Posted by: burusi | 29/04/2016

კახაბერ ჯაყელი – დიდი მესხეთი და ქალაქთა მაშენებელი მუსხი: მცხეთა, არსენ დიდი და ქალაქი ვალე

ჯაყელები, საფარა

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

კახაბერ ჯაყელი – დიდი მესხეთი და ქალაქთა მაშენებელი მუსხი: მცხეთა, არსენ დიდი და ქალაქი ვალე

(ჯაყელთა 1000 წელი – თავი მე-10)

***

ჩემი დიდებული მკითხველი როგორც ჩანს კარგად ჩაწვდა ავტორის მთავარ აზრს, რომ „ჯაყელთა 1000 წელი“, ეს არა მარტო ჯაყელთა, არამედ მესხთა ცხოვრების გადმომცემი წიგნია. ბოლო პერიოდში არაერთი მესხი მიკავშირდება ამის თაობაზე, რაც ძალიან მახარებს და მამხნევებს. უნიჭიერეს მესხებს თავიანთი კუთხეების ღრმად წარმოჩენა მოსწყურებიათ. ამას წინათ, უძველეს ქალაქ ვალედან ერთი გამოჩენილი კაცი, დამიკავშირდა. მისი სახელია ვლადიმერ ზაქროშვილი. ბატონმა ვლადიმერმა გამაცნო მისი გმირული გვარის ისტორია. ზაქროშვილები – უძველესი მესხები არიან, მათი წინარე გვარი არის – მანველიშვილი. მანველიშვილებისა და ზაქროშვილების ისტორია, მართლაც შეუპოვარი და გმირულია. მომავალში -„ჯაყელთა 1000 წელი“, ყველა მესხურ გვარს გააცნობს მკითხველს. ბატონმა ვლადიმერ ზაქროშვილმა ქალაქ ვალეზე და მესხურ ქალაქებზე წარმოადგინა მეტად საინტერესო მოსაზრება, რომელსაც მესხი კაცის სიღრმე და შემოქმედებითობა ახლავს თან.
მეც მინდა გითხრათ ჩემი აზრი ძვირფასო მკითხველებო:
– გრიგოლ ხანძთელისა და შოთა რუსთველის ქართული ქვეყანა და მისი ერთ-ერთი კუთხე, ამ გენიოსების უშუალო მშობელი – მესხეთი, „ჯაყელთა 1000 წელში“ მთლიანად უნდა მოვიცვათ ჩემო მეგობრებო. მესხეთი უამრავი დიდი გვარის საცხოვრებელი ველია. ეს არის მართლაც გენიოსთა ადგილი. ამიტომაც დიდი მადლობელი დაგრჩებით, თუ მომაწვდით, თქვენი გვარების, ქალაქების, სოფლების, ციხე სიმაგრეების, ეკლესია-მონასტრების, საყდრების, ქვაბულების, ბაღების შესახებ ამბებს, რომლებიც მომავალ თაობებს უნდა შემოუნახოთ.

***
მესხები და ქალაქი მცხეთა
მესხები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს მსოფლიოს ცივილიზაციის შექმნაში – თავდაპირველად „ნაყოფიერების ნახევარმთვარეზე“ იყვნენ განფენილი. ისინი ებრძოდნენ და ამარცხებდნენ ბაბილონის, ხეთების, ხათების, არამიელების, ირანისა თუ არაბეთის სახელმწიფოებს. ხუთი საუკუნის განმავლობაში მესხები შიშის ზარს სცემდნენ მაშინდელი სამყაროს ყველაზე ძლიერ მეფეებს. დღეს მესხების კვალი ადვილად მოიძიება, სირიაში, ერაყში, ირანის მთებში, კაპადოკიაში, ანატოლიის მიწაზე, ქალაქების-სამსუნის, რიზეს, ტრაბზონის, ყარსის, იბლისის ძველ უბნებში, სადაც გადარჩენილია სამყაროს ერთ-ერთი მთავარი საკაცობრიო ფესვი, რომელსაც ქვია- „მესხი“ „მუსხი“,, „მეშეხი“ თუ „მოსოხი“.
მესხებმა დაუდეს საფუძველი ქალაქ მცხეთას და ქართლის შუაგულში – იქ სადაც მტკვარი და არაგვი ერთვიან ერთმანეთს ამ მაღალ-ინტელექტუალურმა ხალხმა გადაწყვიტა თავისი ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ქალაქის დაარსება.
რატომ მაინცდამაინც არაგვისა და მტკვრის გადაკვეთაზე? მესხები შუმერებთან წილნაყარი ხალხი იყო. არავინ იცის, აღარავის ახსოვს, იქნებ აღარავის სჭირდება, მაგრამ შუმერთა ქალაქური არქიტექტურა კარგად იყენებდა ლერწამს. თავად შუმერთა ქვეყანას, რომელსაც ქი-ენგს უწოდებდნენ თავად „შავთავიანები“ – ლერწმის მიმართ ფართო ინტერესი გააჩნდა.
ქი-ენგი ნიშნავდა „ლერწმის მეუფის მიწას“, ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა „ქი-ენგი“ იგივე რასაც კოლხები „ქიანას“ ანუ ქვეყანას უწოდებენ დღესაც, მაგრამ ხმოვანებით ქი-ენგი და ქიანა ერთმანეთს მართლაც წააგავს.
გარკვეულ წილად შუმერები ლერწმის მეუფის ცივილიზაციას წარმოადგენდნენ და მათთან წილნაყარი მესხები იგივე საუკუნეობრივი გამოცდილებით იყვნენ აღვსილნი. შესაბამისად, როდესაც ისინი დაეუფლნენ მტკვრისა და არაგვის შესართავს, მესხთა ყურადღება ერთმა ფაქტორმა მიიპყრო, რაც მათი სამეურნეო ცხოვრების მთავარი საფუძველი გახლდათ. მტკვრისა და არაგვის შესართავი ლერწამს მიჰქონდა. მათი ნავნავის მაცქერალი მესხები ბაგინეთის ფერდობზე ჩამოჯდნენ და ერთმანეთს გადახედეს.
უხსოვარ დროს – ქალაქი მესხთა – იგივე მცხეთა, შუმერთა სამშენებლო გამოცდილებითა და სამეურნეო ჩვევებით დაარსდა ორი მდინარის შესართავში, ლერწმის ყანაში. ქი-ენგის ცოდნის გამოყენებით მესხებმა ხელოვნური კუნძულებიც შექმნეს, სადაც მოსავლის რაოდენობა უეცრად გაიზარდა და მცხეთამაც სწრაფი აყვავება დაიწყო.
მესხები მიხვდნენ რომ დიდი შუმერის ცივილიზაცია დასასრულს უახლოვდებოდა. ველური ტომების სიმრავლე, მათი სიმძვინვარე და შინააშლილობა, ანგრევდა ქი-ენგის კეთილშობილურ იმპერიას, ამიტომაც მთებში გამაგრება და მათი ღვთაებრივი ენის, სისხლისა და ერის გადარჩენა იყო საჭირო.
მცხეთა გახდა მესხთა მთავარი ქალაქი. მან შემოიკრიბა მრავალი თემი გარშემო და ხალხმრავალ ადგილად იქცა. რწმენა მრავალ-ღვთაებას მოიცავდა. ცხვრობდნენ გვარებად, აგებდნენ დიდ მომრგვალებულ ქვის სახლს, რომელსაც საკრებულო ეწოდებოდა. შუაცეცხლი იმგვარად იყო მოწყობილი რომ იგი მაღლა ჭერში პენტოგრამის ფორმის საკვამურით ბოლოვდებოდა. ამგვარი საკვამური, რწმენის სიმბოლო იყო. ღამე ცა მოსჩანდა მუდამ. თანავარსკვლავედების ცქერისას მესხთა ბელადები თავისი ხალხის სამომავლო ლაშქრობების მიმართულებებს ადგენდნენ. შუადღეს როდესაც მზე დაადგებოდა პენტოგრამის ფორმის მქონე სახლს, მესხი მის სხივებს ახლად გამომცხვარი პურით უნდა შეგებებოდა. პურსაც იგივე ფორმას აძლევდნენ. იგი იყო პატარა მზე, რომელიც დიდ მზეს ხდებოდა და ამგვარად სამყარო სახლის თავს ლოცავდა.
ქვის სახლის გარშემო უამრავი ლერწმის სახლი მოსჩანდა, მათ სახურავის ლერწმისა ჰქონდა. სახლიკაცები საკრებულოში – ქვის სახლში მორიგეობდნენ, ბჭობაში მონაწილეობდნენ, ქალები კი ლერწმის სახლებში ბავშვებს ზრდიდნენ. მტკვრისა და არაგვის შესართავი თევზით იყო ცნობილი. გარშემო კლდეებზე მესხებმა გამოქვაბულების გამოჭრას მიჰყვეს ხელი. ეს საქმე მათ კარგად გამოსდიოდათ. მცხეთისაკენ მომავალი გზის დასაცავად, უამრავი გამოქვაბული გამოთხარეს, შიგ მეომრები ჩასვეს და მათ ბრძანება მისცეს მტერს ცოცხლად არ დანებებოდნენ, ქალაქი და თემი დაეცვათ.
ერთხელ როდესაც კიმრების საბრძოლო ეტლები გამოსჩნდნენ, ჰაერში რამოდენიმე ცეცხლოვანმა ისარმა გაიშხუილა და დაბწნილი ლერწმისაგან აშენებულ კოშკს დაერჭო. ლერწამი სწრაფად აალდა. მომხდურებმა იგძრნეს მესხთა ორგანიზებულობა და ეტლები მოატრიალეს. კიმრები დიდი მეომრები იყვნენ, სახელწოდება გმირი შესაძლოა კიმრიდან მოდიოდეს. მაგრამ ამჯერად ისინი უკუიქცნენ. მესხების მხედრობას მთელ აზიაში ჰქონდა სახელი გავარდნილი. ისინი არამარტო ომით, არამედ მთებისა და ფერდობების გამოთხრის ოსტატობით იყვნენ ცნობილნი. შემდგომ მრავალი საუკუნის განმავლობაში მესხებს ეს ცოდნა ფართოდ გამოუყენებიათ. შექმნილა ვარძიისა და კაპადოკიის სამონასტრო კომპლექსი რომელიც დღესაც აოცებს მნახველს.
მესხები მცხეთას ღმერთთა ადგილსაც უწოდებდნენ. იგი მათთვის ზე-და ქალაქი იყო.

***
საუბარი პატივცემულ მესხ კაცთან ბატონ ვლადიმერ ზაქროშვილთან
– ეხლა რომ მკითხონ, ვლადიმერ ზაქროშვილო, რა გალაპარაკებს შენს კუთხეზეო – უმალ მიუგებ ჩვენი დიდი აკაკი წერეთლის სიტყვებით: „ისტორული სიმართლე მალაპარაკებს და არა ისტორიული გატაცება, რომ ჩვენი წარსული გასაოცარია! უძველესი დროიდან დაწყებული მისთანა ხალხი არ გამოჩენილა, რომ ამ პატარა ქვეყანას არ მოზღვავდებოდეს, ეგვიპტე , ბაბილონი, ასურეთი, არაბეთი, მონღოლეთი, საბერძნეთი და სხვანი სულ ამ პატარა ქვეყანას ეძალებოდნენ…“.ამბობს ბატონი ზაქროშვილი.
– კი გვესეოდნენ, განსაკუთრებით მესხეთი იდგა დიდ იმპერიათა გზაგასაყარზე. გავიჭირდა დგომა ბატონო ვლადიმერ – ვამბობ მე
– კვლავ აკაკის სიტყვით გიპასუხებ: „საქართველო იდგა როგორც სალი კლდე ზღვის პირას, რომელსაც უზარმაზარი ტალღები ეხეთქებიან, მაგრამ დაუძლურებულნი და ქაფად ქცეულნი უკანვე იქცევიან“.
– აბა რას გვეტყვით ბატონო ვლადიმერ თქვენ პატარა ქალაქ ვალეზე, რომელიც დღეს საქარველოს საზღვარს ნებსით თუ უნებლიეთ მიბრჯენია და გამშვებ პუნქტად გადაქცეულა.
– სწორედ ეგ თქვენი წინაპარი, დიდი ფეოდალი მირიან ბაჰლაუნდი, რომელიც რამოდენიმე ქართული საგვარეულოს, ჯაყელთა, ხურსისძეთა, ფალავანდიშვილთა და სხვათა და სხვათა დამფუძნებლად მეგულება, ვალეში ცხოვრობდა. ვალე არ იყო პატარა ქალაქი. იგი გახლდათ მესხური ცივილიზაციის ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი და დიდი ფეოდალის ციხე-ქალაქი. – ამ სიტყვებზე ბატონი ვლადიმერის თვალებში იმგვარი ცეცხლი აბრიალდა რომ გამახსენა თავად ზაქროშვილ-მანველიშვილების ისტორია, რომელიც მუდამ ქართულ საქმესთან ყოფილა შეკავშირებული.
– რა საბუთებია ამ მტკიცებისა – მოვითხოვე მე და განგებ იმგვარად ვთქვი როგორც ძველს ქართლურ დიალექტში იყო გავრცელებული.
– ქალაქ ვალეში აღმოჩენილია დიდი გვირაბი, მე-9 საუკუნის ღმრთისმშობლის შობის ეკლესიის გვერდით. აქვე უნდა ყოფილიყო დიდი ციხე-სიმაგრე, სადაც მესხეთის ფაქტიური მპყრობელი და გიორგი ჩორჩანელის მემკვიდრე მირიან ბაჰლაუნდი, მხედრული სიმტკიცით გამორჩეული კაცი ცხოვრობდა. ნადირაძეების სახლთან რომელიც აქედანაც მოსჩანს, არის უძველესი აბანო, გადახურული ოვალური დიდი ფიქლებით – ეს აბანო ჯაყელთა სასახლის აბანოს ნაშთი მგონია მე. იქ სადაც ახორეთის წყლები ჩამოედინება, გვირაბიც იქით მიემართება, ვებერთელა გვირაბია. მისი ბოლო თავდება იქ სადაც დღეს „ბოლო-ბოსტნებია“ განფენილი.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი რომ ვალეს ეკლესია თავიდან ჯვარ-გუმბათიან ტაძარს, წარმოადგენდა, შემდგომ იგი საკმაოდ დაზიანებულა, რადგანაც დედისიმედ ათაბაგს უკვე სამნავიან ბაზილიკად აღუდგენია და მისთვის ერთი წყვილი სვეტიც მიუმატებიათ. ეკლესიის თვითოეულ ნავს საკუთარი სახურავი აქვს, შუას ორკალთიანი, გვერდებისას კი ცალკალთიანი.
როდესაც მე-20 საუკუნეში ეკლესიას რესტავრაცია გაუკეთეს, იგი თითქმის მიწით ყოფილა დაფარული, დიდძალი მიწა გაუტანიათ მისი ეზოდან. რომ იცოდეთ ეს მიწა გარედან კი არავის შემოუტანია, არამედ ეს არის დაქცეული ციხე-დარბაზის ნაშთი. ციხე-დარბაზს უამრავი სამეურნეო შენობა ექნებოდა, რომლებიც შემოსევის დროს დაიქცა და მიწად იქცა. დღესაც ჩვენი ტაძრის სამხრეთის მხარე კიდევ გასაწმენდია. ჩვენი სასიქადულო შოთა ლომსაძე, „მესხებში“ წერდა რომ ვალეს ეკლესიას გალავანო ჰქონდაო. ასეც იქნებოდა, მაგრამ ყოველივე დაინგრა.
– საინტერესოა მართლაც – ვალე სახელიც მიმზიდველია – ვფიქრობ მე ხმამაღლა და პატივცემული რესპონდენტი აგრძელებს:
– მე ვიცი ჯაყელთა ისტორია, თქვენც იცით, მაგრამ რასაც ეხლა მოგიყვებით უთუოდ თქვენც გამოგადგებათ და თქვენი მკითხველისათვის მნიშვნელოვანი იქნება, მოგეხსენებათ, რომ მირიან ბაჰლაუნდი ჩაესიძა დიდი მესხეთის მფლობელს გიორგი ჩორჩანელს, რომელიც უკანასნელი იყო მისი დიდებული გვარიდან. ლატავრა ჩორჩანელი გადარჩა როგორც ბოლო წარმომადგენელი ამ დიდებული დინასტიისა და ეს ლატავრა დედა გახდა სამი ვაჟისა რომლებსაც ერქვათ: სულა, ბეშქენი და ლაკლაკი.
რაც მთავარია, სწორედ ვალეში, მირიანის შვილიშვილის, მირიან II ოჯახში დაიბადა დიდი სასულიერო მოღვაწე არსენი, რომელსაც შემდეგ უკვე არსენ დიდად მოვიხსენიებთ.
რადგანაც ქრისტიანობა სწორედ მესხეთში ჰყვაოდა, დიდი მესხის დიდი ქართველის – გრიგოლ ხანძთელის საქმიანობის შედეგად, პატარა არსენიც 6 წლის ასაკში, გრიგოლ ხანძთელთან იქნა წაყვანილი აღსაზრდელად და განსაკუთრებით იმისათვის რომ გამოჩენილი მოღვაწე გამხდარიყო.
– როგორ მოხერხდა პატარა ბავშვის ამ ვებერთელა პიროვნებასთან, მხედველობაში მყავს გრიგოლ ხანძთელთან, მიბარება? – ვეკითები ბატონ ზაქროშვილს.
– წმინდა გრიგოლ ხანძთელი, მეფეებზე მაღლა იდგა მაშინ, მეფე და დიდებული მას ვერ უბრძანდებდა, შვილი გამიზარდეო. რაც ყველაზე საინტერესოა, თავად გრიგოლ ხანძთელი ახლოს იყო ჩორჩანელთა საგვარეულოსთან. იგი ნათესავი იყო მირიან მთავრის. სწორედ აქედან, ჩანს რომ ალბათ ერთხელაც შეხვდა დიდი მოღვაწე, პატარა არსენს და მისი გულისყური მიიპყრო ამ ბავშვმა, თავისი აზროვნებით და ანგელოზებრივი გარეგნობით.
– მიავლინეს არსენი გრიგოლ ხანძთელთან, ეს იმ დროისათვის უნდა ყოფილიყო უფრო მეტი განათლების მიღების შანსი, ვიდრე ის რასაც დღეს ოქსფორდი და ჰარვარდი ჰპირდება თავის მსმენელებს – ვთქვი მე.
– უფრო მეტიც, ბერძნული აკადემია, უკვე გაუქმებული იყო, პირველი უნივერსიტეტი კი ბოლონიაში მე-14 საუკუნის დასაწყისში დაარსდა, ამგვარად გრიგოლ ხანძთელის საგანმანათლებლო სამონასტრო სკოლა, იმ დროისათვის ყველა შემდგმი დროის უნივერსიტეტს აღემატებოდა. ეს განათლება სწორად იქნა გამოყენებული არსენის მიერ. იგი შეიქნა უაღრესად სწავლული და არსენ დიდი მცხეთის კათალიკოსი გახდა 897 წელს.
საქართველოს მაშინდელ მფლობელს გუარამ მამფალს არ სურდა მცხეთის საკათალიკოსო სხვა საგვარეულოსათვის დანებებინა, მაგრამ არსენ დიდის მამა, მირიან II მთავარი სამცხისა იმდენად ძლიერი ფეოდალი ყოფილა, რომ მას გუარამ მამფალმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაუბედა და თითქოსდა დანებდა კიდეც. შემდგომ როდესაც გუარამ მამფალმა შეაგულიანა ეკლესიის მამები და არსენ დიდის გადაყენება მოინდომა კათალიკოსის ტახტიდან, მაშინაც, საეკლესიო კრებაზე, რომელიც ჯავახეთში იქნა მოწვეული, არსენ დიდი მცხეთის კათალიკოსად იქნა დადგენილი.
თუ არსენი დაიბადა 820 წელს, მაშინ იგი 826 წელს მიუყვანიათ ხანძთაში მამა გრიგოლთან. საინტერესოა რომ გრიგოლ ხანძთელმა მას 20 წლიანი განათლების კურსი დაუნიშნა. 845 წელს არსენი ამთავრებს იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშნვნელოვან სკოლას, რომელსაც გრიგოლ ხანძთელი უზის რექტორად. 850 წელს არსენი უკვე მცხეთის კათალიკოსია. გინდათ გითხრათ რა სიტყვებით ამკობს მას ბრძენი გიორგი მერჩულე:
„არსენი, რომელსაც ეწოდა ღირსად დიდი არსენი, ქართლისა კათალიკოსი და მცხეთისა საყდრისა გვირგვინი დაუჭნობელი…“, რომელმაც – „სიხარული მოჰფინა, რამეთი საყდარი მამამთავრობოისაი შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა“. აი ასეთი იყო დიდი არსენი გიორგი მერჩულეს სიტყვით.
სამცხის დიდ მთავარს მირიან II მეუღლედ ჰყავდა ცნობილი ქალბატონი დედოფალი კრავაი. ჩვენ არ ვიცით ამ ქალბატონის გვარი, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს სახელი მტკიცედ შემოდის ჯაყელთა დინასტიაში და მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ სახელით არაერთი ქალბატონი მოიხსენიება.

– გავაგრძელოთ სახელგანთქმულ ქალაქ ვალეს აღწერა ბატონო ვლადიმერ, მართლაც საინტერესოა ამ გვირაბის ისტორია.
– გვირაბი მიემართება ფოცხოვისა ხეობისაკენ და ასევე ირქის ეკლესიისაკენ. მირიანის ძეთა სასახლის საძირკველი დღესაც მოსჩანს. ამ ადგილას გათხრები რომ ჩატარდეს ბევრი რამ იქნება მოძიებული. ადგილობრივი მკვიდრის პანტელ ნადირაძის გადმოცემით – დიდი წვიმების დროს ეს აბანო მთიანად ივსება, მაგრამ მას მიწისქვეშა თიხის გამომწვარი მილებით დღესაც მომქმედი არხები გააჩნია, შესაბამისად მესხი ოსტატების გაკეთებული ეს უძველესი აბანო, დღესაც არ „იჭედება“. დაგროვილი წყალი თავისუფლად გადის და სადღაც იქცევა.
– საინტერესოა ბატონო ჩემო, აბანოს ოსტატები ყოფილან ძველი მესხები.
– დიახ, მაგრამ უფრო მეტსაც გეტყვით, ვალეს წმინდა ღმრთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში მოიძებნა უძველესი ძეგლი – რომელსაც „კრავაი“ ჰქვია, ამგვარი ძეგლებია ძალიან იშვიათია საქართველოში. საფიქრალია რომ ეს გახლავთ მირიან სამცხის მთავრის მეუღლე – დედოფალი კრავაი, რომლის სახელი შემდეგ ეწოდა, დიდ ქართველ დიპლომატ ქალბატონს, თამარ მეფის სეფექალს – კრავაი ჯაყელს.
„სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლების “ ავტორმა, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძემ გამოიკვლია ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დედისიმედ ათაბაგის მიერ 1561-1564 წლებში ვალეს ეკლესიის აღდგენის ამბავს. საფიქრალია რატომ აღადგინა დედისიმედ ათაბაგმა სწორედ ეს ეკლესია? თავად დედისიმედი იყო გვარით მუხრანბატონი, იგი გახლდათ ქეთევან წამებულის ღვიძლი და. დედისმედი შეუყვარდა ათაბაგ ქაიხორსო ჯაყელს და მისი ხელი მოსთხოვა მუხრანბატონებს. ჯაყელებთან დამოყვრება დიდი პატივი იყო მუხრანბატონებისათვის. დედისიმედი გახდა ათაბაგთა დედოფალი და თავად ათაბაგი. შემდგომ როდესაც ქაიხორსო ათაბაგმა სული დალია, დედისიმედი მართავდა სამცხე-საათაბაგოს. ჩემის აზრით მისთვის მისაბაძი იყო დედოფალი კრავაი, რომელიც მირიანის გარდაცვალების შემდეგ ასევე დამოუკიდებლად მართავდა სამცხეს. თითქმის 650 წელი აშორებს დედისიმედ ათაბაგს კრავაი დედოფლისაგან. მაგრამ რა არის 650 წელი თუ გვაქვს იდეალები და ინფორმაცია. როგორც ჩანს ჯაყელთა სახლი მკაცრად აღწერდა საკუთარ ისტორიას და აცნობდა შვილებს მის ხასიათს. რაც მუდამ მისაბაძი იყო ყველა სხვა საგვარეულოსათვის.
– საინტერესოა საიდან იწყება ჩორჩანელ-ჯაყელთა სამწერლობო ინიციატივები ბატონო ვლადიმერ – ვეკითხები ჩემს საინტერესო მთხრობელს.
– სწორედ არსენ დიდმა, მცხეთის კათალიკოსმა სათავე დაუდო ჩორჩანელ-ჯაყელთა სამწერლობო საქმიანობას. არსენ დიდს ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული ძეგლი – მოსახსენებელი აბიბოს ნეკრესელისა, რომელიც იწამა სპარს დამპყრობელთა მიერ ქართლში მე-6 საუკუნეში. ძეგლს ეწოდება – „შესხმაი და მოსახსენებელი წამებისაი…აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაი, რომელიც იწამა ცეცხლის-მსახურთა მიერ ქართლს, თქუმული არსენი დიდი, ქართლისა კათალიკოზისაი “. ეს ნაწამოები სავსეა დიდი ლიტერატურული ღირსებით, ასევე იგი სავსეა ფილოსოფიური ძიებებით.
– დიდებული პიროვნება ყოფილა არსენ დიდი ბატონო ვლადიმერ, მისი სხვა ნაწარმოებებიც ხომ არ შემოგვინახა ისტორიამ?
– დიდმა არსენ ჩორჩანელ-ბაჰლაუნდ-ჯაყელმა კიდევ ერთი ცნობილი ნაწარმოები შექმნა, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა. არსენ I-ს ეკუთვნის პოლემიკური თხზულება „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომელიც განსჯის ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობასა და განხეთქილების მიზეზებს, ასევე მიზნად ისახავს ამ დიდი „განყოფის“ პოლიტიკურ-სოციალური და დოგმატიკურ მიზეზების გარკვევას.
– ბატონო ვლადიმერ, დიდ მადლობას გიხდით დახმარებისათვის, თქვენგან დიდი ინფორმაცია მივიღე და ასევე თქვენს მიერ შედგენილი და ჩემთვის გამოგზავნილი ქალაქ ვალეს ისტორია, მომავალში აუცილებლად გამომადგება ჩემი ისტორიულ-დოკუმენტური რომანის „ჯაყელთა 1000 წლის “ მთავარი იდეის გასანვითარებლად – ამ სიტყვებით დროებით დავემშვიდობე მესხეთს, მის ერთ-ერთ გამორჩეულ პიროვნებას ბატონ ვლადიმერ ზაქროშვილს და თბილისში დავბრუნდი.

2016 წლის მაისი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: