Posted by: burusi | 24/10/2016

შოთა იათაშვილი “ლექსი ჩაიზე და ყავაზე”

სიზმრის ჩიტები, ლადო გუდიაშვილი – Birds of Dream. Lado Gudiashvili. 1965 წ.

ლექსი ჩაიზე და ყავაზე
(ვითომ)

მთელი დღე ჟოლოს ვკრეფდითო,
ვჭამდითო,
პირში მჟავე ჯადო გვეწურებოდაო,
ისეთი, სულ გვაკანკალებდაო,
თრიაქის მოსავალსაც დავხედავდითო,
ერთ ფოთოლს მოვწყვეტდითო,
დავფშხვნიდითო,
გავაბოლებდითო,
ამასობაში ჩამობნელდებოდაო,
და ბულბულიც მოფრინდებოდაო,
კანფეტის ხეზე შემოჯდებოდა
ჩვენს ეზოშიო,
და დაიწყებდა თავის სიმფონიებსო,
ვიწექითო,
ჩახუტებულებიო,
მეტი უკეთესი აღარაფერი შეიძლებოდაო,
ირგვლივ მთელი სოფელი
ასევე გაყუჩდებოდა
და იმ ჩვენს ბულბულს უსმენდა,
კანფეტის ხეზე შემოსკუპებულსაო,
და გვეძინა ასე,
რომ ვიღვიძებდით,
ისევ ჟოლოს საკრეფად გავდიოდითო,
და სულ ასეო და ასეო,
და აწია ჩემმა გრუზათმიანმა მეგობარმა ხელი,
გააჩერა სამოთხის ბაღის ამბების მთხრობელი
ბიჭი და გოგო,
და თქვა ასე:
აიო, ადრეო,
პოეზია ეგ იყო,
ბულბულისთვის უნდა მოგესმინა
და მერე მასზე დაგეწერაო,
ახლა რა არის პოეზიაო,
ყავის და ჩაის დალევაზე წერს ყველაო,
კარგი პოეტიც და ცუდი პოეტიცო,
შანსი არაა, ხუთი-ექვსი ლექსი
მაინც არ ჰქონეს ნებისმიერს
ყავის და ჩაის დალევაზე შეთხზული,
მეტი თუ არაო,
ეგღაა ახლა პოეზიაო,
გაქრა ბულბულიო,
და იცით, რატომ გაქრა ბულბულიო,
იმიტომ, რომ ბულბული იმ ადგილებს ეტანება,
სადაც თრიაქია დათესილიო,
იქ მიფრინდება,
იქ წრიალებს,
იქ ემღერებაო,
დავთესოთ თრიაქი და მოფრინდება ბულბული
და შეიცვლება ქართული პოეზიაო,
მე ვიჯექი, ვუსმენდი და
თბილ თონის პურს ყუას ვატეხდი,
და ეს თონის პური იყო ერთადერთი,
რაც იმ სამყაროს ნაწილი შეიძლებოდა ყოფილიყო,
რაზეც ის გოგო და ის ბიჭი ლაპარაკობდნენ.
ეს კანფეტის ხე კი ვერ გამეგო, რა იყო,
მეგონა ხუმრობდნენ,
ან ფანტაზიორობდნენ,
ვიკითხე და მიპასუხეს,
მართლა არსებობს ეგეთი ხე,
იაპონური ჯიშისააო,
ფოჩებიანი არაა,
მაგრამ კანფეტივითაა მართლაო,
დაუდასტურა ჩემმა გრუზათმიანმა მეგობარმაც,
თან ფანჯარაში იყურებოდა გაშტერებით,
ბულბულის გალობას იხსენებდა, მეგონა,
მაგრამ უცებ თქვა:
ახლა აქ ყვავები გადაიფრენენო.
თითით გვაჩვენა, საიდან წამოვიდოდნენ,
და საითკენ გაეშურებოდნენ,
სულ ზეპირად ვიცი მათი მარშრუტიო,
ყოველდღე ასე მოძრაობენ,
დაბნელებამდე 15-20 წუთით ადრეო,
არ გვეჯერებოდა, მაგრამ წამოვიდა
სულ მალე მათი გუნდი,
მოტყლაშუნობდნენ მწყობრად თბილისის თავზე,
ჩვენს კორპუსსაც გადაუარეს,
ჟოლოზე, თრიაქზე და ბულბულზე ვლაპარაკობდით
და ყვავ-ყორნებმა გადაგვიფრინეს,
მაგრამ ესეც ხომ პოეზია იყო,
ოღონდ თბილისელი პოეტის
(მთიელისაც),
და მივიღეთ ჩვენც ეს ყვავ-ყორნები,
მივხვდით, რომ დღევანდელი ზღაპრის
აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდნენ,
და რომ მარტო ბულბული კი არ დააკლდა
ქართულ პოეზიას,
ყვავ-ყორნებიც დააკლდნენ.
რა გვექნა, არ იყო საშველი ქართული პოეზიის,
და ამიტომ, რომ წავიდნენ ის გოგო და ბიჭი,
მათი დატოვებული ჟოლოს მურაბა გავხსენით,
ისეთი გემრიელი იყო, ცოტა შეგვეშინდა,
და გავანებეთ თავი,
ერთმა ჩაი დავისხით,
მეორემ – ყავა,
და ვთქვით,
მაინც ასე უკეთესია,
ასე უფრო პროგრესულია,
ჩაიზე დავწეროთ ლექსები,
ყავაზე დავწეროთ,
დღეს ამაზე წერენ მაინც ნამდვილი პოეტები,
ამაზე წერენ,
ჰოდა, მეც დავწერე აი, ახლა ეს ლექსი და დავარქვი ასეც:
„ლექსი ჩაიზე და ყავაზე“.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: