Posted by: burusi | 03/11/2016

გიორგი გოგუა – პიროვნება, როგორც მთავარი ღირებულება “ვეფხისტყაოსანში”

 

ვეფხისტყაოსანი. მხატვარი სევერიან მაისაშვილი

 

გიორგი გოგუა – პიროვნება,  როგორც  მთავარი  ღირებულება “ვეფხისტყაოსანში”

     ერის  რაგვარობასა  და  მის  იდეალებზე  ვერაფერი  მეტყველებს  იმაზე  უკეთ,  როგორც  მისსავე  წიაღში  შობილი  ლიტერატურული  ძეგლი,  რამეთუ  იგი  ნათლად  წარმოაჩენს  ხალხთა;  კულტურის,  ზნე-ჩვეულებებისა  და  მსოფლმხედველობრივი  მრწამსის  მდიდარ  ნარატივს.

          XII  საუკუნე  საქართველოს  ისტორიაში- ‘’ოქროს  ხანად’’  იწოდება,  ვინაიდან  ესააა  ეპოქა,  რომელშიაც  უბადლოდ  წარმოჩინდა  ქართველი  კაცის  მრავალმხრივი  შესაძლებლობები.  სწორედ  მაშინ  იქმნებოდა;  ფრესკული  მხატვრობის,  ჭედური  ხელოვნების,  არქიტექტურის  ბრწყინვალე  ნიმუშები.  ქვეყნის  განვითარების  საქმეში  მნიშვნელოვანი  წვლილი  შეჰქონდათ  საგანმანათლებლო  კერებსაც,  რომელთაგან  განსაკუთრებული  აღნიშვნის  ღირსია – გელათისა  და  იყალთოს  აკადემიები.  ამავდროულად,  თავისი  ძლიერების  ზენიტში  მყოფმა  მონარქიამ,  სხვა  სიკეთეებთან  ერთად,  საფუძველი  სიტყვაკაზმული  მწერლობის  ისეთ  შთამბეჭდავ  ქმნილებებს  დაუდო,  როგორიცაა;  მოსე  ხონელის- ‘’ამირანდარეჯანიანი’’ შავთელის- ‘’აბდულმესიანი’’  ჩახრუხაძის- ‘’თამარიანი’’.  ყოველივე  ეს  კი  დაგვირგვინდა  ქართული;  სიტყვის,  აზრის,  ქმედებისა  და  რწმენის  ჭეშმარიტად  ამსახველი  პოემით,  რომელსაც  შოთა  რუსთაველის  ‘’ვეფხისტყაოსანი’’  წარმოადგენს.

        მსოფლიო  ლიტერატურის  მრავალსაუკუნოვან  მატიანეში  ძნელად  თუ  მოიძებნებიან  ავტორები,  რომელთა  შემოქმედებაც  გასცდენია  ვიწრო  ეროვნულ  საზღვრებს,  გადაულახავს  ენობრივი  თუ  მსოფლმხედველობრივი  ზღუდეები  და  შეჭრილა  ადამიანთა  ცნობიერ  შრეში  იმგვარად,  როგორც  ეს  რუსთაველმა  მისი  შემოქმედებით  შესძლო.

     და  მაინც,  რაა  მიზეზი  იმისა,  რომ  ჟამთა  სვლის  მიუხედავად  ‘’ვეფხისტყაოსანი’’  კვლავაც  ის – ‘’ობოლი  მარგალიტია’’,  რომელსაც  აღფრთოვანებაში  მოჰყავს  ყველა  თაობის  ქართველი?  კითხვაზე  პასუხს  თავად  პოემის  შინაარსი  იძლევა.

          მართალია,  ‘’ვეფხისტყაოსნის’’  პირვანდელ  ტექსტს  ჩვენამდე  არ  მოუღწევია,  თუმცა  დღეისათვის  მოგვეპოვება  მისი  უძველესი  ხელნაწერი,  რომელიც  XVI  საუკუნითაა  დათარიღებული.  რუსთველოლოგია  კი,  როგორც  სამეცნიერო  დარგი,  უკვე  XVIII  საუკუნის  დასაწყისიდან  იღებს  სათავეს.  ამ  პერიოდში,  ღრმადგანსწავლულმა  მონარქმა-  ვახტანგ  VI   დაარსა  პირველი   სტამბა,  სადაც  ბეჭდური  სახით  პირველადვე  გამოიცა   ქართველთათვის   ორი  უმნიშვნელოვანეს  წინგნი- ‘’სახარება’’  და  ‘’ვეფხისტყაოსანი’’.  როგორც  აღინიშნა,  ამ  უკანასკნელის  კვლევა-ძიებას  აქედანვე  დაედო  საფუძველი  და დღემდე  მრავალ  პუბლიკაციას  აერთიანებს,  რომელთა  შორისაა;  პლატონ  იოსელიანის,  ვიქტორ  ნოზაძის,  კორნელი  კეკელიძის,  სარგის  ცაიშვილის,  ზვიად  გამსახურდიას  და  სხვათა  ორიგინალური  გააზრებანი  პოემის  ლიტერატურული  შემადგენლების  შესახებ.

        ‘’ვეფხისტყაოსანი’’  ჟანრობრივად  სამიჯნურო-ჰეროიკული  პოემაა,  რომელშიც  ერთგვარად  არეკლილია  კიდეც  მისი  ეპოქა  და  ისტორიული  კონტექსტი.  ავტორი  შემდეგი  სიტყვებით- ‘’თამარს  ვაქებდეთ  მეფესა  სისხლისა  ცრემლ-დათხეული’’ -ხოტბას  ასხამს  ისტორიულ  თამარ  მეფეს.  ხოლო  ის,  რომ  პოემა  მაშინდელი  სამეფო  კარის  შეკვეთითაა  დაწერილი,  მოწმობს  ტაეპი- ‘’მიბრძანეს  მათად,  საქებრად  თქმა  ლექსებისა  ტკბილისა’’.

      თავად  ავტორის  ბიოგრაფიული  ცნობები  ბურუსითაა  მოცული.  მის  წარმომავლობასთან  დაკავშირებით,  პოემის  ტექსტის  ანალიზის  საფუძველზე  იკვეთება  ორი  ვერსია.  პირველის  თანახმად- შოთა  მესხეთის  რუსთავის  მკვიდრია,  ხოლო  მეორე  ვარიანტით-  იგი  ქალაქ  რუსთავის  ციხის  გამგებლად  მიიჩნევა.  სამწუხაროდ  სახელი – შოთაც,  არცერთ  რომელიმე  კონკრეტულ  ისტორიულ  პირთან  არ  იდენტიფიცირდება.  ეს  ფაქტი  გრკვეული  თვალსაზრისით  ქმნის  ერთგვარ  ენიგმატურ  სურათს,  რომელიც  კიდევ  უფრო  ამძაფრებს  ნაწარმოებისა  და  მისი  ავტორისადმი  ცხოველ  ინტერესს.  პოემაში  აღწერილი  სამეფო  კარის  წესებისა  და  ურთიერთობათა  ზედმიწევნით  ცოდნა  კი  გვაფიქრებინებს,  რომ  შოთა  რუსთაველი  მაღალი  წრის  წარმომადგენელია.  ერთ-ერთი  ვერსიით  მას  ‘’მეჭურჭლეთუხუცესის’’  თანამდებობა  უნდა  სჭეროდა,  რაც  დღევანდელი  მნიშვნელობით  ფინანსთა  მინისტრის  თანამდებობას  უტოლდება.

      განსხვავებული  პოზიციები  არსებობს  რუსთაველის  მსოფლმხედველობასა  და  მის  რელიგიურ  აღმსარებლობასთან  დაკავშირებითაც.  ზოგიერთი  მკვლევარის  აზრით  ის  მუსულმანი  ავტორია,  ზოგიც  მას  სუფიზმის  ადეპტადაც  მოიხსენიებს.  პოემის  შინაარსი  კი,  რომელიც   ამ  მტკიცებათა  წყაროს  წარმოადგენს,  ობიექტური  ანალიზის  საფუძველზე,  შესაძლებელს  ხდის  განსაზღვრებას  იმისა,  რომ  ავტორი  ქრისტიანული  კონფესიის  წარმომადგენელია.  ამაზე  მეტყველებს  ტექსტის  ის ნაწილები,  სადაც  ნახსენებია  მოციქულ  პავლეს  სწავლებანი  და  ქრისტიანული  ლიტერატურისათვის  დამახასიათებელი  ტერმინები  სამყაროს  შემოქმედ,  ტრანსცედენტულ  ღმერთზე.

    ავტორის  რელიგიურ  მიკუთვნებულობაზე  განსხვავებული  შეხედულებების  მიუხედავად  ერთი  რამ  უდაოა,  შოთა  რუსთაველი  თავისი  დროის  უგანათლებულესი  პიროვნებაა.  იგი  არ  გახლავთ  იმ  ტიპის  მოაზროვნე,  რომელიც  ერთი  კონკრეტული  ფილოსოფიური  დოქტრინის  ვიწრო  ნაჭუჭში  დაეტევა.  მისი  ცოდნისა  და  აზროვნების  თვალსაწიერი  თანაბარი  სიღრმით  სწვდება,  როგორც  აღმოსავლეთის,  ისე  დასავლეთის  ცივილიზაციათა  მრავალსაუკუნოვან  მონაპოვარს.

    ‘’ვეფხისტყაოსნის’’  ღრმააზროვან  აფორიზმებს  სენტენციური  დატვირთვა  გააჩნიათ,  რითაც  იქმნება  უმნიშვნელოვანესი  რაკურსი;  პიროვნების  დანიშნულებაზე,  წუთისოფლის  თავისებურებასა  და  მასში  გამჟღავნებულ  ჭეშმარიტებათა  შეცნობის  აუცილებლობაზე.  პოემის  მთავარ  გმირთა  ზნეობრივი  იდეალები;  ძმობა-მეგობრობა,  რაინდული  პატიოსნება  და  მოყვასისადმი  გაუნელებელი  სიყვარული  სწორად  ეხმიანება  ჩვენი  ერის  სულიერ  მისწრაფებებს,  რაც  საერთო  ჯამში  ქართველთა  ნციონალური  იდენტობის  უტყუარ  საბუთ  წარმოადგენს.

        ‘’ვეფხისტყაოსანი’’  ფეოდალური  მონარქიისათვის  დამახასიათებელ,  მკაცრს  იერარქიულ  ხანაში  შობილი  ლიტერატურული  ძეგლია.  გამომდინარე  აქედან  ბუნებრივია,  რომ  ავტორი  გვერდს   ვერ  აუვლიდა  სახელმწოფო  მოწყობის  ამ  ტიპისათვის  დამახასიათებელ  თავისებურებებს.  აქ  ნიშანდობლივია  ისიც,  რომ  რუსთაველი  თავადაა  სახელისუფლებო  ძალის-  ფეოდალური  არისტოკრატიის  წარმომადგენელი.  მისთვის  მეფის  ინსტიტუტი  ღვთით  ბოძებული  რამაა,  ხოლო  მეფისადმი  მორჩილების  გამოვლენა  და  თავდადებული  სამსახური,  ყოველი  ხელქვეითისათვის  აუცილებელი  მორალური  ვალდებულება.  ამ  განსაზღვრებას  პოემის  შემდეგი  ტაეპი  მოწმობს-‘’ ვინცა  მოკვდეს  მეფისათვის,  სულნი  მათნი  ზეცას  რბიან’’.  პოეტისათვის,  საზოგადოებრივი  დაყოფის  ეს მოცემულობა  ურყევ  საფუძველს  წარმოადგენს. აქ,  პიროვნების  ბედისწერის  საკითხი  წინა  პლანზეა  წამოწეული.  ამდენად  ის,  თუ  ვის  რა  ბედი  არგუნა  განგებამ,  ვალდებულია  მას  მორჩილებდეს.

‘’რაცა  ვის  რა  ბედმან  მისცეს,  დასჯერდეს  და  მას  უბნობდეს

მუშა  მიწყივ  მუშაკობდეს,  მეომარი  გულოვნებდეს’’

მიუხედავად  იმისა,  რომ  ავტორი  ზემოაღნიშნული  პოლიტიკური  იდეოლოგიის  მატარებელია,  მასთან  პიროვნების  ინდივიდუალისტურ  გაგებას  უდიდესი  მნიშვნელობა  ენიჭება.  ‘’ვეფხისტყაოსნის’’  გმირთა  ცხოვრების  და  მოქმედების  მთავარ  საზრისს:  ღირსება,  თავგანწირვა,  მოყვასისადმი  ერთგულება  და მოვალეობათა  პირუთვნელი  შესრულება  წარმოადგენს,  შესაბამისად    რუსთაველის  შემოქმედება  ბადებს  ეპოქალური  გარდაქმნის  ახალ  შესაძლებლობებს,  რომელიც  თავის  მხრივ  ჰუმანიზმისა  და  კაცთმოყვარეობის  პრინციპებზეა  დაფუძნებული.  ნაწარმოების  მთავარ  გმირთა  გარეგნობის  აღწერა  ისეთი  მეტაფორებითაა  გადმოცემული,  როგორიცაა;  მზე,  მთვარე,  ვარსკვლავი,  ვარდი  და  სხვა.  ამგვარი  შედარებები  კიდევ  ერთხელ  ცხადყოფს  ადამიანს,  როგორც  მთავარ  ღირებულებას- ‘’ვეფხისტყაოსანში’’.

არაბი-ავთანდილის,  ინდოელი-ტარიელისა  და  მულღაზარელი  ფრიდონის  სახელმწიფოები  ერთმანეთისაგან  განსხვავებულ  სოციო-კულტურულ  და  რელიგიურ  ატმოსფეროში  ვითარდებიან.  ამდენად,  თითქოს  განსხვავებული  უნდა  ყოფილიყო  სამივე  გმირის  მსოფლაღქმაც,  მაგრამ  ასეთი  კონტრასტით  რუსთაველმა  ბრწყინვალედ  წარმოაჩინა  კაცთა  მოდგმის  საერთო,  უნივერსალური  პრინციპი,  გრძნობა  სახელად – სიყვარული.  სიყვარული  კი  თავის  მხრივ  სიკეთის  გამოვლენილი  ის  ძალაა,  რომელიც  მუდამ  შემუსრავს – ქაჯეთის  ციხედ  განსახიერებულ  ბოროტებას.  პოემის  ტაეპი- ‘’კეთილმან  სძლია  ბოროტსა,  არსება  მისი  გრძელია’’ ამ  მსჯელობის  დასტურია.

     კონკრეტულად  ის,  რომ  ‘’ვეფხისტყაოსანში’’  პიროვნებას  მთავარი  ღირებულება  გააჩნია  რამდენიმე  ძირითადი  ეპიზოდითაა  განსაზღვრული.  ერთ  ასეთ  მაგალითად  ავთანდილის  ‘’დილემაც’’  გამოდგება.  ერთის  მხრივ  ტარიელთან  მეგობრული  ფიცით  შეკრულს,  მეორეს  მხრივ  მეფე  როსტევანისა  და  მისი  სამეფოსადმი  პოლიტიკური  პასუხისმგებლობა  აკისრია.  ავთანდილი  მაღალი  რანგის  სახელმწიფო  მოღვაწეა,  იგი  ვეზირი  და  სპათა  წინამძღოლია.  მასზეა  მინდობილი  ქვეყნის  უსაფრთხოება  და  მისი  სტაბილობა.  გარდა  ამისა  ის  როსტევანის  აღზრდილიცაა,  რაც  მისადმი  გამორჩეულ  სიყვარულზე  მიგვანიშნებს.  სწორედ  ამიტომ  არ  ეძლევა  მას  სამეფოს  დატოვების  ნება.  გმირი  პირდაპირ  ‘’ორ  ცეცხლს  შუაა  მოქცეული’’.  დრო  აღარ  ითმენს,  დილემა  კი  დაუყონებლივ  გადაჭრას  მოითხოვს.  სასწორის  ერთ  მხარეს  მეგობრისადმი  მიცემული  ფიცია,  მეორეზე  კი  სახელმწიფოებრივი  მოვალეობის  გრძნობა.  მოვლენათა  ამგვარი  განვითარება  სიუჟეტს  უკიდურესად  დრამატულ  ელფერს  ანიჭებს.  ავთანდილი  ცდილობს  იპოვოს  ისეთი  გამოსავალი,  რომლითაც  ორივე  მხარე  კმაყოფილი  დარჩება.  თუმცა  ასეთი  რამ  ნონსენსია,  მან  ან  ერთი  უნდა  აირჩიოს  ან  მეორე.  ეს  სურათი  რუსთაველის  გენიალური  მიგნების  გამომჟღავნებაა,  რომლის  ანალიზის  საფუძველზე  უნდა  ვიგულისხმოთ,  რომ  ნებისმიერი  ადამიანი  რა რანგისა  და  სოციალური  სტატუსის  მატარებელიც  არ  უნდა  იყოს  იგი,  მას  არჩევანის  თავისუფლება  გააჩნია,  რითაც  ძერწავს  კიდეც  საკუთარ  ბედს.

    საბოლოოდ  ავთანდილი  მეგობრის  სასიკეთოდ  იღებს  გადაწყვეტილებას  და  სამეფოდან  მალულად   იპარება.  გაპარვას  წინ  უძღვის  არანაკლებ  საინტერესო  კომპოზიციური  ელემენტი- ‘’ანდერძის’’  სახით.

      ‘’ანდერძში’’  რუსთაველმა  მოყვასის  სიყვარულით  განმსჭვალული  გმირისგან,  კიდევ  ერთი  შესანიშნავი  ფსიქოლოგიური  პორტრეტი  დახატა,  მკითხველს  კი  თავის  მხრივ  სიუჟეტის  შემდგომის  განვითარების  ცხოველი  ინტერესი  გაუღვივა.  აქვე  უნდა  აღინიშნოს  ისიც,  რომ  ‘’ანდერძი’’  ადამიანისადმი  ნდობის  გამომხატველი  ტექსტიცაა,  რამეთუ  მასში  ავთანდილი  თავისი  მსახურის- შერმადინის  იმედად  ტოვებს  საკუთარ  სრა-სასახლეს,  ნდობის  ასეთი  მაღალი  ხარისხი  კი  თავის  მხრივ  შერმადინის  სრულ  ერთგულებაზე  მეტყველებს.  ამ  ლოგიკით  შეიძლება  ვთქვათ,  რომ  ნდობა-ერთგულება  პოემის  ერთ-ერთ  მთავარ  სათქმელს  წარმოადგენს.  რწმენის  თვალსაზრისითაც  ‘’ვეფხისტყაოსნის’’  გმირები,  უზენაეს  ძალას  მინდობილი  ადამიანები  არიან,  რომელთაც  საწუთროს  არსი  და  მისი  ‘’სიმწარეც’’  კარაგ  გაეგებათ.

‘’ვა  სოფელო,  რაშიგანხარ,  რას  გვაბრუნებ,  რა  ზნე  გჭირსა!

ყოვლი  შენი  მონდობილი  ნიადაგმცა  ჩემებრ  ტირსა!

სად  წაიყვან  სადაურსა,  სად  აღუფხვრი  სადით  ძირსა?!

მაგრამ  ღმერთი  არ  გასწირავს  კაცსა,  შენგან  განაწირსა’’

    ავტორის  სიტყვებითვე  რომ  ვთქვათ- ‘’უცნაური  და  უთქმელი’’  ღმერთი,  მფარველი  შემწე  და  მწყალობელია  ადამიანისა,  ყოველგვარ  გასაჭირში.  ამდენად,  ურყევად  შეკრული  წრე  შემოქმედსა  და  მის  ქმნილებას  შორის  ამ  უკანასკნელის,  როგორც  პოემის  მთავარი  ღირებულების  განმსაზღვრელიცაა.  შესაბამისად  რუსთაველთან  პიროვნება  ფასობს  იმით  თუ  რამდენად  ღრმაა  მასში  ასეთი  კავშირის  განცდა.  ‘’ ლოცვა  ავთანდილისა ‘’  პოეტის  ამგვარი  შეხედულების  ნათელ  ილუსტრაციას  წარმოდაგენს.

                ‘’ვეფხისტყაოსანში’’- პიროვნების  რუსთაველისეული  გაგება,  მისი  მნიშვნელობა  თუ  ფუნქციური  დატვირთვა,  გარკვეული  სახით  მისტიური  ელფერის  მატარებელია,  ვინაიდან  მასში  იკვეთება  უზენაესი,  ღვთიური  სამართლიასნობის  ელემენტები.  ამ  თვალსაზრისით  საინტერესოა  ტარიელის  მიერ  ხვარაზმშას  ძის  მოკვლა.  მიუხედავად  მკვლელობის  თითქოს  ობიექტური  მიზეზებისა,  რომელიც  ერთი  შეხედვით  სიყვარულისა  და  ტახტის  დაცვითაა  ნაკარნახევი,  ირღვევა    კოსმიური   კანონზომიერება.  კლავენ  სრულიად  უდანაშაულო  უფლისწულს.  მასშემდგომ  განვითარებული  მოვლენები –  ნესტანის  ქაჯეთის  ციხეში  დატყვევება  და  ტარიელის-  ‘’ველთა  რბენა’’  კი  ერთგვარი  გამოსასყიდი  გახდა  ამ  მძიმე  ცოდვისა,  რათა  ამგვარი    სასჯელის  მოხდით  განწმენდილი  გმირების  ტახტზე  ასვლას  გამართლება  მისცემოდა.  სწორედ  აქ  ავლენს  რუსთაველი  ღვთიური  სამართლიანობის  ძალას,  რამეთუ  მოკლული  ხვარაზმშას  ძე  ისეთივე  ღვთის  შვილია,  როგორც  ნებისმიერი  სხვა.

    პოემის  სიუჟეტის  ძირითად  ნაწილში,  პერსონაჟები  სამეფო  სრა-სასახლისგან  შორს,  ტყე-ღრეში  არიან  წარმოდგენილნი,  სადაც  მნიშვნელობას  კარგავს  ყოველგვარი  რეგალიები  და  პიროვნებები  მხოლოდ  ინდივიდუალური  ბუნების  რაობით  წარმოჩინდებიან .  პოეტის  ამგვარი  ლიტერატურული  გადაწყვეტა,  მიზნად  ადამიანის  თავისუფალი  ნების  გამოვლენას  ემსახურება.  ‘’ველთა  რბენა’’  რთულ  პირობებში  ცხოვრებას  ნიშნავს,  სადაც  ადამიანები  საკუთარი  სინდისისა  და  მორალური  კოდექსის  ფარგლებში  მოქმედებენ.  ამგვარად,  ღირსებით  შემკული  გმირების  სახით,  რუსთაველმა  თავად  ადამიანს  შეასხა  ფრთები  და  კიდევ  ერთხელ  დაგვანახა  იგი,  როგორც  მისი  შემოქმედების  ცენტრალური  ფიგურა.   ბოლოს  კი  მთლიანად  ნაწარმოებით  ,  ქრისტიანული  ანთროპოსოფიისათვის  დამახასიათებელი  ის  ფუნდამენტური  პრინციპი  გამოკვეთა,  რომლისთვისაც  ბედნიერების  მოპოვება  მხოლოდ  ტანჯვის  გზითაა  შესაძლებელი.

 

 

 

 

 

 

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: