Posted by: burusi | 29/08/2016

კახაბერ ჯაყელი – კლოდიუსის მისტერია როგორც „ნეხვის პოლიტიკა“

კახაბერ ჯაყელი

კლოდიუსის მისტერია როგორც „ნეხვის პოლიტიკა“

 (ანტიკური პოლიტ-მარკეტინგი) 

პროფესორი კახაბერ თენგიზის-ძე ჯაყელი

2016 წელი აგვისტო

ლაიბნიცის უნივერსიტეტი ჰანოვერში (ლუჰ)

***

რომის იმპერია შესანიშნავია იმითაც, რომ მის წიაღში შეიქმნა პოლიტიკა თანამედროვე გაგებით. სწორედ ის პოლიტიკა, რომლის დროსაც არ ვიცით ვიტიროთ თუ ვიცინოთ, მივდიოთ თუ თავაი ვანებოთ, მივიღოთ თუ უარვყოთ – დაიბადა შვიდ ბორცვიანი ქალაქის ქუჩებში სადაც ხალხს გამოჩენილი ორატორები, სარდლები და მეცნიერები, მწერლები და პოეტები ესაუბრებოდნენ და ისინი ყველა ერთ წამს, ერთ დროს, ისტორიის ერთ გაელვებაში გააჩერა თუ დაადუმა ქალაქელმა ავანტიურისტმა სახელად კლოდიუსმა.

გეტყვით თუ ვინ იყვნენ კლოდიუსის ოპონენტები, რომ მიხვდეთ ამ ახალგაზრდა კაცის დამანგრეველ თუ აღმშენებელ ძალას, რომლის მეშვეობითაც ოპონენტები დუმდნენ, რადგანაც კლოდიუსთან გადაკიდება პოლიტიკურ სიკვდილს უდრიდა.

დიდი ციცერონი – მარკუს ტულიუს, კონსტიტუციონალისტი, კონსული, ფილოსოფოსი და მწერალი, ორატორი, კაცი რომელმაც განავითარა ლათინური ენა, პროზა და პოეზია, შექმნა პოლიტიკური ორატორიის რომაული სკოლა –  სწორედ  კლოდიუსმა გადაასახლა და სიკვდილით დააშინა.

დიდი გნეუს პომპეუსი – სიცილიის, აფრიკის, ევროპის, პონტოს, იბერიის, არმენიის, ალბანელების დამმარცხებელი. ცნობილი სარდალი და საზოგადო მოღვაწე, ისე არავის უფრთხოდა როგორც კლოდიუსს, რომელიც ხშირად უშვერი სიტყვებით დასცინოდა პომპეუსს, მისი თანდასწრებით, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი არ იმჩნევდა სიბრაზეს და ცდილობდა კლოდიუსთან ურთერთობა შეენარჩუნებინა.

კატონი – ასევე სამყაროს დიდი სწავლული, ფილოსოფოსი, მწერალი და მოღვაწე.

დიდი იულიუს კეისარი – გალების, გერმანელების, აფრიკელების, პონტოელების და სხვების დამმარცხებელი, განუმეორებელი სარდალი და პოლიტიკოსი, სწორედ კლოდიუსთან ურთიერთობაში ისიც ჯერ იხევდა უკან, ხოლო შემდეგ მისი ფარული პარტნიორი გახდა.

კლოდიუსის საზოგადოებრივი კარიერა იმითა დაიწყო რომ იგი შეიპარა იულიუს კეისარის სახლში, ჩაიცვა ქურუმი ქალის ტანსაცმელი და იმგვარ საკრალურ შეხვედრაზე მოხვდა, სადაც კაცის გამოჩენა მკაცრად იყო აკრძალული.

„ბონნა-დეა“ – ერქვა კეისრის სახლში გამართულ რიტუალს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ქონდა რომის რესპუბლიკისათვის. ვესტალებს შორის კლოდიუსის გამოჩენა – ალბათ შემთხვევითი არ იყო. მართლაც რომის რესპუბლიკა ამის შემდეგ სისხლში და ქაოსში დაიხრჩობა და მის ადგილას რომის იმპერია წარმმოიქმნება. ხომ არ არის თავად კლოდიუსი მინიშნება იმისა რომ რესპუბლიკური რომი უნდა დინგრეს?

ახალგაზრდა რომაელი მამაკაცის შეჭრა ქალ-ქურუმთა შეკრებაზე მალე აღმოაჩინეს, კლოდიუსს დაედევნენ, იგი გაიქცა და მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი აღძრეს, რომელზედაც  თავად ციცერონი აქტიურობს.

მარკუს ტულიუს ციცერონი, თავის თავს რომის დამცველს უწოდებდა, იგი იყო რომის რწმენის ერთგული მსახური. შესაბამისად რომის საკრალური კულტის შეურაცმყოფელი ახალგაზრდა კლოდიუსი, ციცერონის შრომით უნდა დასჯილიყო. გავარდა ხმა – იულიუს კეისარს ცოლი, სწორედ კლოდიუსთან ღალატობდაო.  კეისარმა თავი აარიდა მისი ოჯახის შეურაცხმყოფლის დასჯას.  გაკვირვებულმა ციცერონმა, კეისარის ამგვარი ქცევა არამზადა კლოდიუსის დაცვად შესაფასა, მაგრამ თვითონ როგორც ჩვეული იყო რომის მტრის წინააღმდეგ თავისი პოლიტიკურ-სამართლებრივი კამპანია დაიწყო.

 ციცერონმა, როგორც მას მუდამ სჩვეოდა, არაჩვეულებრივი სიტყვა მოამზადა, გარყვნილი ახალგაზრდას წინააღმდეგ რომელმაც რომს პატივი აჰყარა. მართლაც „ბონეა – დეას“ ქურუმთა საქმიანობას ძალიან დიდი გამოძახილი ჰქონდა მარადიულ ქალაქში. კლოდიუსის ქცევა კი შემარცხვენელი იყო. ვესტას ქალწულთა შორის ამ გარყვნილი კაცის გამოჩენამ ააფორიაქა რესპუბლიკა და რომის დაუმარცხებელი ჯარი, რომლისთვისაც თავგანწირვა და ფასეულობები მტკიცე საფუძველი გახლდათ სიცოცხლესა და სიკვდილისათვის.

ამ დროს სამარცვინოდ იქცევა თავად იულიუს კეისარი – მან ფაქტიურად ცოლის საყვარელს დახმარება გამოუცხადა. ეს მეტად საეჭვო, სასიყვარულო აფერა, ამგვარად – გარყვნილი კლოდიუსისათვის პოლიტიკური ასპარეზის მოპოვებად გადაიქცა.

იულიუს კეისარმა, რომელიც იმ დროს ტრიუმფატორი და რომის მბრძანებელი გახლდათ, კლოდიუსს ფარულად თანხები გამოუყო, რათა იგი სასამართლოსაგან იმით ეხსნა რომ რომის სენატის წევრად ექცია. ციცერონი რომელიც სასამართლოზე წყევლიდა და ანადგუებდა კლოდიუსს, გაოცებული იყო იმ ფაქტის გამოვლენით , რომ ეს ახალგაზრდა „ბიჭი“ ფაქტიურად იმ დროის „მაჩო“, ფარულად ხმებს ყიდულობდა, რათა რომის სენატორი გამხდარიყო.

ციცერონს მიაჩნდა რომ რომის სენატორი განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოვებული კაცი უნდა ყოფილიყო, ხოლო კეისარს მიაჩნდა რომ რომის სენატორი შესაძლოა ყოფილიყო „ბიჭი“ რომელიც მისი ცოლის საწოლში შეიპარა ღამით და შესაბამისად, მოხვდა, ქალ-ქურუმთა შორის, საკრალური პროცესიის აღსრულებისას.

ამგვარად იულიუს კეისარი, კლოდიუსზე არანაკლები არამზადა იყო. მან ფაქტიურად, ამ პროცესშიც დაადასტურა, რომ მისთვის არაფერი იყო ფასეული. მისთვის როგორც ბილოგიური არსებისათვის არ არსებობდა რწმენა და იდეალები. მაგრამ იყო სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც იმის შესაცნობად თუ რა ხდებოდა იულიუს კეისრის სულში და მის ტვინში.

მარკუს ტულიუს ციცერონი, რომ დიდი ბრძენი პოლიტიკოსი გახლდათ, ამას მტკიცება არ სჭირდება. იგი რომის „მსახურად“, მისი ფასეულობების მცველად განიხილავდა საკუთარ თავს, მაშინ როცა იულიუს კეისარს, რომის მცველები გულის სიღრმეში სძულდა კიდევაც. რატომ?

კეისარი, სუბიექტურ გრძნობებს მიჰყვებოდა. მისი მეგობარი გახლდათ ცნობილი სარდალი და ასევე ავანტიურების მოყვარული გაიუს ანტონიუსი, რომელიც მანამდე მაკედონიის გუბერნატორი იყო. სწორედ აქ მოუსწრო ანტონიუსს, ციცერონის მსახვრალმა ხელმა და მისმა მბრწყინვალე გონებამ. კორუბციაში და მაკედონიის ძარცვაში მხილებული ანტონიუსი  –  ციცერონმა მიზანში აიყვანა. „ძირს მაკედონიის ღუბერნატორი“ – ალბათ ასეთი იყო ბრძენი რომაელის მოწოდება, რომელსაც მაკედონელებიც გამოეხმაურებოდნენ – რომ არა საინფორმაციო საშუალებების შეზღუდულობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 55-45 წლებში, როდესაც ციცერონი აღმშენებლობის ცეცხლით იწვოდა და მსოფლიოში რომის დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისათვის იბრძოდა.

ანტონიუსი და კეისარი რომის ფასეულობებისათვის დამცველის წინააღმდეგ განეწყვნენ. რადგან ციცერონის ორატორიის ყველას ეშინოდათ , მათ, საკუთარი ოჯახების შემრყვნელი, კლოდიუსი სენატორად აქციეს და ციცერონს, როგორც ავი ძაღლი „მიუჩინეს“.

ამგვარად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 55 წელს, შეიქმნა ურბანული, ქალაქური, გარყვნილი, ინცესტითა და სოდომური ქცევით პოპულარული – პოლიტიკური ბრენდი სახელად კლოდიუსი. ვინ იყო ეს კაცი?

კლოდიუსი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 93 წელს დაიბადა. მამამისი ცნობილია ვინც იყო, მაგრამ დედა არა. შესაძლოა კლოდიუსის დედიკო ძალიან მაღალი რანგის ქალბატონიც იყო, მაგრამ ფაქტია რომ კლოდიუსი დედას არ გაუზრდია. მას ყავდა მაღალი რანგის ნათესავები რომლებიც ამ უკანასკნელს ეხმარებოდნენ. ამბობენ კლოდიუსი, პონტოს მეფის მითრიდატეს წინააღმდეგ სახედრო კამპანიაში მონაწილეობდაო. მაგრამ აქაც კლოდიუსი თავის თავს არ ღალატობდა და რომის გენიალური სარდლის ლუკულუსის ცოლის შეცდენით იყო დაკავებული. ლუკულუსი შემდეგ გაეყარა კიდევაც თავის მეუღლეს და რომში დასახლდა. ცნობილია ქეიფის ტიპი- „ლუკულიები“, რომელსაც პონტოს მეფე მითრიდატეზე გამარჯვებული ლუკულუსი რომში ატარებდა. ამ ყოველივეში კლოდიუსსაც ქონდა თავისი წილი. ლუკულუსის ცოლთან გამართულ სასიყვარულო კავშირის შემდგომ კლოდიუსი მცირე აზიის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობდა, აქ იგი მეკობრეებმა ჩაიგდეს ტყვედ. ჯარის სარდალი მისგან ვერ დადგა. რაღაცა აკლდა. სტრატეგი არ იყო, არც ტაქტიკოსი. მეკობრეებმა დაამარცხეს. მაგრამ ისევ და ისევ ქალებმა უშველეს. პონტოს მეფის ერთ-ერთმა დედოფალმა კლოდიუსი ისე შეიყვარა , რომ მეკობრეებისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ამბობენ მეკობრეებმა იგი გამოსასყიდის გარეშე გაანთავისუფლესო. რატომ? ეს ცნობილი არ არის. ბევრ ეჭვს კი ბადებს.

ნაომარი და მეკობრეებისაგან განთავისუფლებული ახალგაზრდა კაცი რომში ბრუნდება, არცერთი ქალაქი არ აუღია, თავი ომში ვერ გამოიჩინა, მაგრამ იულიუს კეისრის ცოლის საწოლი კი დაპყრო. ეს საწოლი მას შედგომ „პოლიტიკოსად აქცევს“, რადგანაც თავად ქალის ქმარი, დიდი კეისარი, მას ფულებს უგზავნის და მგზნებარე პოლიტიკოსის ციცერონის წინააღმდეგ  პოლიტიკურ დებატებში გზავნის.

ციცერონი, მიხვდა რომ მოატყუეს. მტრებმა გველურად მახვილი ჩასცეს და მის წინააღმდეგ „სამარცხვინო კაცი“ წინ წამოსწიეს. რა ექნა დიდ ციცერონს, მიუბრუნდა სენატში – იულიუს კეისარს და მწარედ გალანძღა. ერთ საათს მოუნდა კეისრის გაქიაქებას რომის დიდი პოლიტიკოსი, მაგრამ კლოდიუსი მას სიტყვას ხშირად აწყვეტინებდა და სარკაზმით, ფურთხებითა თუ ზმუილით სენატორებს აკვირვებდა.

სულ მალე, არცერთ ბრძოლაში სახელგანთქმული კლოდიუსი – პოლიტიკური დებატების პროფესიონალი გახდა. თავი მოინათლა როგორც უბადლო „სახალხო ნეხვმა“.  მიიქცია ყურადღება როგორც უმდაბლესმა პოპულისტმა, რომელიც დღე სენატში ყელმოღერებული იჯდა ხოლო ღამე საროსკიპოებში იწვა.

 ვერავინ იტყოდა რომ კლოდიუსი გაუნათლებელი იყო. იგო ხომ რომაელი გახლდათ. ბევრი რამ ამ ქალაქის საეჭვო ქუჩებში ქონდა მოსმენილი. ალბათ წიგნებითაც ერთობოდა ერთ-ხანს. მდიდარ ქალებთან ურთიერთობა უყვარდა. გარეგნობით მომხიბლავი იყო. ქალებს და კაცებს ერთნაირად იზიდავდაო ამბობენ. უნივერსალური საყვარელი იყო, ამბიცია ბავშვობიდან დაჰყვა, მიზანი იულიუს კეისარმა შეუქმნა. პოლიტიკურ კაპიტალს თანდათანობით იკრებდა. ხუმრობა კი არ იყო, მსოფლიოს ერთ ყველაზე დიდ კაცს მარკუს ტულიუს ციცერონს ებრძოდა, ეს ნეხვი.

აქეთ ციცერონი და იქით ნეხვი  – აი როგორი ბრძოლა იყო. წარმოიდგინეთ ხშირად ნეხვი იმარჯვებდა და საწყალი ციცერონი, ადამიანთაგან განწირული გარბოდა.

მარკუს ტულიუს ციცერონი – სამყაროს გენიოსი როდესაც იულიუს კეისრის შეთქმულებას გადააწყდა ჯერ გაოცდა, შემდეგ იფიქრა კეისარი ალბათ შეცდა და თავისივე შეცდომას თვითონ გამოასწორებსო, შემდეგ კი დარწმუნდა რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ გამიზნულად კეთდებოდა და გაოგნდა.

ცოტა ხნით ადრე, კლოდიუსი კეისრის დავალებით ერთმა პლებეურმა ოჯახმა იშვილა. კლოდიუსი არისტოკრატი იყო, მაგრამ მას პლებეების პოლიტიკაში შესვლა ეწადა და ამგვარად იგი დიდ აურზაურეს მოაწყობდა რომის ურბანულ, ბინძურ პოლიტიკაში.

ციცერონმა მიხვდა რომ კლოდიუსის „პლებეური გაშვილება“, იმიტომ მოხვდა, რომ ის ტრიბუნად აერჩიათ.

ციცერონმა 10 ჯერ გაილაშქრა ამ ახალგაზრდას წინააღმდეგ სენატში და გაახსენა სენატორებს კლოდიუსის გარყვნილი საქმენი და თქვა „რა ადასტურებს იმას, რომ კლოდიუსი იქნა ნაშვილები? იცით, რომ ოჯახი, რომელმაც კლოდიუსი იშვილა, ასაკით უფრო ახალგაზრდა წევრებისაგან შედგება, ვიდრე ის თავად გახლავთ. ასეთი რამ ხდება საერთოდ?“.

მიუხედავად ციცერონის ლოგიკური მტკიცებისა, ჩვენი წელთაღრიცხვამდე 58 წელს კლოდიუსი ტრიბუნი გახდა და ციცერონის საქმიანობის გამოიძიება-შეფასება უმალ დაიწყო.

ტრიბუნს შეეძლო ვეტო დაედო სენატორების საკანონმდებლო ინიციატივებისათვის. მას ასევე შეეძლო შემოეღო კანონები და დაეხურა სენატის სესიები. აი რატომ იყო კლოდიუსი კეისრის საიდუმლო იარაღი.

ტრიბუნად გახდომის შემდეგ კლოდიუსმა შეუტია ციცერონს და არა მარტო მას, იგი მისწვდა მეორე რომაელ ფილოსოფოსსა და მოღვაწეს – კატონს, რომელიც პროვინციაში გაგზავნა. მიუტრიალდა პომპეუსს და იგიც დააშინა. რაც მთავარია , სენატმა, ამ ნეხვის ბრალდებით, ციცერონის გადასახლების დადგენილება მიიღო.

ციცერონი გადაასახლეს. პომპეუსი დადუმდა. კატონი გაუჩინარდა. იულიუს კეისარი გალიაში ომობდა. რომს – ამ შვიდ ბორცვიან მარადიულ ქალაქს და მის პოლიტიკას ერთი კაცი მართავდა, ეს იყო უტიფარი კლოდიუსი, რომელმაც სხვა სენატორებიც შეავიწროვა და მრავალს სახლი წაართვა. სამაგიეროდ პური დაარიგა. მიიღო კანონი პურის გაცემის შესახებ და ხალხის სიყვარული დაიმსახურა.

მალე კლოდიუსმა განგსტერული ფორმირება შექმნა. ცოტა სამხედრო გამოცდილებაც ქონდა. ომის სარდლად არ ვარგოდა, მაგრამ პოლიტიკური ბანდიტიზმის სარდლად ივარგა. უამრავს წაუჭირეს ყელში ხელი მისმა მონებმა და გლადიატორებმა. „მიახრჩვეთ“ „მოახრჩვეთ“ – იძახდა ტირანი კლოდიუსი და გრძნობდა რომ განწურული იყო. პომპეუსისაც კი არ ეშინოდა. რომელიც იმ პერიოდში მსოფლიოში ყველაზე დიდ სარდლად იყო აღიარებული.

პომპეუსი დუმდა. იგი თავის სასახლეში იმალებოდა. კლოდიუსს შეეშალა რომ პომპეუსიც არ მიახრჩობინა, მაგრამ ამ პერიოდში მისი უჩინარი პარტნიორი იულიუს კეისარი, რომელიც გალების სისხლს ღვრიდა, ჯერ კიდევ პომპეუსის ნათესავი გახლდათ.

ციცერონი და კატონი ამასობაში ერთმანეთს წერილებს წერდნენ და რომში საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენაზე ოცნებობდნენ. ციცერონს რომის დიდების აღდგენის გარანტად მშვიდი და წესიერი კაცი, დიდი გნეუს პომპეუსი მიაჩნდა. თავიდანვე ცხადი იყო რომ მათი მთავარი მტერი კლოდიუსი და მისი უჩინარი პატრონი – გაიუს იულიუს კეისარი სახელმწიფოს გადასატრიალებლად იღწვოდნენ.

ჩენს წელთაღრიცხვამდე 52 წელს, აპიანეს გზაზე ერთი მხრიდან მოჰქროდა მონებით გარშემორტყმული კლოდიუსი, ხოლო მეორე მხრიდან პოლიტიკური აგიტატორი მილო, რომელსაც გლადიატორები ახლდა თან. ორმა პოლიტიკოსმა ერთმანეთს შეხედეს. კლოდიუსი ამგვარ ბრძოლებში მუდამ იმარჯვებდა და მისმა მონებმა მილოს გლადიატორებს შეუტიეს. გლადიატორებმაც არ დაახანეს და კლოდიუსი შუბით დაჭრეს. მოგვიანებით კლოდიუსი გარდაიცვალა. მისმა მეგობრებმა იმგვარი უგუნურება და ამპატავნობა გამოიჩინეს, რომ კლოდიუსის ცხედარი სენატის დარბაზში საჯაროდ დაწვეს, რამაც სენატში ხანძარი გამოიწვია და კლოდიუსთან ერთად რომის სენატიც დაიფერფლა.

კლოდიუსის გაქრობით მისი საქმე არ დამთავრებულა, პირიქით დაიბადა „ნეხვის პოლიტიკა“, რომელიც მოწოდებულია გადააშენოს ნებისმიერი საღი აზრი და გადაწვას ყველა სენატი თუ პარლამენტი.

კახაბერ ჯაყელი

2016

 

 

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: