Posted by: burusi | 27/03/2016

41bZIE5mKdL

ოთარ ჭულუხაძე “განმანათლებლობის დიალექტიკა ოდისევსიდან ჰიტლერამდე”

რეცენზია მაქს ჰორკჰაიმერისა და თეოდორ ვ. ადორნოს წიგნზე „განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები“

„განმანათლებლობის დიალექტიკა“ ფრანკფურტის სოციალური კვლევის ინსტიტუტის უმთავრესი ნაშრომია. მასში კრიტიკულადაა გააზრებული ევროპული ცივილიზაცია პირველსაწყისებიდან დღევანდელობამდე; ამ ანალიტიკური ნაშრომის სახელი მიუთითებს კვლევისა და დაკვირვების მეთოდიკაზე. კერძოდ, განმანათლებლობა დიალექტიკური მეთოდითაა გააზრებული; დიალექტიკა, როგორც ფილოსოფიური მეთოდი, ჰეგელმა შეიმუშავა და რა გასაკვირია, რომ „განმანათლებლობის დიალექტიკის“ ავტორების – ჰორკჰაიმერისა და ადორნოს – ფილოსოფიურ აზროვნებაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზეგავლენა სწორედ ჰეგელს მოეხდინა.

სანამ უშუალოდ ადორნოსა და ჰორკჰაიმერის მიერ გამოყენებული დიალექტიკური მეთოდის თავისებურებაზე ვისაუბრებდეთ, მნიშვნელოვანია, ორიოდ სიტყვა ითქვას ჰეგელის ფილოსოფიაზე, რაც, ცხადია, მეტად სარისკო საქმეა, მაგრამ იმდენის თქმა მაინც შეიძლება, რომ გამოვკვეთოთ თარგი, რომელზეც „განმანათლებლობის დიალექტიკაა“ მოქსოვილი.

ჰეგელის ფილოსოფიის მიხედვით, არსებობს გონი (ღვთაება), რომელიც „მოგზაურობს“ და ტანჯვის, წვალებისა და ათასი უბედურების შემდეგ, საკუთარ თავს ადამიანში, მეტადრე კი ფილოსოფიურ ცნებებში მოაზროვნე ადამიანში შეიმეცნებს. ჰეგელის მიხედვით, გონში ეს „იმთავითვეა“ მოცემული და ადამიანიც არა შემთხვევითობას, არამედ სამყაროს აუცილებელ, ცნებით ექსპლიკაციას (გამოვლინებას) წარმოადგენს. ცნება არის საკუთარი თავის გააზრება, სუბიექტისა და ობიექტის დიფერენციაციის დაძლევა. ადამიანში სამყარო საკუთარ თავს შეიმეცნებს. ჰეგელის ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომ გონში აუცილებელი პოტენციურობით, implicite მოცემულია ის, რომ მას ოდესღაც (ცხადია, ტანჯვის და ათასი უბედურების შემდეგ) საკუთარი თავი უნდა შეემეცნებინა. ანალოგიურ მომენტს „განმანათლებლობის დიალექტიკაში“ ვხვდებით. ოღონდ, ნაცვლად ჰეგელისეული ღვთაებრივი გონისა, საუბარია ევროპულ ცივილიზაციაზე. უკვე ევროპული კულტურის ერთ-ერთ უპირველეს ტექსტში – ჰომეროსის „ოდისეაში“ პოტენციურად, იმპლიციტურად ის მარცვლები მოცემულია, რაც თანდათანობით ბურჟუაზიული ცივილიზაციის მახასიათებლებში გამოვლინდება.

ჰეგელის ფილოსოფიის მეორე მომენტი, რაც ადორნომ და ჰორკჰაიმერმა გამოიყეს დიალექტიკის კანონია, რომელიც უარყოფის უარყოფითაა ცნობილი და მარტივად რომ ვთქვათ შემდეგს გულისხმობს: ნებისმიერ მთელს, საკუთარ თავში მოცემული აქვს საკუთარი თავისავე უარყოფის პრინციპი. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი ერთეულოვანი უნდა მოკვდეს. ერთეულოვანია, არა მხოლოდ ადამიანი (ბიოლოგიური ორგანიზმი), არამედ სისტემა (იდეური მთელი), რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს და უნდა განადგურდეს; სწორედ ამ განადგურების ალგორითმებზე საუბრობენ ჰორკჰაიმერი და ადორნო.

დიალექტიკის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც ავტორები იყენებენ, არის ორპოლუსიანობა – დაპირისპირებულთა ერთიანობის არსებობა მთელში; ეს მომენტი კარგად არის მოცემული ცნობილ გამოთქმებში: „მედალს ორი მხარე აქვს“, „Нет худа без добра“; სწორედ ამას გულისხმობენ ავტორები, როცა ამბობენ „შეუჩერებელი პროგრესის წყევლა შეუჩერებელი რეგრესიაა“. ეს კი დღევანდელობაში ყველაზე კარგად ჩანს – ინტერნეტის შემთხვევაში, რომელიც კაცობრიობას თავისი დიალექტიკური სიდიადით წარმოუდგება: ერთის მხრივ, ის თავისუფალი ინფორმაციის წყაროა, მეორეს მხრივ, კი ის გვევლინება ადამიანთა ტვინის გამორეცხვისა და მაქსიმალური რობოტიზაციის საშუალებად.

ჰეგელისეული მეთოდის გარდა, ავტორები კვლევისას ემყარებიან ფროიდის ფსიქოანალიზს, სოციოლოგიას და მთელ რიგ ავტორებს, რომელთა ნაშრომებშიც ვლინდება განმანათლებლობის დიალექტიკური ბრძოლა და განმანათლებლობისავე საზღვრები.

განმანათლებლობის დიალექტიკა შესავლისა და ოთხი ნაწილისაგან შედგება: შესავალში დგინდება განმანათლებლობის ცნება, ის ზოგადად ხასიათდება. პირველი ნაწილი: „ოდისევსი ანუ მითოსი და განმანათლებლობა“ ოდისევსის ანალიზს წარმოადგენს. ოდისევსში ავტორები ხედავენ პროტო- ბურჟუას, პირველად სახეს იმ ცბიერი ეკონომიკური ატომისა, რომელსაც უკვე ბურჟუაზიული რევოლუცია სრული დიდებულებით გამოიყვანს საზოგადოებრივ ასპარეზზე; საინტერესოა, რომ ჰორკჰაიმერი/ ადორნო ხშირად უწოდებენ ოდისევსს ცბიერს, რამაც შეუძლებელია ჰეგელის კონცეპტი – „ცბიერი ღმერთი“ არ მოგვაგონოს.

მეორე ნაწილი – „ჟულიეტი, ანუ განმანათლებლობა და ზნეობა“ – ეთმობა უკვე ბურჟუაზიულ, განმანათლებლურ ეპოქას; აქ სამ ავტორზე – კანტზე, ნიცშეზე და მარკიზ დე სადზე დაყრდნობით წარმოჩინდება ის დაფარული თუ ღია სქემები და ალგორითმები, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბურჟუაზიული საზოგადოება არეკლავს ამ სამი მწერალის შემოქმედებაზე.

მესამე ნაწილში, რაც კულტურის ინდუსტრიას ეხება, თვალის ახვევის ის მექანიზმებია გააზრებული, რომელიც – როგორც ავტორები გვიჩვენებენ – implicite ყოფილა მოცემული განმანათლებლობაში. ბოლო, მეოთხე ნაწილი – „ანტისემიტიზმის ელემენტები. განმანათლებლობის საზღვრები“ უკვე განმანათლებლობის რაციონალიზმის და მისი შენახული მომენტის მითიური, ირაციონალური ცნობიერების ერთ კონკრეტულ ექსპლიკაციას (გამოვლინებას) – ჰიტლერის მიერ ებრაელთა ამოხოცვას – ეხება.

წიგნის სრული სახელია „განამანთლებლობის დიალექტიკა ფილოსოფიური ფრაგმენტები“, ფილოსოფიური ფრაგმენტები – მცირე მონახაზებია, რომლებშიც ავტორთა „გაბნეული აზრებია“ შესული. მე მხოლოდ შესავალსა და ნაწილებს მიმოვიხილავ.

შესავალი – განმანათლებლობის ცნება

შესავალში ავტორები განმანათლებლობის ცნებას მნიშვნელობას ანიჭებენ და ცდილობენ ის მომენტები გვიჩვენონ, რომლებიც მას, როგორც არა მითისაგან განსხვავებულს, არამედ მითში პოტენციურად, implicite მოცემულს წარმოგვიდგენენ. ანუ, მითოსი არის განმანათლებლობა, განმანათლებლობა კი მითოსია. მითოსში შეინიშნება მახასიათებლები, რომელსაც ის საკუთარი განვითარების განმანათლებლურ სტადიაზე გამოავლენს.

პირველი და უმთავრესია სამყაროს გაორება, რაც შიშითაა განპირობებული. ადამიანმა დაიწყო რა პრიმიტიული, ბუნდოვანი შემეცნება, სამყარო პირობითად ვთქვათ, ორ „სართულად“ დაჰყო. მეორე სართულზე სხვადასხვა დროს სახლობდნენ, ბერძნული მითოლოგიის „პროეცირებული“ ღმერთები, პლატონური იდეები, იუდეური ღმერთი და ა.შ., რაც, როგორც ჰორკჰაიმერი/ ადორნო მიგვითითებენ არის „თავი და თავი ყოვლისა უბედობისა“. სწორედ ამ გამიჯვნის წინააღმდეგ არის მიმართული ჰეგელის დიალექტიკური ფილოსოფია, რომელსაც ეყრდნობიან ავტორები.

განმანათლებლობაში ბატონობს გაორება და აბსტრაქტული კანონი, რომელიც ფორმალური ლოგიკის სახით წარმოგვიდგება. ერთეული იზოლირებულია, მას აღარ რჩება სამყაროსთან შერწყმის და გაიგივების შანსი. განმანათლებლობა თავისი რაციონალური მაშინერიით ადამიანს ინდუსტრიის უსახო ჭანჭიკად აქცევს. განმანათლებლობა თვითონვე კლავს საკუთარსავე შექმნილ სუბიექტს. სუბიექტი, რომელიც ჩვენს გონებაში, როგორც „ეგო“ წარმოჩინდება, ხდება მონური ეგალიტარიზმის წინაპირობა, ამას ჩვენ – ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრებნი მით უფრო მწვავედ შევიგრძნობთ.

ადორნო და ჰორკჰაიმერი უარყოფენ პოზიტივისტურ, სციენტისტურ მრწამს და მას შამანიზმის ექსპლიკაციად, (გამოვლინებად) მიიჩნევენ: „როგორც პრიმიტიულ ჯადოქარს შელოცვისათვის მოხაზული მაგიური წრედიდან გამოსვლა შეშლილობად და თვითგანადგურებად მიაჩნია, ასევე სციენტისტურ მრწამსს [მიაჩნია] – აზროვნების სინამდვილეში წესრიგის შემტანი საქმიანობისაგან დაშორება – არსებულის მოჯადოებული წრიდან გასვლად“ მათემატიკური მრწამსი, სქემატიზმი მთლიანობაში აღმოჩნდება, რომ ემსახურება ბუნებაზე და შესაბამისად ადამიანზე გაბატონებას.

მათემატიკური ფორმალიზმი ადამიანს აღიქვამს, არა სამყაროს ტოტალობის ამრეკლავ და გარდამსახველ დისკრეციად, არამედ, სხვისაგან მკვეთრად გამიჯნულ, სტატისტიკურ ერთეულად. ავტორები ფორმალურ ლოგიკას წარმოგვიდგენენ, როგორც პოტენციურად, implicite მოცემულს პრიმიტიულ ტომთა პრიმიტიულსავე კატეგორიებში. ერთიცა და მეორეც ბატონობის წინაპირობად წარმოჩნდება. პოზიტივიზმი, როგორც მეცნიერების დამხმარე იარაღი-კლასიფიკატორი, გარეგან ანალიზს უარყოფს და არ ტოვებს ტრანსცენდირების საშუალებას; დიალექტიკური აზროვნება – პოზიტივიზმის ეს ანტითეზა, კი სწორედ ერთსა და მრავალს შორის განსხვავების დაძლევაა. ტყუილად არ ამბობდა ჰეგელი, რომ სპეკულატური (ე.ი დიალექტიკური) აზროვნება მისტიკის ანალოგიაო. საბოლოო ჯამში, ადორნო და ჰორკჰაიმერი განმანათლებლობას ახასიათებენ, როგორც გაუცხოებულ ბუნებას, რომელშიც განხორციელდა ფრენსის ბეკონის უტოპია და გამჟღავნდა იმად, რაც თავიდანვე იყო განმანათლებლობის არსი – ბ ა ტ ო ნ ო ბ ა.

ოდისევსი – პროტო-ბურჟუა

ოდისევსი ბურჟუაზიული სუბიექტის პირველსახედ წარმოგვიდგება. ის ფაქტი, რომ „ოდისეაში“ თავგადასავლებზეა საუბარი, უკვე იმას მიგვანიშნებს, რომ ჰომეროსის ეს ტექსტი სხვადასხვა სოციალური წყობის მომენტებს შეიცავს; „ოდისეას“ პარადოქსია, რომ ის მითია და ამავე დროს ეპოპეაც, რაც ურთიერთგამომრიცხავი მომენტებია. მითიურ წრებრუნვას უკვე ჰომეროსის ტექსტის ყველაზე გვიანდელ ნაწილში აქვს ძირი გამოთხრილი – ოდისევსი კი უკვე ბუნებისგან განმდგარ, სუბიექტის პროტოტიპად წარმოგვიდგება. ის, როგორც მითიურ სამყაროს მოშორებული, უკვე წრფივ დროში მოძრაობს. ოდისევსი ცბიერი მეზღვაურია, ის ატყუებს ღმერთებს, ციკლოპს. იკვეთება თვითგადარჩენისთვის აუცილებელი იარაღი – ტ ყ უ ი ლ ი. ეს ტყუილი, რომელიც პროტო-სუბიექტის სისუსტითაა განპირობებული დიალექტიკურად (მედალს ორი მხარე აქვს) მისივე ძლიერი მხარე აღმოჩნდება. მას შეუძლია მოატყუოს ზღვის ღმერთები, გააცუროს „გულუბრყვილო ციკლოპი“. ოდისევსი, როგორც ბუნებასთან უძლური დაპირისპირებული, იძულებულია ყველა სიტუაციიდან იპოვნოს გამოსავალი.

ოდისევსის ერთ-ერთი თავგადასავალი ციკლოპებთან გადახდება. მთავარი ციკლოპის – პოლიფემოსისგან თავიდან დასაღწევად ოდისევსი, მას ეტყვის, რომ ქვია არავინ. მოგვიანებით, ის ჯოხს ჩასცხებს ცალთვალა პოლიფემოსს და დააბრმავებს მას. ხოლო როდესაც პოლიფემოსის მეგობარი ციკლოპები მოვლენ და შეეკითხებიან თუ ვინ ამოთხარა თვალი, ის პასუხობს, რომ არავინ. ასე დაიძვრენს ოდისევსი თავს.

ადორნო და ჰორკჰაიმერი შენიშნავენ, რომ ციკლოპი პოლიფემოსისთვის გაცემული პასუხი – ა რ ა ვ ი ნ, არამხოლოდ ფანდია, არამედ ოდისევსის „თვითის“ სიცარიელეს აღნიშნავს: ის არის არავინ – მას დაკარგული აქვს ბუნებასთან კავშირი, ის ახდენს სიტყვის ინდივიდუალიზაციას. მითიურ ცნობიერებაში სიტყვა და მისი შინაარსი იგივეა. თანამედროვეობაში ამ ცნობიერების შემონახული ფორმაა რეაქცია გინებაზე. გინების მიმღები ვერ ახდენს საგინებელი სიტყვისაგან გამიჯვნას, მის შინაარს უშუალოდ იღებს და შეტევაზე გადადის. სწორედ სიტყვისა და ბედისწერის გადაბმის დამრღვევია – გვაცნობენ ადორნო და ჰორკჰაიმერი – ოდისევსი. მისი ა რ ა ვ ი ნ სწორედ ცნობიერების გაორებას გულისხმობს – ოდისევსი ხვდება, რომ არავინ შეიძლება ორ რაიმეს ნიშნავდეს; ის არღვევს სიტყვისა და შინაარსის გადანასკვას და სიტყვას მანიპულირების საშუალებად აქცევს. ოდისევსთან დარღვეულია აღსანიშნის და აღმნიშვნელის მთლიანობა; მათი გამიჯვნა კი მანიპულირების ინსტრუმენტია. სიტყვა ინტერპრეტირებადი ხდება. თვითგადარჩენისთვის აუცილებელია საგნისა და სიტყვის გახლეჩა, მათი ინტერპრეტირება.

ოდისევსის ამ ეპოქალურ ფრაზაში – არავინ – დიალექტიკური ორპოლუსიანობა გამოვლინდება: ის ერთის მხრივ აღიარებს, რომ არავინაა – სამყაროს, ბუნებრივი მთლიანობისგან მოწყვეტილია, მეორეს მხრივ, მისი აღიარება თვითგადარჩენის წინაპირობად გვევლინება. სუბიექტურობა – სამყაროსაგან გამიჯვნის აუცილებელი შედეგი – აუცილებლობით მოიცავს თვითუარყოფას.

ოდისევსის მეექვსე თავგადასავალში სირენების კუნძულების ჩავლისას გადახდა. სირენების მომაჯადოვებელი მოსმენის ნება მხოლოდ მას აქვს, სხვები კი აუცილებლად დაიღუპებიან თუ მოისმენენ. ამიტომ, ოდისევსი ავლენს ცბიერებას – პოულობს ხელშეკრულებაში ბზარს – ეკიპაჟის წევრებს ყურში ცვილს ჩაუდებს, რათა მათ არ მოისმინონ სირენების სიმღერა. თავად კი ანძაზე დააბმევინებს თავს, რათა არ ცდუნდეს და არ დაიღუპოს სირენების კუნძულზე. ოდისევსი ცბიერად წარმოჩნდება. მან ხელშეკრულებაში ბზარს მიაგნო, რადგან პირველყოფილი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სიმღერას დაბმული მოუსმენენ თუ დაუბმელი.

ოდისევსის ეს თავგადასავალი გამოვლინდება უკვე თანამედროვე სამართალში და ეკონომიკურ სისტემაში. სამართალში არსებობს ღრიჭოები, რომელსაც ცბიერი იურისტი გამოიყენებს, ხოლო ეკონომიკის სფეროში ცბიერება „ისეთი გაცვლის საშუალებაა, რომელშიც ყველაფერი პატიოსნად ხდება, სადაც ხელშეკრულება სრულდება, მაგრამ პარტნიორი მაინც მოტყუებულია.“

ადორნო და ჰორკჰაიმერი ფრანკფურტის ფილოსოფიური სკოლის ტრადიციას არ ღალატობენ და ჰომეროსის „ოდისეაში“ გამოკვეთავენ ქალის, როგორც პატრიარქალური ცივილიზაციის მიერ ჩაგრულის როლს. ჰომეროსის ტექსტებს შიდა ქრონოლოგიური სხვაობა სწორედ იმაზე მიუთითებს – ოდისევსის ძის, ტელემაქეს მიერ გაჰეტერებული მონაქალების ამოხოცვა უკვე პატრიარქალურია. მკვლელობის ისტორიის გადმოცემა ცივია, ისინი უკვე პატრიარქალური წყობის აისში იმყოფებიან. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ჰომეროსის ტექსტში ერთმანეთთან გადახლართულია ბარბაროსობა და კულტურა. ეს კი ყველაზე კარგად ვლინდება ფრაზაში – „დიდი ხანია არა?“ და ჰომეროსის ტექსტში შემორჩენილი მკვლელობის ორადორი სცენიდან ერთ-ერთზე – მონა ქალების მკვლელობაზე – მიუთითებენ. ფრაზაში კი ის უნდა დავინახოთ, რომ ცივილიზაციას მონაქალთა დასჯისგან განდგომა, მისი დავიწყება, ამ მომენტის როგორც შორეულის დაფიქსირება სურს.

კანტი და სადი

ქალთა, როგორც ბუნებრივის, „შეუბილწავის“, მოუხსენელი ბუნების – ჩაგვრის მომენტები ექსპლიციტურად გვხვდება მარკიზ დე სადთანაც. ის რაციონალურად, ჭეშმარიტი გამოთვლითა და გულგრილობით საუბრობს ქალებზე. ქალთა მიმართ ლტოლვა არამეცნიერულია, მატრიარქატის გადმონაშთია: „ვერც შეყვარებულის გაღმერთება გაუძლებს ანალიზს… მხოლოდ სხეულია ის, რაც შემიძლია მოვიპოვო.“ ქალის სიყვარული არის ის, რაც თეორიული გონების შუქზე განათებული სასარგებლო არგუმენტებს ვერ მოიპოვებს – სწორედ ამიტომ, თეორიული გონება ნეიტრალური არ არის; უფრო სწორად, გონების მორალურად ნეიტრალური სფეროს (რაც კანტის ფილოსოფიის ამოსავალი წერტილია) გამიჯვნა უკვე არის – ადორნო/ჰოკრჰაიმერის მიხედვით – ადამიანის ნებისმიერი საქციელის გამართლება.

კანტმა პრაქტიკული გონების კრიტიკა წმინდა გონების კრიტიკის შემდეგ დაწერა, რადგან ხვდებოდა რა ევროპული ცივილიზაციისათვის, – რომელიც გარკვეული „მეორე სართულის“, პლატონურ იდეებზე იდგა, – აუცილებელი იყო დაეტოვებინა ის საფუძველი, რომელიც მას დაიხსნიდა წმინდა ბარბაროსობისაგან. კანტმა ეს პრაქტიკული გონების (მორალური გონების) პრიმატად გამოცხადებით სცადა. კანტმა განჭვრიტა, რომ წმინდა თეორიული გონების სფეროს გამოკვეთა უთუოდ გამოიწვევდა ისეთ აღვირახსნილობებს, როგორც მარკიზ დე სადის შემოქმედებაში აისახა. ამის გამო, კანტი „ნათელი მწერალია“ განმანათლებლობის, ხოლო ნიცშე, სადი და მაკიაველი კი ბნელი. სადი და ნიცშეს შემოქმედება კანტის პრაქტიკული გონების ანტითეზას წარმოადგენს. ბნელი მწერლები არ მალავენ თეორიული სფეროს გამოკვეთის შედეგად აღზევებულ პრინციპს – „თუ ღმერთი (ანუ მორალური აუცილებლობა) მკვდარია, ყველაფერი ნებადართულია“. ნიცშესთან ეს ძალაუფლების ფილოსოფიად გამოვლინდა, სადთან კი ყველაზე ღიად. სადთან უკუგდებულია პრაქტიკული გონების პრიმატი და რაციონალური არგუმენტებით ახდენს დათრგუნული სექსუალობის პერვერსიულ გამოვლინებას. ჟულიეტი (სადის პერსონაჟი) ყოველივე ტაბუირებულ, ცხოველურ ვნებებს აღასრულებს და თეორიული მსჯელობის რელატივიზმს პრაქტიკული მსჯელობის აღვირახსნილობად აქცევს. შეფასებითი მსჯელობები შედარებითია, ამიტომ ყველაფერი ნებადართულია.

სწორედ ეს რელატივიზმის წნეხი, რომელიც სადიზმსა და ნიცშეს ძალაუფლებისკენ სწრაფვაში გამოიხატა, არის ის, რაც მათ, განმანათლებლობის ყველაზე ექსპლიციტურ, თვალნათელ წარმომადგენლებად აქცევს. ისინი ბურჟუაზიული გულცივობისა და ირაციონალური რაციონალობის გამოყენებით – მიიჩნევენ ადორნო და ჰორკჰაიმერი – გვევლინებიან უფრო პატიოსან ავტორებად, ვიდრე პოზიტივისტები და ლიბერალისტური მორალის ლაქიები. მათ უკეთ შეიცნეს თეორიული გონების კავშირი ბატონობასთან, სადმა ეს ყველაზე გულახდილად გადმოსცა თავის მსჯელობებში, ხოლო ნიცშემ ძალაუფლების სწრაფვა, როგორც მოდერნის მთავარი, მაგრამ დაფარული მომენტი საკუთარ ფილოსოფიაში ასახა.

კულტურის ინდუსტრია

კულტურის ინდუსტრია ალბათ, წიგნის ყველაზე გამორჩეული ნაწილია. აქ საუბარია კულტურის ინდუსტრიაზე, როგორც ყველა სტილზე ძლიერ სტილზე. კულტურის ინდუსტრიის მთავარი მახასიათებლებია – ცრუ მრავალფეროვნება და დამგეგმავი გონება, (რაც როგორც დავინახეთ ოდისევსთან არის მოცემული), რომელიც წინასწარ მოცემული ცხრილებისა და ალგორითმების მეშვეობით ახდენს ადამიანთა ზომბირებას. ხელოვნების ნაწარმოებები, ფილოსოფიური განაზრებანი და სხვანი იქცევიან იმ დიდი მანქანის ერთგვაროვან შემადგენლებად, რომელსაც კულტურის ინდუსტრია ჰქვია. ინდუსტრიის ბირთვი და მოტორი – დამგეგმავი გონება ყოველივეს სარგებლიანობის დაფაზე გადაწერს და ამით სასუნთქს უკეტავს ყოველგვარ საწინააღმდეგო აზრს. საწინააღმდეგო აზრი სისტემას ახარებს, რადგან ის მის ღიაობას ამტკიცებს. ახლებური ტიპის ცენზურა, რომელსაც პირობითად „ტრაქტორი“ შეიძლება ვუწოდოთ თავის საქმეს იდეალურად აკეთებს. ცენზორი პირს აღარ გვიხვევს; მისი მეთოდია გადაფარვა. შენ იტყვი სიმართლეს, კულტურის ინდუსტრიის „ტრაქტორი“ შენს სატკივარს არც შეიმჩნევს და ვითომც არაფერიაო – შენს ხმას ინდუსტრიული გრუხუნით გადაფარავს. ნებისმიერი ფილოსოფიური მსჯელობა და თავისუფალი აზრი ქცეულია – ხმად მღაღადებლისა კულტურის ინდუსტრიასა შინა. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მორჩილს შოლტით კი არ იმორჩილებ, არამედ აუცილებელი მინიმუმით აბედნიერებ: აწვდი ციფრულ ფსევდო თავისუფლებას. დღეს ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ შეცვლის ძალა აღარავის შესწევს. კულტურის ინდუსტრია მოგუდავს კულტურის სულს – ხელოვნებას და დაიყვანს ნაწარმის ლოგიკაზე, რაც ხელოვნების უმაღლეს ლოგიკას – ინდივიდუალიზმსა და მართლის თქმას – ეწინააღმდეგება. ეს, როგორც ადორნო და ჰორკჰაიმერი ამბობენ, თავად ხელოვნების ბრალი არაა, ეს მართველობის ფორმების ცვლილებითაა გამოწვეული. მმართველებს დღეს ნაკლებად სჭირდებათ და აფრთხობთ „მაღალი ხარისხის“ ხელოვნება. პირიქით, ის მათ მრავალფეროვნებისათვის ესაჭიროებათ. მათ ჰოლივუდური ფილმები და მულტფილმები, „ნიუსებიც“ იოლად გამოადგებათ ადამიანთა ტვინების გამოსარეცხად. კარის ხელოვნების დრო საბოლოოდ დამთავრდა და ეს სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც სწორედ თავიანთი პატრონების ფრთის ქვეშ ეწეოდნენ ხელოვანები ძირგამომთხრელ საქმიანობას. გაქრა პატრონის ფრთა – გაქრა ლავირების შესაძლებლობა, ლავირების სივრცე: „ადრე ხელოვანები, როგორც კანტი და იუმი, წერილებს ხელს აწერდნენ „თქვენი უერთგულესი მონა მორჩილი“-თ. ამავე დროს კი ტახტისა და საკურთხევლის საყრდენებს ძირს უთხრიდნენ. დღეს მთავრობის მეთაურებს ისინი [ხელოვანები] საკუთარი სახელებით მიმართავენ, თუმცა … გაუნათლებელი ბოსების თითოეულ მსჯელობას ემორჩილებიან“. დღეს ბატონობს პრინციპი – ან ჩვენთან, ან გაქრი. დღეს ეკონომიკურ მანქანას ნაკლებად აინტერესებს, თავის ჯოჯოხეთურ სადინარებში სერვანტესის “დონ კიხოტით“ შემოსულ თანხას გაატარებს, თუ ჰიგიენისთვის განკუთვნილი რომელიმე ნივთით შემოსულს. ტექნიციზმის სულის შთაბერილი ირონია კულტურის ინდუსტრიის სადინრებში იოლად მიედინება. დღეს, როგორც არასდროს, ჩანს ზოგადის ძალადობა ერთზე. ზოგადმა მიიღო ის, რაც სურდა. გაიჟღინთა გლობალიზმის სულით, გახდა რაციონალური, განმანათლებლური, ეკონომიკის მეტასტაზები კი კულტურის ყოველ ქსოვილს მოსდო. ეკონომიკის გიჟური ტემპებმა მოშთო ის, რაც ადამიანის უშუალობის გამოხატულება იყო. თამაში და მიბაძვა. მიბაძვა, ადორნო/ჰორჰაიმერის, მიხედვით ჩანაცვლებულია რეპროდუქციით, იმიტაციით, ხოლო დამგეგმავი გონება გართობასაც თავისი ტოტალობის, – განმანათლებლობის ამ აუცილებელი შედეგის, – უშუალო ნაწილად აქცევს. კაპიტალისტი ექსპლუატატორების გათანგული მოქალაქე იძულებულია ტელევიზორის წინ ჰოლივუდური ფილმით ან „ნიუსების“ წამყვანთა ერთგვაროვანი სახეებით „გადაიტვირთოს“ და ამ უკანასკნელთა შთაგონებით, ზოგადის ძალადობა საკუთარი უსუსურობით გაამართლოს, რათა კვლავ გადაეშვას ყოველდღიურობის დამთრგუნველ მორევში. გართობაც ისევე ქმნის მრავალფეროვნების ილუზიას, როგორც კულტურის ინდუსტრიის სხვა ელემენტები. ოცდამეერთე საუკუნეში ამას დაერთო ინტერნეტიც – კულტურის ინდუსტრიის უახლესი იარაღი. ინტერნეტი ორთქლის გამოშვების მთავარი ადგილია – ნეოლიბერალიზმის აგორა. აქ ადამიანები თავიანთ უძლურებას ძლიერების საბურველში ახვევენ. როგორც საუკუნის დასაწყისში პოპულარული რეკლამა ამბობს: განიქარვე! სწორედ განქარვებაა კულტურის ინდუსტრიის სიყალბის მთავარი გამოხატულება – ცრუ თავისუფლება. აი, მე უძლურს და კაპიტალიზმის მსხვერპლს რა დამრჩენია?! გინების ობიექტს როგორმე იპოვნის კაცი და თუ ეს ობიექტი დიდ ძალაუფლებას ფლობს ან პოპულარულია – მაშინ მე უფრო ვხარობ! მე განვიქარვებ! მოცემული ვითარება სირთულეს მმართველთა და მართულთა საერთო ფსიქოლოგია განაპირობებს. მართული არშემდგარი მმართველია, ხოლო მმართველი შემდგარი მართული. სისტემის შეცვლას რეფლექსიების სწორი მიმართებები და ინდივიდუალური გარდაქმნები, უამრავი სულიერი ბრძოლის მოგება სჭირდება, რაც კულტურის ინდუსტრიით დათრგუნული ადამიანისთვის მიუწვდომელია. ოცდამეერთე საუკუნეში კი სიტუაცია მით უფრო უარესია, რადგან ადამიანები, რომლებსაც ვითარების დანახვა და მართებულად შეფასება შეუძლიათ, როგორც წესი, ფსიქიკაში ერთგვარი „ნაგვის ყუთი“ წარმოეშვებათ, რომელშიც ნებისმიერ მამხილებელ ინფორმაციას გადაუშვებენ და სულში თვითდათრგუნვის ფრაზას – „ეს ხომ ისედაც ვიცოდი, შენ ახალი თქვი რაიმე“-ს გააჟღერებენ. საღი აზრის, ხელოვანის წვდომის თუ ჯანსაღი ანალიტიკის პატრონებს კი, როგორც ყოველთვის, დევიზით „თუ ვერ შეცვლი, აღწერე“ მოუწევთ დაკმაყოფილება. ამრიგად, კულტურის ინდუსტრია წარმოგვიდგება იმ ტოტალობად, რომელიც ყოველივეს აერთიანებს და ერთ დაზგაზე ქსოვს.

ანტისემიტიზმი – სუბიექტის თვითგანადგურება

განმანათლებლობა ძალადობად გამოვლინდა. კაპიტალისტური ეკონომიკის ფორმებმა, რომლებმაც სუბიექტი ჩამოაყალიბეს სუბიექტსავე ანადგურებენ. ამ განადგურების უმთავრესი მიზეზი კი კაპიტალიზმის აბსტრაქტული ძალაუფლებაა, რომელიც ინდივიდს პათიურ ცნობიერებას და განტევების ვაცის აუცილებლობას უყალიბებს. პათიური ცნობიერებისას, სუბიექტი კი არ ემსგავსება (ცივილიზაციას ძულს მიმეზისი) არამედ იმსგავსებს ობიექტს; ეს მიმსგავსება კი ხდება რეფლექსიით გარდაუტეხავად, რაც შინაგანი დაგროვილი ბოღმის და უკმაყოფილების უშუალო ამონთხევას და განტევების ვაცის ძიებას გულისხმობს. ასეთი განტევების ვაცები ნაციონალ-სოციალიზმში ებრაელები აღმოჩნდნენ. ამრიგად, ის, რაც სუბიექტში უკვე ოდისევსთან იყო მოცემული, როგორც პოტენცია, გამოვლინდა ანტისემიტიზმში. ანტისემიტიზმი იყო სუბიექტურობის, როგორც იმედისმომცემი მოდერნულობის დასასრული. სუბიექტში, რომელმაც საკუთარი ცბიერებით კაპიტალისტური ხაფანგი შექმნა და თავისი თავის დიალექტიკური მოხსნა დააფიქსირა, ამოხეთქა იმან, რაც თავიდანვე იყო პოტენციურად მასში მოცემული: დაგროვილი ბოღმა, ბუნებისაგან განდგომილება. სუბიექტი ჩამოყალიბდა, როგორც შინაგანი და გარეგანი ბუნების დამორჩილების მომენტი, რომელიც ჯერ კიდევ ოდისევსის პერსონაჟში არის მოცემული. სუბიექტი კი კაპიტალიზმმა არარაობად აქცია, – პათიური ცნობიერების მქონე უძლურ არსებებად, რომელთაც, როგორც სისტემის ჭანჭიკებს აუცილებლად სჭირდებოდათ მსხვერპლი. პათიური ცნობიერების განხორციელებული მსხვერპლშეწირვით კი განმანათლებლობა საკუთარი თავის სრულ ექსპლიკაციას ახდენს. სუბიექტი თავის თავს ანადგურებს. განმანათლებლობა საკუთარ თავს ამოწურავს.

წყარო: ჟურნალი “ჯენარიელო” N 7. მარტი. 2016 წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: