Posted by: burusi | 13/10/2016

გიორგი მესხი – ჯვარცმული დიონისო

ფრიდრიხ ნიცშე - Friedrich Nietzsche

ფრიდრიხ ნიცშე – Friedrich Nietzsche

გიორგი მესხი – ჯვარცმული დიონისო

(ფრიდრიხ ნიცშე, „ტრაგედიის დაბადება“)

 

„რამდენი უნდა ეტანჯა ამ ხალხს, რომ ესოდენ მშვენიერი გამხდარიყო!“ – ასე ასრულებს ფრიდრიხ ნიცშე თავის პირველ წიგნს „ტრაგედიის დაბადებას“.

ამ სიტყვების ავტორის ცხოვრება სავსე იყო ტანჯვით და წინააღმდეგობით. მისი მრავალმხრივი, ჰიბრიდული ბუნება შეიცავდა მძაფრ წინააღმდეგობას, უმძიმეს კონფლიქტს თავისთავთან და მტანჯველ შინაგან ბრძოლებს, რომლითაც დაღდასმულია მისი ცხოვრება და შემოქმედება.

ნიცშეს ბიოგრაფიაში უნდა ვეძებოთ მისივე აზროვნების გასაღები. დაკვირვებული თვალი მის ბიოგრაფიულ დეტალებშიც შეამჩნევს ურთიერთსაპირისპირო, შეიძლება ითქვას – ურთიერთგამომრიცხავ მომენტებს: ეკლესიურ ოჯახში აღზრდილი “პატარა პასტორი”, შემდეგში – “ღმერთის მკვლელი” და ახალი მოძღვრების ფუძემდებელი;  ვუნდერკინდი მუსიკოსი და კომპოზიტორი, შემდეგში  – კლასიკური ფილოლოგიის ახალგაზრდა პროფესორი, მოგვიანებით კი – “თეორიული ადამიანის” უარმყოფელი; ვაგნერით უზომოდ აღტაცებული, შემდეგში – მრისხანე ანტივაგნერიანელი; გერმანული პატრიოტული იდეებით გატაცებული ფრანგულ-პრუსსიული ომის მოხალისე, შემდეგში – ყოველივე გერმანულის მიმართ მტრულად განწყობილი და გერმანელების „ქერა მხეცებად“ მომნათლავი; შოპენჰაუერით უზომოდ გატაცებული, შემდეგში – შოპენჰაუერის კატეგორიულად უარმყოფელი… ამგვარი ანტინომიების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

ყველა ამ წინააღმდეგობას თავისთავში აერთიანებდა ფრიდრიხ ნიცშე. რჲოკენელი პასტორის ოჯახში დაბადებული, მამით ადრე დაობლებული ვუნდერკინდი თავიდანვე გრძნობდა მუსიკალურ და პოეტურ იმპულსებს. კომპოზიტორობის მიმართ მიდრეკილებას იგი ბავშობიდანვე ამჟღავნებდა, პიანისტობასთან ერთად მუსიკალურ კომპოზიციებსაც თხზავდა. ერთ პირად წერილში ასეთ ფრაზას ვხვდებით: „დღეს მუსიკის დემონი დამესხა თავს“.

ამავე პერიოდიდან იწყება მისი გატაცება პოეზიით და პირველი ცდები. ერთ-ერთი ადრინდელი ლექსის სათაური ასეთია: „უცნობი ღმერთისადმი“. სათაურშიც და ლექსშიც აშკარად იკითხება ნიცშეს ინტერესი ღვთისმეტყველების მიმართ. ეს განპირობებული იყო ოჯახური ტრადიციითაც: ღვთისმსახურებას მისდევდნენ ნიცშეს წინაპრები როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან. ამიტომაც ახალგაზრდა ფრიდრიხის მიერ ღვთისმეტყველებაზე უარის თქმამ კლასიკური ფილოლოგიის სასარგებლოდ ოჯახის უკმაყოფილება გამოიწვია. აქედან უნდა იღებდეს სათავეს მისი ამბოხი რელიგიის წინააღმდეგ.

ნიცშეს საუნივერსიტეტო მოღვაწეობა დაიწყო ბონში, გაგრძელდა ლაიპციგში და თავბრუდამხვევი წარმატებით დაგვირგვინდა ბაზელის უნივერსიტეტში, სადაც ოცდაოთხი წლის ახალგაზრდას, ჯერ დოქტორის ხარისხიც რომ არ ჰქონდა მიღებული, პროფესორობა შესთავაზეს. ცნობილი მეცნიერის – ფრიდრიხ რიჩლის ნიჭიერ მოწაფეს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

მაგრამ ნიცშე სხვაგვარად ფიქრობდა, მისი მრავალმხრივი ინტერესები და უნივერსალური ბუნება უკვე ვეღარ ეგუებოდა კლასიკური ფილოლოგიის მკაცრად მეცნიერულ ჩარჩოებს. ამ დროიდან იწყება მისი გატაცება რიხარდ ვაგნერით. ამავე პერიოდში ჩაუვარდა ხელში შოპენჰაუერის წიგნი „სამყარო, ვითარცა ნება და წარმოდგენა“, რამაც გარდამტეხი შთაბეჭდილება მოახდინა მუსიკითა და ფილოსოფიით თავიდანვე გატაცებულ ახალგაზრდაზე. კლასიკური ფილოლოგია (სახელდობრ – ელინიზმი), მუსიკა (ვაგნერი) და ფილოსოფია (შოპენჰაუერი) – ამ სამი იმპულსის შეჯერების შედეგად შეიქმნა ნიცშეს პირველი წიგნი „ტრაგედიის დაბადება (მუსიკის სულიდან)“. გვიანდელ გამოცემებში სათაურის მეორე ნაწილი „მუსიკის სულიდან“ შეიცვალა და ასე ჩამოყალიბდა – „ელინიზმი და პესიმიზმი“, თუმცა პირვანდელი ვარიანტი უფრო ხშირად გამოიყენება.

ეს პირველი წიგნი საბედისწერო აღმოჩნდა ნიცშესთვის. მისი პედაგოგები, მანამდე რომ დიდ იმედებს ამყარებდნენ ახალგაზრდა, ნიჭიერ ფილოლოგზე, წიგნს მტრულად შეხვდნენ. ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ შოკისმომგვრელი იქნებოდა კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტებისთვის მათი კვლევის საგნის დაწყვილება ისეთ „უცხო“ ელემენტებთან, როგორიცაა ვაგნერის მუსიკა და შოპენჰაუერის ფილოსოფია. ერთადერთი, ვინც წიგნს აღფრთოვანებული რეცენზიით შეხვდა, ამ წიგნისავე ადრესატი – რიხარდ ვაგნერი იყო. საზოგადოდ იმ რეაქციას, რომელიც ნიცშეს პირველმა წიგნმა გამოიწვია, შეიძლება ეწოდოს მტრული იგნორირება.

ეს მტრული იგნორირება სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა ფრიდრიხ ნიცშეს და მის წიგნებს. ამას დაერთო მთელი ჯაჭვი ბედითი მოვლენებისა: ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, რამაც საბოლოოდ პროფესორობაზე უარის თქმა და პენსიაზე გასვლა აიძულა ოცდათოთხმეტი წლის ახალგაზრდას; ამით გამოწვეული ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პრობლემები; უიმედო სიყვარული ჯერ კოზიმა ვაგნერის, ხოლო შემდეგ – ლუ ანდრეას სალომეს მიმართ; გენეტიკურ თუ შეძენილ სნეულებათა გამწვავება და მტანჯველი ტკივილები, ხშირად მუშაობას რომ შეუძლებელს ხდიდა; ბოლოს კი – გონების დაბნელება და უგონო მდგომარეობაში გატარებული სიცოცხლის უკანასკნელი ათწლეული.

ტურინში გონების დაბნელებამდე ერთი წლით ადრე ნიცშეს წიგნები აღმოაჩინა გეორგ ბრანდესმა, ვინც მაშინდელი „ლიტერატურული მოდის“ კანონმდებლად ითვლებოდა. ამ აღმოჩენით იწყება ფრიდრიხ ნიცშეს სახელის განთქმა და მზარდი პოპულარობა, რომელიც იქამდე მივიდა, რომ დღეს ნიცშე ახალი დროის ყველაზე უფრო გავლენიან ფილოსოფოსად ითვლება, თუმცა თვითონ ვეღარ მოესწრო ამას – გონებადაბინდული და პარალიზებული ვაიმარში გარდაიცვალა 1900 წლის 25 აგვისტოს – ახალი საუკუნის დამდეგს – იმ საუკუნისა, რომელმაც არნახული პოპულარობა მოუტანა გარდაცვალების შემდეგ.

 „ჯვარცმული დიონისო“ – ასეთი ფსევდონიმი აწერია სახელის მაგივრად ნიცშეს ერთ-ერთ უკანასკნელ წერილს. ეს ფსევდონიმი აერთიანებს მის ამბივალენტურ და უკიდურესი წინააღმდეგობებით დაღდასმულ ბუნებას, მის გაორებას ქრისტესა და დიონისოს შორის, მის ტკივილებით აღსავსე ცხოვრებას, მტანჯველ აღსასრულს და, გარდაცვალების შემდეგ, მისსავე საოცარ ტრიუმფს.

***

„ტრაგედიის დაბადება“ ერთგვარი წყალგამყოფია ავტორის ცხოვრებასა და შემოქმედებაში, რითაც, ფაქტობრივად, დასრულდა ნიცშეს, როგორც ფილოლოგისა და მეცნიერის მოღვაწეობა და ახალი, „დიონისური“ ეპოქა დაიწყო.

ეს ნაშრომი ნიცშეს პირველი და უკანასკნელი წიგნია ამ სიტყვის „აკადემიური“ გაგებით. მისი გამოსვლიდან რამდენიმე წელიწადში შერისხული ფილოლოგი საბოლოოდ დაემშვიდობა აკადემიას. ნიცშეს დანარჩენ წიგნებს აფორიზმების კრებულები უფრო ეთქმის, გარდა „ასე იტყოდა ზარატუსტრასი“, რომელსაც შედარებით კონსტრუირებული ფორმა აქვს.

„ტრაგედიის დაბადების“ პირველად გამოცემიდან თითქმის საუკუნენახევარია გასული. უკან დარჩა წიგნისა და მისი ავტორის შერისხვისა და ანათემის ხანა. სადღეისოდ ამ წიგნს უკვე მიჩენილი აქვს ღირსეული ადგილი ელინური კულტურის ინტერპრეტაციის სფეროში; მას მოიხსენიებენ ისეთი წიგნების გვერდით, როგორიცაა არისტოტელეს „პოეტიკა“ და ჰეგელის „ლექციები ესთეტიკის შესახებ“.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1865 წელს ბონის უნივერსიტეტის ახალგაზრდა სტუდენტი თავის პედაგოგს – ფრიდრიხ რიჩლს თან წაჰყვა ბონიდან ლაიპციგში. აქ მას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში შოპენჰაუერის „სამყარო, ვითარცა ნება და წარმოდგენა“. აქედან იწყება მისი „დაავადება“ ამ წიგნით და მისი ავტორით. შოპენჰაუერის გავლენა ახალგაზრდა სტუდენტზე უსაზღვროდ დიდი იყო. გადმოცემის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახლად გაწვეულ ნიცშეს ერთ-ერთი წვრთნის დროს ცხენიდან გადმოვარდნისას აღმოხდენია: „შოპენჰაუერ! მიშველე!“

1868 წელს ლაიპციგის უნივერსიტეტის სტუდენტი რიხარდ ვაგნერს შეხვდა. „მუსიკის დემონით“ სიჭაბუკიდანვე შეპყრობილი ნიცშესთვის ეს შეხვედრა ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 1869 წლიდან კი იგი ხშირად სტუმრობდა რიხარდ და კოზიმა ვაგნერების ოჯახს. ამ ვიზიტების დროს გამართული საუბრები შთამაგონებლად მოქმედებდნენ მასზე, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს „ტრაგედიის დაბადების“ წინათქმაში და წიგნს უწოდებს ვაგნერთან გატარებული შთამაგონებელი საათების ფორმადქმნას.

„ტრაგედიის დაბადება“ იქმნებოდა 1869-1871 წლებში, ამ დროისთვის მისი ავტორი უკვე ბაზელში მოღვაწეობდა, როგორც კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი. 1869 წელს ნიცშე კითხულობს თავის პირველ ლექციას სათაურით „ჰომეროსი და კლასიკური ფილოლოგია“. მომდევნო წლებში იგი აგრძელებს ლექციების წყებას შემდეგ თემებზე: ბერძნული მუსიკალური დრამა, სოკრატე და ტრაგედია, დიონისური მსოფლმხედველობა და ა.შ.

როგორც ირკვევა, 1871 წლისთვის ნიცშე უკვე ფილოლოგიისგან შებოჭილად გრძნობს თავს იმდენად, რომ ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადასვლას ცდილობს. ეს მოსალოდნელიცაა შოპენჰაუერით და ვაგნერით გატაცებული, მრავალმხრივი ინტერესების მქონე ახალგაზრდისგან, კლასიკური ფილოლოგიის ვიწრო ჩარჩოებში რომ ვეღარ ეტევა; თუმცა ისიც გასაგებია, რომ მაშინდელი საუნივერსიტეტო სისტემის მკაცრად სისტემატიზებული სტრუქტურა დარგებს შორის ამგვარ აღრევას არ დაუშვებდა.

ფილოლოგიის, კერძოდ კი – კლასიკური ფილოლოგიის განვითარება გერმანიაში XVIII საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდში გერმანელი მეცნიერები შეუდგნენ ძველი ბერძნული ლიტერატურული მემკვიდრეობის ინტენსიურ ათვისებას და დამუშავებას. XIX საუკუნის 70-იანი წლებისთვის დიდი აღმოჩენების ხანა უკვე დასრულებული იყო და ამ დარგის მკვლევარისგან მოითხოვდნენ კონკრეტული საკითხის მიმოხილვას, ანუ ვიწრო დარგობრივ სპეციალიზაციას.

ამიტომაც „ტრაგედიის დაბადება“ საკმაოდ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ნიცშეს პედაგოგებისთვის: ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერისგან ისინი მოელოდნენ მაღალკვალიფიციურ პროფესიულ ნაშრომს, სანაცვლოდ კი “ვაგნერის აპოლოგია” შერჩათ ხელში. იმ დროისთვის „ლიტერატურული ვაგნერიანიზმი“ იყო ის დამღა, რომელმაც წიგნი განაცალკევა აკადემიური სამყაროსგან. თვით რიჩლმაც კი უარი თქვა თავისი ყოფილი შეგირდის დაცვაზე. სამეცნიერო წრეები მტრულად შეხვდნენ წიგნს; მათი აზრით, ეს იყო მხოლოდ ვაგნერის ქება-დიდება, რომელსაც აკადემიური ღირებულება არ გააჩნდა.

სამაგიეროდ წიგნის ადრესატი რიხარდ ვაგნერი დიდი აღფრთოვანებით შეხვდა ამ ნაშრომს. „ძვირფასო მეგობარო! – სწერდა იგი ნიცშეს – თქვენს წიგნზე უფრო მშვენიერი არაფერი წამიკითხავს! ის უბრალოდ დიდებულია!“ თუმცა ვაგნერისეული აღფრთოვანება არც აკადემიურმა წრეებმა გაიზიარეს და არც მკითხველმა საზოგდოებამ. ისიც უნდა ითქვას, რომ საიმდროოდ თვით რიხარდ ვაგნერი ამ წიგნის ავტორში სანდო მეგობარს და საიმედო მოკავშირეს უფრო ხედავდა, ვიდრე დიდ მოაზროვნეს.

1870 წელს დაწყებულმა საფრანგეთ-პრუსსიის ომმა ასევე დიდი გავლენა მოახდინა წიგნზეც და მის ავტორზეც. იმავე წელს ნიცშე მოხალისედაც კი წავიდა ომში, სადაც სანიტარის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა, საფრანგეთის დანებებამდე ცოტა ხნით ადრე, უკან დაბრუნება მოუწია ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ნიცშეს არსებაში პრუსსიელი გააღვიძა, ხოლო პრუსსიის გამარჯვებამ და ბისმარკის მიერ 1871 წლის 18 იანვარს გერმანული იმპერიის შექმნის გამოცხადებამ ბიძგი მისცა „ტრაგედიის დაბადებაში“ გამოთქმულ პატრიოტულ მოსაზრებებს.

ამ გამარჯვებას მოჰყვა კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ნიცშესთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო: დრეზდენის აჯანყებაში მონაწილეობის გამო 1848 წლიდან გადასახლებაში მყოფი რიხარდ ვაგნერი სამშობლოს დაუბრუნდა. ეს დაბრუნება თითქმის ისეთივე ტრიუმფალური იყო, როგორც ვიქტორ ჰჲუგოს დაბრუნება პარიზში იმავე წელს. ჰჲუგოს მსგავსად ვაგნერიც ლამის სახალხო გმირად იყო ქცეული და მისი პოპულარობა ახლად გაერთიანებულ, გამარჯვებულ გერმანიაში უსაზღვროდ იზრდებოდა. ნიცშეს წარმოდგენაში კი იგი განასახიერებდა ახალ ესქილეს, ახალი გერმანული ტრაგედიის მამამთავარს.

1876 წელს ბაიროითში გაიხსნა ვაგნერის საკონცერტო დარბაზი, რომელიც ათენური დიონისიის ერთგვარ ანალოგიად შეიძლება ჩაითვალოს. ამგვარად ახდა „ტრაგედიის დაბადებაში“ ხუთი წლით ადრე გამოთქმული წინასწარმეტყველება, თუმცა ამ მოვლენამ წიგნის ავტორში, აღტაცების ნაცვლად, იმედგაცრუება გამოიწვია. თავდაპირველად მისთვის ბაიროითი იყო სიმბოლო გერმანულ-ელინური ერთობისა, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი რომაული და რომანული მინარევებისაგან. მოგვიანებით კი ნიცშემ დაინახა, რომ ბაიროითის აუდიტორიას ძირითადად შეადგენდნენ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის შედეგად დაწინაურებული ბჲურგერები, რომელთაც ხელოვნებასთან ბევრი არაფერი ჰქონდათ საერთო და საკონცერტო დარბაზშიც უფრო „ახალი მოდის“ გამო დადიოდნენ. ამ ახალი მოდის ფუძემდებელი კი რიხარდ ვაგნერი გახლდათ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ნიცშეს სკეპტიციზმს: მას აღარც ბრბოს ტაშისცემას აყოლილი, გავულგარულებული ვაგნერი ხიბლავდა, აღარც მისი აუდიტორია და აღარც ასეთი „ბურჟუაზიული“ გერმანია.

როგორც ვხედავთ, ნიცშეს პატრიოტული ენთუზიაზმი საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით მის ნაწერებში უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით ანტიგერმანულ გამოთქმებს. 1887 წელს დაწერილ „მორალის გენეალოგიაში“ იგი გერმანელებს „ქერა მხეცებად“ მოიხსენიებს, ხოლო 1888 წელს შექმნილ მის ავტობიოგრაფიულ წიგნს “Ecce Homo-ს” ასეთ მიძღვნას წაუმძღვარებს: „რაიხსკანცლერ ბისმარკს – ნიშნად ჩემი უსაზღვრო სიძულვილისა მისდამი“.

1870-იან წლებში ნიცშეს ვაგნერთანაც დაეძაბა ურთიერთობა. ვაგნერის მზარდმა პოპულარობამ, მისმა დაკავშირებამ ახლადშობილ გერმანულ ნაციონალიზმთან, რასაც ნიცშე უკვე აშკარა ანტიპათიით უყურებდა, მათი გზები საბოლოოდ გაჰყარა. 1883 წლის 13 თებერვალს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ნიცშემ „ზარატუსტრას“ პირველი ნაწილი დაასრულა, რიხარდ ვაგნერი გარდაიცვალა. ნიცშემ ეს დემონურ დამთხვევად ჩათვალა. 1888 წელს მან დაწერა ვრცელი წერილი სათაურით „ვაგნერის საქმე“, სადაც ყოფილ მეგობარს ასე იხსენიებს: „ვაგნერი ჩემი ერთ-ერთი სნეულებათაგანი იყო“.

ამრიგად, ფასეულობათა გადაფასებამ ბევრი რამ შეცვალა. „ტრაგედიის დაბადების“ გამოცემიდან 16 წლის შემდეგ დაწერილ „თვითკრიტიკის მცდელობაში“, რომელსაც ავტორი „დაგვიანებულ წინასიტყვას (თუ ბოლოსიტყვას)“ უწოდებს, არაერთი კრიტიკული მოსაზრებაა გამოთქმული წიგნის მიმართ. ამავე წერილში ხაზგასმულია ის ძირითადი ღირსება, რომლის გამოც, თვით ასეთი გადაფასების შემდეგაც კი, „ტრაგედიის დაბადება“ წარუვალ ღირებულებას ინარჩუნებს.

***

1886 წელს დაწერილ „თვითკრიტიკის მცდელობაში“ ნიცშე გვიზიარებს თავის ნააზრევს ამ წიგნის შესახებ თექვსმეტი წლის შემდეგ – „უფრო ხანდაზმული და ასჯერ უფრო ულმობელი კაცის“ გადასახედიდან. მისი ამბივალენტური და წინააღმდეგობრივი ბუნება ამ წერილშიც ჩანს: იგი აკრიტიკებს წიგნს, მაგრამ წერილს აშკარად ეტყობა ავტორის დიდი სიყვარული თავისი წიგნისადმი.

სხვაგვარად არც შეიძლებოდა; „ტრაგედიის დაბადება“ ხომ ნიცშეს პირველი წიგნია, მისი სიჭაბუკის წიგნი, რომელსაც ავტორი მოგვიანებით ასე დაახასიათებს: „წიგნი, რომელშიც იმჟამად ხმიანებდა ჩემი ჭაბუკური გამბედაობა და იჭვნულობა,.. შექმნილი ადრეულ და უმწიფარ პირად შთაბეჭდილებათაგან,.. ახალგაზრდული ნაშრომი, ჭაბუკური სულით და ჭაბუკური მელანქოლიით სავსე, დამოუკიდებელი, გამომწვევად თვითმკმარი,.. მოკლედ რომ ვთქვათ – პირველი ნაშრომი ამ ქვეყნად არსებული ყველა უარყოფითი მნიშვნელობითაც: ტკივილიანი, ხანდაზმულისთვის უფრო იოლად გადასაჭრელი პრობლემის ნაცვლად ყველა ახალგაზრდული შეცდომით სავსე… ცუდად დაწერილი, მოსაწყენი, მტკივნეული, დამაბნეველი სურათებით და წარმოუდგენელი სახეებით სავსე, გულჩვილი, აქა-იქ მდედრული სინაზით დაშაქრული, ტემპის მხრივ უსწორმასწორო, ლოგიკურ სინათლეს მოკლებული, ძლიერ თავდაჯერებული და, ამიტომ, დაუსაბუთებელი, თვით საბუთების საჭიროების მიმართ უნდოდ განწყობილი,.. ქედმაღალი და მაღალფარდოვანი წიგნი“.

ამგვარი თვითკრიტიკა შეიძლება გადაჭარბებულადაც გვეჩვენოს და ეს არც არის მოულოდნელი ნიცშესგან, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა წინააღმდეგობებით აღსავსე გზა გაიარა მან ხსენებული თექვსმეტი წლის მანძილზე. ღირებულებათა გადაფასება შეეხო წიგნის მთავარ იდეალებს: ვაგნერს, შოპენჰაუერს და, ზოგადად, გერმანულ კულტურას.

ნიცშე განსაკუთრებული სინანულით იხსენებდა წიგნში გამოთქმულ პატრიოტულ იდეებს: „თანამედროვე გერმანულ მუსიკაზე დაყრდნობით „გერმანულ სულზე“ არაკების მოყოლა დავიწყეო“. წიგნს მართლაც ეტყობა პატრიოტული განწყობა, რომელიც თავს იჩენს რიხარდ ვაგნერისადმი მიძღვნილ წინათქმაში, ასევე დასკვნით ნაწილში. საფრანგეთ-პრუსსიის ომიდან ახლად დაბრუნებული მოხალისე იმ დროისთვის ტრაგედიის ხელახლა დაბადებას უკავშირებდა გერმანული კულტურის აღორძინებას, რაც სათანადოდ აისახა უკანასკნელ თავებში. ამით აიხსნება წიგნის მთავარ თემასთან გერმანული კულტურის დაკავშირება და ოპტიმისტური პროგნოზი მისი განვითარების შესახებ, რომელიც, ნაწილობრივ, გამართლდა კიდეც.

როგორც ვხედავთ, ნიცშე კრიტიკულადაა განწყობილი წიგნის სტილის მიმართ; აღნიშნავს მის უსწორმასწორობას და არათანმიმდევრულობას. შეიძლება ითქვას, რომ ავტორის წინააღმდეგობრივი ხასიათი წიგნის სტილზეც აისახება; მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საუნივერსიტეტო მოღვაწეობის დასაწყისში ნიცშე უკვე შინაგანად ამბოხებული იყო ფილოლოგიის, როგორც აკადემიური მეცნიერების წინააღმდეგ. ამიტომაც სტილი ალაგ-ალაგ ზომიერად მეცნიერულია, ზოგჯერ კი იმდენად პოეტური, რომ აკადემიზმთან უკვე აღარაფერი აქვს საერთო. აქედან ჩანს, რომ იმ დროისთვის ნიცშე ამუშავებდა საკუთარ სტილს, ეძებდა ერთგვარ შუალედს ფილოსოფიურსა და პოეტურ მეტყველებას შორის, რაც შემდეგში მისი სტილის მთავარ მახასიათებლად იქცა. მიუხედავად დიდი სხვაობისა, „ტრაგედიის დაბადებაში“ სტილისტურად უკვე ჩანს „ზარატუსტრას“ ავტორი.

„მღერა მართებდა ამ „ახალ სულს“ და არა ლაპარაკი!“ – ეს გამონათქვამი ნიცშეს გვიანდელი სტილის მთავარ მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომაც სინანულით აღნიშნავდა: „რა სამწუხაროა, რომ ვერ გავბედე და ჩემი მაშინდელი სათქმელი არ ამოვთქვი როგორც პოეტმა: იქნებ შემეძლო კიდევაც ეს. როგორ ვნანობ ახლა, რომ იმჟამად არ მეყო გამბედაობა (თუ კადნიერება?) და ჩემს თავს საკუთარი ენის გამოყენების ნება არ დავრთე ასეთი ინდივიდუალური აზრებისა და ესოდენ გამბედავი კვლევა-ძიებისთვის. დიდი ჯაფა დამადგა ახალ და უცნაურ მიგნებათა გამოსახატავად შოპენჰაუერისა და კანტის ფორმულების მეშვეობით, გამოსახატავად იმისა, რაც ასე ეწინააღმდეგებოდა კანტიანურ და შოპენჰაუერისეულ სულს და გემოვნებას“.

მიუხედავად ამ კრიტიკული შენიშვნებისა, ნიცშე ხაზს უსვამს წიგნის მნიშვნელობასაც და მის მთავარ ღირსებად მიიჩნევს დიონისური ფენომენის აქცენტირებას. მართლაც, წიგნის დასაწყისშივე ნათლად არის ნათქვამი, რომ ხელოვნების განვითარება დამოკიდებულია აპოლონური და დიონისური საწყისების ორგემაგეობაზე, მათ შორის მიმდინარე ბრძოლასა და ხანგამოშვებით შერიგებაზე. საკითხის ამგვარი გააზრება იმ დროისთვის ძალზე ორიგინალური იყო. ამდენად, წიგნის მნიშვნელობა სცდება კლასიკური ფილოლოგიის ფარგლებს, ის უფრო ზოგადი, ფილოსოფიური ხასიათისაა.

დიონისურ-აპოლონური დაპირისპირების ოპტიკით არის გაშუქებული არაერთი წინააღმდეგობა; მათ შორის – დაპირისპირება ადრინდელ, გმირულ-ტრაგიკულ საბერძნეთსა და გვიანდელ, თეორიულ, სოკრატულ საბერძნეთს შორის. ეს წინააღმდეგობა ასევე წარმოგვიდგება, როგორც დაპირისპირება კულტურასა და ცივილიზაციას შორის, რომელსაც ნახევარი საუკუნის შემდეგ განსაკუთრებული სიმძაფრით ასახავს ოსვალდ შპენგლერი „დასავლეთის დაღუპვაში“. ნიცშემ დაინახა და იგრძნო ამ წინააღმდეგობის სიმძაფრე, დასავლურ აზროვნებაში ნახევარი საუკუნის შემდეგ რომ გახდა ძალზე აქტუალური.

სოკრატიზმის კრიტიკიდან წარმოსდგება განსწავლული, მეცნიერული, თეორიული ადამიანის კრიტიკა. სოკრატიზმი აქ ასევე მიემართება ოპტიმიზმს, ლოგიკას და მორალს. ამ გაგებით სოკრატიზმი ქრისტიანობის წინასახედაც შეიძლება მოვიაზროთ. მიუხედავად იმისა, რომ, ნიცშეს გვიანდელი განცხადების თანახმად, წიგნი „მტრული დუმილით“ უვლის გვერდს ქრისტიანობას, სოკრატიზმის წინააღმდეგ გამართულ ლაშქრობაში უკვე ჩანს კონტურები მოგვიანებით ქრისტიანობის წინააღმდეგ ამბოხებული ნიცშესი.

ამ წიგნით ნიცშე გვთავაზობს ელინური კულტურის ახლებურ ინტერპრეტაციას, ერთი მხრივ, გერმანული ფილოსოფიის (შოპენჰაუერი), ხოლო, მეორე მხრივ, გერმანული პოეზიისა (გოეთე) და გერმანული მუსიკის (ვაგნერი) ფონზე. საკითხის ამგვარი გააზრება, თავის დროზე რომ შოკისმომგვრელად ეჩვენებოდათ, სადღეისოდ უკვე მიღებული და დამკვიდრებულია. ამიტომაც უსაფუძვლო როდი იყო ნიცშეს წინასწარმეტყველური განცხადება: „წიგნმა თავი დაიმკვიდრა“.

***

ფრიდრიხ ნიცშე სამართლიანად ითვლება ახალი დროის ყველაზე გავლენიან ფილოსოფოსად. ჟილ დელოიზის ცნობილი განცხადების თანახმად: თუ მარქსთან და ფროიდთან უნდა ვეძებოთ თანამედროვე კულტურის სათავეები, სამაგიეროდ თანამედროვე კონტრკულტურა ნიცშესგან იწყება.

ნიცშეს გავლენა მხოლოდ ფილოსოფიით არ შემოფარგლულა: არანაკლებია (თუ მეტი არა) მისი გავლენა მხატვრულ ლიტერატურაზე. გადაჭარბებული როდი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მისი პირდაპირი თუ ირიბი გავლენა შეეხო თითქმის ყველა თვალსაჩინო პოეტს, მწერალს და მოაზროვნეს ნიცშეს გარდაცვალებიდან დღემდე. რაც შეეხება სახელდობრ „ტრაგედიის დაბადების“ გავლენას, საკმარისი იქნება, თუ გავიხსენებთ თომას მანნის „ჯადოსნურ მთას“, სადაც წიგნის სათაურად გამოყენებულია ნიცშეს მიერ „ტრაგედიის დაბადებაში“ ნახსენები სიტყვა (რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგადად ნიცშეს გავლენაზე თომას მანნის მიმართ).

ცალკე აღნიშნვის ღირსია ნიცშეს გავლენა ქართულ ლიტერატურაზე და აქ საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ. იშვიათად თუ მოიძებნება მეორე უცხოელი მოაზროვნე, რომელსაც მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე ამხელა ზეგავლენა მოეხდინოს. ეს ითქმის განსაკუთრებით მეოცე საუკუნის დასაწყისზე. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ რენესანსული იყო ხსენებული პერიოდი ქართულ ლიტერატურაში, სათანადოდ შევაფასებთ ნიცშეს მნიშვნელობასაც ამ მხრივ.

ნიცშეს გვარი ქართულ პრესსაში პირველად 1899 წელს გამოჩნდა, ანტონ ფურცელაძის წერილში, რომელიც გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა, ხოლო მომდევნო წელს კიტა აბაშიძემაც ახსენა. ორივეგან ნიცშე ნახსენებია ნეგატიურ კონტექსტში, თანაც გაკვრით, ზერელედ, მის ნააზრევს უწოდებენ „ავაზაკურ ფილოსოფიას“ და „ახალ კერპთაყვანისმცემლობას“. უფრო სერიოზულად ნიცშეს ნააზრევის კვლევა დაიწყო აკაკი ჩხენკელმა და გააგრძელა გერონტი ქიქოძემ. მიუხედავად ამისა, მათ წერილებს დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია, რადგან ისინი ინტელექტუალთა ვიწრო წრისთვის უფრო იყვნენ განკუთვნილნი, ვიდრე ფართო მასებისთვის. (აქ წარმოდგენილი ცნობები ამოკრებილია ელიზბარ ელიზბარაშვილის წერილიდან „ნიცშე და საქართველო. რეალური ისტორია“ 2007წ.)

1911 წელს გრიგოლ რობაქიძემ ქუთაისის ქართული თეატრის დარბაზში წაიკითხა საჯარო ლექცია ნიცშეს შესახებ და, შეიძლება ითქვას, გერმანელი ფილოსოფოსი პირველად წარუდგინა ფართო საზოგადოებას. ლექცია ძირითადად მიმოიხილავდა „ტრაგედიის დაბადებას“. სავარაუდოდ ამანაც გამოიწვია წიგნის პოპულარობა მაშინდელ ლიტერატურულ წრეებში. აქედან იწყება ნიცშეს სახელის განთქმა საქართველოში და მის შესახებ ცხოველი დისკუსია. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ დავით კასრაძე და კონსტანტინე კაპანელი. 1917 წელს გრიგოლ რობაქიძემ გამოაქვეყნა წერილების სერია საერთო სათაურით „დიონისოს კულტი და საქართველო“, რაც ძირითადად ისევ ნიცშეს და „ტრაგედიის დაბადებას“ ეხებოდა. მოგვიანებით „ფალესტრაში“ თვითონვე იხსენებდა: „გრიგოლ რობაქიძეს ამ დროს მხოლოდ ორი რამ აწვალებდა – აპოკალიპსი და დიონისო.“ შემდეგ კი ავტობიოგრაფიაშიც აღნიშნავდა, რომ „გველის პერანგი“ შთააგონა „მარადიული დაბრუნების“ იდეამ და მისმა ახლებურად გააზრებამ. დიონისოს ფენომენი მისი შემოქმედების ერთგვარ ცენტრალურ იდეად (როგორც თვითონ იტყოდა – თაურფენომენად) შეიძლება ჩაითვალოს.

გრიგოლ რობაქიძის ლექციას და მის გარშემო გამართულ დისკუსიას მოჰყვა ნიცშეს სახელის მზარდი პოპულარობა საქართველოში. სავარაუდოდ ამავე პერიოდში უნდა მომხდარიყო ვაჟა-ფშაველას დაინტერესება ნიცშეთი. თანამედროვენი გადმოგვცემენ, რომ ვაჟა-ფშაველას გაუკრიტიკებია ნიცშეს „ზარატუსტრა“ და აქედან გამოჰყავთ ზოგადად მისი მიმართება ნიცშესადმი, რაც არასერიოზულია. ამ ორ მოაზროვნეს შორის ურთიერთმიმართების საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა ეკუთვნის სერგი დანელიას. რაც შეეხება „ტრაგედიის დაბადებას“ – წიგნის ძირითადი იდეაა სიცოცხლის გამართლება, როგორც ესთეტიური ფენომენისა. ალბათ არ მოიძებნება ამ იდეის უფრო შთამბეჭდავი და, იმავდროულად, ლაკონური მხატვრული ხორცშესხმა, ვიდრე ეს მოცემულია ვაჟა-ფშაველას ცნობილ სიტყვებში: „მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა“.

ცალკე თემაა ნიცშეანური მოტივები მეოცე საუკუნის ქართველი პოეტების შემოქმედებაში. გავიხსენოთ თუნდაც ტერენტი გრანელის „და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა“, ასევე ნიცშეს იდეების ასახვა ნიკო სამადაშვილის ლექსებში (რაც, უდავოდ, მისი მასწავლებლის, ნიცშეს პირველი ქართველი მთარგმნელის, ერეკლე ტატიშვილის დამსახურებაა). აქვე უნდა შევჩერდეთ გალაკტიონისა და ნიცშეს ურთიერთმიმართებაზე: გალაკტიონის დაინტერესება ნიცშეთი, სავარაუდოდ, გრიგოლ რობაქიძის ლექციას უნდა უკავშირდებოდეს. მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ 1917-18 წლებში, პეტროგრადში ყოფნის პერიოდში, გალაკტიონმა დაამუშავა ნიცშეს წიგნები და ცალკეული ამონარიდები თარგმნა კიდეც. კერძოდ, გალაკტიონს ეკუთვნის ნიცშეს Der Fall Wagner-ის (“ვაგნერიანობის საკითხი”) წინასიტყვის, აგრეთვე პირველი და მეორე თავების ქართულენოვანი თარგმანი. სხვა მასალები, სამწუხაროდ, მიუწვდომელია, რადგან გალაკტიონმა თვითონვე გაანადგურა თავისი არქივი 1921 წელს, ხოლო ამ პერიოდიდან მოყოლებული ნიცშეს სახელის ხსენება უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა. მიუხედავად ამისა, გალაკტიონის დღიურებში ვხვდებით მოკლე მინაწერებს: „ნიცშე,.. ნიცშე და ბოდლერი,.. ნიცშე და ვაგნერი,.. ნიცშეს წერილი ვაგნერის წინააღმდეგ“ და სხვ. აქედანვე იღებს დასაბამს ნიცშეანური მოტივები გალაკტიონის შემოქმედებაში (ეს სერიოზულად საკვლევი თემაა და თავის ავტორს უცდის), რომლის საუკეთესო ილუსტრაციად შეიძლება ჩაითვალოს „ეფემერა“, განსაკუთრებით კი შემდეგი სტრიქონები: „წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები, რომ ძეგლები აღვმართო მღვრიე მშვენებათათვის!“

ქართულ ლიტერატურაში ნიცშეანურ მოტივებზე საუბრისას არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს კონსტანტინე გამსახურდია. გერმანელმა ფილოსოფოსმა უდიდესი როლი შეასრულა ქართველი მწერლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. კონსტანტინე გამსახურდიას თავიდანვე ხიბლავდა „ჯვარცმული დიონისოს“ შთამბეჭდავი ფიგურა. ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ნიცშეს წიგნებს შორის ყველაზე დიდი გავლენა მაინც „ტრაგედიის დაბადებამ“, სახელდობრ  დიონისურმა ფენომენმა მოახდინა. 1922 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ დაბეჭდა ნიცშესადმი მიძღვნილი ვრცელი წერილი „ტრაღედიის წარმოშობა მისტიკის სულიდან“, სამი წლის შემდეგ კი გამოსცა „დიონისოს ღიმილი“ – უბრწყინვალესი მხატვრული ხორცშესხმა დიონისური ფენომენისა. „ტრაგედიის დაბადების“ მხატრული ასახვა გაგრძელდა „მთვარის მოტაცებაშიც“, საკუთრივ კი – თარაშ ემხვარის სახეში: „ადამიანი ყოველ წუთს მზად უნდა იყო სიკვდილისათვის, მაგრამ არ უნდა ღნაოდე. სახეზე არ უნდა გეტყობოდეს მოწყენის ჩრდილი. ყოველთვის ისე უნდა გეჭიროს თავი, თითქოს ნადიმზე მიდიოდე. ბერძნები უდიდესი პესსიმისტები იყვნენ, მაგრამ ყოველი წამით ხარბად სტკბებოდნენ, ამიტომაც იმდენი მზე, იმდენი სინათლე, იმდენი ლხენა იყო მათ ყოფაცხოვრებასა, პოეზიასა და აზროვნებაში.“

ასეთია ძალზე მოკლე შეჯამება ნიცშეანური მოტივებისა ქართული ლიტერატურის უბრწყინვალეს წარმომადგენელთა შემოქმედებაში. ნიცშესთან პარალელების ძიება, მისი შემოქმედების ასახვა ქართულ ლიტერატურაში საკმაოდ ფართო თემაა. ზემოთ მოყვანილი მოკლე მიმოხილვა წარმოდგენილია იმის საილუსტრაციოდ, თუ რაოდენ დიდია ნიცშეს და მისი „ტრაგედიის დაბადების“ მნიშვნელობა უახლესი ქართული ლიტერატურისთვის.

***

გასული წლის 15 ოქტომბერს 170 წელი შესრულდა ფრიდრიხ ნიცშეს დაბადებიდან. ეს თარიღი მეც ჩემებურად აღვნიშნე: ნიცშეს პირველი წიგნის – „ტრაგედიის დაბადების“ ქართულად თარგმნა, რამდენიმე წლით ადრე რომ მქონდა დაწყებული, ამ დღეს დავასრულე.

ნიცშეს ქართულად თარგმნის ისტორია ერეკლე ტატიშვილით იწყება. მას ეკუთვნის ნიცშეს მთავარი წიგნის „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ ბრწყინვალედ შესრულებული თარგმანი. ერეკლე ტატიშვილი ხანგრძლივად მუშაობდა ამ თარგმანზე, წლების მანძილზე არჩევდა მართებულ სტილს და შესაფერ ლექსიკას ნიცშეს ურთულესი აზრობრივი და ლექსიკური კონსტრუქციების გადმოსაცემად. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა პირობებში უწევდა მუშაობა ნიცშეს მთარგმნელს იმ დროში, როდესაც ასეთი საქმიანობა თავგანწირვის ტოლფასი იყო. ამიტომაც ხსენებული თარგმანი, დიდი ოსტატობის გარდა, დიდი სიყვარულის და თავგანწირვამდე მისული ენთუზიაზმის შედეგიცაა.

ერეკლე ტატიშვილმა იპოვნა, უფრო მართებულად თუ ვიტყვით – თვითონვე შექმნა იმგვარი ენობრივი სტილი და რიტმი, მაქსიმალური სიზუსტით რომ შეესატყვისება გერმანულ ორიგინალს. ნიცშეს მიერ შექმნილი უაღრესად თავისებური სტილი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ „ნიცშეს ენა“, სწორედ „ზარატუსტრაში“ აღწევს სრულყოფას. ზარატუსტრას ენის ქართული ექვივალენტის შექმნა ძალზე რთული ამოცანა იყო, რასაც ერეკლე ტატიშვილმა წარმატებით გაართვა თავი და ნიცშე ქართულად აამეტყველა. როსტომ ჩხეიძისეული შეფასებით: „ქართული ზარატუსტრა – ეს არის ერთ-ერთი რჩეული თარგმანი ჩვენს მთარგმნელობითი ხელოვნების ისტორიაში“.

ერეკლე ტატიშვილის შემდეგ, თითქმის სამოცდაათი წლის მანძილზე, ნიცშეს წიგნები ქართულად აღარ თარგმნილა. საერთოდაც, მის სახელს იშვიათად ახსენებდნენ ხოლმე და ისიც – უკიდურესად უარყოფით კონტექსტში. ეს გასაგებიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ, საბჭოური ცენზურის პირობებში, „ნიცშეს მხოლოდ გინება შეიძლებოდა, მისი ნაშრომების წაკითხვა ამისათვის საჭიროდ არ ითვლებოდა“ (ნიკო ჭავჭავაძე).

ამ დანაკლისის შესავსებად უკანასკნელ წლებში საკმაოდ ინტენსიურად დაიწყო ნიცშეს შემოქმედების თარგმნა. ითარგმნა და გამოიცა მისი „Ecce Homo“, „ანტიქრისტიანი“, აგრეთვე ცალკეული წერილები. საქართველოში ნიცშეს არც ადრე აკლდა პოპულარობა, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ უკანასკნელ ხანებში მისი პოპულარობა იზრდება და მისი შემოქმედება ცხოველი დისკუსიის საგანი ხდება. ისიც უნდა ითქვას, რომ, არცთუ იშვიათად, ნიცშეს შესახებ წარმოდგენას იქმნიან არა უშუალოდ მისი ნაშრომების, არამედ – მასზე შექმნილი ლიტერატურის მიხედვით, რაც ათასგვარი ცრურწმენის გავრცელებას უწყობს ხელს. შესაბამისად, იზრდება ნიცშეს ქართულენოვანი თარგმანების მნიშვნელობა.

უკანასკნელ წლებამდე ქართველ მკითხველს რუსული (ზოგჯერ – ინგლისური) თარგმანების მეშვეობით უწევდა ნიცშეს წიგნების გაცნობა. მეორე მხრივ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასული 25 წელიწადი სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების მთარგმნელობით ლიტერატურაზე და, ზოგადად, მათ ინტელექტუალურ ნასუფრალზე აღარ ვიყოთ დამოკიდებულნი. ამიტომაც თანამედროვე მთარგმნელის ამოცანაა ისეთი თარგმანის შექმნა, ხსენებულ უცხოურ თარგმანებს ჯეროვან კონკურენციას რომ გაუწევს და ქართველ მკითხველს ნიცშეს შემოქმედების მშობლიურ ენაზე გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ „ტრაგედიის დაბადების“ მნიშვნელობა ქართული კულტურისთვის ძალზე დიდია. ყოველივე ზემოთქმულის გამო ამ რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე, წიგნი ქართულად მეთარგმნა.

სტილისტურად „ტრაგედიის დაბადება“ საკმაოდ განსხვავებულია ნიცშეს დანარჩენი ნაშრომებისგან. როგორც აღინიშნა, წიგნის შექმნის პერიოდში ნიცშეს ჯერაც არ ჰქონდა ჩამოყალიბებული საკუთარი სტილი და თავისი ნააზრევის გადმოცემა ზოგჯერ კანტისეული თუ შოპენჰაუერისეული ფორმულებით უხდებოდა. ფაქტობრივად ამ წიგნით იწყებს ნიცშე საკუთარი ენის შექმნის მცდელობას, საგრძნობლად რომ განსხვავდება მაშინდელი გერმანული „სალიტერატურო“ თუ „აკადემიური“ ენისგან. ამიტომაც „ტრაგედიის დაბადების“ სტილი გერმანელი ფილოსოფოსებისთვის დამახასიათებელი წერის მანერიდან საკუთრივ ნიცშეს მხატვრულ-პოეტური სტილისკენ იხრება. მთარგმნელს კი მართებდა ამ სტილის ჯეროვანი ექვივალენტის შექმნა ქართულ ენაზე.

ნიცშეს მხატვრულ-პოეტური სტილისთვის დამახასიათებელია ძალზე ორიგინალური, ოდნავ პათეტიური მანერა მეტყველებისა. იგი ხშირად იყენებს პოეტურ სიმბოლოებს, ნეოლოგიზმებს და არცთუ იშვიათად მიმართავს საკმაოდ თამამ ენობრივ ექსპერიმენტებსაც. ეს ყოველივე ქართულ თარგმანშიც ჯეროვნად უნდა ასახულიყო. ამიტომაც არ მოვერიდე შეგნებულ გადახვევებს დღევანდელი ქართული ე.წ. „ნორმატიული“ ენიდან (უნდა ითქვას, რომ ეს ცნება ძალზე პირობითია). წერის მანერისა და სტილის მხრივ შევეცადე ერთგვარი სინთეზური ხაზის მოძებნას გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას და გალაკტიონის სტილისტიკას შორის. უნდა ითქვას, რომ, ნიცშეს მსგავსად (გარკვეულწილად – ნიცშეს გავლენითაც), ყოველმა მათგანმა წარმატებით დაამკვიდრა თავისი ორიგინალური ენა, ამიტომაც მათთვის დამახასიათებელი მანერა პოეტური მეტყველებისა ახალგაზრდა ნიცშეს სტილისთვის ყველაზე უფრო შესაფერისად მივიჩნიე. ალაგ-ალაგ ენობრივი ექსპერიმენტებიც დამჭირდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ნორმატიულ-აკადემიური ენით ნიცშეს თარგმნა არასერიოზული იქნებოდა, ამიტომაც მსგავსი „გადახვევა“ დასაშვებად უნდა იქნას მიჩნეული.

მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ ამაოდ ვეძებდი ბიბლიოთეკებში „ტრაგედიის დაბადების“ ქართულ თარგმანს. საბოლოოდ გადავწყვიტე, მე თვითონ შემესრულებინა ეს თარგმანი. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ნიცშეთი დაინტერესებულ ქართველ მკითხველს ამიერიდან „ტრაგედიის დაბადების“ ქართული თარგმანი ხელთ ექნება და იმედი მაქვს, ეს თარგმანი დაეხმარება მას ნიცშეს რთული და მრავალმხრივი შემოქმედების გაცნობასა და გააზრებაში.

გიორგი მესხი

ბერლინი, 2015წ. ოქტომბერი

 

 

 

 

 

 

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: