Posted by: burusi | 13/09/2016

ნატალია ქადაგიძე – კანონზომიერებათა რღვევაზე

ნატალია ქადაგიძე – Natalia Qadagidze

ნატალია ქადაგიძე – კანონზომიერებათა რღვევაზე

“Существуют вечные законы,

господствующие над произведением искусства,

как существуют вечные законы,

которым подчиняется

человеческое тело”.

ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში, სკანდინავიელი მწერლები, კერძოდ, ავგუსტ სტრინდბერგი, თავისი ნაწარმოებებით ქადაგებდა ადამიანის უკან, ბუნებისკენ დაბრუნების იდეას. მას ახლანდელ დროში რომ ეცხოვრა, ალბათ, თმა ყალყზე დაუდგებოდა და კალმის გარდა, შეიძლება, სხვა საშუალებებიც გამოეყენებინა კაცობრიობის საკუთარი ფესვებიდან მასშტაბური დაშორების საწინააღმდეგოდ.

კანონზომიერებების რღვევა, დღეს, ცხოვრების ყველა სფეროში შეინიშნება. ერთმანეთში გვერევა კარგი და ცუდი, ავანგარდული და უბრალოდ, მოდური. ეს უკანასკნელი ტენდენცია, შესამჩნევი დომინანტია თანამედროვე მწერლობისთვისაც.

რა იგულისხმება მწერლობაში? სინამდვილის კიდევ ერთხელ ნატურალიზება ტექსტის სახით, თუ შედევრის, ან, უბრალოდ, მხატვრული ნაწარმოების შექმნა? დღეს, სამწუხაროდ, უფრო პირველს ენიჭება უპირტესობა.

გლობალიზაციის „ნაბიჯები“ ლიტერატურაშიც იგრძნობა. ცალფა, ანუ სინგულარული კულტურა მოდაში აღარ არის, თიტქმის ყველაფერი მსოფლიოს მოქალაქის პოზიციიდან იქმნება… არადა, წარმოგიდგენიათ ერთი ფერის სამყარო? ერთნაირი ინტონაციები ხმაში და ერთნაირი მუსიკა? რატომ ისწრაფიან მწერლები, ხელოვანები, პოლიტიკოსები ამ ბანალობისკენ?.. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ჩვენ მიერ უკვე ნახსენებმა სტრინდბერგმა, გამორჩეულობისთვის, „რეფერატული პოეზიის“ შექმნაც კი სცადა – საყოველთაოდ აღიარებული სტილის და ფორმის იგნორირებით. მართალია, მის მიერ შემოღებულმა ამ სიახლემ არ გაამართლა, მაგრამ თვით ფაქტი – საწრაფვა ორიგინალობისკენ, თავისთავად, საგულისხმოა.

დღეს აწმყოა მთავარი. მომავლის ფერი კი გაურკვეველია და ბევრს არც აღელვებს – დაიბინდება სამყარო ამდენი მინუს-ფერით, თუ რა მოხდება… სწორედაც,  „ლე გრანდე ურ ეტ მისერე“ – დიდებულება და უბადრუკობა ებრძვის ერთმანეთს დღევანდელ ლიტერატურაში. ძალმოსილების და სისუსტის უკიდურესი პოლუსები აოგნებს მკითხველს. ეს არ ჰგავს დადებითი და უარყოფითი მუხტების თანაჰარმონიულობას, ეს არც ყველაზე ქაოსურ სემანტიკურ ტენდენციებს ჰგავს, რაც კი ყოფილა აქამდე და რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს, უბრალოდ, თავისთავად, ბუნებრივად ჩამოყალიბებული კანონზომიერებების რღვევაა – მორალის საზღვრების შეგნებულად მოშლა, იმედზე უფრო საიმედოდ უიმედობის წარმოჩენა და ყოველი ადამიანის ღმერთადქცევისკენ მიმართული მკრეხელური ტენდენცია.

ორიგინალობას აქვს ჩარჩოები და მიზანი, ის ლიტერატურაში მოგვიანებით შეიძლება იქცეს კლასიკად. ქაოსს კი, ორიგინალობის სახელით, დავიწყების მტვრით დაფარვა ემუქრება. გავიხსენოთ ბალზაკი – თავისი დროის ყველაზე არაორდინარული მწერალი. ბალზაკს სურდა ყველაფერი გამოეცადა ცხოვრებაში, რომ მისი შემოქმედება ყოფილიყო არა მხოლოდ მხატვრული, არამედ ნამდვილიც. ცდილობდა, იმდროინდელი ცხოვრების არცერთი კუთხე-კუნჭული არ გამოჰპარვოდა თავალთახედვიდან, რაც უნდა, “აბლაბუდების შირმით” ყოფილიყო  ის დაფარული. ამიტომაც, შესანიშნავად და  მკაფიოდ ჩანს მის პროზაში იმ ეპოქის ინტერიერ-ექსტერიერის ყველა განზომილება, თითოეული ადამიანის – მდაბიოსი თუ არისტოკრატის სუნთქვა და სულის მდგომარეობა. არ მინდა, ბალზაკის აპოლოგია გამომივიდეს, თუმცა, ის მართლა მაგალითია იმისა, თუ როგორი პოზიციიდან უნდა ცდილობდეს მწერალი თანამედროვეობაზე წერას – წარმოაჩინოს ცუდიც და კარგიც, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უარყოფითისკენ მოწოდება, მით უმეტეს, რომ ყველანაირი მოწოდება, შეფარულიც და აშკარაც, იაფფასიანობის და ზედაპირულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაღაც რევოლუციურის სუნი სდის – მხოლოდ ქრონლოლოგიური პრინციპით ისტორიაში დარჩენის პრეტენზიით. მოცემულ მომენტში კი, თავდაყირა აყენებს ყველაფერს. მითუმეტეს, თუ  ვითომ რევოლუციური სულისკვეთების შემცველი ნაწარმოები აშკარად არ ჰგავს რევოლუციურს.

ვის სჭირდება ისეთი თავისუფლება, რაც დღევანდელი ნაწარმოებებიდან, ზედემეტად ნატურალისტური აზრის შემცველი სტრიქონებიდან, ჩვენი ცხოვრების ზედაპირზე ლაგდება და იმგვარ იეროგლიფერბს გვაგონებს, პირველყოფილი ადამიანის გამოქვაბულის კედლებზე რომ იქნებოდა ამოტვიფრული. მხოლოდ ტენდენცია – თითქოს, უნდა მივიღოთ ყველაფერი, რასაც 21 – ე საუკუნე გვთავაზობს და პროტესტი გულშიც არ გავივლოთ, ნუთუ,  არა ჰგავს ყველაზე დიდ ბანალობას  –  დანებებას?!.  და, ამის იქით, შეიძლება, ჩანდეს ორიგინალობის ნამცეციც კი?

ხელოვნება, როგორც ამბობენ, ბუნების შეცნობილი საჩუქარია… მაგრამ ერთეულებისთვის, მაგალითად, დოსტოევსკისთვის, შოთა რუსთაველისთვის, დანტესთვის… სიღრმეში წავედით. ამოვიდეთ შედარებით ზედაპირზე და გავიხსენოთ მწერლები, ვინც სასიამოვნო განცდები გვაჩუქა, მიუხედავად, არცთუ ისეთი, ზოგადსაკაცობრიო სათქმელისა. მაგალითად, ო’ჰენრი… ძლიან მიყვარს ეს მწერალი. ის ერთერთი იმ ავტორთაგანია, მკითხველმა რომ შეიძლება მეგობრად ჩათვალოს და მასთან ერთად სიამოვნებით „იმოგზაუროს“, თუნდაც, წარსულ დროში. ნაწარმოების დასაწყისშივე იკვეთება ო’ჰენრის, როგორც მწერლის ტიპაჟი – გაბედული შემოქმედია ის თუ არა, დარწმუნებულია თავის მწერლურ ოსტატობაში, თუ არა… მოთხრობის, რომანის დაწყება ხომ არც ისე ადვილია, უფრო ზუსტად – რთულია, ვიდრე სიუჟეტის განვითარება, დასაწყისს დანარჩენი მონათხრობი  ან გამოებმება, ან  – არა… პირველ ნაბიჯს ჰგავს, გაივლი ან დაეცემი. ო,ჰენრი, ზოგჯერ, აფრთხილებს კიდეც მკითხველს – თუ ის, ოდესმე,  რაიმეს დაწერას გადაწყვეტს, ისე არ დაიწყოს სათქმელი, როგორც თვითონ იწყებს. არიან მწერლები – გაბედულნი და გაუბედავნი. და, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ თავზე აშკარად არასდროს ჰყვებიან, მათი ნაწარმოებები შესანიშნავად მეტყველებენ ავტორზე, როგორც შემოქმედებით ტიპაჟზე. დასაწყისშივე, ადვილად შეამჩნევს დაკვირვებული თვალი, რის თქმას აპირებს მწერალი – შესავალში მოხმობილი მთელი თავისი ძალებით წამსვლელია ის აზრობრივ სიღრმეებში თუ ვერა.

ორიგინალობა, რისი სურვილიც აქვს თითქმის ყველას, არის ბუნებრივიც და ხელოვნურიც. დღეს, ორიგინალურ  მწერლად ყოფნის მძაფრი  ჟინი ჰკლავს ბევრს – ისე მძაფრი, რომ შეიძლება,  პოეტური რემინისცენციები ბადრიჯნინსფრადაც შეღებოს… თვითმყოფადი, ჭეშმარიტი ორიგინალობა, კი, როგორიც ნიკო ლორთქიფანიძის ან გურამ რჩეულიშვილის შეოქმედებიდან გამოსჭვივის, არავინ იცის, როდის დაიბადება ქართულ მწერლობაში. მაგრამ ეს ხომ არ არის უპრველესი და აუცილებელი ხელოვნებაში? მნიშვნელოვანი, უფრო, სათქმელია, ჩემი აზრით. ის მნიშვნელოვანია მაშინაც, რაცუნდა, ბანალური ფორმით და ნარატივით იყოს მოწოდებული… ჰოდა, რაღა საჭიროა ამდენი მიკიბ-მოკიბულობა და ყველანაირი ასოციაციური ხარა-ხურის ერთად თავმოყრა?.. ეს , ალბათ, მხოლოდ ბალზაკს გამოსდიოდა – „მისი, ტექსტიდან გამომჭვირვალე ფანტაზია მტვრით დაფარულ ბრწყინვალე ფარდულს ჰგავდა, სადაც უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი სულიერი თუ უსულო არსებები ერთმანეთზე მნიშვნელოვან და საჭირო კომპონენტებს წარმოადგენდნენ“.

მაინც, მიკიბ-მოკიბულობა, დღეს, მოდად იქცა. მოდა კი, ვფიქრობ, პიროვნებისთვის და საზოგადოებისთვის ყველაზე დამთრგუნველი და ცინიზმის შემცველი მოვლენაა. განა, არ არის დამამცირებელი ადამიანისთვის, იმ ფერის სამოსი ჩაიცვას, რაც არ უხდება, მაგრამ მოდაშია და ყველას აცვია? იქნებ, სჯობს, ისეთი სტილი-პოზიცია ავირჩიოთ, რაც ყოველთვის მოდაშია, ან თვითონ „ვუკარნახოთ“ მოდას რაღაც, თვითონ შევქმნათ ის, ან, ვცადოთ მაინც… ეს ხომ ერთადერთი პროცესია(ცდა), რომელიც დასრულებელ აქტადაც და მოქმედებადაც განიხილება,  და, ლამის,  მიღწევასაც  ნიშნავს?!

მაინც – დღეს მოდის ტყვეობაშია ყველა და ყველაფერი… რა თქმა უნდა,  ლიტერატურაც. ლიტერატორთა დიდი ნაწილი ყოველივე ტრადიციულის ფესვებიანად ამოძირკვით არის გართული, რადგან ასე ხდება „სხვაგან“, რადგან, მათი აზრით, „პროევროპელობა“ და „პროამერიკელობა“ ამას მოითხოვს. სხვა პოზიცია, მკვეთრად და ცალსახად,  კარჩაკეტილობას ნიშნავს. მაგრამ ყვლაზე დიდი კარჩაკეტილობა, ვგონებ, ის არის, როცა საერთო სიტუაცია სათანადოდ ვერ ანალიზდება, როცა დასავლეთი, პირიქით, ეთიშება ტოტალური ერთნაირობის ნიაღვარს – გავიხსენოთ, როგორ იბრძვის ჟან ბოდრიარი, რომ სინგულარობის აუცილებლობა დაგვანახოს…

მოდა არაფერს ტოვებს. დრო მის მემკვიდრეობას არ აღიარებს. რომელი მოდური ნაწარმოები შემორჩა ისტორიას, როგორც ჭეშმარიტი რელიქვია? მგონი, ყველა, რაც კი არატრადიციული და  ბუნებრივ ფესვებს მოწყვეტილი იყო, ამოვარდა საუკუნეების კონტექსტიდან. მავანი  იტყვის,  რომ ისტორია ყველაფერია, რაც ხდება, მაგრამ ასე არ არის, დრო აუცილებლად შლის არაღირებულს ეპოქების შინაარსიდან, დრო საუკეთესო შემფასებელ-კორექტორია.

საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოება – ზოგიერთი მწერალი თანამედროვე მკითხველს თავგზას უბნევს გადაპრანჭული აზრებით, რაც სიღრმის შთაბეჭდილების შესაქმნელად არის გამიზნული, არადა, ხშირად, ზედაპირული ილუზიაა, მხოლოდ – შემოსე სათქმელი როგორც გინდა, თუ ის ახალს არაფერს გვეუბნება, ფუჭი შრომაა… შეიძლება მეტაფორები, სტილი, ბელეტრისტიკის და პოეზიის სხვა სამშვენისები შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ წაკითხვის შემდეგ სიცარიელე გრჩებოდეს… და გიკვირს – რატომ დაიწერა… ამგვარი მწერლობა შეიძლება შევადაროთ ჭორიკანა ფანტაზიორების დროის გასაყვან საუბარს, ერთი ფრაზის მოსმენის შემდეგ რომ გავეცლებით, ხოლმე… მოკლედ, შესანიშნავი ნათქვამია – „რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის“… ოქრო სიღრმეებშია, შესაძლოა, დაუხვეწავი, გაუწმენდავი, მაგრამ ნამდვილად ოქრო.

ცოტა ხნის წინ, ყური მოვკარი საუბარს, სადაც ერთი ამტკიცებდა, რომ გამომცემლებს ისე არ ეკისრებათ ვალდებულება გამართული, სწორი პუნქტუაციის მქონე ტექსტებისთვის, რამდენადაც, თავად, ავტორსო – „რისი მწერალია, თუ მართლწერის წესები არ იცისო“…  ვეთანხმები, მართლწერის წესები უნდა იცოდეს მწერალმა, მაგრამ უამისოდ მის შემოქმედებას, თუ ის ღრმადკონცეპტუალურია, არაფერი აკლდება. გავიხსენოთ მარსელ პრუსტი – ყველაზე ცნობილი რომანი „დაკარგული დროის ძიებაში“, რომელიც მილიონზე მეტი ძვირფასი სიტყვისგან შედგება და, გრამატიკის თვალსაზრისით, მრავალ კურიოზს შეიცავს – ხან, წინადადებებს შორის წერტილიც კი არ არის, სხვა სასვენ ნიშნებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ თვალსაჩინო ფაქტს სხვადასხვა მკითხველი  სხვადასხვანაირად ხსნის და აღიქვამს – ზოგს მიაჩნია, რომ  ნაწარმოები თავიდან არის გადასაწერი და შესასწორებელი, ჩემნაირები კი, პირიქით, იხიბლებიან  და ხედავენ ამ შედევრის ჭეშმარიტ არსს – დაკარგული დროის გამალებულ ძიებას… ადამიანის ასეთი სულისკვეთებისას ხომ ყოველი წამი ძვირად ფასობს, სად იყო წერტილებზე და მძიმეებზე დასაკარგი დრო! მოკლედ, ხან, გამართული თუ დარღვეული პუნქტუაციითაც, ავტორი რაღაცას ამბობს, უპირველეს ყოვლისა კი, იმას, არის თუ არა ის მწერალი, რაც უნდა, „სუფთაწერის“ რეჟიმით გადმოსცემდეს აზრს… ღმერთი ხომ ან განიჭებს უნარს  მოუთხრო დანარჩენებს ყველაფერი, რისი თქმაც გსურს, ან არა… სუროგატებს დრო აუცილებლად ემუქრება წალეკვით.

საერთოდ, მწერალს, პოეტს, უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე მხატვრული ამბებით მკითხველზე პოზიტიური ზემოქმედება, მას, თუ ჭეშმარიტი შემოქმედია, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ისტორიული ალღო. ხშირად, რომელიმე კონკრეტული ეპოქის შესახებ მხატვრული თხზულებიდან ან ლექსიდან უფრო მეტის გაგება შეიძლება, ვიდრე ჟამთააღმწერლის მონათხრობიდან. სინამდვილის გადმოცემა არ არის ადვილი მხოლოდ რეალობისთვის თვალის მიდევნებით, მშრალი ენით, ის, ხან,  საგულდაგულოდ ეფარება ცხოვრების გარკვეულ ნიუნსებს და აბნევს მომდევნო თაობებს… მწერლის გამჭოლი მზერა კი არ ეშვება, ყველგან მიჰყვება და თუ პირდაპირ არა, უფრო ნათლად, ალეგორიული სიზუსტით ამჟღავნებს მას. და ეს გაორმაგებული სიმძაფრით ხდება მაშინ, როცა ავტორის შემოქმედებით ნიჭს ინტელექტიც ერთვის. თუმცა, ამ გონისმიერ იარაღს, ზოგიერთი,  არაგონივრული ტრაექტორიით მიმართავს და მეტაფიზიკური გეომეტრიის ცდომილება აბნევს მკითხველს – მას ხომ სჯერა მწერლის, სჯერა, რომ ის სიცრუეს სიმართლედ არ შეაჩეჩებს – ის ჰყვება, ე.ი. სათქმელიც და ნათქვამიც ნამდვილია.

ყველა ავტორს არ ძალუძს, საკუთარ თავს აღემატებოდეს, სჩადიოდეს მორალურ გმირობას ნაწარმოებში… და, ხდება „ზიგზაგური“ აზრების ტირაჟირება, რამაც, შეიძლება, სულიერი თვალსაზრისით, რეალურად საშიში გარემოც შექმნას – დაწერილი აზრი ხომ უკვე ხატად იქცევა და რწმენის მერიდიანს გთავაზობს გზის გასაგრძელებლად, ეგზისტენციალურ სამყაროში.  ყველაფერი, “დარიც” და “ავდარიც”, აქიდან იწყება  ჩვენს არსებაში, საზოგადოებაში, ქვეყანაში… ეს ჯაჭვური რეაქცია ამკვიდრებს ტენდენციებს ლიტერატურაში, აყალიბებს გემოვნებას, ამყარებს იმას, რაც მყიფეა და პირიქით – მყარს და ჭეშმარიტს – განადგურებით ემუქრება.

მაინც, რომელია, ოპტიმალური მიმართულება, რას უნდა მისდიოს ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ადამიანმა – ჩათვალოს, რომ რაც საუკუნეების მიღმა დარჩა და, მითუმეტეს,  ათწლეულების მიღმა, მხოლოდ სიძველეა და მეტი არაფერი? ოღონდ ახალი ერქვას და აბსოლუტურად ყველაფერი მისაღებია და ის, ცალსახად, არის ნათქვამი, რაც აქამდე არ თქმულა?..  თუ ახსოვდეს, რომ მარადიულობა მარადიული ცნებაა და იქ ამობრწყინდება ბევრი ავტორი?..

დიახ, ასეა, მხოლოდ – იქ.  თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, მოდასაა აყოლილი და არ შეუძლია შეაფასოს, ჩასწვდეს – რას ნიშნავს სიტყვისა და აზრის მიღმა სამყაროების წარმოჩენა, ბევრ კლასიკოსს რომ ხელეწიფება. მოდა კი, წარმავალი მოვლენაა – მაცდუნებელი და წამლეკავი. დღეს, ჩვენ, შეიძლება, სამშვენისებივით მოვარგოთ  ჩვენს ყოფას ბევრი მოდური მწერალი, მაგრამ დრო აუცილებლად დატოვებს მხოლოდ მათ შემოქმედებას, ვინც ჭეშმარიტი შემოქმედებითი წონადობის შემცველია. ამიტომ სადარდებელიც, თითქოს, არაფერია. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი კრიტიკოსი, საკუთარი გემოვნების და არა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მიხედვით, პოპულარიზაციას უწევს უფესვებო აზროვნებას, წამიერი ეფექტის მქონე ტენდენციებს ლიტერატურაში, – სინამდვილეში, სინგულარობის ჩამოსარეცხად მიმართულ ნიაღვარს რომ წარმოადგენს თავისი არსით…

დღეს ლიტერატურაში ორგვარი მისწრაფება იკვეთება – ერთნი ცდილობენ ეგზისტენციალური ნიუანსების წვდომას და საკუთარ ნაწარმოებებში მათ მომწყვდევას, მეორენი რეალობის მიკროსკოპული აღწერის გზას ადგანან – ტაბუირებული დეტალებით ტექსტების გაზავების გზას. პირველ შემთხვევაში, მისასალმებელია ამგვარი ინტერესი ადამიანის შესაცნობად, ის ხომ პატარა სხეულით სულიერი უსასრულობის მატარებელია… მასში ბევრი საინტერესო შტრიხის მიგნებაა შესაძლებელი, ისეთისაც, რასაც აქამდე ვერცერთი მწერალი ჩასწვდომია. ადამიანის სული უძირო საგანძურია, სადაც მრავალი გამაოგნებელ-გამაოცებელი თვისებაა დაუნჯებული და, ძალიან შთამბეჭდავია, თითოეული მათგანის აღმოჩენა – წარმოჩენა… ინტელექტუალი მწერლები და პოეტები შესაბამისი ვერსიფიკაციული ასპექტებით გამოხატავენ ამ წიაღსვლებს და თვითმყოფად სემანტიკურ კალაპოტში აქცევენ ნარატივის მდინარებას. უნდა ითქვას, რომ ასეთი თანამედროვე ავტორები ფსიქოლოგის არანაკლებ ოსტატობასაც ფლობენ – სარტრის, კამიუს, კაფკას მსგავსად… ამას აშკარად ვხედავთ ჩვენ, დრო კი აღმოაჩენს მათ. მეორე ტენდენცია, რეალობის სკრუპულოზური აღწერა, ყოველგვარი, ტაბუდადებულ-ამორალური ნიუანსებით, მავანთ, ალბათ, სიმართლის სამსახური ჰგონიათ, ჰგონიათ ეპოქის ნაბიჯებისთვის  ფეხის აწყობა და რეალობისთვის თვალის გასწორება. მაგრამ ჩემი მზერიდან ეს „რეალობა“ სულ სხვანაირად მოჩანს – უინტერესოდ, მაგალითად, ისეთად,  დარბაზში რომ შეხვიდე და გარეგნული ბრწყინვალების მიღმა ვერაფერი დაინახო, გარდა უგემოვნო სურათებისა და ნივთებისა… ნაწარმოებში რეალობის გადატანა ხომ სიმართლის გადმოცემის გარანტი არ არის! – ავტორს უნდა შეეძლოს მისი მიგნება და, ეს სიმართლე, შესაძლოა, უფრო ალეგორიაში იყოს –  ისეთი, როგორსაც ვერ ვხედავთ და როგორიც არის, სინამდვილეში. ქართველი მწერლები ამორალური ელემენტების და ლექსიკის შეტანას ნაწარმოებში დასავლურ ლიტერატურაზე „სწორებად“ თვლიან, მაგრამ რატომღაც, თვალთახედვიდან ეპარებათ ის, რომ უცხოენოვან მწერლებს, ვინც ღირებულია, არასდროს უსხლტებათ ხელიდან ტრადიციულთან დამაკავშირებელი ძაფი…

თანამედროვენი, იქნებ, ჯეიმს ჯოისს იხსენებენ, როდესაც წერენ?.. მაგრამ ის ისეთი სიმაღლეა, მკრეხელობად შეიძლება ჩაითვალოს გატოლება, მითუმეტეს, ადამიანების ამორალობის იაფფასიანი აღწერით… ერთხელ, ერთ ამგვარ თანამედროვე მწერალზე ჩამოვარდა საუბარი და ვიღაცამ თქვა, რომ კარგად წერს – მწერლური ოსტატობა იგულისხმა. მაგრამ რა არის მწერლობა? – მხოლოდ ტექსტის მიმზიდველად შეთხზვა?.. ჩემი აზრით, მწერლობა უფრო მკითხველისთვის რაღაც ღირებულის, მორალურის თქმაა, რაც არანაირად არ ნიშნავს ნეგატიურ ნიუნსებზე თვალის დახუჭვას.

ცოტა სასაცილონი არიან მედროვეები, სერიოზულ მსჯელობებს რომ უსადაგებენ მოდურ ტენდენციებს ლიტერატურაში. ეს „კრიტიკოსები“, ხშირად, ძალიან სუბიექტურები გახლავან. კრიტიკა ლიტერატურაში დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს – ის საზოგადოების აზრზე ზემოქმედებს და ქმნის საერთო განწყობას ამა თუ იმ შემოქმედზე. ასეც რომ არ მოხდეს, რომ შეძლოს მკითხველმა, თვითონ მიაღწიოს ჭეშმარტიტებამდე, კრიტიკული მასალა მაინც რჩება და გზავნილივით გადაეცემა მომდევნო თაობებს!.. კრიტიკოსები (თითზე ჩამოსათვლელნი ახლა), ან, უბრალოდ, რეცენზენტები, აბსოლუტურად ობიექტურნი უნდა იყვნენ, რომ არ დააბნიონ, შეცდომაში არ შეიყვანონ წიგნის მოყვარულნები. თუმცა, დღეს ასე იშვიათად ხდება, ბოლომდე ზეიმობს ნეგატიური ქართული ხასიათი – ერთი რომელიმე წრის, ჯგუფის თუ კონკრეტული ავტორების ამოჩემებით და დანარჩენების სამუდამოდ იგნორირებით გამჟღავნებული. ნუთუ, ესეც 21-ე საუკუნის კარნახია?! ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ღრმა პროვინციალიზმია, ახლა განსაკუთრებით, ლაღად, მარადმწვანედ მოყვავილე. არადა, როგორ სჭირდება ქვეყანას სინათლე და სიმართლე ცხოვრების ყველა სფეროში, ყველა ეტაპზე.

დასაფასებელია მწერალში მსოფლშეგრძნების უნარი და ეს, ძირითადად, გამოხატვის ირიბი საშუალებებით ხდება საცნაური მკითხველისთვის. ამავე საშუალებებით, პოეტს შეუძლია დაფაროს და ამავე დროს, გასცეს საკუთარი მე. ეს პოეზიის ორმხრივი შესაძლებლობაა. ინტელექტუალური ნაწარმოები, თუ მას ჭეშმარიტი პოეტურობაც ემატება – მაგიურ ძალას იძენს.

… მოდური მწერლის ნაამბობი, უცხო, არაბუნებრივ ფაქტად რჩება, რჩება ერთგვარ პარადოქსადაც – როდესაც ლოგოსს ორგანული ფუნქცია ეკარგება და სიტყვა კი აღარ განსხეულდება, არამედ რჩება იპოსტასად. იპოსტასური ნარატივი ვერ შევა მომავალში, მას მხოლოდ აწმყო აქვს – როგორც მაგალითად,  წარსულში, ერთი შეხედვით, პროდუქტიულ მწერალს, იმ დროს შეუმჩნეველმა, მინიატურული პროზის შემქმნელმა ჩეხოვმა რომ გადაუსწრო და სამუდამოდ ჩამოიტოვა. დღეს, ლიტერატურაში, ამგვარი სურათი იკვეთება – ყველა კარგად წერს, მაგრამ არავინ არის ღირებული პროდუქტის შემქმნელი, როგორც პროზაში, ისე – პოეზიაში. ვგულისხმობ ახალგაზრდებს,

უფრო ასაკოვნებში კი, რამდენიმე ავტორი გამოირჩევა შემოქმედებითი სერიოზულობით – ქმნადობის იმგვარი დინამიკით მომავლისკენ, რომ ისინი, შესაძლოა, მუდამ იყვნენ ყველა აწმყოში. ამ განაცხადის გაკეთება არ უნდა იყოს ნაადრევი, რადგან ჭკუა და გონება, მწერლური პოტენციალი, პირველივე ფრაზებიდან, ერთ წინადადებაში შეიძლება გამოჩნდეს.

პოეზიაში ხდება პროზაიზმის გადატანა სტილის კატეგორიაში, რაც, ხან, ამართლებს, ხან – არა… ეს ძალიან რთული პროცესია, ხან – ხელოვნური, ხან – ჭეშმარიტად, შემოქმედებითი. ვერსიფიკაციული წყობა, შეიძლება, დამაბნეველი აღმოჩნდეს, როცა პოეტი „შორს გადის“ კლასიკური ლექსის სივრციდან და პროზის ესთეტიკაში იჭრება. ის ერთნაირად შეიძლება იყოს დიდი პოეზია, ან მისგან დაცლილი, მხოლოდ უღიმღამო თხრობა. ჩვენი აზრით, ძალზე დასაფასებელი და ღირებულია პოეზია პროზის მანტიით, პროზაულ ნარატივში მარგალიტივით ჩამჯდარი პოეტურობა – ჩვეულებრივი, სინტაქსური ფორმის მიღმა არსებული საბადო, ღრმა და მეტაფორული. ამ ორი ფორმის – კლასიკური ლექსის და ვერლიბრის შექმნის პროცესი, არსებითად, განსხვავებულია, ერთმანეთისგან. პირველ შემთხვევაში, სათქმელის „მშობიარობა“ უფრო ბუნებრივად ხდება, სადაც გონება ნაკლებად ერევა, უფრო, „განზე დგას“…  აქ, მთავარი გულიდან დაძრული მეწყრული ემოციებია – სიყვარული, სევდა, ტკივილი, სიხარული… ამ ჩამონათვლიდან, სევდა უფრო ხშირად იმღერება, სევდა ის მდორე მდინარეა სულში, ვერაფრით რომ ვერ შეაჩერებ – გადაკეტავ და დაგახრჩობს. რაც შეეხება ვერლიბრს, რომელსაც ათასგვარმა ლიტერატურულმა მიმდინარეობამ, სხვადასხვა ეტაპზე, სახე უცვალა, ვერსიფიკაციულ განსხვავებასთან ერთად, მისი შექმნის აზრობრივი დინამიკაც განსხვავებულია – ამ დროს ემოციებთან ერთად, გონებაც ერთვება, ხდება საზრისის პოეტურ პროზაში გატარება და ახალი მხატვრული სპექტრის აღმოჩენა, რასაც ავტორის დიდი შინაგანი ბედნიერების შეგრძნება ახლავს. ეს შეგრძნება, ალბათ, ტოლფასია სხვა, გონისმიერი აღმოჩენების, იმ განსხვავებით, რომ პოეტურ მიგნებას აუცილებლად დაჰყვება რეალური მეტაფიზიკურობა.

ეს ორი ტიპის შემოქმედებითი პროცესი, პოეტური ნაწარმოების შექმნისას, რა თქმა უნდა, დღესაც გარდაუვალია, მაგრამ აშკარად თვალშისაცემია ლექსის წერის ხელოვნური მცდელობები. აქ, ამ ტენდენციაშიც, როგორც ყველა უარყოფით მოვლენაში, არის დადებითი ელემენტები – ლექსის წერის სურვილი… რას ნიშნავს ეს?  განმარტებისთვის არჩილ სულაკაურის სტრიქონებიც იკმარებდა – „შენა ხარ დიდი, ჩუმი პოეტი, რა ვუყოთ მერმე, ლექსს რომ არა წერ!“… მართლაც, ბევრი ადამიანი, შეიძლება, შინაგანად იყოს პოეტი, მაგრამ ვერ გადმოჰქონდეს თავისი ასოციაციები და შეგრძნებები ფურცელზე. საამისო მცდელობისას კი, ქრებოდეს პირველი სევდიანი სიყვარულის მუხტი. ასეთი პიროვნება მართლა პოეტია, მაგრამ არავინ იცნობს და, არც არის საჭირო, ყველამ გაიცნოს…

არსებობს უარესი შემთხვევებიც, როცა ადამიანისგან შორს არის პოეტური ალღო, პოეტური ბუნება, მაგრამ ის მაინც დიდი  რუდუნებით ცდილობს ლექსის წერას… სამწუხაროდ, ბევრი ამგვარი ავტორი, დღეს, ცნობილია, როგორც პოეტი. მაგრამ ამაში დამნაშავე, უპირველეს ყოვლისა, მკითხველია – მკითხველმა ბევრი უნდა „ისწავლოს“, რომ ლექსი შეაფასოს. აი, ეს არის თანამედროვე ლიტერატურაში ტენდენციების ძირითადი მოკარნახე – განათლებულია თუ გაუნათლებელი საზოგადოება, ვისთვისაც იწერება ნაწარმოებები.

მაგრამ ცხოვრების მუდმივი ევოლუციაც ხომ, უპირველესად, ცვლილებებს გულისხმობს ყველა სფეროში. გულისხმობს რევოლუციებსაც და ეს ბუნებრივია, რადგან არ ვიცით, სად არის უსასრულობის დასასრული, სად არის სრულყოფილება… ის, ალბათ, არც არსებობს, ან, სწორედ, ამ დინამიკაშია – მდინარებაში და არა სტატიკაში. როგორც წერტილში. თუმცა, წერტილის იქითაც არის რაღაც, თუნდაც კითხვის ნიშნები და ეს ამბის, მონათხრობის უხილავი ქვეტექსტობვრივი გაგრძელებებია, როგორც ტბისთვის ფარული შენაკადები. აბსოლუტური წერტილი არ არსებობს და თუ არსებობს, ის მხოლოდ ჭაობია… ასე რომ, განვითარების პროცესი ლიტერატურაშიც უშვებს ლაფსუსებს, თუმცა დროის მოტანილი ათასგვარი ქვა-ღორღი, შემდგომ,  აუცილებლად, გამოირიყება.

მათ, ვისაც ჰგონია, რომ ლექსის წერა მარტივია და თავისუფლად შეუძლიათ ანავარდონ აზრები, უნდა იცოდნენ, რომ პოეზიის ვერსიფიკაციული საიდუმლოებები მათემატიკურ სიზუსტეებს მოიცავს თავის თავში. აი, ეს თუ გაიცნობიერა ყველა ავტორმა, მაშინ ლიტერატურაში „გამოიდარებს“.  ყველანაირი საქმის კეთებისას, მთავარი ფაქტორი პასუხისმგებლობაა – ნამდვილად შეგიძლია თუ არა ხელი მოჰკიდო მას.
საერთოდ კი, დღეს, ხელოვნების ყველა სფეროში, თითქოს, სიცივე შემოპარულა… არის ემოცია, მაგრამ ეს ემოცია გყინავს. დღეს რომანტიკა არამოდურია. არადა, მას არაფერი ესაქმება მოდასთან – ის სულ უნდა იყოს, რომ ადამიანთა სულები გადარჩნენ, რომ არ დაემსგავსნენ ექოჩაბუდებულ სახლებს… რომანტიკაა, სწორედ, აუცილებელი  წყარო ჩვენი შინაგანი ნათებისთვის, ჩვენი გულების სითბოსთვის.

დღეს, ხშირად, ნაწარმოები იგება სტილური ორნამენტაციის პრინციპით და ამგვარ კომპოზიციაში ნამდვილი შემოქმედებისთვის ადგილი აღარ რჩება. მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც – კრიტიკოსს, რეცენზენტს, უნდა ახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოების ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია, თუმცა, ეს ბარიერი უგემოვნო, პერცეფციულ ნაწარმოებშიც შეიძლება არსებობდეს და ამით სიდიადით დაღდასმულის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, თუ მკითხველსაც ღალატობს პოეტური გემოვნება, რა თქმა უნდა.

რაც შეეხება ენას, ის ლიტერატურაში, საგულისხმო და მთავარი ფენომენია. ლიტერატურის ევოლუციის კვალდაკვალ ისიც ცვალებადობს, თუმცა პირიქით არასდროს ხდება. მისი ტრანსფორმაცია ძალიან სათუთი პროცესია, რასაც მხოლოდ ჭეშმარიტი შემოქმედები თუ ხვდებიან. შორს წასვლა არ არის საჭირო, გავიხსენოთ, როგორ იდგა ენის სადარაჯოზე ილია ჭავჭავაძე და ეს წმინდათაწმინდა საქმე იყო მისთვისაც და მთელი ქართველი ერისთვისაც. ასეც უნდა ყოფილიყო – ენა ჩვენი ეროვნული იდენტობის პირველი ნიშანია. მაგრამ დღეს, უხეშად ლიბერალური პოზიცია დაიკავეს მწერლებმა და პოეტებმა და, ნარატიულ ქსოვილში, ამოვარდნილი თვლებივით, თამამად მიმოაბნიეს არაქართული წარმომავლობის სიტყვები, ისეთები, არავითარი ევოლუციური პროცესი რომ არ გაუვლიათ ჩვენს სამეტყველო გარემოში და მოულოდნელად აღმოჩნდნენ ქართულ ლიტერატურულ სამყაროში. ამგვარი სტილი – უცხო სიტყვების თამამი თამაში ნაწარმოებში, ავტორის მხრიდან,  სხვა გზის არქონას ნიშნავს – ესეც, ერთგვარი ხრიკია ორიგინალურის შთაბეჭდილების შესაქმნელად.

 

 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: