Posted by: burusi | 17/11/2016

გიორგი გოგუა – შოთა რუსთაველის მოსახსენებელი თარიღი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

შოთა რუსთაველი. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკა

გიორგი გოგუა – შოთა რუსთაველის მოსახსენებელი თარიღი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

 შესავალი

      ისევ და ისევ შოთა რუსთაველი, ისევ და ისევ მისი უკვდავი პოემით, რომელსაც თქმაც კი არ   სჭირდება, თუმცა კი დავსძენ – ‘’ვეფხისტყაოსანი’’ ქართული კულტურის ოლიმპოა. მაშასადამე არის ის მწვერვალი და ის განძი, რომელშიაც უბადლოდაა წარმოჩენილი იმდროინდელი  საქართველოს; მსოფლმხედველობრივი, ზნეობრივი თუ ეთიკური მისწრაფებანი. ავტორისა და მისი ქმნილების ამ ენიგმატურმა ტანდემმა საუკუნეებს გაუსწრო და დღემდე სახელი-შოთა უამრავ კითხვის ნიშანს დაუკავშირა. უკვე  XVIII საუკუნის დასაწყისიდან კი რუსთველოლოგია, როგორც სამეცნიერო დარგი იღებს სათავეს.  ამ პერიოდიდან მოყოლებული სხვადასხვა მეცნიერ-მკვლევართა მხრიდან უხვად იქმნებოდა ჰიპოთეზები, რომლებიც პრეტენზიას შოთა რუსთაველისა და მისი პოემის ობიექტურ გაგებაზე გამოთქვამდნენ. ასე მაგალითად , რუსთველოლოგი – იუსტინე აბულაძე თვლიდა, რომ შოთა რუსთაველმა ‘’ვეფხისტყაოსანი’’ თამარის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა. კორნელი კეკელიძის აზრით, ‘’ვეფხისტყაოსანი’’  დაწერილია საქართველოში მონღოლების შემოსევის შემდეგ, XIII საუკუნის 30_იანი წლების ბოლოს. სარგის კაკაბაძე ვარაუდობდა, რომ რუსთაველის პოემა XIV-XV საუკუნეების ნიმუში იყო. ხოლო ნიკო მარს იგი მონღოლთა პერიოდში,  XIV საუკუნეში შეთხზულად მიაჩნდა. მოგვიანებით კაკაბაძემ და მარმა უარყვეს ეს ვარაუდი და იმ ტრადიციულ თვალსაზრისს  დაუბრუნდნენ, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და მიღებული მკვლევართა  უმრავლესობის მიერ, რადგან იგი თავად პოემაში არსებულ მონაცემებს ემყარება. ტრადიციული თვალსაზრისით კი ‘’ვეფხისტყაოსნის’’ დაწერის თარიღად XII საუკუნის ბოლო ან XIII საუკუნის დასაწყისი მიიჩნევა.

     ‘’ვეფხისტყაოსანი’’ რომლის ტექსტის ანალიზიც ფრიად საყურადღებო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა რუსთაველოლოგიური კვლევის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანს ხდის მისი ეპოქის დროინდელი საისტორიო წყაროების დეტალურ შესწავლასაც. აღნიშნული თვალსაზრისიდან გამომდინარე, ცხოველ ინტერესს იწვევს იერუსალიმის ჯვრის ქართულ სავანეში დაცული მატიანენი, სადაც , როგორც ცნობილია- ‘’წესად იყო შემოღებული – აღენიშნათ ხსოვნა იმ პირთა, რომელთაც რაიმე დამსახურება მიუძღოდათ მონასტრის წინაშე’.’’ (ინგოროყვა)

    იერუსალიმის ჯვრის მონასტერი უნიკალურია. მისი ისოტრია მრავალი თვალსაზრისით საინტერესო და ღირსშესანიშნავი  მოვლენებით უხვადაა გაჯერებული, მაგრამ ჩვენ ქვემოთ მხოლოდ შოთა რუსთაველისა და მასთან დაკავშირებული, იმ დოკუმენტური წყაროების შესახებ გვექნება მოკლე  საუბარი, რომლის მიმოხილვის პროცესშიც მთავარი დასაყრდენს – პავლე ინგოროყვას  მეცნიერული დასკვნები წარმოადგენს.

შოთა რუსთაველის მოსახსენებელი თარიღი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საარქივო მასალების დეტალური შესწავლა ორი ძირითადი მიზეზითაა განპირობებული. უპირველეს ყოვლისა საჭიროა დადგენილ იქნას თარიღი, თუ როდისაა გაკეთებული ჯვრის საარქივო მასალებში შოთა რუსთაველის მოსახსენებელი ჩანაწერი. ამის დადგენა მოგვცემს შესაძლებლობას, დასაბუთებული პასუხი გაეცეს ყველა არაობიექტურ, ფსევდომეცნიერულ ჰიპოთეზას, რომელიც ‘’ვეფხისტყაოსნის’’ ავტორის სამოღვაწეო პერიოდს, ტრადიციული შეხედულებისაგან განსხვავებით, თუნდაც XIV საუკუნედ მიიჩნევს. მეორეს მხრივ კი  აუცილებელია საარქივო მასალებზე კონცენტრაცია და იმის გულდასმით შესაწავლა, თუ ვინ  და როდის მოხატა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. ამასთან, დასადგენია იმ პირთა ვინაობა და სამოღვაწეო პერიოდი, რომელი პირნიც შოთა რუსთაველთან ერთად გამოსახულნი არიან ხსენებული სავანის სხვა ფრესკებზეც. ასეთი ტიპის ინფორმაციის მიღება, თუ რაიმე გზითაა შესაძლებელი, მაშინ იგი სწორედ იმ სამონასტრო მატიანეებშია საძიებელი, რომელიც  იერუსალიმის ჯვრის ქართულ მონასტერს გააჩნია.

   როგორც ცნობილია, მონასტერს წესად ჰქონდა დამკვიდრებული აღენიშნა ყველა იმ პირის ხსოვნა, ვისაც კი რაიმე დამსახურება ჰქონდა მის წინაშე. ასეთი ადამიანებისათვის, ყოველწლიურად, გარკვეულ რიცხვებში იხდიდნენ წირვა-პანაშივდებს და მათ მოსახსენებლად  აღავლენდნენ – ‘’სიყვარულით მოსაგონარს’’,  იგივე -აღაპს. ცნობილია ისიც, რომ მონასტერს გააჩნდა წიგნები, სადაც კალენდარული სიზუსტით იყო დადგენილი ამა თუ იმ პირის მოსაგონარი დღე. ასეთ წიგნებს- ‘’სააღაპე მატიანეები’’ ეწოდებოდა, რომლისთვისაც ჩვეულებრივ იყენებდნენ ეგრედწოდებულ – სვინაქსარის ხელნაწერებს. სვინაქსარის ხელნაწერები ორ ჯგუფად იყოფოდა, პირველი წარმოადგენდა მოკლე საკითხავებს მზის კალენდრის წრიდან, რომელიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მიჰყვებოდა მთელს წელს, 1 სექტემბრიდან, -31 აგვისტომდე. მეორე ნაწილში კი ჩაწერილი იყო -‘’მოძრავი კალენდარის’’ ანუ მთვარის კალენდრით განსაზღვრული სადღესასწაულო რიტუალები, რადგან როგორც ცნობილია ქრისტიანულ ეკლესიაში მზის კალენდართან ერთად, მთვარის მოძრავი კალენდარიც იყო მიღებული. ეს უკანასკნელი მოიცავდა, როგორც ზამთრის ‘’დიდ მარხვას’’ აგრეთვე, გაზაფხულისა და ზაფხულის საეკლესიო დღესასწაულებსაც, დაწყებული აღდგომიდან – ‘’სულიწმინდის მოფენამდე’’.

    აღსანიშნავია, რომ  ‘’სააღაპე მატიანის’’ გარდა, კიდევ არსებობდა სხვა ტიპის სამონასტრო მატიანეები. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ – ‘’სულთა მატიანე’’, რომელშიც ყველა ის პირი იყო გაერთიანებული, რომელთა სახელებსაც მონასტერში გარკვეულ დღეებში ამოიკითხავდნენ და დალოცავდნენ ხოლმე.  ‘’სულთა მატიანეში’’ გაერთიანებული იყო, როგორც სასულიერო, ისე იმ გამოჩენილ საერო პირთა მოსახსენებლები, რომელთა პირადმა ღვაწლმაც დიდი განძი შესძინა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. მაგალითად აქ იხსენიებიან ; მეფე მირიანი, ვახტან გორგასალი, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე.

    სამონასტრო მატიანეები იმისდა  მიხედვით თუ როდისაა დაწერილი მათი ტექსტები, ორ ჯგუფად იყოფოდა. პირველ მათგანს წარმოადგენდა – ‘’პირველდედნები’’, რომელშიც – ‘’მოსახსენებლები იწერებოდნენ მაშინვე, როცა მოსახსენებელთ განაწესებდნენ’’ (ინგოროყვა)  ხოლო მატიანეთა მეორე ჯგუფს წარმოადგენდნენ ე.წ – ‘’პირები’’, რომელნიც სხვადასხვა დროის გადმონაწერს ან ამონაკრეფს მოიცავდნენ მატიანეთა პირველდედნებიდან. ამდენად პირველდედნები, რუსთველოლოგიური  კვლევის მთავრეს ობიექტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია იგი XI საუკუნის პირველი ნახევრიდან, XVII საუკუნემდე – სულ ოთხი არსებულა. ამათგან ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოც, გახლავთ -‘’მოძრავი კალენდრის’’ წრის, ჯვრის სპეციალური სააღაპე წიგნი. ამ საკითხზე ცნობილია ის, რომ ჯვრის მთავარი სააღაპე წიგნი XIII საუკუნის დასაწყისში გახსნეს თავიდან, რადგან მანამდე არსებული მონასტრის მთელი საარქივო წყაროები, მუსულმანებს იერუსალიმის დაპყრობის შედეგად ჩაუგდიათ ხელთ, მისი განახლება-აღდგენა კი, რომელიც ზემოაღნიშ პერიოდში მოხერხდა თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ თამარის უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოხდა ის, რომ ქართველთათვის კვლავ შესაძლებელი გახდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მსახურებისა და საბერმონაზვნო საქმიანობი აღდგენა.

      ახალ გახსნილი სააღაპე წიგნში, რომელიც უკვე აღინიშნა, როგორც  XIII საუკუნის დამდეგიდან  განახლებული სამონასტრო ცხოვრების ისტორიული წყარო – 1250 წლისათვივ უკვე ორ ჯგუფად გვევლინება, რადგან ამ პერიოდში სპეციალურად შეიქმნა  ახალი ‘’სააღაპე წიგნი’’, რომელიც  ‘’მოძრავი კალენდრის’’ ანუ მოძრავი ქრისტიანული დღესასწაულების  ცალკე აღსანუსხად გამოიყენებოდა. როგორც ჩანს, ამგვარი დაყოფა, ერთის მხრივ საერო პირებისა და , მეორეს მხრივ სასულიერო სფეროს წარმომადგენლებს შორის, მოვლენათა ზუსტი და ქრონოლოგიურად გამართული  აღწერისათვის გამხდარა აუცილებელი.

     ახალი სააღაპე წიგნი, იგივე -‘’მეორე სააღაპე წიგნი’’ , რომელიც 1250-1305 წლებს მოიცავდა, პირველდედნების სახით ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ აღაპები, რომელნიც მასში იყო შეტანილი, შემდგომში გადმოწერილი იქნა – მოკლე სააღაპე ნუსხაში, რომელიც შედგენილ იქნა  ისევ ჯვრის მონასტერში, მიახლოებით 1309 წლისათვის. აქედანვე ირკვევა ისიც, რომ  XIII  საუკუნის პირველ ნახევარში, მთავარ სააღაპე წიგნში შეტანილი ყოფილა ექვსი აღაპი. სახელდობრ ერთი მათგანი, სწორედ შოთა რუსთაველის მიერაა შესრულებული და იგი არაუმეტეს 1250 წლით თარიღდება.

    ამრიგად, ამ მოკლე მიმოხილვით  შეგვიძლია  დავასკვნათ ის, რომ იერუსალიმის ჯვრის  ქართული მონასტრის  ‘’სააღაპე მატიანენი’’ ნამდვილად იძლევა ობიექტურობისა და მეცნიერული თანმიმდევრულობით  დასაბუთების იმ შესაძლებლობას, რომელსაც ძალუძს ადეკვატური პასუხი გასცეს ყველა იმ ფსევდომეცნიერულ ჰიპოთეზას იმის თაობაზე თუ ვინ იყო  და რა დროში ცხოვრობდა დიდი შოთა რუსთაველი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: