Posted by: burusi | 14/09/2016

ანდრეი პლატონოვი – ყვავილი

%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98-andrei-platonov

ანდრეი პლატონოვი – ყვავილი

აფონია დღენიადაგ მოწყენილია. მამა ომში ჰყავს, დედა დილიდან საღამომდე მერძევეობის ფერმაში მუშაობს, ტიტე პაპას კი ღუმელზე სძინავს. სძინავს დღისითაც, სძინავს ღამითაც. მხოლოდ დილას გაიღვიძებს რძის ფაფის შესაჭმელად, მაგრამ ჭამის დროსაც თვლემს.
– პაპა, ვერ გამოიძინე? აღარ დაიძინო, – უთხრა დილას აფონიამ.
– აღარ დავიძინებ, აფონუშკა, აღარ დავიძინებ, შეჰპირდა პაპა. – წამოვწვები და ისე გიყურებ.
თვალებს რატომ ხუჭავ ხოლმე? რატომ არ მელაპარაკები? – ჰკითხა აფონიამ.
– ახლა აღარ დავხუჭავ, – უთხრა ტიტე პაპამ. – მეც ქვეყანას ვუყურებ.
– მე რომ არ მეძინება, შენ რაღა გემართება?
– ბებერი ვარ, აფონუშკა… ოთხმოცდაათს სამი წელიღა მიკლია. თვალები თავისით მეხუჭება.
– ძილში ხომ ბნელა, – უთხრა აფონიამ. – გარეთ კაშკაშა მზეა, ბალახი იზრდება… შენ კი გძინავს და ვერაფერს ხედავ.
– მე ყველაფერი ნანახი მაქვს, აფონუშკა.
– თვალები რამ გაგითეთრა და ცრემლით რატომ გევსება?
– გამიხუნდა, აფონუშკა, გამიხუნდა… სინათლემ გამიხუნა და დამისუსტა. მე ხომ ქვეყნიერებას დიდხანს ვუყურებდი.
აფონიამ პაპა შეათვალიერა. პაპას წვერში პურის ნამცეცები ჩარჩენოდა. საიდანღაც კოღო მოფრენილიყო და ისიც შეჰკედლებოდა. აფონია სკამზე შედგა, პაპას წვერიდან პურის ნამცეცები ამოუკრიფა, კოღო კი გააგდო; სადაც გინდა, იქ იცხოვრე შენთვისო. პაპას ხელები მაგიდაზე დაეწყო. მისი დიდრონი ხელების კანი ხის ქერქს დამგვანებოდა, კანს ქვემოთ კი მსხვილი, შავი ძარღვები მოუჩანდა. ამ ხელებს ბევრი მიწა ჰქონდა მოხნული. აფონია პაპას თვალებში ჩააცქერდა. მაგრამ პაპა გარემოს გულგრილად უცქერდა და ვერაფერს ხედავდა. ორივე თვალში ცრემლი უციმციმებდა.
– პაპა, ნუ დაიძინებ! – სთხოვა აფონიამ.
მაგრამ პაპას უკვე ეძინა. დედამ ღუმელზე დააწვინა და საბანი გადაახურა. თავად კი სამუშაოდ წავიდა. აფონია ქოხში მარტო დარჩა და ისევ მოიწყინა. მან მაგიდავ ირგვლივ რამდენჯერმე შემოუარა, ერთხანს ბუზების ყურებით ერთობოდა, პაპის წვერიდან ჩამოცვივნულ პურის ნამცეცებს რომ დახვეოდნენ და არხეინად შეექცეოდნენ. მერე ღუმელთან მივიდა, მძინარე პაპას სუნთქვას ყური მიუგდო, ფანჯარასთან მიდგა, უკაცრიელ ქუჩას გახედა და კვლავ მაგიდის ირგვლივ იწყო სიარული, რადგან აღარ იცოდა, რა ექნა.
– დედა არსად ჩანს, მამა არსადა ჩანს, პაპას კი სძინავს, – ბუტბუტებდა აფონია.
მერე კედლის საათს მიუგდო ყური. კედლის საათი მოსაწყენად ტიკტიკებდა: ტიკ-ტაკ ტიკ-ტაკ… თითქოს პაპას ნანას უმღერის, თავადაც დაიქანცა და ძილი მოერიაო.
– პაპა, გაიღვიძე, – შეეხვეწა პაპას აფონია, – ამდენს რა გაძინებს?
– ჰა? მე არ მძინავს, – უპასუხა ტიტე პაპამ ღუმლიდან.
– მაშ ფიქრობ? – ჰკითხა აფონიამ.
– ჰა? მე აქა ვარ, აფონია, აქა ვარ.
– წევხარ და ფიქრობ?
– ჰა? არა, აფონუშკა, ყველაფერზე უკვე ვიფიქრე, საფიქრალი რა ხანია, გამომელია.
– ტიტე პაპა, შენ ყველაფერი იცი?
– ყველაფერი ვიცი, აფონია, ყველაფერი.
– რა, ტიტე პაპა?
– რას მეკითხები, აფონია?
– რა არის ყველაფერი?
– გადამავიწყდა, აფონია.
– პაპა, გაიღვიძე. მითხარი, რა არის ყველაფერი!
– ჰა? – ჩაიბუტბუტა ტიტე პაპამ.
– ტიტე პაპა! ტიტე პაპა! – დაუყვირა აფონიამ, – გაიხსენე.
მაგრამ პაპა დუმდა და კვლავ ჩაეძინა.
მაშინ აფონია თავად აძვრა ღუმელზე და პაპა შეანჯღრია. მაგრამ პაპა არ იღვიძებდა და ძილში თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. აფონია დაიქანცა, თავი ახლობელ, მოსიყვარულე მკერდზე მიადო, თბილი მიწის სუნი რომ ასდიოდა, და თავადაც ჩაეძინა.
როცა გამოეღვიძა, ნახა, რომ პაპა უცქეროდა და არ ეძინა.
– ადექი, პაპა! – უთხრა აფონიამ. მაგრამ პაპამ თვალები დახუჭა და ისევ ჩათვლიმა.
აფონიამ გაიფიქრა, პაპას მაშინ ღვიძავს, როცა მე მძინავსო, და გადაწყვიტა, აღარ დავიძინებ, ვიჯდები და ვუდარაჯებ, როდის გამოფხიზლდებაო. მართლაც, წამოჯდა და ცდა დაიწყო. კედლის საათი ტიკტიკებდა, მისი ბორბლები ჭრიალებდა და პაპას ნანას უმღეროდა. აფონია ღუმლიდან ჩამოფოფხდა და საათის ქანქარა გააჩერა. ქოხში სიჩუმე ჩამოვარდა. მდინარის გაღმა ვიღაც თიბავდა და ფანჯრიდან ცელის წკრიალი შემოიჭრა. ჭერთან კი კოღო აწუილდა.
ტიტე პაპას გაეღვიძა და აფონიას ჰკითხა:
– რა მოხდა, აფონია, რა ხმაურია? შენ ხმაურობდი?
– გეყოფა ძილი! – უთხრა აფონიამ. – მითხრა, რა არის ყველაფერი! თორემ სულ გძინავს, მერე კი მოკვდები… დედამ შენზე თქვა, დიდხანს ვეღარ იცოცხლებსო. ვიღა მეტყვის, ყველაფერი რა არის?
– მაცადე, ბურახი დავლიო, – თქვა პაპამ და ღუმლიდან ჩამოვიდა.
– გამოფხიზლდი? – ჰკითხა აფონიამ.
– გამოვფხიზლდი, – უპასუხა პაპამ. – წავიდეთ ქვეყნიერებას შევხედოთ.
ბერიკაცმა ბურახი დალია, აფონიას ხელი ჩაჰკიდა და ქოხიდან გაიყვანა. შუადღის მზე დათავთავებულ ყანას და გზის პირას ამოსულ ყვავილებს მცხუნვარე მზეს აფრქვევდა.
ტიტე პაპა მინდვრის ბილიკს გაუყვა და აფონია საძოვარზე გაიყვანა, სადაც ძროხების საყვარელი სამყურა ბალახი და ათასგვარი ყვავილ;I ხარობდა. პაპა ფხვიერი ქვიშიდან ამოზრდილ ყვითელ ყვავილთან შეჩერდა, აფონიას დაანახა, მერე დაიხარა და ყვავილს თითები ფრთხილად შეახო.
– ეგ ხომ მეც ვიცი! – დინჯად თქვა აფონიამ. – მე ის მინდა ვიცოდე, რაც ყველაზე მთავარია. მითხარი, ყველაფერი რა არის! ყვავილი რომ იზრდება, აბა, ეგ რა ყველაფერია?
ტიტე პაპა ჩაფიქრდა და შვილიშვილს გულმოსულმა უთხრა:
– ყველაზე მთავარი სწორედ ეგ არის!.. მაგ მკვდარ ქვიშას ხომ ხედავ, ქვის ნაფხვენია და მეტი არაფერი. ქვა კი არც ცოცხლობს და არც სუნთქავს, უსიცოცხლო მტვერია. ახლა ხომ მიხვდი?..
– ვერა, ტიტე პაპა, – უპასუხა აფონიამ, – ვერაფერს მივხვდი.
– ვერ მიხვდი?.. თუ ასეთი მიუხვედრელი ხარ, მაშ რაღა გალაპარაკებს?.. ხომ ხედავ, ეს ყვავილი რა უღონოა, მაგრამ ცოცხალია, საკუთარი სხეული უსიცოცხლო ფერფლისგან შეუქმნია. მას შეუძლია ფხვიერი, მკვდარი მიწა ცოცხალ სხეულად აქციოს. ნახე ერთი, რა სურნელებას აფრქვევს! აი, რა არის ამქვეყნად უმთავრესი საქმე… აი, ყველაფერი რისგან აღმოცენდება. ეს ყვავილი უწმინდესი მუშაკია, სიკვდილს სიცოცხლედ გარდაქმნის…
– ბალახიც და ჭვავიც უმთავრეს სამეს აკეთებს? – ჰკითხა აფონიამ.
– მაშ რა, – უპასუხა ტიტე პაპამ.
– მედა შენ?
– მეც და შენც. ჩვენ მიწის მუშები ვართ, აფონუშკა, ყანა ჩვენი ზრუნვით იზრდება. ამ ყვითელი ყვავილისგან კი წამალს ამზადებენ. აფთიაქი იბარებს, დაკრიფე და მიუტანე. მამაშენი ხომ ომშია. რომ დაიჭრას ან ავად გახდეს, იმ წამლით მოარჩენენ.
ბალახსა და ყვავილებს შორის მდგარი აფონია ჩაფიქრდა. მასაც ყვავილივით მოესურვა, სიკვდილი სიცოცხლედ ექცია. იმაზე ფიქრობდა, ფხვიერი, უსიცოცხლო ქვიშისაგან როგორ იბადებიან ცისფერი, წითელი და ყვითელი, ბედნიერი ყვავილები, კეთილი სახეები ცისკენ რომ აღუპყრიათ და ირგვლივ კეთილსურნელებას აფრქვევენ.
– ახლა თავადაც ვიცი, რა არის ყველაფერი! – უთხრა პაპას აფონიამ. – წადი შინ, ტიტე პაპა. ალბათ გეძინება. თვალები გაგითეთრდა… იძინე და როცა მოკვდები, ნუ გეშინია, ყვავილებ ვკითხავ, ფერფლისგან როგორ აღმოცენდებიან და შენც შენი ფერფლისგან აღმოცენდები. ნურაფრისა გეშინია.
ტიტე პაპას არაფერი უთქვამს, კეთილ შვილიშვილს გაუღიმა და შინისკენ წავიდა ღუმელზე დასაძინებლად.
პატარა აფონია კი მინდორში მარტო დარჩა, მთელი იღლია ყვითელი ყვავილები დაკრიფა და აფთიაქში მიიტანა, რომ წამალი დაემზადებინათ და მამამისი მოეჩინათ, თუ ომში დაიჭრებოდა. აფთიაქში აფონიას ყვავილების საფასურად სავარცხელი მისცეს. აფონიამ სავარცხელი პაპას აჩუქა, წვერს დაივარცხნისო.
– გმადლობ, აფონუშკა, – უთხრა ტიტე პაპამ. – ყვავილებს არ უთქვამთ, მკვდარი ქვიშისგან როგორ აღმოცენდებიან?
– არ უთქვამთ, – უპასუხა აფონიამ. – შენ რა ხნისა ხარ და მაინც არ იცი. ამბობდი, ყველაფერი ვიციო, მაგრამ არ გცოდნია.
– მართალი ხარ, – დაეთანხმა პაპა.
– ყვავილები ხმას არ იღებენ და როგორ ვათქმევინო? – თქვა აფონიამ. – თვითონ იციან და რატომ არაფერს ამბობენ?
პაპამ მშვიდად გაუღიმა, თავზე ხელი გადაუსვა და ისე დახედა, როგორც მიწიდან აღმოცენებულ ყვავილს. მერე სავარცხელი უბეში შეინახა და ჩათვლიმა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: