Posted by: burusi | 02/05/2016

კახაბერ ჯაყელი – ებრაელთა მიერ ქართული ენის გადარჩენა მესხეთში

ჯაყელები, საფარა

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

ებრაელთა მიერ ქართული ენის გადარჩენა მესხეთში – ქართველთა და ებრაელთა კეთლმოყვარეობა – სამცხე-საათაბაგოში და ათაბაგთა ვაჭრობის წამახალისებელი კანონმდებლობა

ჯაყელთა 1000 წელი თავი 11

 

კახაბერ ჯაყელი

 

ქართველთა და ებრაელთა კეთილმოყვარეობა და თანაცხოვრება რომ არ მიმოვიხილოთ არც წინაპრებთან ვიქნებით მართლები და არც მომავალ თაობასთან. მცხთელმა ებრაელებმა საქართველოს სულიერ დედაქალაქში თავიანთი უბანი – „ჰურიათა“ შექმნეს და თავიანთი თავი ქართულ კულტურაში ჩააქსოვეს. დადასურებულია რომ მცხეთამდე ადრე ებრაელნი მესხეთის მიწას  შეეხიზნენ. სხვანაირად ვერც მოხვდებოდა. უფლის ჩვენი იესო ქრისტეს ჯვარცმის შემსწრე და შემდგომ ერუშალაიმიდან გამოძევებული ებრაელები არა მარტო მცხეთას, არამედ მტკვრის ხეობაში მყოფ ქართულ ციხე-დარბაზებს და მათ მფლობელებს დაუახლოვდნენ.

ებრაელები იცნობდნენ მესხებს, მათ ძლევამოსილ წარსულსა და აწმყოს. ბიბლიაში მოხსენიებულ ქართულ ტომთა შორის მეშეხსა და თუბალს განსაკუთრებით პატივს სცემდნენ ეს ბრძენი და განსაკუთრებით ჭირნახული ხალხი.

როგორც ცნობილია ებრაელები ძირითადათ ვაჭრობდნენ, მაგრამ მათ ფინანსურ გამჭრიახობას და ბუნებრივ გონიერებას, დიდი ცხოვრიებისეული გამოცდილებაც ახლდა თან. ებრაელებმა, მას შემდეგ რაც ისინი რომაელმა სარდალმა ტიტუსმა ერუშალაიმიდან გააძევა, ყველაზე ფასეულ მონაპოვართ შორის – ებრაული სკოლა შეინარჩუნეს. ებრაული სასწავლებელი, თუნდაც მცირე ზომის, სადაც თორის გადმოცემა, რწმენასთან ერთად გახდა ებრაული სამყაროს ახალი ღერძი. ისრაელი კი იყო დაკარგული, მაგრამ ეს ღერძი ებრაელს დიდ სულიერებას და ოპტიმიზმს შთააგონებდა.

ჩვენ ვიცით რომ საქართველოში თამარის გამეფების შემდეგ მნიშვნელოვან წილად დაისვა საკითხი საკანონმდებლო საქმიანობის ახლებურად მოწყობისა. 1184 წელს ქართველებმა მრავალი სოციალური ფენის წარმომადგენლობითი ორგანოს „კარავის“ დაარსება მოითხოვეს. ეს „კარავი“  მომავალში შესაძლოა პარლამენტი გამხდარიყო. ინგლისში პირველი პარლამენტი გაცილებით გვიან შეიქმნა. სიმონ დე მონფორმა ინგლისის მეფეს, მსგავსი „კარავის“ დაარსება მოგვიანებით მოთხოვა. თავისუფლების დიდ ქარტიას, ქართველებმა დაასწრეს და ამ მოძრაობას სათავეში მესხეთის მკვიდრი, საქართველოს სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი ედგა. მრავალი გამოჩენილი ისტორიკოსი, მათ შორის ჯაყელთა გენეალოგიის მკვლევარი -პროფესორი მიხეილ ბახტაძე ყუთლუ არსლანს ჯაყელად მიიჩნევს.  ამავე დროს ჩვენ მოვიძიეთ წიგნი რომელიც 1917 წელს გამოიცა თბილისში .  ამ წიგნში პირდაპირ არის მოხსენიებული ყუთლუ არსლანის წარმოშობა: „უპირველეს მოთავედ…გამოვიდა ყუთლუ-ასლან ჯაყელი.  წინაპარი ამ ჯაყელებისა იყო ბეშკენი ( 1045 წ.) მეათე-მეთერთმეტე საუკუნიდგან ერისთაობდნენ სამცხე-კლარჯეთს, სახელდობრ, არტანუჯსა და ყველს, აგრეთვე ახალციხის მხარეს — ჯაყისმანს. ამ ჯაყის მფლობელობისა გამო გაუგვარდათ ჯაყელობა. კორიდეთის სახარების წარწერებში იხსენიება მთელი რიგი ჯაყელებისა, სახელდობრ, მურვან I ბეშქენისძე † I070 წლ. ახლო ხანს (ქ. ცხ. 212), ბეშქენ II მურვანისძე † 1II8 წ., მურვან II და მისი შვილი ზემო ხსენებული ყუთლუ-ასლანი. ამ ყუთლუ ასლანმაო მოისურვა პარლამენტისებური წეს-წყობილება შემოეღო, მაგრამ ვერ განახორციელა“ (  თ ა მ ა რ  მეფე – გ ა მ ო ც ე მ ა ტფილისის ქართველ ქალთა საზოგადოებისა ტ ფ ი ლ ი ს ი მსწრაფლ-მბეჭდავი სტამბა ვ. ა. რუხაძისა, გაბაევის შესახ. №1. I9I7).

ყუთლუ-არსლანმა „კარავში“ მთავრებთან ერთად, ვაჭართა და ამქართა შეყვანა განიზრახა. როგორც ჩანს მას ფინანსური პოლიტიკის ღრმა ცნობიერება ჰქონდა გამომუშავებული. იქნებ მისი განათლება იძლეოდა ამის საშუალებას. ფაქტია რომ ყუთლუ-არსლანს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვაჭართა საზოგადოებასთან, რომელსაც იმ პერიოდში ცნობილი თბილისელი  ვაჭარი – ზანქან ზორაბაბელი წარმოადგენდა.

მართალია ყუთლუ არსლანის დასი დამარცხდა მაგრამ შემდგომში სამცხის სამთავროში ათაბაგებმა და მთლიანობაში მესხებმა, მომავალში განახორციელეს მრავალი საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა, რამაც ადგილობრივ და ებრაელ ვაჭართა ფენას მომძლავრების საშუალება მისცა და მათ ისეთივე უფლებები დაუკანონა რაზედაც ყუთლუ-არსლან ჯაყელი 12 საუკუნეში საუბრობდა.

აი მაგალითად ბექასა და აღბუღას სამართლის შესახებ ურბნელი ამბობს: „დიდი ვაჭარი უდრის ,,საპატიოდ მყოფს’’ აზნაურსა, მცირე-კი ისეთს, რომელსაც ,,საჩინო ხელი’’ არ აქვნდა. ცხადია, რომ ვაჭრების განსხვავებაც სამსახურისაგან წარმოსდგა და არა ნივთიერის შეძლებისაგან, თუმცა სხვაფრივ უნდა ყოფილიყო, რადგანაც ვაჭრობის დედა-ძარღვს ქონება და სიმდიდრე შეადგენს. მაგრამ რა-კი საათაბაგოში წოდებრივს ღირსების მოსაპოვებლად ,,საპატიო ხელი’’ აღიარეს, ვერც ვაჭრობა ასცდა საზოგადო მისწრაფებასა და მიმართულებას. რა ,,საპატიო ხელს’’ ასრულებდა ვაჭარი? სამართალი მხოლოდ ბჭობას იხსენიებს-,,კარგი, დიდი ვაჭარი ჭკვიანი იქნების და კარგად ეცოდინების ბჭობა და უსამართლოს არას იტყვისო’’ (მუხ. რა). რასაკვირველია, ,,ჭკვიანს’’ ბჭობას გარდა, სხვა ,,საპატიო ხელიც’’ შეეძლო, თუმცა-კი არა სჩანს რომელი. აღბუღა დიდის ყურადღებას აქცევს მრეწველობას და აღებ-მიცემობას. სასტიკად სჯიდა სამართალი, ვინც ვაჭარს გაძარცვავდა, მოჰკლავდა და ან დასჭრიდა: ბრალდებულს ,,ორკეცად’’ უნდა დაეურვა წანართმევი და სისხლი კიდევ სხვა იყო (მუხ. ჟ..).“ (ნ.ურბნელი: ათაბაგნი ბექა და აღბუღა და მათი სამართალი).

მესხეთის ათაბაგები განსაკუთრებით დიდი პატივისცემით ეპყორბოდნენ ებრაელ ვაჭრებს, რომლებსაც ასახლებდნენ ახალციხეში და მათ სავაჭრო ოპერაციებს დიდად უწყობდნენ ხელს. ცნობილია რომ ახალციხელი ებრაელი ვაჭარი, წელიწადში 5-ჯერ ასწრებდა ისპაჰანში, თავრიჟში, ვიზიტს და საქონლით უკან დაბრუნებას. ეს იმას ნიშნავდა რომ ისპაჰანისა და თავრიჟის, ხოლო შემდგომ სტამბულის ბაზრებიც ივსებოდნენ ქართული  საქონლით.

კი მაგრამ რა საქონელი შეეძლო ჩაეტანა, ქართველ, ებრაელ, სომეს, ბერძენ ვაჭარს მესხეთიდან ირანში ან ოსმალეთში? პირველ რიგში ცნობილი იყო ცხენის მოსართავები. თბილისური და ახალციხური მოსართავები, მხედარს სპარსეთშიც კი გამოარჩევდა. ქართული ნაკეთობით – ხვარაზმის ძლევამოსილი სულთანიც კი ამაყობდა. შემდგომ პერიოდში როდესაც დენთი გამოჩნდა, ახალციხელმა ხელოსნებმა ეს საქმე დიდად შეიყვარეს და როგორც ხალიბების მემკვიდრეებს ეკადრებათ, მსოფლიოში საუკეთესო ცივი და ცხელი იარაღის დამზადება დაიწყეს.

შესაბამისად ებრაელ ვაჭრებს ქართული იარაღი, განსაკუთრებით ახალციხური თოფი, მესხური დამბაჩა, ხერთვისული „ფიშტო“, ცნობილი თოფები აჭარიდან, მაჭახელიდან , ასევე სიათა თოფები დამზადებული ქალაქ ვალეში კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში და მათ შორის ირანშიც გაჰქონდათ.

ცნობილია რომ როდესაც სომეხი ვაჭრები 1828 წლიდან ახალციხეში რუსებმა ჩამოასახლეს, მათ ვერ შეძლეს ვაჭრობის იმგვარად აწყობა, როგორც ეს ახალციხელ და ებრაელ ვაჭრებს შეეძლოთ. ხალხი უკმაყოფილო იყო სომეხი ვაჭრების უხარისხო საქონლითო – ამბობს რუსეთის მოხელე ერთ-ერთ ცნობაში.

სამცხის ათაბაგები, მსგავსად მათი ერთ-ერთი წინაპრისა – ყუთლუ არსლანისა, ატარებდნენ ვაჭრობისა და ეთნოსების მხარდაჭერის პოლიტიკას. ვაჭრობის მხარდაჭერის პოლიტიკა დასტურდება ათაბაგების უკიდურესი სიმკაცრით ებრაელ ვაჭართა ხელყოფის მიმართ: „თუ ვაჭარსა, გზას მიმავალსა ან მომავალსა, საქონლის ნდომისათვის კაცი დახვდეს. . . და თუ გაძარცვასა შიგან კიდეც მოკლას, ორკეცი სისხლი უზღოს“.

ორკეცი სისხლის მიზღვა დამნაშავეს ძვირად დაუჯდებოდა. მთლიანობაში, როგორც ურბნელი წერს, ათაბაგები დამნაშავის სიკვდილით დასჯას მაინც ძალიან ერიდებოდნენ და მშვიდობის შენარჩუნებას  ახერხებდნენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ათაბაგთა პოლიტიკა ერთ-ერთ ყველაზე ტანჯული ებრაელი ერის მიმართ, რომელიც 26 საუკუნის წინ შემოვიდა საქართველოში. მთელს საქართველოში და ასევე მესხეთში, ვერ დასახელდება თუნდაც ერთი ფაქტი, რომელიც ებრაელთა შევიწროებას ასახავდეს. ვაჭარი ებრაელი უფრო მცირე გადასახადს იხდიდა ვიდრე სხვა კონფესიის წარმომადგენელი.

თუ შუა საუკუნეების ევროპის ქვეყნებში ებრაელი იზოლირებული იყო სახლმწიფო ცხოვრებიდან, საქართველოს კუთხეებში, თუნდაც სამცხე-საათაბაგოში, ებრაელი ვაჭარი ათაბაგთა კანონმდებლობით, საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობდა.

როდესაც სამცხის ათაბაგი აღბუღა ჯაყელი თავის საკანონმდებლო ძეგლში, მესხეთის კანონების კოდექსში წერდა – „ვაჭარი ჭკვიანი იქნების და კარგად ეცოდინების ბჭობა და უსამართლოს არას იტყვისო“, ამგვარი დემოკრატიული ფრაზა  იმ პერიოდის ევროპაშიც არავის უთქვამს.  წარმოიდგინეთ მეგობრებო: ბექას სამართალი შედგენილი უნდა იყოს 1295—1304, აღბუღასი — დაახლოებით 1381—86. სწორედ ამ პერიოდში საშინლად უსწორდებიან ებრაელ ვაჭრებს და ებრაელ ერს ევროპაში, განსაკუთრებით ინგლისში 1290 წელს , საფრანგეთში 1394 წელს, გერმანიას და იტალიაში მე-14 საუკუნეში, როცა მათ ასახლებენ თავიანთი საცხოვრისიდან და უცნობ ადგილებისაკენ მიერეკებიან.

ამ ფონზე ქართველები: ახალციხელები, მესხები ებრაელთა მიმართ მძლავრი სიყვარულითა და თანაცხოვრების კულტურით გამოირჩევოდნენ.

2015 წელს ძალიან საინტერესო წიგნი ამ თემაზე გამოსცა ქალბატონმა თინა იველაშვილმა, სახელწოდებით „ეთნიკური უმცირესობები სამცხე-ჯავახეთში“, რომელიც ხაზს უსვამ ებრაელთა დასახლების პუნქტებს მესხეთში. ქართულ კულტურასთან შესისლხორცებულ ებრაელებს უცხოვრიათ აბასთუმანში, ადიგენში, აწყურში, რომელთა სულიერი ლიდერი იოსებ კოკოშვილი 1845 წელს მიმართავდა რუსეთის ხელისუფლებას ებრაელთათვის ახალციხეში გადასახლების უფლება მიეცა.

განსაკუთრებით საინტერესოა ახალციხის ებრაელთა ბედი. ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: ოსმალეთის შემოსვლამდე ანუ „1630 წლამდე, …ებრაელნიც დიდს აღებ-მიცემის გზას ეთვისებოდნენ. ოსმალეთის დამორჩილებამ იგინი შეაფერხა, ვაჭრობის დიდ გზას ააცდინა და უბრალო აღებ-მიცემობა მისთვისა“(თინა იველაშვილის წიგნში  – ზაქარია ჭიჭინაძე, 2015).

მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა და რაზედაც ჭიჭინაძის გადმოცემით თ. იველაშვილი მოგვითხრობს ეს არის ფაქტი იმისა, რომ ახალციხეში ქართველებს, ქართული ენა, სწორედ ებრაელთა დახმარებით შეუნარჩუნებიათ.

„თუმცა დიდის წვალებითა და ძრწოლვით, მაგრამ ებრაელთა ახალციხეში გაიმაგრეს ფეხი, თავიანთი არ მოშალეს და იქ მის საშუალებით არც ქართული ენა მოისპო. ახალციხეს მან თავისუფლად მოაღწია 1829 წლამდე და მას შემდეგ ქართველ ებრაელთა მეოხებით ამ ენამ იწყო აღორძინება. სადაც ქართველ მაჰმადიანთა შორის ქართული ენა ადრიდანვე მოისპო. ქართველთ ებრაელთ უძველესი დროიდამ ქართული ენა შემოინახეს თვით აღმოსავლეთის უშორეს ქვეყნებში“.

მოლედ საფუძველი არ გვაქვს არ ვირწმუნოთ ზაქარია ჭიჭინაძის მონათხრობი, რომელიც თ. იველაშვილის წიგნშია გადმოცემული. ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ მადლობა ქართველ ებრაელებს იმისათვის, რომ ახალციხეში და დიდ მესხეთში მათ ქართული ენა შემოინახეს.

ამავე დროს უნდა დავინახოთ რამ განაპირობა ებრაელთა ასეთი დიდი სიყვარული ქართული კულტურის და ქართული ენის მიმართ.

დავიწყოთ ებრაული ისტორიული ფენის ძებნით ახალციხეში, რათა მივაკვლიოთ იმ დროს როცა ეს ბრძენი ხალხი ამ ქალაქში დასახლდა. პირველ რიგში საინტერესოა ის ფაქტი რომ ახალციხეში, უძველეს ლომსიაში არსებობდა უბანი სახელწოდებით – „ურები“.

ვახუშტი ბატონიშვილი წერდა : „ახალციხეს ერთვის ურებთან ბორჯომის ხევი, მისივე მთის გამომდინარე“. ქალბატონი იველაშვილი თვლის რომ ეს ადგილი „ურები“ შესაძლოა ებრაელთა უძველესი დასახლების კერა იყო. თუ ამ ცნობას დაუშვებთ მაშინ ეს ყოფილა უბანი „ჰურიათა“, სწორედ იმგვარი, როგორიც უძველეს მცხეთაში გახლდათ.

ოსმალთა ბატონობის დროს ებრაელები ახალციხეში, მთაზე, ციხე-სიმაგრის დასავლეთით სახლობდნენ. მათ თავიანთი სასაფლაო ჰქონდათ, რომელიც შემდეგ რუსთა მიერ ახალციხეში გადმოსახლებულ სომხებს  მიუთვისებიათ (იველაშვილი, 2015).  ებრაელებს თავიანთი მიცვალებულები ამოუთხრიათ და ცალკე გადაუსვენებიათ. სომხებს კი ებრაელთა საფლავების ქვები გაუზიდიათ და მისგან სახლები აუგიათ. საოცარი ფაქტია მაგრამ ფაქტია.

ახალციხეში, მტკვრის მარცხენა ნაპირას ებრაელებს რამოდენიმე სინაგოგა ჰქონიათ. „1835 წლის მონაცმებით, ახალციხეში ცხოვრობდა 623 ებრაელი, მათ ჰყავდათ ერთი რაბინი, ორი ხახამი. ი. ჩორნის ახალციხეში უნახავს 1741-1742 წლებში აგებული სინაგოგა, სადაც სკოლისმაგვარი დაწესებულებაც ყოფილა და ებრაულს ასწავლიდნენ. ახალციხეში ჰქონდათ 1522 წელს სალონიკში დაწერილი ბიბლია, რომელტანაც დაკავშირებული იყო ე.წ. მენდალიონის კულტი, სხვა ცნობიდან ჩანს რომ ახალციხის მახლობლად სოფელ მარდაში ყოფილა უძველესი სინაგოგა, რომელიც დიდი ხნის წინ სომხებს დაუნგრევიათ“ (თ. იველაშვილი, 2015).

ახალციხის გარდა ებრაელებს უცხოვრიათ და თავისი სალოცავი ჰქონიათ ისეთ მესხურ ალაგებში როგორიცაა: გოკია, დიგვირი, წუნდა, ბარალეთი, ხერთვისში. ამ უკანასკნელში ებრაელებს ასევე ჰქონიათ სინაგოგა.

  ახალციხის რაბათში არსებული სინაგოგა 1863 წელს არის აგებული, უფრო ძველი სინაგოგები ცნობილია, რომ 1741-42 წლებში აიგო, მაგრამ ჩვენ უნდა ვეძებოთ ასევე უძველესი სინაგოგის ნაშთები რომლებიც ნამდვილად იქნებოდა ახალციხის ჰურიათა უბანში, დღეს რომ „ურებად“ იხსენიებენ. ამის გარდა აღსანიშნავია უძველესი ქალაქი წუნდა,  რომელსაც ჰქონია უბანი სახელწოდებით – ჯიეჰუთ-იჰედია. უძველესი ქართული ქალაქის ამ წმინდა ადგილას, ჩვენს ძმებს ებრაელ ხალხს ნამდვილად ექნებოდა უძველესი სალოცავი.

კახაბერ ჯაყელი

აღდგომა-2016 წელი მაისი

ბიბლიოგრაფია

  1. თ ა მ ა რ მეფე – გ ა მ ო ც ე მ ა ტფილისის ქართველ ქალთა საზოგადოებისა ტ ფ ი ლ ი ს ი მსწრაფლ-მბეჭდავი სტამბა ვ. ა. რუხაძისა, გაბაევის შესახ. №1. I9I7. ინტერნეტ ვერსია დევს: http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/4996/5/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98.pdf
  2. ნ.ურბნელი: ათაბაგნი ბექა და აღბუღა და მათი სამართალი (იქვე:„სისხლის საქმე ათაბაგსა და მაწყურელს თანასწორად ეკითხოდათ და როცა ბრალდებული სისხლს ვერ დაიურვებდა,, გარდახვეწოს და მამული აქვნდეს პატრონსა ჯაყელსა და მაწყურელსა და ნახევარი გამოსავალისა მესისხლეს აჭამოსო’’ (მუხ. ბ).78“ )
  3. ბექა ჯაყელი და აღბუღა ჯაყელი (ბექას სამართალი შედგენილი უნდა იყოს 1295—1304, აღბუღასი — დაახლოებით 1381—86,) – „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“. 1672 წლის ხელნაწერი, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე.
  4. თინა იველაშვილი, 2015 ეთნიკური უმცირესობები სამცხე-ჯავახეთში. გამომცემლობა უნივერსალი. თბილისი.

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: