Posted by: burusi | 02/05/2016

დოდონა კიზირია – სახელმწიფო და ბუნება სოფოკლეს ტრაგედიაში “ანტიგონე”

ანტიგონე - ზინა კვერენჩხილაძე; კრეონი - სერგო ზაქარიაძე

დოდონა კიზირია – სახელმწიფო და ბუნება სოფოკლეს ტრაგედიაში “ანტიგონე”

სოფოკლესა და ვაჟა ფშაველას, ერთმანეთისგან 2500 წლით დაშორებულ გენიოსებს შორის განსაცვიფრებელი მსგავსება შეიძლება დავინახოთ. ვაჟას პოემების ფილოსოფიური პრობლემატიკა იმ დონეზეა, როგორც ეს მსოფლიოს უდიდესი მწერლების, შექსპირის, რასინის, გოეთეს შემოქმედებაში გვხვდება, მაგრამ ჩემთვის მასთან ყველაზე ახლოს ძველი ბერძნული ტრაგიკოსები, ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე დგანან. აქ საქმე გვაქვს არა იმდენად ფასეულობების მსგავსებასთან, თუმცა აქაც არის არაერთი თანხვედრა, არამედ პრობლემის მწვავე, ტრაგიკული კუთხით დანახვასთან.

როგორც ბერძნულ ტრაგედიებში, ვაჟას პოემებში წარმოდგენილია ქორო – ფშავ-ხევსურეთის ან ქიტეთის სოფელთა თემი. ისინი, როგორც ბერძნული ქორო, გვიხსნიან, ვინ ვინ არის, ადრე რა მოხდა, რეაგირებენ მოქმედი პირების საქციელზე და გამოთქვამენ თავიანთ ერთობლივ აზრს, წყევლიან ან ადიდებენ გმირებს თემური წეს-ჩვეულებების მიხედვით. როგორც ბერძნულ ტრაგედიებში, მათი შეფასება შეიძლება სრულიად ეწინააღმდეგებოდეს ავტორის შეფასებას. სტრუქტურულადაც კი, ზოგჯერ მოქმედებას განმარტავს, ბიძგს აძლევს ან რაღაც კრიტიკულ მომენტში ახალ მიმართულებას აძლებს მას მაცნე. აი, როგორ იწყება „ალუდა ქეთელაური“:

მაცნე მოიდა შატილსა:
– ქისტებმა მოგვცეს ზიანი…

როცა ფიქრობ, ანტიკურ სამყაროზე, იმდროინდელ დიდებულ, დღესაც გაუხუნებელ ქმნილებებზე, ძნელია დაიჯერო, რომ კაცობრიობას მათი მხოლოს ათი პროცენტიღა შემორჩა. გადმოცემის თანახმად, სოფოკლეს, „ოიდიპოს მეფის“ ავტორს ოთხმოცდაათამდე ტრაგედია აქვს დაწერილი, რომელთაგან მხოლოდ შვიდმა მოაღწია ჩვენამდე. მხოლოდ ამ ერთი ნაწარმოებით რომ ვიმსჯელოთ, წარმოგიდგენიათ, რა აურაცხელი სიმდიდრე გვაქვს დავკარგული?! მე ეს დღემდე ვერ გადამიხარშია!

უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი, ფრიდრიხ ჰეგელი სოფოკლეს „ანტიგონეს“ კლასიკური ტრაგედიის იდეალურ პარადიგმად თვლიდა. გაგახსენებთ მის შინაარს: ქალაქ თებეში სამოქალაქო ომში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ძმა, მეფე ოიდიპოსის შვილები, პოლინიკე და ეთეოკლე. ისინი შეებრძოლნენ ერთმანეთს სამეფო ტახტისთვის და ორივე ერთ დღეს დაიღუპა. თებეში გამეფდა მათი ბიძა, კრეონტი, რომელმაც ეთეოკლე პატივით დაასაფლავა. მაგრამ ვინაიდან პოლინიკემ ტახტის ხელში ჩასაგდებად უცხო ქვეყნის დაქირავებული ჯარი მოიშველია, კრეონტმა იგი მოღალატედ შერაცხა და მოსახლეობას აუკრძალა მისი დაკრძალვა, ანუ მის სულს მარადიული ხეტიალი მიუსაჯა. მიუხედავად მეფის ბრძანებისა, პოლინიკეს და, ანტიგონე გადაწყვეტს ძმა მიწას მიაბაროს. აი, ამ მომენტიდან იწყება ტრაგედიის პირველი აქტი. ზემოთ მოყვანილ ინფორმაციას კი ქოროს სიმღერიდან ან მოქმედი პირების სიტყვებიდან ვგებულობთ.

განრისხებული კრეონტი ბრძანებს ანტიგონე მიწისქვეშა გამოქვაბულში გამოამწყვდიონ. ამ დროს ქალქში ბრუნდება მისი ვაჟი და ანტიგონეს საქმრო, ჰემონი. გაიგებს რა საცოლის ბედს, იგი მამას სთხოვს გაანთავისუფლოს ოიდიპოსის ქალიშვილი. კრეონტი უარით ისტუმრებს შვილს და ცოტა ხანში მაცნეს მოაქვს მასთან შემზარავი ამბავი: ჰემონმა შეანგრია გამოქვაბულის კარი, დაინახა ანტიგონე, რომელსაც თავი ჩამოეხრჩო და თვითონაც ხმლით გაიპო გული. ეს ამბავი გაუგია კრეონტის ცოლს, დედოფლ ევრიდიკას და თავი მოუწამლავს. თავზარდაცემული კრეონტის უკანასკნელი სიტყვებია:

წამიყვანეთ აქედან, მომაშორეთ ამ ადგილს!
მე მოგკალით თქვენ, ჩემო შვილო და დედოფალო!
ვერავის შევთხოვ შველას:
ყველაფერი, რაც მქონდა, ხელიდან გამომეცალა;
და ეხლა ბედმა მე გადმომარფქვია ყველა ტანჯვა,
რომელთა გადატანა ჩემს ძალას აღემატება.

ამ ტრაგედიაში ერთმანეთს უპრისპირდება სახელმწიფო და ბუნება; ერთი მხრივ, ხელისუფლების მიერ დაწერილი და ამიტომ ცვალებადი და, მეორე მხრივ, ბუნების დაუწერელი და უცვლელი კანონები; გაორებულია ადამიანიც – ის არის მოქალაქეც და ოჯახის წევრიც. ეს მართლაც კლასიკური დაპირისპირებაა, რომელიც დღესაც გადაუწყვეტ პრობლემას წარმოადგენს. კრეონტი, როგორც მეფე სავსებით სამართლიანად აცხადებს პოლინიკეს მოღალატედ და სჯის მას, როგორც ასეთს. მაგრამ ანტიგონესთვის ის არის მისი ძმა, მისი სისხლი და ხორცი. ამიტომ მისთვის კრეონტის გადაწყვეტილება უსამართლოა და მარხავს პოლინიკეს, როგორც ამას ტრადიცია მოითხოვს, რათა მისი სული მარადიულ ხეტიალს გადაარჩინოს.

ანტიგონეს სიტყვებით სახელმწიფოს კანონები ადამიანზე ვრცელდება მანამ, სანამ ის ცოცხალია, მკვდარს კი მისმა ოჯახმა უნდა უპატრონოს. მაგრამ როდესაც ის მოქმედებს როგორც პოლინიკეს და, იგი არღვევს კანონს როგორც მოქალაქე. ასეთივე გამოუვალ სიტუაციაშია კრეონტი; როგორც მეფე, იგი ვალდებულია დასაჯოს მოღალატე. როგორც მამას, მას უნდა თანგრძნობა გაეწია შვილისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი უღალატებდა თავის თავს როგორც მეფეს და როგორც მოქალაქეს, რაც მისი უპირველესი ვალია სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის მმართველია. ის მტკიცედ იცავს თავის გადაწყვეტილებას – მისი ბრძანება ყველაზე უნდა ვრძელდებოდეს, გამონაკლისის გაკეთება საკუთარი შვილისთვის უსამართლობაა. მაგრამ ამით ის უარს ამბობს მამობასა და ქმრობაზე. ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო ის იქცევა პარადოქსულად – დაუმარხავად ტოვებს მკვდარ პოლინიკეს და მარხავს ცოცხალ ანტიგონეს.

განა ბრწყინვალედ არ არის საკითხი დაყენებული?! ეს არის გადაუჭრელი პრობლემა და ამიტომაც არის ტრაგედია, ვინაიდან ტრაგედიაში მოწინააღმდეგეთა პოზიციების შერწყმა, პრობლემის ასე თუ ისე მისაღები გადაჭრა შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ იქნებოდა ტრაგედია. სოფოკლე ცხოვორობდა იმ პერიოდში, როდესაც ათენის ქალაქმა-სახელმწიფომ განივთარების უმაღლეს წერტილს მიაღწია. საუკეთესო განათლების მქონე და დრამატულ შეჯიბრებებში არაერთხელ გამრჯვებული სოფოკლე მისი დროის სახელგანთქმულ მმართველთან, პერიკლესთან დაახლოვებული პირი იყო და მის მთავრობაში მაღალი პოსტიც ეკავა. დაახლოებით ის, რასაც მეჭურჭლეთუხუცესს უწოდებდნენ საქართველოში. ალბათ სწორედ ამიტომ ასეთი გამჭრიახობით იგრძნო მან სახელმწიფოს შინაგანი პრობლემები, რომლებიც ჯერ ფარულად იჩენდნენ თავს, მომდევნო საუკუნეებში კი ფილოსოფიური პოლემიკის მთავარი თემა გახდა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: