Posted by: burusi | 12/05/2016

ივან ბუნინი “მზის დაკვრა”

Bunin Ivan

ივან ბუნინი “მზის დაკვრა”

ნასადილევს მზით გაჩახჩახებული სასადილოდან გემბანზე გამოვედით და გემის მოაჯირთან გავჩერდით. ქალმა თვალები მილულა, ლოყებზე ხელისგულები მიიჭირა და უბრალოდ, მომხიბვლელად გაიცინა (მართლაც რომ ყველაფერი მომხიბვლელი იყო ამ პატარა ქალში!):
– მგონი დავთვერი… მაინც, საიდან გაჩნდით? ამ სამი საათის წინ თქვენს არსებობაზე წარმოდგენაც არ მქონდა. სად ამოხვედით? ალბათ, სამარაში? ნეტავი, მე მეხვევა თავბრუ თუ გემმა შეუხვია?
წინ უკუნეთი წყვდიადი იწვა, აქა-იქ გაბნეული სინათლეების მეტი თვალსაწიერზე არაფერი ჩანდა. სახეში თბილი, ძლიერი ქარი სცემდათ, გარბოდნენ და გარბოდნენ სინათლეები უკუნეთი სიბნელისაკენ. გემმა წყალში ფართო წრე მოხდენილად მოხაზა და გეზი პატარა ნავმისადგომისაკენ აიღო.
პორუჩიკმა ქალს ხელში ხელი მოჰკიდა და ტუჩებთან მიიტანა – პატარა, მაგრამ ღონიერ, შაAვად გარუჯულ ხელს მზის სურნელი სდიოდა. მთელი ერთი თვე სამხრეთის მზეში ზღვის გახურებულ სილაზე წოლისაგან (ხომ თქვა, ანაპიდან მოვდივარო!) ამ უხეში ტილოს კაბის ქვეშ, ალბათ, რა მკვრივი, რა შავგვრემანიაო, – ამის გაფიქრებაზე პორუჩიკს გული შიშითა და ნეტარებით შეუთრთოლდა და თითქმის ჩურჩულით უთხრა:
– ჩავიდეთ!
– ჩავიდეთ? სად?
– აი ამ ნავსადგურში.
– რატომ?
პორუჩიკმა ერთხანს იყუჩა.
ქალმა ხელისგულები კვლავ ანთებულ ლოყებზე მიიჭირა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
– სიგიჟეა…
– ჩავიდეთ… – გაიმეორა პორუჩიკმა უაზროდ, – გემუდარებით, ჩავიდეთ…
– აჰ, როგორც გენებოთ, – უთხრა ქალმა და მიტრიალდა.
სწრაფად მიმავალი გემი ოდნავ განათებულ ნავმისადგომს ნელა დაეჯახა და ქალი და პორუჩიკი ერთმანეთს მიაწყდნენ. ამ დროს მათი თავების ზემოთ ბაგირის ბოლომ გადაიქროლა, გემი ერთბაშად უკან გადაქანდა, ნაკვალევზე წყალი ათუხთუხდა, საბიჯელას ხრიგინი გაისმა და, ვიდრე ქალი აზრზე მოსვლას მოასწრებდა, პორუჩიკი უკვე ბარგის მოსატანად გარბოდა.
და აი, ერთ წუთსაც არ გაევლო, რომ საძილე კანტორულა უკვე გაიარეს, სქლად მოსილულ ნაპირზე გადავიდნენ და იქვე მდგარ დამტვრიანებულ ღია ეტლში ჩასხდნენ. მთისაკენ წაფერდილ პატარა აღმართზე, შორი-შორს ჩარიგებულ, მიღრეცილ-მოღრეცილ ფარნებს შორის, მტვრის კორიანტელში გახვეული გზა უსასრულო ეჩვენათ. ბოლოს, როგორც იქნა, ის აღმართი აიარეს, ხიდურზე ჭრაჭუნით გადავიდნენ და ერთ მომცრო მოედანს მიადგნენ. მოედანზე სათვალთვალო კოშკი იდგა, იქვე იყო საკრებულოც, ირგვლივ ღამეული სამაზრო ქალაქისათვის დამახასიათებელი საშინელი ბუღი და სურნელი ტრიალებდა… ბოლოს მეეტლემ ეტლი ერთ განათებულ სადარბაზოსთან გააჩერა და სადარბაზოს ღია კარში ფიცრის ძველი, ადამისჟამინდელი კიბე გამოჩნდა. ვარდისფერ, გვერდზე ჩაღილულ ხალათსა და სერთუკში გამოწყობილმა მოხუცმა ლაქიამ ბარგი უხალისოდ აიღო და ბებრულად წაფლატუნდა. ბოლოს სასტუმროს ერთ მოზრდილ, მეტისმეტად ჩახუთულ, მთელ დღეს მზისაგან გავარვარებულ ნომერში შევიდნენ. ფანჯრებზე თეთრი ფარდები ეკიდა, სარკის სადგამებში ორი მთელი სანთელი იდო. ლაქიამ კარი გაიკეტა თუ არა, პორუჩიკი ქალს ისე გაშმაგებული ეცა, ორივენი ისე გახელებულები ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, რომ მრავალი წლის შემდეგაც არ ავიწყდებოდათ ის განცდა – მთელ თავის სიცოცხლეში არც ერთსა და არც მეორეს მსგავსი არასოდეს არაფერი განეცადა.
მეორე დღეს, ის პატარა, უსახელო ქალი, რომელმაც ბოლომდე არ გაამხილა თავისი არც სახელი და არც ვინაობა, და რომელიც თავის თავს მშვენიერ უცნობ ქალს ეძახდა, მზით გაბრდღვიალებული, ხალისით სავსე, ეკლესიის ზარებით, სასტუმროს წინ მოედანზე გამართული ხმაურიანი ბაზრით, თივის, კუპრისა და რუსული სამაზრო ქალაქისათვის დამახასიათებელი სურნელით გაჯერებული ქალაქიდან დილის ათ საათზე გაემგზავრა. იმ ღამეს არც ერთსა და არც მეორეს თითქმის არ უძინია, მიუხედავად ამისა, დილას, წამოდგა თუ არა, ქალმა ხუთ წუთში დაიბანა, ჩაიცვა, დაიხურა და საწოლის წინ მდგარი შირმიდან ჩვიდმეტი წლის გოგოსავით ქორფა და ცინცხალი გამოვიდა. რაიმე უხერხულობას თუ გრძნობდა? არა, არა მგონია, ყოველ შემთხვევაში, თავი ძველებურად სადად და მხიარულად ეჭირა, ეგ არის, ახლა თითქოს ცოტა უფრო დადინჯებული ჩანდა.
როდესაც პორუჩიკმა სთხოვა, გზა ერთად განვაგრძოთო, ქალმა უარი უთხრა:
– არა, ძვირფასო, არა, თქვენ დარჩით და მეორე გემს გამოჰყევით, ერთად რომ წავიდეთ, ყველაფერს გავაუფასურებთ, ეს კი, ვიცი, გულს ძალიან მატკენს… გეფიცებით, ისეთი სულაც არა ვარ, როგორიც, ალბათ, თქვენ გგონივართ. რაც ახლა მოხდა, ჩემს ცხოვრებაში მსგავსიც არაფერი ყოფილა, დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ არც მომავალში განმეორდება. ეტყობა, რაღაც დამემართა, ჩანს, გონება დამიბნელდა, ან, უფრო სწორად, ორივეს – მეცა და შენც მზემ დაგვკრა…
მართლაც, პორუჩიკი როგორღაც იოლად დაეთანხმა ქალს. ნავსადგურამდე ისე მიაცილა, შესანიშნავ გუნებაზე იყო. გემი, ის-ის არის, ნავსადგურიდან გასვლას აპირებდა, გემბანზე პორუჩიკმა ქალს ყველას თვალწინ აკოცა და ფიცარნაგზე გადახტომა ძლივს მოასწრო, რომ ფიცარნაგიც აიღეს.
პორუჩიკი სასტუმროშიც ასევე მხიარული და უზრუნველი დაბრუნდა, მაგრამ, ნომერში შევიდა თუ არა, უცნაურ გუნებაზე დადგა, თითქოს ყველაფერი შეცვლილი ეჩვენებოდა, ყველაფერი ეუცხოვებოდა. ყველაზე საოცარი ის იყო – მართალია, მთელი მისი არსება ჯერ ისევ იმ ქალით იყო სავსე, მაგრამ თან რაღაც აუტანელ სიცარიელესაც გრძნობდა. ოთახში ჯერ ისევ იმ ქალის საუცხოო ინგლისური სუნამოს სურნელი ტრიალებდა, მის მიერ სანახევროდ შესმული ჩაის ფინჯანი ჯერ ისევ მაგიდაზე იდგა, თვითონ კი უკვე სადღაც შორს იმყოფებოდა… ამის გაფიქრებაზე პორუჩიკს გული უცებ ისე ნაზად შეუქანდა, ჯიბიდან მაშინვე სიგარეტი ამოიღო და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
– რა უცნაური ამბავია! – თქვა პორუჩიკმა სიცილით და თვალზე ცრემლი მოადგა. – “გეფიცებით, ისეთი სულაც არა ვარ, როგორიც ალბათ თქვენ გგონივართ… – მითხრა და ჩიტივით გამიფრინდა.
შირმა ისევ გადაწეული იყო, ლოგინი აულაგებელი და პორუჩიკმა იგრძნო, რომ ახლა მას, უბრალოდ, ძალა არ შესწევდა, ამ ლოგინისათვის ეცქირა. შირმა გადმოწია, ბაზრის ყაყანით თავგაბეზრებულმა ფანჯრები მიხურა, თეთრი, ნიავისაგან დაბერილი ფარდები ჩამოუშვა და დივანზე ჩამოჯდა: – “აჰა, გასრულდა ესე ამბავი ჩემი მგზავრობისა! მორჩა, წავიდა! ახლა ალბათ ზის მინის თეთრ სალონში ან დგას სადმე გემბანზე და მზის სხივებში მოზიმზიმე უზარმაზარ მდინარეს გასცქერის. უყურებს გემისაკენ მოცურავე ტივებს, ყვითლად მომზირალ მეჩეჩებს, ლურჯ ზეცასა და წყლის მოციმციმე შორეთს. მის თვალწინ ვოლგისპირეთის მთელი უსაზღვრო სივრცეა გადაშლილი… და, მშვიდობით, მშვიდობით სამარადჟამოდ… აბა, სადღა უნდა შევხვდე, ხომ არ დავადებ თავს და იმ ქალაქში არ წავალ, სადაც იგი თავის ქმარსა და სამი წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობს”, – გაიფიქრა პორუჩიკმა და ის ქალაქი, სადაც იმ ქალის ყოველდღიური ცხოვრება თავისი ჩვეულებრივი მდინარებით მიედინებოდა, როგორიღაც განსაკუთრებული, არაჩვეულებრივად საოცნებო, არაჩვეულებრივად სანუკვარი ეჩვენა. იმ აზრმა, ქალს მთელი მისი ცხოვრება იქ, იმ ქალაქში მოწყენილობასა და სიმარტოვეში უნდა გაეტარებინა, მათი ეს წუთიერი შეხვედრა, ვინ იცის, იქნებ, ხშირადაც გაეხსენებინა, თვითონ კი ამქვეყნიდან ისე უნდა წასულიყო, თვალიც ვეღარასოდეს მოეკრა, პორუჩიკი ერთობ გააოცა: – არა, არა, ეს შეუძლებელია, ეს რაღაც წარმოუდგენელი ამბავიაო! – გაიფიქრა და გულში ისეთი ტკივილი იგრძნო, უიმქალოდ სიცოცხლე ისე უაზრო და არაფრის მაქნისი ეჩვენა, რომ ერთბაშად ენითუთქმელმა სასოწარკვეთამ მოიცვა.
“ეს რაღა ღვთისწყრომა მჭირს! – პორუჩიკი დივნიდან წამოდგა და ისევ ბოლთის ცემას მოჰყვა. ცდილობდა, შირმისა და ლოგინისაკენ აღარ გაეხედა, – ეს რა ჯანდაბა მემართება?! ვითომ რა ისეთი განსაკუთრებული ქალია, ან რა ისეთი განსაკუთრებული მოხდა? არა, ნამდვილად მზემ დამკრა! რაც მთავარია, რა უნდა ვქნა, უიმისოდ ამოდენა ქალაქში, ამოდენა დღეს რა ჩამოლევს?”.
ქალი ჯერ ისევ ცხადლივ ედგა თვალწინ, მისი ყოველი უმნიშვნელო წვრილმანიც კი თვალნათლივ ახსოვდა, მისი მზემოკიდებული კანის სურნელი გონებიდან არ შორდებოდა. თვალწინ მისი უხეში ტილოს კაბა, მისი მკვრივი, ჯანსაღი სხეული ედგა, ყურში მისი წკრიალა, ხალისით სავსე ხმა ჩაესმოდა… მისი ქალური მომხიბლაობით გამოწვეულ ნეტარებას ჯერ ისევ არაჩვეულებრივი სიცხადით შეიგრძნობდა, მაგრამ, ყველაზე მთავარი მაინც ეს რაღაც ახალი, განუცდელი, მისთვის სრულიად აუხსნელი და გაურკვეველი გრძნობა იყო, რომელზედაც ჯერ კიდევ გუშინ, როცა ეს თავშესაქცევი ამბავი (როგორც მაშინ თავად ფიქრობდა) წამოიწყო, წარმოდგენაც არ ჰქონდა, და რომლის შესახებაც იმ ქალს ახლა უკვე ვეღარაფერს ეტყოდა, ვინაიდან ახლა ეს, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. არა, მაინც რა უნდა ვქნა? ამ ფიქრს, ამ გაუთავებელ მოგონებებს, ამ უსაშველო ტანჯვას როგორ გავუძლო? ამ ლურჯად მოლივლივე ვოლგის პირას (რომლის ტალღებსაც ის ვარდისფერი გემი და ის ქალი გაჰყვა) გაშენებულ ამ პატარა, ღვთისა და კაცისაგან მიტოვებულ ქალაქში ეს ამხელა დღე მარტომ როგორ დავაღამო? როგორმე თავს უნდა ვუშველო, რაღაც უნდა მოვიფიქრო, რაღაცით უნდა გავერთო, სადღაც უნდა წავიდეო, – გაიფიქრა პორუჩიკმა, სასწრაფოდ ქუდი დაიხურა, სტეკი აიღო, დეზების წკარუნით ცარიელი დერეფანი გაიარა, სადარბაზოს კიბეზე სირბილით ჩავიდა და იქვე გაოგნებული გაჩერდა – რა ექნა, სად უნდა წასულიყო? სადარბაზოს წინ ახალგაზრდა, ხიფთანში ხალვათად გამოწყობილი მეეტლე იდგა და პაპიროსს აბოლებდა. პორუჩიკმა მეეტლეს დაბნეულმა და გაოცებულმა შეხედა: “განა შეიძლება, კაცი ასე მშვიდად იდგე და პაპიროსს არხეინად აბოლებდე, ასეთი გულგრილი და უზრუნველი იყო? მთელს ამ ქალაქში ნუთუ მარტო მე ვარ ასე ეული და უბედური?!” – ამ ფიქრებში გართულმა პორუჩიკმა ბაზრისაკენ გასწია.
ბაზარი უკვე იშლებოდა. პორუჩიკმა საზიდრებს შორის, ნეხვსა და სიბინძურეში, კიტრით სავსე ურმებსა, გორად დამდგარ თიხის ჯამ-ჭურჭელსა და ქოთნებს შუა რამდენჯერმე აიარ-ჩაიარა. მიწაზე ჩამსხდარი დედაკაცები ერთმანეთს არ აცდიდნენ, ქოთნებსა და ჯამებს ძალისძალად აჩეჩებდნენ, თავიანთ საქონელს ისეთი თავგამოდებული აწონებდნენ, გლეხები ისე გაჰყვიროდნენ – აქეთ მობრძანდით, თქვენო კეთილშობილებავ, ქორფა კიტრი ინებეთ, საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის კიტრიო, ყოველივე ეს ისეთ სისულელედ, ისეთ უაზრობად ეჩვენა, რომ ბაზრიდან სულ კისრისტეხით გამოვარდა. აქედან იგი ახლა ტაძარში წავიდა. ტაძარში შემართული, ზეაწეული, ხალისიანი გალობა იდგა, მომღერლები მართლაც მოვალეობის მთელი შეგნებით გალობდნენ. მერე დიდხანს დაეხეტებოდა აღმა-დაღმა ფოლადისფრად შორს გაჭიმული მდინარის ნაპირას, ფლატეზე შეფენილ პატარა მოუვლელსა და ხელმიშვებულ ბაღში… კიტელის სამხრეები და ღილები მზეზე ისე გახურებულიყო, ხელს ვერ აკარებდა. ქუდის სარჩული ოფლით იყო გაჟღენთილი, სახე წითლად უვარვარებდა… სასტუმროში რომ დაბრუნდა, ქვედა სართულზე ვრცელ, გრილსა და ცარიელ სასადილოში შევიდა, ქუდი მოიხადა, ღია ფანჯარასთAან დაჯდა (ფანჯრიდან, მართალია, სიცხე შემოდიოდა, მაგრამ თან სასიამოვნო ნიავიც უბერავდა) და ყინულით შეგრილებული ბოტვინია შეუკვეთა… ირგვლივ ყველაფერი ხალისით, ბედნიერებითა და უსაზღვრო სიხარულით იყო სავსე – ეს თაკარა სიცხეც, ბაზრის სუნით გაჟღენთილი ეს პატარა უცნობი ქალაქიც და ეს ძველი სამაზრო სასტუმროც კი, მაშინ, როცა თვითონ გული ლამის გახეთქვაზე ჰქონდა. პორუჩიკმა რამდენიმე ჭიქა არაყი დაისხა და დალია. არაყს ახლად დამარილებული კიტრის მწნილს აყოლებდა და გრძნობდა, რომ მზად იყო, ხვალვე დაუფიქრებლად მომკვდარიყო, ოღონდ, რაღაც სასწაულის ძალით იმ ქალის დაბრუნება შესძლებოდა, თუნდაც ერთი, ეს ერთადერთი დღე მაინც გაეტარებინა მის გვერდით, რათა ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მაინც ეთქვა, რა ძლიერ, რა აღფრთოვანებით უყვარდა… რომ გეკითხათ, ამაში მისი დარწმუნება ასე რატომ ეწადა, ვერაფერს გეტყოდათ, ერთი კია – მისთვის ეს სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი გამხდარიყო.
– ნერვები სულ აღარ მივარგა! – ჩაილაპარაკა პორუჩიკმა და მეხუთე ჭიქა არაყიც დაისხა.
მერე ბოტვინია განზე გაწია, შავი ყავა მოითხოვა, პაპიროსს მოუკიდა და ფიქრს მიეცა: რა ქნას, როგორ მოიქცეს, ასე ანაზდეულად თავსდატეხილ სიყვარულს სად გაექცეს? მაგრამ, გრძნობდა, რომ გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო. მერე სასწრაფოდ წამოდგა, ქუდი და სტეკი აიღო, ფოსტა სად არისო, – იკითხა და აჩქარებული ნაბიჯით ფოსტისაკენ გასწია. მიდიოდა და გუნებაში დეპეშის ტექსტს იმეორებდა: – “ამიერიდან ჩემი სიცოცხლე – უკანასკნელ წუთამდე, კუბოს კარამდე თქვენ გეკუთვნით, გახსოვდეთ, იგი თქვენს განკარგულებაშია!” – მაგრამ, ფოსტა-ტელეგრაფის ძველ, სქელკედლებიან შენობას რომ მიუახლოვდა, თავზარდაცემული შედგა – მან ხომ იმ ქალის არც გვარი იცოდა, არც სახელი! სადილზე რომ ისხდნენ, გუშინ აკი რამდენჯერმე ჰკითხა კიდევაც, იმან კი სიტყვა ბანზე აუგდო:
– ვითომ რაღაში გჭირდებათ, რა გვარი ვარ და რა მქვია?!
ფოსტის გვერდით, კუთხეში, ფოტოსურათების ვიტრინა იყო. იგი დიდხანს იდგა და დიდხანს შეჰყურებდა დიდრონ სამხრეებიანსა და საუცხოო ბაკენბარდებიან, შუბლდაბალ, თვალებგადმოკარკლულ, ორდენებითა და ჩინ-მედლებით ფართო მკერდდამშვენებულ ვიღაც ახალგაზრდა სამხედროს საკმაოდ მოზრდილ პორტრეტს… რა უცნაური, რა საზარლად უფერული და ჩვეულებრივია ყოველივე, როცა გული განგმირული გაქვს, დიახ, განგმირული ამ რაღაც საშინელი “მზის დაკვრით”, ამ დიდი სიყვარულითAა და დიდი ბედნიერებით! მერე ახლად დაქორწინებული ქალ-ვაჟის სურათს დაუწყო ყურება. გრძელ ქურთუკში გამოწყობილ, თეთრჰალსტუხიან, მოკლედ თმაგაკრეჭილ ახალგაზრდას ქალისათვის ხელკავი გაეკეთებინა და მის გვერდით წელში ამაყად გაჯგიმული იდგა. იქვე, გვერდით, ვიღაც მშვენიერი, თამამი გოგონას პორტრეტი ეკიდა… ამ უცნობი, ბედნიერი და უზრუნველი ხალხის მიმართ მტანჯველი შურით გულგადალეულმა პორუჩიკმა გზას გახედა და “რა ვქნა, სად წავიდეო?” გაიფიქრა.
ქუჩაში თითქმის არავინ იყო. ქუჩის აქეთ-იქით თეთრი, ვაჭართა ერთსართულიანი, ბაღებში ჩაფლული, ტყუპისცალებივით ერთნაირი სახლები იყო ჩამწკრივებული, რომლებიც კაცს შორიდან უკაცრიელი ეგონებოდა. სახლებიცა და მტვრით გადათეთრებული ქვაფენილიც მხურვალე, მაგრამ აქაურობისათვის თითქოს სრულიად უცხო და უაზრო მზის ჩახჩახა სხივებში იყო გახვეული. გზა შორს, სადღაც ზევით-ზევით მიიწევდა და უღრუბლო, მზის სხივთა ანარეკლით მტრედისფრად განათებულ ცისკიდურს ებჯინებოდა… და იყო ამაში რაღAაც სამხრეთული – ქერჩს, სევასტოპოლს, ანაპას მოაგონებდა, ამ წუთას კი სწორედ ეს იყო მისთვის ყველაზე აუტანელი. უკან რომ გამობრუნდა, თავჩაქინდრული, თვალებმოჭუტული ბორძიკითა და ბარბაც-ბარბაცით მიაბიჯებდა სასტუმროსაკენ, საკუთარ ფეხებს დაჟინებით დასჩერებოდა, დეზები ერთმანეთში ებლანდებოდა.
სასტუმროში ისეთი დაღლილი დაბრუნდა, თითქოს მთელი თურქესტანი და საჰარა ფეხით ჰქონოდა გადავლილი. როგორც იქნა, უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და თავის დიდ, ცარიელ ნომერში შევიდა. ოთახი უკვე მიელაგ-მოელაგებინათ, ისე რომ, იმ ქალის ნაკვალევიც აღარაფერს ეტყობოდა, მხოლოდ ერთადერთი თმის სარჭიღა იდო ღამის მაგიდაზე. პორუჩიკმა კიტელი გაიძრო და სარკეში ჩაიხედა – ოფიცრის ჩვეულებრივი სახე, მზისაგან გამოთეთრებული ულვაშები, ღია ცისფერი თვალები გარუჯულ სახეზე კიდევ უფრო ღია და უფერული უჩანს, მეტისმეტი ნერვიულობისაგან თვალებს შლეგიანივით აფეთებს… მხოლოდ, თეთრი, ქათქათა, საყელოგახამებული ხალათი აძლევს არაჩვეულებრივად ჭაბუკურ, არაჩვეულებრივად უბედური ყმაწვილი კაცის იერს. ლოგინზე პირაღმა მიწვა და მტვრიანი ჩექმები იქვე საწოლთან მიყარა. ფანჯრები ღია იყო, ფარდები დაშვებული, დროდადრო მსუბუქი ნიავი წამოუბერავდა, ფარდებს ააფრიალებდა და ოთახში თუნუქის სახურავების ხვატს შემოიტანდა. პორუჩიკს ხელები თავქვეშ ამოეწყო, სივრცეს მისჩერებოდა, თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით სდიოდა. ბოლოს კბილს კბილი დააჭირა, თვალები დახუჭა და, როგორც იქნა, დაიძინა. კარგა ხნის შემდეგ თვალები რომ გაახილა, ფარდებს ჩამავალი მზის მოწითალო შუქი მოსდგომოდა, ნიავი უკვე აღარ ქროდა და ოთახში სიცხის საშინელი ბუღი ტრიალებდა. ერთბაშად ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს გუშინდელს აქეთ მთელი ათი წელიწადი გასულიყო.
ლოგინიდან აუჩქარებლად წამოდგა, პირი ნება-ნება დაიბანა, ფარდები ასწია, სამოვარი და ანგარიში მოითხოვა და ლიმონიანი ჩაი კარგა ხანს სვენებ-სვენებით წრუპა… მერე მსახურს მეეტლის ხმობა და ბარგის გატანა უბრძანა. ეტლის მზისაგან გამოხუნებულ, გაცრეცილ სავარძელში რომ ჯდებოდა, ადგა და ლაქიას ხუთმანეთიანი მისცა.
– თქვენო კეთილშობილებავ, მგონი, წუხელაც მე მოგიყვანეთ ამ სასტუმროში! – უთხრა მხიარულად მეეტლემ და სადავე შეაქანა.
ნავსადგურისაკენ მიმავალ დაღმართს რომ დაუყვნენ, ვოლგას უკვე ზაფხულის ბნელი, ლაინისფერი ღAამე ჩამოსწოლოდა, მდინარის მუქ ზედაპირზე აუარებელი ფერად-ფერადი სინათლე ციმციმებდა.

– ხედავთ, რა ზუსტად მოვედით! – მიელაქუცა მეეტლე.
პორუჩიკმა მეეტლესაც ხუთი მანეთი მისცა, მერე ბილეთი აიღოO და ნავსადგურში გაიარ-გამოიარა… და აი, გუშინდელივით კვლავ გაისმა ნავმისაბმელზე გემის ყრუ ჯახუნი, გუშინდელივით ისევ იგრძნო წყლის რწევით გამოწვეული ოდნავი თავბრუსხვევა, თავზევით ისევ გადაიქროლა ბაგირის ბოლომ, ისევ ათუხთუხდა უკან-უკან მიმავალი გემის ბორბლებქვეშ დგაფუნით წინ გაჭრილი წყალი… და ელექტროშუქით ყოველ კუთხე-კუნჭულში განათებული, სამზარეულოს სურნელით სავსე გემის ხალხმრავლობა პორუჩიკს გულს სალბუნად დაედო, არაჩვეულებრივი სითბო და სიმშვიდე იგრძნო.
ერთ წუთსაც არ გაევლო, რომ გემი უკვე თავაღმა, ზუსტად იმ მიმართულებით მიცურავდა, საითკენაც გუშინ დილას ის ქალი გაიტაცა.
შორს, თვალსაწიერზე ნელა იშრიტებოდა, თანდათან ბინდი ეპარებოდა ზაფხულის ლურჯ დაფიონს, ფერად-ფერადად, მდოვრედ, მწუხრისფრად ირეკლებოდა იგი მის დასწვრივ აქა-იქ ჯერ ისევ განათებულ, თეთრად მკრთომარე მდინარეში. გემის უკან კი მოლივლივებდა და მოლივლივებდა სიბნელეში გაბნეული სინათლეები.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: