციოზულად იდგა სამზარეულოში და კომბოსტოს ხარშვას თვალს ადევნებდა. კონსტანტინე შევიდა, საბინას მიესალმ და დაჯდა. საბინაც მის წინ დაჯდა და მათ შორის ასეთი უაზრო საუბარი გაიმართა:

                – როგორ ხარ? – კარგად – სად იყავი? – ვმუშაობდი – აჰა, მეც – მართლა? – ყველაფერი კარგად არის? – კარგად არის! შენ ყველაფერი გამოგივიდა? – დიახ, ყველაფერი გამომივიდა და ეხლა მსიამოვნებს – შენ სად იყავი? – მე სირიელ ლტოლვილებთან ვმუშაობდი – დაიღალე? – ძალიან!

                ხო, მგონი საუბარია, მორზეს ანბანით გადმოცემულ რადიოგრამას წააგავს. სწორედ ამ საუბარზეა ნათქვამი – უაზრო რიტორიკა. კონსტანტინეს გაახსენდა, რომ საბინა სოციალური აგენტია, რომ ის ყველა ჯურის ლტოლვილს ხვდება, მაგრამ რა? ვერ ასაქმებს, ლტოლვილებს ხომ დასაქმების უფლება არ აქვთ გერმანიაში.

                – აბა იყოს კარლ დიდის იმპერია, სირიელები უმალ აჯობებდნენ გერმანელებს ეკონომიკის ბევრ დარგში და მათ ადგილას დასახლდებოდნენ. მაგრამ კარლ დიდი აღარ არის და ერთმა ნაციამ, რომელმაც მეორე ნაციას აფრიკიდან გამოქცევა მოასწრო, ეხლა შეუძლია თავის თანამოძმეს უსაქმურობა დასწამოს და ასევე ის, რასაც ხშირად წერენ გაზეთები – ქალების მასობრივი გაუპატიურება – ფიქრობდა კონსტანტინე და ჩაის სვამდა. საბინა ჰყვებოდა თავის რთულ საქმეზე, იმაზე, რომ დღეს მარავალ სირიელს შეხვდა და მათი ხვედრი გაიზიარა არა როგორც ადამიანმა, არამედ როგორც ადამიანმა-ჩინოვნიკმა, ადამიანმა-აგენტმა, ადამიანმა-სოციალურმა სააგენტომ და ადამიანმა-სისტემამ.

                – კარგი ქალია საბინა, მოვლილი, გამხდარი, მუდამ მოწესრიგებული, შარვალში მიმზიდველიც არის, მაგრამ ხანდახან ძრწოლით მიყურებს. არ ვიცი რატომ.

                – მე პატივს ვცემ თავისუფალ ადამიანებს, რომლებსაც თავისუფალი პროფესია გააჩნიათ, კი მხატვრებს, მწერლებს, ოსტატებს, ნებისმიერი საქმის, მეღვინე ხელოვანთ მე პატივს ვცემ და მათი მშურს. მათ აქვთ თავიანთი იერუსალიმი – თქვა კონსტანტინემ და საბინას გახედა. ქალი დაბნეული იჯდა, დუმდა, შემდეგ მანაც თქვა თავისი აზრი: „კი მაგრამ მწერლობა ხომ რისკია, წიგნები რომ წერო და ვერ გაყიდო?“

                – ეჰ საბინა, ვერ დადგება შენგან ვერც ფრიდა კალო და ვერც მარგარეტ ტეტჩერი, არადა ამხელა ქვეყანა გაქვს, 90 მილიონამდე კაცი და ქალი მიეტანებოდა შენს შემოქმედებას და იცხოვრებდი საინტერესოდ, მაგრამ რა, შენ მხოლოდ სისტემის ადამიანობა აირჩიე. არა უშავს მაინც კარგი ხარ, რადგანაც სადღაც, გულის სიღრმეში მე შენ მირჩევნიხარ იმ ნებისმიერ ლოთსა და შფოთ მხატვარს, რომელსაც თავი ფიროსმანი ჰგონია, მაგრამ ფიროსმანობას ფრთები უნდა, ფრთები – ფიქრობდა კონსტანტინე და საბინას უყურებდა.

                – მე ორთოდოქსი ქრისტიანი ვარ საბინა, დღეში 7-ჯერ ვლოცულობ. აი ეს მედალიონი ბებიამ მაშინ მაჩუქა, როდესაც კომუნისტები იყვნენ შემოსეული ჩემს პატარა ქვეყანაში და ბავშვსაც კი უშლიდნენ, იმას რასაც ეხლა რწმენის თავისუფლებას ვუწოდებთ – უთხრა კონსტანტინემ საბინას, ის კი მედალიონს დააკვირდა და ფეხზე წამოდგა.

                – წავალ დავისვენებ, მძიმე დღე მქონდა – ბრძანა საბინამ და გავიდა.

                – როცა რწმენაზე ლაპარაკობ ევროპელები დგებიან და გადიან. მაგრამ აი ტაროს კარტზე ან სულების გამოძახებაზე რომ ჩამომეგდო სიტყვა, ეხლა მე და საბინა უკვე ერთ საწოლში ვიქნებოდით – ფიქრობდა კონსტანტინე ცოტა ხანს და ღრუბლებით დაფარულ ცას უყურებდა.

                – ალბათ, პიკასო გერმანიაში ვერ გაიხარებდა, ან პიკასო სოციალური აგენტი გახდებოდა – გაუელვა თავში მას და ეზოში გავიდა.

                – 7 ივლისს გერმანელები საფრანგეთთან მატჩისათვის ემზადებიან. საინტერესოა რას განიცდის ეხლა გალური მამალი, რომლის ფრთები და კუდი თითქმის შავია, ხოლო კისერი, თავი, ნისკარტი – თეთრი – გაიფიქრა კონსტანტინემ, როდესაც იგი ქუჩაში გავიდა და ოტო ბრენერის ქუჩისაკენ დაიძრა.

მზე ანათებდა, მაგრამ ციოდა. ეს ზაფხული გერმანიაში არ გავდა სხვა ზაფხულს. მართლაც ფეხით მოსიარულეები უხეშ და შეიძლება ითქვას უშნო ლაბადებში იყვნენ გახვეულნი, ველოსიპედისტებს მრავალი უსარგებლო რამ ტანთ აესხათ. ასე რომ მოძრავი საზოგადოება, მარტო საკუთარი თავით იყო დაკავებული.

– ნეტა როგორ არიან ეხლა სირიელები, ან როგორ იქნებიან? შემოხიზნული გერმანიას ამ საოცრად ბეჯით, მოძრავ და პრაგმატულ ხალხს, სირიელებიც ამგვარი გახდებიან. შემდეგ მათ შორის დიდი ნაწილი იპოვის თავის თავს გერმანულ საზოგადოებაში, ხოლო ის ნაწილი, რომელიც არ შეითვისებს ამ მოფუსფუსე წესრიგს, შესაძლოა კვლავადაც დაიმშეს და ისევ უკან მოტრიალდეს, საკუთარი იერუსალიმის საძიებლად.

– მე ვიცნობდი ერთ არისტოკრატ ქალბატონს, როდესაც მის სახლში მივედი და შუბლზე შევხედე, გამაოცა თვალის ფორმის მქონე ამობურცულმა კოპმა, რომელიც მესამე თვალივით ზევიდან დამყურებდა – გაუელვა თავში ციხისჯვარელს და ვერ მიხვდა თუ რა კავშირში ჰქონდა მის გონებაში აჯარულ ფიქრებს ერთი-მეორესთან. სად სირიელები და სად ქალბატონი მესამე თვალით? – უეცრად გადაიხარხარა ქუჩაში მიმავალმა მეცნიერმა და ფიქრი განაგრძო: – დიახ ჩვენი აზრები ხშირად უმიზნოდ არის დაკავშირებული ურთიერთთან, თითქოს ასეა, მაგრამ აზრები ბადებენ აზრებს, როგორც ვიცით. ჩემი გონება ეხლა თავისუფალია, მიუყვები ქუჩას, არც მეჩქარება, ამიტომაც აზრები, ასოცოაციის ანუ მსგავსებისა და შეხსენების კანონის გავლენით აიფოფრებიან ხოლმე. მაგრამ მივყვეთ თუ რატომ გავიხსენე მესამე თვალი? მარტივად, ვფიქრობ იერუსალიმზე, ვფიქრობ სირიაზე, ვხედავ ფაქტიურად გერმანელებს და მსურს ვიპოვო გზა სიბრძნისაკენ, რაც მესამე თვალს მოითხოვს.

ღამე შეიკრიბნენ „ბურგომაისტერები“ ერთ ლუდხანაში და გალური მამლის დაკვლა გადაწყვიტეს. მიუხედავად გალებზე წარმატებული ნადირობის სურვილისა, სიტუაცია შეიცვალა – გალური მამალი არწივად იქცა და აქეთ დაგვკორტნა. კონსტანტინე ციხისჯვარელი უფრო ნერვიულობდა, ვიდრე თავად „ბურგომაისტერების“ კლუბის წევრები, რომლებიც მხოლოდ ხანდახან დაიღრენდნენ და შემდეგ მოეშვებოდნენ. წავაგეთ პირწმინდად -თქვა ოტომ, რომელსაც მისი მეუღლე, მშვენიერი, რძითა და მათრობელა ღვინით სისხლსავსე ევა ჩუმად აწყნარებდა.

                დილას ხმაურმა გააღვიძა კონსტანტინე. ალიონზე გერმანელმა ფერმერებმა მისი სახლის წინ ბაზრის გაშლა დაიწყეს. აფორიზმები არ მოსდიოდა თავში ფერმერებს, მაგრამ კარტოფილი და შპარგელი – კი. გაიშალა მონაგარი. „აი დამარცხებიდან გამარჯვებისაკენ გადადგმული ნაბიჯი – დილიდან საქმე“ – გაიფიქრა ციხისჯვარელმა და „მახერონების“ ბილიკს გაუყვა.

                „წაგებიდან გამარჯვებამდე მიმავალი ბილიკი გადის მოთმინებაზე, შრომაზე და თვითკრიტიკაზეც. ჩემთვის ეს ასეა, მაგრამ სინტერესოა როგორაა სხვისთვის“ – გაიფიქრა ციხისჯვარელმა. კარის გაღება ვერ მოასწრო, რომ მზის სხივებმა დააბრმავეს იგი – გაოქროსფერდა არემარე. პეპლებივით შემოიჭრნენ სხივები. უეცრად მოაგონდა ძველი სასაფლაო, დიდი შავი ქვა, რომელზედაც პეპელა იყო ამოტვიფრული.

                – საფლავის ქვაზე პეპელა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს- ჩაფიქრდა იგი და როგორც უწინ, ეხლაც, დროსაგან გაშავებულ საფლავებში, ლოტეს აკლდამის ძებნა დაიწყო.

                მიმოფანტულები იყვნენ ძველი ქვები გოთური ტაძრის წინ. დაჟანგული ცხაური შეაღო ციხისჯვარელმა და ვერტერივით დაუბრუნდა ლოტეს – მართლაც საფლავს ძველი გოტიკური ასოებით ეწერა – „Sharlota kestner”- აი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი არსება. ის აქ არის, ამბობს ქარი – ჩაიღიღინა ციხისჯვარელმა და ლოტეს საფლავის წინ ჩამოჯდა.

                – ჰონდერლინს დიოტიმა და ვერტერის ლოტე, შოთას – თამარი, შენთვის, შენთვის ვინ არის ლოტე, დიოტიმა თუ თამარი? – კითხა თავის თავს ციხისჯვარელმა.

                – მე მიყვარს საფლავები – გაახსენდა მას გრაფი  ბეზენდორფის ნათქვამი.

                შემდეგ იყო ჭიდილი საკუთარ სულთან: ადამიანი უზარმაზარ სამყაროში იბადება ბნელის მანათობელი ციცინათელას მსგავსად. სადაც ყველაზე უფრო მეტად ბნელა, იქ ყველაზე დიდი ციცინათელა იბადება. ამიტომაც ეძებეთ გენიოსები არა პარიზში და ფრანკფურტში, არამედ ჯელალაბადში, ჯაიპურსა და თბილისში.

                საოცარი იყო დრო, როცა იესო იშვა ბეთლემში. სუფევდა სიბნელე, ფარისევლობა, მრუშობა და ამპარტავნება. ისრაელის ერი დასაღუპად ემზადებოდა და დაიღუპა კიდევაც, როცა მან ქრისტე არ მიიღო. ჯვარზე აცვეს ქრისტე. ჩვენ უფალს აღსრულებიდან 37 წლის შემდეგ რომაელმა სარდალმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს, რომლის შიგნით სამი პარტია ებრძოდა ერთმანეთს. ტიტუსმა დაადუმა წმინდა ქალაქი და ფაქტიურად გაანადგურა ებრაელი ერი. ვინც გადარჩა ისრაელიდან იქნა გაძევებული. ებრაელები გაიფანტნენ. აი სწორედ ეს გახლავთ იერუსალიმის ისტორია.

                ეხლა კი მითხარით სად არის ჩემი იერუსალიმი? – უკვე თავის თავს მერამდენედ უმეორებდა ციხისჯვარელი. უკვე მტკიცედ სჯეროდა იმისა, რომ ადამიანი იბადება როგორც „პატარა ღმერთი“, გამოგზავნილი დიდი ღმერთისა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრითა და განცხადებით – აღმოეჩინა თავისი იერუსალიმი – ადგილი, სადაც საკაცობრიო სული ვლინდება საქმეში, რწმენაში, ლოცვებში, მისტერიებში – უერთდება თავად ღვთაებრივს, უზარმაზარ სამყაროსეულ სულს, რომლის მონუმენტურ, მოძრავ, აღმაფრთოვანებელ, საშიშ და შემაძრწუნებელ წესრიგს პატარა ღმერთი არა თუ უნდა არღვევდეს, არამედ კიდევ უფრო მეტ სისავსეს და ჟღერადობას, გამოყენებითობას, შეუდარებლობას, იმედს, რწმენას, ძალას, ოცნებებს, სიყვარულს საკუთარის თავისთვის და გარემოსთვის უნდა სძენდეს და უქმნიდეს.

                გოეთეს გამოთქმა „პატარა ღმერთი“ ძლიერ მოსწონდა ციხისჯვარელს. თუ ეს პატარა ღმერთი უზარმაზარი სამყაროს წესრიგს დაექვემდებარებოდა, მაშინ შევიდოდა იგი უფლისწული იერუსალიმში. მაგრამ როგორ უნდა მომხდარიყო ამგვარი და-ქვემდებარება?

                აი თუ როგორ: ადამიანი ორი საწყისით არის მოვლენილი ამ სამყაროში. პირველი, როგორც დამოუკიდებლად მოაზროვნე დიდი ღმერთის ზრახვებისა და სამყაროს შემცნობელი პიროვნება, რომელიც უჩინარი, ღვთაებრივი მემბრანით ხვდება დიდი ღმერთის ჩანაფიქრს, მის ხმოვანებას, აზრებს, სიბრძნესა და სიყვარულს და მეორე – ღვთაებრივი მემბრანის გარეშე მოვლენილი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ რგოლები არიან დიდი ღვთაებრივი, ჯერ კიდევ შეუცნობელი ჯაჭვისა, რომელიც მათ უნდა შექმნან და მაგვარად შეასრულონ სამყაროს მოთხოვნა ადამიანის მიმართ. ვინ უფრო ადვილად აისრულებს თავის მისიას და მონახავს საკუთარ იერუსალიმს, ღვთაებრივი მემბრანის მქონე თუ ამგვარი მემბრანით ნაკლებად აღჭურვილი პირი?

                დიადი ღმერთი ყოლიფერს (როგორც გურულები იტყვიან) თანაბრად ანაწილებს. ადამიანი დაბადებისთანავე უნდა ქმნიდეს ვეებერთელა ჯაჭვს დამოუკიდებელ საქმეთა გადასაწყვეტად. ამ ჯაჭვში იგი უნდა იყოს რგოლი, მაგრამ მტკიცე და ნაწრთობი ფოლადის მსგავსი, ასე რომ უხდებოდა ძველ ჯაჭვის პერანგებს. თუ კაცი ჯაჭვის რგოლი გახდება, იგი იმთავითვე ვერ შევა იერუალიმში, მხოლოდ სათუთი გამოკვლევის შემდეგ, თუ ადამიანი დაადგენს, რომ მისი ჯაჭვი ემსახურება ჯერ სხვის, ხოლო შემდეგ საკუთარ ბედნიერებას, მაშინ მას მოუპოვებია გარკვეული გასაღები იერუსალიმისა.

                მაგრამ ღვთაებრივი მემბრანის მქონებელთ უსასტიკესად ცდის დიადი ღმერთი. ღვთაებრივი მემბრანა, რომელიც ტვინშია ჩაზრდილი და გარკვეულ პერიოდში შესაძლოა აღმოჩენილი და გამოკვლეული იქნეს მეცნიერთა მიერ, სახიფათო და უსათუთესი ნასკვია. წარმოიდგინეთ ეს უნაზესი და უმგრძნობიარესი „იალქანი“ თქვენშია. იგი მართლაც წააგავს იალქანს, ანაც ფლუგერს, რომელიც ყველაფერს შეისრუტავს და ყოველივესმინიმუმ ასი წლით ადრე იგებს. თქვენ, ღვთაებრივი მემბრანით დაჯილდოვებული, გრძნობთ, განიცდით იმას, რასაც თქვენი თანატოლები მხოლოდ სიბერეში შეიტყობენ. თქვენ იცით ის, რაც თქვენი თანატოლების შვილიშვილებს გადახდებათ. როგორი სახიფათო გამოწვევაა ხომ გრძნობთ. აი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სახლის წინ ვიღაცა აშენებს სკოლას, თქვენ კი გრძნობთ, რომ ამ სკოლას ას ოცი წლის შემდგომ წყალდიდობა დაძირავს – მიდიხართ და ეუბნებით ამის შესახებ სკოლის მესვეურთ – ისინი კი გეუბნებიან რამეს პასუხად? არაფერს. თქვენ ისინი გთვლიან მოლაყბედ. ან ჭკუასუსტად. თუ თქვენი ღვთაებრივი მემბრანა მუსიკალურია წერთ „ფოთოლთა სრიალის სიმფონიას“, მაგრამ იგი ვერ გიფარავთ თქვენ იმ ბოროტი ადამიანებისაგან, რომელსაც თქვენი გატყუება განუზრახავს, რადგანაც გრძნობენ, რომ თქვენ სუსტი ხართ. ხართ კი სუსტი? დიახ. ღვტაებრივი მემბრანა თქვენშია, მაგრამ ის ხალხისთვისაა შექმნილი და მანამ სრულად არ ამოქმედდება, სანამ ამ ხალხისაგან არ დაიჩაგრებით, არ დაიტანჯებით, არ განიდევნებით, არ დაიფლითებით. რატომაა ღვთაებრივი მემბრანის მქონე კაცის დატანჯვა აუცილებელი დიადი ღმერთისათვის? პასუხი შესაძლოა შემაძრწუნებლად პირდაპირი იყოს: ღვთაებრივი მემბრანა უნდა გამოიწრთოს ტანჯვით, რათა მან საბოლოოდ იმგვარი ხმა გამოსცეს, რომ უპირველეს ყოვლისა ავადმყოფი მოარჩინოს, დაბორკილი განბორკოს, დაგდებული ააგდოს და დაცემულს დაანახოს სილამაზე ცხოვრებისა. ყოველივე ამისთვის ხდება – რომ დაგანახოს სიმშვენიერე სიცოცხლისა. ამიტომაც „ღვთაებრივი მემბრანა“ მხოლოდ სიცოცხლის სამსახურში უნდა ჩადგეს.

                – შესაძლოა კი, რომ ღვთაებრივი მემბრანის მქონე ჯაჭვის რგოლად გადაიქცეს და იქ იშრომოს? – დაუსვა კონსტანტინემ კითხვა თავის თავს. პასუხი ამგვარი იყო: „რამდენჯერაც ჩადგება ჯაჭვში, იმდენჯერ აღმოაჩენენ მის განსხვავებულობას და ჰგვემენ მას, სანამ იგი არ მიემსგავსება თავის გამჩენს და არ განამტკიცებს სამყაროს, წესრიგს თავის ლოკალურ გარემოში“.

                – კი მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს?

                – ეს მოხდება ტანჯვით გამოწრთობილი ღვთაებრივი მემბრანით ცხოვრების მეორე ეტაპზე, როცა იგი დაიწყებს საკუთარ ქადაგებას, ენით თუ მუსიკით, ფიქრებითა და საქმით, სისხლითა და ფერებით, ქვებითა თუ დუღაბით, ფართო პანოებით თუ სიმბოლოებით, ხორბლითა თუ ღვინით, ბორბლით თუ ჭანგებით.

                – და რას მიაღწევს საბოლოოდ „ღვთაებრივი მემბრანა“?

                – მას კვლავაც ჰგვემენ, მოკლავენ ან თავს მოაკვლევინებენ, შვილებს დაუწიოკებენ. ცეცხლში დასწვავენ, ჩაქოლავენ, კარ-მიდამოს წაართმევენ, ცოლს გაუპატიურებენ, დედას გაუბახებენ, მამას მოუკლავენ, თვითონაც მას დაამხობენ, უმოწყალოდ ჰგვემენ, ქონდაქარათ – უხუცესებს დაახვევენ, რათა პირში ბურთი ჩასტენონ, ხმა დაუხშონ, სახედრად აქციონ.

                – და ვინ ებრძვის მას ასეთი სიშმაგით და ჯოჯოხეთის მაშხალებით? – კვლავაც კითხა კონსტანტინემ თავის თავს,

                – ხომ მიგახვედრე, მას ებრძვიან ჯაჭვის ადამიანები თქო. კიდევ ერთხელ აგიხსნი. წინათ მე განვმარტე იმ ჯაჭვის რგოლები, რომელთაც უწერიათ იერუსალიმის მოპოვება. არსებობენ კეთილი ჯაჭვები, მასში მომქმედ რგოლებს კეთილი სურვილები ამოძრავებთ. მაგრამ ამგვარი ჯაჭვების რაოდენობა განა ბევრია. უმეტესი ჯაჭვი ამ სამყაროში, მისი მტრების მიერ არის შექმნილი. ,ას მე შავ ჯაჭვებს უწოდებ.

                მაინც ვერ დაეთანხმა ციხისჯვარელი იმ აზრს, რომ ღვთაებრივ მემბრანას მარტო შავი ჯაჭვები ებრძოდნენ. პირიქით, იგი ფიქრობდა, რომ ჩვეულებრივი, თუნდაც ნათელი იდეით შექმნილი ჯაჭვები, ჭიანჭველათა რაზმის მსგავსად რომ გადაადგილდებიან, სიკეთის ჩასადენად, ისინიც კი თუ შეამჩნევენ „ღვთაებრივ მემბრანას“ აღშფოთდებიან, გაგულისდებიან, გაბრაზდებიან ამ „მარტო მომღერალზე“ და შეეცდებიან მას დაუმსახურებელი წყენა აგემონ. „ღვთაებრივი მემბრანა“ შესაძლოა ამ დროისთვის უკვე ტანჯვით გამოწრთობილი იყოს და მან პასუხიც კი არ გასცეს ამგვარ ჯაჭვეულებს, რაც მის აქციებს გაზრდის კიდევაც იმ მოლაყბეთა თვალში, რომელნიც „ღვთაებრივ მემბრანას“ დიდი ხანია იცნობს, აფასებს, რადგანაც საზოგადოების მხრიდან ამ უკანასკნელის გვემა მოლაყბეებს ახალ ახალ სალაყბოს აძლევს და ართობს.

                – ხოლო შავი ჯაჭვები როგორ იქმნება და როგორ მოქმედებს, ეს ჯერაც არ იცის ციხისჯვარელმა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: